Menu

მოდი, ნუ მკითხავთ, თუ როგორ მოვხვდი ღამის, უფრო სწორად კი დილის 3 საათზე ფლორენციის ,,მაკდონალდსში''. მით უმეტეს, რომ იქ მოხვედრის ამბავში მოსაყოლი ბევრი არაფერია, მაგრამ ყველა ამბავი ხომ საიდანღაც იწყება და რაკი მეც ასე დავიწყე, პირდაპირ იმ უცნაურ კაცს გაგაცნობთ.
მას რეჯინალდო ერქვა. იყო ასე, 45 წლის, თვალები შეშლილივით უელავდა, ხელში ციცქნა ძაღლი ეჭირა (თუ არ ვცდები, ჩიხუახუას ჯიშის უნდა ყოფილიყო, მაგრამ ნუ ენდობით ჩემს კინოლოგიურ ცოდნას), მხარზე გადაკიდებული ზორბა ჩანთიდან ქაღალდის დასტები ამოსჩროდა და შემოსვლისთანავე ვიგუმანე, რომ ეს ,,ის'' იყო.
სანამ უძილობით გატანჯული და მადასდამონებული ფლორენციელები და თითო-ოროლა ტურისტი ჩიზბურგერსა და ათას ოხრობას გეახლებოდათ, პატივცემული რეჯინალდო დარბაზის ცენტრში გაჩერდა, ხელები ზეცისკენ აღაპყრო და იტალიურ-ინგლისურ-გერმანულ-ფრანგული აბდაუბდით დაიწყო შეგონებანი.
,,თქვენი სულები განსაცდელშია, მეგობრებო. სულ მალე მოხდება ის, რაც დაწერილ არს და ეხსომებით კი იმ დროს ღმერთს? დატოვებთ კი კვალს დედამიწაზე? აი, ახლა, სწორედ ახლაა დრო, სულზე ვიზრუნოთ. უფალი კეთილია და ყველას მოგვიტევებს. მთავარია, ჩვენ მიტევება გვინდოდეს!'' _ ახლაც ჩამესმის ყურში ამ ქადაგების საწყისი სიტყვები და სანამ რაიმეს მოვისაზრებდით, ეს ყოვლად უცნაური კაცი პირდაპირ ჩვენი მაგიდისაკენ დაიძრა. მოვიდა და ყოველგვარი მობოდიშების გარეშე მოკალათდა ჩვენს წინ.
როგორც თავადაც მიხვდით, ის პატივცემული სენიორი ერთ-ერთი საყოველთაოდ ცნობილი სექტის დიადი მქადაგებელი იყო და რაკი ამ ცნობილი სექტის ამბები საქართველოშიც კარად მოგვეხსენება, მსწრაფლივ ნაჩვევი ხერხით ვცადეთ მისი ჩამოცილება და ვუთხარით, რომ შუაღამეს არანაირი სურვილი არ გვქონდა მისთვის მოგვესმინა; მით უმეტეს, რასაც იტყოდა, წინასწარ მშვენივრად ვიცოდით.
ღრმად პატივცემული რეჯინალდო როდი ჰგავდა ჩვენებურ სექტანტებს, რომლებსაც ერთი დაცაცხანება ჰყოფნით და მიტყეპვის შიშით, ბეჩავად იძურწებიან... ნურას უკაცრავად! სიტყვების გარდა, ჩვენი ყოვლად უხიაგი გამომეტყველებაც არაფრად ჩააგდო, ჩაგვხედა თვალებში და ჩვენი ცოდვების ნახვით დამძიმებული ამოოხვრით დაგვიწყო შეგონებანი ურიცხვი და გასაოცარი. შეგონებები იყო დაუჯერებლად გიჟური, წარმოუდგენლად თავხედური და ყველაფერ ამასთან ერთად, განმსჭვალული გახლდათ ათეისტური ხმალამოღებით.
რეჯინალდო გვიამბობდა დედაზე, რომელიც ურწმუნოთა კლანჭებიდან დაიხსნა; ძმაზე, რომელიც ახლახან დაადგა ,,გზას ჭეშმარიტებისას'' და ყველაფერი ეს ხელს არ უშლიდა, საწრუპი ჩხირით უცნობილესი შავი სასმელი ეხვრიპა, შეესანსლა რამდენიმე ბურგერი და ერთი ხელით მოფერებოდა მასავით უცნაურ ძაღლს.
და ბოლოს, როდესაც ,,მაკდონალდსის'' ფანჯრიდან დანახული ღამის ფლორენციასაც ჩათვლიმა, ,,ჭეშმარიტების გზაზე ჩვენმა დამყენებელმა'' სენიორმა ,,აღიღო გული ჩვენი'' და მისი დანახარჯის გადახდა შემოგვთავაზა. მქადაგებელ კაცს, აბა, განა არ უნდა უხდიდეს რიგითი მოკვდავი ღმურძვლის საფასურს? მაგრამ, იმან აბა, რა იცოდა ჩვენ, ქართველებს ცხელ გულზე რისი თქმა და კეთება შეგვიძლია?!
ჰოი, დიდებულო ქართულო ენავ, არასოდეს დამავიწყდება იმ უცნაურ ღამეს მშვენიერ ფლორენციაში როგორ კარგად გამოვთქვით ჩვენი სათქმელი!
ლევან სეფისკვერაძე

back to top