Menu

პუტინის „ჩეჩნური მათრახი“ საქართველოსთვის

„ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შეშფოთებას გამოთქვამს იმ ე.წ. რეფერენდუმის გამო, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გაიმართა და არათუ აღიარებს და რაიმე ფორმით ითვალისწინებს ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს, არამედ, საქართველოს მეტი ჩართულობით, ცდილობს, მაქსიმალურად დაუპირისპირდეს მსგავს სეპარატისტულ გამოვლინებებს“, _ განაცხადა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწემ, თაჯან ილდემმა. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ძირძველ ქართულ მიწაზე ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს ოფიციალური თბილისიც გმობს. მეტიც, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ ეს მორიგი პროვოკაციაა და მეტი არაფერი.
 
ეს ის შემთხვევაა, როცა ხელისუფლებისა და არასამთავრობო ანუ სამოქალაქო სექტორის, ასევე ექსპერტული საზოგადოების პოზიცია იდენტურია. დიახ, დიდი მარჩიელობა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ მხოლოდ ცხინვალში კი არა, იგივე აფხაზეთშიც ნებისმიერი მსგავსი პოლიტიკური აქტივობა რაღაც უფრო დიდ მიზანს ემსახურება. ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს მხოლოდ ჩვენი „უფროსი ძმა“, ესე იგი, რუსეთი მიესალმება და აღიარებს. შესაბამისად, ნათელია, რომ კრემლა ახალი ავანტიურა ჩაიფიქრა. ეს „ახალი ავანტიურა“ კი, შესაძლოა, 2008 წლის აგვისტოს ომის მოდელირება იყოს. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს პოლიტიკური ელიტა ამ სცენარის განვითარებისთვის რომ მზადაა, თავდაცვის მინისტრის განცხადებაც მოწმობს, რომლის თანახმადაც, ქართული მხარე სამხედრო მზადყოფნას აძლიერებს.
„ბუნებრივია, ეს არის ჩვენი დიდი გამოწვევა _ აბსოლუტურად ვიზიარებ ამ შეფასებას. ეს არ არის მხოლოდ თავდაცვის უწყების შეფასება. ეს არის ყველა პატრიოტი ქართველის შეფასება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გამოხატულება, როდესაც ამ დიდ გამოწვევებს ერთად უნდა გავუმკლავდეთ. ჩვენი პასუხი ამ გამოწვევაზე და ჩვენი ამოცანა არის ჩვენი სამხედრო მზადყოფნის გაძლიერება. სწორედ აღნიშნული სიძლიერე ამცირებს პოტენციური აგრესორის თავდასხმის რისკებს. ჩვენი სიძლიერე არის თავდაცვის საუკეთესო საშუალება და აგრესიის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება“, _ განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას ლევან იზორიამ.
ისე, იმაში ახალი არაფერია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ „რესპუბლიკის პირველი პირის არჩევნები“ გამართა _ სეპარატისტებს პრეზიდენტი 90-იანი წლებიდან ანუ იმ დღიდან მოყოლებული ჰყავთ, რაც კრემლის დახმარებით, ცხინვალი და მისი მიმდებარე რამდენიმე რაიონი „რესპუბლიკად“ გამოაცხადეს, მაგრამ უფრო დიდ ნაღმად შეიძლება, რეფერენდუმი მივიჩნიოთ, რომელიც სამაჩაბლოსთვის „ალანიის“ დარქმევის მიზნით ჩატარდა.
საერთოდ, ისტორია მოწმობს, რომ შიდა ქართლში პირველი ნაღმი მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ჩაიდო _ ეს ის პერიოდია, როცა ბოშლევიკურმა მთავრობამ არაფრისგან სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი შექმნა. კი ბატონო, ამ ტერიტორიაზე ოსები საუკუნეების წინაც სახლობდნენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ შუაგულ საქართველოში ავტონომიური წარმონაქმნი გაჩენილიყო. ეს ყველაზე კარგად, რასაკვირველია, სტალინმა იცოდა, მაგრამ შიდა ქართლის მიწაზე ნაღმი მაინც ჩადო.
მართალია, იოსებ ბესარიონის-ძეს, რომლის მზესაც ზოგიერთი პუტინელი ქართველი ახლაც ფიცულობს, ამ ნაღმის ამოქმედება არ დასჭირვებია, მაგრამ გორელი მეწაღის შვილი ხომ ჩვეულებრივი ტირანი იყო, ტირანები კი, როგორც წესი, მარადისობაზე ოცნებობენ. ჰოდა, სტალინიც რუსული მარადისობის მძევალია.
ისე, ამას წინათ, ერთ ისტორიკოსს, რომელიც მე-20 საუკუნის, კერძოდ, საბჭოთა კავშირის ისტორიას კარგად იცნობს, ვკითხე, სტალინი აიძულეს თუ თავისი სურვილით შექმნა-მეთქი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი? ისტორიკოსმა თემა გაშალა, თუმცა დეტალებით თავს არ შეგაწყენთ და ჩემი თანამოსაუბრის ნააზრევიდან მხოლოდ ერთ თეზას შემოგთავაზებთ.
მოკლედ, ამ მკვლევარის ლოგიკით, სტალინმა ძალიან კარგად იცოდა, რომ ბოლშევიკური რუსეთის იერარქიულ ოლიმპზე ვერ მოექცეოდა, თუკი საქართველოსთან „ბმას“ გაწყვეტდა. ალბათ, სწორედ ამიტომაც იყო, რომ საბჭოთა პროლეტარიატის ბელადი აღიარებდა, საქართველოდან ვარო, მაგრამ მშობლიურ ენად რუსულს მიიჩნევდა ანუ უფრო ნათლად და გასაგებად რომ ვთქვათ, სტალინს საქართველო ისე კი არ უყვარდა, როგორც სამშობლო, არამედ, ამ სამშობლოში, ესე იგი, საქართველოში უყვარდა საკუთარი თავი.
არსებობს ლეგენდა, რომ იოსებ ჯუღაშვილს ყველაფერი ხალხისთვის უნდოდა და თვითონ ერთი კიტელის მეტიც არ ჰქონდა, მაგრამ ეს, აპრიორი, წითელი ზღაპარია, რომლის მიზანიც, რაღა თქმა უნდა, იმთავითვე მასებზე ზემოქმედება იყო, თორემ სტალინს საკუთარ კარიერაზე რომ არ ეზრუნა, მაშინ შუაგულ ქართლში იგივე სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს არ შექმნიდა. ერთი სიტყვით, ამ ნელი მოქმედების ბომბს სტალინი იმ შემთხვევაში აამოქმედებდა, თუკი მისი, როგორც „დიადი საბჭოეთის“ ერთპიროვნული მმართველის საძირკველი შეირყეოდა. მართალია, გორელ სოსოს ინტრიგები არ აკლდა და ის ვერსიაც არსებობს, რომ სული ბუნებრივად არ განუტევებია, მაგრამ სჯობს, ბელეტრისტიკას თავი დავანებოთ და ფაქტებით ვიმსჯელოთ. ფაქტი კი ისაა, რომ ჯუღაშვილის მიერ „დაკონსერვებული“ ნაღმი მისმა სულიერმა და იდეოლოგიურმა შთამომავლებმა აამოქმედეს ანუ სტალინის მიზანმა საშუალება გაამართლა და რუსეთი იმპერიის მოდერნიზებას ისევ სტალინური შემართებით ცდილობს.
ეს მსჯელობა ვინმესთვის, რასაკვირველია, მიუღებელი იქნება, მაგრამ დროა, ,,სუფრის პატრიოტიზმს'' ზურგი ვაქციოთ და ვაღიაროთ: საქართველოს ოკუპაცია-ანექსია არც 2008 წლის აგვისტოს ომით დაწყებულა, არც 90-იანი წლების მოვლენებით და არც კიდევ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნით. საქართველოს რუსული ოკუპაცია ორ საუკუნეს ითვლის და სათავეს გეორგიევსკის ტრაქტატიდან იღებს. ამ ხნის განმავლობაში არაერთი პოლიტიკური სცენარი გათამაშდა. ახლაც, წეღანდელი თქმისა არ იყოს, ისეთი პირი უჩანს, რომ კრემლი ახალი პოლიტიკური თამაშისთვის ემზადება, რომელმაც შეიძლება, ისევ „მოგვიტანოს სისხლი და ცხედრები“, რასაც მრავალტანჯული საქართველო, როგორც ამბობენ, ვეღარ გადაიტანს.
მთელ ამ პოლიტიკურ აჯაფსანდალში კი ყველაზე დრამატული ისაა, რომ რუსულ ოკუპაციას ხელს ქართველებიც უწყობენ, თან ამას პატრიოტული მოტივებით ამართლებენ. შესაბამისად, რუსული ავანტიურის თანამონაწილეობასაც „პატრიოტიზმს“ ეძახიან, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ღალატია და მეტი არაფერი!
კიდევ ერთი საინტერესო შტრიხი: ე.წ. ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და ე.წ. რეფერენდუმი იმ დროს ჩატარდა, როცა მსოფლიოში ტერორიზმის თემა ისევ აქტუალურია. მეტიც, ტერაქტებმა არცთუ დიდი ხნის წინ რუსეთის ერთ-ერთი მეგაპოლისი _ სანკტ-პეტერბურგიც წალეკა. ყველაფერმა ამან კი იგივე ანალიტოკოსებს ჩეჩნური ომები გაახსენა _ დასამალი არავისთვისაა, რომ ჩეჩნურ კამპანიამდე მოსკოვში ტერაქტებს რუსული სპეცსამსახურები აწყობდნენ, რასაც გროზნოს აოხრება მოჰყვა.
მართალია, ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიან, მაგრამ პუტინი ლოგიკის ყველა კანონს არღვევს და იმას აკეთებს, რაც წითელ უშიშროებაში ასწავლეს ანუ სავსებით შესაძლებელია, რომ საქართველოსთვის ჭკუის სწავლება „ჩეჩნური მათრახით“ დააპიროს, მით უმეტეს, რამდენიმე თვის წინ, ცალკეული რუსი ჩინოვნიკებისგან კეთდებოდა ღია მინიშნება, საქართველოდან სირიაში ტერორისტები მიდიანო.
ერთი სიტყვით, რუსული პოლიტელიტა, უპირველესად კი ვლადიმერ ვლადიმერის-ძე ის მორიელია, რომლის კუდიც არ გასწორდება. ამიტომაც, ქართული სპეცსამსახურები, როგორც უსაფრთხოების სპეციალისტები ამბობენ, ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა იყვნენ _ ბოლოს და ბოლოს, შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, რომ ვითარება მყიფეა!..
ვანო პავლიაშვილი

back to top