Menu
RSS

ნიკა მაჭუტაძემ საკონსტიტუციო კომისია დატოვა და ინტერპარტიულ საკონსტიტუციო მოძრაობას ქმნის

პარტია ,,სახელმწიფო ხალხისათვის'' ლიდერმა ნიკა მაჭუტაძემ ,,ვერსიას'' ექსკლუზიურად გაუმხილა, რომ საქართველოს პროდასავლურ პარტიებთან ერთად, ინტერპარტიულ საკონსტიტუციო მოძრაობას იწყებს და მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებს. ,,ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს პროდასავლურ პარტიებთან, მაგრამ კონსტიტუცია ხომ ნებისმიერი ორიენტაციის ხალხის დოკუმენტიცაა, ამიტომ ვიწყებთ საერთო სახალხო მოძრაობას!'' _ აცხადებს მაჭუტაძე და განმარტავს, რომ მიმართავენ კონსტიტუციურ, მაგრამ რადიკალურ ნაბიჯებს. კითხვაზე _ როდის დაიწყება აქციები, მაჭუტაძე პასუხობს, რომ ეს კონსულტაციების ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული...
ნიკა მაჭუტაძემ 10 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო კომისიას ტოვებს. ამ გადაწყვეტილების მიზეზად კი კომისიის მიერ შემუშავებული სავარაუდო ცვლილებები დაასახელა, რომლებსაც ,,სახელმწიფო ხალხისათვის'' ლიდერი უსამართლოდ მიიჩნევს: ,,ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული პროექტით უქმდება პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი წესი, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები განიძარცვებიან სახელმწიფოს მეთაურის არჩევის უფლებისგან. უქმდება ეროვნული უშიშროების საბჭო. ხელისუფლება მიიტაცებს ხმებს, რომლებიც არჩევნებზე არ მიუღიათ, ანუ გაუნაწილებელ მანდატებს სრულად ხელისუფლება წაიღებს. პრეზიდენტს ჩამოერთმევა უზენაესი სასამართლოს დასახელების უფლება. შეკვეცილია მისი, როგორც მთავარსარდლის ფუნქცია გენერალური შტაბის უფროსის დანიშვნასთან დაკავშირებით. პოლიტიკურ გაერთიანებებს ეკრძალებათ საარჩევნო ბლოკებში გაერთიანება. საკონსტიტუციო კომისია იქცა ფარსად. მას გადაწყვეტილი აქვს, ქართველი ხალხის ნების ნაცვლად, კონსტიტუციაში ასახოს მმართველი პარტიისა და ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესები. ეს კომისია სპობს კონსტიტუციას, როგორც საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკურ შეთანხმებას ქართული სახელმწიფოს შესახებ, სწორედ ამიტომ ვტოვებ ამ კომისიას და ვიწყებ ინტერპარტიულ საკონსტიტუციო მოძრაობას!''.
როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციის მხრიდან საკონსტიტუციო კომისიის ბოიკოტირება „სახელმწიფო ხალხისათვის“ ლიდერმა დაიწყო, თუმცა თავად აცხადებს, რომ მას დანარჩენი ოპოზიციური პარტიებიც მალე მიბაძავენ. საკონსტიტუციო რეფორმაზე მუშაობა კვირის ბოლომდე დასრულდება და გაირკვევა, ვინ დარჩება კომისიის შემადგენლობაში.
რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, თითქოს საქართველოს პრეზიდენტი კომისიის დატოვების შესახებ მოლაპარაკებებს ოპოზიციურ პარტიებთან აწარმოებს, მაჭუტაძის განმარტებით, მის გადაწყვეტილებას გიორგი მარგველაშვილთან არანაირი კავშირი არ აქვს და ეს ნაბიჯი ერთპიროვნულად გადადგა.
თათია გოჩაძე

დაბრუნება დასაწყისში