საშინელი ანტისანიტარია და მომსახურება - რატომ სჯობს თურქეთში დასვენება ბათუმს

ბლოგი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ია გრიგალაშვილი

 

ზაფხული თითქმის ყველასთვის საყვარელი სეზონია, რომელიც სანატრელ შვებულებას და დასვენებას უკავშირდება. ზოგიერთი ადამიანი, რამდენიმე თვით ადრე გეგმავს, თუ როგორ გაატარებს ზაფხულის არდადეგებს. დაგეგმვა კი არცთუ მარტივია, როდესაც ბინის/სასტუმროს პოვნა და სხვადასხვა ხარჯის გათვალისწინება გიწევს. მართალია, ჩვენი ქვეყანა კურორტების ნაკლებობას არ უჩივის და ამ მხრივ განებივრებულები ვართ, მაგრამ საქართველოში დასვენება საკმაოდ ძვირია. ზოგ შემთხვევაში, იმდენად ძვირი, რომ იმავე თანხით შესაძლებელია, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრება. მეც გადავწყვიტე, ექსპერიმენტი ჩამეტარებინა, პირველ რიგში, უცხო ქვეყნის საზღვაო კურორტზე გავემგზავრე, შემდეგ კი საქართველოში, ბათმისკენ ავიღე გეზი. ალბათ, ბევრს აინტერესებს, სიმართლეა თუ არა, რომ საზღვარგარეთ მიღებული მომსახურება და სიამოვნება ბევრად უკეთესია. ამიტომ, ჩემს წლევანდელ გამოცდილებას და შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ.

შვებულების ადრიანად დაგეგმვა ყოველთვის მიჭირს, რადგან ოჯახის წევრების - ჩემი თანამგზავრების საქმიანობის გათვალისწინება მიწევს. წელს, შვებულების თარიღის დასახელებიდან მის დაწყებამდე, სამი კვირა იყო დარჩენილი, ამიტომ სასწრაფოდ უნდა გადამეწყვიტა, სად გავატარებდი დროს. საბოლოოდ, არჩევანი მაინც ზღვის კურორტზე შევაჩერე. ბავშვობიდან მოყოლებული, ჩემთვის ზაფხული ზღვაზე დასვენებისა და ბათუმის გარეშე, წარმოუდგენელი იყო, თუმცა მეც და ოჯახის წევრებსაც სიახლე და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა გვინდოდა. გადავწყვიტეთ, თურქეთზე, კერძოდ კი, ალანიაზე შეგვეჩერებინა არჩევანი. ნაცნობებისგან ვიცოდით, რომ ლამაზი ქალაქია, ასევე, ინტერნეტში ინფორმაცია მოვიძიეთ და საკმაოდ მოვიხიბლეთ. სასწრაფოდ დავჯავშნეთ ავტობუსის ბილეთები, რადგან სამ კვირაზე ნაკლები იყო დარჩენილი და ფრენა ძალიან ძვირი ჯდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გვითხრეს, 27 საათი მოგვიწევდა მგზავრობა, არ დავნებდით. ბილეთი თითო ადამიანზე, ერთი გზა - 200 ლარი დაჯდა. შემდეგ ტურ-ოპერატორის დახმარებით, სასტუმროს ძებნას შევუდექით, სამწუხაროდ, არჩევანი დიდი არ იყო, რადგან ყველას ადრიანად ჰქონდა დაჯავშნილი, თანაც წელს, როგორც საქართველოში, ისე თურქეთში, ოთხჯერ მეტი რუსი და უკრაინელი ტურისტი იყო, ვიდრე წინა წლებში.

შვებულების დაწყებიდან ორი კვირით ადრე, სასტუმრო ავარჩიეთ და დავჯავშნეთ. თურქეთში მოგზაურობა შაბათს, 9 ივლისს დაიწყო. დილის 10.00 საათზე, ორთაჭალის ავტოსადგურში გამოვცხადდით და ავტობუსში ჩვენი ადგილები დავიკავეთ. საკმაოდ კომფორტულად ვიმგზავრეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯამში, 30 საათი დაგვჭირდა. ავტობუსი ყოველ სამ საათში აჩერებდა, სარფის საბაჟოც სწრაფად და უპრობლემოდ გავიარეთ. მთელი გზა მშვიდად მივდიოდით, ძალიან მოწესრიგებული მოძრაობა იყო გზაზე. ფანჯრიდან ულამაზესი ხედები იშლებოდა, ყველა სოფელში დამუშავებული, მოვლილი, თვალუწვდენელი მინდვრები და კოხტა სახლები ჩანდა.

კვირას, საღამოს, უკვე სასტუმროში ვიყავით. სასტუმრო იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა. როგორც გავიგეთ, ორი ათასზე მეტი დამსვენებელი ჰყავდათ. შესვლისთანავე, მიმღებში გაგვაფორმეს, სასტუმროს სამაჯურები ხელზე გაგვიკეთეს, ბედნიერი დასვენება გვისურვეს და ოთახებში გაგვანაწილეს. ნომრები სუფთა, მოწესრიგებული და კომფორტული იყო - საკუთარი აბაზანით, კარადაში პატარა მაცივრითა და კონდიცირებით. პერსონალმა ყველა დეტალი აგვიხსნა, რისი ცოდნაც სასტუმროში ყოფნისას დაგვჭირდებოდა. 

ბარგი დავალაგეთ და დაღლილები სამზარეულოსკენ გავეშურეთ, რომელიც უზარმაზარი აღმოჩნდა, თითქმის ყველაფერი ჰქონდათ, რაც კი შეიძლებოდა, ადამიანს ენატრა - ყველა ტიპის საკვები და სასმელი, ე.წ. შვედური მაგიდის გარდა, თურქული ტკბილეული, საკვები, ასევე, იტალიური კერძები. დაბნეულებმა აღარ ვიცოდით, რა გაგვესინჯა. სამზარეულო ქვედა სართულზე იყო, საიდანაც ეზოში გავდიოდით, სასტუმროს უზარმაზარი აუზი ჰქონდა, ცალკე იყო ბავშვებისთვისაც. იქვე იყო ბარი, სადაც უფასო სასმელებსა და ნაყინს გვთავაზობდნენ. შუადღეს, სპეციალური გასართობი პროგრამა იწყებოდა.

აუზი ძალიან სუფთა და მოწესრიგებული ჩანდა, რამდენჯერმე ვიცურავეთ, თუმცა მაინც ზღვაზე გასვლას ვამჯობინებდით. სასტუმროს იზოლირებული პლაჟი ფეხით ორი წუთის სავალზეა. საკუთარი შეზლონგებითა და ბარით, სადაც ასევე, უფასოა გამაგრილებელი სასმელები. ზღვა საოცრად სუფთა და ლამაზია. პლაჟზე, მაქსიმუმ, ორი-სამი საათით, შეიძლება გაჩერდეთ, რადგან წყალი იმდენად მარილიანია, სიცხეში, ზღვის მარილი ტანზე შეშრობისას „იკბინება“ და ცოტა არასასიამოვნოა, თუმცა დიდი პლუსი ის აქვს, რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და ძალიან სწრაფადაც ირუჯები.

მესამე დღეს, ვისარგებლეთ სასტუმროს სპა-სალონის სპეციალური პაკეტით, რომელიც 35 აშშ დოლარი ღირს. აღნიშნულ მომსახურებაში შედიოდა სახისა და ტანის მასაჟი, თურქული აბაზანა და საუნა. ძალიან სასიამოვნო იყო ყველა პროცედურა, განსაკუთრებით, თურქული აბაზანა. აქვე, ქვედა სართულზე ფუნქციონირებდა გასართობი - სათამაშო სივრცე ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო ოთხვარსკვლავიანია და თანაც, დიდი ხნის აშენებული, არაჩვეულებრივი მომსახურება ჰქონდათ. ის ალანიიდან 15 კილომეტრში მდებარეობს, კერძოდ, კონაკლის დასახლებაში, სადაც, ძირითადად, სასტუმროებია გაშენებული. იქვე იყო სხვადასხვა სავაჭრო ობიექტი და მოლი. ერთ-ერთ საღამოს, გასეირნებისას, იქ მცხოვრები ქართველი მამაკაცი გავიცანით, რომელიც ექსკურსიის ტურებს ჰყიდდა. ჩვენც, რა თქმა უნდა, უცხო მიწაზე ქართველის დანახვით აღფრთოვანებულებმა, შთაბეჭდილებები გავუზიარეთ. როგორც თანამემამულეებს, ფასდაკლებით - 15 აშშ დოლარად შემოგვთავაზა გემის ექსკურსია-ტური, რომელიც ტურისტებისთვის 35 აშშ დოლარი ღირდა. დავთანხმდით,  შევიძინეთ და მართლაც, ძალიან ვისიამოვნეთ.

დილის 10.00 საათზე, ტრანსპორტმა მოგვაკითხა, მიგვიყვანეს პორტში, საიდანაც გემზე ავედით. აქედან დაიწყო ულამაზესი სანახაობა, ტური საღამოს 17.00 საათამდე გაგრძელდა, რომელშიც უფასო სადილი შედიოდა. ზღვიდან იშლებოდა ქალაქისა და პლაჟების საოცარი ხედები, ჰქონდათ კარგი გასართობი პროგრამა. რამდენჯერმე გავჩერდით კიდეც, შუა ზღვაში საცურაოდ, 17.00 საათზე კი ნაპირს მივუახლოვდით, სადაც იგივე მიკროავტობუსი დაგვხვდა და სასტუმროში დაგვაბრუნა. თუ ალანიაში მოგზაურობას დაგეგმავთ, გემის ექსკურია-ტურით, მართლაც, ძალიან ისიამოვნებთ.

მეხუთე დღეს, ქალაქში გასეირნება და „შოპინგი“ გადავწვიტეთ. ცენტრალური გზა ზედ სასტუმროსთანაა და ავტობუსები ქალაქის მიმართულებით ყოველ 15 წუთში დადიან. მგზავრობა 1 აშშ დოლარი ღირს. 10-15 წუთში, ალანიას ცენტრში აღმოჩნდებით. მარკეტებში საკვები ძალიან იაფია, ასევე, ბუტიკებსა და ბრენდულ მაღაზიებში, ტანისამოსსა თუ ფეხსაცმელს ბევრად უფრო იაფად შეიძენთ, ვიდრე საქართველოში.

დეტალურად კიდევ ბევრი რამაა მოსაყოლი, თუმცა შორს წაგვიყვანს. საბოლოოდ, ჩემი მოგზაურობა რომ შევაჯამო, არაჩვეულებრივად დავისვენე და გავერთე, ვნახე ულამაზესი ადგილები და მივიღე უმაღლესი ხარისხის მომსახურება ყველა მიმართულებით. ასე დასრულდა ჩემი პირველი, ერთკვირიანი შვებულება თურქეთში.

 

***

აგვისტოში კიდევ ერთი, ერთკვირიანი შვებულება მქონდა და გადავწყვიტე, ამჯერად საქართველოში დამესვენა. მთის კურორტზე წასვლას, ისევ ზღვა ვამჯობინე. არჩევანი კი, როგორც ყოველთვის, ბათუმზე შევაჩერე, რადგან ჩემთვის ძალიან საყვარელი ქალაქია, რომელიც ტკბილ მოგონებებსა და ბედნიერ დღეებს უკავშირდება.

სასტუმროების ნომრის ფასები კოლოსალური აღმოჩნდა, თანაც კვების გარეშე, ამიტომ კორპუსის ბინის ძებნა დავიწყე. ორი კვირით ადრე, უძრავი ქონების პლატფორმებზე, თითქმის ყველა განცხადება ვნახე, თუმცა არჩევანი ძალიან ცოტა და არცთუ კარგი იყო. როგორც ამბობდნენ, ყველაფერი ეს, დიდი რაოდენობით, რუსებისა და უკრაინელების ვიზიტმა განაპირობა. ფასები საკმაოდ მაღალია. ყველაზე იაფად, 80 ლარად შემხვდა საშუალო ან დაბალი დონის ბინები, სადაც ორი, მაქსიმუმ, სამი ადამიანი თუ დაეტეოდა. შედარებით ნორმალური აპარტამენტების ფასი 130 ლარიდან იწყებოდა. როგორც იქნა, ერთ-ერთ  ბინას გადავაწყდი, რომელიც კარგად გამოიყურებოდა და მფლობელი ღამეში 80 ლარს ითხოვდა. ბინაში იყო პატარა საძინებელი და სტუდიოს ტიპის სამზრეულო - მისაღებში, სადაც გასაშლელი დივანი იდგა. ამიტომ, ბევრი არ მიფიქრია, მაშინვე დავჯავშნე და ავანსის სახით, მფლობელს წინასწარ 50 ლარი გადავურიცხე.

14 აგვისტოს, კვირას, საკუთარი მანქანით ბათუმში გავემგზავრეთ. 19.00 საათისთვის, უკვე კორპუსთან ვიყავით. ბინა სასტუმრო „კოლეზეუმთან“ ახლოს, პირველ ზოლში მდებარეობს, „ორბის“ კორპუსების გვერდით. როგორც აღმოჩნდა, კორპუსი ცხრასართულიანი ყოფილა და მეათე სართული დაშენებული ჰქონია. აბარგება რომ დავიწყეთ, ლიფტი მხოლოდ მეცხრემდე ავიდა და ის ერთი სართული ფეხით ავიარეთ. ამაზე წინასწარ მეპატრონეს არ გავუფრთხილებივართ. დადგა ბინის ჩაბარების მომენტიც, შესვლისთანავე, აუტანელი სიგარეტის სუნი და უჰაერობა ვიგრძენით. მალევე, გასაღები ჩავიბარეთ და მეპატრონის ქალიშვილი  გამოგვემშვიდობა. გადაღლილები დივანზე დავსხედით და დავიწყეთ ბინის დათვალიერება,  10 წუთის მანძილზე, ხუთმა კოღომ მაინც მიკბინა. ერთი შეხედვით, ბინა დალაგებული ჩანდა, თუმცა ჭუჭყი თითქოს  ყველაფერში იყო გამჯდარი, აუტანელი სიბინძურე და უჰაერობა სუფევდა. ერთსაათიანი მსჯელობის შემდეგ მივხვდით, რომ იქ ვერ ვიცხოვრებდით, თუნდაც 6 დღე. მეპატრონეს დავურეკეთ და ყველაფერი ავუხსენით, თუმცა აქეთ გაგვლანძღა, ცოტა ხნის წინ, თავად დავალაგე ყველაფერიო. სხვა გზა არ იყო, გარდა იმისა, რომ ბინა დაგვეტოვებინა. ამდენი ბარგი ტანჯვით დავაბრუნეთ მანქანაში. ამასობაში, 22.00 საათიც გახდა. დაღლილებმა და გაღიზიანებულებმა, ახალი ბინის ძებნა დავიწყეთ, ბევრგან დავრეკეთ, მაგრამ ყველა გვეუბნებოდა, რომ თავისუფალი ბინა არ ჰქონდათ, ზოგი ირონიულადაც კი მოგვმართავდა, წელს ბათუმში იმდენი დამსვენებელია, ტყუილად ეძებთ, მაინც ვერ იპოვითო. ღამის პირველ საათამდე უშედეგო ძებნის შემდეგ, ისღა დაგვრჩენოდა, მანქანაში გაგვეთენებინა. კოშმარივით მახსენდება, ოთხნი ვიყავით და ორმა ძლივს დაიძინა, ცოტა ხნით. მანქანაში უამრავი კოღო შემოფრინდა. ბათუმს არ ეძინა, ქალაქში ღამის ცხოვრება ჩქეფდა. ჩვენ კი დატანჯულებს, ერთი სული გვქონდა, როდის გათენდებოდა. დილით, სანამ კვლავ განცხადებების დათვალიერებას შევუდგებოდით, ახლომდებარე ტერიტორიაზე ხალხი გამოვკითხეთ, ვინმეს თავისუფალი ბინა ხომ არ ჰქონდა. უცებ ერთი ვარიანტი გამოჩნდა და ბინის სანახავად მიგვიყვანეს, ღამეში 170 ლარად. ბინა ახალაშენებულ კორპუსში იყო, პირველ ზოლში, სადაც შედარებით ნორმალური სიტუაცია დაგვხვდა, თუმცა ამის მიუხედავად, სისუფთავის პრობლემა ამ ბინაშიც იგრძნობოდა. გამქირავებელს ვუთხარით, რომ მოვიფიქრებდით და დავუკავშირდებოდით. ისევ მანქანაში დავბრუნდით და ბათუმელ ნაცნობს დავურეკეთ დახმარების სათხოვნელად. ჩვენი ისტორია რომ მოისმინა, ძალიან შეწუხდა და დაგვპირდა, რომ ყველგან გაიკითხავდა, ჰქონდა თუ არა ვინმეს თავისუფალი ბინა. მართლაც, ნახევარ საათში დაგვირეკა, ბევრი წვალების შემდეგ, ბინა აგენტის მეშვეობით უნახავს. ვთხოვეთ, ფოტოები გადმოეგზავნათ „ვოთსაპზე“ და მხოლოდ შემდეგ გადაწყვეტდით, გვენახა თუ არა. მალევე გადმოგვიგზავნეს, მოგვეწონა და სანახავად წავედით. მართლაც, მშვენიერი ბინა აღმოჩნდა, რაც მთავარია, სუფთა, დამლაგებელიც კი ადგილზე დაგვხვდა. სტუდიოს ტიპის საცხოვრებელი, ერთი საძინებლით, ახალაშენებულ კორპუსში, ძველ ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ გადასწვრივ, ზღვიდან 7-10 წუთის სავალზე. საბოლოოდ, ამ ბინაში დავრჩით, უზომოდ განერვიულებულები ვიყავით, მაგრამ ხასიათი არ გავიფუჭეთ და იმ საღამოსვე ზღვისკენ გავეშურეთ.

პლაჟი საკმაოდ დაბინძურებული დაგვხვდა - პლასტმასის ჭიქები, ბოთლები, სიგარეტის ყუთები და მორჩენილი საკვები მთელ პლაჟზე იყო მიმოფანტული. ქალაქში უამრავი ადამიანი გადაადგილდებოდა, განსაკუთრებით, რუსულ-უკრაინული წარმოშობის. სიმინდი ყველგან 5.00 ლარი ღირდა, მხოლოდ ერთ ადგილზე ჰყიდდა ახალგაზრდა გოგონა 3.00 ლარად, ამიტომ მასთან ვყიდულობდით.

ექვსი დღე გავატარეთ ბათუმში და აქედან ყოველდღე, მინიმუმ, ერთხელ მაინც ვიკვებებოდით რესტორანში ან კაფეში. ფასები ყველგან ძალიან მაღალი იყო. ერთი სტანდარტული აჭარული ხაჭაპური 14.00დან 18.00 ლარამდე ღირს, ისიც ზოგან უგემური იყო, სერვისი კი - საშინელი. თითქმის ყველგან პრიორიტეტს უცხოელი დამსვენებლები წარმოადგენდნენ - ჯერ მათ ემსახურებოდნენ, შემდეგ ქართველებს. შეკვეთას დიდხანს უნდა ველოდით, ზოგჯერ საერთოდ არც იღებდნენ, სანამ რომელიმე მიმტანს ან მენეჯერს არ შევაწუხებდით. ქართველების მიმართ არ იჩენდნენ დიდ ყურადღებას და უჟმური სახით გვემსახურებოდნენ. საკვებიც საშუალო ან საშუალოზე დაბალი ხარისხის მოჰქონდათ. უცნაურია, აჭარული ხაჭაპურის კუთხეში, სულ რამდენიმე ადგილას თუ დააგემოვნებთ ნორმალურ აჭარულს. ორ ობიექტზე იმდენად ცუდი მომსახურება ან კერძი მივიღეთ, მენეჯერთან ვიკამათეთ კიდეც. გამონაკლისი იყო საკონდიტრო-კაფეები, დესერტები ბათუმში საკმაოდ გემრიელი აქვთ, ფასი - არცთუ მაღალი. ექვსი დღის მანძილზე, უამრავ უსიამოვნო სიტუაციაში აღმოვჩნდით, თან ისე, რომ ჩვენი ბრალი არც იყო. მიუხედავად იმისა, რომ პოზიტიურ განწყობას ვინარჩუნებდით, ძალიან უკმაყოფილო წამოვედი.

თურქეთში, შვიდდღიანი არაჩვეულებრივი მოგზაურობა ერთ ადამიანს, ჯამში, 1000 ლარი დაუჯდება, თანაც გზის, სასტუმროსა და ულიმიტო კვების ჩათვლით. ბათუმში, ექვს დღეში, თითქმის იგივე თანხა დავხარჯეთ, მაგრამ თითქმის არსად კარგი მომსახურება არ მიგვიღია.

სამწუხაროა, რომ შენს ქვეყანაში პრიორიტეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე ხდება და ცუდ მომსახურებას იღებ. არადა, ყველამ იცის, რომ შიდა ტურიზმის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. წესით, ქართველებისთვის საკუთარ ქვეყანაში დასვენება საკმაოდ სასიამოვნო და  მომგებიანი უნდა იყოს, თანაც მაშინ, როდესაც უამრავი სანახაობრივი ადგილი გვაქვს და წლის ნებისმიერ სეზონზე, ბუნება შესაბამის საკურორტო ლოკაციას გვთავაზობს. რა თქმა უნდა, ეს ყველა სასტუმროს ან კვების ობიექტს არ ეხება, საბედნიეროდ, მომსახურების ისეთი ობიექტებიც გვაქვს, სადაც შესანიშნავად გაატარებთ დროს.