Menu

რას წერდა ჰარვარდი საქართველოზე 2013-ში

ანკარა და მოსკოვი დიპლომატიურ სტეპზე აცეკვდნენ. ორი მნიშვნელოვანი ბლოკი _ აშშ და ევროგაერთიანება _ საცეკვაო ნომრის მიღმა დარჩა. არადა, ეს ის ორი ბლოკია, რომელსაც ტრადიციულად თურქეთი, უსაფრთხოებისა და დაცულობის თვალსაზრისით, მთავარ პარტნიორად მიიჩნევდა. დღეს კი ფაქტია, ეკონომიკური, დიპლომატიური და პოლიტიკური საკითხების გარდა, ეს ორი სახელმწიფო სამხედრო საკითხებშიც მჭიდრო თანამშრომლობის ნებას გამოხატავს.
 
2015-ში თურქებმა რუსული მფრინავი აპარატი ჩამოაგდეს. ორ ქვეყანას შორის ვითარება დიპლომატიური კავშირების ისტორიულ მინიმუმზე დავიდა, თუმცა ძალიან მალე რადიკალურად შეიცვალა და მას შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერი ისე იქცევა, გეგონება, ბავშვობის მეგობრები იყვნენ. რა არის მიზეზი და რატომაა საქართველო შარში? ერდოღანი გაბრაზდა მოკავშირეებზე?.. გაბრაზდა იმაზე, რომ რევოლუციის მომწყობი ფეთჰულა გიულენი შტატებშია ისევ?.. იქნებ პირიქითაა?..
ორიოდე დღის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის მიერ უსაფრთხოების მრჩევლად დანიშნულ და ერთ კვირაში გათავისუფლებულ მაიკ ფლინს თურქეთის ხელისუფლებისგან 530 ათასი დოლარი აქვს აღებული იმაში, რომ გიულენზე ინფორმაცია მოეგროვებინა, აშშ-ს პოლიტიკური ვერტიკალი მისდამი უარყოფითად განეწყო და ამით ხელი შეეწყო მისი ექსტრადიციისთვის. თურქეთი გიულენის თავს ითხოვს, ვაშინგტონი არ იძლევა იმიტომ, რომ ამერიკა ფუნდამენტური უფლებების დაცვის სიმბოლოა და ექსტრადიციებს ასე მარტივად ხელს არ აწერს (გინდა, ტრამპი იყოს, გინდა _ ობამა). გამოდის, ერდოღანი გაბრაზებულია არა იმაზე, რომ აშშ უწყობდა ხელს მის ქვეყანაში რევოლუციას (როგორც ამას ამბობდა ხოლმე), არამედ იმაზე, რომ გიულენი არ გადასცეს. ახლა მით უმეტეს, არც გადასცემენ.… სწორედ ამიტომაა ამერიკა ამერიკა. თურქეთი მოკავშირეა, მაგრამ ადამიანის უფლებებს ამით არ გადათელავს. როგორც კი ერდოღანმა მოითხოვა ექსტრადირება, სახელმწიფო დეპარტამენტმა უპასუხა, რომ ბრალდების დადასტურება სავალდებულოა. ეს ვერ გაიგო თურქეთის პრეზიდენტმა, ვერ ახსნა. ემოცია მოეძალა და გარიგებაზე წავიდა რუსეთთან, რომელსაც დიდ ხანს აგინებდა.
თუმცა მხოლოდ ეს როდია. ოფიციალურად ანკარა აცხადებს, რომ ნატო, შტატები და ევროპა ISIS-თან ბრძოლაში მას სათანადოდ არ უდგანან გვერდით. თუმცა ეს აბსურდია, რადგან ტერორისტების წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურ ომს დღეს სწორედ შტატების თაოსნობით მოქმედი დასავლური კოალიცია ახორციელებს და მათ უკვე გაათავისუფლეს ქალაქი მოსული, რაც ვერ შეძლო ვერც თურქეთმა და ვერც რუსეთმა (თუმცა კი იბრიქებიან).
მეორე მიზეზი, რასაც თურქეთი დიდი ხანია პრეტენზიის სახით აყენებს, ქურთისტანის მუშათა პარტიის ფაქტორია. ანკარას თვალში არ მოსდის ეთნიკური ქურთების მისწრაფება, შეიქმნას სახელმწიფო ქურთისტანი, რომელიც ერაყისა და თურქეთის მოსაზღვრე იქნება. ამ მისწრაფებას არ ეწინააღმდეგება (მაგრამ არც მხარს უჭერს, რადგან მათი საქმე ნაკლებადაა) არც შტატები, არც ევროპა, ასევე რუსეთი და ისრაელი. ყველა ამბობს, რომ 40 მილიონამდე ეთნიკურ ქურთს (მსოფლიოს უდიდესი ერი მოქალაქეობის გარეშე) უფლება აქვს, საკუთარი სახელმწიფო ჰქონდეს, არ შემოიფარგლებოდეს პროვინციით ერაყში და სეპარატიზმში გადავარდნილი დასახლებებით თურქეთში. დღემდე ქურთისტანის მუშათა პარტია აცხადებს, რომ მზადაა, ილაპარაკოს ანკარასთან, მაგრამ ამაოდ. ამასობაში კი, თურქეთმა პარტია ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხა და მსოფლიოსგან მოითხოვს, იგი ისლამური სახელმწიფოსა და ალ-ქაიდას რანგში გაიყვანოს, რაც ასევე არ ხდება. ესეც მეორე და ისევ სუბიექტური მიზეზი, რის გამოც ანკარა შეიძლება ლანძღავდეს დასავლეთს.
მესამე კი იმიგრაციის პრობლემაა, თუმცა აქაც საბოლოოდ ირკვევა, რომ ანკარა ზედმეტს ითხოვს _ არ აძლევენ და მომენტალურად ლანძღვაზე გადადის (თურქეთს სურს, ლტოლვილები მისი შეხედულებისამებრ გაატარონ). თუმცა ბოლო ხანებში ეს ლანძღვა ძალიან ჰგავს რუსულ ანტიდასავლურ პროპაგანდას. მაგალითად, ევროპელი ლიდერების ფაშისტებთან გაიგივება, ქსენოფობიური განცხადებები და ა.შ. და ამას ამბობს ერდოღანი მათი მისამართით, ვისი მოკავშირეცაა ნატო-ს ფარგლებში.
რა მოხდება, როცა დასავლეთს მოთმინების ფიალა აე¬ვსება? ნატო-დან გარიცხვაო _ გამოითქვა შიში...… ეს ვერ მოხდება, რადგან არავის აწყობს:
1. ბრექსიტის მერე ნატო-დან რომელიმე წევრის გასვლა დასავლური ცივილიზაციისთვის კიდევ ერთი კრახი იქნება;
2. ეს ზუსტად ისაა, რასაც რუსეთი ცდილობს. როგორც ექსპერტები (Gლობალღესეარცჰ) ირწმუნებიან, სწორედ ამით ვაჭრობს ერდოღანი, რათა მიიღოს:
ა) გიულენის თავი ან ბ) ქურთისტანის მუშათა პარტიის ტერორისტებად ცნობა.
თუმცა სამი წლის წინ ჰარვარდის მეცნიერთა ჯგუფმა (თებერვალი 2014) გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელიც განვითარებადი ბაზრების კრიზისს პროგნოზირებდა. მკვლევარებმა დაასახელეს სამი ქვეყანა: უკრაინა, თურქეთი და არგენტინა. HBR სტატიის თანახმად ითქვა, რომ სამივე ქვეყანაში მოსალოდნელი იყო პოლიტიკური არასტაბილურობა, რაც ასევე ვალუტის კურსის რყევაზე აისახება. რასაკვირველია, მიზეზად ან შედეგად ჰარვარდელებს არ დაუწერიათ არც ყირიმის ანექსია, არც ISIS გაძლიერება და არც თურქეთში გადატრიალების მცდელობა. მიზეზად მოკლევადიანი საგარეო ვალების კოლოსალური მასშტაბები დასახელდა. თურქეთსა და უკრაინაში რა მოხდა, ვიცით… აი, არგენტინამ კი, გასულ წლებში, გადაიტანა ინფლაციის 25%-იანი (ისტორიული) ტვირთი. ერთ დროს (მე-20 საუკუნის დასაწყისში) მსოფლიოს #7 ეკონომიკა დღეს 20-ეულში ძლივს ინარჩუნებს პოზიციას (თუმცა იქ მთავრობა ლოგიკურია და 2015-დან დაიწყო კიდეც კორუფციასთან ბრძოლა და ეკონომიკის რეფორმირება).
სხვა სამეცნიერო ნაშრომში „ჰარვარდ ბიზნეს რივიუ“ (HBR) წერს კორუფციის დონეებზე სხვადასხვა ქვეყანაში. ლიდერი რუსეთია, შემდეგ ინდოეთი და ა.შ. ნაშრომში საქართველოცაა მოხსენიებული, თუმცა როგორც კორუფციასთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითი.
„მიხეილ სააკშვილის 9-წლიანი მმართველობით ქვეყანამ უზარმაზარი პროგრესი განიცადა. თუმცა ბევრი თვლიდა, რომ იქ არსებობდა პოლიტიკური ოპონენტების შევიწროების ფაქტები, რაც აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც მოხვდა. სააკაშვილის გუნდმა ამიტომაც წააგო 2012 წლის არჩევნები. მიუხედავად ამისა, მიიჩნევა, რომ კორუფციასთან ბრძოლაში სწორედ მკაცრი ხელი იყო საჭირო'', _ ვკითხულობთ HRB-ის სტატიაში, სადაც ამერიკელი მკვლევარები, ჯერ კიდევ 2013 წლის იანვარში, მიანიშნებდნენ რუსული ძალის გაძლიერების მაღალ ალბათობაზე საქართველოში.
თუ დღეს, 2017 წელს, თურქეთი და რუსეთი ერთ სტეპზე ცეკვავენ, რა ბედი ეწევა ამ წნეხში საქართველოს? 2016 წლის სექტემბერში (უკვე დამეგობრებულია რუსეთთან) რიზეში ყოფნისას ერდოღანმა სიტყვა წარმოთქვა, სადაც აღნიშნა: „ფიზიკური საზღვრები და საზღვრები ჩვენი გულისთქმის მიხედვით ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად, შესაძლებელია თუ არა რიზესა და ბათუმის განცალკევება?''. ასეთი პროვოკაციული იყო ქვეყნის ლიდერის სიტყვა, რომელმაც დიდი ვიშვიში გამოიწვია ბათუმში. იმდენად დიდი, რომ თურქეთის ელჩს განმარტებების გაკეთება მოუწია. ეურასია.ნეტ-მა ფაქტს უმალ მიუძღვნა წერილი და ხაზი გაუსვა იმას, რომ ბათუმში ანტითურქული განწყობა ისედაც ძალიან მომატებულია სოციალური და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე.
ლირიული გადახვევა: 2017-ის მარტში ბათუმი ქაოსმა მოიცვა. ,,ოცნებამ'' ვანდალიზმი ნაციონალებს მიაწერა, რაც ჯერჯერობით, სამართლებრივად ვერ დადასტურდა, ხოლო ბათუმის მკვიდრებმა (და არა მარტო მათ) განმარტეს, რომ კონფლიქტის ფუნდამენტი იძებნება სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაში. სამართლებრივად, რასაკვირველია, არც ეს დადასტურებულა.
2017 მარტშივე რუსეთმა რამდენიმე პროვოკაციული ნაბიჯი გადადგა _ ოკუპირებული ოსეთის ჯარები, ფაქტობრივად, მიიერთა, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნები აღიარა, იქვე ადმინისტრაციული გადასასვლელი ჩაკეტა და ჭორი დააგდო _ ოსეთს ალანია უნდა დაერქვასო. ასიმეტრიული საინფორმაციო ომი ახალ ფაზაში გადავიდა, რისი მიზეზიც, აშკარაა, ევროგაერთიანების მიერ საქართველოსთვის მინიჭებული ვიზალიბერალიზაცია გახლავთ. ასეთ დროს დიდი ყურადღება მართებს ქართულ საზოგადოებას, რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, რუსული პროპაგანდის ერთიასად გაძლიერებული შტურმის ქვეშაა ისევ (ამ თემაზე სხვა დროსაც ვისაუბრებთ, მანამდე კი რეკომენდაციას ვუწევთ „ლიბერალური აკადემია თბილისის“ მიერ ჩატარებულ სამეცნიერო კვლევას სახელწოდებით: „რუსეთის ხისტი და რბილი ძალის საფრთხეები საქართველოში” www.ei-lat.ge).
ლუკა დვალი

back to top