Menu
RSS

VI რეპრესიები: სიყალბე და რეალობა

ვიცი, მკითხველო, რომ ამდენი განსჯით ბევრი დავღალე, ბევრი გავაღიზიანე და ბევრიც გადავიმტერე, მაგრამ მე ,,აქ ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს'', სიმართლეს ვერ გავექცევი _ ,,ხე ნაყოფით შეიცნობა''.
სტალინმა რუსეთი და მასთან ერთად საქართველოც ფეხზე დააყენა, რასაც საკუთარი სისხლიც შესწირა, არაფერს ვამბობ იმაზე, გადასახლებებში და დევნაში რა წამება განიცადა. არც მსოფლიო ომში გამარჯვებაზე დავძრავ სიტყვას. უბრალოდ, ვიტყვი, რომ მან თავისი ,,სამწყსო'' მტერთან დაღვრილი სისხლიდან და მოგიზგიზე ცეცხლიდან ფოლადივით გამოწრთობილი გამოიყვანა.
საბჭოთა ტერორი რომ ლენინ-ტროცკიმ დანერგეს, ეს საყოველთაოდ ცნობილია. რაც შეეხება 30-იანი წლების საერთო რეპრესიებს, აქ უფრო რთული სურათი გვაქვს: ერთი მხრივ დამშეული ქვეყნის ფეხზე დაყენება, კლასთა შორის წინააღმდეგობა და მეორე მხრივ ტროცკისტების სიონისტური ტაქტიკა _ დანაშაულს მე ჩავიდენ, მევე გამოვიძიებ და შენ დაგაბრალებ!..
30-იან წლებში, რა თქმა უნდა, უამრავი კაცი ეწინააღმდეგეობდა სოციალიზმის (უბოროტო საზოგადოების) მშენებლობას: ბევრი დივერსიით, ბევრი _ ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი პირების მხარდაჭერით, მაგრამ ყველა გადასახლებას ან სულაც დახვრეტას როდი იმსახურებდა _ ადამიანურ გადაცდომებსაც ხომ თავისი ხარისხი აქვს (მკვლელი, ყაჩაღი, მოღალატე, ქურდი, მოლაყბე და ა.შ). მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ფრო-ემკინის (ძერჟინსკის) შექმნილი პოლციური აპარატი, რომელშიც ცოფიანი ძაღლები იყვნენ თავმოყრილნი, ძა-ლიან დიდხანს ვერ მოიშალა. სტალინი ცვლიდა და სასტიკად სჯიდა მის კენწეროში მყოფ მოხელეებს (იაგოდა, ეჟოვი და მრავალი სხვა), მაგრამ მილიონიან არმაგედონს პირადად ვერც გადაამზადებდა და ვერც გადაახალისებდა. მან მთელი თავისი ძალისხმევა ეკონომიკას და იმ წითელი არმიის რეორგანიზაციას მოახმარა, რომელიც ასევე ტროცკის შექმნილი იყო. ერთი სიტყვით, ჩვენ საერთო სურათი ასე წარმოგვიდგება: ტროცკისტები ქვეყნის და სტალინი ტროცკისტების წინააღმდეგ. ამას ემატებოდა მოძმე რესპუბლიკების სათავეში მყოფთა მცდელობა, რომ ბოლშევიკობა სწორედ გადაჭარბებული რეპრესიებით დაემტკიცებინათ _ ანუ ყოფილიყვნენ ,,რომის პაპზე უფრო დიდი კათოლიკენი''. გავიხსენოთ წინა თავში მოტანილი ციტატაც, რომელიც ლენინის ერთგულ მოწაფეს გუსევს (იაკობ დრაბკინს) ეკუთვნის: ,,ლენინი თავის დროზე გვასწავლიდა, რომ პარტიის ყველა წევრი ჩკ-ს აგენტი უნდა იყოს, ანუ უნდა ხედავდეს და აბეზღებდეს''. საბჭოთა კავშირის რუკას რომ გადახედავ, იმხელაა, თვალი დაგეღლება, მოდი და, ამ სივრცეში გაშლილ ორომტრიალში ყველა მტყუან-მართალი გაარჩიე ერთმა კაცმა!.. ყველას ხმა ხომ ვერ მიაღწევდა ზევით. ვისმა მართალმა ხმამაც მიაღწია, ის გადარჩა: შოლოხოვი, ბულგაკოვი, პასტერნაკი, ივ. ჯავახიშვილი და კიდევ მრავალი სხვა. უფრო მეტი ვერ გადარჩა. ნაწყვეტი კანდიდ ჩარკვიანის მემუარებიდან ,,სტალინთან ურთიერთობის ეპიზოდები'':
,,ერთი შეხვედრისას, რომელსაც პოლიტბიუროს წევრებიც ესწრებოდნენ, სტალინი შემეკითხა _ დავით ონიაშვილს (1904 წლიდან მენშევიკი, სტალინის ახლო ნაცნობი, დახვრიტეს 1937 წელს, _ გ.ქ.) თუ იცნობდითო.
_ პირადად არა, ამხანაგო სტალინ, მაგრამ ვიცნობდი, როგორც ,,კაპიტალის'' პირველი თარგმანის ავტორს.
_ იქნებ, ბერიამ გვითხრას, რისთვის დაიღუპა ეს ნიჭიერი, ხალხისთვის მეტად საჭირო კაცი?
ბერია შეკრთა, მაგრამ არ დაიბნა:
_ ჟორდანიასთან, ემიგრანტ მენშევიკებთან ჰქონდა კავშირი, ამხანაგო სტალინ, ტყუილად როგორ დავაპატიმრებდით.
_ მიხეილ ჯავახიშვილიც ჯაშუშად მონათლეთ, არა? თუ მოინდომებდით, ყველაფერს გააკეთებდით.
_ ჯავახიშვილი პოლონეთის საელჩომ მოისყიდა _ თვითონ აღიარა.
_ და თქვენ ეს გჯერათ? მეტი დაფიქრება იყო საჭირო. ბრალიც რომ ჰქონოდათ, უნდა დაგეძახათ, გაგეფრთხილებინათ. საქმის გამოძიებაც, ალბათ, რიგით გამომძიებელს ჩააბარეთ, კონტროლსაც არ უწევდით. იცოდეთ, მარტო ამ ორი მოღვაწის განუკითხავად დაღუპვით თქვენ დიდი დანაშაული ჩაიდინეთ ქართველი ხალხის წინაშე.''
დავაკვირდეთ ფრაზას: ,,მარტო ამ ორი მოღვაწის დაღუპვით''... გამოდის, რომ ომის წინ სტალინის ყურამდე სხვა ქართველი მოღვაწეების განადგურების ამბავმაც მიაღწია.. ამის დასამოწმებლად შორს არ წავალ _ დიდედაჩემის (დედის დეიდის) დარო გალდავაძე-მალანიას ნაამბობს გავიხსენებ. მისი ქმარი კოლია მალანია, ფრიად განათლებული კაცი, ერთ-ერთი სტამბის დირექტორი გახლდათ.. ეს სტამბა ამჟამინდელ დავით აღმაშენებლის მოედანთან და ყოფილ კინოთეატრ ,,კომკავშირელის'' გვერდით მდებარეობდა. დაროს და კოლიას საცხოვრებელი ოთახიც ამ ეზოს ერთ-ერთ კომუნალურ სახლში იდო. მათ ოჯახში სუფრასთან ხშირად მსხდარან ცნობილი მწერლები. ერთ დღეს კოლია მალანიას მიაკითხეს და დააპატიმრეს. დარომ ,,რკინის ქალამანი'' ჩაიცვა და როგორღაც ვასო თუ საშა ეგნატაშვილის დახმარებით, მოსკოვში სტალინთან ჩააღწია.
,,მოსაცდელში დია, სულ გაპრიალებულ-გაპრიალებული სამხედროები იდგნენ, _ მიამბობდა დარო _ ბოლოს ჩემი გვარი დაიძახეს და დიდი კარი გამიღეს, მობრძანდითო. რომ შევედი, კინაღამ გონება დავკარგე. უზარმაზარი, გრძელი ოთახის ბოლოში სამხედროფორმიანი სტალინი ბუზის ტოლა ჩანდა. რა მექნა, როგორ მიმემართა, არ ვიცოდი. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, მუხლებზე დავეცი და ჩოქვით გავემართე. სტალინი სკამიდან ფიცხლად წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა, _ როგორ გეკადრებათ, ქალბატნოო, მითხრა, წამომაყენა და გვერდით სკამამდე მიმაცილა. ჩემი მოკლე განცხადებაც მოიტანა, იქვე ჩამოჯდა და მითხრა _ ყველაფერი დაწვრილებით მიამბეო. ისე მისმენდა, სახე არ შეტოკებია. ბოლოს ასე მომმართა: ,,წაბრძანდით, ქალბატონო დარო, გაგაცილებენ. თქვენი მეუღლე თუ უდანაშაულოა, არავინ დასჯის!'' წამოვედი, სამხედროებმა მატარებლამდე მიმაცილეს და დამაბინავეს. მოვდიოდი და ვფიქრობდი _ ტყუილუბრალოდ ვეწვალე ამხელა გზაზე, ჩემ კოლიას მაინც არაფერი ეშველება-მეთქი. ისე, ერთი რამ კი მიკვირდა _ ასე რატომ გადამყვა სტალინის დაცვა, ბილეთიც თავად რატომ მიყიდეს-მეთქი.
თბილისში დაბრუნებულმა სახლის კიბეები ძლივს ავათავე, გასაღები გაჭირვებით მოვარგე კლიტეს, ვეჯაჯგურე და ვერ გავაღე. უეცრად კარი შიგნიდან გაიღო და მუხლები მომეკვეთა... ჩემს წინ ჩემი კოლია იდგა''...
ისევ კანდიდ ჩარკვიანის მემუარებს უნდა დავუბრუნდე. იგი წერს:,,ბერიას პოლიტიკური პატიოსნება სტალინს ბოლომდე არასოდეს სწამდა''. ამის მიზეზი ორჯონიკიძე ხომ არ იყო, რომელიც 1935 წელს ბერიას აშკარად დაუპირისპირდა ბაქოს ნავთობპროდუქტების საკითხთან დაკავშირებით. ,,ცხელ გულზე ორჯონიკიძემ ცენტრალურ კომიტეტში ოფიციალურად განაცხადა, რომ ბერია პოლიტიკურად საეჭვო პირია და 1919-1920 წლებში მუსავატისტთა დაზვერვის აგენტი იყო''. ჩარკვიანს ორჯონიკიძისთვის ამის დამამტკიცებელი საბუთი უთხოვია, მაგრამ იგი ვერ მიუღია. მიუხედავად ამისა, ჩარკვიანი წერს: ,,უკვე პირველ მდივნად არჩევის შემდეგ, ზოგიერთი დოკუმენტის გაცნობამ დამარწმუნა, რომ მაშინდელი რეპრესიების განხორციელებისას ბერია, აშკარაა, სტალინის წაყრუებისა თუ მხარდაჭერის იმედით, სრულიად დამოუკიდებლად მოქმედებდა. ის იმდენად გათამამებული იყო, რომ ზოგჯერ სტალინის მეგობრებსა და ნაცნობებსაც არ ინდობდა''.
ბუნებრივია, იბადება შეკითხვა, რატომ მოითმინა სტალინმა ბერიას ეს გამოხდომები? მ. ჯავახიშვილისა და სხვა მოღვაწეების მიმართ გამოჩენილი ვერაგობა აკი პირში მიახალა პოლიტბიუროს წევრების წინაშე?
პასუხი ასეთი შეიძლება იყოს: დანაშუალის მსხვერპლთ აღარაფერი ეშველებოდათ, ხოლო ბერიას, ხრუშჩოვისა და მათი მსგავსი პოლიტიკური ხელმძღვანელების დაპატიმრებათა ახალი ტალღით სახელმწიფოს დიდ ბზარს გაუჩენდა, ამიტომ სტალინმა გადაწყვიტა, რომ (არ ვიცი, ეს რამდენად გამართლებული იყო), როგორც რუსები იტყვიან, ეჭვმიტანილები ,,მუშკაზე'' ჰყოლოდა აყვანილი და აეძულებინა თავი არ დაეზოგათ ქვეყნის სამსახურში. და მართლაც, ბერია _ ეს უჭკვიანესი მენეჯერი თავს არ ზოგავდა ქალაქების მშენებლობაში, შემდეგ კი ატომური იარაღის მოძიებაში...მაგრამ ცხადია, რომ ბერიას სავარძელი მაინც ძალიან შეირყა, როცა სტალინის სიცოცხლის ბოლო წლებში, ე.წ. მეგრელთა საქმე წამოტივტივდა...
დასკვნები შენთვის მომინდვია, მკითხველო, მე კი ისევ რეპრესიების თემას უნდა მივუბრუნდე. რა მასშტაბები ჰქონდა მას?
აი, რას წერს მსოფლიოში ყველაზე აღიარებული ანტისტალინელი ვიქტორ ზემსკიც კი ჟურნალ ,,Социс''-ის 1991 წლის VI-VII ნომრებში: ,,საბჭოთა და საზღვარგარეთის ფართო საზოგადოებრიობა ძველებურად იმყოფება ისტორიული სიმართლისთვის მიუღებელი და გამოგონილი იმ სტატისტიკური გამოთვლების ტყვეობაში, რომელიც მოცემულია როგორც უცხოელი ავტორების (რ. კონკვესტი, ს. კოენი და სხვ.), ისე ზოგიერთი საბჭოთა მკვლევარის (რ.ა. მედვედევი, ვ.ა. ჩალიკოვი) პუბლიკაციებში. ამასთანავე, ხსენებულ ავტორთა ნამუშევრებში მოტანილი სტატისტიკა, რეალურთან შედარებით, ყოველთვის მრავალგზისი ზრდისკენ
მიისწრაფვის. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს მკვლევარები ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუ რომელი მათგანი უფრო გააკვირვებს მკითხველს ასტრონომიული ციფრებით''.
ასე, მაგალითAდ, ს. კოენი (აშშ _ 1968 წ.) წერს, რომ 1928 წელს საბჭოთა სატუსაღოებში და ბანაკებში მხოლოდ 30 ათასი პატიმარი იყო, 1933-35 წლებში უკვე 5 მილიონი, ხოლო 1939 წელს სულაც 9 მილიონი! ჯერ ერთი: 1928 წლის მოტანილი ციფრი, ლენინ-ტროცკის სასარგებლოდ მრავალჯრაა შემცირებულ-დამახინჯებული, მეორე: 1918-1928 წლებში (ე.ი. სანამ ტროცკის ქვეყნიდან გააძევებდა სტალინი). ადამიანების დასაპატიმრებლად ტერორის მამებს არ სცხელოდათ _ ისინი ადამიანებს ადგილზე ხვრეტდნენ. აბა, ამ პერიოდში15 მილიონი ადამიანი სად აორთქლდა? გავიხსენოთ თუნდაც ტროცკის მითითებით ფრუნზეს მიერ დახვრეტილი 40 ათასი ყირიმელი ტყვე.
1940 წლისთვის გულაგში, რომელიც სხვათა შორის, ტროცკის გამოგონილია, არა 9 ან თუნდაც 5 მილიონი, არამედ 1 850 258 კაცი იჯდა: ბანაკებში _ 1 334 408, კოლონიაში _ 315 5 84, ციხეში _ 190 266.
ს. კოენზე მეტი ფანტაზია ვ. ჩალიკოვს აღმოაჩნდა. იგი წერს, რომ 1937-1950 წლებში, მარტო ბანაკებში 8-12 მილიონი კაცი იჯდა (ე.ი. ქვეყნის მოსახლეობის ლამის მეათედი!). დაახლოებით ასეთივე ციფრი დააბრეხვა ნიკიტა ხრუშჩოვმა: სტალინის სიკვდილის ჟამს ბანაკებში 10 მილიონი ადამიანი (!) იჯდაო. სინამდვილეში, ვიქტორ ზემსკის გამოანგარიშებით, 1934-1953 წლებში სულ გულაგში სასჯელს იხდიდა 2 561 351 ადამიანი, უშუალოდ 1951 წლის 1 იანვრის მონაცემებით ბანაკებში 1 729 970 კაცი იყო, ხოლო ციხეებსა და კოლონიებში _ 740 554.
სულ 1921 წლიდან 1954 წ;ლის 1 თებერვლამდე ყველა ორგანოს და მათ შორის ,,ტროიკების'' მიერ გასამართლდა და დაისაჯა 3 777 380 ადამიანი, ამათგან დაიხვრიტა 642 980 კაცი. სხვადასხვა ვადით ( მაქსიმუმ 25 წლით) ციხეებსა და ბანაკებში იმყოფებოდა 2 369 220, ხოლო გადასახლებასა და გასახლებაში _ 765 180 ადამიანი.
ზემსკის მონაცემები ემყარება მის მიერ დიდი ხნის მანძლიზე მოძიებულ უთვალავ სააღრიცხვო ტომში არსებულ ციფრებს, მაშინ, როცა სხვა ,,დემოკრატი'' მკვლევარებისა და მასხარა ხრუშჩოვის ე.წ. მონაცემები მხოოდ საპნის ბუშტებია.
საინტერესოა სხვა ციფრებიც: ომის დასაწყისისთვის გულაგში თუ 2,3 მილიონი კაცი იყო, 1944 წლის 1 ივნისს მათი რიცხვი 1,2 მილიონამდე შემცირდა. ამ ხნის მანძილზე საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ქვემდებარე სამშენებლო ობიექტებში შრომობდა 2 მილიონი პატიმარი. გარდა ამისა, 1944 წელს სხვა სახალხო კომისარიატების (ე.ი. სამინისტროების) ქვემდებარე საწარმოებსა და მშენებლობებზე, სამხედრო შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების დამამზადებელ ობიექტებზე თუ სხვაგან დასაქმებული იყო 225 ათასი პატიმარი, რომელთაც 3 მილიარდი მანეთი შემატეს ქვეყნის ბიუჯეტს. მოდით, 1934-1953 წლების ციფრებს დავუბრუნდეთ, რომელშიც, ბუნებრივია, 1937-1938 წლების მონაცემებიც შედის: 19-20 წლის მანძილზე მსჯა-ვრდებულთა საერთო რიცხვი დაახლოებით 2 562 000 კაცია, რაც მოცემულ პერიოდში მთელი მოსახლობის 0,5 %-ია თითქმის. ბუნებრივია, რომ ეს ციფრიც არ არის მცირე, მაგრამ ამ მსჯავრდებულთა შორის ხომ ყველა პოლიტპატიმარი არ იყო. მკვლელებს, ქურდებს, ყაჩაღებს, დივარესანტებს, ყალბისმქმნელებს და სხვა მძიმე დანაშაულის ჩამდენებს რატომ არავინ ითვლის, რაც მთელი რიცხვის 60% მაინც იქნება. ან კი პოლიტპატიმრების დიდი უმეტესობა განა კი არსებული სახელმწიფო წეს-წყობილების საშიში მოწინააღმდეგე არ იყო და დენთის კასრზე არ ამყოფებდა სამოქალაქო ომიდან ახალგამოსულ ქვეყანას? ლორდი ბევერბრუკი 1942 წელს ნიუ-იორკში სიტყვით გამოსვლისას ასე ამბობდა: ,,სტალინის პერიოდში პოლიტიკური რეპრესიები რა თქმა უნდა იყო, მაგრამ ახლა უკვე ნათელია, რომ ისინი, ვინც დახვრიტეს, რუსეთს გერმანელებს ჩააბარებდნენ'' ( ჟურნალი ,,ისტორიული მემკვიდრეობა'' 2010 წ. #3(5)). ამას ამერიკელი პოლიტიკოსი ამბობს და არა ბლოშევიკი. ამ უბრალო ადამიანთა შორის არაერთი ტარიგად შეეწირა მხეცის მზაკვრულ თვალს. ასე იყო ეს ყოველთვის და ასე მოხდა სტალინის ეპოქაშიც, როცა ახალი სახელმწიფოს მშენებლობა მიმდინარეობდა. გავიხსენოთ:
განა კი ახალი სარწმუნოების დამკვიდრებას ცოტა ტარიგი შეეწირა ჩვენში?
განა კი საქართველოში ბაგრატიონთა გამეფებას და ახლებური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას უძველეს ხევისთავთა და თვით ფარნავაზიან-ხოსროიანთა დინასტიის განადგურება არ მოჰყვა?
კიდევ მოვიყვანო მაგალითები? _ ინებეთ:
განა კი თურქ-სელჩუკთა განადგურების წინ ახალი საქარველოს შესაქმნელად წმინდა მეფე დავით აღმაშენებელმა უმკაცრესი რეპრესიები და რეფორმები არ ჩაატარა ქვეყანაში? რომ არა ეს, მოიგებდა იგი დიდგორის ბრძოლას?
განა კი წმინდა მეფე თამარმა სისხლის ტბები არ დააყენა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, რათა მართლ-მადიდებლობის განმტკიცებით ქვეყანაც განემტკიცებინა?
განა კი საქართველოდან მონღოლთა ფესვის ამოსაძირკვად გიოორგი ბრწყინვალემ ცივის მთაზე თAავები არ დაასხიპა თავადებს?
ვინ გაბედავს თქმას, რომ ამდენ რეპრესირებულსა და დახოცილში ყველა დამნაშავე იყო? უფრო მეტიც: განა კი არ ჩნდება ეჭვი, რომ შუასაუკუნეებში ელიტური ძველი საზოგადოების რეპრესიებით ისტორიული მეხსიერების ძაფიც კი გაწყდა ჩვენში? ამ ეჭვების გამო, რომელ ისტორიკოსს დასცდება აუგი სიტყვა მირიანის, დავით და ბაგრატ კურაპალატების, აღმაშენებლის, თამარის, გიორგი ბრწყინვალის ან თუნდაც რუსთა მეფე ივანე მრისხანის მიმართ?!
მაშ, რას ჰგავს სტალინის შეთხვევაში ორმაგი სტანდარტით მსჯელობა და თუნდაც დრო-ჟამის განსხვავებულობაზე ლაპარაკი? ჰგავს იმას, რომ კვლავაც მასონების, ნეოტროცკისტებისა და სხვა ეშმაკეულთა ბანგით ვართ გაბრუებულნი, რომელთაც დღეს ლიბერტანიელებადაც მოიხსენიებენ.
ამას წინათ ერთმა გორელმა მეგობარმა მითხრა: ორი დღის წინ სკოლიდან დაბრუნებული შვილიშვილი შემეკითხა, მართალია, რომ სტალინი ბავშვებს ჭამდაო? შვილო, ეგ სისულელე ვინ გითხრა და მასწავლებელმაო.
გორელი მასწავლებელი რომ ამას იტყვის, ჩიკაგოელი რამეს დააკლებს?
სტალინის თვალწინ სამოქალაქო თუ სამამულო ომში გამარჯვებას უამრავი წმინდა სისხლი შეეწირა, მაგრამ რა ავაზაკი უნდა იყო, რომ სტალინი ამ სისხლით გამაძღარ კაცად იგულვო.
1948 წელს გაგრაში მოყოფმა სტალინმა თავისი ბავშვობის მეგობრები და მსახიობები მიიწვია:
,,სტალინი სტუმრებს გულითადად, ალერსიანი ღიმილით შეხვდა. დავსხედით თუ არა, პეტრე კაპანაძე წამოდგა, სტალინთან მივიდა და დაბალი ხმით რაღაც უთხრა. სტალინმა ნათქვამი ვერ გაიგო და შეეკითხა:
_ პეტრე, რა გინდოდა გეთქვა?
_ აი, იაკობის გამო მინდოდა სამძიმარი მომეხსენებინა. როგორ დაიღუპა საწყალი ბიჭი?
_ ეჰ, ჩემო პეტა, განა მარტო მე დავკარგე შვილი? იმ დაღუპულ მილიონებთან ჩემი შვილი რა სახსენებელია, _ უთხრა სტალინმა და სამძიმრის ცერემონია ამით დამთავრდა ( კანდიდ ჩარკვიანი:,, სტალინთან ურთიერთობის ეპიზოდები'').
1941 წლიდან ანუ ომის დაწყებიდან, სტალინი სხვანაირი კომუნისტი გახდა _ უფრო სწორედ ისეთი, როგორიც 1917 წლამდე იყო; მან მხრებიდან ბოლშევიზმის ბოლო მტვერი ჩამოიბერტყა. გამოჩენილ რუს ფილოსოფოსს ნ. ბერდიაევს აქვს ასეთი გენიალური გამონათქვამი: ,,ათეიზმი ღმერთთან მისასვლელი უკანა კარია'', მაგრამ სტალინთან მიმართებაში ეს თეზაც ვერ გამოდგება: ეკლესიის კარი, რომელიც მან 6 წლის ასაკში შეაღო, მისთვის არასდროს დახურულა.
VII სტალინი და ეკლესია
წინამდებარე თემა იმდენად ამოუწურავია, რომ მხოლოდ ზოგიერთი ფაქტით შემოვიფარგლები:
პატარა სოსო გორის სასულიერო სასწავლებლის ფრიადოსანი მოწაფე იყო და საეკლესიო გუნდშიც გალობდა. მამამისს, ბესარიონს იგი ერთი-ორჯერ ,,გერის წმინდა გიორგშიც'' ჰყავდა აყვანილი მოსალოცად. ამ ხანებში, ცოტა რომ წამოიზარდა, იგი მეგობრებთან ერთად, როგორც ჩანს, უფლისციხესაც სტუმრობდა რადგან, მოგვიანებით, მოსკოვის მეტროს ერთ-ერთ სადგურში სწორედ უფლისციხის ანტიკური თეატრის კესონების მსგავსი დეკორის გამოყენება ბრძანა.
როცა თბილისის სასულიერო სემინარიაში სტალინს ეშმაკობისთვის დილეგში ამწყვდევდნენ და პურისა და წყლის ამარა ტოვებდნენ, მასთან საჭმელი ინსპექტორ დავით აბაშიძეს მიჰქონდა მალულად. სამოქალაქო ომის პერიოდში დავით აბაშიძე, რომელსაც დიდი თავგადასავალი გადახადა, უკვე თავრიზისა და სიმფეროპოლის არქიეპისკოპოსი დიმიტრი იყო. იგი ,,თეთრების'' კონტროლირებად სამხრეთ-აღმოსავლეთ რუსეთში შექმნილი დროებით უმაღლესი საეკლესიო სამმართველოს წევრი გახლდათ. სტალინი იმჟამად ცარიცინის დაცვას ხელმძღვანელობდა. არქიელი, მთელი ფრონტის ხაზის გავლით, წერილს წერილზე უგზავნიდა ყოფილ მოწაფეს, რომ წითელარმიელთა ხელში მოხვედრილი საეკლესიო მსახურებისა და მღვდლების ბედი როგორმე შეემსუბქებინდა. ყირიმიდან ,,თეთრების'' ევაკუაციის შემდეგ არქიეპისკოპოსმა დიმიტრიმ რუსეთის დატოვება არ ისურვა. იგი დააპატიმრეს, თუმცა, სტალინის ჩარევის წყალობით, მსუბუქი სასჯელი აკმარეს. კიევ-პეჩორის ლავრის მამებს არქიელის თავისთან მიღება, ხელისუფლებასთან მისი არეული ურთიერთობის გამო, ეშინოდათ. მაშინ არქიეპისკოპოსმა დიმიტრიმ სტალინთან გაგზავნილი წერილები და მიღებული პასუხები აჩვენა. 1928 წელს დიმიტრი ძველი სახელი ანტონით სქიმაში იქნა აყვანილი. იგი 1942 წელს კიევ-პეჩორის ლავრაში გარდაიცვალა და იქვე დაიკრძალა (ლივანის მთების მიტროპოლიტ ილიას (კარამი) წიგნი ,,ომი ეკლესია, სტალინი და მართლმადიდებელი რუსეთისთვის დიდი მლოცველი'').
სტალინის მართლმადიდებლობისადმი დამოკიდებულება უფრო საცნაური რომ გავხადოთ, პარალელურად ლენინ-ტროცკის მოქმედებებსაც უნდა გავეცნოთ.
ლენინი და ტროცკი 1919 წ.
სრულიად რუსეთის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა. მუშათა, ჯარისკაცთა, გლეხთა და კაზაკ დეპუტატთა საბჭოს სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი.
მოსკოვი. კრემლი. 01. V 1919. მკაცრად საიდუმლოდ.
მითითება სრულიად რუსეთის საგანგებო კომისიის თავმჯდომარეს. ამხ. ფ.ე. ძერჟინსკის
რცაკ-ისა და სახ. კომისართა საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად მოეღოს ბოლო მღვდლებსა და რელიგიას. მღვდლები, როგორც კონტრრევოლუციონერები და მესაბოტაჟეები, დააპატიმრეთ და დახვრიტეთ საყოველთაოდ, დაუნდობლად და რაც შეიძლება ბევრი.
ეკლესიები დაიუხუროს, ნაგებობები დაილუქოს და გადაკეთდეს საწყობებად.
ს რაცკ-ის თავმჯდომარე მ.ი. კალინინი
სახ, კომისართა საბჭოს თავმჯდომარე ვ.ი. ლენინი
გელა ქოქიაშვილი

დაბრუნება დასაწყისში