Menu
RSS

როგორ გახდა ხალხის პარტიის თავმჯდომარე და აპირებს თუ არა თბილისის მერობას ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე

კობა დავითაშვილის პარტიის თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე გახდა _ ამის შესახებ ადვოკატმა საზოგადოებას 17 მარტს თავად აცნობა და არც იმის თქმა დავიწყებია, რომ ხალხის პარტია მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს. საინტერესოა, როგორ მოხვდა ადვოკატი კობაიძე ხალხის პარტიაში ან ვინ, როგორ და რატომ ჩამოაშორა კობა დავითაშვილი საკუთარ პარტიას? ,,კობა დავითაშვილი პარტიისთვის არავის ჩამოუშორებია. ის პოლიტიკაში აღარაა, რადგან განაცხადა, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 3%-ს ვერ მივიღებ, პოლიტიკიდან წავალო. ბატონმა კობამ თავისი სიტყვა დააფასა და თავისმართლების რეჟიმში არ გადავიდა'', _ აცხადებს ,,ვერსიასთან'' საუბრისას ალექსანდრე კობაიძე და კითხვაზე, ხალხის პარტია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს თუ ვინმესთან ერთად, პასუხობს:
,,მართალია, წინა არჩევნებში მონაწილეობა არ მიგვიღია, თუმცა ბრძოლისთვის მზად ვართ; გაერთიანებასა და ბლოკის ჩამოყალიბებას არავისთან ვაპირებთ. ჩვენი მიზანი პოლიტიკურ სივრცეში ისეთი ნიშის შექმნაა, სადაც ხალხის პარტია თავის სიტყვას იტყვის. საერთოდ, ერთი იდეის გარშემო გაერთიანება საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯგუფების უფლებაა. მიუხედავად იმისა, ვინმესთან დაბლოკებას არ ვაპირებთ, კონსტიტუციაში ჩაწერას, რომ ბლოკები აღარ უნდა არსებობდეს, არ ვემხრობით''.
დავითაშვილის შემცვლელი, პარტიის პროგრამაზე საუბრისას, აქცენტს ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობაზე აკეთებს: ,,ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში წლიურად მხოლოდ 32 000 ადამიანს აქვს 40 000-ლარიანი შემოსავალი. ეს მოსახლეობის 1%-იც არაა. ვფიქრობ, ხელისუფლებას ეს ნიუანსი ,,გაეპარა'' და თავად გვითხრა, რომ სიღარიბის ზღვარსქვემოთ ვართ... საზოგადოებას ამ პრობლემების მოგვარებას იმ პროგრამებით ვთავაზობთ, რომელიც ჯერ კიდევ კობა დავითაშვილის დროიდან არსებობს, თუმცა ახალი წევრები პარტიას ახალ იდეებსაც შემატებენ''.
_ ბატონო ალექსანდრე, პრეზიდენტის არჩევის პირდაპირ წესს ემხრობით თუ არაპირდაპირს?
_ თუ ვთანხმდებით, რომ წმინდა წყლის საპარლამენტო მმართველობის სახელმწიფო გვაქვს, პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა დანიშნოს. მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ ფონზე, უფუნქციო პრეზიდენტის არჩევისთვის ამხელა თანხის დახარჯვა ჩვენს ქვეყანას ხეირს ნამდვილად არ მოუტანს.
_ ...გასაგებია, რომ თავმჯდომარის პოსტი დატოვა, მაგრამ კობა დავითაშვილი პარტიაში დარჩა?
_ არა, თუმცა პარტიის გულმხურვალე მხარდამჭერია.
_ პოლიტიკაში აღარ დაბრუნდება?
_ არა... ამ ქმედებით ძალიან ბევრ კითხვას უპასუხა, მათ შორის იმასაც, როგორ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი.
_ ისე, დავითაშვილმა პოლიტიკა 2013 წელს დატოვა, თუმცა პარლამენტარის მანდატი არ დაუთმია და 3 წელი ხელფასს, პრაქტიკულად, არაფერში იღებდა.
_ დიახ, ხელფასს ჩვეულებრივ იღებდა და პოლიტიკურ ცხოვრებაში გარკვეულ როლს მაინც ასრულებდა.
_ მაინც რა როლს?
_ მაგალითად, სხვადასხვა საკანონმდებლო საკითხზე თავის პოზიცია ჰქონდა, მაგრამ მედიას არ იყენებდა და ამას მშვიდად აკეთებდა. დეპუტატის მანდატი ბოლომდე შეინარჩუნა, ახლა კი მიიღო გადაწყვეტილება, პოლიტიკიდან საერთოდ წასულიყო.
_ ბატონო ალექსანდრე, წეღანდელ საუბარს დავუბრუნდები და ჩაგეკითხებით: რომელიმე პარტიასთან გაერთიანებას რატომ არ აპირებთ და რატომ გგონიათ, რომ 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავთ?
_ ჩვენმა პოლიტიკურმა პლატფორმამ სწორედ ახლა უნდა დაამტკიცოს, რომ რაღაცას წარმოადგენს. ბარიერის გადალახვის ამბიცია, რა თქმა უნდა, გვაქვს. სხვაგვარად პოლიტიკაში ვერ იქნები...
_ სხვათა შორის, კახა კუკავა თავის დროზე პრაიმერის ჩატარების იდეით გამოვიდა და თქვა, ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო კანდიდატები წარვადგინოთო. ამაზე რას ფიქრობთ?
_ კარგი იდეაა და ამ საკითხზე მსჯელობა შესაძლებელია.
_ კეთილი... ისე, თბილისის მერობა ხომ არ გსურთ?
_ ჯერ არ გადამიწყვეტია. ამას დრო სჭირდება.
_ ადვოკატი ხართ. პოლიტიკაში როდის ჩაერთეთ ან პარტიის თავმჯდომარედ მაინცდამაინც თქვენ რატომ აგირჩიეს?
_ თავმჯდომარის პოსტზე პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ერთი თვის წინ ამირჩია. რომ შემომთავაზეს, რისკები ავწონ-დავწონე და ეს ნაბიჯი გადავდგი. მართალია, პოლიტიკაში ახლადშემოსული ვარ, მაგრამ არასამთავრობო კუთხით, ქვეყანაში არსებულ პრობლემებს კარგად ვიცნობ და მინდა, ჩემი იდეები ამ პარტიის მეშვეობით განვახორციელო.
_ პარტიაში ძველი გუნდი დარჩება თუ განახლებას აპირებთ?
_ ძველი გუნდი დამხვდა, მაგრამ განვაახლებ კიდეც.
თათია გოჩაძე

back to top