Menu
RSS

ვინ არის გიორგი ფანცულაია და ვინ დაიქირავა იგი სასულიერო პირის დასაცავად

საპატრიარქოს სკანდალი ახალ ფაზაში შედის. ბოლო ვერსიით, პატრიარქის ან რომელიმე სასულიერო პირის კი არა, ილია მეორის მდივან-რეფერენტის, მეუფე პეტრეს მტკიცებით, საპატრიარქოს ,,რუხი კარდინალის'' შორენა თეთრუაშვილის მოწამვლა იგეგმებოდა. ამ ინფორმაციას, მის დადასტურებამდე ავრცელებდა ადვოკატი მამუკა ნოზაძე, რომელსაც კითხვები მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის მისამართითაც გაუჩნდა. ,,სასამართლოს განჩინებაში, შუამდგომლობასა და ბრალში პატრიარქი და სასულიერო პირი კი არა, შორენა თეთრუაშვილია დასახელებული. ეს ინფორმაცია კონფიდენციალური წყაროსგან მივიღე. ადვოკატს აქვს გაუთქმელობაზე მოწერილი ხელი, მაგრამ რატომ არის საიდუმლო, ვის მიმართ მზადდებოდა ე.წ დანაშაული? ვფიქრობ, ამ საქმის ფაბრიკაცია მიმდინარეობს, რომ დაზაფრონ საზოგადოება, რაც საბოლოოდ, ეკლესიას ასუსტებს. ადვოკატთან დაკავშირებით ლეგიტიმური კითხვები მიჩნდება _ მას იწვევს ბრალდებული და ამისთვის არეკინებენ, რაც გამორიცხულია, რადგან სახალო დამცველმა დაადასტურა, მამალაძეს არ მისცეს დარეკვის შესაძლებლობაო. სავარაუდოდ, არც ოჯახის წევრს გაუფორმებია ხელშეკრულება ადვოკატთან, რადგან ოჯახი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ ტელევიზიით შეიტყვეს. ამიტომ მიჩნდება კითხვა, საიდან აღმოჩნდა ადვოკატი საქმეში? ბრალს არავის ვდებ და არც შეურაცხყოფას ვაყენებ... გაუთქმელობა საქმის დეტალების არ გათქმას ნიშნავს, თუმცა ადვოკატს იმას არ უკრძალავდა, განეცხადებინა დეკანოზის დაკავების შესახებ. და საერთოდ, რატომ მოაწერა გაუთქმელობის ხელშეკრულებას ხელი გიორგი ფანცულაიამ? მისი დარღვევის შემთხვევაში შეიძლება საქმეს ჩამოაშორონ, მაგრამ თუ დაცვის ქვეშ მყოფს გადაარჩენს, თქვას სიმართლე... თუ ოჯახის წევრს შეატყობინეს დაკავების შესახებ, რაც კანონით განისაზღვრება კიდეც, რატომ მალავენ?''.
,,ვერსია'' ნოზაძის განცხადების გავრცელებამდე დაინტერესდა, ვინ არის დაკავებულის ადვოკატი და ვინ დაიქირავა იგი დეკანოზ გიორგი მამალაძის დამცველად? ამის გასარკვევად, ადვოკატ გიორგი ფანცულაიას დავუკავშირდით.
_ გიორგი, სასამართლოს განჩინებაში მართლა შორენა თეთრუაშვილია დასახელებული?
_ არ ვიცი, ალბათ მამუკა ნოზაძეს ჩემზე უკეთ შეუძლია ინფორმაციის მოპოვებაც და გასაჯაროებაც. ვერაფერს ვიტყვი, რადგან შეზღუდული ვარ ამ დეტალებზე საუბრისგან.
_ მაშინ ის გვითხარით, დეკანოზის დასაცავად ვინ დაგიქირავათ?
_ ზუსტად ვიცი, საიდან ვინ დაგეშა ნოზაძე. იმ ადამიანს აქვს გიორგი მამალაძის ნომერი და დაურეკოს... მე ურთიერთობა მაქვს მამა გიორგის ოჯახთან, განსაკუთრებით, ძმასთან, თორნიკე მამალაძესთან. სენსიტიური თემაა და ქალბატონებთან ვერიდები გახსნილ საუბარს. მისი ძმა კი მამაკაცია და გაგებით შეიძლება მოეკიდოს ჩემს აზრს. მაქვს ანგარიშვალდებულება გიორგი მამალაძის ძმასთან. ამავე დროს ამ საქმის მეორე ადვოკატი არის ჩემი მეუღლე, რომელიც გიორგი მამალაძის ბავშვობის მეგობარია.
_ თუ ასეა, გიორგი მამალაძემ პირდაპირ თქვენს მეუღლეს რატომ არ დაურეკა?
_ დარეკვის საშუალება არ ჰქონდა.
_ იმის გაგებას ვცდილობ, თავად გიორგი მამალაძე ეცადა თქვენთან დაკავშირებას თუ არა?
_ იურისტი რაულ აგიკიანი არის მამა გიორგის ბავშვობის მეგობარი და მან ურჩია დეკანოზის ძმას, მე ავეყვანე ადვოკატად. ჩემი მეუღლე გიორგი მამალაძის ბავშვობის მეგობარია და შესაბამისად, შემახვედრეს დეკანოზის ძმას. გიორგი მამალაძის მეუღლესთან კონტაქტი არ მაქვს.
_ რატომ?
_ თბილისში არ იმყოფება.
_ არც ტელეფონით გისაუბრიათ მასთან?
_ კი, სატელეფონო საუბარი მქონდა. თორნიკესთან კი ყოველდღიური მრავალჯერადი ურთიერთობა მაქვს. ვიცი, ეს კითხვები ვინც ააგორა ჩემ წინააღმდეგ...
_ ვის გულისხმობთ?
_ ვერ გეტყვით, ჩემი კოლეგაა და მისგან განსხვავებით, ადვოკატთა ეთიკის კოდექსს ვიცავ.
_ თავად აგიკიანმა რატომ არ დაიცვა დეკანოზის უფლებები, თუ ბავშვობის მეგობარი იყო?
_ იგი სამოქალაქო სამართლის ადვოკატია.
_ გაუთქმელობის ხელშეკრულებას ხელი როდის მოაწერეთ?
_ როცა ბრალს უყენებდნენ და მასალები გადმომცეს. 10 ან 11 თებერვალი იყო, ზუსტად არ მახსოვს. დაკავებიდან 48 საათში ხდება ბრალის წაყენება. რომ დააკავეს, იმ დღესვე შევხვდი დეკანოზს.
_ სანამ ,,რუსთავი 2'' გააჟღერებდა ამ ინფორმაციას, თქვენ რატომ დუმდით?
_ მინდოდა, გამოძიება მშვიდ გარემოში წარმართულიყო, არც დეკანოზი იყო ამის წინააღმდეგი. პროკურატურას ცალმხრივი ბრალდებები რომ არ დაეწყო, მშვიდად მივყვებოდი საქმეს.
_ როცა გაუთქმელობის ხელშეკრულებას ხელს აწერდით, რატომ არ მოსთხოვეთ ბრალდების მხარეს იგივე?
_ ეს კითხვა გამოძიებისთვისაა. საერთოდ, ნორმალურ სახელმწიფოში გამოძიება ადვოკატისა და ბრალდების მხარეს თანაბრად უნდა მოქმედებდეს. გამოძიებამ რა ვალდებულებაც დაგვაკისრა ჩვენ, იგივე უნდა მოითხოვოს პროკურატურისგან, მაგრამ რიტორიკულ კითხვას ვსვამ _ ჩვენნაირ სახელმწიფოში ეს რამდენად დაცულია?
_ ანუ ეს კანონდარღვევაა?
_ ადვოკატებს რომ გაუთქმელობაზე ხელი მოგვაწერინეს, კანონმდებლობით გათვალისწინებულია, მაგრამ მხარეთა თანასწორობა დაირღვა.
_ თუ გაუთქმელობის ხელშეკრულებას დაარღვევთ, რა ხდება ასეთ დროს?
_ მინიმუმ შესაძლოა, საქმეს ჩამომაშოროს პროკურატურამ, რაც გაუხარდებათ ალბათ, რადგან ბრალდების მხარეს ყოველთვის ურჩევნია ისეთი ადვოკატი, რომელიც მარტივად დათანხმდება წაყენებულ ბრალს. ჩემს კარიერას რომ გადახედოთ, ყოველთვის ვიბრძვი გამართლებისთვის და მიმაჩნია, რომ მამა გიორგის გამართლება შესაძლებელია და ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის ყველა კანონიერი გზით. ამ ფონზე რომ ვიღაცები ჩემ მიმართ კითხვებს სვამენ, მეცინება. პროკურატურის კარის ადვოკატივით რომ გამოვდიოდე და მის კეთილ ნებაზე ვიყო დამოკიდებული, გასაგებია, მაგრამ...
_ თუ გაუთქმელობის ხელშეკრულების დარღვევით მამა გიორგი მამალაძეს გადაარჩენთ, ხომ არ სჯობია, სიმართლე თქვათ და თუნდაც ჩამოგაშორონ ამ საქმეს?
_ მამა გიორგის რა გადაარჩენს, ეს ვიცით მხოლოდ ადვოკატებმა და თავად მამა გიორგიმ. ხოლო იმის გამო, რომ პრესის ინტერესი დაკმაყოფილდეს და მათი სამსახურეობრივი მოვალეობა შესრულდეს, მასეთ მარტივ რაღაცებზე არ ,,ვვარდები'', სიმართლე რომ გითხრათ.
_ მხოლოდ მედიის კი არა, საზოგადოების ინტერესიცაა, არ მეთანხმებით?...
_ კი და ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა გახმაურებულ საქმეზე ვმუშაობ. ლევან ჩიჩუას საქმეზე სამივე ინსტანციაზე გამართლებას მივაღწიე, ასევე ვიცავდი მიკროსაფინანსო ,,საქართველოს'' მიერ დაზარალებულ მეანაბრეებს და ძალიან დიდი როლი შევასრულე ამ საქმეებში. მირჩევნია, მივყვე და რუტინულად საქმე ვაკეთო, ვიდრე გამოვიდე და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ვისაუბრო. ვიბრძვი, საზოგადოებაში მამა გიორგის სათქმელი დავაფიქსირო, რასაც, დარწმუნებული ვარ, ყველანაირი კანონიერი გზით ბოლომდე გავიტან.
ინფორმაციის გადასამოწმებლად ,,ვერსია'' დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმას, თორნიკე მამალაძესაც დაუკავშირდა: ,,ჯერჯერობით, არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ, მხოლოდ ის ვიცი, რაც მედიის საშუალებით ვრცელდება. ადვოკატთან ხშირი კონტაქტი მაქვს, ვარ ოჯახის ერთადერთი წევრი, რომელთანაც ადვოკატებს ურთიერთობა აქვთ და მათთან ჩემი ძმის უახლოესმა მეგობარმა დამაკავშირა. უარვყოფ ინფორმაციას, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრი ვარ, პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ მქონია არასდროს. 1%-ით არ მეპარება ეჭვი ჩემი ძმის უდანაშაულობაში. ადვოკატებს ვენდობი, რადგან მათთან რაულ აგიკიანმა დამაკავშირა, რომელსაც თავის მხრივ ჩემი ძმა ენდობა''.
თათია გოჩაძე

back to top