ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჩავიდა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ბელარუსის ავტორიტარ ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, ბიჭვინთის „სახელმწიფო აგარაკზე“ უმასპინძლა, ინფორმაციას ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ბჟანიას თქმით, ლუკაშენკა „აფხაზეთისთვის დიდი ხნის ნანატრი და ძალიან სასურველი სტუმარია“.

მისი სიტყვებით, 1996 წლის იანვარში დსთ-ს სამიტზე, სწორედ ლუკაშენკა გამოვიდა ომისშემდგომი აფხაზეთის ეკონომიკური ბლოკადის წინააღმდეგ.

„თქვენ თქვით, რომ აფხაზეთის იზოლაცია, ეკონომიკური ბლოკადა არასწორი გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ აფხაზეთმა იცის და აფასებს. ჩვენ კარგი ადამიანური ურთიერთობები გვაკავშირებს. მოხარული ვართ თქვენი სტუმრობით“, - განაცხადა ბჟანიამ.

ბჟანია დარწმუნებულია, რომ ლუკაშენკას ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს „ორი ქვეყნის ხალხის ურთიერთობას“.

„ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ისე, რომ ის ისეთივე იყოს, როგორც კეთილ საბჭოთა დროს, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აფხაზეთში“, - მიმართა ბჟანიამ ლუკაშენკას.

მან კი, თავის მხრივ, ბჟანიას მადლობა გადაუხადა თბილი სიტყვებისთვის.

„ნოსტალგია არასდროს გვტოვებს. წარსულში, ალბათ, 25-27 წლის წინ ვიყავი ამ წმინდა მიწაზე. ბუნებრივია, არა როგორც პრეზიდენტი, შეიძლება ითქვას როგორც რიგითი ადამიანი. პარლამენტის დეპუტატი. გუშინ ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინთან აფხაზეთის პრობლემებს განვიხილავდით. ჩვენ დიდხანს, დაღამებამდე განვიხილავდით ამ პრობლემებს და ერთ დასკვნამდე მივედით, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება, მას უნდა დავეხმაროთ, რომ ეს აყვავებული მხარე, ხალხი, რომელიც აქ ცხოვრობს, ნორმალურად ცხოვრობდეს“, - განაცხადა ლუკაშენკამ.

მისი სიტყვებით, აფხაზეთში ვიზიტი რაიმე განსაკუთრებულ ვითარებას არ უკავშირდება.

„ჩვენ ნორმალური ვითარება გვაქვს, არ გვაწუხებს არანაირი გეოპოლიტიკა. ჩვენ უბრალო, ისევე როგორც თქვენ, მშვიდობიანი, კეთილი, შრომისმოყვარე ხალხი ვართ და გვსურს თანხმობაში ცხოვრება. ეკონომიკა კი, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, ჩვენი ურთიერთობების საფუძველი უნდა გახდეს. სხვა გზა არცაა“, - დასძინა ლუკაშენკამ.

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი სამომავლო კავშირების გაღრმავების საკითხის განხილვის ინიციატივით გამოვიდა.

„გამოცდილი ადამიანი ვარ, მრავალი წელია პოლიტიკაში ვარ. დავილაპარაკებთ, დავფიქრდებით, როგორ ვიცხოვროთ მომავალში. მთავარია, აქ ხალხი ღირსეულად ცხოვრობდეს, იმიტომ რომ, ეს რის დედამიწის სამოთხე, აქაური ხალხი კი წმინდანია. ეს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მახსოვს, როდესაც აქ ვიყავი. ამიტომაც ჩვენ გვსურს არა მხოლოდ მეგობრობის ხიდი გავდოთ, არამედ დავალაგოთ ძალიან სერიოზული ურთიერთობები“, - დასძინა ლუკაშენკამ და დაამატა, რომ ბელარუსი და რუსეთი ათანხმებენ თავიანთ მოქმედებებს.

„რუსეთი მხარდაჭერისთვის მზადაა. ალბათ, დადგა დრო. ჩვენ დღეს, როგორც არასდროს დავინახეთ, როგორი გახდა მსოფლიო, მშვიდად ცხოვრებას არ დაგვაცდიან, ამიტომ მეგობრებთან ურთიერთობა უნდა გავამყაროთ“,- განაცხადა ლუკაშენკამ.

ასლან ბჟანია დაეთანხმა, რომ მსოფლიოში მართლაც რთული ვითარებაა. „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს, აფხაზეთის თითოეულ მოქალაქეს აღელვეს ეს. თქვენ, ალბათ, იცით, იმის შესახებ, რომ ჩვენი მოქალაქეები დონბასში იბრძვიან, სამწუხაროდ, აფხაზეთის მოქალაქეები დაიღუპნენ“, - განაცხადა ბჟანიამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლუკაშენკას ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში ჯერ არ გამოხმაურებია. რადიო თავისუფლება კომენტარისთვის უწყებას დაუკავშირდა და პასუხს ელოდება.

ალიაქსანდრ ლუკაშენკას ნათქვამი აქვს, რომ არ გამორიცხავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას. მისი თქმით, ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა დაინახავს ამ ნაბიჯის საჭიროებას და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეტყვის ამის შესახებ. მაშინ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ კრემლი ალიაქსანდრ ლუკაშენკას არ უგზავნის სიგნალებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, ასევე ყირიმის, როგორც რუსეთის რეგიონის, დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.
2021 წლის აგვისტოში ლუკაშენკამ განმარტა, რატომ არ აღიარებს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. მისი თქმით, დასავლეთი ამ "რესპუბლიკების" დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში მინსკს დამატებითი სანქციებით დაემუქრა, ხოლო მოსკოვმა ეკონომიკური ზარალის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.
30 აგვისტოს აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ ლუკაშენკას დაბადების დღე მიულოცა. მანამდე ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთი მზად არის შეუერთდეს რუსეთის, ბელარუსისა და სხვა ქვეყნების სამოკავშირეო სახელმწიფოს, რომელიც შეიძლება, შეიქმნას უკრაინის ომის შემდეგ. ამასთან, აფხაზეთის "ლიდერმა" დასძინა, რომ აფხაზეთს არ აქვს ოფიციალური კონტაქტები ბელარუსის ხელმძღვანელობასთან.

წყარო: რადიო თავისუფლება