Menu

ნახატები, რომლებიც ბავშვობაში გვაბრუნებს

24 წლის დეა დგებუაძე საოცარ მინიატურულ ნახატებს ქმნის. გმირები, უმეტესად კეთილი, პოზიტიური ბავშვები და ანგელოზები არიან. ,,ვერსიასთან’‘ ინტერვიუში დეა დგებუაძე აცხადებს, რომ სურს, თავისი ნამუშევრით ადამიანები წამიერად ბავშვობაში დააბრუნოს
_ ფერწერის მიმართულებით ჯერ ხელოვნების კოლეჯი დავამთავრე, შემდეგ კი სწავლა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამაზე გავაგრძელე. პროფესიით დიპლომატი ვარ. პარალელურად, მეორე კურსიდან ვმუშაობ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად ,,შარდენ არტ გალერეაში’‘, რომლის ძირითადი საქმიანობა თანამედროვე ქართული სახვითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების პოპულარიზაციაა. ამ სივრცეში მუშაობამ კვლავ გამიმძაფრა სურვილი, დავბრუნებოდი ხატვას.
_ რამდენი ხანია ხატავ?
_ ვხატავ 2 წლიდან, ცხოვრების ყველა ეტაპზე. ხატვა მასწავლა მამამ, რომელიც თავადაც მხატვარი იყო. 9 წელი ვსწავლობდი ხელოვნების კოლეჯში და ასევე კერძო გაკვეთილებს ვიღებდი სხვადასხვა მხატვრისგან. ყოველთვის მომწონდა პორტრეტების ხატვა, ჩემს პირველ ნამუშევრებს რომ ვათვალიერებ ძირითადად პორტრეტები ფიგურირებს.
_ მინიატურული ნახატების შექმნა რა სირთულეებთანაა დაკავშირებული?
_ მთავარია მუზა, კონცენტრაცია და შემდეგ უფრო სიამოვნებას დავარქმევდი ამ ყველაფერს, ვიდრე სირთულეს.
_ შენი ნამუშევრების შესახებ მიამბე.. რის მიხედვით არჩევ, რა დახატო?
_ ჩემი ნამუშევრის გმირები არიან ბავშვები და ანგელოზები, კეთილები და პოზიტიურები. მინდა, მათი შეხედვისას, ადამიანებს სულ მცირე დეტალი მაინც მოაგონდეთ საკუთარი ბავშვობიდან.
_ რატომ მაინცდამაინც ანგელოზები?
_ მე მჯერა მათი არსებობის. ბავშვებიც ყოველთვის ანგელოზებთან არიან გაიგივებულნი.
_ შეიძლება ითქვას, შენი შთაგონების წყარო ბავშვობაა?
_ შთაგონების წყარო ბავშვები, ბავშვობის მოგონებებია. ხშირად შეიძლება კონკრეტული ნახატის დახატვისკენ დაუვიწყარმა მოგზაურობამ, საინტერესო ლიტერატურამ, ფილმმა, კარგმა გამოფენამ და ზოგადად, იმ ყველაფერმა მიბიძგოს, რაც ადამიანში ემოციებს იწვევს.
_ ემოციები ნახატებშიც გადადის?

_ ვთვლი, რომ გადადის.
_ მუშაობის პროცესი როგორია?
_ მუშაობის დროს მიყვარს განმარტოება, სიმშვიდე. ნამუშევრები შესრულებულია ძირითადად მუყაოზე აკრილითა და ფურცლოვანი ოქროთი, რომელიც ფართოდ გამოიყენება ხატწერაში.
_ ნახატებს ყიდი?
_ ნახატების რეალიზება მეორე წელია დავიწყე. რამდენიმე გალერეასთან ვთანამშრომლობ, ასევე მაქვს გვერდი სოციალურ საიტზე DEA DGEBUADZE ART, სადაც ხშირად ვმუშაობ ინდივიდუალურ შეკვეთებზე.
_ გაქვს ნახატი, რომელსაც ვერასოდეს გაყიდი?
_ მაქვს ერთი, ჩემთვის საყვარელი ნამუშევარი.
_ ხატვის გარდა რით ხარ დაინტერესებული?
_ სამსახურიდან გამომდინარე, ხელოვანი ადამიანების აღმოჩენით. მსურს, კვლავ დავაკავშირო ერთმანეთს ჩემთვის საინტერესო ორი პროფესია. ჩემი მისწრაფებაა საქართველოს ხელოვნება და კულტურა საერთაშორისო მასშტაბით წარმოვაჩინო.
_ სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
_ ვაპირებ ახალ სერიაზე მუშაობას და ასევე ვგეგმავ პერსონალურ გამოფენას.
ნათია დაუშვილი

back to top