„გარედან - სანქციები, შიგნით - აქციები!“- ინტერვიუ გიორგი გუგავასთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 რას სთავაზობს ოპოზიციას და ქვეყნის გადარჩენის რა გეგმა აქვს ლეიბორისტულ პარტიას

გუშინ, 6 სექტემბერს, პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა და ყველაზე მნიშვნელოვანი ის საკანონმდებლო ინიციატივებია, რომელთა მიღებაც ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად იგეგმება. საშემოდგომო სესიაზე მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ინიციატივითაც გამოდის. საპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც ევრორეკომენდაციებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ სამუშაო ჯგუფებში ჩართული არ არის, დამოუკიდებელ დოკუმენტზე მუშაობა თითქმის დაასრულა. ნაციონალური მოძრაობის, ლელოს, სტრატეგია აღმაშენებლის წევრებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ 12 რეკომენდაციიდან, თითქმის ყველა საკითხზე კანონპროექტი მომზადებულია და ოთხ საკითხთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან დამატებითი კონსულტაციები გაიმართება. ასე რომ, პარლამენტში მმართველი ძალა და ოპოზიცია აქტიურ სამუშაო პროცესს იწყებს. ამ ფონზე, რა გეგმები აქვს არასაპარლამენტო ოპოზიციას? – „ვერსია“ ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთ ლიდერ გიორგი გუგავას ესაუბრა:

- ჩვენ წარმოვადგენთ რეპრესირებულ პარტიას. ჩამოგვართვეს კომისიის წევრები 3800 უბანზე, ჩამოგვართვეს საპარლამენტო პარტიის სტატუსი, ჩვენი პარტიის ლიდერი გარიცხეს პარლამენტიდან, ჩამოგვართვეს უფასო სარეკლამო საშუალებები, შეგვიწყვიტეს დაფინანსება, მაგრამ ყველაფერ ამის მიუხედავად, ბრძოლა არ შეგვიწყვეტია და ვერ გეტყვით, რომ ვპასიურობთ. წლებია, ვმუშაობთ და ეს ზაფხულიც მთლიანად იმას მოვახმარეთ, რომ მოხდეს ოლიგარქის სანქცირება, რათა გადარჩეს ქვეყანა. ვხედავთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება აქტიურ იდეოლოგიურ საომარ პროცესშია ჩართული, მას უკავია რუსეთის მხარე და ცივი ომის პირობებშია აშშ-თან, აბრალებენ ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას, რაც დანაშაულებრივი ქმედებაა ქვეყნის წინაშე და ამ დროს, რომელ საპარლამენტო უმრავლესობაზე ვსაუბრობთ, იმაზე, რომელიც მთლიანად არალეგიტიმურია?! ისინი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას არ აპირებენ! არ აპირებენ სასამართლო და სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას. აქედან გამომდინარე, მაინტერესებს ოპოზიციის როლი, რომელიც შერცხვენილი შევიდა პარლამენტში, გატეხა ხალხისთვის მიცემული პირობა, რომ არ აღიარებდა არჩევნების შედეგებს და არ შევიდოდა პარლამენტში. ეს მოღალატეობრივი ნაბიჯი რომ არ გადაედგა, მივიღებდით ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. ახლა კი გვიცხადებენ, რომ თურმე, იმუშავეს, გაამზადეს 12 პუნქტის შესასრულებელი დოკუმენტი. კი, მაგრამ ამ დოკუმენტს რას უპირებენ?

- გეგმავენ, რომ პარლამენტს წარუდგენენ განსახილველად...

- უნდა წარუდგინონ იმ საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც მმართველი პარტია ფლობს და წინასწარ აქვს გაცხადებული, რომ არ აპირებს ოპოზიციის დოკუმენტის მიღებას. მაშინ, სად განათავსებენ ამ „პერგამენტს“, რომელიც ასე რუდუნებით შეიმუშავეს? ეს ხომ ზღაპარი და ხალხისთვის „თვალში ნაცრის შეყრაა“?! ყველაფერი ეს იმას ემსახურება, რომ რამენაირად გაამართლონ პარლამენტში ყოფნა, ვერ ელევიან სკამებს, რომლებიც დაიკავეს! ეს იაფფასიანი შოუ-ბლეფია, რომელსაც საზოგადოება არ „ჭამს“. თუ უნდათ, რომ რეალურად ებრძოლონ ამ რეჟიმს, კეთილი ინებონ და გამოვიდნენ პარლამენტიდან, შევქმნათ საერთო წინააღმდეგობის ეროვნული ფრონტი, დავიწყოთ აქციები, ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ამ ხელისუფლების გასტუმრება და ახალი არჩევნების მიღწევა. თუ არ გვინდა, დავკარგოთ ევროპული პერსპექტივა და სტრატეგიული მოკავშირეები, თუ გვინდა, გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და მომავალი, ეს უნდა გავაკეთოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიწყება რეჟიმის სანქცირება და გადავარჩენთ ამ ქვეყანას, სხვა შემთხვევაში, ისინი გამოდიან თანამონაწილენი ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში, ხელისუფლებასთან ერთად.

- ამ გეგმას რომ სთავაზობთ კოლეგა ოპოზიციონერებს, რას გპასუხობენ?

- ჩვენი პარტიის ლიდერმა, საგანგებო ბრიფინგით, ოფიციალურად მოუწოდა, რომ დატოვონ მანდატები და შეიქმნას წყალგამყოფი. ასეთ დროს, პროცესის რადიკალიზაციაა საჭირო და არა - შეყოლა ისეთ თამაშში, სადაც აპრიორი წაგებული ხარ. რა, არ ვნახეთ, როგორ შეასრულეს 19 აპრილის შეთანხმება, რომლის ავტორი შარლ მიშელი და აშშ-ის საელჩო იყო?...

- უნდა აღინიშნოს, რომ ამ დოკუმენტზე ენმ-მ არ მოაწერა ხელი და სწორედ ეს მიზეზი გამოიყენა ხელისუფლებამ, რომ ბათილად ეცნო შეთანხმება...

- შემდეგ ხომ მოაწერა ხელი და შევიდა პარლამენტში? ეს პასუხისმგებლობა ხომ ხელისუფლების იყო, მაგრამ როგორი უპასუხისმგებლოც იყო ოპოზიცია და დაარღვია დადებული პირობა ხალხის წინაშე, ბუნებრივია, ხელისუფლებამ გამოიყენა ეს და დისკრედიტირებულ ოპოზიციას „თავზე გადაახია“ ეს დოკუმენტი... აქედან გამომდინარე, თუ ოპოზიციას უნდა რეალური ბრძოლა, ვთავაზობთ ქვეყნის გადარჩენის რეალურ გზას, დანარჩენი, მხოლოდ საკენკის დაყრაა საზოგადოებისთვის, რომ მისი ყოფნა პარლამენტში, თითქოს, აუცილებელია და სახელმწიფოზე ფიქრობს.

- ბატონო გიორგი, თუ ამ მოწოდებაზე ოპოზიცია არ გამოგყვებათ, რას აპირებთ, რა გეგმა გაქვთ?

- ჩვენ ვდგავართ ხალხის მხარეს და ხომ დავიჩაგრეთ იმის გამო, რომ წინააღმდეგობა გავწიეთ, მაგრამ ხომ არ გავმქრალვართ ამის გამო? ამიტომ, კეთილი ინებონ და დროებით დათმონ პრივილეგიები, რათა დაუჯეროს ხალხმა, შეიქმნას წინააღმდეგობის ახალი მუხტი და ნდობა აღდგეს ოპოზიციის მიმართ. ორი მიმართულებით ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას - ამ რეჟიმის, სისტემის დანგრევა მარტივი არ იქნება და ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერა გვჭირდება. ეს პროცესი დაწყებულია და მისი უდიდესი კაპიტალი დასანქცირებულია, რასაც უნდა მიეცეს ოფიციალური სახე. ჩვენ ვმუშაობთ, რომ გადაადგილება შეიზღუდოს, ვიზები გაუქმდეს და სხვა ანგარიშები დაყადაღდეს. გარედან - სანქციები, შიგნით - აქციები, ხატოვნად რომ ვთქვათ, ესაა ჩვენი გეგმა.

- თუ ვერ დაითანხმეთ პარტიები, აქციებს დააანონსებს მხოლოდ თქვენი პარტია?

- ამას მომზადება სჭირდება. ერთი პარტია ვერ შეძლებს, რადგან გარკვეული რესურსია საჭირო და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროცესი ამ მიმართულებით წავიდეს. სხვა გამოსავალი არაა. ვხედავთ, რომ კატასტროფის წინაშე ვდგავართ ყველა მიმართულებით - რეკორდს მიაღწია სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობამ, პოლიტიკურ-სამართლებრივ ასპექტში რა მდგომარეობაცაა, ვისაუბრე უკვე. ქვეყნიდან გარბის ხალხი და გარბიან მწარმოებლები გენეტიკური, სოციალური და ეკონომიკური გაგებით - ეს ფენა უკან დაბრუნებას არ აპირებს. თუ გვინდა, დაიცალოს ეს ქვეყანა, დავკარგოთ სუვერენიტეტი, მაშინ, ეს გზა უნდა გააგრძელოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ! თუ მაღალ პასუხისმგებლობას გამოიჩენს ოპოზიცია, ასეთ შემთხვევაში, გამარჯვება გარანტირებული იქნება.

- ბატონო გიორგი, თუ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, რას შეცვლის ოპოზიციის მდგომარეობაში?

- ვერ გეტყვით, გააკეთებს თუ არა ამ განაცხადს. მიუხედავად იმისა, რომ წლებია, მასთან დაპირისპირებულები ვართ და ერთმანეთის პოლიტიკური ოპონენტებიც გახლავართ, ამ შემთხვევაში, არის პოლიტპატიმარი და უნდა განთავისუფლდეს. ვერ დავიწყებ მარჩიელობას, გააკეთებს განაცხადს პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, თუ არა და რა შედეგს გამოიღებს, ეს მისი პარტიის წევრებს უნდა ჰკითხოთ.