Menu

ტრამპი გამოასწორეს, ივანიშვილი _ ვერ!

წინასაარჩევნო კამპანიაში დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მართვას ისევე წარმატებით შეძლებს, როგორც ბიზნესის. მან გვერდში ამოიყენა ახალგაზრდა ,,ძალაც'', ,,ახალი'' ხედვებისთვის _ მისი სიძე ჯარეტ კუშნერი, რომელსაც „სპეცრაზმის ლიდერი“ შეარქვა.
 
წინასაარჩევნო კამპანიაში ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ საქართველოს აღმშენებლობას ისეთივე წარმატებით გაართმევდა თავს, როგორც ბიზნესში მისი საბანკო ანგარიშის ზრდას. გვერდში ამოიყენა ახალგაზრდა ,,ძალაც'', ,,ახალი'' ხედვებისთვის _ ყოფილი ქვეშევრდომი ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა ,,ახალგაზრდები''.
ტრამპი მიიჩნევს, რომ ამერიკის სახელმწიფოს პრობლემაა გადამეტებული რაოდენობის სამთავრობო ინსტიტუციები. ასე ბევრი რიგითი ამერიკელი მიიჩნევს. ,,ასე არ ვთვლი'', _ აცხადებს წარმოშობით კანადელი მეცნიერი, ,,ჰარვარდ ბიზნეს რივიუს'' ავტორი ჰენრი მინცბერგი. მისი თქმით, ტრამპი სათავეში მოვიდა მხოლოდ იმისთვის, ბიზნესელიტა დასვას თეთრ სახლში, ვაშინგტონის სუსტი პოლიტიკური ისტებლიშმენტის ხარჯზე. ასეც მოხდა. ტრამპის გარემოცვა მთავრობაში მოვიდა _ შვილი, სიძე, მეგობრები, თანამშრომლები.…
ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრობლემა მისსავე სოციუმშია, რადგან ხალხს არც არჩევანის გაკეთება შეუძლია, არც არჩეულთა კონტროლი. ასე ბევრი რიგითი ქართველი მიიჩნევს. „ივანიშვილი არის კაცი, ვინც ერევა იმაში, რაშიც არ უნდა ერეოდეს'', _ აცხადებს ლევან ბერძენიშვილი. მისი თქმით, ივანიშვილი სახელმწიფო საქმეებში ერევა, მაგრამ ვერ მართავს, რადგან სახელმწიფო საქმეებს სულ არ ეტყობა, რომ ვინმე მართავს. ივანიშვილი მთავრობაში მხოლოდ იმისთვის მოვიდა, ჩაანაცვლოს სააკაშვილის ისტებლიშმენტი. ასეც მოხდა. პოლიტიკაში მოვიდნენ: ყოფილი „ქართუბანკელები'' ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი; ფეხბურთის გავლით ბიზნესში მოხვედრილი კახი კალაძე და ა.შ.
ამერიკის მთავრობა უნდა იმართებოდეს როგორც ბიზნესი ისე, რომ ბიზნესმენები მარტო იყვნენ მიშვებულნი? პასუხი მარტივია _ რამდენად სწორია, ბიზნესს მართავდეს სახელმწიფო ჩინოვნიკი? ყველა თავის ადგილზე _ კი ბატონო. მთავრობა განიცდის იმდენი სახის წნეხს, რაც საწარმოებს აზრადაც არ მოუვათ. ივანკა ტრამპი მოდელი იყო და მოდის სახლსაც ჩაუყარა მოგვიანებით საფუძველი. თუმცა დღეს მამა-პრეზიდენტის ასისტენტია ამერიკის მართვაში. ყველაფერზე წასვლა ამას ჰქვია!
საქართველოს მთავრობა უნდა იყოს მიშვებულ ბიზნესმენთა გუნდი? ეს საქართველოს დამღაა. ზემოხსენებულ ქართველ „ბიზნესჩინოვნიკებს'' დავუმატოთ ნაციონალებიდან პორტირებული, ასევე ოცნების „ბიზნესკვოტის'' დეპუტაცია (სულ რომ ჩუმად არიან და სულ რომ არიან პარლამენტში). ყოველი მათგანი კარგად იცნობს ლუი ვიტონის ქამრებს და ყიდულობს. არც ერთი მათგანი არ იცნობს სოციალურ სიდუხჭირეს და იმისთვის, რომ ახლოს არ მიიკაროს, ყველაფერზე წავა.
მოდით, ასე შევხედოთ: ბიზნესის არსებობის მთავარი მიზანია „მოგება'', რომელიც მარტივად იზომება. რა არის ტერორიზმის არსებობის მთავარი მიზანი: ქვეყნების შავი სია, დეპორტირებული იმიგრანტები თუ გამყოფი კედლების მშენებლობა? მაშინ რა კატეგორიაში გადის ვერშემდგარი ტერაქტები, დაკარგულ მოგებაში? სინამდვილეში, სამოქალაქო მმართველობაში ჩართულია ბევრი ისეთი სუბიექტი, რომლის ქმედების გაზომვაც თითქმის წარმოუდგენელია. შეგვიძლია ასეც შევხედოთ: ბიზნესის არსებობის მთავარი მიზანია „ფული“, რომელიც მარტივად იზომება.
რა არის საქართველოში სიღარიბის არსებობის მთავარი მიზანი: მოსამართლისთვის სახელმწიფოს ხარჯზე მიწის ჩუქებით ან მშობელი დედის დაპატიმრებით გაკონტროლება; დოტაციების ამოქმედება, რომ სახელმწიფო კიდევ უფრო დაემსგავსოს მეწველ ძროხას (როგორც კომუნისტების დროს) და უფრო მეტი ფული გაირეცხოს ჩინოვნიკის ჯიბეში; თუ უფრო მეტი ობიექტი დაიწვას, რომ იქ „კარფური“ ანდა ზოგიერთი ოფშორში „გაქცეული“ ქართველი „კაი ბიჭის“ ბიზნესცენტრი აშენდეს?
მთავრობის ბიზნესსტილში მართვა ახალი ხილი არაა, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ ყოველი მცდელობა კრახით დასრულდა. 1960-იანებში რობერტ მაკნამარამ (ყოფილი ბიზნესმენი, კენედის პრეზიდენტობაში თავდაცვის მინისტრი) ნოვაციის ეგიდით შემოიტანა _ სახელმწიფო მმართველობის დათვლადი შედეგების სისტემაზე გადაყვანის ინიციატივა, რაც ჯამში ვიეტნამში დაღუპულ ჯარისკაცთა თვლით დასრულდა. 1980-იანებში შტატების სათავეში გააქტიურდა ეუფემიზმი (რაიმე აგრესიული სიტყვის, უწყინარით შეცვლა). ანუ, დამკვიდრდა „ახალი საჯარო მმართველობის“ სტილი, რომელიც ფუნდამენტში მაინც მოიცავდა ბიზნესმიდგომებს. მაგალითად _ საკითხი ჩაბარდეს სრულად რომელიმე მენეჯერს და პასუხიც _ მხოლოდ მას მოეთხოვოს. ეს სტილი მშვენიერია ლატარიის კომპანიისთვის, მაგრამ სახალხო ჯანდაცვა, განათლება და საერთაშორისო დიპლომატია ასეთი მარტივი სტრუქტურებია? დღეს პოლიტიკოსები იმ სტილს უკვე „მოძველებულ საჯარო მმართველობის სტილს'' უწოდებენ.
ბიზნესხალხი ქართულ პოლიტიკაში ახალი ხილი არაა. არც იქით-აქეთ პორტირება უკვირს ვინმეს, მაგრამ როგორ დაამთავრა მიხეილ სააკაშვილმა? დაიწყო სახელმწიფოს მშენებლობით და გაიზარდა კანტორის მმართველად, სადაც წარმატებით ჩაირთო მექანიზმი Друзьям – все, врагам – закон. სადაა დღეს ასლან აბაშიძე? სადაა დღეს გადამხდელთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე; გაერთიანებული ქართული ბანკის, სამეთვალყურეო საბჭოს თანათავმჯდომარე; ,,ინდუსტრია ბანკის'' გამგეობის თავმჯდომარე, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და არაერთი ,,სამეცნიერო'' ნაშრომის ავტორი თამაზ მაღლაკელიძე? როგორ დაამთავრა ვახტანგ რჩეულიშვილმა? სადაა დღეს ბადრი პატარკაციშვილი? რამდენად სახარბიელოა ვანო ჩხარტიშვილის ცხოვრების სტილი? როგორ ჩამოყალიბდნენ ოთარ ფარცხალაძე, თემურ ფეიქრიშვილი ან ვაჟა ლელუაშვილი დიდძალი უძრავი ქონების მეპატრონეებად? როგორ შევიდა დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი მილიონრების სიაში?
ჩნდება მომხმარებლის შესახებ კითხვა, რადგან ბიზნესში ფული მომხმარებელს მოაქვს. ჯარეტ კუშნერმა ამერიკის მოსახლეობას მომხმარებელი უწოდა და ამით იმის თქმა უნდოდა, რომ მოქალაქე არის გადამხდელი, ანუ სახელმწიფო ჩინოვნიკის მომსახურების შემსყიდველი. ჰენრი მინცბერგი კი მიიჩნევს, რომ უმჯობესია, მოქალაქე ამბობდეს: „მე ვარ ამაყი და ძალიან აქტიური მოქალაქე, რომელიც ჩართულია ქვეყნის მშენებლობაში“.
ამ აბზაცის საპასუხოდ, გთავაზობთ ამონარიდს ბიძინა ივანიშვილის სიტყვიდან (16.09.2013 _ გაზეთი The Telegraph): ,,მე საქართველოში ერთადერთი თავისუფალი ადამიანი ვრჩებოდი, დათვლილი დღეები მქონდა – საქართველო უნდა დამეტოვებინა, რადგან იქ დარჩენა სახიფათო იყო'', _ თქვა ივანიშვილმა. აქ კარგად ჩანს პოლიტიკაში მოსვლის პირადი მოტივი.
ჰენრი მინცბერგობა არ სჭირდება იმას, რომ ბიზნესის ვალდებულებაა ბაზარი მოამარაგოს ხარისხიანი პროდუქტით ან მომსახურებით. სხვა შემთხვევაში მომხმარებელი უარს ამბობს და ბიზნესი ვერ შედგება. ხარისხიანი პროდუქტისა და მომსახურების შექმნა, ლოგიკურია, რომ მხოლოდ გამოცდილ პროფესიონალს შეუძლია.
აქაც ვიხსენებთ ბიძინა ივანიშვილის სიტყვას: „მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ვამბობდი, რომ პოლიტიკა ჩემს ხასიათში არ ჯდებოდა და არ მიყვარდა ის, მაგრამ იძულებული ვიყავი მოვსულიყავი'', _ თქვა ივანიშვილმა. სად მოდიან პოლიტიკაში იძულებით? თუ ხასიათში არ ჯდები, არცერთ სამსახურში მიგიღებენ, რადგან ამისთვის უბრალოდ არ ვარგიხარ.
ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ასევე კონკურენტული გარემო. ბიზნესი გვამარაგებს პროდუქტითა და მომსახურებით. რადგან ბაზარზე ბევრი კონკურენტია, მომხმარებელი ყოველთვის არჩევანს საუკეთესოზე აკეთებს. შეიძლება კი მთავრობა იყოს კონკურენტული პროდუქტი იმ დროისთვის, როცა ის ხელისუფლებაშია? კონკურენცია აქტუალური თემაა პროდუქტის არჩევამდე. ასევე არჩევნების დღეს არჩევანის გაკეთებამდე. აქაც მოვიშველიებთ ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს: „ოპოზიცია გაჩანაგებული იყო, სხვებს დაფინანსება არ ჰქონდათ, რადგან არავის რთავდნენ მათი დახმარების ნებას'', _ თქვა ივანიშვილმა.
დღეს (2017) რა ხდება? ვისია აბსოლუტური უმრავლესობა? ვინ მუშაობს კანონპროექტებზე, რომლის თანახმადაც, საარჩევნო კოალიციები შეიზღუდება მომავალ არჩევნებზე? კიდევ ერთხელ: ბიზნესისთვის უპირატესი და გარდაუვალი მიზანია _ მოგება ანუ ფულის შოვნა, მაგრამ მუშაობს მხოლოდ ერთი მექანიზმი: შექმენი პროდუქტი, შეფუთე პროდუქტი, მიიტანე პროდუქტი, გაყიდე პროდუქტი. სახელმწიფო მმართველობა ერთმექანიზმიანი სტრუქტურაა? ბიზნესში მთავარია მარკეტინგული გეგმა, ქცევის კოდექსი და წესდება. სახელმწიფოს მხოლოდ სამი დოკუმენტი ამოქმედებს?
აქაც მოვიშველიებთ ივანიშვილის სიტყვას. ,,როცა პოლიტიკაში მოვედი, მთავარი ის კი რა იყო, რომ ფული მქონდა, არამედ ის, რომ ქვეყანაში განსაკუთრებული ავტორიტეტით ვსარგებლობდი და ეს მომენტი უნდა გამომეყენებინა''. რისთვის? რომ ქვეყნიდან არ გაქცეულიყო? ეს პირადი მოტივია თუ სახელმწიფოებრივი საწყისების მოტივი?
მიიჩნევა, რომ სახელმწიფოში ხელისუფლება (როგორც გავლენის ბერკეტი და არა როგორც რომელიმე კონკრეტული ძალა) იყოფა ოთხ ნაწილად: საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სამოქალაქო ხელისუფლებები და მედია. ჯანსაღი საზოგადოება კი იყოფა სამ ნაწილად: პატივცემული მთავრობა, დაცული კერძო სექტორი და ძლიერი კომუნები (არასამთავრობო სექტორი, ფონდები, კავშირები და ა.შ.). ბევრი ჩვენგანი (ამბობს ჰენრი მინცბერგი) ბიზნესშია, პოლიტიკოსს ხმას აძლევს და, იმავდროულად, გაწევრიანებულია არაერთ სამოქალაქო ინიციატივაში _ ანუ ,,პლურალისტურ სექტორში'' (საუკეთესო მაგალითები: გერმანია, კანადა, სკანდინავიის ქვეყნები). სწორედ ეს სექტორი უზრუნველყოფს იმას, რომ ერთი და იგივე ინდივიდს რამდენიმე ინტერესი ამოძრავებდეს და არაერთი სახეობის პასუხისმგებლობა გააჩნდეს. ჯანსაღი საზოგადოება და სახელმწიფო სწორედ მულტიფუნქციური ინდივიდების მიერ შენდება. თუ ასე არაა იწყება პოლარიზება და გახლეჩა, რასაც სახელმწიფოს ნგრევამდე მივყავართ. პოლარიზება უკვე თვალხილულია შტატებში ტრამპის გამო; ბრიტანეთში, რისი შედეგიც ბრექსიტია და ევროპაში, სადაც მემარჯვენეებმა ხმა აიმაღლეს.
ოთხი ე.წ. ხელისუფლებიდან რომელი არაა ბიძინა ივანიშვილის კონტროლის ქვეშ? მედიის უმცირესი ნაწილი, რომელიც ზოგ შემთხვევაში კრიზისის პირასაა (პრესა და პატარა მედიასაშუალებები); სხვის წინააღმდეგ კი სამკვდრო ომია გამოცხადებული (რუსთავი 2). სოციუმის გახლეჩის პრობლემაც არაა ახალი. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ერი ერთიანი იყო მხოლოდ 2002 წლის მიწისძვრის, 2008 წლის ომის, 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის დროს. თუმცა ამ შემთხვევებშიც იგრძნობოდა პოლარიზაცია. დღეს სახეზეა პოლარიზაცია თუ გახლეჩა? გვყავს დოდონა კიზირია და ნინო ჯღარკავა. მეტიც, გვყავს ლალი ბადურაშვილი, რომელიც ქეიფობს მიხეილ სააკაშვილის ბებიასთან, მეორე დღეს კი მიხეილ სააკაშვილს წყევლის. დღეს გვაქვს სოციუმი, სადაც ბარბარე რაფალიანცის, გივი ბერიკაშვილისა და ვახტანგ რჩეულიშვილის დაღუპვა პოლიტიკური თემის ნაწილია. დღეს გვაქვს სოციუმი ქოცებისა და ნაცების. გვქონდა _ ზვიადისტებისა და დაჯაბული სიგუისტების; მიშისტებისა და ლეიბორისტების; გაქსუებული ღიპიანი ჩინოვნიკებისა და „მაგარი გიჟების''. მთავარი კი ისაა, რომ პოლარიზაციას ხელს უწყობს ნებისმიერი „ახალი“ მთავრობა.
დღეს, როცა ტრამპმა წარმატებით შეუწყო ხელი პოლარიზაციას, ტრამპი თავად უკვე აღარ წარმოადგენს პრობლემას. შტატებში საფიქრალი ამიერიდან ისაა, როგორ უნდა დაბალანსდეს გავლენა ხელისუფალს, ბიზნესმენსა და სამოქალაქო პირს შორის. შტატები ბრუნდება იმ ხანაში, როცა ჯეფერსონი ამბობდა _ არისტოკრატიული ამბიციები მმართველ სადავეებში, ასევე მსხვილ კორპორაციებში დროს უნდა ჩაბარდეს. რუზველტი კი კონკრეტულ კორპორაციებსაც იხსენიებდა იმავე კონტექსტის ნარატივში.
როცა ზვიად გამსახურდია ჩაითრიეს პოლარიზების მორევში, პრობლემა სამოქალაქო დაპირისპირება გახდა და ზვიად გამსახურდია აღარავის აინტერესებდა. ისე მოკლეს, აღარც კი იძიებს ვინმე. როცა შევარდნაძე გავაგდეთ, სანამ ცოცხალი იყო, ვასმენინეთ მისივე ლანძღვა. როცა მიხეილ სააკაშვილმა პრორუსების ჩარეცხვისას, სხვებიც მიაყოლა, გაშვებულ იქნა დაუმსახურებელ/გაუგებარ პენსიაზე. დღეს ივანიშვილმა საზოგადოება პოლარიზებისა და გახლეჩილობის პიკამდე მიიყვანა. მალე ისიც აღარავის დააინტერესებს, რადგან ე.წ. დანამატ-ხელფასების შეკვეცაც დაიწყო. ისტორია ალბათ თავისას იტყვის და მსახიობებისა თუ ე.წ. ხელოვანებისთვის ხელფასების დანიშვნას მიეცემა მოსყიდვის კვალიფიკაცია.
დღეს, დონალდ ტრამპი იძულებული შეიქნა, ეღიარებინა, რომ სახელმწიფო ბიზნესი არაა. მან შემდეგი განცხადება გააკეთა: „დიახ, მე ვთქვი, რომ ნატო მოძველებულია, მაგრამ დღეს ნატო მოძველებული არაა''. ტრამპმა გააჩერა სოციალური პროგრამა „ობამაქეა'', მაგრამ მისი იდეა სოციალური პოლიტიკის რეფორმის შესახებ მისსავე გუნდში ჩავარდა და იგი იძულებულია, შეცვალოს ხედვა. ტრამპმა „ითავხედა“ და არაღიარებული ტაივანის ლიდერს წერილი გაუგზავნა; შემდეგ გაწბილებულ ჩინეთს მოუბოდიშა და დღეს პეკინთან ცდილობს ურთიერთობების დალაგებას ჩრდილოეთ კორეის თავსატეხის მოსაგვარებლად. ტრამპმა დაიწყო იზოლაციონიზმითა და შემართებით „ამერიკა ამერიკელებისთვის“, მაგრამ დაავიწყდა, რომ მსოფლიო ამერიკას შეყურებს, როგორც #1 ძალას და ესაა სწორედ ამერიკის სიძლიერის ხიბლი. როგორც კი პირველობის ხელში ჩაგდების რუსული გეგმა გაიშიფრა, ტრამპმა IშIშ სირიაშიც დაბომბა, ხოლო ავღანურ ბაზას არნახული „დედა ბომბიც“ ჩაახუტა. ამერიკა ისევ პირველია, ტრამპმა აღიარა, რომ ამერიკა კარჩაკეტილი თვითკმაყოფილი ვერ იქნება და მსოფლიო პირველობას არ დათმობს.
ბიძინა ივანიშვილი არაფერს აღიარებს. მხოლოდ ცვლის ღარიბაშვილს კვირიკაშვილით,…კვირიკაშვილს (დიდი ალბათობით) გახარიათი (რაც უფრო ცუდია, ვინაიდან გახარიას მოსკოვური წარსული აქვს, კვირიკაშვილი კი პატიოსანი კაცის რეპუტაციას ფლობს). რას აკეთებს ივანიშვილი საგარეო ფრონტზე? ვიზალიბერალიზაცია მიღწეულია (რაც მხოლოდ ნაწილობრივ და ფორმალურადაა მმართველი გუნდის დამსახურება), თუმცა ოკუპირებულ აფხაზეთში ლავროვი ჩადის, მაგრამ არც ერთი ქვეყანა ფაქტს არ გმობს. აბა, ლავროვი ყირიმში ჩავიდეს? მიხეილ ჯანელიძემ, რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს ფართხაფურთხით მიაშურა, რითიც დაასამარა ოცნება და უზარმაზარი ალიბი შექმნა, რომ სახელმწიფოა დაინტერესებული კერძო ტელეკომპანიის დავის საქმეში, მაგრამ ლავროვის პროვოკაციულ გეგმებზე, ჯერ არც ერთ ქვეყანაში უსაუბრია.
და ბოლოს: ლეგენდარული ამერიკელი მეცნიერის, ფსიქოლოგ, კარლ როჯერსის თანახმად: „ქცევა, ორგანიზმის მიერ განხორციელებული მიზნით მართული მცდელობაა, დაიკმაყოფილოს მოთხოვნილებები იმ ველში, რომელსაც აღიქვამს“. ველი კი, როჯერსის თეორიის (Roger’s Theory of the Self) თანახმადვე, გახლავთ ინდივიდის რეალობა, სადაც სამყაროს ცენტრად მხოლოდ საკუთარ თავს ხედავს. გამოდის _ მხოლოდ ის არის მნიშვნელოვანი, როგორ აღიქვამს ფენომენურ ველს ტრამპი ან ივანიშვილი.
კარლ როჯერსი იმასაც ამტკიცებს, რომ გარკვეულ პირობებში ინდივიდს შესწევს უნარი, გადახედოს საკუთარ ,,მე''-ს და შეცვალოს ქმედება. ტრამპი იძულებით, სხვათა შეგონებით, მაინც გადაერთო მმართველობის სახელმწიფოებრივ რელსებზე. ივანიშვილი კი _ წარმატებით რგავს ხეებს, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ხე უკვე გადატყდა შუაში. ვინ დააძალებს დღეს რამეს ივანიშვილს? ერთ დროს საჩვენებლად მაინც უსმენდა, მაგალითად მინდია უგრეხელიძესა თუ გია ხუხაშვილს, დღეს კი _ აღარ.
ლუკა დვალი

back to top