Menu

განკვეთილი და განმოსილი სასულიერო პირების შოკისმომგვრელი X-ფაილი

საწამლავი... წყევლა... შეთქმულება... რუხი კარდინალი _ ბოლო დროს ამ სიტყვების გარდა თითქმის არაფერი გვესმის და შესაბამისად, თავი რომელიმე მძაფრსიუჟეტიანი ჰოლივუდური ფილმის ან, სულაც, იმ ლიტერატურული ნაწარმოების გმირები გვგონია, რომელშიც შუა საუკუნეების საერო თუ საეკლესიო ინტრიგებია აღწერილი. არადა, ქრისტეშობიდან 2017 წელია, წელი, რომლის დადგომასაც სულხან-საბა ორბელიანი, ილია ჭავჭავაძე და ჩვენი სხვა სახელოვანი წინაპრები, წლებისა თუ საუკუნეების წინ, დიდხანს, ძალიან დიდხანს ელოდნენ. დიახ, ზუსტად მაშინ, როცა დასავლური ცივილიზაციის ნაწილი ოფიციალურად გავხდით ანუ ევროპის ქვეყნებში მიმოსვლა სრულფასოვანი ევროპელებივით შეგვიძლია, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ისეთი საეკლესიო ავანტიურა აგორდა, რომ თვით ეშმაკიც კი, როგორც სოციალურ ქსელში ხუმრობენ, პირჯვარს იწერს!..
რასთან გვაქვს საქმე _ პატრიარქის წინააღმდეგ მოწყობილ დიდ შეთქმულებასთან, რომლის კვალიც რომელიმე მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურთან მიდის თუ ჩვეულებრივ ვიწრო, ესე იგი, მერკანტილურ ინტრიგასთან, რომლის მიზანიც ცალკეული პიროვნების (გნებავთ, პიროვნებების) აღზევებაა? _ ეს საგამოძიებო უწყებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ რადგან დაჭერილმა დეკანოზმა დაწყევლა, ძნელი დასაჯერებელია, მთავარმა პროკურატურამ, ვიდრე არავინ გამოულოცავს, „ციანიდის საქმის“ ალგორითმი ამოხსნას... გამომლოცველი ანუ წყევლის მომხსნელ-ამხსნელი კი არავინაა, რადგან იგივე მღვდელმთავრებს (ყოველ შემთხვევაში, მათ ნაწილს), ღმერთო, მაპატიე და, მრევლისთვის არ სცალიათ _ ერთმანეთს საქმეს „ძველი ბიჭებივით“ ურჩევენ... მეტიც, სასულიერო პირები, ჩემი ერთი ენამოსწრებული ხუმრობისა არ იყოს, „ჯეიმს ბონდებივით“ იქცევიან. ამ საეკლესიო ბაკქანალიას წერტილს ალბათ, წმინდა სინოდის სხდომა დაუსვამს, რომელიც სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება.
ისე, არაა გამორიცხული, უმაღლესი სასულიერო პირების თავყრილობა მორიგი ორომტრიალის საბაბი გახდეს. ამის თქმის საფუძველს კი ის მოარული ხმა იძლევა, რომლის თანახმადაც, სინოდზე შესაძლოა, ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს (ცაავა) ეკლესიისგან განკვეთაზე იმსჯელონ.
„არ მგონია, უწმინდესი საკითხს ასე რადიკალურად მიუდგეს, მაგრამ თუკი ისე მოხდა, რომ მღვდელმთავართა ნაწილი მეუფე პეტრეს განკვეთას მოითხოვს, მოვლენები უფრო დრამატულად განვითარდება“, _ აღნიშნავს „ვერსიის“ ოპერატიული წყარო და აქვე, ერთ საგულისხმო ცნობასაც გვაწვდის. კერძოდ, მისი მონაცემებით, ჯერ კიდევ იანვრის შუა რიცხვებში მეუფე პეტრე რამდენიმე ათეულ საერო პირს კონსპირაციულად შეხვდა და ყველაფერ იმაზე ელაპარაკა, რის შესახებაც ბოლო დღეებში საჯაროდ აცხადებს.
„ამავე შეხვედრაზე მეუფემ, როგორც ვიცი, ასეთი ფრაზაც თქვა, ნებისმიერი სასჯელისთვის, მათ შორის, განკვეთისთვისაც მზად ვარ და რაც უნდათ, ის მიქნან, სიმართლის თქმას მაინც ვერ ამიკრძალავენ“, _ აღნიშნავს „ვერსიის“ კონფიდენციალური წყარო, რომლის მონათხრობმაც წაგვიფითილა, საქართველოს ეკლესიისგან განკვეთილთა X-ფაილი შეგვედგინა.
ყველაფერი ის, რაზეც დღევანდელ X-ფაილში ვილაპარაკებთ, ბევრისთვის, ალბათ, უსიამოვნო წასაკითხ-გასახსენებელი იქნება, მაგრამ ეს, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი უახლესი ისტორიაა, ისტორია, რომლის მიჩქმალვასაც შთამომავლობა არ გვაპატიებს!
მაშ, ასე: მამა ბასილიდან (მკალავიშვილი) მეუფე პეტრემდე (ცაავა) _ „ვერსია“ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ჩახლართული ალგორითმის ამოხსნას შეეცდება.
რა გამოვა? _ ვნახოთ...
განკვეთლები და განმოსილები
2004 წლის 12 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცოდვიანი თარიღია _ ამ დღეს სპეცრაზმმა არათუ ადამიანებს სცემა, არამედ, ეკლესია დაარბია!
ხელისუფლებაში რამდენიმე თვის მოსულმა „ვარდოსნებმა“ ე.წ. გლდანის ეკლესიის დარბევის საბაბად ის გამოიყენეს, რომ მამა ბასილი (მკალავიშვილი) განკვეთილი იყო ანუ მას, როგორც საეკლესიო პირს, ტაძრის აშენების უფლება არ ჰქონდა. ჰოდა, თანამედროვე ბოლშევიკები თავს იმით იმართლებდნენ, რომ მიწასთან უფლის სახლი კი არა, ჩვეულებრივი უკანონო შენობა გაასწორეს.
უცნაურია, მაგრამ გლდანის ეკლესიის დარბევა საპატრიარქოსაც არ დაუგმია. მეტიც, სასულიერო პირები პირად საუბრებში მამა ბასილს ერთგვარად ნიშნს უგებდნენ და თვითმარქვია მღვდელს უწოდებდნენ. საეკლესიო კანონებით, ბასილ მკალავიშვილი შეიძლება, მართლაც თვითმარქვია იყო, რამეთუ სინოდმა გლდანის ეკლესიის დარბევამდე კარგა ხნით ადრე განკვეთა, მაგრამ ამ შემთხვევაში, საქმე ეკლესიას ეხებოდა და რა მნიშვნელობა ჰქონდა, მისი აღმშენებელი ვინ იყო?
თავის დროზე მამა ბასილის (მკალავიშვილი) განკვეთის საბაბი, როგორც ხალხური მითოსი მოწმობს, ის გახდა, რომ მან ხმა ეკლესიაში გამეფებულ უკეთურებაზე აიმაღლა ანუ ლაპარაკი, დაახლოებით, იმ საკითხებზე დაიწყო, რომელი საკითხებიც ახლა მეუფე პეტრემ წამოსწია. ისე არ გაიგოთ, თითქოს „ვერსია“ მამა ბასილსა და მეუფე პეტრეს შორის პარალელს ავლებს ან მათ შედარებას ცდილობს. უბრალოდ, დაკვირვება ნათელყოფს, რომ ის სასულიერო პირები, რომლებიც ეკლესიის ცალკეულ მსახურთ ამხელენ, კარიერას სწორედ განკვეთით ან, მინიმუმ, განმოსვით (მღვდლობაზე უარის საკუთარი ნებით თქმა) ამთავრებენ ხოლმე.
ნათქვამის საილუსტრაციოდ ბასილ კობახიძის შემთხვევაც გამოდგება, რომელმაც მახსოვს, დაახლოებით 15-17 წლის წინ, ინტერვიუში მითხრა, ეკლესიის მიმართ სატანური დამოკიდებულება არსებობსო. მაშინ ბასილ კობახიძე ჯერ კიდევ სასულიერო პირი გახლდათ და, თუ არ მეშლება, საპატრიარქოში მედიასთან ურთიერთობას კურირებდა.
დღეს ბევრი ამბობს, რომ ეკლესიაში ორი _ ,,პროგრესულთა'' და „ფუნდამენტალისტთა“ ბანაკი არსებობს. ბასილ კობახიძე საზოგადოებამ იმთავითვე პროგრესულ სასულიერო პირად მიიჩნია, თუმცა ამ ახალგაზრდა კაცის კარიერა ფატალურად დასრულდა _ ანაფორა გაიხადა.
ამბობენ, რომ ბასილ კობახიძე „საეკლესიო მაფიამ“ დასაჯა ანუ ქრისტეს სახლს შეფარებულმა „კოზა ნოსტრამ“ კობახიძეზე შური იმ სიმართლისთვის იძია, რომელზეც საჯაროდ ლაპარაკობდა.
2003 წლის 20 აგვისტოს „რადიო თავისუფლების“ ქართული რედაქცია აქვეყნებს სტატიას _ „საეკლესიო კრება ბასილ კობახიძეს აფრთხილებს“, რომელშიც ვკითხულობთ: „18 აგვისტოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა სოფელ ურბნისში საეკლესიო კრება მოიწვია. კრებამ გადაწყვიტა 5 ახალი ეპარქიის დაარსება და მღვდელმსახურთაგან
შეარჩია ამ ეპარქიათა ეპისკოპოსობის კანდიდატები, რომელთა ხელდასხმა ახლო მომავალში მოხდება. საზოგადოებისთვის, შესაძლოა, უფრო საინტერესო იყოს წმინდა სინოდის მიმართება იმ საკითხებისადმი, რომელთაც ეკლესიის შიგნით არაერთგვაროვნად ეკიდებიან. ერთი ასეთი საკითხი საეკლესიო გალობათა ხმიანობაა, მეორე _ მიმართება ეკლესიის წევრი იმ სასულიერო პირებისადმი, რომლებიც საპატრიარქოს აკრიტიკებენ. სიმართლე რომ ითქვას, ასეთი სასულიერო პირი ერთია: დეკანოზი ბასილ კობახიძე. საეკლესიო კრებაზე ორივე საკითხი გადაწყდა: ღვთისმსახურებისას დააკანონეს ქართული სამხმიანი საეკლესიო გალობა, ხოლო ბასილ კობახიძე უკანასკნელად და მკაცრად გააფრთხილეს. რას ნიშნავს უკანასკნელი გაფრთხილება?
ბასილ კობახიძე იმ იშვიათ მღვდელმსახურთა რიცხვს ეკუთვნის, რომელიც აქტიურად ურთიერთობს სამოქალაქო სექტორთან და არ ერიდება მართლმადიდებელი ეკლესიის კრიტიკას. კობახიძის მტკიცებები მართლმადიდებელ ეკლესიაში რუსეთის სპეცსამსახურებთან და ბნელ სამღვდელოებასთან დაკავშირებული რეაქციული სასულიერო პირების, კათალიკოს-პატრიარქის სისუსტის, პატრიარქის მდივნის შორენა თეთრუაშვილის ძალმოსილებისა და ეკლესიაში რიგი შემაშფოთებელი ტენდენციების შესახებ _ საზოგადოებისთვის კარგად უნდა იყოს ცნობილი. ურბნისის საეკლესიო კრებაზე, რომელიც დავით აღმაშენებლის ეპოქაში გამართული რუის-ურბნისის ცნობილი საეკლესიო კრების 900 წლისთავს დაემთხვა, ბასილ კობახიძე მკაცრად გააფრთხილეს...
ბასილ კობახიძისთვის მღვდელმოქმედების უფლება არ ჩამოურთმევიათ, თუმცა კარგა ხანია, არსად მსახურობს... ბასილ კობახიძის თქმით, საპატრიარქოში მიაჩნიათ, რომ მისი მრევლთან მიშვება არ შეიძლება... ბასილ კობახიძე არ აპირებს არც პოზიციის და არც შეხედულებების დათმობას. ამიტომ არ არის გამორიცხული, მომავალში მოვლენები მისთვის დრამატულად განვითარდეს“.
„რადიო თავისუფლების“ „წინასწარმეტყველება“ ახდა _ ბასილ კობახიძემ მღვდლობა 2006 წელს დატოვა, ხელი თეოლოგობას მიჰყო და, არსებული ინფორმაციით, ამჟამად უცხოეთში ცხოვრობს.
სხვათა შორის, ბასილ კობახიძე რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლისას მეუფე პეტრემ ახსენა: „უწია, ფაქტობრივად საპატრიარქოს ცოდვამ, რომ ერთი მართალი, განათლებული, პრინციპული ადამიანი, დეკანოზ ბასილ კობახიძის სახით, ასეთი უსამართლობის მსხვერპლი აღმოჩნდა. დაბრკოლდა, განიმოსა და შეწყვიტა ღვთისმსახურება“.
„განკვეთა“ ქრისტიანულ ლექსიკონში ასეა განმარტებული: „სამღვდელო პატივისა და, ასევე, უფლების სამუდამოდ ჩამორთმევა ნებისმიერი საეკლესიო მსახურების ჩატარებაზე. ეს სასჯელი იერარქიული კანონების მიმართ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის განისაზღვრება. განკვეთით დასჯილი სასულიერო პირი, პირველ რიგში, კარგავს ყველა იმ უფლებასა და უპირატესობას, რომელიც მინიჭებული ჰქონდა საეკლესიო ხელისუფლების სამგვარობიდან _ მღვდელმსახურების, მოძღვრებისა და მწყემსობის უფლებებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, განკვეთილი პირი კარგავს ყველა პატივს, რაც ეკუთვნოდა, როგორც ღვთისმსახურს. ამასთან, მისი სახელი წარიშლება სასულიერო დასის სიიდან, სადაც ხელდასხმისას შეიყვანეს (მოც. 8,17, 18, 51, 63, და სხვ.); გადადის ერისკაცთა რიგში და სარგებლობს მხოლოდ მრევლის უფლებებით. სასულიერო პირისთვის განკვეთა სამუდამოა და აღარასოდეს შეეძლება მიიღოს რაიმე იერარქიული ხარისხი (ტრულ. 21; ბასილი დიდ. 3 და სხვ.), თუნდაც მოინანიოს და თავისი ვალდებულებების კანონისამებრ შესრულების პირობა დადოს''.
მამა ბასილის (მკალავიშვილი) და ყოფილ დეკანოზ ბასილ კობახიძის გარდა, ინტერნეტის საძიებო სისტემაში სხვა განკვეთილ თუ განმოსილ სასულიერო პირებზე ინფორმაცია, პრაქტიკულად, არ მოიპოვება. სამაგიეროდ, სოციალურ ქსელ Facebook-ში სპეციალური გვერდი _ „ცრუ მოძღვარნი“ არსებობს, სადაც მათ შესახებ წერია, რომლებიც მღვდლობას იბრალებენ. ამ გვერდის ანოტაციაში, რომელიც სოციალურ ქსელში, როგორც ირკვევა, 2014 წელსაა შექმნილი, ვკითხულობთ: „გვერდის მიზანია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან განდგომილი არაკანონიკური, თვითმარქვია პირების და დაჯგუფებების გამოვლენა და მხილება. ნიკეა-კონსტანტინოპოლის სარწმუნოების მრწამში, რომელიც არის მართლმადიდებლური რწმენის უმთავრესი გადმოცემა, ნათქვამია „მრწამს... ერთი წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია“. ეკლესიის ერთიანობა, მსგავსად უფლის განუყოფელი კვართისა, არის უმთავრესი მცნება უფლისა, ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ვინც ამ ერთობას არღვევს, ის სულიერად ხევს მაცხოვრის უკერველ კვართს. წმინდა მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი ეპისკოპოსი შესანიშნავად ბრძანებს: „საყვარელო ძმებო, უნდა ვუფრთხილდეთ არა მხოლოდ აშკარა და თვალსაჩინო ტყუილს, არამედ, ისეთსაც, დახვეწილი ცბიერებითა და მზაკვრობით რომაა შენიღბული. მას მერე, რაც მტერი იძლია ქრისტეს მოსვლით და მოვიდა ნათელი, განმანათლებელი წარმართთა, აღმობრწყინდა მნათობი მაცხოვნებელი, ბედნიერების მომტანი კაცთათვის, მას მერე, რაც ბოროტმა იხილა კერპები _ მიტოვებული, თავისი სახლები და საკერპოები _ დაცარიელებული, განა, შეიძლება უფრო დახვეწილი მზაკვრობისა და ცბიერების წარმოდგენა, ვიდრე ის ახალი ტყუილია, მტერმა რომ მოიფიქრა _ თვით ქრისტიანის სახელით აცთუნოს გაუფრთხილებელნი? მან გამოიგონა წვალებანი და განხეთქილებანი, რათა დაამხოს სარწმუნოება, დაამახინჯოს ჭეშმარიტება, დაარღვიოს ერთიანობა. ვის დაბრმავებას და ძველ გზაზე დაყენებასაც ვერ ახერხებს, ის ახალი გზით შეჰყავს შეცდომაში. თვით ეკლესიიდან იტაცებს ადამიანებს და სწორედ მაშინ, როდესაც ისინი უკვე უახლოვდებოდნენ ნათელს, როცა თავს აღწევდნენ ამა ქვეყნის უკუნითს, მათთვის შეუცნობლად ახალ ბნელეთში ხვევს. ასე რომ, ისინი სახარების სწავლებით არ ცხოვრობენ და ღამის წყვდიადში დაეხეტებიან, თანაც ჰგონიათ, თითქოს ნათელში ვლენან.“ ასეთია მზაკვრული მანქანება მტრისა, რომელიც მოციქულის თქმით, გარდაისახება „ანგელოზად ნათლისა“ (II კორ. 11,14) და თავის მსახურებს სიმართლის მსახურებად წარმოგვიდგენს, ისინი კი დღეს ღამედ აცხადებენ, წარწყმედას _ ცხონებად, სასოების საფარველ ქვეშ სასოწარკვეთილებას მალავენ, სიმუხთლეს რწმენას უწოდებენ, ანტიქრისტეს ქრისტედ სახელდებენ, ტყუილს სიმართლედ ასაღებენ და დახვეწილი მზაკვრობით განაქარვებენ ჭეშმარიტებას. ეს იმიტომ ხდება, საყვარელო ძმებო, რომ არ მიმართავენ ჭეშმარიტების საწყისს, არ ეძიებენ მის სათავეს, არ იმარხავენ ზეციური მოძღვრების სწავლებას. განა, შეუძლია მას, ვინც არ იცავს ეკლესიის ერთიანობას, ჩათვალოს, რომ სარწმუნოებას იცავს?!“
მოკლედ, ზემოხსენებული სოციალური ქსელის გვერდში არათუ ე.წ. ცრუ მოძღვართა ფოტოებს ნახავთ, არამედ, აქვე „გამოჭენებულია“ „ყალბი საბუთები“. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი საბუთი ლევან კოკორაშვილს ეხება, რომელსაც, სავარაუდოდ, გვერდის ადმინისტრატორი შარლატანს უწოდებს და წერს: „საბუთი არ წარმოადგენს ქუთაის-გაენათის ეპარქიის ტიტულოვან ფურცელს, არ აქვს ბეჭედი და არ ემთხვევა მეუფე კალისტრატეს ხელმოწერას. ასევე, ეს ტექსტი არის უვიცობის და საეკლესიო ტერმინოლოგიის საოცარი უცოდინრობის ნიმუში“.
სხვათა შორის, თუკი Gოოგლე-ის საძიებო სისტემაში ჩაწერთ სიტყვათა კომბინაციას _ „დამნაშავე სასულიერო პირები“ ან „კრიმინალი მღვდლები“ ფრიად საინტერესო „ნიუსებს“ გადააწყდებით. ერთ-ერთი ასეთი ნიუსის გამოქვეყნების თარიღი მიმდინარე წლის 28 თებერვალია. ე.წ. სუპერნიუსში ქართული ინტერნეტგამოცემა აქცენტს ოთხ სასულიერო პირზე აკეთებს.
„მარიხუანა, გაუპატიურების მცდელობა, ნარკოტიკები, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა _ ეს ის ბრალდებებია, რომელთა საფუძველზეც სხვადასხვა დროს სამართალდამცავებთან პრობლემები ქართველ სასულიერო პირებს შექმნიათ.
მამა გიორგი მეგრელიშვილი _ 2016 წლის ნოემბერში, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მამა გიორგი მეგრელიშვილი დააკავეს. სასულიერო პირს, რომელიც სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ აღმოაჩნდა. სასამართლომ მამა გიორგი მეგრელიშვილისა და ოთარ სანოძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უკვე იმსჯელა. მამა გიორგის მოსამართლემ 4 000-ლარიანი გირაო, მასთან ერთად დაკავებულ ოთარ სანოძეს კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მამა ალექსანდრე (ერეკლე პაიჭაძე) _ 2009 წლის ივლისში, სამართალდამცავებმა მამა ალექსანდრე (ერეკლე პაიჭაძე) დააკავეს. ის სტუმრად იმყოფებოდა მოქალაქე ზაზა ლომიძესთან, რომელთანაც შელაპარაკება მოუვიდა და მეზობლებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. დაკავების დროს გაირკვა, რომ მამა ალექსანდრე გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით ძებნაში იმყოფებოდა და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
მამა გაბრიელ კახელაშვილი _ გასული წლის აგვისტოში, სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოუვიდა აცანის ეკლესიის წინამძღვარს გაბრიელ კახელაშვილს. ის სამართალდამცავებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც ავტომობილს ნასვამი მართავდა. სასულიერო პირს სამართალდამცავებთან საპატრულო მანქანაში შელაპარაკებაც მოუვიდა. მამა გაბრიელი ამბობდა, თითქოს მას პოლიციამ სცემა, რაც არ დადასტურდა.
მამა გიორგი ჯახუა _ 17 იანვარს სამართალდამცავებმა მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს დედათა მონასტრის დიაკონ გიორგი ჯახუას საცხოვრებელი სახლიდან კანაფი და იარაღი ამოიღეს. დეკანოზი ამტკიცებს, რომ მას მძიმე დაავადებები აქვს და კანაფს სამკურნალოდ იყენებს. რაც შეეხება იარაღს, მღვდელი აცხადებს, რომ ის უბრალოდ ოჯახის ანტიკვარი იყო“, _ ნათქვამია ერთ-ერთი ქართული იტერნეტპორტალის სტატიაში.
ყველაზე ცნობილი განკვეთილი სასულიერო პირი კი მაინც მამა ბასილია (მკალავიშვილი), რომელმაც თავის დროზე ხმა აიმაღლა სექტების წინააღმდეგ და რომელმაც საპატრიარქო ეკუმენისტურ მოძრაობასთან კავშირშიც დაადანაშაულა. მამა ბასილს ყველაზე სერიოზული კონფლიქტი ე.წ. ლიბერალებთან _ გიგა ბოკერიასთან, გივი თარგამაძესა თუ თავისუფლების ინსტიტუტის მაშინდელ ლიდერებთან ჰქონდა. ეს ამბები „ვარდების რევოლუციამდე“ ორი წლით ადრე, 2001 წელს ხდებოდა. მაშ შემდეგ კი, რაც ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ ანუ 2004 წლის 12 მარტს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „ვარდოსნები“ თანამედროვე ბოლშევიკებივით მოიქცნენ და მამა ბასილის მიერ აშენებული გლდანის ეკლესია „ბულდოზერით“ დაანგრიეს. ამ ვანდალიზმიდან ზუსტად 10 წლის შემდეგ, 2014 წელს, ერთ-ერთი ქართული ჟურნალი გლდანის ეკლესიის დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელის აღსარებას გამოაქვეყნებს. ამ აღსარებიდან ამონარიდებს „ვერსია“ ქვემოთ შემოგთავაზებთ. მანამდე კი 2004 წლის 12 მარტის ქრონიკას გაგახსენებთ.
2004 წლის 12 მარტის ქრონიკა
ყველაფერი გამთენიისას დაიწყო... კბილებამდე შეიარაღებული სპეცრაზმი გლდანის ეკლესიას ალყას არტყამს. სპეცრაზმელების არსენალში მხოლოდ „დუბინკა“ კი არა, როგორც თვითმხილველები ამბობენ, მძიმე საბრძოლო ტექნიკა, ასევე, ცივი და ცეცხლსასროლი იარაღიცაა.
„საბრძოლო მანქანებმა გადათელეს ტაძრის ღობე და პირდაპირ მრევლის გადასათელად წავიდნენ, უკან ფარებითა და ჩაფხუტებით მიჰყვნენ ჯარისკაცები... დაიწყო მრევლის სასტიკი დარბევა. სპეცრაზმელები არავის ინდობდნენ, მათ შორის, არც _ ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს, მაგრამ მამაცმა ქრისტიანმა, დიდებულმა კრებულმა მტარვალთა შემოტევა სამჯერ თავგანწირვით მოიგერია, თუმცა კბილებამდე შეიარაღებულ ჯართან ვერაფერს გახდა.
მართლმადიდებელმა მრევლმა ტაძრის კარისკენ დაიხია და მკერდი მიუშვირა სიკვდილს უფლისა და მისთვის თავდადებულ მოძღვართათვის... მამა ბასილი და მამა გაბრიელი ტაძარში იყვნენ ჩაკეტილნი, ხოლო მამა არჩილი მრევლთან ერთად ტაძრის ცენტრალურ კარს იცავდა. ტაძრის კართან სიკვდილის პირამდე სცემეს ხალხი. მიაყენეს სამხედრო მანქანები და დაიწყეს წმიდა ეკლესიის შენგრევა. ასევე, გამოიყენეს შესადუღებელი აპარატი და მისით ცდილობდნენ ცენტრალური კარის გაჭრას.
ბოლოს, მძიმე ტექნიკით შეანგრიეს ტაძრის გვერდითი კარი. ჟანდარმერიის ჯარები ამ დროს მთლიანად განლაგდა ეკლესიის ეზოში, შავნიღბოსანთა ბატალიონი კი შეიჭრა ტაძარში. მიმდინარეობდა ხალხის არნახული რბევა“, _ იხსენებს გლდანის ეკლესიის დარბევის ერთ-ერთი თვითმხილველი.
2004 წლის 13 მარტს, ინტერნეტპორტალი ცივილ.გე გამოაქვეყნებს სტატიას _ „განკვეთილი მღვდელი დაკავებულია“, სადაც წერია: „ერთ დროს ხელშეუხებელი ბასილ მკალავიშვილის დაკავებას ოპოზიციური პარტიების მხრიდან ახალი ხელისუფლების მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში დადანაშაულება მოჰყვა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც ბრალდებები უარყო, მკალავიშვილის დაპატიმრება „მართლმადიდებლური ეკლესიის დაცვით“ ახსნა. სამართალდამცავი ორგანოების მიერ 12 მარტს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, საპატრიარქოს მიერ განკვეთილი მღვდელი ბასილ მკალავიშვილი დააკავეს, რასაც წინ სპეცდანიშნულების რაზმსა და მკალავიშვილის მომხრეებს შორის შეტაკება უძღვოდა. სამართალდამცველებს ოპერაციის დროს, ხელკეტებთან ერთად ცრემლსადენი გაზის გამოყენებაც დაჭირდათ. შედეგად დაახლოებით ოცამდე ადამიანი დაშავდა.
ერთი დღით ადრე, 11 მარტს, რვათვიანი სიჩუმის შემდეგ, ბასილ მკალავიშვილი, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული და რომელსაც ბრალად რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების დარბევა ედება, საზოგადოების წინაშე მოულოდნელად გამოჩნდა და სახალხო დამცველის ოფისში პრესკონფერენცია გამართა. მან გააკრიტიკა ახალი ხელისუფლება და მას მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში დასდო ბრალი.
„საქართველო დღეს ითვლება აშშ-ს ერთ-ერთ შტატად, რომლის გუბერნატორად ჯორჯ სოროსია. ამ ხელისუფლებას უნდა მართლმადიდებლობა პირისაგან მიწისა აღგავოს“, _ განაცხადა ბასილ მკალავიშვილმა.
მკალავიშვილის დაკავება პოლიციამ ჯერ კიდევ შარშან სცადა, როდესაც სასამართლომ 2003 წლის 4 ივნისს მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა უშედეგოდ. პოლიციამ მაშინ მკალავიშვილის მხარდამჭერების წინააღმდეგობა ვერ გადალახა.
მკალავიშვილს ბრალად ედება სხვადასხვა დროს იეჰოვას მოწმეებსა და ბაპტისტებზე განხორციელებული თავდასხმები, ასევე, მათი რელიგიური ლიტერატურის განადგურება. როგორც გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა 12 მარტს განაცხადა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მკალავიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მკალავიშვილი ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 1996 წელს განკვეთა, რადგან იგი ხშირად აკრიტიკებდა საპატრიარქოს იმის გამო, რომ რელიგიური სექტების წინააღმდეგ გადამჭრელ ზომებს არ იღებდა. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მან ე.წ. სექტების წინააღმდეგ რადიკალური მეთოდებით ბრძოლა. მან ასევე, საკუთარი ეკლესია ააშენა გლდანში. სწორედ აქ იმყოფებოდა მკალავიშვილი დაპატიმრებისას...
აღსანიშნავია, რომ მრავალი ოპონენტის განცხადებით, თავად საპატრიარქოშიც მრავლად არიან ისეთები, რომლებიც მკალავიშვილს თანაუგრძნობენ.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა მკალავიშვილის დაკავება, პირველ რიგში, მართლმადიდებლობის დაცვის მიზნით ახსნა: „თვითმარქვია ექსტრემისტები მართლმადიდებლობის სახელით ცდილობენ მართლმადიდებლობის შიგნიდან დარღვევას და ეკლესიის გახლეჩას. ჩემი პირველი ამოცანაა, როგორც მართლმადიდებლის და ამ ქვეყნის პრეზიდენტის, რომ დავიცვა ჩვენი რელიგია“.
პარალელის გავლება, შესაძლოა, მთლად გამართლებული არ იყოს, მაგრამ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებაც, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლები ამბობენ, უპირველესად, სწორედ ეკლესიის გადარჩენას ემსახურებოდა. ახლა კი, რაც შეეხება სპეცრაზმელის ზემოხსენებულ ინტერვიუს, რომელიც გლდანის ეკლესიის დარბევიდან 10 წლის შემდეგ ერთ-ერთმა ქართულმა ჟურნალმა გამოაქვეყნა. ჟურნალის ინფორმაციით, ეს ადამიანი შინაგანი ჯარის სწრაფი რეაგირების სპეცდანიშნულების ბატალიონში მსახურობდა და ეკლესიის დარბევის გამო, თურმე, სინდისი ქენჯნის. სპეცსამსახურელის თქმით, ეკლესიის დარბევის დროს შს მინისტრი გია ბარამიძე, შინაგანი ჯარების სარდალი კი გოგი თათუხაშვილი იყო. ინკოგნიტო რესპონდენტის თქმით, სპეცრაზმი უშუალოდ თათუხაშვილს ემორჩილებოდა:
„ჩვენი ნაწილი ე.წ. მე-8 პოლკის ტერიტორიაზე იდგა. განკარგულება მივიღეთ, სასწრაფოდ გავსულიყავით ავჭალის კოლონიაში. როგორც გვითხრეს, იქ პატიმრების ბუნტი იყო და ჩასახშობად გვიხმობდნენ. 3 მანქანით გავედით. ძალიან სწრაფად ვმოძრაობდით. მოკლე გზებით მივდიოდით. გზაში ახალი განკარგულება მივიღეთ: ავჭალის კოლონიის ნაცვლად, გლდანის ეკლესიასთან მისვლა გვიბრძანეს. ეკლესიასთან უამრავი ხალხი და შსს-ს სხვა სპეცდანიშნულების რაზმიც დაგვხვდა. ხალხი ეკლესიის ეზოში არ გვიშვებდა. ბრძანების მიღების შემდეგ, ვცდილობდით ფეხით შესვლას, მაგრამ დიდ წინააღმდეგობას წავაწყდით. ვერაფერს გავხდით და გადავწყვიტეთ, მანქანით შეგვენგრია ღობე. ეს იოლად მოვახერხეთ და ხალხის პირისპირ აღმოვჩნდით, რომელიც ყველაფერზე იყო წამსვლელი, არ შეგვეპუა და იერიშზე გადმოვიდა. სპეცრაზმელები ხელკეტებით დავერიეთ, რომ წინააღმდეგობა შეგვეჩერებინა. წინააღმდეგობა რომ არ გაეწიათ, არაფერი მოხდებოდა, ბასილ მკალავიშვილს ავიყვანდით და ეგ იქნებოდა, თუმცა სამწუხაროდ, ძალის გამოყენება მოგვიხდა. ეკლესიის დარბევის ბრძანება არ გვქონია, ხალხის დარბევის ბრძანება გვქონდა. უფრო სწორად, ნებისმიერი ძალის გამოყენებით უნდა დაგვეკავებინა ბასილ მკალავიშვილი, ჩვენ კი ამისთვის ხალხის წინააღმდეგობა უნდა გადაგველახა.
ზოგიერთი სპეცრაზმელი განსაკუთრებული სისასტიკით მოეპყრა მრევლს. ხელკეტების გარდა, სხვა იარაღი არ გამოგვიყენებია. როგორც იქნა, ხალხის წინააღმდეგობა დავძლიეთ და ეკლესიის ჩაკეტილ კარს მივადექით. სპეცრაზმის ბიჭები კარის შენგრევას ცდილობდნენ, რაც იოლი არ აღმოჩნდა. შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, მანქანით შეგვემტვრია კარი. პირდაპირი დარტყმა არ ივარგებდა, მანქანა 45-გრადუსიანი კუთხით მივმართეთ და ისე დავარტყით. კარი გაიღო.
ბასილ მკალავიშვილი ხატებთან იდგა, ზურგით ჩვენკენ და ლოცულობდა. წინააღმდეგობა არ გაუწევია. ორმა კაცმა აქეთ-იქიდან ხელი მოჰკიდა და ისიც გამოჰყვა...
წინა ხელისუფლება ახალი მოსული იყო. ყველაფერში სოროსის ფული იხარჯებოდა. ესეც სოროსის შეკვეთა გახლდათ. აშშ-ს დაანახვეს, რომ იეჰოველების მდევნელი მამაო სასტიკად დაისაჯა. ამის აფიშირებაც სწორედ ამის გამო მოხდა. ეს ხმაურიანი სპეცოპერაციაც ამის გამო ჩატარდა, თორემ წინა დღეს შეიძლებოდა, სრულიად უხმაუროდ აეყვანათ ბასილ მკალავიშვილი. არც ამდენი აჟიოტაჟი მოჰყვებოდა, არც მრევლი ჩაერეოდა და დაშავდებოდა, მაგრამ ჩუმად დაპატიმრებას ასეთი ხმაური არ მოჰყვებოდა და სამაგალითოდ დასჯა არ გამოვიდოდა. ხმაური ატეხეს, რომ დამფინანსებლისთვის ესიამოვნებინათ.
ყველა შემთხვევაში ვმოქმედებდი, როგორც ოფიცერი, რომელიც ვალდებულია, ბრძანება შეასრულოს. არასოდეს მქონია სინანულის განცდა, მაგრამ ბასილ მკალავიშვილთან დაკავშირებით ცუდი ფაქტი მოხდა. არ ვიცი, თავიდანვე რომ მცოდნოდა, მაინც წავიდოდი თუ არა ბრძანების შესასრულებლად, მაგრამ ფაქტია, რომ მოტყუებით მიგვიყვანეს, ფაქტის წინაშე დამაყენეს, ბიჭებს ვერ ვუღალატებდი. ზურგს ვერ ვაქცევდი და იძულებული ვიყავი, ბრძანება შემესრულებინა. ამის შემდეგ ხშირად მედგა თვალწინ ბასილ მკალავიშვილის გამოსახულება, რომელიც ხატებთან ლოცულობდა და კარის შენგრევის დროს არც შემობრუნებულა. საოცარი განცდა მქონდა, ვიტანჯებოდი. ჩემი განცდები მოვუყევი მეგობარს, რომელსაც ვენდობოდი. მან თავის ახლობელ მოძღვართან მიმიყვანა, რომელსაც ყველაფერი ვუამბე და შენდობა ვთხოვე. მარტომ ვერ გადაწყვიტა, უფრო ზემდგომ იერარქიაში დაეკითხა. როგორც ვიცი, თვით ილია II ჩააყენა საქმის კურსში და მისი კურთხევით შემინდო ცოდვები, თუმცა მანამდე რაღაც ეტაპები გავიარე, ლოცვებს ვკითხულობდი. პირველად რომ ვეზიარე, ვიტირე, საოცარი სიმსუბუქე შევიგრძენი. მოძღვარმა მითხრა, რომ ეს მძიმე ცოდვა მონანიებული მქონდა და ამის გამო სინანულიც აღარ უნდა მეგრძნო, მაგრამ დღემდე მაქვს, ვერ მოვიშორე, თუმცა ამ ამბავმა ჩემზე დიდი გავლენა იქონია. მთლიანად შემეცვალა მსოფლმხედველობა, სხვანაირად გადავანაწილე პრიორიტეტები, ღვთის შიში ვიგრძენი და მეც შევიცვალე. აღსარების შემდეგ სრულიად სხვა ცხოვრება დავიწყე. ჩემს წარსულს სხვა თვალით გადავხედე და მივხვდი, რომ არასწორად ვცხოვრობდი“.
ძნელი სათქმელია, გამოძიება დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალდებას დაუმტკიცებს თუ არა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი მოარული ხმა გამართლდება და დადგინდება, რომ დეკანოზი არათუ უწმინდესის, არამედ, საერო პირის მოწამვლასაც არ აპირებდა და არც ციანიდი ჰქონდა, მაშინ რა გამოვა? ამ რიტორიკულ კითხვაზე მსჯელობა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ალბათობის თეორიის მიხედვით, შეიძლება, სპეცრაზმელის მონანიების სცენა განმეორდეს და წლების შემდეგ, იმ ადამიანებმა, ვინც იეჭვეს, რომ დეკანოზი უდიდესი ცოდვის ჩადენას გეგმავდა, მედიას ,,აღსარებაც'' ჩააბარონ, თუმცა რაც უნდა მოხდეს, ფაქტია: „ციანიდის საქმეს“ ვიღაც სათავისოდ გამოიყენებს და ერთი ჟურნალისტის თქმისა არ იყოს, „ნაკურთხი ინტრიგები“ შესაძლოა იმით დამთავრდეს, რომ იგივე მეუფე პეტრე (ცანავა) სინოდმა განკვეთოს.
როგორც X-ფაილის დასაწყისში აღვნიშნეთ, წმინდა სინოდის სხდომა მომავალ კვირას, სავარაუდოდ, 7 მარტს ჩატარდება და, იმ შემთხვევაში, თუკი 47 მღვდელმთავარი მეუფე პეტრეს (ცანავა) განკვეთს, შეიძლება, გაჩნდეს გონივრული ეჭვი, რომ „ციანიდის სკანდალის“ ერთ-ერთი მიზანი სწორედ ჭყონდიდის მიტროპოლიტის განეიტრალება იყო.
ვინ და რას ერჩის მეუფე პეტრეს? _ ეს კიდევ ერთი რიტორიკული კითხვაა, თუმცა მას მთავარ, ასე ვთქვათ, ბრალდებად იმას უყენებენ, რომ ახალაიებსა და, საერთოდ, ნაცმოძრაობასთან მეგობრობდა. არადა, ეკლესია და, შესაბამისად, ეკლესიის მსახურნი პოლიტიკისგან თავისუფალნი უნდა იყვნენ. ისე, მსოფლიო ისტორია მოწმობს, რომ რელიგია ყველა პოლიტიკაზე დიდი პოლიტიკაა, რომელიც უმეტესად, ხალხის სამართავად და ხალხზე ზეგავლენისთვის გამოიყენება ხოლმე...
ვანო პავლიშვილი

back to top