Menu

მარიუშ მაშკევიჩი:„გვსურს, საქართველო ჩვენი დიდი ოჯახის _ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრად ვიხილოთ“

მარიუშ მაშკევიჩი საქართველოში პოლონეთის აკრედიტებული ელჩია გასული წლის დეკემბრიდან. ამ თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ, მან პირველი ინტერვიუ ,,ვერსიას’‘ მისცა. როგორია დღეს საქართველო-პოლონეთის ურთიერთობა? რას შეცვლის ორ ქვეყანას შორის ვიზალიბერალიზაცია? რა გეგმები აქვს პოლონეთის საელჩოს? ,,დიპლომატის ტრიბუნას’‘ ,,ვერსია’‘ პოლონეთის ელჩს უთმობს.
 
_ თქვენი აზრით, როგორ აისახება ვიზალიბერალიზაცია ევროპასა და პოლონეთთან ურთიერთობაში?
_ ეს ძალიან პოზიტიური ნაბიჯია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესში. არ მგონია, ეს ფაქტი ნეგატიურად აისახოს კონტინენტზე. ყოველი მეორე ქართველიც რომ ჩავიდეს, ოთხას მილიონიან პოპულაციას არაფერი დაეტყობა. ეს უფრო მიდგომებს უნდა დაეტყოს. კერძოდ, საქართველოს პოლიტიკურ და იურიდიულ ტრანსფორმაციას. პოლონეთი აუცილებლად დაეხმარება თქვენს ქვეყანას ამ რეფორმების გატარებაში. ვიზალიბერალიზაცია თავის მხრივ დიდი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს პოსტკომუნისტური სისტემიდან გამოსვლის საქმეში. საქართველო ევროკავშირში ერთ-ერთ სამაგალითო სახელმწიფოდ ითვლება საშინაო დავალების შესრულების მხრივ. პოლონეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც რეფორმები გაატარა. ეს საქართველომაც გააკეთა და პროცესი დღესაც გრძელდება. პოლონეთი კი, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველანაირად ცდილობს, მხარში დაგიდგეთ.
_ ახლახან ჟენევის მოლაპარაკებების სესია გაიმართა, რომელსაც აფხაზები კეთილგანწყობით არ შეხვდნენ. ამბობენ, რომ მათ სურთ რუსეთი და არა ევროპა, რომელიც მათ დამოუკიდებლობას არ აღიარებს. არადა, საქართველოში გაჩნდა იმედი, რომ ვიზალიბერალიზაცია ხელს შეუწყობს თბილისსა და სოხუმს შორის ურთიერთობების დათბობას. იზიარებთ ამ მოსაზრებას?
_ პოლონელები მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ ერთიანობას. კითხვიდან გამომდინარე, თქვენ ვიზალიბერალიზაციას განიხილავთ, როგორც ინსტრუმენტს ამ კონფლიქტის განსამუხტად. პოლონეთი აღიარებს ოფიციალური თბილისის პოლიტიკას სეპარატისტულ რეგიონთან მიმართებაში, თუმცა ასე დეტალურად არ არის გათვითცნობიერებული ამ პრობლემაში. გთხოვთ, ამას უინტერესობაში ნუ ჩამოგვართმევთ. თბილისს მხარს ვუჭერთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. რა თქმა უნდა, რუსეთის ქმედებებს ვგმობთ. ჩვენი ეს პოზიცია ხილული და აშკარაა.
_ რა არის დღეს პოლონეთის საელჩოს პრიორიტეტები?
_ პოლონეთისთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპულ მეზობელ ქვეყნებს შორის.
თქვენს ქვეყანას მივიჩნევთ, როგორც ღრმადმორწმუნე ქრისტიანულ კულტურას. ამდენად, გვსურს, საქართველო ჩვენი საერთო ოჯახის _ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრად ვიხილოთ. ვცდილობთ, პრიორიტეტები გამოვკვეთოთ და ავაშენოთ ხიდები ორ ქვეყანას შორის, რათა ორმხრივი სარგებელი მივიღოთ. პოლონეთის ინტერესია, საქართველოში ინვესტიციების განხორციელებასა და პროდუქციის შემოტანას შეუწყოს ხელი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით. შარშან, ჩვენი საქონელბრუნვა ას მილიონ ევროზე მეტი იყო. ეს დიდი ციფრი არაა, მაგრამ ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ზრდას ველით. რაც შეეხება იმპორტის მონაცემებს, პოლონეთის ბაზარზე წამყვან პოზიციას ქართული ღვინო იკავებს; ასევე ძალიან პოპულარულია თქვენი თხილი და ნიგოზი. ცნობილია ქართული მინერალური წყლებიც, თანამშრომლობის იმედი გვაქვს ენერგოპროდუქტების მომარაგების სფეროშიც. საქართველო სანდო პარტნიორია.
გარდა ეკონომიკური აქტივობებისა, აქტიურები ვართ კულტურული და სამეცნიერო მიმართულებით. სახალხო დიპლომატია პოლონეთის საელჩოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ეს წელი სასტარტო იქნება ოთწლიანი მასშტაბური ღონისძიებისა, რომელიც ჩვენი ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების ასი წლისთავის აღნიშვნას გულისხმობს.
ვემზადებით შესაბამისი კონფერენციის, გამოფენების... მოსაწყობად. ეს ღონისძიებები პოლონეთის საპრეზიდენტო ვიზიტის დროს, კერძოდ, მაისის ბოლოს, დაიწყება. ასევე, პოლონური და ქართული ისტორიული კომისიები მუშაობას დაიწყებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ბევრი იდეა გვაქვს, რომ როგორც კლასიკოსი, ასევე თანამედროვე პოლონელი ავტორები ვათარგმნინოთ ქართველებს. ამ მიზნით, პოლონური ენის მცოდნეებს ვასწავლით, როგორ გახდნენ პროფესიონალი მთარგმნელები. ენის პრობლემა არ არსებობს, რადგან როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, გორსა და ქუთაისში, უამრავი საათი ეთმობა პოლონური ენის შესწავლას სტუდენტებისთვის უნივერსიტეტებში. ამ მხრივ, ინტერესი სახეზეა.
უნდა გამყარდეს სამეცნიერო თანამშრომლობაც. ამ მიმართულებით, შემიძლია მაგალითისთვის მოვიყვანო პოლონელი არქეოლოგების მოღვაწეობა გონიოსა და აჭარაში. ამ სეზონზე არქეოლოგიური პროექტები სხვა ადგილებშიც იგეგმება. პოლონური არქეოლოგიური სკოლა ევროპაში ცნობილია. სირიის ომის გამო, ბევრმა არქეოლოგმა მიმართულების შეცვლა გადაწყვიტა. მათმა ნაკადმა კავკასიაში გადმოინაცვლა. რეგიონში, საქართველო მათთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია.
_ როგორია თქვენი დამოკიდებულება ბრექსიტთან დაკავშირებით?
_ დიდ ბრიტანეთში მილიონამდე პოლონელი ცხოვრობს _ ბევრი მათგანი ემიგრაციაში წავიდა ათეულობით წლის წინ. ახლა ბევრი შიშობს, რომ ბრექსიტის შედეგად, სამუშაოებს დაკარგავენ, თუმცა მე არც ისე პესიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთს კეთილმეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. პოლონეთი ბრიტანეთისთვის სანდო პარტნიორია, ხოლო პოლონელი სპეციალისტების პროფესიონალიზმი უმაღლეს შეფასებას იღებს ბრიტანეთის კუნძულებზე.
_ და მაინც, თუ პოლონელების დაბრუნების პროცესი დაიწყება, ქვეყნის მთავრობა მზადაა მათ მისაღებად?
_ რა თქმა უნდა... ეს არ გახლავთ მასშტაბური პრობლემა. უამრავი სამთავრობო პროგრამაა უცხოეთიდან ჩამოსული თანამემამულეების დასახმარებლად. მათთვის იქმნება შესაძლებლობები, ცხოვრება ღირსეულად გააგრძელონ. ბევრ მათგანს სახლიც კი არ აქვს პოლონეთში. ქართველების მსგავსად, ჩვენი ემიგრანტების დიდი ნაწილი საბაზისო სამუშაოებს ასრულებს, თუმცა არიან საკმაოდ წარმატებულებიც. ამ ფონზე, შესაძლოა, პოლონეთმა მათი სახით ინტელექტუალური სარგებელიც კი ნახოს. ჩვენ არამარტო ბინები და რიგითი ვაკანსიები უნდა შევთავაზოთ მათ, არამედ კარგი პოზიციებიც. ჩვენ ქვეყანაში უამრავი ნოვაციური კომპანია ოპერირებს, ასე რომ, შესაძლოა, ისინი გამოვიყენოთ, როგორც ბრიტანული გამოცდილებისა და განათლების მქონე მოქალაქეები, რაც სარგებელს მოუტანს როგორც პოლონეთს, ასევე მთელ მსოფლიოს. ამასთან, უნდა აღვნიშნო, რომ პოლონეთში უმუშევრობის პროცენტი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია (8.5%) ევროკავშირის მასშტაბით. ასე რომ, ამ თვალსაზრისით, პოლონეთის ეკონომიკაზე ბრექსიტი არც ისე დიდ ზეგავლენას მოახდენს.
_ საუბრობენ იმაზეც, თითქოს, ბრექსიტის მერე ევროკავშირს იმიჯის აღდგენა სჭირდება და შესაძლოა, ბრიტანეთის გასვლამ ევროზონიდან, საქართველოს გაწევრიანება დააჩქაროს კიდეც, რათა მსოფლიომ დაინახოს, რომ ევროკავშირს ქვეყნების არამარტო ტოვებენ, მასში წევრიანდებიან კიდეც. ასეა?
_ ვფიქრობ, ერთადერთი გზა, ხელი შევუწყოთ ევროკავშირის იდეის განვითარებას, ღია დისკუსიის ფორმატია. დეიდოლოგიზაცია ძირეულია _ ევროპა უნდა გათავისუფლდეს იდეოლოგიური მემკვიდრეობისგან, რომელიც მარქსიზმს ემყარება. დასავლეთ ქვეყნებში ბევრი ასეთი პარტიული იდეოლოგი გვხვდება. ბევრი ევროპარლამენტარი უბრალოდ საბჭოთა აზროვნებისაა, ანუ კაცობრიობის საწინააღმდეგოდ აზროვნებენ. ისინი პატივს არ სცემენ ჰუმანიზმის ცნებებს, სადაც ადამიანურობა ცენტრალურ ადგილს იკავებს. საშინელებაა, როცა ასეთ პირწავარდნილ მარქსისტებთან ან ფაშისტებთან გვიწევს შეხება თანამედროვე ევროპაში. პირადად მე მივიჩნევ, რომ ევროპას, რომელსაც ვქმნით, ქრისტიანული ფასეულობები უნდა დაედოს საფუძვლად. ევროპის პროექტი დაიწყო ჯერ კიდევ შუასაუკუნოვან მონასტრებში, ჰუმანიზმისა და ცოდნის მოპოვების პრინციპების საფუძველზე. ეს ის ფასეულობებია, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ.
_ თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობა ჯერ ნატო-ს წევრი გახდა, რამდენად გართულდება ახლა ეს პროცესი ტრამპის მოსვლის მერე, თუკი ეს ურთიერთკავშირი რეალურად არსებობს?
_ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ხშირად იგივდება. ეს სრულიად განსხვავებული ორი პროექტია. ევროკავშირის ისტორია ეკონომიკურ პროექტებს ეფუძნება. მასტრიხტის, ნიცისა და ლისაბონის ხელშეკრულებების მერე, ჩვენ უფრო პოლიტიკურ პროექტებზე გადავერთეთ, რაც უსაფრთხოებას უკავშირდებოდა. უსაფრთხოების თემა ყოველთვის ევროკავშირის სუსტი მხარე იყო. 1999 წელს, ჰელსინკის სამიტზე, ევროკავშირმა გადაწყვიტა, საერთო უსაფრთხოების სისტემის პროგრამა შეემუშავებინა და ევროპული არმია შეექმნა. მაშინ დაინიშნა ხავიერ სოლანა, რომელსაც დაევალა, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებსა და უსაფრთხოებაზე ეგო პასუხი. ასე რომ, ეს ორი რამ კავშირში არაა. რა თქმა უნდა, ცივი ომის დროს, არსებობდა ევროკავშირის თანამეგობრობის უსაფრთხოების ქოლგა. საქართველოს მსგავსად, უკრაინაშიც ასევე მცდარი წარმოდგენებია ამ საკითხთან დაკავშირებით. არანაირი ფორმალური კავშირი ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას შორის არ არსებობს. ეს სრულიად განსხვავებული ორი პროექტია.
მაკა ლომაძე

back to top