მართლმადიდებელი სამყარო დღეს ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა–ლოცვა შესრულდა. მისი წარმოშობის შესახებ არსებობს სხვადასხვა გადმოცემა. ამათგან უფრო მიღებულის მიხედვით, ჯვართამაღლება აღნიშნავს იმ დღეს, როდესაც რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის, ელენე დედოფლის ბრძანებით – იერუსალიმის მახლობლად, დაახლოებით 335 წელს, იპოვეს იესო ქრისტეს ჯვარი. ყველასათვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჯვრის ხილვა, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა ანუ აღამაღლა იგი. აქედან წარმოდგება დღესასწაულის სახელწოდება „ჯვართამაღლება“.

ჯვართამაღლების დღესასწაული ორ დღეს მოიცავს: „წინადღე პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლებისა“ – როდესაც დაწესებულია მკაცრი მარხვა  და „მსოფლიო ამაღლება პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვარისა“.

დღესასწაული მე–4 საუკუნეში დაწესდა. 306-337 წლებს შორის ბიზანტიის იმპერატორი იყო კონსტანტინე დიდი, რომელსაც მოციქულთასწორი უწოდეს, ვინაიდან ქრისტიანთა დევნა შეაწყვეტინა სახელმწიფოს, ოფიციალურად დაუშვა ქრისტიანული აღმსარებლობა, თავად მოინათლა და ყოველნაირად ხელი შეუწყო ქრისტიანობის გავრცელებას... ეს დღე ბიზანტიაში ერთგვარ სახელმწიფო დღესასწაულადაც, ხოლო ჯვარი – იმპერიის ემბლემად იქცა და მას ყველა სახელმწიფო დაწესებულების კედელზე და ოფიციალურ ტანისამოსზეც გამოსახავდნენ. დღესასწაულის დღეს მას ეპისკოპოსები და მღვდლები საჯაროდ აღმართავდნენ ხოლმე. ისინი ჯვრით სამყაროს ოთხივე მხარეს აკურთხებდნენ, ხოლო ხალხი ამ დროს „უფალო შემიწყალეს“ გალობდა. ეს ჩვეულება დღესაც სრულდება ეკლესიაში საზეიმო მწუხრის მსახურების დასასრულს, ცისკრის დიდების შემდეგ, როცა ჯვარს საზეიმოდ გამოაბრძანებენ და აღმართავენ.

ჯვართამაღლება ჩვენთვის რჩება მარხვისა და ლოცვის დღედ, დღედ, როცა ჩვენ ვიხსენებთ, რომ ჯვარი არის ერთადერთი სიმბოლო, ღირსი ჩვენი ულაპარაკო ერთგულებისა, და რომ ჩვენი ხსნა დამოკიდებულია არა რომელიმე ჩვენს მიწიერ გამარჯვებაზე, არამედ ქრისტეს ჯვარცმისა და ქრისტესთან ჩვენი თანაჯვარცმის ერთადერთ ჭეშმარიტ და წარუვალ გამარჯვებაზე. და როცა ჩვენ აღვმართავთ ჯვარს და მუხლს ვიდრეკთ მის წინაშე თაყვანისცემითა და განდიდებით, ჩვენ ვაცხადებთ, რომ ვეკუთვნით სასუფეველს, რომელიც არ არის „ამა სოფლისაგან“, და რომ ჩვენი ჭეშმარიტი და მარადიული „მოქალაქეობა“, წმინდანებთან ერთად, „უფლის ქალაქშია”.

შეიძლება ითქვას, რომ ჯვართამაღლებაზე ქრისტიანები, თითქოს, ხელახლა უძღვნიან თავს უფალს და აღუთქვამენ სრულყოფილ ერთგულებას, მუხლს იყრიან მისი ჯვარცმისა და ცხოველმყოფელი ჯვრის წინაშე, – ასეთია ეკლესიაში ამ დღის მარხვისა და სინანულის დღევანდელი მნიშვნელობა.