Menu
RSS

კლავდნენ სრულიად მიზანმიმართულად, განსაკუთრებული სისასტიკით. იყო შემთხვევითი მსხვერპლიც, თუმცა შემთხვევით მკვლელებს მაინც აჯილდოვებდნენ, რადგან მართალია, უნებლიედ, მაგრამ მათაც შეჰქონდათ მცირედი წვლილი იმ ,,სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეში'', რასაც საზოგადოების დაშინება ერქვა, დაშინებული საზოგადოება კი იმის გარანტია იყო, რომ 20 წელი მაინც იქნებოდნენ ხელისუფლებაში, დანარჩენი შემდეგ გამოჩნდებოდა.
აგვისტოს ომიდან შინ 2 დღის დაბრუნებული როინ (რომა) შავაძე, 2008 წლის 16 აგვისტოს, ბათუმის ცენტრში, ოქროს ბირჟასთან ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დააკავეს. ,,ძირს დაგდებულ ქართველ ჯარისკაცს დაახლოებით 20 ნიღბიანი სპეცრაზმელი რომ ურტყამდა, გვეგონა მტერი შემოვიდა და ჩვენი ოქროულობის ჩალაგება დავიწყეთ, პანიკაში ჩავვარდით; ისიც კი ვიფიქრეთ, ტყვედ არ აგვიყვანონ-თქო. ძალიან დაუნდობლად და საცოდავად აიყვანეს'', – მოყვნენ მომხდარიდან სამი კვირის შემდეგ თვითმხილველები.
საავადმყოფოში მისულებს ჯარისკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში კი არა, პროზექტურაში დახვდათ, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავლად მყოფმა სამართალდამცავებმა ჯარისკაცის ქვრივსა და ნათესავებს ხმის ამოღება აუკრძალეს. მათზე ზეწოლა რამდენიმე თვის შემდეგ ტერორში გადაიზარდა – გაჩუმების სანაცვლოდ, სოლიდურ თანხას სთავაზობდნენ და წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ.
როინ შავაძის დაკრძალვამდე მისი ცხედარი ოჯახის ახლობელმა ექიმმა დაათვალიერა: ,,წინა მხრიდან 22 შემავალი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მთელ სხეულზე – ჰემატომები. მარცხენა ბარძაყი მოტეხილი იყო, ოღონდ ამას ტყვიას ვერ დავაბრალებ _ აშკარად ეტყობოდა, რომ მოტეხეს. მარცხენა ხელი, შუა მკლავთან წრეზე შემოკერილი და დამოკლებული ჰქონდა, მარჯვენა ხელი _ მოტეხილი. თავის არეში მარცხენა ყურიდან მარჯვენამდე მთლიანად გადაკერილი იყო; ნატყვიარი არ ჩანდა და რატომ, არ ვიცი. ეტყობოდა, რომ სახეში ,,დუბინკა'', ან სხვა რამ ჰქონდა ნარტყამი. ნიკაპზე, მარცხენა მხარეს 12 ნაკერამდე ჰქონდა, მაგრამ არა _ ტყვიისგან მიყენებული ჭრილობით. მარცხენა ხელზე 2 თითი მოტეხილი და გადაგლეჯილი, კანზე იყო ჩამოკიდებული. სავარაუდოდ, ხერხემლის მეშვიდე მალა ჩატეხილი ჰქონდა; კისრის გადატეხვა ალბათ, მაშინ მოხდა, როცა აიყვანეს, რადგან თავად ძალიან დიდი და ფიზიკურად ძლიერი იყო და თუ უკნიდან არ მიეპარებოდნენ, ისე ვერ წააქცევდნენ. დაახლოებით, 5 ავტომატი მაინცაა ნახმარი, ზოგი ტყვია ახლოდანაა მოხვედრილი, ზოგი _ შორიდან. ჩემი აზრით, ნაწვალებია და მერე დაცხრიულული''.
დამკვეთი იყო სააკაშვილის რეჟიმი _ ნახევრადშეშლილ, ფსიქიკურად და მორალურად არასრულფასოვან არსებათა მცირე ჯგუფი, რომელიც სისხლით, ძალაუფლებით და ამ სიით ერთდროულად და ერთნაირად ტკბებოდა.
ოთარ გველუკაშვილი (მოკლული იქნა გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში სპეცოპერაციის დროს); ანტონ კეკულავა (მოკლეს თბილისში დაკავებისას); დიკო ბარქაია (მოკლეს ზუგდიდის რაიონში სპეცოპერაციის განხორციელებისას); ზაზა ფანცქელაძე (მოკლეს ზუგდიდის რაიონში დაკავებისას ); ხვიჩა კვირიკაშვილი (მოკლული იქნა თბილისში, პოლიციელების მიერ დაკავების დროს, ცემის შემდეგ); ალექსანდრე გომაშვილი (მოკლეს კახეთში დაკავებისას); მურთაზ ქარდავა და თემურ ხუბუნია (ორივე ჩაცხრილა და მოკლა უშიშროების თანამშრომელმა); სულხან ლომიძე (მოკლეს ხელვაჩაურის რაიონში სპეცოპერაციის დროს); აკაკი კორკოტაშვილი (მოკლეს გურჯაანის რაიონში, დაკავებისას ); ავთანდილ და ვახტანგ გუმაშვილები (ორივენი მოკლეს ახმეტის რაიონის სოფელ დუისში, სპეცოპერაციისას); ვახტანგ მარგოშვილი (მოკლეს ქვემო ქართლში, სოფელ ვახტანგისში); ვარლამ ნემსიწვერიძე (მოკლეს თბილისში, მძევლის გათავისუფლებისას); ნესტორ ესებუა, გია ოკუჯავა და თემურ ცეკვავა (სამივე მოკლეს აბაშის რაიონის სოფელ მარანში, დაკავებისას); თამაზ კურკუმული (მოკლეს თბილისში დაკავებისას); ხვიჩა მელაძე (მოკლეს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოჩხათში); გიორგი კვირიკაშვილი და გიორგი მანჯავიძე (ორივ მოკლეს თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე დაკავებისას); ლევან გულუა (მოკლეს თბილისში, გამსახურდიას გამზირზე დაკავებისას ); რეზო სარჯველაძე (მოკლეს თბილისში დაკავებისას); ვლადიმერ ხოშტარია (მოკლეს თბილისში დაკავებისას); გიორგი თელია (მოკლეს თბილისში, საკუთარ სახლში, სპეცოპერაციის დროს ); ჯემალ ჩაფიძე (მოკლეს თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში დაკავებისას); ზვიად ბაბუხადია, ბუთხუზ კიზირია და ვალერი ბენდელიანი (მოკლული იქნენ ბაღდადის რაიონის სოფელ ვარციხეში, დაკავებისას); ალექსანდრე ხუბულოვი (ჩაცხრილეს ავტომანქანაში, სპეცოპერაციის დროს, თბილისში, კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე); მიხეილ ბერძენიშვილი (მოკლეს საგარეჯოს რაიონში დაკავებისას); გელა ცინდელიანი (მოკლეს მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში სპეცოპერაციის დროს); ჯაბა ჯაბანიშვილი (ქალაქ ბორჯომში დაჭრილი იქნა პოლიციელის მიერ და სახლში მისვლისას გარდაიცვალა); ხვიჩა კოკაია (მოკლეს ხობის რაიონში სპეცოპერაციისას); ვალერი ფხაკაძე (ქუთაისში დაჭრეს პოლიციელებმა და დაჭრილს არ აღმოუჩინეს სასწრაფო დახმარება, რის გამოც გარდაიცვალა); მიხეილ კირაკოსიანი (ახალციხეში მოტოციკლის გაჩერების მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, ესროლა პოლიციელმა და ადგილზე მოკლა); გიგა ჭარბაძე (მოკლული იქნა თელავში პოლიციელის მიერ, ავტომანქანის დაჯახებით); ალექსანდრე ხოსიტაშვილი (მოკლული იქნა თბილისში, პოლიციელების მიერ სასტიკი ცემის შედეგად); ოლეგ მესხიძე (მოკლეს ოზურგეთში სპეცოპერაციისას); თენგიზ გოგია (მოკლეს სენაკის რაიონის სოფელ მენჯში სპეცოპერაციისას); როლანდ მახარაძე (მოკლეს ბათუმში მძევლების გათავისუფლებისას) როინ შავაძე (მოკლეს ქობულეთში სასტიკი წამების შემდეგ); ზურაბ მანთაძე (მოკლეს რუსთავ-თბილისის გზატკეცილზე დაკავების შემდეგ); ჯიმი მეგრელიძე (მოკლეს ზუგდიდში დაკავებისას); მამუკა ჩარჩხალია (პოლიციელების მიერ თავის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა საკუთარ სახლში).
ეს არ არის სრული სია... ხშირ შემთხვევაში ,,სპეცოპერაციები'' კარგად დაგეგმილი და ცივ გონებაზე განხორციელებული მკვლელობები იყო.
„ნავთლუღის“ ავტოსადგურის ტერიტორიაზე უმოწყალოდ ჩახოცილი ახალგაზრდები მაშინ საშიშ დამნაშავეებად გამოაცხადეს. ბიჭებს 10-11 ტყვია ჰქონდათ მოხვედრილი. 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე, კუდ-ის შენობიდან სკანდალურმა ვიდეომასალამ გამოჟონა, ვიდეომასალიდან ჩანს, რომ სპეცოპერაციის ადგილზე, ავტომატიანი დათა ახალაია გურამ დონაძეს ელაპარაკება. ახალაია კმაყოფილი და ღიმილიანი სახით ხსნის ავტომატს და დაბლა უშვერს, გურამ დონაძე გვერდზე ხტება.
სამივე ლიკვიდირებული ახალგაზრდა აჭარიდანაა, ორი ხულოს, ერთი ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან. რომანი და მარად ართმელაძე თანაკურსელები იყვნენ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდნენ, პარალელურად, თურქეთში მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ასრულებდნენ. თურქეთში მათთან ერთად მუშაობდა შოთა (მურად) გორგაძეც. რომანი მეგობრებსა და მამასთან ერთად საქართველოში საახალწლოდ, დეკემბრის ბოლოს დაბრუნდა. 15 იანვრისთვის კი ისევ თურქეთში უნდა წასულიყვნენ.
ამ სპეცოპერაციას ჰყავს თვითმხილველები. ერთ-ერთმა თვითმხილველმა გარდაცვლილის მამას, ოთარ სურმანიძეს უთხრა, რომ სამივე მოკლული მუხლებზე დაჩოქილი და თავზე ხელებშემოდებული ეხვეწებოდა პოლიციელებს, არ ესროლათ. მის შვილს მუხლში ნასროლი ტყვია ფეხის გულში ჰქონდა გასული, რაც ადასტურებს, რომ მათ დაჩოქილებს ესროლეს.
მოითხოვეს ორი გვამი და მიიღეს სამი გვამი _ გეგმა გადაჭარბებით შესრულდა.
იოლად კლავდნენ, შემდეგ იოლად ტოვებდნენ დანაშაულის ადგილს, გამოდიოდნენ ტელევიზიით და მაღალ მატერიებზე საუბრობდნენ: ჰუმანიზმზე, ტოლერანტობაზე, შემწყნარებლობაზე, პოლიტკორექტულობაზე, სოლიდარობაზე, ფასეულობებზე, განსაკუთრებით _ ძირეულ ევროპულ ფასეულობებზე, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ადამიანისა და კანონის პატივისცემა, ადამიანისა და კანონის უზენაესობა...
კანონები საკუთარ ფსიქიკურ გადახრებს მოარგეს, ადამიანი სძულდათ.
„2009 წლის 19 იანვარს, ჩემი დაკავებისას წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მხრიდან ჩემ მიმართ ადგილი ჰქონდა ცემა-წამებას და არაადამიანურ მოპყრობას... კერძოდ, დაკავებისას გამისწორდნენ სასტიკად, მცემდნენ და მაწამებდნენ, რითაც მომაყენეს ჯანმრთელობის უმძიმესი დაზიანებები. მარცხენა წარბის მოგრძო ფორმის უსწორმასწორო, კიდეებიანი და ბლაგვი ჭრილობა, მარჯვენა ხელის მტევნის მოტეხილობა და ღია ჭრილობა, მარცხენა თვალბუდის არეში სისხლნაჟღენთები და ასეთივე სისხლნაჟღენთები მარჯვენა თვალბუდის არეში. ჭრილობები განლაგებულია მარცხენა წარბის მიდამოზე და გაკერილია კვანძოვანი ფორმით. აღნიშნული სამედიცინო ჩარევა თვით პოლიციის თანამშრომელთა ინიციატივით მოხდა, ვინაიდან ვიყავი უმძიმეს მდგომარეობაში, ფაქტობრივად კომაში და ჩემი სიკვდილის შემთხვევაში მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა“, _ იხსენებს სოსო ჭ., ყოფილი პატიმარი.
ვალერი ზ: „23 სექტემბერს, გლდანის ციხიდან ეტაპით გადამიყვანეს რუსთავის #15 დაწესებულებაში, სადაც მოხდა ჩემი წამება და არაადამიანური მოპყრობა, რამაც დააზიანა ჩემი ჯანმრთელობა და ჩემი სიცოცხლე დააყენა საფრთხის ქვეშ. ცემის დროს ჩამიმტვრიეს კბილები, გამისკდა მარცხენა ყურის ბარაბანი, რამაც გამოიწვია სმენის დაკარგვა, იმ დღიდან ვარ ნევროზით დაავადებული, მაქვს სუნთქვის სერიოზული პრობლემა...“
გიორგი ბ: „დამაკავეს 2011 წელს, როცა ნაცრეჟიმი თავისი მოღვაწეობის პიკში იმყოფებოდა. ჩამიდეს მარიხუანა და ორი კვირის შემდეგ მომიყენეს ორი წლის წინანდელი ყაჩაღობა, რომელიც მე არ ჩამიდენია და შესაბამისად, ბრალიც არ ვაღიარე, რასაც მოყვა ჩემი ცემა-წამება, რომელიც ჩემი დაინვალიდებით დამთავრდა და დღეს ინვალიდის ეტლში ვზივარ. ამდენ უსამართლობას ვერ გაუძლეს ჩემმა მშობლებმა და ნერვიულობის ნიადაგზე ორივე დამეღუპა. დამენგრა ოჯახი...“
აი, რას ჰყვება გარდაცვლილი პატიმრის დედა, დარეჯან მ: „ჩემმა შვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაატარა, დაახლოებით, ოთხი წელი. 2012 წლის 19 ივნისს მაცნობა მისი საკნის პატიმარმა, რომ ირაკლიმ თავი ჩამოიხრჩო. იმავე ღამით ჩემი მეორე შვილი, ნათესავებთან ერთად, წავიდა ციხეში და მეორე დღეს ჩამოასვენეს ირაკლი სახლში. მე თავად პროფესიით ვარ ექთანი, დავათვალიერე ჩემი შვილის ცხედარი და ვნახე, რომ მარცხენა ხელი მაჯის ზევით ჰქონდა გადატეხილი, თავის არეში, უკანა მარჯვენა მხარეს დარტყმისგან ჰქონდა გატეხილი და შეენიშნებოდა გამონადენი სისხლიც, ასევე დაზიანებული ჰქონდა შუბლიც, იგი რაღაც ბლაგვი საგნით იყო ჩაზნექილი, ყელის არეზე ირგვლივ ჰქონდა სიშავე... დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილი ჯერ სცემეს, აწამეს და მერე თვითონ გააკეთეს ჩამოხრჩობის სცენა, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი თავს არ მოიკლავდა. აქვე მინდა მივუთითო, რომ იმ დაზიანებებით, რაც მას ჰქონდა, იგი ფიზიკურად ვერ შეძლებდა, რომ თვითონ ჩამოეხრჩო თავი. ასეთი რამ შეუძლებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილი მოკლეს საპატიმროს თანამშრომლებმა“.
იმედა ბ: „ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ერთდროულად მქოლავდა, სახეში მაფურთხებდა, მაგინეს და მემუქრებოდნენ _ დედას მ...თო, დას გაგიბოზებთო, მამაშენს დავიჭერთ და შენც 18 წელი გემუქრებაო, ციხეში ჩვენი ძმაკაცები მუშაობენ და საქათმეში შეგაგდებთო. დაიწყეს ჩემს მიმართ პრესი და რომ ვერაფერს მიაღწიეს, ექვსივემ გამაშიშვლეს და გაუპატიურებით მემუქრებოდნენ... ჩემი ღრიალი ალბათ, მთელ ქუთაისს ესმოდა. ვეღარ გავუძელი და ძალადობით მომაწერინეს ხელი რაღაც ფურცლებზე...“
„ქრთამის ვითომ მიმცემად და პროვოკაციის განსახორციელებლად გამოიყენეს ცნობილი აგენტი რუსლან მამედოვი, რომელმაც, როგორც მისთვის მიძღვნილი ორსაათიანი სატელევიზიო გადაცემიდან შევიტყვე, ანალოგიური პროვოკაციით დააჭერინა ოცი ადამიანი. ხუთ შემთხვევაში პროკურორი და მოსამართლე ერთი და იგივე პიროვნებები არიან. ჩემი ერთ-ერთი სასამართლო სხდომიდან ხუთ წუთში ამ დუეტმა „ქრთამზე“ გაასამართლა პიროვნება, სადაც მოწმე კვლავ მამედოვი იყო“, _ ყვება ყოფილი პატიმარი, ირაკლი ნ.
დიტო გელოვანი

დაბრუნება დასაწყისში