Menu
RSS

რატომ უჩივლა ბანკმა ნუგზარ წიკლაურსა და გოგა ონიანს და რატომ აკისრებენ პოლიტიკურ ვალდებულებას პოლიტიკიდან წასულ ბიძინა ივანიშვილს

ბანკი ,,ქართუ'' ნაციონალური მოძრაობის წევრებს _ ნუგზარ წიკლაურსა და გოგა ონიანს სასამართლოში ცილისწამებისთვის უჩივის და კომპენსაციის სახით 30 000 ლარს ითხოვს. ამის შესახებ ,,ქართუს'' წარმომადგენელმა, გიორგი უძილაურმა განაცხადა და მიზეზად ენმ-ს წევრების ბრიფინგი დაასახელა, სადაც წიკლაურმა და ონიანმა ,,ქართუ'' თაღლითობაში დაადანაშაულეს.

,,ვერსიას'' გოგა ონიანმა განუმარტა, რომ 2007 წელს შპს ,,ქართული საინვესტიციო ჯგუფი XXI'' საქართველოში შემოვიდა და მძღოლებთან ხელშეკრულება გააფორმა, რის საფუძველზეც გადასცა ირანული წარმოების ავტომობილები. ამ ავტომობილებით მძღოლებს შეეძლოთ, ეტაქსავათ. სანაცვლოდ კი, დაახლოებით 4 წლის განმავლობაში, ყოველთვიურად, 800 ლარამდე (ჯამში, დაახლოებით 48 ათასი ლარი) უნდა გადაეხადათ. შეთანხმების თანახმად, თანხის სრულად დაფარვის შემთხვევაში, მძღოლებს ავტომობილები ავტომატურად გადაუფორმდებოდათ. ონიანი აცხადებს, რომ პირველადი შენატანი მძღოლებს არ გააჩნდათ, რისთვისაც კომპანიამ ისინი ,,ქართუში'' გაგზავნა _ ბანკი ყველაფერშია გარკვეული და 1 000-ლარიან სესხს უპრობლემოდ მოგცემთო. ასეც მოხდა. მოგვიანებით, მძღოლებმა სესხი დაფარეს და მათსა და ,,ქართუს'' შორის სამართლებრივი ურთიერთობა დასრულდა.
,,2016 წელს კი, როცა თითქმის ბოლომდე ჰქონდათ ამ მძღოლებს თანხა დაფარული და ავტომობილები უნდა გადაეფორმებინათ, აღნიშნულმა კომპანიამ ბანკ ,,ქართუსგან'' სესხი აიღო, უზრუნველყოფად კი, გირაოთი, სხვა ქონებასთან ერთად, ხსენებული ავტომობილები დატვირთა. საბოლოოდ, ამ კომპანიამ გაკოტრებაზე დაწერა განაცხადი და საერთოდ მოუსპო მძღოლებს ავტომობილების დაბრუნების შანსი, რადგან ,,ქართუმ'' ამ კომპანიისგან სესხი ვერა, მაგრამ უზრუნველსაყოფი ნივთები კუთვნილებაში წაიღო'', _ აცხადებს გოგა ონიანი და განმარტავს, რომ თეორიულად, კომპანიას ჰქონდა უფლება, ეს ავტომობილები გირავნობით დაეტვირთა, რადგან მძღოლებთან დადებული ხელშეკრულება ამის შესაძლებლობას აძლევდა: ,,კომპანიასთან ხელშეკრულების დადების დროს შეცდნენ მძღოლები. მე გავაკეთე სამართლებრივი შეფასება და ვთქვი, რომ ბანკ ,,ქართუსა'' და ამ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება თაღლითურია, რაშიც რომელიმე კონკრეტული მხარის თაღლითობა არ მიგულისხმია. ამ ბანკმა სასწრაფოდ უნდა გადასცეს ავტომანქანები მძღოლებს, რადგან მისთვის ეს თანხა დამღუპველი არაა, ამ ადამიანებისთვის კი ყოველდღიური პურის ფულის შოვნის საშუალებაა''.
გოგა ონიანი სამართლის სპეციალისტია და ჩვენს კითხვას, ჰქონდა თუ არა ბანკს უფლება, კომპანიისგან კრედიტის არდაფარვის შემთხვევაში, სესხის უზრუნველსაყოფი ნივთები საკუთრებაში წაეღო, დადებითად პასუხობს, მაგრამ აქვე განმარტავს, რომ ,,ქართუს'' შეეძლო, გადაემოწმებინა ამ ავტომობილების სამართლებრივი მდგომარეობა, მით უმეტეს, როცა თავად გასცა პირველადი შესატანი თანხისთვის სესხები: ,,ჩვენ დავაყენეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც. ეს ბანკი რიგითი ბიზნესმენის კი არა, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისაა. კარგად გვახსოვს ამ ადამიანის დაპირებები სესხებთან დაკავშირებით და ამიტომ აღნიშნულ პრობლემაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სწორედ ბიძინა ივანიშვილს ვაკისრებთ''.
ონიანის თანაგუნდელი ნუგზარ წიკლაური საუბრობს, რომ დაზარალებულ მძღოლებს პრეტენზია ბანკის გარდა, შპს-ს მიმართაც აქვთ, რაც ლოგიკურია: ,,ქართუმ'', რომელმაც გასცა კრედიტი, კარგად იცოდა, რომ ამ ადამიანებს გადახდილი ჰქონდა თანხა, ამიტომ მიმაჩნია, ბანკსა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება თაღლითურია. ორი მონსტრი _ ,,ქართუ'' და ეს კომპანია ისე მოქმედებენ, არაფრისმქონე ადამიანების უფლებები ილახება. ,,ქართუს'' სასამართლოში შევხვდებით''.
რაც შეეხება სასამართლო დავას, ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ არ გაკვირვებია, როცა ,,ქართუმ'' მათ უჩივლა. ნაციონალი ამის მიზეზებსაც განმარტავს: ,,ბიძინა ივანიშვილის სპეციალობა ქართველი ხალხისთვის ფულის წაგლეჯვაა, ამიტომ არ გამკვირვებია, როცა სასამართლოში გვიჩივლეს და 30 000 ლარი მოითხოვეს. სასამართლოში ამ საკითხზე აუცილებლად ვიდავებთ. ტაქსის მძღოლები პატიოსნად იხდიდნენ თანხას და აღნიშნული კომპანიისა და ბიძინა ივანიშვილის გარიგების გამო დაიჩაგრნენ. მოვუწოდებთ ,,ქართუსა'' და ივანიშვილს, გადასცენ ამ ადამიანებს ავტომობილები და შემდეგ იდავონ ერთმანეთში იმ ქონებაზე, რომელიც ამ კომპანიას გააჩნია. ორი კომპანიის დავას ღატაკი ადამიანების ინტერესები რომ ეწირება, უსამართლობაა!''.
,,ქართუ'' კი ამ საკითხზე ,,ვერსიას'' ასეთ ინფორმაციას აწვდის: ,,შპს-მ ,,ქართული საინვესტიციო ჯგუფი XXI“ 40-მდე პიროვნებას ხელშეკრულება გაუფორმა და ბანკ ,,ქართუში'' აქვს საკრედიტო დავალიანება. სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებულია უძრავი ქონება და ავტომობილები. 2016 წელს აღნიშნულმა კომპანიამ სასამართლოსთვის მიმართვის გზით დაიწყო გაკოტრების პროცესი, რაც გულისხმობს ყველა კრედიტორის, მათ შორის ბანკის ჩართულობას დარჩენილი დავალიანების ამოსაღებად. ბანკს შესაბამისი სარჩელით მოთხოვნილი აქვს საკრედიტო დავალიანების დაფარვა მხოლოდ მესამე პირის საკუთრებაში არსებული, ბანკის სასარგებლოდ დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით, რომლის ღირებულებაც აღემატება არსებულ დავალიანებას. კომპანიის საკუთრებაში არსებულ, გირავნობით უზრუნველყოფილ საგნებთან (ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან) დაკავშირებით ბანკს სასამართლოში მოთხოვნები არ დაუყენებია (გაკოტრების პროცესში ვერც დააყენებდა). შესაბამისად, სააღსრულებო პროცედურები კომპანიის მიმართ ბანკის მოთხოვნის საფუძველზე არ მიმდინარეობს და ბანკის მოთხოვნის საფუძველზე ყადაღა არ ადევს გირავნობით უზრუნველყოფილ საგნებს. ნაციონალური მოძრაობა და მისი წარმომადგენლები არ იშლიან ბინძურ ტრადიციას და გაჭირვებული ადამიანების შეცდომაში შეყვანით, ისევ ცდილობენ პოლიტიკური ქულების დაწერას, მაგრამ ამჯერად ამ უპასუხისმგებლობისა და რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის გავრცელებისთვის, სასამართლოს წინაშე წარდგებიან''.
როგორც აღმოჩნდა, ,,ქართუს'' სამართლებრივად არაფერი დაუშავებია, თუმცა ნაციონალური მოძრაობის წევრები აღნიშნულ პრობლემაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას რატომღაც ბიძინა ივანიშვილს აკისრებენ. ასეა თუ ისე, მალე სასამართლო სხდომა ჩაინიშნება და მტყუან-მართალს შესაბამისი უწყება გაარკვევს.
თათია გოჩაძე

დაბრუნება დასაწყისში