Menu

გაუფუჭდა თუ არა ურთიერთობა მილიარდერ კურსელთან, გადაჰყავთ თუ არა რკინიგზის დეპარტამენტში და რა შემთხვევაში მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას თამაზ მეჭიაური

ქართულ პოლიტიკაში „მესამე ძალის“ შექმნაზე თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია საუბრობს. ზოგი გაერთიანების მომხრეა, ზოგი კი მარტო აპირებს ბრძოლას. საინტერესოა, რატომ არ აქტიურობს პარტია „ერთიანი საქართველოსთვის'', რომლის ლიდერიც ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო და სკანდალური განცხადებებით გამოირჩეოდა? არის თუ არა ბიძინა ივანიშვილის კურსელი პრორუსი პოლიტიკოსი, აქვს თუ არა ექსპრემიერთან ურთიერთობა და რატომ გამოეყო მმართველ გუნდს არჩევნებამდე? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ვერსია“ თამაზ მეჭიაურს ესაუბრა.
_ აქტიურობით ნამდვილად არ გამოვირჩევით. ჩემი თვითმიზანი პოლიტიკაში დარჩენა არ ყოფილა, არჩევნების შემდეგ გაცლას ვაპირებდი, თუმცა მიმდინარე მოვლენები მაფიქრებინებს, პოლიტიკიდან წასვლა ნაადრევია.
_ კულუარებში ამბობენ, რომ რკინიგზის დეპარტამენტში მაღალ თანამდებობაზე ინიშნებით, მართალია?
_ არ მაქვს ასეთი ინფორმაცია.
_ ისე, აქტიურ პოლიტიკაში ხელისუფლებასთან როგორი ურთიერთობა გექნებათ?
_ ქვეყნისთვის სასიკეთო ნიშას დავიკავებ. სამწუხაროდ, გამართლდა, რასაც არჩევნებამდე ვამბობდი, რომ ვაშინგტონის მაშინდელი ხელისუფლება ელჩის მეშვეობით შეეცდებოდა მის მიერ მართული ორპოლუსიანი პარლამენტის შექმნას. ამას ფაქტობრივად მიაღწიეს, თუ არ ჩავთვლი პატრიოტთა ალიანსის მცირერიცხოვან წარმომადგენლობას. საბედნიეროდ, აშშ-ში ფსევდოლიბერალები დამარცხდნენ. შეიძლება ტრამპმა საქართველოსთვის დიდხანს ვერ მოიცალოს და ფსევდოლიბერალურმა ძალებმა, იან კელის დახმარებით, ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციას შეუწყონ ხელი. ევროპაშიც მნიშვნელოვანი ცვლილებებია. დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირზე უარი თქვა. არ გამოვრიცხავ, საფრანგეთის პრეზიდენტი ლეპენი გახდეს და საერთოდ, ევროპამ გადახედოს იმ ფსევდოლიბერალურ ფასეულობებს, რომლებიც მათაც უქმნის პრობლემებს და ჩვენნაირ ქვეყნებსაც. ამ მოცემულობაში ზუსტად ვიცი, რა პოზიცია არ უნდა დავიკავო _ ფსევდოლიბერალური. სწორედ ამ ძალების გამო გაიზარდა ანტიამერიკული განწყობა საქართველოში, რაც ტრამპის მოსვლამ ერთგვარად შეაფერხა.
ჩემი აზრით, საქართველოში უნდა შეიქმნას ეროვნულ ინტერესზე ორიენტირებული მესამე ცენტრი, რომელიც არ იქნება გარედან მართული, მათ შორის არც ჩრდილოეთიდან. რა თქმა უნდა, ეს რთულია, რადგან ფინანსური და მედიამხარდაჭერა არ ექნება; მით უფრო, რომ ფსევდოლიბერალური ძალების ზეგავლენითა და აშშ-ს ელჩის ძალისხმევით პარლამენტსმიღმა დავრჩით თითქმის ყველა, ვინც ნატო-ში შესვლის უპერსპექტივობასა და ეროვნული ფასეულობების დაცვაზე ღიად ვსაუბრობდით.
_ სინამდვილეში, გუნდიდან თქვენი წამოსვლის მიზეზიც სწორედ ეს გახდა?
_ დიახ, არ ვიზიარებდი ჩემი გუნდის ოპტიმიზმს, რომ ჩვენი ისტორიული არჩევანი იყო ნატო-ში შესვლა და ამას მივაღწევდით; ამასთან, ჩემი და რესპუბლიკელების დაპირისპირების დროს ხელისუფლებამ მათი პოზიცია დაიკავა. ბოლოს, როცა თინა ხიდაშელის ძალისხმევით საქართველოში მოეწყო ნატო-ს წვრთნები, გავაპროტესტე, აღვნიშნე, რომ ეს საფრთხისშემცველი იყო და რუსები საპასუხო რეაგირებას მოახდენდნენ, რაც გამართლდა _ ის რამდენიმე ტანკი ნატო-მ უკან გაიყვანა, ხოლო რუსებმა გააძლიერეს სამხედრო ძალები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ამ შემთხვევაშიც მე გამემიჯნენ და ხიდაშელის პოზიცია დაიკავა. ეს იყო ბოლო წვეთი, რის შემდეგაც უმრავლესობა დავტოვე.
_ ამიტომ გინდათ მესამე ცენტრის შექმნა?
_ ჩემი თვითმიზანი ამ ხელისუფლების შეცვლა არაა. ვისურვებდი, ის გათავისუფლდეს გარეგავლენისგან და ეროვნული პოზიცია დაიკავოს. რაც შეეხება მესამე ძალის შექმნას, მარტო ვერ შევძლებ და არც პრეტენზია მაქვს. ამისთვის საჭიროა, ყველამ გადავდოთ ამბიციები და გავერთიანდეთ იმ ხალხის ირგვლივ, რომლებიც ხედავენ ნატო-ში შესვლის უპერსპექტივობას, არიან ეროვნული ფასეულობების მატარებელნი და რომელთაც ხელისუფლებამ არ მისცა საშუალება, პარლამენტში ადეკვატური ძალა შეეყვანათ.
_ ნატო-ში შესვლა უპერსპექტივო რატომაა?
_ ხშირად მუქარა, რომ იქ გავერთიანდებით, არათუ სარგებლისმომტანია, არამედ დამატებით მოტივაციას აძლევს რუსეთს, უფრო აგრესიული გახდეს და ჩვენ ტერიტორიაზე სამხედრო ძალები გააძლიეროს.
_ ვიზალიბერალიზაციაც შეიძლება ვიღაცისთვის უპერსპექტივო იყო, მაგრამ მივიღეთ...
_ ეს ნატო-სთან პირდაპირ კავშირში არაა. ესაა გზა ევროკავშირისკენ. თუმცა ევროკავშირში შესვლაც არ უნდა მოხდეს ისეთი დათმობის ფასად, რაც ჩვენი ქვეყნისთვის საზიანოა. ვიზალიბერალიზაციით ისარგებლებს ჩვენი მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც ამის ფინანსური შესაძლებლობა აქვს. ხოლო თუ მის სანაცვლოდ შევასრულებთ ევროპული ზოგიერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოთხოვნას _ ჩვენს ქვეყანაში შეიქმნას ლტოლვილთა ბანაკები _ დაზარალდება საქართველოს მოსახლეობა. ევროსასამართლო ხომ საერთოდ, ექსპერიმენტებს ატარებს ჩვენზე!
_ ,,რუსთავი 2''-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გულისხმობთ?
_ დიახ... მედიის თავისუფლების მომხრე ვარ, პარტიულ ტელევიზიებსაც აქვთ არსებობის უფლება, თუმცა კეთილი ინებონ და საკუთარი სახსრებით დაფინანსდენენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდეგ ყველაზე მეტი თანხა ბიუჯეტიდან ,,რუსთავი 2''-ს აქვს მიღებული _ ნაციონალების პერიოდში 40 მილიონზე მეტი ჩამოეწერა. როცა ჩემი ჯიბიდან იღებ ამდენ ფულს, ჩემ წინააღმდეგ აკეთებ გადაცემებს, ისევ მე უნდა გამოვიდე მიტინგზე, ვითომ თავისუფალ სიტყვას ვიცავ?! მისი დირექტორი, წელიწადში ნახევარ მილიონზე მეტს იღებს. თუ პარტიული ტელევიზია უნდათ, დაუბრუნონ საზოგადოებას კუთვნილი თანხა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სასამართლოზე მაღალი წარმოდგენა არ მაქვს, რაც სტრასბურგის სასამართლომ ჩაიდინა, ჩვენი ქვეყნისა და სასამართლოს სრული უპატივცემულობაა. ევროსასამართლომ ტელეკომპანიების _ „იბერიისა“ და ,,იმედის'' საქმეები წლების განმავლობაში არ განიხილა. მაშინ რატომ არაფერი გააკეთეს? ჩვენს ქვეყანას ექცევიან როგორც სათამაშოს და შეურაცხყოფილი ვარ. საერთოდ დაკარგა ევროსასამართლომ ჩემთვის ფასი, რადგან ტელეკომპანია „იბერიაზე“, „იმედზე“, გირგვლიანის საქმესა და სხვა მრავალზე წლობით თვალს ხუჭავდა და ახლა „რუსთავი 2''-ის საქმე ყველაზე პრიორიტეტულად მიიჩნია. ფაქტობრივად, ის პრიორიტეტულად მიიჩნევს და იცავს „რუსთავი 2“-ის მმართველის მაღალ ანაზღაურებას, რომელიც თავად იყო ჯალათი და შემოქმედი ამ უსამართლობისა და არა ჟურნალისტების თავისუფლებას, რომელთა დამოუკიდებლობას საფრთხე არ ემუქრება... თუ დაემუქრება, პირველი მე დავდგები მათ დასაცავად, ვისგანაც უნდა განიცდიდნენ შევიწროებას. ისე, ,,რუსთავი 2''-მა გამხადა პოპულარული და მის გარეშე გამიჭირდება... (იცინის).
_ რა ამის პასუხია და, ბატონო თამაზ, მართლა მძიმე ხასიათი გაქვთ?
_ ღმერთის საჩუქარი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ არც ისეთი მძიმე, ზოგს რომ ჰგონია (იცინის)
_ წინა მოწვევის პარლამენტში სკანდალური განცხადებებით გამოირჩეოდით. ხელისუფლების წარმომადგენლები განსხვავებული აზრის გამოთქმისგან თავს იკავებენ ხოლმე. გუნდსა და თქვენ შორის შავი კატის გარბენის მიზეზი თქვენი პრორუსული ორიენტაციაც იყო?
_ რატომღაც სიმართლის თქმას სკანდალურს უწოდებენ. ჩემთვის მიუღებელია ორმაგი სტანდარტი _ თუ ცუდია ჩრდილოეთიდან მართვა, ასევე ცუდია დასავლეთიდან მართვა. თავად ტრამპი ერიდება რუსეთთან დაპირისპირებას და ცდილობს მასთან ურთიერთობის დალაგებას. ჩვენ კი რუსეთს ნატო-თი ვემუქრებით. ეროვნული პოზიციების დაცვა არ ნიშნავს პრორუსულ ორიენტაციას.
_ დასავლეთთან კარგი ურთიერთობა რომ არ გვქონოდა, რუსეთი აქამდე მეტ ტერიტორიას არ წაგვართმევდა?
_ ვინ დაუშლიდა, ეს რომ ნდომებოდა?
_ 2008 წლის ომის დროს დასავლეთი დაგვიდგა გვერდით, არ გახსოვთ?
_ გგონიათ, რუსთაველზე გამართულმა ტაშფანდურმა და „სარკო, სარკოს'' ძახილმა შეაშინა?! რაც უნდოდა, მიიღო... მაშინ პუტინს მეტი არაფერი უნდოდა.
_ მოკლედ, რუსეთი ოკუპანტია თუ არა?
_ ჩემთვის ოკუპანტია ყველა ქვეყანა, ვისაც მითვისებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, მათ შორის რუსეთიც.
_ იქნებ, უბრალოდ აღიაროთ, რომ მოგწონთ რუსეთი და გინდათ კარგი ურთიერთობა!
_ ასე თუა, ევროპაც მომწონს. ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი...
_ მოსკოვში დადიხართ ხოლმე?
_ დიდი ხანია არ ვყოფილვარ, თუმცა შარშან ვიყავი...
_ პოლიტიკური შეხვედრები გქონდათ?
_ იქ შვილი მყავს, თუმცა შევხვდი პოლიტიკოსებსაც.
_ რაზე საუბრობთ რუს პოლიტიკოსებთან, აფხაზეთზე?
_ შეუძლებელია, რუს პოლიტიკოსთან აფხაზეთზე არ ისაუბრო.
_ მერე რას ამბობენ?
_ განსხვავებული პოზიციები აქვთ იქაც.
_ რუსეთ-სომხეთის რკინიგზის ხაზი უნდა აღდგეს?
_ თუ ამისთვის პოლიტიკურ დივიდენდებს მივიღებთ, რაც აფხაზეთზე ჩვენს გავლენას გაზრდის, შეიძლება ამაზე ფიქრი. გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე უნდა გავხდეთ მრავალი ქვეყნის ინტერესთა თანხვედრის და არა დაპირისპირების ადგილი, აქედან სარგებელი უნდა მივიღოთ.
_ პარტიიდან წამოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა გაქვთ?
_ არჩევნების შემდეგ მხოლოდ ერთხელ შევხვდი პირადად.
_ ძველი ურთიერთობა გაგიფუჭდათ?
_ რატომ? ბევრ კურსელს უფრო დიდი ხანია არ შევხვედრილვარ, მაგრამ ურთიერთობა არ გამფუჭებია.
_ ფიქრობთ, ივანიშვილი ქვეყანას არაფორმალურად მართავს?
_ ფაქტია, მისი გავლენა ძალიან ძლიერია. მან მოიყვანა სათავეში ხელისუფლება და პრაქტიკულად, ოპოზიციაც _ რაღაც დოზით ნაციონალების აღზევებასაც შეუწყო ხელი. ივანიშვილის დამსახურება დიდია, მის გარეშე შეუძლებელი იყო 9-წლიანი რეჟიმის დანგრევა... თუმცა, სამწუხაროდ, გარეძალების გავლენითა და რესპუბლიკელების მეშვეობით თავსმოხვეული კოჰაბიტაციის გამო ნაციონალების დიდი ნაწილი დაპორტირდა სახელისუფლებო სტრუქტურებში, ამიტომ დიდი შეფერხებით მიმდინარეობს სამართლიანობის აღდგენა, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. საკადრო შეცდომები იმითაცაა გამოწვეული, რომ ივანიშვილს ცხოვრების ჩაკეტილი წესი აქვს და ინფორმაციას რამდენიმე პირისგან იღებს, რაც არ გამორიცხავს, რომ სუბიექტური ინფორმაცია მიეწოდება.
_ ამ ფონზე, ივანიშვილს რას ურჩევდით?
_ ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს! პასუხისმგებლობა აიღოს და საქმე ბოლომდე მიიყვანოს.
_ საპატრიარქოს სკანდალს როგორ აფასებთ და თუ ეთანხმებით ვერსიას, რომ ,,ციანიდის საქმეშიც'' რუსეთის ხელი ურევია?
_ მძიმე აღსაქმელია ეს ყველაფერი, თუმცა ეკლესიის განწმენდისთვის შეიძლება, უკეთესიც იყოს. დაგროვდა პრობლემები, რომლებსაც საპატრიარქომ უნდა მიხედოს და პოლიტიკოსები ნაკლებად უნდა ჩაერიონ. ღვთის მადლით, პატრიარქი ჯანმრთელადაა, მას შესწევს ისეთი გადაწყვეტილებების მიღების უნარი, რომელიც როგორც ეკლესიის, ასევე მთლიანად ქვეყნის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება ვერსიებს, ვერც რუსეთზე დავდებ თავს, რომ ჩვენ ეკლესიაში ინტერესი არ აქვს, მაგრამ ყველაზე ნაკლებად მართლმადიდებლური ეკლესიის ინტერესები მგონია. ეს იმ ფსევდოლიბერალურ ძალებს აწყობს, ვისაც ჩვენი რწმენის შერყევა და საპატრიარქოს დაშლა უნდა. ეს გეგმა სააკაშვილს ჰქონდა.
_ 11 მარტს ბათუმში მომხდარ ინციდენტს როგორ აფასებთ?
_ ეს კოჰაბიტაციის შედეგია! აღმასრულებელი ხელისუფლების ვერტიკალსა და განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებში, უმაღლესი ეშელონების გარდა, ჩარჩენილია ძველი კადრები, რომლებიც სხვის საძინებლებში ყურებაში უფრო დახელოვნებულები იყვნენ, ვიდრე დესტრუქციული ძალების მიერ შექმნილი საფრთხეების გამოვლენაში. ბათუმის მოვლენებში ორგანიზებულობიდან და მათი ეკიპირებიდანაც ჩანდა, რომ ეს ჯგუფი წინასწარ იყო მომზადებული. ასე რომ, ხელისუფლებამ თავისი წილი პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს, რატომ ვერ მოახერხეს მათი წინასწარ გამოვლენა, თავიდანვე არ აღკვეთეს მათი საქმიანობა და მისცეს საშუალება, კონფლიქტი გამოეყენებინათ ვანდალური აქტის განსახორციელებლად. ასევე აშკარად ჩანდა ამ ჯგუფის კავშირი ნაციონალურ მოძრაობასთან. განვითარებული მოვლენების დასკვნით ნაწილში კი ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე იყო, ნამდვილად არ გადაუჭარბებია უფლებამოსილებისთვის, ფრთხილად მოქმედებდა. წინამორბედისგან განსხვავებით, დღევანდელი ქმედება გაცილებით ჰუმანური და ადამიანის უსაფრთხოებაზე ორიენტირებული იყო... ამიტომ არ დაღვრილა სისხლი და დაზიანებები ძირითადად ე.წ. მომიტინგეების აგრესიული ქმედებების შედეგი იყო.
_ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ დესტაბილიზაციიის ასარიდებლად?
_ უნდა შექმნას ყველა პირობა, რომ ყველა გემოვნების ამომრჩეველს ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის საშუალება. ბოლო არჩევნებზე აიძულეს ამომრჩეველი, ხელისუფლებაში დიდი დოზით მოეყვანა ფსევდოლიბერალური ძალები. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მისცემს საშუალებას ხელისუფლებას, გამოასწოროს შეგნებულად თუ შეუგნებლად დაშვებული შეცდომები. თუ დავრწმუნდები, რომ ის დაინტერესებულია სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნით, რაც უზრუნველყოფს ხალხის ნების სრულფასოვნად გამოხატვას, ჩვენი პარტია მონაწილეობას მიიღებს ამ არჩევნებში.
თათია გოჩაძე

back to top