Menu

რაც დრო გადის, ნაკლებად ვიხსენებთ ირაკლი ოქრუაშვილს, სააკაშვილის მეორე „მე“-ს _ შიდა ქართლის ყოფილ გუბერნატორს, ყოფილ გენპროკურორს, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, რთვლის გენერალს, ქართველი გლეხებისა და ქართველი ჯარისკაცების რისხვას, რომელმაც ეკონომიკის მინისტრობა ვერ აიტანა, პირველ „მე“-ს გაემიჯნა, ე.წ. „ვარდების რევოლუციის მეოთხე წლისთავზე მეორე „მე“-ს გარეშე დატოვა და საკუთარი პარტია შექმნა.
მერაბიშვილი, ოქრუაშვილი, ადეიშვილი, ახალაიები, თარგამაძე, ნადირაძე, კეზერაშვილი, ბეგაშვილი... _ ეს სულ ცნობილი გვარ-სახელებია, მაგრამ იყვნენ სააკაშვილის „უცნობი ჯარისკაცებიც“. აღარავის ახსოვს „კმარა“ – 90-იანი წლების პოლიციის, საგადასახადო სამსახურის, კონტროლის პალატის და სხვა მაკონტროლებელი სტრუქტურების ე.წ. „პუსტა-პუსტა“ თანამშრომლებით შედგენილი ბანდა, რომლის წევრთაგან შემდგომში ზოგი სახელგანთქმული ჯალათი გახდა, ზოგი კი რიგით ,,ზონდერობას'' ვერ გასცდა, თუმცა კი ეცადნენ, მაგრამ როგორც იტყვიან, ვერ გაქაჩეს, რადგან, იმ პატიმრისა არ იყოს, შესაბამისი იმპროვიზაციის უნარი არ აღმოაჩნდათ.
ასეთების შესახებ არის ეს ამბავი. ვინც შეესწრო, იმან მოყვა, მე კი თქვენ გიყვებით:
„თბილისთან ძალიან ახლოს, მცხეთამდე არმისული, ერთი პატარა სოფელია. ტყეშია, პრაქტიკულად, სულ რამდენიმე ოჯახი სახლობს. იქ ცხოვრობს ერთი პროფესიონალი ბრაკონიერი (არა ნადირ-ფრინველისმჟლეტი, არამედ, _ შეშის განხრით). ამ საქმით ირჩენს თავს _ უნებართვოდ ჭრის ხეებს, შეშას ამზადებს და ყიდის. ცუდია, რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგიერთ ქვეყნის დამქცევს ჯობია და შეიძლება დაუჯერებელია, მაგრამ ბევრ ეკოჩინოვნიკზე მეტად უყვარს და უფრთხილდება ტყეს და იქ ჭრის, სადაც ბევრი არაფერი დაშავდება...
ერთი სიტყვით, მოვიდნენ ნაცები, დაინიშნა მინისტრად გოგა ხაჩიძე, რეინჯერები თავიანთი ლამაზი ფორმებითა და ,,ტოიოტას'' პიკაპებით იმ ხელისუფლების ერთ-ერთ სიამაყედ იქცა.
ახლა კი, მთავარი ამბავი: ზამთრის პირია, შეშა საღდება მაგრად _ თბილისში ერთიციცქნა ტომარა ხუთი ლარი ღირს. ამ ჩვენს ტყისმჭრელს გახურებული სეზონი აქვს. ჰოდა, სისხამ დილით გასულმა, ტყის სიღრმეში წამოაქცია ორი რცხილა სწრაფად და შეშად დააპო, იქვე, წინა დღეს მოჭრილი გამხმარი მუხაც ჰქონდა, გაავსო თავისი დანჯღრეული ,,კოლხოზნიკი'' (დახელოვნებული იყო _ ისე კომპაქტურად ჩააწყო, ღრიჭოც კი არ ჩანდა შეშებს შორის, მაგრამ რეზინის ხომ არ არის _ 2 კუბურ მეტრზე მეტი ვერაფრით ჩაეტევა). დაბრუნდა სოფელში. მიაყენა მანქანა ღობესთან და სახლში შევარდა ტანსაცმლის გამოსაცვლელად, თბილისში ეჩქარება შეშის ჩატანა, იქნებ, მეორე გზაც მოასწროს. გამოვიდა გარეთ და... დახვდა კოხტა ,,ტოიოტა ჰაილუქსით'', სამი ასევე, კოხტა რეინჯერი!
შეშის საბუთიო. კარგი, რა, სახლისთვის ერთი ,,ვილისი'' შეშა მომიტანია, არ გრცხვენიათო?! შემოდითო, გიორგობაა ხვალეო, თითო ჭიქით დაილოცეთო...
მოკლედ, უბრძანეს მანქანის დაქოქვა და ,,სატყეოში'' წაყოლა. ამან უთხრა: ეს მანქანა არ იქოქებაო. არ დაუჯერეს. გასაღები მოგვეციო. გასაღები არა, ისაო. ოცი წლის წინ დავკარგე მაგის გასაღებიო. გადააბ-გადმოაბეს მავთულები, უჩხიკინეს, ვერ დაქოქეს _ მართლა ვერავინ ქოქავდა პატრონის მეტი. ხომ გითხარითო. კარგი, გადმოტვირთეო. რა გადმოვტვირთო, წელი მტკივა, თანაც არ ვარ ვალდებულიო. რაღა ექნათ _ გადმოტვირთეს, თავის ,,პიკაპზე'' დატვირთეს და დაჯარიმების ოქმი შეუდგინეს.
ეს დიალოგი კი ღირსია, რომ მაქსიმალური სიზუსტით მოვიყვანოთ:
_ მოდი რა ეხლა, ნუ გვაზომინებ, შენც გეჩქარება, ვაჟკაცურად გვითხარი, რამდენია ეს შეშა.
ჩვენი ბრაკონიერი უკვე მიხვდა, ვისთანაც ჰქონდა საქმე.
_ შვილებს გეფიცებით, 60 კუბზე მეტი თუ იყოს. მაგდენიც არ იქნება, მაგრამ ჰა, ჩაწერეთ 60. თუ გინდათ, გაზომეთ.
_ კარგი, შენც ხო იცი, რომ მეტი იქნება, მაგრამ ჯანდაბას, 60 იყოს.
ჩაწერეს: ,,უკანონოდ მოჭრა 60 კუბური მეტრი შეშა''. (ცნობისათვის: ამდენ შეშას, დაახლოებით, რკინიგზის ორი ვაგონი დასჭირდებოდა.)
_ რა ჯიშებია?
_ 12 კუბამდე ბაობაბი იქნება, ცოტა მეტი, ეგრე 18-მდე _ სეკვოია, დანარჩენი მაკაგონია.
ჭკვიანმა რეინჯერმა უცებ იანგარიშა, რომ ,,მაკაგონი'' იქნებოდა 60-12-18=30 და ხუთოსანი მესამეკლასელივით ჩამოაწიკწიკა ყველაფერი. ჯარიმაც გამოუწერა _ 320 ლარი.
მისცა ამას საბუთის მეორე პირი და წავიდნენ. ეხლა ნახეთ, რა მოხდებაო, _ უთხრა შეკრებილ მეზობლებს და ხელები მოიფშვნიტა.
ზუსტად საათნახევარში თავისი ჯიპით ამოქანდა და ქოთქოთით წამოვიდა ,,ბირჟისკენ'' სატყეოს უფროსი (ეს ძველი იყო, რატომღაც არ შეუცვლიათ ნაცებს):
_ კარგი, რა, ამის დედა ვატირე, აღარ უნდა მოიშალო ეს მაიმუნობა? რა არის ეს?! რა დააწერინე ამ ჩემისებს?! მომე საბუთი, შევცვალოთ, დავწეროთ წესიერად.
_ ხო, სუ მაგ ჭკუაზე ვარ. მოკლედ, ესე ვქნათ, ხომ იცი, სიტყვას არ გადავალ: ეს საბუთი მე მექნება და არავის ვაჩვენებ, მაგრამ ერთი პირობით _ ხვალ ორ საბუთს მომიტან: ჩემი ჯარიმის გადახდის ქვითარს და ხუთი კუბომეტრი შეშის ბილეთს.
ორივე მიუტანა მეორე დღეს.
გული მხოლოდ იმ სამი კრეტინის გამომგზავნების დედების ღრმა და საფუძვლიანი მოკითხვებითღა მოიოხა“.
სასაცილოა? სრულიადაც არა. ვინ იცის, იმ სამმა გაბოროტებულმა, უბრალო ,,ზონდერებად'' ჩამოლაბორანტებულმა რეინჯერმა რამდენს გაუმწარა ცხოვრება, რამდენს წაართვა ნახევარი სიცოცხლე იმ გამჭვირვალე შენობებში, ერთბაშად, სოკოებივით რომ ამოიზარდნენ და ახლა, ნელ-ნელა რომ ვიგებთ, რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა.
დავით გ: „...გამიმეორეს სანოძის სიტყვები „თანამშრომლობის“ შესახებ, ოღონდ დამატებით მითხრეს, რომ უარის თქმის შემთხვევაში, 25-წლიანი პატიმრობა გარანტირებული მექნებოდა. მე მათ განვუცხადე, რომ ჩემი ცხოვრების პრინციპი არ არის საკუთარი ბედნიერების აგება სხვისი უბედურების ხარჯზე. მითხრეს, რომ შევხვდებოდით 25 წლის შემდეგ... რვათვიანი პატიმრობის შემდეგ, შემომთავაზეს საპროცესო შეთანხმება ხუთწლიანი პირობითი მსჯავრით, 5000-ლარიანი ჯარიმისა და ვითომცდა მიყენებული ზარალის 15 ათასი ლარის ანაზღაურების სახით. ციხის აუტანელი ყოფისა და 25-წლიანი მუქარის გამო, დავთანხმდი შემოთავაზებულ წინადადებას. ჩემი თანხმობის მიღების პარალელურად, ჯონი ო. და დიმიტრი ვ. თურმე, აწარმოებდნენ მოლაპარაკებას ჩემ ძმასთან იმის თაობაზე, რომ „ჯენტლმენური შეთანხმებით“, არაოფიციალურად, ჩემი სახსრებით დამეფინანსებინა გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთის პოლიციის შენობის კაპიტალური რემონტი და მარნეულის რაიონის, სოფელ ალგეთის პოლიციის მშენებლობა. ვინაიდან ჩემმა ძმამ იცოდა მათი მუქარის შესახებ და რომ იმ რეჟიმის პირობებში სიმართლის დამტკიცება გამორიცხული იყო, დაეთანხმა მათ შემოთავაზებას.
2007 წლის 9 ნოემბერს, გირაოს სახით, 20 ათასი ლარის გადახდის შემდეგ, გამათავისუფლეს პატიმრობიდან და ე.წ. ჯენტლმენური გარიგების შესრულებამდე საპროცესო შეთანხმება არ გამიფორმეს. ამავე დროს, კატეგორიულად ვიყავი გაფრთხილებული, რომ „ჯენტლმენური შეთანხმება“ არ გახმაურებულიყო. ჩემს ნაცნობ მშენებელს დააწერინეს ხელწერილი მასზედ, რომ ის თავისი კეთილი ნებით და მატერიალური სახსრებით შეასრულებდა ზემოაღნიშნულ სამუშაოებს უსასყიდლოდ. რეალურად კი, სამუშაოებს ეტაპობრივად ვაფინანსებდი მე. გარემონტებული ობიექტების მიღების შემდეგ, ჩემთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. მომისაჯეს 5-წლიანი პირობითი სასჯელი და 20 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმისა და ე.წ. ზარალის ანაზღაურება“.
ზარალიც გადაახდევინეს! ასე აშენებდნენ. ასეთი დავალება ჰქონდათ. ბევრი დავალება ჰქონდათ და ასრულებდნენ, როგორც შეეძლოთ.
სულ რამდენიმე გვარი შეგახსენეთ და რამდენიმე ამბავი გიამბეთ, მაგრამ საქმე ხომ რაოდენობაში არ არის, საქმე ხარისხშია, თუმცა არც რაოდენობა იყო მცირე. ხომ გახსოვთ მასტერები, მაიმუნები, მკურნალიძეები, ბუთლიაშვილები, ქარდავები, დონაძეები... ამ სიას აღარ გავაგრძელებ. სხვა სიისა ვთქვათ.
,,ორი გვამი მინდა. პრემია იქნება დიდი''
ალბათ, ყოველ ჩვენთაგანს, რომელიმე ფილმის, ტრილერის ან დეტექტივის ყურებისას ერთხელ მაინც გაგვკვირვებია დანანებით _ „რა იოლად ხოცავენ ადამიანებს...“ თუმცა, ჩვენ ხომ ის ხალხი ვართ, ზოგმა მოწიფულ ასაკში, ზოგმა ახალგაზრდობაში, ზოგმა კი ბავშვობაში 90-იანი წლები რომ გამოვიარეთ, მთელი ათი წელი, როდესაც სროლა და აყალმაყალი კი არა, სიკვდილიც კი ჩვეულებრივი ამბავი გახდა _ ყველაფერი ძვირდებოდა. იაფდებოდა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლე. იმდენჯერ ჩაგვიხედავს თვალებში სიკვდილისთვის, რომ სხვისი კი არა, საკუთარი სიკვდილიც კი ჩვეულებრივი ამბავი გახდა. დაზღვეული არავინ იყო.
ნაციონალურმა მოძრაობამ და მიხეილ სააკაშვილმა 90- იანი წლები დააბრუნეს, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად მკვლელობის დამკვეთი ხელისუფლება გახდა, მკვლელობის შემსრულებელი კი _ ის, ვისაც, წესით და რიგით, სამსახურებრივადაც და მორალურადაც, ადამიანების დაცვა ევალებოდა.
ძალიან იოლად უკვეთავდნენ გვამებს _ ორი გვამი მინდაო... უნდოდათ და იღებდნენ კიდეც.
ე.წ. ვარდების რევოლუციის ერთი წლის თავზე თბილისში, გიორგობა დღეს, ეკლესიის მახლობლად, დიდუბეში, იქ, სადაც 900 წლის წინ ჯვარი დაიწერეს თამარ მეფემ და დავით სოსლანმა, ძალიან იოლად, მშვიდად და ძალდაუტანებლად პოლიციელებმა სიცოცხლეს გამოასალმეს 19 წლის ახალგაზრდა ბუტა რობაქიძე.
წელიწადნახევრის შემდეგ, თბილისის გარეუბანში, ოქროყანაში, იქ სადაც 90 წლით ადრე სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში გმირულად იღუპებოდნენ 19-20 წლის გოგო-ბიჭები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა წამებით ამოხადეს სული სანდრო გირგვლიანს.
ცოტა ხანში სამი უდანაშაულო ახალგაზრდა ჩაცხრილეს ნავთლუღში, სპეცოპერაცია იყოო...
თბილისის ცენტრში, დღისით, მზისით, უამრავი გამვლელის თვალწინ, მანქანაში ჩაცხრილეს ორი ახალგაზრდა _ ე.წ. კორტების სპეცოპერაცია...
გიორგი გამცემლიძე პოლიციელებმა თბილისში, 2008 წლის 8 მაისს, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლეს. მკვლელებმა არ იცოდნენ, რატომ კლავდნენ _ დაკვეთა იყო.
გლდანში მოკლეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში გადარჩენილი გენერალი კრიალაშვილი.
სვანეთში, შვილებისა და შვილიშვილების თვალწინ ჩახოცეს მამა-შვილი აფრასიძეები, სახლი გადაწვეს, ოჯახის რძალი ფსიქიკურად შეირყა. ერთი ოჯახის ამოსაწყვეტად მობილიზებული იყო ორასამდე სპეცრაზმელი, სპეციალური ტექნიკა, შვეულმფრენები. მოითხოვეს გვამები და მიიღეს გვამები. მოითხოვეს კუბდარი და კუბდარიც მიიღეს.
დიტო გელოვანი

back to top