Menu
RSS

„მიშას ვუთხარი, შე შობელძაღლო-მეთქი!“ _ რამდენი მართებს პატარკაციშვილის ქვრივს და უნდა თუ არა ქუთაისის მერობა გოგი წულაიას

...17 მარტს ლიხსიქით მომიწია წასვლა _ ქუთაისში ცნობილ პედაგოგსა და პოეტს, ენდი ნემსიწვერიძეს 50 წლის იუბილე შეუსრულდა. ლადო მესხიშვილის სახელობის ოპერის თეატრში საზეიმო ღონისძიება საღამოს იყო დანიშნული. ჰოდა, დრო რომ მომეკლა, ვიფიქრე, თავისუფალი საქართველოს ადგილობრივ ლიდერს ჩავწერ-მეთქი... გოგი წულაიას შეხვედრაზე უარი არ უთქვამს. ავუხსენი, ამა და ამ ადგილას ვარ-მეთქი და ათ წუთში მეახლა... გამოგიტყდებით და, „ლაივში“ ნანახი არ მყავდა. ჰოდა, ხელი ჩამოვართვი თუ არა, გამიელვა, დენი დევიტოს ჰგავს-მეთქი... მოკლედ, „ვერსია“ საქართველოს მამაქალაქიდან ქუთაისელი დენი დევიტოს არა-ჩვეულებრივი ინტერვიუს სტენოგრამას წარმოგიდგენთ, ოღონდ გაფრთხილებთ: ჩემი და გოგი წულაიას დიალოგი არაკორექტულ სიტყვებსაც შეიცავს. ასე რომ, შეეცადეთ, „ვერსიის“ დღევანდელი ნომერი ბავშვებმა არ წაიკითხონ. ისე, ალბათ, გახსოვთ, ამას წინათ, კახა კუკავას იმერელმა თანამებრძოლმა შუა ქუთაისში ითევზავა. შესაბამისად, საუბარიც სწორედ ამ თემით დავიწყე...
 
_ ბატონო გოგი, მეგონა, შეხვედრაზე ანკესით მოხვიდოდით...
_ (იცინის) დღეს კარგი ამინდია და ქალაქში გუბეები დაშრა, თუმცა ორმოები დარჩა.
_ ესე იგი, ვეღარ თევზაობთ?
_ გაწვიმდება და ისევ ვითევზავებ, კაცო.
_ და სანამ გაწვიმდება, რა უნდა ჭამოთ?
_ იმდენ თევზს ვიჭერ, რომ კვირიდან კვირამდე მყოფნის...
_ მაშასადამე, ადგილობრივი ხელისუფლება თქვენზე ზრუნავს.
_ დიახ, მადლობაც გადავუხადე, რომ მხოლოდ ჩემზე კი არა, არამედ, მთელ მოსახლეობაზე ზრუნავს _ ორმოები თითქმის მთელ ქალაქშია და ქუთაისში მანქანით მგზავრობა ტრაგედიაა.
_ მართალია, ქუთაისში დიდი ხანია არ ვყოფილვარ, მაგრამ არ მგონია, გზები „ოცნების“ დროს დანგრეულიყო...
_ რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ორმოულის შესაკეთებელ თანხას ბიუჯეტში ყოველწლიურად დებენ...
_ „ორმოული“ ორმოს ქუთაისური სახელია?
_ ბიუჯეტში ასეა _ „ორმოულის შეკეთების თანხა“. მოკლედ, 2015 წელს ეს თანხა 800 ათასი იყო, 2016-ში კი _ მილიონ ორასი ათასი, მაგრამ ქალაქში ორმოები მაინც არსებობს.
_ ამდენი თანხა სად მიდის?
_ ყოველ წელს ორმოებს ერთსა და იმავე ადგილას ავსებენ.
_ ყოველ წელს ერთი და იგივე ორმოს რომ „აპაჩინკებთ“, იმერლები ხართ თუ სვანები?
_ ორმოებს უხარისხოდ აკეთებენ და ეს ფულის „მოტეხვის“ ძალიან კარგი საშუალებაა.
_ ფულს ვინ „ტეხავს“?
_ მერია.
_ მერია ფართო ცნებაა და ახლა, ვერ დავიჯერებ, რომ ორმოებისთვის გამოყოფილ ფულს დამლაგებელი „ტეხავს“...
_ დამლაგებელი კი არა, ალბათ, მერი და პირველი ვიცე-მერი, ნოდარ მიქიაშვილი „ტეხავენ“. სხვათა შორის, ეს პიროვნება წინა ხელისუფლებას დაჭერილი ჰყავდა _ მაშინაც ურთიერთობა ფულთან ჰქონდა და ნაცმოძრაობის ხაზინადარი იყო. საერთოდ, ასეთი რაღაცების დამტკიცება ძალიან ძნელია, რადგან ფულის ხელიდან ხელში გადაცემას არავინ დაგასწრებს.
_ ჰოდა, ქუთაისელ მაღალჩინოსნებს ასეთ მძიმე ბრალდებას რომ უყენებთ, დაჭერის არ გეშინიათ?
_ რა უნდა დამიჭირონ? ბრიფინგი შარშანაც ჩავატარე, შარშანწინაც და ვთქვი, ამისთანა რა გახდა, რომ მაგალითად, გორის ქუჩაზე გზას „ლატკავთ“ და „ლატკავთ“-მეთქი.
_ რა გიპასუხეს?
_ ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ რაღაც იდიოზური პასუხი გამცეს...
_ ბატონო გოგი, მარტივად მითხარით: ქუთაისის ხელისუფლებაში ისევ ნაცები არიან თუ იმერეთის დედაქალაქი გაქოცებულია?
_ ქუთაისში პორტირებული ნაციონალები არიან და რაღაც „ოცნების“ ნაწილიცაა, მაგრამ აქ მთავარი ის კი არაა, „გაქოცებულია“ და ნაციონალი. ქუთაისი კონფორმისტების ქალაქია, როგორც მთელი საქართველო და ეს კონფორმისტი ნაციონალიც იყო, მანამდე _ ზვიადისტი, კომუნისტი და ყველაფერი.
_ თქვენც კონფორმისტი ხართ, გოგი ბატონო?
_ კონფორმისტი ნამდვილად არ ვარ იმიტომ, რომ ნაცმოძრაობის დროს ხელისუფლებაში ვიყავი _ პარლამენტის წევრი გახლდით და ზეწოლისა თუ მრავალი კომფორტული წინადადების მიუხედავად, ნაცმოძრაობა მაინც დავტოვე.
_ ნაცმოძრაობაში მაინც რა არ მოგწონდათ?
_ კაცი რომ პარლამენტარი ხარ და მაია ნადირაძე ან რომელიმე მაშინდელი დეპუტატი მოგადგება და გეტყვის, ხმა ამას მიეციო, ბიჭო, პარლამენტარი ვარ და ვერ გავიგე, „შნირი“ ვარ შენი?
_ როცა განაციონალდით, არ იცოდით, რომ პარტიულ დიქტატურას უნდა დამორჩილებოდით?
_ იმ დროს, როცა „ვარდების რევოლუცია“ ხდებოდა, ნამდვილად არ მეგონა, ამ დონეზე „ნაგლები“ თუ გახდებოდნენ!
_ ნაციონალები რომ დატოვეთ, ბადრი პატარკაციშვილთან მიხვედით, არა?
_ დიახ, დასამალი არაფერი მაქვს...
_ პატარკაციშვილს თქვენც უღალატეთ?
_ ბადრისთვის როგორ უნდა მეღალატა? _ კაცი გარდაიცვალა, ი პარტია დაიშალა და „ვსიო“, დამთავრდა. ბადრის შენახვედრი სულ არ ვიყავი და რა უნდა მეღალატა?
_ თუკი არ იცნობდით, პატარკაციშვილის პარტიაში რა მოტივით გაწევრიანდით, ცხონებულის მილიონებმა მიგიზიდათ?
_ არა მარტო მილიონერობისთვის. არჩევნებს ფული უნდა და მის მერე ყველა არჩევნებს რომ ვაგებ, ესეც ფაქტია. იცით, რა არის? _ ბადრის გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა... ღალატი ჩემთვის მიუღებელია... მთავარია, იდეას, რისი გწამს და რასაც ლაპარაკობ, არ უღალატო, თორემ რომელიღაც ლიდერთან ხარ და თუ თვლი, რომ პირიქით, იმან უღალატა ამ იდეას, ამ პარტიიდან გამოდიხარ და ეს ღალატი რატომაა?
_ სხვათა შორის, ხმა დადის, ბადრის შტაბის წევრები „გადააგდეს“ და ფული არ გადაუხადესო...
_ ამაზე აქციებიც იყო... ბადრიმ ფული ჩამორიცხა, მაგრამ მიშამ დაბლოკა.
_ ანუ პატარკაციშვილის ქვრივს თქვენი ვალიც აქვს?
_ რა თქმა უნდა.
_ რამდენი?
_ ალბათ, 5 ათას ლარამდე.
_ ბატონო გოგი, დღეს რა საქმიანობთ?
_ არაფერს, პოლიტიკაში ვარ.
_ თქვენი მთავარი შემოსავალი დეპუტატის პენსიაა?
_ დიახ, მეტი შემოსავალი არ მაქვს.
_ ჰოდა, გირჩევთ, პატარკაციშვილის ქვრივს ვალი მოსთხოვოთ _ 5 ათასი ცუდი ფული არაა და რაღაცაში წაგადგებათ!
_ რავა არ წამადგება, მაგრამ რა არის, იცით? ერთ ამერიკელ პოლიტოლოგს აქვს ნათქვამი, ღმერთო, მომეც მოთმინება, რათა ის ავიტანო, რისი შეცვლაც არ შემიძლია, მომეცი ძალა, რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და მომეცი გონებაც, რათა ერთი მეორისგან გავარჩიოო.
_ ვერ ვხვდები, პატარკაციშვილის ქვრივის კონტექსტში ამერიკელი პოლიტოლოგის ციტატას რატომ იხსენებთ?
_ კაცი გარდაცვლილია და მის ოჯახს რაღა უნდა ვედავო?
_ სამართალმა ცოცხალი და მკვდარი არ იცის, თან ამ „ოცნებას“ სისხლს უშრობთ, ხან რაზე ედავებით და ხან რაზე...
_ (იღიმის) „ოცნებას“ ჩემს ფულზე კი არა, იმაზე ვედავები, რომ ქალაქი ასე ტრაგიკულადაა მიტოვებული და თუ ასე გაგრძელდა, რამდენიმე წელში ქუთაისი, როგორც ქალაქი აღარ იარსებებს!
_ ბატონო გოგი, ამ ქალაქმა და, საერთოდ, საქართველომ მიშას გაუძლო და „ოცნებას“ ვერ გაუძლებს?
_ ლაპარაკი „ოცნების“ გაძლებაზე არაა. ქუთაისი თავის დროზე ინდუსტრიული ცენტრი იყო _ ავტოქარხანა, აბრეშუმკომბინატი და, რა ვიცი, რა ჩამოთლის, კიდევ რა აღარ მუშაობდა.
_ გეხვეწებით, შაშიაშვილივით ნუ მელაპარაკებით!
_ არა, არა... ქუთაისი ინდუსტრიის მშენებელი ქალაქი იყო და აღარაა, „ვსიო“, ქალაქი ფუნქციის გარეშე დარჩა, ამიტომ ფუნქცია უნდა მოეძებნოს. ადგილობრივ ხელისუფლებს სულ ვეუბნები, ბიჭო, ხომ უნდა მიხვდე, რომ ქალაქს ამდენი ავტოგასამართი სადგური და რესტორანი აღარ სჭირდება.
_ ეს ბიზნესია, გოგი ბატონო, ბიზ-ნე-სი ანუ ამ ობიექტებით ვიღაცები ფულს აკეთებენ!
_ აკეთონ ფული, ძმაო, მაგრამ ქალაქის ხელმძღვანელობა რომ ხარ, ტიპი მოდის და გეუბნება, მიწის ყიდვა მინდა და ქარვასლას ავაშენებო, არ მიჰყიდო. მაგალითად, გეუბნება, „ტუფლის მაზს“ გამოვუშვებო...
_ იცით, „ტუფლს“ ქართულად რა ჰქვია?
_ ფეხსაცმელი, რომლის გასაწმენდი მაზი თურქეთიდან შემოგვაქვს, მაგრამ ორ კვირას რომ გაწმენდ, „ტუფლი“ დამსკდარია და აღარ ვარგა...
_ შევამჩნიე: ისეთი ფეხსაცმელი გაცვიათ, რომელსაც მაზი არ სჭირდება...
_ როგორ არ სჭირდება... სხვათა შორის, ადრე ზუსტად აქ, სადაც ახლა ვართ, აისორი იჯდა, რომელიც ფეხსაცმელს გაწმენდდა და ორი კვირა აღარაფერი უნდოდა.
_ ჩაგეკითხებით: ფეხსაცმელს სად იწმენდთ?
_ სახლში. ჰოდა, რა გახდა, რომ ეს მაზი გამოვუშვათ? მაინცდამაინც, „კოკა-კოლა“ ან რესტორანი უნდა აშენდეს?
_ თქვენი დაკვირვებით, რესტორნებისა და ავტოგასამართი სადგურების ბიზნესს ქუთაისში ვინ „კრიშავს“?
_ დიდებს ცენტრალური ხელისუფლება მფარველობს. პრინციპში, ამ ქალაქში პატარ-პატარა ბენზინგასამართები არც არის _ განადგურებულია.
_ ანუ, „კალონკების“ გახსნის ნებართვაში ხელისუფლება ფულს იღებს?
_ არ მგონია, ამაში ფული ადგილობრივ ხელისუფლებას ააღებინონ...
_ რა ამის პასუხია, გოგი ბატონო და, ეს ქუთაისლები რომ მღერიხართ, ქუთაისი გადამწვარაო, გამაგებინეთ, თუ ქალაქი გადაიწვა, რაღა გიხარიათ?
_ (იცინის) ეს წინა საუკუნის დასაწყისის სიმღერაა და არ ვიცი, ამაზე რა გითხრათ!
_ პასუხის გაცემა თუ გაგიჭირდებოდათ, არ მეგონა! ისე, ტელევიზორში რომ გხედავთ, მაშინვე კარგ განწყობაზე ვდგები... ჰო, მართლა: იცით, რომელ მსახიობს ჰგავხართ?
_ ვის, ბერულაშვილს?
_ არა, აი, ჰოლივუდელი რომაა, ერთ ფილმში შვარცნეგერის ტყუპისცალის როლს ასრულებს...
_ ააა, ჰო, ვხვდები...
_ აქამდე არ უთქვამთ, რომ დენი დევიტოს გავხართ?
_ არა... აშშ-ში არც დედაჩემი ყოფილა და არც მამაჩემი, მაგრამ მივწერ, გგავარ-თქვა...
_ ბატონო გოგი, რატომ არ „გაქოცდით“?
_ ერთი მილიონერი გლახად დავცადე და ჩავთვალე, რომ „ქოცებთან“ მისვლა არ ღირდა!
_ შემოთავაზება გქონდათ?
_ რას ჰქვია, არ მქონდა _ გინდა, 2012 წლამდე და გინდა, ახლა, ამ ქალაქში ერთ-ერთ ყველაზე აქტიური ვარ და შემოთავაზება, რა თქმა უნდა, მქონდა, რომ 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობა „ოცნებასთან“ ერთად მიმეღო, მაგრამ...
_ შეცდომა დაგიშვიათ _ რომ „გაქოცებულიყავით“, „აცხოვრდებოდით“!..
_ ახლაც ძაან ნორმალურად ვცხოვრობ. საერთოდ, ბედნიერებას ვინ როგორი კუთხით უყურებს, ისაა მისთვის ბედნიერება.
_ არ მითხრათ, რომ თქვენთვის ბედნიერება ორმოებში თევზაობაა...
_ არა, არა, მაგრამ აქტიური, ლაღი ვარ, არავის ჭკუაზე დავდივარ და არავის დავალებას ვასრულებ. მაგალითად, კახა კუკავა არც მაკადრებს და არც ვიკადრებ, ეს არ თქვაო.
_ ესე იგი, კუკავასავით თვლით, რომ რუსეთი კარგია?
_ ნამდვილად არ ვთვლი, რომ რუსეთი კარგია. საერთოდ, ამ ქვეყნისთვის კარგი არავინაა, ყველა ქვეყანას თავისი ინტერესები აქვს და უნდა ეცადო, რომ ინტერესი შენც გქონდეს, მაგრამ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც საკუთარი ინტერესები არ აქვს. გავყვირივართ, ნატო, ნატოო, მაგრამ ბიჭო, ქვეყანას საზღვრები არ გააჩნია...
_ ვაიმე, ანტინატოელი ხართ?
_ ნატო-ს წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ამ ზღაპრებს რომ ვყვებით, შევდივართ, შევდივართო და ყოველ წუთას იმედს ვაჩენთ, ესაა ჩემთვის მიუღებელი, თორემ ნატო-ს წინააღმდეგი რატომ ვარ?! ბიჭო, ქვეყანას საზღვარი არ გააჩნია და ვის ატყუებ? ერთი, თურქეთთან გაქვს ხელი მოწერილი და ცნობილია ეს საზღვარი, დანარჩენი დაუმტკიცებელია... რა ჰქვია მაგას მათ ენაზე?.. დემარკაცია და მეორე კიდოვ რაღაც სახელი ჰქვია, გავიხსენებ ახლა... ესე იგი, სახელმწიფოები თანხმდებიან, რომ საზღვარი გადის ამ ხესთან, ამ მდინარესთან და „ვსიო“, დამთავრებულია. ეს არ გაქვს მიღწეული აზერბაიჯანთან, სომხეთსა და რუსეთთან.
_ ბატონო გოგი, ნატო-ს საზღვრები არ აინტერესებს, რამეთუ ის სამხედრო ბლოკია და აგრესორისგან დაგვიცავს!.. რუსეთი ოკუპანტია?
_ რუსეთი ოკუპანტია, აბა, რა არის?
_ ჰოდა, ეს კუკავა დუმაში რომ დადიოდა, არ გიკითხავთ, კახა, რა გინდა, მოსკოვში რისთვის მიდიხარო?
_ (იღიმის) აბა, პოლიტიკოსმა რა აკეთოს? პოლიტიკოსი პოლიტიკოსებს არ უნდა ხვდებოდეს? ბიჭო, „გენდური, გენდური, არ გელაპარაკები“-ს პოლიტიკა სადამდე უნდა იყოს? ვაღიარებ: რუსეთია ის, ვინც სვეტიცხოველში ხატები „გამიკრასკა“ და შემითეთრა...
_ სიტყვამ მოიტანა და, ნიკა რურუამ ბაგრატი შეგიღებათ...
_ კი ბატონო და ვერ გავიგე, რა სხვაობაა მიშასა და რუსებს შორის _ აგერ, ბაგრატი რას დამიმგვანა; დანგრეული ბაგრატი მეტ შთაბეჭდილებას ტოვებდა, ვიდრე ახლანდელი, რომელსაც გუმბათი დაადგეს მოკლე და საერთოდ დაამახინჯეს.
_ ჰო, მართლა, თბილისში გრიშა წუხს, ონიანი, საზოგადოება „ფუჩუ“ შეიქმნაო. ამ მხრივ ქუთაისში რა მდგომარეობაა, ბატონო გოგი, გენდერული თანასწორობა დაცულია, ფემინისტები არიან?
_ ფემინისტები, რა თქმა უნდა, არიან. სხვათა შორის, იმ აქციაზე ერთ-ერთი გოგონა რომ იდგა, ქუთაისელია, ძალიან კარგი გოგოა, დიდ პატივს ვცემ... ეს მაინც სხვანაირი ქალაქია და ამნაირ რაღაცებზე იმდენად ხმამაღლა ჯერჯერობით არ ყვირიან.
_ ევროპაში ნამყოფი ხართ?
_ ერთხელ...
_ რომელ ქვეყანაში...
_ ფუ... ამსტერდამში...
_ „ფუ“ იმიტომ, რომ ამსტერდამი გარყვნილ ქალაქად ითვლება?
_ არა, უცებ სახელი ვერ გავიხსენე...
_ ამსტერდამს მაშინ ესტუმრეთ, როცა ნაციონალი იყავით?
_ კი და თუ გინდათ, ამაზეც მოგიყვებით.
_ აბა, გისმენთ...
_ 9 მაისი იყო, რომ ჩაგვიყვანეს...
_ არ დამიმალოთ, ამსტერდამში, ბორდელში შეხვედით?
_ არა...
_ რატომ?
_ რაღაცნაირად რომ მომიყვნენ, თუ რა სიტუაციაა იმ ბორდელში...
_ ქართულ ან საბჭოურ ბორდელშიც არ ხართ ნამყოფი?
_ (იღიმის) რა გინდათ, ახლა, ოჯახი დამინგრიოთ?.. მოკლედ, ჰოლანდიაში 9 მაისს ჩავედით და ქართველი პარტიზანების საფლავზე წაგვიყვანეს, შემდეგ ჰოლანდიელი პარტიზანების საფლავი გვანახენ. მერე წამოგიყვანენ, დილას ჩაგვსვეს თვითმფრინავში და გამოვფრინდით. ჰოდა, ნაციონალებიდან რომ გავედი, მიშამ წამომაძახა, რა იყო, ბიჭო, ამსტერდამში ხომ მყავდიო. ვუთხარი, რა გყავდი, შე შობელძაღლო, მკვდრების მეტი არაფერი მინახავს, მკვდარი ქუთაისში არ იყო, ამსტერდამში რომ არ წაგეყვანე-მეთქი?!
_ მოკლედ, ევროპამ ვერ გაგრყვნათ, არა?
_ ვერა. საერთოდ, არავინ არავის რყვნის! ადამიანები შეიძლება, თვითონ გაირყვნან. ევროპა არაფერს გვაძალებს, უბრალოდ, გვთავაზობს, ასეთი ცხოვრება ჯობია და ასეთი თავისუფალი ცხოვრებით „მოვიყვანეთ“ ის სიკეთეები, რაც გვაქვსო...
_ ცხოვრების ასეთი წესი არ გინდათ?
_ ევროპული ცხოვრების წესი როგორ არ მინდა; თავისუფლება იყოს, ვინც რა უნდა, იგი ქნას _ სარი უქნია უკან, არ ვჩივივარ იმას, გეია თუ რაცხაა, ეს ჩემი პრობლემა რატოა? ამ დონის ორთოდოქსი არ ვარ _ ვიცი, ადამიანი გეია, მაგრამ გამარჯობა-გაგიმარჯოს, ნორმალური ურთიერთობა გვაქვს, არ ვეჩხუბები და არ ვეუბნები, ვაიმე, გამარჯობას არ გეტყვი, ვინცხამ არ დამინახოს-მეთქი.
_ თავისუფალ საქართველოში მხოლოდ თქვენ და კუკავა ხართ თუ სხვებიც არიან?
_ არიან.
_ პარტიის წევრების დასათვლელად ათი თითი გვეყოფა?
_ ათი თითიც გვეყოფა და... უფრო სწორად, არ გვეყოფა და მეტი თითიც დაგვჭირდება.
_ თავისუფალ საქართველოს ქუთაისში ოფისი აქვს?
_ თქვენ წარმოიდგინეთ, ქუთაისში ოფისი „ოცნებას“, ნაციონალებს და ჩვენ გვაქვს. არ ვტრაბახობ, მაგრამ მგონი, ერთ-ერთი ვარ, ვინც ამ ქალაქში ყველაზე მეტად აქტიურობს და მინდა, ე ქალაქი გადარჩეს. სხვათა შორის, ხვალაა დასაფლავება ბავშვის, რომელსაც ქუჩაში აგური დაეცა და გარდაიცვალა.
_ ცუდი ამბავია...
_ ეს ტრაგედიაა და ტრაგედიასთან ერთად, საგანგაშო ვითარებაცაა იმიტომ, რომ ორი წლის განმავლობაში ორი ბავშვი მოკვდა აგურის ჩამოვარდნით.
_ აგურები მშენებარე სახლებიდან ცვივა?
_ არა, აშენებულიდან. მოკლედ, სახლები თავზე გვენგრევა. ოფიციალური დოკუმენტიც მაქვს, რომ ამ ქალაქში 3202 ოჯახს დენი გადაუხდელობის გამო ეჭრება, ესე იგი, ყველაზე მცირე, 3202 ბავშვი ტელევიზორის და კომპიუტერის გარეშე იზრდება. ამ ფონზე პრემიის აღება უზნეობაა და მეტი არაფერი! ეს უნდა დამთავრდეს!
_ როგორ უნდა დამთავრდეს?
_ როგორ და, მორატორიუმი გამოცხადდეს.
_ ხელისუფლებაში რომ იყოთ, დავიჯერო, ცდუნებას გაუძლებდით და პრემიას არ აიღებდით?
_ ახლა, დედას და შვილებს ხომ არ დავიფიცებ?
_ შეგიძლიათ, დაიფიცოთ, რამეთუ დედა, „ოცნების“ ლოგიკით, ოჯახის წევრი არაა!
_ შვილები ხომ არიან ოჯახის წევრები? ჰოდა, ახლა დაფიცებას ხომ არ დავიწყებ, მაგრამ შევარდნაძის ეპოქის დროს მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, ადამიანების შემცირებები მოვიდა და სამსახურიდან რომ არავინ გამეგდო, ავდექი და მე თვითონ წავედი. ასეთი რაღაცები მიკეთებია და ეს მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ არ ვარ ი კაცი, ავიღო და ვიღაცები ვაყვირო! სტენტირება რომ გავიკეთე...
_ გული გაწუხებთ?
_ კი, სტენტირება ორჯერ მაქვს გაკეთებული...
_ ნეტავ ადრე გეთქვათ, ცუდს აღარაფერს გკითხავთ, თორემ ცუდად რომ გახდეთ, მე დამბრალდება...
_ ცუდად არ გავხდები, ნუ გეშინიათ. ერთი ასი გრამი კონიაკი მაქვს დალეული და ამ წუთას გული კარგად მუშაობს!
_ სამუშაო საათებში კონიაკის დალევა შეიძლება?
_ ოფიციალური სამუშაო კი არ მაქვს?!
_ მესმის, მაგრამ პოლიტიკოსი ხართ და იქნებ, რა ხდება?
_ პოლიტიკოსობა იმიტომ ევირჩიე, ჩემს ჭკუაზე რომ ვიარო!
_ ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მაგრამ რა ვქნა, ნასვამი პოლიტიკოსების არ მჯერა!
_ ნასვამი არ ვარ, მაქვს ასი გრამი დალეული!
_ ანუ, პარტიის ოფისში რომ მიდიხართ, უსაქმოდ ხართ ხოლმე და ას გრამს „ურტყამთ“?
_ უსაქმოდ რატომ ვარ? მე თუ უსაქმოდ ვარ ამ ქალაქში, არ ყოფილა საშველი! მიდით მერიაში და იკითხეთ, ჩემი პარტიიდან გაგზავნილ წერილებზე რამდენი პასუხი აქვენ მოსაცემი. აბსოლუტურად ყველა ინფორმაციას ვიპოვებ, მთელი დღე კომპიუტერთან ვზივარ, ხან ვაბეჭდვინებ, ხან პასუხებს ვკითხულობ, ხან ბრიფინგებს ვმართავ. უსაქმურად რატომ ვარ?
_ ბატონო გოგი, პოლიტიკოსი ხართ?
_ რა თქმა უნდა, პოლიტიკოსი ვარ! სხვა საქმე არ გამაჩნია, კარგად თუ გლახად, ეს საქმე ვიცი!
ამ დროს თანამოსაუბრემ ჯიბიდან პატარა პარკი ამოიღო, რომელიც ბალახით იყო სავსე. რატომღაც ცუდმა აზრმა გამიელვა და ხმამაღლა შევძახე:
_ ვაიმე, მარიხუანას ეწევით?
_ არა, კაცო, თუთუნია ჩვეულებრივი.
_ თუთუნის მოწევა სიგარეტზე იაფი გიჯდებათ?
_ იაფიც მიჯდება და ჯანმრთელობისთვისაც სჯობია.
_ გირჩევთ, მომბაძოთ და ელექტროსიგარეტზე გადახვიდეთ!
_ ვერ ვიხმარე და გადავაგდე.
_ ბატონი გოგი, რომელიმე პოლიციელმა შეიძლება, თუთუნი მარიხუანას მიამსგავსოს და დაგიჭიროთ! ასე რომ, ფრთხილად იყავით!
_ მიამსგავსოს და კისერიც უტეხია!
_ ესე იგი, დაჭერის არ გეშინიათ?
_ მასე, ყველაფრის უნდა გეშინოდეს...
_ ...პატიოსანი ხართ?
_ ახლა, არიქა, მეფხანება და ფრთები ამომდის, ანგელოზი ვარ-მეთქი, ტყუილია, მაგრამ რაღაც დოზით პატიოსანი ვარ! მუნიციპალიტეტში რომ ვმუშაობდი, ედიკას დროს, იმაზეც „სტავკები“ იყო, საცხოვრებელი ადგილის ცნობა რომ გაეცათ, მაგრამ მე „სტავკა“ ნაღდად არ მქონია.
_ დავიჯერო, ქრთამი არ აგიღიათ?
_ გეუბნებით, რომ „სტავკა“ არ მქონია. მოვიდოდა და უფულოდ ვატანდი, მაგრამ თუ რამეს მაჩუქებდა... მაშინ ცნობა-დახასიათების „სტავკა“ 25 ლარი იყო, მაგრამ რამდენიც მე უფასოდ გამიცია, იმდენი სიხარული, თუმცა უფასოდ რომ გამიცია, ამოუღია და ხუთი თუმანი უჩუქნია, ვიღაცას რესტორანში დაუპატიჟებივარ ან რაღაც „უკისრებია“ _ ფული რომ არ გამომირთმევია, გავარდნილა, კონიაკი შემოუტანია, ან რაღაც უყიდია... ამნაირს, რა თქმა უნდა, ვაკეთებდი და, ბიჭო, ამიხსნას ვინმემ, რატომ არ უნდა გამეკეთებინა?
_ ბატონო გოგი, რა ამის პასუხია და, სამართლიან ქვეყანაში ვცხოვრობთ?
_ დღეს ქვეყანაში დიდი უსამართლობაა!
_ არ აპირებთ, დიდ პოლიტიკაში ჩაერთოთ ანუ საცხოვრებლად თბილისში გადმოხვიდეთ?
_ არა, თბილისში ცხოვრება არ მიყვარს!
_ ისე, წესით, პარლამენტარი ახლა უნდა იყოთ _ საკანონმდებლო ორგანო ქუთაისშია და...
_ სხვათა შორის, პარლამენტიდან 500-600 მეტრში ვცხოვრობ.
_ პარლამენტის ეზოში ძროხები მართლა დადიან ხოლმე?
_ რავა არ დადიან! პარლამენტის წინ ძროხას, ცხენსა და ყველაფერს ნახავთ.
_ წეღან უნდა მეკითხა და დამავიწყდა: თევზაობის იდეა ვინ მოგაწოდათ?
_ არავინ, შვილებს გეფიცებით, ჩემით მოვიფიქრე. არავის არასოდეს არაფერს ვუთანხმებ, ამას ვაპირებ და იმას ვაპირებ-მეთქი.
_ გოგი ბატონო, ქუთაისის მერობა გინდათ თუ იმერეთის გუბერნატორობა?
_ მერობა ნამდვილად არ მინდა _ იმ სტილის ადამიანი არ ვარ, რომელიც მერობისთვის ივარგებს. საკრებულოს წევრობა მინდა.
_ შეუძლებელია, ამხელა კაცი მხოლოდ საკრებულოს წევრობისთვის „თევზაობდეთ“...
_ გინდ დამიჯერეთ, გინდ არა... ე ქალაქი მართლა მტკივა! პარლამენტის წევრი რომ ვიყავი, თბილისში, თემქაზე კრედიტით ნაყიდი ბინა მქონდა, მაგრამ პარლამენტარობა რომ დამთავრდა, დამიდგა მომენტი: ან ერთი სახლი გამეყიდა, ან მეორე და ამერჩია ქალაქი, სადაც ვიცხოვრებდი. ჩემი მეუღლის თხოვნისა და იმის მიუხედავად, რომ ბავშვებისთვის თბილისში ცხოვრება ჯობია, ავდექი და ბინა თბილისში გავყიდე და ქუთაისში ვცხოვრობ. ქუთაისი მიყვარს _ აქ გავიზარდე, ყველაზე მეტი მეგობარი აქ მყავს და თავს თავისუფლად ვგრძნობ! ქუჩაში რომ გაივლი და ათი კაცი არ მოგესალმება, იმ ქალაქში ცხოვრება არ მინდა და რა ვქნა?
_ ბატონო გოგი, ერთი ქუთაისური ანეკდოტი მომიყევით, მერე ბოლო კითხვა დამისვით და ერთმანეთს დავემშვიდობოთ...
_ ნამდვილად შემიძლია, ერთი საათი დავჯდე და ანეკდოტები მოვყვე, ერთი-ორი წამი მინდა, გავიხსენო, მაგრამ იმნაირი მინდა, გაზეთში რომ შეიძლებოდეს დაბეჭდვა...
მოკლედ, ცოლი ქმარს უკეთებს „კლიზმას“, შეუყოფს, გამოუყოფს, შეუყოფს, გამოუყოფს... გადეირია ქმარი, რას შრობი კაცოო. ცოლი მიუგებს, კაიაო?!
_ ისე, პოლიტიკა და სექსი ერთმანეთს ჰგავს?
_ კი...
_ ახლა, ბოლო კითხვა დამისვით...
_ ეს ინტერვიუ როდის გამოქვეყნდება?
_ ორშაბათს... მეგონა, კუკავასთან მოკითხვას დამაბარებდით!.. წარმატებას გისურვებთ, ბატონო გოგი!
ვანო პავლიაშვილი

back to top