მეეზოვემ ნაძალადევში ახალგაზრდა მამაკაცის გვამი იპოვა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 

სისხლიანი არალეგალური ბრძოლები 

 

ბათო ჯაფარიძე

 

რამდენიმე დღის წინ, წესების გარეშე ბრძოლაში, ქართველმა მერაბ დვალიშვილმა, ბრაზილიელი ჟოზე ალდო დაამარცხა და მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. დღემდე მიდის დავა, რამდენადაა სპორტის ეს სახეობა სპორტი და რატომ რისკავენ სიცოცხლით ადამიანები, რომლებიც რინგზე გადიან და ერთმანეთს დაუზოგავად სცემენ, თუმცა ეს არის უზარმაზარი ბიზნესი, მილიონობით შემოსავლით და თუ მებრძოლი პოპულარული და რაც მთავარია, ძლიერია, მისმა ჰონორარმა ერთ ბრძოლაში, შესაძლოა, 20 მილიონ დოლარსაც გადააჭარბოს. ალდოს პოპულარობისა და დვალიშვილის რეიტინგის მიუხედავად, აღნიშნულ ბრძოლაში მათი შემოსავალი დიდი ნამდვილად არ იყო - ბრაზილიელმა წაგების მიუხედავად, 300 ათასი დოლარი მიიღო, მერაბმა - 60 ათასი, თუმცა კიდევ ერთი ბრძოლის მოგების შემთხვევაში, დვალიშვილს ქამრისთვის მოუწევს შეხვედრა და უდიდესი ალბათობით, საუბარი მილიონებზე იქნება...

 

გასულ საუკუნეში, რამდენიმე ქართველი მოჭიდავე რუსეთში არალეგალურ ბრძოლებში მონაწილეობდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც მებრძოლები, შეხვედრის დროს მიყენებული ტრავმების შედეგად, გარდაიცვალნენ და ამის გამო, მაშინ არავინ დაუსჯიათ. არალეგალური ბრძოლები და შესაბამისად, დიდი ფსონები, არაერთ ქვეყანაში ახლაც არსებობს, თუმცა საქართველოში, საბედნიეროდ, ეს ტალღა გადავლილია და არაოფიციალურად აღარავინ ჩხუბობს. თუმცა, იყო დრო, როცა ეს სფერო ჩვენშიც საკმაოდ იყო განვითარებული და მაშინ, როცა უშუქობა, უგაზობა და უწყლობა ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ, არალეგალურ ბრძოლებზე დიდი თანხები იდებოდა. დიდში, 50 და 100 ათასს ვგულისხმობთ, ფულს, რომლითაც ვაკეში სამოთახიანი ბინის შეძენა იყო შესაძლებელი.

„ნახალოვკაში“ ახალგაზრდა მამაკაცის გვამი მეეზოვემ იპოვა. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა დაასკვნეს, ეს კაცი ან ცემაში მოკლეს, ან ავტომობილი დაეჯახა და მიატოვაო. ექსპერტიზის დასკვნა საინტერესო იყო. როგორც აღმოჩნდა, ახალი ჭრილობების გარდა, გვამს ძველი დაბეჟილობებიც ჰქონდა და ექსპერტი დაბეჯითებით ამტკიცებდა, ეს კაცი ან მოკრივეა, ან ვიღაც მუდმივად სცემდა, რაც გამორიცხულია, რადგან კარგ ფიზიკურ ფორმაშია და იოლად ვერავინ დაჩაგრავდაო. თავისი ვერსია ჰქონდა ადგილობრივი განყოფილების უფროსს - გარდაცვლილი, სავარაუდოდ, გაძარცვეს, ხელიდან ბეჭედი აქვს წამძვრალი, ყელზე კი საკმაოდ მსხვილი ჯაჭვის კვალი ეტყობაო.

„ჩემი ქმარი მოკრივე იყო. შემდეგ, როცა კარიერა დაასრულა, მხოლოდ საბჭოთა კავშირის დროს, ახალგაზრდულ პირველობაზე მოგებული საკავშირო ჩემპიონის ორი ოქროს მედალი შეგვრჩა და ფინანსურად ძალიან გაგვიჭირდა. სად აღარ სცადა მუშაობა, თუმცა ვერსად გაძლო და აგერ, ექვსი თვის წინ თქვა, ახალი სამსახური ვიშოვეო. სოლიდური თანხები მოჰქონდა სახლში, ბიჭებს ვავარჯიშებო, იძახდა, მაგრამ ვატყობდი, რომ ვარჯიშის დროს, ასეთ დაზიანებებს ვერ მიიღებდა. რა უნდა მექნა? როგორც იქნა, ამოვისუნთქეთ, სახლში საკმარისი საკვები გაჩნდა და მივედით იქამდე, რისიც მეშინოდა, მაგრამ არ ვფიქრობდი. არ მეგონა, თუ საქმე სიკვდილამდე მივიდოდა“, - განაცხადა გარდაცვლილის ცოლმა.

ადგილობრივი პოლიცია თავს იგიჟებდა, ჩვენთან არალეგალური ბრძოლები როგორ გაიმართება, ყველაფერს ვაკონტროლებთ და საამისოდ შენობაც ხომ უნდა იყოს, სადაც ხალხი შეიკრიბება, გამორიცხულია, ასეთი თავყრილობები გამოგვრჩესო. მართლაც, ძნელია, უბანში დამალო ის, რომ სადღაც, ყველაზე ცოტა, ასი ადამიანი იკრიბება, ღრიანცელი და ბრძოლაა... სამართალდამცავებმა საქმე კონტროლზე აიყვანეს და სიტუაციის შესწავლა სხვა რაიონის თანამშრომლებს დაავალეს, თუმცა სანამ ახალი დეტალები გაირკვეოდა, სრულყოფილი ექსპერტიზით გაირკვა, რომ მამაკაცი მიყენებული ტრვმებისგან კი არა, ერთ-ერთი წამლის მუდმივი მიღების შედეგად გარდაიცვალა. წამალი სისხლის ძლიერი გამათხელებელი იყო, რომლის ხანგრძლივად მიღება სისხლს აწყალებდა, რის შემდეგაც გული დატვირთვას ვეღარ უძლებდა. აღნიშნული პრეპარატის შესახებ ცოლმა არაფერი იცოდა და ერთადერთი, რაც გამომძიებლებს აჩვენა, პატარა, პლასტმასის ბოთლებში ჩასხმული სითხე იყო, ამ სითხეს იღებდა ხშირად, ოღონდ სად ყიდულობდა, არ ვიციო.

სახლიდან ამოღებულ ნიმუშებში იმ წამლის შემცველობა დიდი იყო. არადა, წესით, აღნიშნული პრეპარატი ბოთლში არ უნდა მოხვედრილიყო და გამოდიოდა, რომ ვიღაც იქ ძალით უშხაპუნებდა. ბოთლის თავსახურებზე, ძალიან, ძალიან წვრილი ნახვრეტი ჩანდა, საიდანაც სავარაუდოდ წამალს ასხამდნენ. არადა, აღნიშნული ბოთლები თავისუფალ გაყიდვაში არ იყო და ახლა გამომძიებლები არალეგალური ბრძოლების ადგილის გარდა, ამ სითხის გამსაღებელსაც ეძებდნენ. მისი პოვნა ბევრად მარტივი გამოდგა, აგენტურულმა ქსელმა გადასარევად იმუშავა და აღმოჩნდა, რომ ბოთლებს ახალგაზრდა ქალი ყიდდა, რომელსაც ისინი რუსეთიდან შემოჰქონდა.

„მე აკრძალულს არაფერს ვყიდი, ჩვეულებრივი, პროტეინებით გაჯერებული სითხეა. ვადასტურებ, რომ გარდაცვლილსაც მიჰქონდა ჩემგან ეს ბოთლები, მაგრამ საიდან მოხვდა შიგნით სისხლის გამათხელებელი, წარმოდგენა არ მაქვს“, - განაცხადა ქალმა.

მართლაც, მას მხოლოდ გადასახადების გადაუხდელობას თუ მიედავებოდნენ, თორემ რეალურად, ის აკრძალულს არაფერს ყიდდა. მისი პიროვნება მაინც შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ოთხი თვის წინ, ძმა გარდაეცვალა და ისიც ქუჩაში ნახეს. ექსპერტიზის დასკვნა მაშინაც იგივე იყო, რაც ამ შემთხვევაში, თუმცა საქმე ადგილობრივი განყოფილების ხელმძღვანელმა, როგორც ძარცვა, ისე გაატარა და ისტორიაც ამით დასრულდა. ეს კი იმას ნიშნავდა,რომ ადგილობრივი ძალოვნები ყველაფრის საქმის კურსში იყვნენ და არალეგალურ ბრძოლებს მფარველობდნენ კიდეც, თუმცა ეს დასამტკიცებელი იყო.

ბოთლების გამყიდველი გოგონა მხრებს იჩეჩდა, არ ვიცი, რა ჩხუბები, ჩემი ძმა გაძარცვეს და ამ დროს მოკლეს, ასე მითხრეს სამართალდამცავებმაო, მაგრამ ისე ჩანდა, რომ გოგოსაც აწყობდა, გამოძიება უფრო შორს არ წასულიყო.

თუ გახსოვთ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მთელ საქართველოში, ლამის ყველა ქარხანა გაიძარცვა და გამონაკლისი არც დედაქალაქი იყო. გაჩნდა ეჭვი, რომ ბრძოლები, სწორედ ერთ-ერთი ასეთი მიტოვებული ქარხნის ტერიტორიაზე იმართებოდა და ოპერმუშაკებმა რამდენიმე ობიექტი ფრთხილად შეამოწმეს. ერთ-ერთში კი კარგად დასუფთავებული დარბაზი ნახეს, რომლის შუაგულშიც ლეიბები ეწყო, იქვე იყო სკამები, რომლებზეც ცელოფანი იყო გადაფარებული მტვრისგან დასაცავად. ჩხუბების მოწყობის ადგილი ნაპოვნი იყო, ახლა მთავარი გახლდათ, გაეგოთ, როდის გაიმართებოდა შემდეგი „წარმოდგენა“.

ამიტომ, ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე კარგად შენიღბული სათვალთვალო პუნქტი გახსნეს და ლამის ერთი თვის განმავლობაში, ამაოდ ელოდნენ „ღონისძიების“ დაწყებას, თუმცა ექვსი კვირის გასვლის შემდეგ, ქარხანაში დილიდან ფუსფუსი დაიწყო - ჯერ სასმელებით დატვირთული მანქანა შევიდა, შემდეგ მაგიდები და საკვები პროდუქტები მიიტანეს, შემდეგ სპორტულ ფორმაში ჩაცმული მებრძოლები გამოჩდნენ, ღამის პირველ საათზე კი „ნაღები“ საზოგადოებაც მივიდა. როგორც კი პირველმა წყვილმა სახელდახელოდ მოწყობილ ოქტაგონზე ხელი გაიქნია, სპეცოპერაციაც დაიწყო. სხვებთან ერთად, სპეცდანიშნულების რაზმმა, ადგილობრივი განყოფილების უფროსი და მისი რამდენიმე თანამშრომელი დააკავა...

ყველაფერი მარტივად გაგრძელდა - პრაქტიკულად, ყველამ აღიარა საქმეში მონაწილეობა, განყოფილების უფროსმა თქვა, რომ ღონისძიებას „კრიშავდა“ და ამის სანაცვლოდ, თითოეული საღამოს შემდეგ, 10 ათას დოლარს იღებდა, მაგრამ მთავარი კითხვა, ვინ გაურია ვიტამინების ბოთლში სისხლის გამათხელებელი, რამაც ბოლოს ნაპოვნი მებრძოლის გარდაცვალება გამოიწვია, უპასუხოდ რჩებოდა.

განყოფილების უფროსმა სასჯელის შემსუბუქება მოითხოვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიცემის სანაცვლოდ და გარანტიებიც მიიღო. მისი თქმით, ვიტამინების გამყიდველი გოგო თავისი ძმის ბრძოლებს მუდმივად ესწრებოდა და ბიჭი სწორედ იმ მებრძოლთან შეხვედრის დროს დაიღუპა, რომელიც ბოლოს ნახეს გარდაცვლილი. შედეგად, უდიდესი შანსი იყო, ძმის გამო, გოგოს შური ეძია. სამართალდამცავებმა ისიც დააკავეს.

„დიახ, არაფრის დამალვას აღარ ვაპირებ. მან ძმა მომიკლა და კბილი - კბილის წილ. არ იცოდა, რომ მისი და ვიყავი, უბრალოდ, იცოდა, რომ ამ წრეში ვტრიალებდი და სპეციალურ ვიტამინებს ვყიდდი. ამიტომ, რამდენიმე ბოთლი მუდმივად მქონდა მისთვის გამზადებული და როცა მოდიოდა, ვაძლევდი. წამალი ბოთლის თავსახურიდან, ინსულინის ნემსით შემყავდა და არ ვნანობ, რაც მოვიმოქმედე“, -განაცხადა გოგონამ.

სხვათა შორის, მაშინ არაერთი ადამიანი გაუშვეს ციხეში, უფრო მეტი კი სასჯელს გადაურჩა. ჰოდა, იმ არალეგალური ბრძოლების ორგანიზატორებიდან ერთ-ერთი, უახლოეს წარსულში, თბილისის საკრებულოს მოწინავე წევრიც იყო.