დაცვამ საკუთარი შეფი მოკლა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

  

სისხლიანი სასიყვარულო დრამის დეტალები

 

ბათო ჯაფარიძე

 

იმის მიუხედავად, რომ მედიცინა ახალ სიმაღლეებს, პრაქტიკულად, ყოველდღიურად იპყრობს, არსებობს დაავადებები, რომელთა უკუჩვენება თუ მავნე გამოვლინებები დღემდე არ არის შესწავლილი. ისე, მოსახლეობა ხუმრობს, კორონავირუსმა ექიმებს სულზე მოუსწრო, თუ დიაგნოზს ვერ სვამენ, მარტივად ამბობენ, პოსტვირუსული პროცესებია და პაციენტს თავიდან იშორებენო. რეალურად, რას ტოვებს ვერაგი ვირუსი, მართლაც, არავინ იცის, თუმცა ისტორია, რომელიც ახლა უნდა გიამბოთ, მაშინ მოხდა, როცა კორონავირუსის არსებობა არავინ იცოდა.

 

„ვარდების რევოლუცია“  ახალი მომხდარი იყო და სათავეში მოსული ახალგაზრდა მმართველები ერთმანეთს კუნთებს (და არა მარტო) აზომებდნენ. ყველა სურდა, საკუთარი უპირატესობა დაემტკიცებინა, ბევრი ზღვარსაც გადადიოდა, ასე განსაჯეთ, ბავშვობის წყენაც კი გაუხსენეს ზოგიერთებს და... ციხეში გაუშვეს. ძალაუფლებას გემო ახალგაზრდებმა ძალიან მალე გაუგეს, თუმცა იმასაც მიხვდნენ, რომ ცხელ გულზე ვიღაცას, შეიძლება, მათთვის ევნო და ამიტომ, დაცვაც დაიქირავეს. რაც უფრო დაკუნთული მცველი გყავდა, მით „მაგარი ტიპი“ იყავი და მომრავლდა ლაწირაკების დაცვით სიარული. ჰოდა, როცა ერთ-ერთი ასეთი ლაწირაკი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ხელისუფლების უმაღლეს პირებს პანიკა დაეწყოთ და სასწრაფოდ მოითხოვეს საქმის გამოძიება. ოფიციალურად, ყველაფერი უბედურ შემთხვევას მიაწერეს, მაგრამ ზუსტად იცოდნენ, რომ მათი მეგობარი, რომელიც ერთ-ერთი რეგიონული მუნიციპალიტეტის მეორე პირი იყო, გაგუდული გახლდათ.

„საქმეზე უხალისოდ წავედი, რადგან ზემოდან სავარაუდო და სასურველი დამნაშავეების სახელები და გვარები მითხრეს. მაშინ უკვე ყველამ ვიცოდით, რომ უნდა დაგვეჭირა რეალური დამნაშავე და არ იქნებოდა ურიგო, თუ სხვებსაც მივაყოლებდით, ისეთებს, რომლებიც ახალი ხელისუფლების ლიდერებს არ მოსწონდათ“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

გარდაცვლილს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. მას მუნიციპალიტეტში მეორე პირი კი ერქვა, მაგრამ სინამდვილეში, პირველი იყო. როგორც კი ძალაუფლება იგრძნო, პირველი, რაც გააკეთა, ცოლს დაშორდა, თბილისიდან ახალი ცოლი ჩაიყვანა, დაცვაც დედაქალაქიდან დაიქირავა და ცხოვრობდა ბედნიერად. ორი შვილიდან - უფროსი თავისთან ჰყავდა, უმცროსი კი, რომელიც 3 წლის იყო, დედასთან იზრდებოდა. ახალი მეუღლე ფრჩხილებს იკვნეტდა, ეს რა დაგვემართაო, მაგრამ წუხილი დიდად არ ეტყობოდა და ცდილობდა, თბილისიდან ჩასულ რომელიმე მაღალჩინოსანს მოხვედროდა თვალში. როცა მას გამომძიებლებმა ცალკე ოთახში გასვლა სთხოვეს კთხვების დასასმელად, დაცვას გახედა, თითები გაუტკაცუნა და წამომყევიო, უთხრა. სამართალდამცავებს გაეცინათ, დაცვას ანიშნეს, არ შემოხვიდეო, რაზეც მან წინააღმდეგობაც კი გასწია, მე დაცვაში ხელფასს მიხდიანო და სანამ ბორკილების დადებით არ დაემუქრნენ, ვერ გააჩერეს.

„რა უნდა ვთქვა? ჩემი ქმარი ძალიან მიყვარდა, იმიტომ წამოვყევი ამ ბოსელში საცხოვრებლად, მეუბნებოდა, თბილისში მალე დავბრუნდებით, დიდ თანამდებობას მპირდებიანო. გუშინ, ღამე, დასაძინებლად ადრე ავედი, ის რაღაც ფილმს უყურებდა, დილით ჩამოვედი და დივანზე იწვა, ცოტა არაბუნებრივად მეჩვენა, მივედი, ხელი შევახე და ცივი იყო. კინაღამ გული გამისკდა, მკვდარს ცხოვრებაში პირველად შევეხე“, - დაასრულა მოყოლა ქალმა და ბოტოქსიანი ტუჩები „გამობუტა“.

გოგოს ის უფრო აბრაზებდა, რომ ხელი არ ჰქონდა გარდაცვლილთან მოწერილი და შესაბამისად, ყველაფერი პირველ ცოლს რჩებოდა, თუმცა როცა სახლიდან ნივთები გაჰქონდა, ტანისამოსი დაცვის კუთვნილი მანქანის საბარგულში არ ჩაეტია და უკანა სავარძელიც შეავსო. ერთი კი გაიფიქრეს ძალოვნებმა, ეს ქალი არ დაიკარგებაო (არც დაიკარგა, ოთხ თვეში, სხვა ჩინოსნის საცოლედ წარსდგა პრიალა ჟურნალების გარეკანიდან) და დაკითხვა ამჯერად დაცვის წევრს მოუწყვეს.

„ბევრს ვერაფერს გეტყვით. დაცვა სიმბოლურად ვიყავი, არავინ ემუქრებოდა, იმიჯისთვის ვჭირდებოდი, სხვა არაფერი. გუშინ გავეთავისუფლე, თბილისში საქმე მქონდა, ღამით დავურეკე კიდეც, მოვიკითხე, მაგრამ აგდებულად მესაუბრა, 4-5 წამში გამითიშა. დღეს დილით ჩამოვედი და ქალბატონს უკვე დარეკილი ჰქონდა პოლიციაში“, - განაცხადა დაცვის წევრმა და გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ ღამით მართლა მისი ნომრიდან დაირეკა და ტელეფონი იმ დროს თბილისში იყო. შედეგად, მკვლელობაში დაცვის შესაძლო მონაწილეობა გამოირიცხა. ახლა საჭირო იყო, ძალოვნებს იმ ეჭვმიტანილთა სია გადაემოწმებინათ, რომელიც მათ ხელისუფლებამ მიაწოდა. ყველას ალიბი ჰქონდა და თან ისეთი, ყველაზე ცოტა, 3-4 კაცი რომ უმოწმებდა, თანაც საინტერესო იყო, რომ მოკლულს ეზოში უზარმაზარი ნაგაზი ჰყავდა, ძაღლმა მკვლელი უხმაუროდ შეუშვა და გაუშვა ანუ მკვლელი არა მარტო მსხვერპლს იცნობდა, არამედ ძაღლსაც.

„მაგ ნაშას მიაქციეთ ყურადღება, დღეში სამჯერ სცემდა ეგ კაცი. ეგებ, მოსწყინდა ამდენი ცემის ატანა და შური იძია“, - უთხრა მეზობლის ქალმა გამომძიებლებს, მაგრამ ამის შესაძლებლობა ექსპერტებმა გამორიცხეს. ჯერ ერთი, გარდაცვლილის სისხლში არ იყო არც ალკოჰოლი, არც ნარკოტიკი და მისი გაბარიტებიდან თუ ვიმსჯელებთ, ის ფიზიკურად მასზე ძლიერ ადამიანს უნდა გაეგუდა, რასაც გოგონა ვერანაირად შეძლებდა. პრაქტიკულად, გამოძიებას ეჭვმიტანილი აღარ შერჩა, ხელისუფლება კი მაგიდაზე მუშტს აბრახუნებდა და ყველას დაჭერით იმუქრებოდა. ძალიან სურდათ, გაეგოთ მკვლელის ვინაობა და მისი სამაგალითოდ დასჯა, რათა შემდეგ სხვას არ გასჩენოდა იგივეს სურვილი ანუ ერთის დასჯით, ათასობით ადამიანს შეაშინებდნენ.

„თბილისში დაბრუნებულმა, იმის გარკვევა შევძელი, რომ დაცვის თანამშრომელი და ის გოგო, თითქოს, ცოლად რომ ჰყავდა გარდაცვლილს, თანაკლასელები იყვნენ. მათ დაკითხვის დროს, ამის შესახებ არაფერი უთქვამთ, მაგრამ ეს დანაშაული არ იყო. ამიტომ, აღარ დავაფრთხე და დავძაბე ზედმეტი კითხვებით, სხვა თანაკლასელები მოვნახეთ და პრაქტიკულად, ყველამ აღიარა, რომ ბიჭი გოგოზე უგონოდ იყო შეყვარებული, მეტიც, ცოლად მოყვანასაც კი აპირებდა, თუმცა გოგო არ გაჰყვა, შემდეგ კი... შემდეგ, ბიჭმაც გადაიფიქრა მისი ცოლად მოყვანა და მხოლოდ მის ახლოს ტრიალით კმაყოფილდებოდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

შესაძლებელი იყო, ეს მკვლელობის ძალიან სერიოზული მოტივი გამხდარიყო. საყვარელ ქალს ყოველდღე რომ სცემენ, ძნელი ასატანია და გამოძიება ამ მიმართულებით, უფრო ღრმად წასვლას აპირებდა, თუმცა დაცვის თანამშრომლის ისტორიის შესწავლისას, ერთი დეტალი გაირკვა - წლების წინ, ავარიაში მოჰყვა და მიღებული დაზიანებების შედეგად, სხეულის რამდენიმე ნაწილთან გამოთხოვება მოუხდა. ექიმების დასკვნით, დაცვის თანამშრომელს ქალთან სექსუალური კონტაქტი არ შეეძლო. ეს იმას ნიშნავდა, რომ კაცი ქალს აღარ აწუხებდა და ცოლობას არ სთავაზობდა, მაგრამ... დაცვის თანამშრომელი დაკითხვაზე ისევ დაიბარეს და როცა ავარიასა და ოპერაციაზე დაუსვეს კითხვა, ჩუმად ადგა, ჯერ შარვალი ჩაიხადა, მერე ტრუსი და... გამომძიებლები დარწმუნდნენ, რომ ის, რაც მას ჰქონდა, სრულფასოვნად მოსაშარდადაც კი არ გამოდგებოდა.

„როცა დასაკითხი ოთახიდან გავიდა, ვგრძნობდი, რომ რაღაც შევამჩნიე, მაგრამ ვერ აღვიქვი და თავს ვიმტვრევდი, რა არ მომეწონა. ხომ არის, როცა რაღაცას ხედავ, ხვდები, რომ რიგზე არაა და, უბრალოდ, ვერ აღიქვამ. სწორედ დაცვის თანამშრომლის ნახვის შემდეგ ამეკვიატა ეს ფიქრი და ორი დღე სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდი. რომ ვერ გავიხსენე, გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ მენახა და ვითომ შემთხვევით, ქუჩაში შევხვდი, მოვიკითხე და როცა ტელეფონზე დაურეკეს, მაშინვე გონება გამინათდა - ტელეფონი“, - ღიმილით გვიყვება ბატონი თენგიზი.

გამომძიებელმა მაშინვე აღიდგინა, რომ როცა დაცვის თანამშრომელი პირველად რეგიონში ნახა, ხელში ძველებური ტელეფონი ეჭირა, ახლა კი, იმ დროისთვის ბოლო მოდელის მობილურს ატრიალებდა. გამორიცხული იყო, სამსახურდაკარგულს იმდენი დანაზოგი ჰქონოდა, ახალი ტელეფონი ეყიდა. სანამ საკუთარ ვერსიებს ააწყობდა, გამომძიებელმა ქალი დაკითხა და აღიარა, რომ დაცვის თანამშრომელს ახალი, ბოლო მოდელის ტელეფონი გარდაცვლილმა ქმარმა უყიდა, არ მინდა, ძველი ჯართით იაროს ჩემმა დაცვამო. გამოდიოდა, რომ...

გამომძიებლებს საფუძვლიანი ეჭვი გაუჩნდათ, რომ დაცვა თბილისში წამოვიდა, თავისი ტელეფონი რომელიმე მეგობარს დაუტოვა, რომელმაც ღამით ზარი განახორციელა, თავად კი უკან იმ ღამესვე დაბრუნდა და შეფი მოკლა. ტელეფონის ლოკაცია ახლიდან შეამოწმეს და იმის მიუხედავად, რომ სატელეფონო ანძა სწორედ დაცვის საცხოვრებელ ბინას აჩვენებდა, ადგილზე მაინც გავიდნენ. დაცვის თანამშრომელი შინ არ იყო და კარი ახალგაზრდა ქალმა გააღო, სამართალდამცავებს ოჯახის მეპატრონის მამიდაშვილად გაეცნო და მკაცრი გაფრთხილების შემდეგ, ტყუილს თუ იტყვი, ციხეში ამოგალპობთო, დაფქვა: „სწორედ იმ დღეს, თავისი ახალი ტელეფონი დამიტოვა, ჩემი ტელეფონის ბარათი თავის ძველ მობილურში ჩადო და მითხრა, რომ კონკრეტულ დროს, კონკრეტულ ნომერზე დამერეკა და რაღაც სისულელე მეკითხა. ასეც მოვიქეცი“...

დაცვის თანამშრომელი ერთ საათში დააკავეს.

„ძნელია, როცა საყვარელ ქალს ყოველდღე სცემენ და თან არ გერიდებიან, შენს თვალწინ აშიშვლებენ, აუპატიურებენ. იმ ურთიერთობას ცოლ-ქმრობა არ ერქვა, ნაშად ჰყავდა ის ქალი, ცხოველურ სურვილებს იკმაყოფილებდა. ვუთხარი კიდეც რამდენჯერმე, დაანებე ამ კაცს თავი-მეთქი, მაგრამ ფულს ვერ შეელია. ბოლოს, როცა სცემდა, ჩემს საძინებელში შემოვარდა, მიშველეო, მაგრამ მაშინ არაფერი მითქვამს, ვიცოდი, პოლიციასთან იტყოდა. მეორე დღეს გავაკეთე ის, რაც გავაკეთე და არ ვნანობ. ექიმთანაც ვიყავი, ამ ქალზე სულ ვეჭვიანობდი და ეს იმის მიუხედავად, რომ მე არაფერი შემეძლო. მითხრეს, ოტელოს სინდრომიაო, მაგრამ მე არც ოტელო ვიცი და არც დეზდემონა, საყვარელ ქალს ვიცავდი“, - განაცხადა დაცვის თანამშრომელმა.

დაკავებულის საჩვენებელი დასჯა აღარ გამოდიოდა, კაცი - ასეთ მდგომარეობაში და თან, მკვლელობის მიზეზი... სასამართლო მაინც უმკაცრესი იყო, 15 წელი მიუსაჯა მკვლელს.