Menu

სად იყვნენ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატები 11 მარტის აქციის დროს და აქვთ თუ არა ინფორმაცია რეგიონში არსებულ პრობლემებზე

ოპონენტების აზრით, ხელისუფლებას 11 მარტს, ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე დაგვიანებული რეაქცია ჰქონდა. აჭარლები აცხადებენ, რომ პრობლემები რეგიონში დიდი ხანია არსებობს. საინტერესოა, იცოდნენ თუ არა შექმნილი ვითარების შესახებ ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატებმა _ ფატი ხალვაშმა, მუხრან ვახტანგაძემ და ლევან ბეჟანიძემ, სად იყვნენ ისინი 11 მარტს, ვანდალურ ქმედებებში გადაზრდილი აქციის დროს და რა გააკეთეს იმ ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებმაც ისინი საქართველოს პარლამენტში თავის წარმომადგენლებად აირჩიეს? ამის გასარკვევად ,,ვერსია'' სამივე დეპუტატს დაუკავშირდა.
ბათუმის, 68-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში აცხადებს, რომ ბათუმის მოსახლეობის ნაწილს მოსწონს კანონის გამკაცრება საგზაო წესების დაცვის შესახებ; მეტიც, მისი თქმით, მოქალაქეები კანონის დამრღვევების დასჯას ითხოვენ, რადგან გახშირდა ავტოსაგზაო შემთხვევები, თუმცა დეპუტატი საზოგადოების იმ ნაწილზეც საუბრობს, რომელიც კანონს მუდმივად არ ემორჩილება: ,,მათ პრეტენზია აქვთ, რომ ხშირად ჯარიმდებიან, მე კი ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ხშირად ვმოძრაობ ბათუმში მანქანით და ვხედავ, ბოლო ორი წელია ძალიან გადაიტვირთა ქუჩები. მე, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, დისკომფორტი მექმნება საცობებისა და დაუშვებელ ადგილას გაჩერებული მანქანების გამო. ასეთი გამოთქმაც კი გაჩნდა: ,,ბათუმში კიდევ მოძრაობს ვინმე საგზაო წესების დაცვით?''. ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მიიჩნევს, რომ უკმაყოფილო მოსახლეობის უმეტესობა ტაქსის მძღოლია, რომლებიც მუდმივად არღვევენ საგზაო წესებს და მეტი მგზავრის მომსახურების მიზნით, მანქანის ყველგან გაჩერების სურვილი აქვთ.
რაც შეეხება 11 მარტს, გაირკვა, რომ ფატი ხალვაში აქციის ორგანოზატორადცნობილ მერაბ ღოღობერიძეს მხოლოდ სოციალური ქსელიდან და მედიიდან იცნობს. მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კი, თითქოს პატრული მოსახლეობას ,,თათარს'' უწოდებს, ხალვაში ასე განმარტავს: ,,ამ დღეებში ბევრ ადამიანს შევხვდი და ვეკითხებოდი _ იცით ადამიანი, რომელსაც პატრულმა აჭარელი ან თათარი უწოდა-მეთქი? ასეთი რამ არავის სმენია. დღეს, როცა მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია და ამბიცია გვაქვს, ევროპის ნაწილი ვიყოთ, ასეთი რამ არასასურველი და მიუღებელია. არ მჯერა, დღეს სახელმწიფო მოხელე საქართველოში კუთხურობის ნიშნით განასხვავებდეს ადამიანებს... ჩემთან, როგორც დეპუტატთან, ამ პრობლემით არავის მოუმართავს''.
ხალვაშის განმარტებით, აქციის მიზეზი შვილმკვდარი ადამიანის დაკავება გახდა, რაც პატრულის მხრიდან ლოიალური საქციელი ნამდვილად არ იყო. ის ადგილი კი, სადაც იგი დააკავეს, ხალხმრავალია და გარემოვაჭრეები, მეყვავილეები ვაჭრობენ. ხალვაშის მტკიცებით, სწორედ მათ ჰქონდათ პროტესტი, რომ მძღოლები მანქანებს ახლოს ვერ აჩერებენ, რის გამოც, მყიდველი მოაკლდათ: ,,თავიდან მოსახლეობის ეს ნაწილი შეუერთდა საპროტესტო აქციას. შემდეგ კი ძალებმა, რომლებიც დადარაჯებულნი არიან მსგავსი პროტესტის პროვოცირებისთვის, ამით ისარგებლეს. კამერებმაც დააფიქსირა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები იყვნენ ბათუმის პოლიციის სამმართველოს წინ და აქტიურად უჭერდნენ მხარს იერიშს, ეზოში შეჭრის მცდელობას, ქვების სროლასა და ვანდალურ აქტს''.
,,ვერსიამ'' ისიც გაარკვია, რომ ფატი ხალვაში 11 მარტს მოვლენათა ეპიცენტრში იყო: ,,იქიდან გამომდინარე, რომ თავიდანვე იყო დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნა, სამართალდამცავ ორგანოებს სურდათ ქუჩის გახსნა და ხალხის გადაყვანა გზის მეორე მხარეს, მაგრამ ამ დროს დაიწყეს ქვების სროლა, პოლიციელები შეიარაღებულებიც კი არ იყვნენ და თუ კი ვინმე დაზიანდა _ ისევ ორგანოს თანამშრომლები'', _ აცხადებს ხალვაში და ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლებას აქცია რომ დაეშალა, ჭყლეტაში უდანაშაულო ხალხი დაშავდებოდა. ამ ფონზე, დეპუტატს მიაჩნია, რომ სამართალდამცავები, ცრემლმდენი გაზის გაშვების შემდეგ, დროულად ჩაერთნენ პროცესში: ,,პირადად ვესაუბრებოდი ჯგუფებს. ბიჭები ჩემ თვალწინ ამბობდნენ, მოდი, მანქანა ავაყირაოთო! ვუთხარი, ახალგაზრდებო, რატომ აკეთებთ ამას, თქვენი ბათუმია, ქალაქია, თქვენ უნდა იცხოვროთ-მეთქი! კარგია, ჯარიმებს რომ გვიწერენო?! _ მპასუხობდნენ. მე კი ისევ ვუხსნიდი, თუ ერთმა პატრულმა დაუმსახურებლად გამოწერა ჯარიმა და გადაამეტა უფლებამოსილებას, ხვალ საღ გონებაზე მივიდეთ და მოვითხოვოთ პასუხი-მეთქი. თქვენ არ იცით, რა ძალა დამჭირდა იმ ჯგუფების შესაკავებლად, რომლებიც აბსოლუტურად უდანაშაულო მოქალაქის მანქანებს ურტყამდნენ წიხლებს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს ადამიანები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ'', _ გვიამბობს ფატი ხალვაში და იხსენებს, რომ აქციის მონაწილეებმა ნაძვისხეს წაუკიდეს ცეცხლი, ბალეტის სკოლის შენობას ქვები და ,,მოლოტოვის კოქტეილები'' დაუშინეს. პარლამენტარი ეჭვობს, რომ ,,მოლოტოვის კოქტეილების'' გაკეთება 20 წლის ბიჭებს არ ეცოდინებოდათ და ვარაუდობს, ამ ჯგუფებს მართავდა ძალა, რომელსაც, პოლიტიკური მიზნის მისაღწევად სურს ქვეყანაში მუდმივი დესტაბილიზაცია. ამ ძალაში კი, ფატი ხალვაში ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობს და ამბობს, რომ დაფიქსირებულია ამ პარტიის წარმომადგენელი, რომელმაც ტომრით აქციაზე ქვები მოიტანა.
რაც შეეხება, ფაქტის განმეორების საშიშროებას, ბათუმის მაჟორიტარი აცხადებს, რომ ხელისუფლება ამას არ დაუშვებს. მისი თქმით, ძნელია, მაგრამ პრევენცია აუცილებლად მოხდება. ხალვაში აცხადებს, რომ ყველა პატრიოტსა და ქვეყნის გულშემატკივარს იმდენი მოქალაქეობრივი შეგნება უნდა ჰქონდეს, ბათუმში ტურისტული სეზონის წინ მსგავსი რამ არ მოხდეს. ,,ასეთი საკითხების წამოწევა და დესტაბილიზაციის სურათის შექმნა ტურისტების რაოდენობას შეამცირებს, რაც პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალზე აისახება ცუდად'', _ აცხადებს ხალვაში და ბათუმის საკითხის პარლამენტში განხილვას არ გამორიცხავს.
მოვლენების ეპიცენტრში არ იყო ბათუმის 70-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე, რომელიც აქციის ადგილას, გამთენიისას მივიდა. არც მას სმენია, ბათუმში პოლიციას ვინმესთვის მიემართა ეპითეტით ,,თათარო''; სამაგიეროდ, იცის მოსახლეობის გულისტკივილი, პოლიციის ხისტი გადაწყვეტილებების გამო. მიუხედავად ამისა, ვახტანგაძის აზრით, რაც ბათუმში 11 მარტს მოხდა, ყველა ბათუმელის შეურაცხყოფაა: ,,ამ ვანდალურ აქტში განაწყენებული ხალხი არ მონაწილეობდა. მაქვს ინფორმაცია, რომ მათგან 90% ბათუმელი არაა და სპეციალურად ჩამოიყვანეს არეულობის მოსაწყობად. მნიშვნელოვანია, შესაბამისმა ორგანოებმა გაარკვიონ, ვინ წააქეზა ეს ხალხი. ვიცი, სასმელი და ტომრებით ქვები მიუტანეს ამ ბიჭებს. ვინც ეს გააკეთა, სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, რომ მეორედ ასეთი რამ არ განმეორდეს!'' _ აცხადებს ვახტანგაძე და მიიჩნევს, რომ მხოლოდ მერაბ ღოღობერიძეს ამხელა აქციის ჩატარება არ შეეძლო. დეპუტატი ოპონენტებს მოუწოდებს, ხელისუფლებას არ შეახოცონ ხელი. მისი აზრით, მმართველმა ძალამ ყველაფერი გააკეთა, ეს ვანდალური აქტი მშვიდობიანად დასრულებულიყო, რადგან შეიძლებოდა, უარესი შედეგი შედეგი მიგვეღო. რაც შეეხება მსგავსი შემთხვევის განმეორებას, ყოფილი სპორტსმენი სპორტული საზოგადოების სახელით აცხადებს: ,,არ დავუშვებთ მსგავსი ფაქტის განმეორებას''. ვახტანგაძის განმარტებით, პარლამენტში ამ პრობლემებზე ისაუბრებენ, თუმცა თავად გამოვა თუ არა მოხსენებით, ჯერ არ უფიქრია.
,,ვერსიამ'' გაარკვია, რომ ბათუმის 69-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ბეჟანიძე აქციაზე იყო. იგი აცხადებს, რომ იმ პრობლემების შესახებ, რასაც მოსახლეობის საპროტესტო აქცია მოჰყვა, ჭორის დონეზე სმენია, მაგრამ დამადასტურებელ ფაქტებს მოსახლეობა ვერ აწვდიდა. ბეჟანიძე ამბობს, რომ აქციის დროს მერაბ ღოღობერიძის აქტიურობას ამჩნევდა და მიიჩნევს, რომ მას, ბეგრაუნდიდან გამომდინარე, მსგავსი პროცესების განვითარება ხელეწიფება. დეპუტატის განმარტებით, მშვიდობიან საპროტესტო აქციაში დესტრუქციული ძალები ჩაერივნენ და საფრთხე გაჩნდა, ყველაფერი იმაზე ცუდად დასრულებულიყო, ვიდრე დასრულდა: ,,აჭარა სენსიტიური რეგიონია. ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების გამო, ბევრი რისკის ფონზე, მიტინგზე ქვები და ,,მოლოტოვის კოქტელები'' იმაზე მიუთითებს, რომ იყო ძალა, რომელსაც მოვლენები დესტრუქციისკენ მიჰყავდა. როცა ვითარება დაიძაბა, მაქსიმალურად ვცდილობდი, ამ ჯგუფებს გავსაუბრებოდი, მაგრამ დიდი აგრესია მოდიოდა მათგან, თითქოს ნარკოტიკული ნივთიერებისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ და საუბარს აზრი არ ჰქონდა''.
ლევან ბეჟანიძის თქმით, ამ მიტინგმა გვაჩვენა, რომ დამთავრდა დრო, როცა ხელისუფლება მიტინგებს არბევდა; მისივე განმარტებით, ხელისუფლებამ პროპორციულად და თანმიმდევრულად გამოიყენა ძალა: ,,ვინც ამ პროცესების უკან იდგა, ელოდა, რომ ხელისუფლება მიტინგს დაარბევდა, მაგრამ ამ პროვოკაციას ნამდვილად არ წამოეგო''.
ლევან ბეჟანიძე აცხადებს, რომ მაჟორიტარი დეპუტატები, ბათუმის საკითხს პარლამენტში აუცილებლად დააყენებენ.
თათია გოჩაძე

back to top