Menu
RSS

IX. კორიფეები ტიტანის შესახებ

გადავწყვიტე, რომ მეორე მსოფლიო ომში გამოჩენილ სტალინის მხედართმთავრულ გამჭრიახობასა და მამაცობაზე არაფერი მეთქვა. აქ ხე ნამდვილად ნაყოფით შეიცნობა, ამიტომ სტალინის, როგორც გენერალისიმუსის და უმაღლესი მთავარსარდლის დამსახურებაზე გოლოვანოვის, როკოსოვს¬კისა და სხვა მარშლების დაწერილი წიგნებიდან ციტირება ზედმეტად მიმაჩნია. მაგრამ არც ისე იქნება, რომ ნეოტროცკისტი ანტისტალინისტების ჩხირკედელაობას უმაღლესი დონის პასუხი არ გავცე. მე აქ მსოფლიო დონის პოლიტიკოსებისა და ჰუმანისტების მხოლოდ ერთი ნაწილის შეფასებებს გამოვიყენებ, რადგან მთლიან, ზღვა მასალას ერთი გაზეთის გვერდი კი არა, ერთი წიგნი ვერ აუვა.
ლორდი ბევერბრუკი (1942 წ. ნიუ-იორკი)
,,სტალინის პერიოდში კომუნიზმმა დასავლეთის ყველა ხალხის აპლოდისმენტები და აღფრთოვანება მოიპოვა. სტალინის პერიოდში კომუნიზმმა ჩვენ მოგვცა პატრიოტიზმის მაგალითი, რომლის ანალოგი ისტორიაში არ მოიძებნება. მის პერიოდში კომუნიზმმა მსოფლიოს საუკეთესო გენერლები მისცა. ქრისტიანების დევნა? _ არა! იქ რელიგიური დევნა არ არის, ეკლესიის კარი ღიაა. ეროვნებათა დევნა? _ სრულებითაც არა. ებრაელები იქ ისევე ცხოვრობენ, როგორც სხვები. პოლიტიკური რეპრესიები? _ დიახ, რა თქმა უნდა იყო, მაგრამ ახლა უკვე ნათელია, რომ ისინი, ვინც დახვრიტეს, რუსებს გერმანელებს მიჰყიდდნენ'' (ჟურნალი ,,ისტორიული მემკვიდრეობა'' 2010 წ. მარტი #3 (5)).
ფრანკლინ რუზველტი აშშ-ს პრეზიდენტი
,,მასთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა. წვრილმანები გამორიცხულია. ის აყალიბებს საკითხს, რომლის განხილვაც სურს და ამ საკითხიდან არც აქეთ და არც იქით არ იხრება''.
ჰ. კისინჯერი აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი
,,სტალინი, როგორც დემოკრატიული ქვეყნების არც ერთი სხვა ლიდერი, მზად იყო, ნებისმიერ დროს შესდგომოდა ძალთა თანაფარდობის ძირფესვიანად შესწავლას. და სწორედ იმაში დაჯერებულობის, დარწმუნებულობის გამოისობით, რომ ის იყო მსახური ისტორიული სიმართლისა, რომლის გამოხატულებასაც მისი იდეოლოგია წარმოადგენდა, ის მტკიცედ და გადაჭრით იცავდა საბჭოეთის ნაციონალურ ინტერესებს. ისე იცავდა, რომ თავს არ იმძიმებდა, როგორც მას მიაჩნდა, ფარისევლური მორალის ან პირადული ინტერესების ტვირთით.
სტალინის სიტყვებში გამოსჭვივის აზრისა და მოქმედების მიზანსწრაფული სისასტიკე, რომელიც კომუნისტური იდეოლოგიის ურყევი ერთგულების შედეგია. სტალინი მგზნებარე რევოლუციონერი, გულმშვიდი, აღუშფოთებელი სტრატეგი იყო. მან რუსეთი მეოცე საუკუნეში ზესახელმწიფოდ აქცია ისე, როგორც რიშელიემ საფრანგეთი მეჩვიდმეტე საუკუნეში''.
კ. ჰელი აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ომის წლებში
,,სტალინი გასაოცარი პიროვნებაა, ის დაჯილდოებულია არაჩვეულებრივი ნიჭითა და გონებით, აგრეთვე პრაქტიკულ საკითხთა არსის წვდომის უნარით. ის რუზველტსა და ჩერჩილთან ერთად ერთ-ერთია იმ ლიდერთაგან, რომლებსაც მხრებზე აწვებათ ისეთი პასუხისმგებლობა, რომლის მსგავსი პასუხისმგებლობა არც ერთ ადამიანს არ დაეკისრება უახლოეს 500 წელიწადში''.
ა. ჰარიმანი აშშ-ს ყოფილი ელჩი საბჭოთა კავშირში
,,ისინი, ვისაც სტალინი პირადად არ გაუცნია, მასში მხოლოდ ტირანს ხედავენ. მე კი მეორე მხარეც მაქვს ნანახი _ მისი ჭკუა, დეტალების ფანტასტიკური აღქმის ნიჭი. მისი გამჭრიახობა და განსაცვიფრებელი ადამიანური ყურადღება, რისი გამოჩენის უნარი მას ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, ომის წლებში, ჩემი აზრით, ის უკეთ იყო ინფორმირებული, ვიდრე რუზველტი და საქმის ვითარებას უფრო რეალისტურად უყურებდა, ვიდრე ჩერჩილი. გარკვეული მხრით, ომის ლიდერებს შორის იგი ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა''.
ჰარი ჰოპკინსი ფ. რუზველტის ერთ-ერთი მრჩეველი
,,... მე დარწმუნებული ვარ ამ ფრონტის წარმატებაში. აქ სუფევს უსათუო გამარჯვების მტკიცე რწმენა.
შეხვედრის დროს არ წარმოთქმულა არც ერთი ზედმეტი სიტყვა, არ ყოფილა არავითარი ზედმეტი ჟესტი, არავითარი მანჭვა. გეგონა, რომ რაღაც შესანიშნავად გაწონასწორებულ, გონიერ მანქანას ელაპარაკებოდი. იოსებ სტალინმა იცოდა, რაც სურდა, იცოდა, რაც რუსეთს სურდა და ვარაუდობდა, რომ ეს თქვენც იცოდით... თუ ის ყოველთვის ასეთია, როგორსაც მე ვუსმენდი, ის ფუჭად ერთ სიტყვასაც არ ამბობს და იმის რწმენას გვიქმნის, რომ რუსეთი გაუძლებს გერმანული არმიის იერიშებს.
ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვიყავით, რომ მოვიპოვეთ მშვიდობის პირველი დიადი გამარჯვება, ,,ჩვენში'' მე ვგულისხმობ ყველა ჩვენგანს, მთელ ცივილიზებულ კაცობრიობას. რუსებმა გვიჩვენეს, რომ მათ ძალუძთ, გონივრულად და გამჭრიახულად იმოქმედონ და არც პრეზიდენტს, არც რომელიმე ჩვენგანს ოდნავადაც არ გვეპარება ეჭვი, რომ შევძლებთ მათთან შეგუებას და თვალმისაწვდომ მომავალში ერთობლივი საქმეების კეთებას... მაგრამ მე ერთი რამეც უნდა ვთქვა _ ჩვენგან არავის შეეძლო, წინასწარ განეჭვრიტა, სტალინს რომ რამე დამართოდა, როგორი შედეგები გვექნებოდა. ჩვენ დარწმუნებული ვიყავით იმაში, რომ შეგვეძლო დავნდობოდით მის გონებას, გრძნობასა და გაგებას, მაგრამ ჩვენი ეს რწმენა არ ვრცელდებოდა იმ გარემოებებსა და იმ მოღვაწეებზე, რომლებიც მის ზურგსუკან იმყოფებოდნენ იქ, კრემლში''.
ჯოზეფ დევისი აშშ-ს ყოფილი ელჩი სსრ კავშირში
,,...ი. სტალინი, როგორც ჭეშმარიტად დიდი ადამიანი, მეტად თავმდაბალი და მოკრძალებულია. ის უარყოფს მისდამი გამოთქმულ ყოველგვარ ქება-დიდებას უდიდესი სამრეწველო ობიექტების აშენებისთვის, რომელთა ნახვა მე მომინდა, და მიაჩნია ისინი ქვეყნის ათასობით ინჟინერ-ტექნიკოსთა და მუშა-მოსამსახურეთა დაძაბული შემოქმედებითი მოღვაწეობის შედეგად... რომ არა მოვლენათა მისეული განჭვრეტა, კეთილგონიერება და დაუკოებელი ნებისყოფა, შეუძლებელი იქნებოდა მძლავრი საბჭოთა შეიარაღებული ძალების შექმნა და გერმანელებს, საბჭოთა საზღვრის გადალახვისას, წინ არ აღუდგებოდა ტანკებით, ქვემეხებითა და თვითმფრინავებით შეიარაღებული წითელი არმია, რომელმაც შესაძლებლობა არ მისცა ჰიტლერს, საბჭოთა კავშირის დამარცხების შემთხვევაში, ბატონობა დაემყარებინა ევრაზიაზე, საბოლოოდ აფრიკასა და მათ მიმდებარე ზღვებზე''.
იოაჰიმ რიბენტროპი ფაშისტური გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი
,,ჩვენი მთავარი და ყველამოწინააღმდეგეზე ძლიერი მტერი საბჭოთა კავშირია, სტალინი კი, როგორც სტრატეგი და სახელმწიფო მოღვაწე _ უფრო ნიჭიერი, ვიდრე ჩერჩილი და რუზველტი ორივე ერთად'' (რაზედაც ჰიტლერი დაეთანხმა).
ადოლფ ჰიტლერი
,,უდავოდ, გვმართებს, სტალინსაც ჯეროვანი პატივისცემით მოვეკიდოთ, ერთგვარად ის... გენიალური ტიპია''.
შარლ დე გოლი საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი
,,სტალინს კოლოსალური ავტორიტეტი ჰქონდა და არა მარტო რუსეთში. მას ძალუძდა ,,ესწავლებინა'' თავისი მტრებისთვის, რომ დამარცხებისას პანიკას არ მისცემოდნენ და გამარჯვებით არ ენეტარათ, გამარჯვება კი მას დამარცხებაზე მეტი ჰქონდა. სტალინური რუსეთი მონარქიასთან ერთად დაღუპული წინანდელი რუსეთი არაა, მაგრამ სტალინური სახელმწიფო სტალინის ღირსეული მემკვიდრეობის გარეშე განწირულია''.
პაბლო პიკასო მხატვარი
,,იყო სტალინი, ჩემი აზრით მსოფლიოში ძალიან, ძალიან ბევრს ნიშნავს, ის გენიალური ადამიანი იყო და ამაში არავის ეპარება ეჭვი, არც მონმარტელ ქუჩის მხატვარს, არც აკადემიაში მოღვაწე გამოჩენილ მეცნიერს, არც როლს-როისის ინჟინერსა და გალვანიკის აღმომჩენს ამერიკაში.
ის გენიალურია არა მხოლოდ უბრალო ადამიანის თვალსაზრისით, არამედ დიდი ხელოვნების თვალსაზრისითაც კი.
იყო სტალინი, ნიშნავს სიცრუის სიძულვილს... და ადამიანების დაფასებას... კომუნიზმისთვის საკუთარი სისხლის ბოლო წვეთამდე გაღებას და იმის რწმენას, რომ ასეთი გმირობისთვის სხვებიც მზად არიან, ბელადის კულტის ესერული ერესის ნაყოფად მიჩნევას და საკუთარ კულტზე თვალის დახუჭვას.
მასში იყო სახელმწიფო კაცის _ კეისრის ჭკუა და მარკუს ოქტავიუსის ეშმაკობა, ალექსანდრე მაკედონელის მხედართმთავრული გენიალობა და ციცერონის ორატორული დამარწმუნებლობა და ლაკონურობა, მაგრამ ის მათზე მაღლაა, გაცილებით მაღლა. მასში ისინი ყველანი იყვნენ...
და თუ მსოფლიო ისტორიაში სამი-ოთხი ადამიანი დარჩება, ერთი მათგანი უეჭველად სტალინი იქნება''.
ალექსანდრ კერენსკი, რევოლუციამდელი რუსეთის პრემიერ-მინისტრი:
,,სტალინმა რუსეთი ფერფლიდან აღადგინა, დიდ სახელმწიფოდ აქცია, ჰიტლერი გაანადგურა, რუსეთი და კაცობრიობა გადაარჩინა''.
ანდრეი გრომიკო სსრ კავშირის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი
,,ყველაფერი, რაც სტალინს შეეხებოდა ყველას, განსაკუთრებით ჩვენ, შედარებით ახალგაზრდებს გვაინტერესებდა. ყოველთვის ყურადღებით ვაკვირდებოდით მას, ვაფიქსირებდით მის ყოველ სიტყვასა და ჟესტს. სტალინის გვერდით ყოფნა, მით უმეტეს, მასთან ლაპარაკი, ვიწრო წრეში მისი გამონათქვამების მოსმენა ჩვენთვის განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენდა. სტალინის ლაპარაკისა და მოქმედების მოწმე კარგად აცნობიერებდა, რომ მის წინ იმყოფებოდა ადამიანი, რომლის ნება-სურვილზე დიდად არის დამოკიდებული ქვეყნისა და ხალხის, კიდევ მეტი, მსოფლიოს ბედ-იღბალი...
სტალინის ყურადღება, მეხსიერება, დღევანდელობის შედარებას თუ მოვიშველიებთ, ელექტრონულ გამომთვლელ მანქანას მოგაგონებდათ, რომელიც არაფერს გამოტოვებს ხოლმე. მას ნათელი, არაჩვეულებრივი და განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა.
სტალინი უაღრესად განათლებული ადამიანი იყო, არავითარ ფორმალურ განათლებას არ შეეძლო მიეცა მისთვის ის, რაც მისცა მას თავის თავზე მუდმივმა, დამოუკიდებელმა მუშაობამ. სწორედ ასეთი ტიტანური შრომის შედეგი იყო საყოველთაოდ ცნობილი სტალინური ენა, ურთულესი აზრის ასაგებად და პოპულარულად ჩამოყალიბების მისებრი განსაცვიფრებელი უნარი.
... ყურადღებას იქცევს ის, რომ სტალინს, სხდომების მსვლელობისას, თან არ ჰქონდა არავითარი საქაღალდე და ჩანაწერი... ასე იყო თეირანის, იალტისა და პოტსდამის საერთაშორისო კონფერენციებზეც. მერეც არც ერთხელ არ მინახავს, რომ რომელიმე თათბირზე მას ხელთ ჰქონოდა ფანქარი ან კალმისტარი...
...თათბირებსა და საერთაშორისო კონფერენციების სხდომებზე ის ყოველთვის უაღრესად მომზადებული მოდიოდა. საერთაშორისო კონფერენციებზე საბჭოთა კავშირის სახელით, როგორც წესი, ყოველთვის ის გამოდიოდა. როცა ამის აუცილებლობა იქმნებოდა, სტალინი მოკავშირეებისადმი მკაცრ პოზიციას იკავებდა და გადაჭრით იცავდა სსრ კავშირის ინტერესებს.
მას, როგორც საბჭოთა დელეგაციების ხელმძღვანელს, უდიდესი წვლილი მიუძღვის თეირანის, იალტის, პოსტდამის კონფერენციების გადაწყვეტილებათა შემუშავებაში, საბჭოთა კავშირის არსებითი ინტერესების დაცვაში, ანტიჰიტლერული კოალიციის განმტკიცებისკენ მიმართული შეთანხმების ძიებაში...
...უნდა აღინიშნოს, რომ სტალინი საზღვარგარეთელ მოღვაწეებს მაინცდამაინც არ ანებივრებდა ყურადღებით, ის ჩვენი ქვეყნის ღირსებას უფრთხილდებოდა და მით უფრო დიდი მკრეხელობა იქნებოდა იმის გაფიქრება, თითქოს ის საზღვარგარეთელ მოღვაწეებს ეკურკურებოდა, რაც უნდა დიდი რანგისა ყოფილიყვნენ ისინი. ი. ბ. სტალინის დანახვა და მოსმენა საზღვარგარეთელი მოღვაწეებისთვის უკვე მხოლოდ ამიტომაც იყო დიდი მოვლენა.
როდესაც ის გამოდიოდა, ყველა იქ მყოფი სხდომის მთავარი და არამთავარი მონაწილე სტალინს შეჰყურებდა. რომელიმე სხვა მონაწილე რომ ლაპარაკობდა, მაშინაც იქ მყოფთა უმრავლესობა სტალინს, მისი სახის გამომეტყველებას უყურებდა იმის ამოსაცნობად, გასაგებად, თუ როგორ აფასებდა ის თავისი კოლეგების სიტყვებსა და აზრებს.
და აი, სტალინი ხმადაბლა, თითქოს სხვათა შორის იწყებდა ლაპარაკს, ის ისე ლაპარაკობდა, თითქოს მის გარდა იქ მხოლოდ ორნი იმყოფებოდნენ. მისთვის უცხო იყო ყოველგვარი შებორკილობა, ეფექტის მოხდენის რამენაირი სურვილი, ყოველგვარი გაუმართაობა და დაუხვეწაობა აზრის გადმოცემაში. მისი ყოველი სიტყვა ისე ჟღერდა, თითქოს ისინი სპეციალურად ჰქონდა დამუშავებული სწორედ ამ აუდიტორიაში და ამ მომენტში წარმოსათქმელად.
ყურადღებას იქცევდა ის, რომ როცა სტალინი მოსაზრებებს გამოთქვამდა, რუზველტი ხშირად ცდილობდა, საბჭოთა ლიდერთან თავისი დამოკიდებულება ან თავის დაქნევით, ან გულღია შეხედვით გამოეხატა''.
ალექს დე ჯონგი ამერიკელი მეცნიერ-სოვეტოლოგი, პროფესორი
,,საჭიროდ მიმაჩნია შეგახსენოთ, რომ ჯერ ერთი, არც საფრანგეთის რევოლუციას, არც ნაპოლეონს, არც სხვა ვინმეს ისტორიაში, არ გაუკეთებია იმდენი, რაც მან _ სტალინმა გააკეთა. რუსეთი 1917 წლის შემდეგაც კიდევ დიდხანს არ იცვლებოდა. მან კი ნამდვილად გარდაქმნა იგი, დააყენა გზაზე, რომლითაც 40 წელი მიდიოდა და მგონი, ახლაც მიდის. მეორეც _ მიმაჩნია, რომ მის სახელთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ყველა ჩვენგანის არსებობა. ჰიტლერს საბჭოთა კავშირი რომ დაემარცხებინა, უკვე არ იარსებებდნენ რუსები, მაგრამ მათთან ერთად ფრანგებიც, ინგლისელებიც, ამერიკელებიც აღიგვებოდნენ პირისაგან მიწისა. როგორც გინდათ, ისე თქვით, მაგრამ ის გენიალურია კიდევ იმიტომ, რომ ბოლო მსოფლიო ომში მან მოახერხა, თავის მოკავშირეებად გაეხადა ინგლისელებიც, ფრანგებიც. ყველაზე დიდ შეცდომას უშვებ მაშინ, როცა ფიქრობ, რომ პოლიტიკის აგება პირად ურთიერთობებზე შეიძლება. ამის იმედი ჰქონდა ჩერჩილს, რომელიც თავდაჯერებული ფიქრობდა, რომ გაეცნობოდა სტალინს და თავის თაყვანისმცემლად გაიხდიდა. სტალინმა კი შეძლო, აეძულებინა როგორც ჩერჩილი, ისე რუზველტი, ევლოთ მის მიერ დასახული გზით''.
ანრი ბარბიუსი ფრანგი მწერალი
,,მისი ცხოვრების ისტორია განუწყვეტელ, განსაცვიფრებელ სიძნელეთა დაძლევის ისტორიაა. არ ყოფილა არც ერთი წელიწადი, დაწყებული 1917 წლიდან, მას რომ წარმატებით არ დაეგვირგვინებინა ისეთი დიადი საქმენი, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს სამარადისოდ გაუთქვამდნენ სახელს. ეს რკინის კაცია, მისი ფსევდონიმიც გამოჰკვეთს მის სახეს... ის ფოლადივით უდრეკი და მოქნილია. მის ძალას ქმნის მისი შეუდარებელი აზროვნება, მისი ცოდნათა სიფართოვე, განსაცვიფრებელი შინაგანი წონასწორობა, გატაცებული სწრაფვა სიცხადისკენ, გარდუვალი თანმიმდევრობა, სისწრაფე, გადაწყვეტილების სიმტკიცე და ძალა განუწყვეტელი, მუდმივი ზრუნვა ადამიანთა შერჩევაზე''.
კონსტანტინე გამსახურდია
,,სტალინის სახით მსოფლიოს ყველა მშრომელს ჰყავდა ნაცადი სტრატეგი, ჩვენი ეპოქის უდიდესი მოაზროვნე, რომლის აზროვნება ნათელს ჰფენდა პოლიტიკისა და სამხედრო ხელოვნების, ფილოსოფიისა და ეკონომიკის ურთულეს პრობლემებს, ვის სიტყვასაც ძალა ჰქონდა, სილბო ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა, ვისი ფრაზაც ფოლადივით მკვეთრი და მტერთა შემმუსვრელი იყო''.
ვ. სოლოუხინი:
,,ის ხალხს თავდავიწყებით უყვარდა, განა მისი დაკრძალვის დღეებში არ ქვითინებდა მილიონობით რუსი, დიასახლისებით დაწყებული, მარშლებით _ როკოსოვსკითა და ჟუკოვით დამთავრებული (არადა როკოსოვსკიმ ხომ, ვიდრე მას სასარდლოდ დაუძახებდნენ, ,,ჯდომა'' უკვე მოასწრო), განა სტალინზე შექმნილი ასობით ლექსი და სიმღერა ამ არაერთმნიშვნელოვანი ადამიანის მიმართ სიყვარულზე არ ღაღადებს? რატომ არ არსებობს არც ერთი ლექსი ხრუშჩოვზე, ბრეჟნევზე? მათზე მხოლოდ ანეკდოტებია''.
უინსტონ ჩერჩილი დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი
,,...მე ჩავედი კრემლში და პირველად შევხვდი დიდ რევოლუციონერ ბელადს, ბრძენ მოღვაწესა და მეომარს... მხნედ და იმედიანად დავაბიჯებ ქვეყანაზე იმ ადამიანთან მეგობრობითა და ურთიერთობით გაამაყებული, ვისმა დიდებამაც მარტო რუსეთს კი არა, მთელ მსოფლიოს გადაუარა.
ბატონებო! თუ ჩვენ გვინდა, ვიყოთ და დავრჩეთ თავისუფალი სამყაროს სათავეში, ჩვენი ვალია, ვიცნობდეთ და ჯეროვანი შეფასება მივცეთ ჩვენს მტრებს, განსაკუთრებით გამოჩენილ პიროვნებებს. დღეს ასეთად მინდა დავასახელო გენერალისიმუსი სტალინი.
რუსეთისთვის დიდი ბედნიერება იყო, რომ ქვეყანას მძიმე განსაცდელის ჟამს სათავეში ჩაუდგა გენიოსი და ურყევი მხედართმთავარი სტალინი. იგი იყო ყველაზე გამოჩენილი პიროვნება, რომელიც შეეფერებოდა ჩვენი ცვალებადი და მკაცრი დროის იმ პერიოდს, რომელშიც მას უხდებოდა ცხოვრება. სტალინი იყო არაჩვეულებრივად ენერგიული და ერუდირებული, უდრეკი ნებისყოფის, სასტიკი, ულმობელი ადამიანი, როგორც საქმეში, ისე საუბრისას, ვისაც მეც კი, აქ, ბრიტანეთის პარლამენტში აღზრდილი, ვერ ვუწევდი წინააღმდეგობას.
სტალინს, უწინარეს ყოვლისა, იუმორისა და სარკაზმის უდიდესი გრძნობა და თქმულის ზუსტად აღქმის განსაცვიფრებელი ნიჭი ჰქონდა, თავის სტატიებსა და გამოსვლებს მხოლოდ თვითონ წერდა და მათში ყოველთვის იგრძნობოდა შემსრულებლის ძალა, რომელიც სტალინში იმდენად დიდი იყო, რომ ყველა ხალხისა და დროის ქვეყნის ხელმძღვანელთა შორის განუმეორებლად წარმოჩინდებოდა.
სტალინი ჩვენზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენდა. ადამიანებზე მის გავლენას ანალოგი არ გააჩნდა...
როცა იალტის საკონფერენციო დარბაზში შემოდიოდა, ჩვენ თითქოს ბრძანებაზე ვდგებოდით და რა საოცრადაც უნდა მოგეჩვენოთ, რატომღაც ხელები შარვლის ნაკერების გასწვრივ გვქონდა გაჭიმული.
ის ღრმა, გააზრებულ სიბრძნეს ფლობდა. იყო ყველაზე რთული, გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსვლის უბადლო ოსტატი, ყველაზე კრიტიკულ და საზეიმო მომენტებში თანაბრად თავდაჭერილი, არასოდეს ჰყვებოდა ემოციებს და არ ეძლეოდა ილუზიებს. იგი უჩვეულო და რთული პიროვნება იყო. მან შექმნა და დაიქვემდებარა ვეებერთელა იმპერია. ის იყო კაცი, რომელიც თავის მტრებს თავისივე მტრის ხელით ანადგურებდა, გვაიძულებდა ჩვენ, რომელთაც დაუფარავად იმპერიალისტებს გვიწოდებდა, იმპერიალისტების წინააღმდეგ გვებრძოლა.
სტალინი იყო უდიდესი დიქტატორი, რომელსაც მსოფლიოში ტოლი არ ჰყოლია. მან მიიღო ხისკავიანი რუსეთი და დატოვა ატომური იარაღით აღჭურვილი.
რაც უნდა თქვან მასზე, ასეთ ადამიანებს ისტორია და ხალხი არ ივიწყებს''.
ალექსანდრ იდენი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი:
,,სტალინმა, თავდაპირველად, ჩემზე შთაბეჭდილება თავისი ნიჭიერებით მოახდინა და მასზე აზრი არ შემიცვლია. მასზე ღაღადებდა თვითონ მისი პიროვნება, რომლის შეფასებაც გაზვიადებას არ საჭიროებდა. მას ჰქონდა კარგი ბუნებრივი, ეტყობა, ქართული წარმომავლობის მანერები. მე ვიცი, რომ ის იყო შეუბრალებელი, მაგრამ პატივს ვცემ მის გონებას და სიმპათიითაც კი ვარ მის მიმართ განწყობილი, რისი დასაბამი ჩემი თავისთვის ბოლომდე ვერ ამიხსნია. ალბათ ეს სტალინის პრაგმატიზმის შედეგი იყო. ჩქარა გავიწყდებოდა, რომ შენ პარტიელ ლიდერთან ლაპარაკობდი... მე მისი სახით ყოველთვის საინტერესო, მოღუშულ და მკაცრ თანამოსაუბრეს ვხედავდი _ ხშირად ასეთ განწყობაზე ყოფნას მას განსახილველი საკითხები ავალდებულებდა. მე არ მცნობია თათბირზე თავისი თავის ასე მცნობელი სხვა ადამიანი, სტალინი ღრმად იყო ჩახედული ყველა საკითხში, რომლებთანაც შეხება ჰქონდა, ის წინდახედულობითა და ოპერატიულობით გამოირჩეოდა... ყოველივე ამის უკან უეჭველად ძალა იდგა'' (ჟურნ. ,,ისტორიული მემკვიდრეობა''. 2010 წ. #4(6).
...
ჩამოთვლილ მოღვაწეთა შორის შეგნებულად არ დავასახელე ირანის შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი. მასთან დაკავშირებით ერთი ისტორიული სურათი უნდა გავაცოცხლო:
1943 წლის 1 დეკემბერი, თეირანი, დიდი სამეულის შეხვედრა. წინა დღეებში ახალგაზრდა, სულ რაღაც 21 წლის რეზა ფეჰლევი ამერიკის პრეზიდენტმა ფ. რუზველტმა სულ 5 წუთით მიიღო, ხოლო დიდი ბრიტანეთის პრემიერმა უ. ჩერჩილმა მას მხოლოდ 3 წუთი დაუთმო. შაჰი, რა თქმა უნდა, განაწყენებული დარჩა. და აი, სტალინმა საბჭოთა დელეგაციას უთხრა, რომ სტუმრის ვალდებულებების თანახმად, ისინი თავად უნდა სწვეოდნენ იმ პიროვნებას, ვის მიწა-წყალზეც იმყოფებოდნენ (საბჭოთა დელეგაციაში შედიოდნენ ი. სტალინი, ლ. ბერია, ვ. მოლოტოვი, კ. ვოროშილოვი, მ მაქსიმოვი, საქართველოს შინაგან საქმეთა კომისარი გრიგოლ კარანაძე, სტალინის პირადი დაცვის უფროსი შალვა წერეთელი და საქართველოს მილიციის მთავარი სამმართველოს უფროსი კაპიტონ ნაჭყებია). სასახლისკენ მიმავალ გზაზე, მაღაზიათა ვიტრინებში ყველგან სტალინის სურათი იყო გამოკრული... როცა სტალინი, ბერიასა და კარანაძის თანხლებით, სატახტო დარბაზში შევიდა და შაჰს მიუახლოვდა, ამ უკანასკნელს მუხლები მოეკვეთა და სტალინის წინ დაიჩოქა. სტალინი შაჰს წამოდგომაში დაეხმარა და ბერიას გადაულაპარაკა: _ აფსუს, რომ ამ სურათს გიორგი სააკაძე და ერეკლე მეფე არ ხედავენ!.. ბერიას მოყოლილ ამ ფაქტს გადმოგვცემს დევი სტურუა თავის მოგონებებში, ასევე ადასტურებენ გ. კარანაძე, კ. ნაჭყებია და ცნობილი საბჭოთა მზვერავი, საბჭ. კავშირის გმირი გევორქ ვართანიანი, რომელიც საგანგებო დავალებით მაშინ თეირანში იმყოფებოდა (იხ. დევი სტურუას მოგონებები, კ. ნაჭყებიას და გ. ვართანიანის მოგონებები. ჟურნალი ,,ისტრიანი'' 2011 წ. #4. ნიკო ჯავახიშვილი: ,,სტალინის წინაშე დაჩოქილი შაჰი'').
 
...აფსუს, რომ ამ სურათს გიორგი სააკაძე და ერეკლე მეფე არ ხედავენ'', _ ერთ პატარა ფრაზაში სტალინმა თავისი სამშობლოს 400-წლიანი ტანჯვა ჩაატია.
...
აი, თავი მოვუყარე კორიფეთა მიერ სტალინზე გამოთქმულ მოსაზრებებს და უზარმაზარმა პროტესტმა იფეთქა:
2014 წელს ,,ქართულმა ,,ბიოგრაფიულმა ცენტრმა'' რუბრიკით ,,ადამიანები, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო'' სტალინის პიროვნებას, ერთის ნაცვლად, ორი ტომი მიუძღვნა. გამომცემლებმა, ჩანს, იფიქრეს, რომ ჯუღაშვილის სალანძღავად ერთი ტომი არ იკმარებდა და ამიტომ სტალინზე დაწერილი წიგნების ბიბლიოთეკიდან მაინცდამაინც პირწავარდნილი ანტისტალინისტის და ტროცკის აპოლოგეტის, ისააკ დოიჩერის ,,ნაღვაწი'' ამოარჩიეს.
რატომ, რატომ, სავლე?! სტალინი გძაგს და ისააკას მხარე გიჭირავს? მსოფლიოს 100 სახელმწიფო მოღვაწეში რაღა მაინცდამაინც ქართველი კაცის გაშავება მოიწადინე?
ქართველი კაცი იყო და დარჩა იოსებ სტალინი, მაგრამ მისი ფსიქოპორტრეტის დასახატად კიდევ ერთი დიდი შტრიხი მაქვს შემონახული.
გელა ქოქიაშვილი

დაბრუნება დასაწყისში