Menu
RSS

შეურაცხმყოფელი ეპითეტები და ტრიბუნაზე მუშტის ბრახუნი _ რა ხდებოდა საკრებულოს სხდომაზე და რა კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა თბილისის მერს

11 აპრილს დავით ნარმანია თბილისის საკრებულოს წინაშე მერიის საქმიანობის 2016 წლის ანგარიშით წარდგა და საკრებულოს დეპუტატებს განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისი განმარტებით, 2016 წლის ბიუჯეტი 842 966 400 ლარით განისაზღვრა და გადასახდელები 99%-ით შესრულდა.
მერმა ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ გეგმებზე, ასევე უკვე განხორციელებულ და მომავალში განსახორციელებელ ესტაკადების, ტრასების პროექტებზე. ნარმანიას განმარტებით, 2016 წელს კაპიტალურად შეკეთდა 500-მდე ქუჩა, ხოლო მიმდინარე წელს კიდევ 600 ქუჩის რეაბილიტაცია მოხდება. მერმა მნიშვნელოვან პროექტებზე საუბრისას გამოყო ,,ძველი ტფილისის'' პროექტი, რომლის პირველადი სამუშაოები დასრულდა და აღმაშენებლის გამზირზე პირვანდელი სახე 51-მა ისტორიულმა შენობამ მიიღო, მათ შორისაა კულტურული მემკვიდრეობის 41 ძეგლი. ნარმანიამ ისიც განმარტა, რომ 2017 წელს იწყება ამ პროექტის მეორე ეტაპი, რომელიც ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას გულისხმობს.
მერმა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა და 40 ახალი ლურჯი ავტობუსი ევროსტანდარტების შესაბამისად გამოაცხადა.
ანგარიშის წარდგენისას ნარმანიას არც გამწვანების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა გამორჩენია და განმარტა, რომ დედაქალაქში 2016 წელს 180 000 ხე-მცენარე დაირგო.
თბილისის მერმა განაცხადა, რომ თბილისს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა 2017 წელს ექნება. აქვე განმარტა, რომ ამ დოკუმენტზე საერთაშორისო კონსორციუმი და 200- მდე სპეციალისტი მუშაობს. ამასთან, უკვე დასრულდა და მერიას ჩაბარდა თბილისის ზღვის განვითარების გენგეგმა. მერმა ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ განაშენიანების რეგულირებაში შედის ცვლილება, რის მიხედვითაც, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განაშენიანების კოეფიციენტის (კ2) გაზრდაზე შეზღუდვა დაწესდა.
დავით ნარმანიამ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, შესაბამისმა საქალაქო სამსახურმა 2016 წელს 31 პროგრამა განახორციელა. მერმა ისიც აღნიშნა, 7 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი უკვე გავხსენით და მიმდინარე წელს კიდევ 10-ს ავაშენებთო.
ნარმანიამ ახალგაზრდების ხელშემწყობის მიზნით, კულტურისა და სპორტის საკითხებში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და განმარტა, ამ მიმართულებითაც არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა განვახორციელეთო.
სხვათა შორის, დავით ნარმანიამ ყურადღება ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურებაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მერია ეტაპობრივად გადადის ამ პრინციპით მუშაობაზე, რაც მისი თქმით, მოქალაქეებს მერიის სამსახურებთან ურთიერთობას გაუმარტივებს.
დარბაზში მყოფთ, არაერთს გაუჩნდა განცდა, თითქოს თავად ამ დედაქალაქში კი არა, სხვა მოცემულობაში ცხოვრობს. ამდენი გაკეთებული საქმე მინიმუმ თვალშისაცემი მაინც უნდა გამხდარიყოო, ამბობდნენ, თუმცა ნარმანიას მისამართით მათ სხვა პრეტენზიაც ბევრი ჰქონდათ და კითხვაც.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ მერს საკრებულოს დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს. ნარმანიამ, სხდომის დასრულებამდე, ყველა მათგანს უპასუხა.
მერს ერთი და იმავე შეკითხვით ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მარიკა დათუკიშვილმა, მამუკა ახვლედიანმა, სევდია უგრეხელიძემ და ირაკლი ნადირაძემ მიმართეს. კითხვა ,,ნაზღაიძის საქმეს'' ეხებოდა. დეპუტატები დაინტერესდნენ, რატომ გადასცა თბილისის მერიამ ,,რუსთავი 2''-ის საქმესთან დაკავშირებული მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ძმას მილიონზე მეტად შეფასებული უძრავი ქონება. ამ საკითხმა დარბაზში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, უმრავლესობის წარმომადგენლები შეძახილებით ცდილობდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრების გაჩუმებას, თუმცა ნარმანიამ უპასუხა, საქმე სხვაგვარადაა და ეს მიწა კანონის შესაბამისად გადაეცა ამ პიროვნებას, თუ რაიმე კანონდარღვევის შესახებ დოკუმენტაცია გაქვთ, შეგიძლიათ, სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოთო.
,,სამარცხვინოები ხართ!'' _ გადასძახეს იარუსებიდან ენმ-ს წევრებს უმრავლესობის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ჰქონდათ პრეტენზია, ნუთუ სხვა, ბევრად მნიშვნელოვანი, ისეთი საკითხის შესახებ არაფერი გაინტერესებთ, თბილისელებს რომ აწუხებთო. მიუხედავად ამისა, სევდია უგრეხელიძემ მაინც სცადა გაერკვია, იცის თუ არა დავით ნარმანიამ რეგლამენტით და კანონით განსაზღვრული საკუთარი მოვალეობები, რომლებსაც როგორც თავად აღნიშნა, მერი არ ასრულებს. უგრეხელიძის პრეტენზიას, რატომ არ ხვდება მათ მერი გარკვეულ პრობლემებზე სასაუბროდ, ნარმანიამ უპასუხა: როცა კამერების და შოუს დადგმის სურვილის გარეშე მოხვალთ, აუცილებლად შეგხვდებით და დაგელაპარაკებითო. ამ დროს მარიკა დათუკიშვილმა ნარმანიას მიმართა, ვერც ერთ შეკითხვაზე ვერ გვიპასუხეთ, სპეკულაციას ეწევით და ბოდიში თქვენ უნდა მოიხადოთ ასეთი უმსგავსობისთვისო! ნარმანიამ ტრიბუნაზე ხელის დარტყმით სცადა საუბარი შეეწყვეტინებინა, ხმამაღლა მოსაუბრე ენმ-ს წევრს მამუკა ახვლედიანს კი მიმართა _ რა ხმა გაქვს ამოსაღები, მერის მოადგილე რომ იყავი, 12 ათასი კვ/მ მიწის ნაკვეთი მოქალაქეს ჩამოართვით და ნაგავსაყრელად აქციეთო, რაზეც ფაქტობრივად, პასუხი ვერ მიიღო. უმრავლესობამ ნარმანიას მქუხარე ტაში დაუკრა, ნაციონალურ მოძრაობას კი ყველა მხრიდან შეუტია.
სხვათა შორის, მოლოდინი არ გამართლდა და დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის გამოსვლა სიმწვავით დიდად არ გამოირჩეოდა. მან დედაქალაქში ხეების უკანონო ჭრაზე დაუსვა შეკითხვა მერს. დაინტერესდა, როდემდე უნდა გაგრძელდეს მსგავსი ფაქტები და რას აკეთებს ხელისუფლება მათი აღკვეთისთვის. ნარმანიამ უპასუხა, რომ პარლამენტს შეაქვს ცვლილება კანონში, რომელიც ხეთა ჭრის პროცესს დაარეგულირებს, ხოლო 2-3 ხის მოჭრის ნებართვას საჭიროებისამებრ მერია გასცემს, თუმცა ამის სანაცვლოდ დეველოპერისგან კომპენსაციას იღებს. ელისაშვილმა მერს თბილისის ზღვის გეგმის შესახებაც ჰკითხა, იცნობთ თუ არა ამ პროექტის ილუსტრაციასო? ნარმანიამ სიცილით უპასუხა, რაღა ილუსტრაციას დააკვირდი, სხვა ვერაფერი ნახე საინტერესოო? (რამდენიმე დღის წინ ელისაშვილმა აღნიშნული პროექტის ილუსტრაცია გამოაქვეყნა, რომელსაც ფალოსის ფორმა ჰქონდა). სხვათა შორის, თბილისის ზღვის განვითარების გეგმაზე მერს შეკითხვა არაერთმა დეპუტატმა დაუსვა, ისინი ინტერესდებოდნენ, არის თუ არა თანხვედრაში აღნიშნული პროექტი თბილისის განვითარების გენერალურ გეგმასთან, რაზეც მერისგან დადებითი პასუხი მიიღეს.
საკრებულოს დეპუტატმა ზაზა ვეკუამ გაკვირვება გამოთქვა, რატომ დასჭირდა თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობას სამი წელი. ნარმანიამ განმარტა, რომ აღნიშნული გეგმა მაისის ბოლოს უკვე პირვანდელ სახეს მიიღებს და საზოგადოებაში განსახილველად გამოვა. მისი თქმით, მერია მზადაა ამ გეგმასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები მოისმინოს და შეძლებისდაგვარად გაითვალისწინოს.
მერს თბილისის შემოვლით რკინიგზაზეც მოუწია პასუხის გაცემა და განაცხადა, რომ მუშაობა ამ პროექტზეც მიმდინარეობს და აუცილებლად განხორციელდება, ოღონდ არა იმ ფორმით, როგორც ნაციონალებმა განსაზღვრეს. ნარმანიას განმარტებით, ნაციონალების მიღებულ პროექტში ბევრი ხარვეზია და ამიტომ სხვა ტრაექტორიით და მიმართულებით განხორციელდება შემოვლითი რკინიგზის დაპროექტება.
კითხვას _ მიიღებს თუ არა მონაწილეობას მოახლოებულ თბილისის მერის არჩევნებში, დავით ნარმანიამ უპასუხა, ამას გუნდურად გადავწყვეტთო.
ანგარიშის წარდგენისას უყურადღებოდ არ დარჩენილა გარევაჭრობის თემაც. საკრებულოს დეპუტატები დაინტერესდნენ, როდის დასრულდება ამ უკანონო საქმიანობის სრული აღკვეთა და გარემოვაჭრეების სავაჭრო ფართებით დაკმაყოფილება. მერმა უპასუხა, ამ საქმიანობას ეტაპობრივად განვახორციელებთ და ყველა გარემოვაჭრეს საშუალება ექნება, თბილისის ნებისმიერ ბაზრობაზე 6 თვე უსასყიდლოდ მიიღოს ფართიო.
თბილისის მერს ტროტუარების გათავისუფლებაზეც ჰკითხეს, რაზეც მას კონკრეტული პასუხი არ გაუცია, თუმცა განაცხადა, რომ საკითხზეც მიმდინარეობს მსჯელობა.
მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ხნის წინ თბილისის მერმა დაიმუქრა, საკრებულუში არ მივალო, იგი წარმომადგენლობით ორგანოში მეშვიდედ მაინც წარსდგა. სწორედ მისი ინიციატივა იყო, თბილისის მერს ბიუჯეტი საკრებულოში ყოველწლიურად პირადად წარედგინა.
თათია გოჩაძე

დაბრუნება დასაწყისში