მართლმადიდებელი სამყარო დღეს ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა აღესრულა.

ყოვლადწმიდა ქალწული გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მისი მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა, პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი გახლდათ. ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი არ ეძლეოდა. ასე მიაღწიეს მათ ხანდაზმულობამდე, მაგრამ იმედი არ დაუკარგავთ, რომ ღმერთი, რომლისთვისაც არაფერია შეუძლებელი, შვილს მომადლებდა მათ. იოაკიმემ და ანამ აღთქმა დადეს, რომ ახალშობილს ტაძარში მსახურებისათვის უფალს მიუძღვნიდნენ. ებრაელები უშვილობას ღვთის სასჯელად მიიჩნევდნენ, ამიტომ იოაკიმე და ანა თანამემამულეთაგან მრავალ უსამართლო ყვედრებას ისმენდნენ. ერთ-ერთ დღესასწაულზე მართალ იოაკიმეს იერუსალიმის ტაძარში უფლისათვის მსხვერპლის შეწირვა სურდა, მაგრამ მღვდელმთავარმა უარი უთხრა. მოხუცი ღრმა მწუხარებით აივსო, უდაბნოს მიაშურა და ორმოცი დღე მარხვასა და ლოცვაში გაატარა.

უფალმა შეისმინა ცოლ-ქმრის ვერდება. მთვარანგელოზმა გაბრიელმა ანას აცნობა, რომ იგი მალე დედა გახდებოდა, ხოლო მისი ნაშობი განდიდდებოდა. გახარებულმა ქალმა მადლიერების ნიშნად მაშინვე აღთქმა დადო, რომ ბავშვს უფალს შესწირავდა. ანგელოზმა უდაბნოში განმარტოებულ იოაკიმესაც აუწყა, რომ ღმერთმა მისი ვედრება შეისმინა და მალე მემკვიდრე შეეძინებოდა.

გავიდა ხანი და ანამაც იმშობიარა. მას ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც მარიამი უწოდეს.

მართალი იოაკიმ და ანა ეკლესიის მიერ ,,მშობლებად ღმრთისა" იწოდებიან, როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი. მათ განსაკუთრებული მადლი აქვთ ღვთისაგან - უშვილოებს შვილი მიანიჭონ, შეწყვიტონ მიწისძვრები და დააცხრონ ქარიშხლები.

ღმრთისმშობლის შობა - ხარების გარდა, თორმეტ დღესასწაულთა შორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი კიდევ სამი დღესასწაული არსებობს. მათ შორის პირველია მისი შობა, რომელიც 21 სექტემბერს აღინიშნება. 

როდის დაარსდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაული, ზუსტად არ არის ცნობილი. თუმცა მასზე ცნობები ჯერ კიდევ V საუკუნეშია, თუმცა ამის ჭეშმარიტი მტკიცებულება არ არსებობს. ამიტომ დღესასწაულის შემოღების პერიოდად ითვლება VI საუკუნის დასაწყისად, რომელიც დაკავშირებულია ეფესოს საკათედრო ტაძართან. იგი წარმოიშვა ბერძნულ ეკლესიაში და შემდეგ გავრცელდა რომში და სხვა ადგილებში.

დღეს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მახათას მთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა ტარდება.

ტაძარში დაბრძანებულია ათონის მთიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის, „მანუგეშებლის“ ასლი.

წირვას მღვდელმთავარი, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი დანიელი აღავლენს. წირვაში, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ათონის მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი.