Menu

„ციანიდის სკანდალის“ ერთ-ერთი მიმართულება, სასულიერო პირებს შორის ძველი დაპირისპირებების გამომზეურება თუ ახალი უთანხმოებების გაჩენაა. ბოლო დღეებში, ამ საქმეზე თითქოს ბევრი რამ ითქვა და დაიწერა, მაგრამ პასუხი მთავარ კითხვებზე _ რა ხდება საპატრიარქოში? ვინ ვის მოწამვლას რა მოტივით გეგმავდა და დეკანოზი გიორგი მამალაძე ამ გეგმის შემსრულებელია თუ მსხვერპლი, დღემდე გაურკვეველია. ამ ფონზე, ნებისმიერი სასულიერო პირის განცხადებები საზოგადოებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, მითუმეტეს თუ იგი, საეკლესიო იერარქიის მაღალ საფეხურზე დგას და სერიოზული ბრალდებების ადრესატიცაა. ასეთი კი, მეუფე იაკობიც გახლავთ, რომელმაც ,,იმედის'' პირდაპირ ეთერში თავისი პოზიციაც გამოხატა და მისი მისამართით გავრცელებულ ინფორმაციებზეც ისაუბრა. ,,ვერსია'' მეუფე იაკობის მიერ ტელეკომპანიისთვის 15 თებერვალს მიცემულ ინტერვიუს სრულად გთავაზობთ.
_ სასულიერო პირებმა დამატებითი განცხადებები უკვე გააკეთეს, მათ შორის _ მეუფე პეტრემ, რომელმაც საპატრიარქოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა. თქვენც გახსენეს და საუბრობდნენ უკანონო ბიზნესებზე, ჩრდილოვან მმართველობაზე... ამიტომ გკითხეთ ე.წ. კლანურ დაპირისპირებებზეც...
_ „რუსთავი 2“ არასერიოზულად იქცევა ამ ბოლო დროს და სჯობს, გვარამიაზე იფიქრონ და ეკლესიას თავი დაანებონ. ეკლესია მიხედავს თავის საქმეს. ყველას გილოცავთ მირქმის დღესასწაულს.
_ მეუფე პეტრეს კომენტარებს როგორ შეაფასებთ, რომელიც „რუსავი 2“-ზეც გაკეთდა და „იმედზეც“?..
_ მეუფე პეტრემ თავის ნათქვამზე თვითონ უნდა გააკეთოს კომენტარი.
_ რასაც ის ამბობს, თქვენ ყველაფერს უარყოფთ?
ჩემი მისამართით რასაც ამბობს, მოვიდეს და პირში მითხრას.
_ შორენა თეთრუაშვილს მართლა ამხელა გავლენა აქვს?
_ მეუფე პეტრეზე აქვს და გათავისუფლება უნდა მაგის გავლენისგან და ჩვენზე რა გავლენა უნდა ჰქონდეს.
_ ზოგადად, საპატრიარქოში უკანონო ბიზნესები არსებობს? ამ დღეებში გაჟღერებულ ბრალდებებზე რას იტყვით?
_ ეს არის არასერიოზული რაღაცა. არ მინდა, ახლა, დაჭერილი ადამიანია და რამე ვილაპარაკო იმაზე, ჩვენზე ძალიან იმას არასდროს არ შესტკიოდა გული.
_ მამალაძეს გულისხმობთ?
_ რა თქმა უნდა, მამალაძეს ვგულისხმობ და მაგის კეთილსინდისიერებაზე პირველად მეუფე პეტრესგან მოვისმინე. ვიცნობ მაგ ადამიანს და პირველად მოვისმინე, კეთილსინდისიერიაო, რომ თქვეს.
_ მეუფე პეტრე აცხადებს...
_ მაგიც არასერიოზულია ჩემთვის ასეთი განცხადება.
_ ანუ თქვენი აზრით, ასეთი განცხადებები არ უნდა გაეკეთებინა?
_ თავისთვის არის უკეთესი იმიტომ, რომ საზოგადოებაში თუ უნდა, რომ ავტორიტეტი ჰქონდეს და პატივისცემა, ასეთი რაღაცებით... ხშირად მრცხვენია ხოლმე სხვების გამო, მაგ განცხადებების გამო.
_ როგორ ფიქრობთ, საპატრიარქოში აუდიტი უნდა შემოვიდეს?
_ შიდა აუდიტი მე უნდა გამეკეთებინა. მე ვაკეთებდი მაგას. ეს მამალაძე იბრალებს და არაფერი პრობლემა არ იყო მაგაში, რომ გვცოდნოდა, სად როგორ მიმდინარეობს და რა შეიძლებოდა, უკეთ გაგვეკეთებინა.
_ ანუ ფინანსებთან დაკავშირებით პრობლემებს თქვენც ხედავდით?
_ ფინანსებთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ არის საპატრიარქოში.
_ აბა, რატომ იყო თქვენი ინიციატივა, აუდიტი შემოსულიყო საპატრიარქოში?
_ იმიტომ, რომ უბრალოდ გვენახა, საქმეს გავცნობოდით, რომ უკეთ წარგვემართა.
_ მოსალოდნელია, მამალაძის მიმართ გამოთქმული ბრალდებები სინამდვილეს შეესაბამებოდეს? თქვენ იცნობთ მას და ამიტომ გეკითხებით.
_ საერთოდ, არასერიოზულია სასულიერო პირებისგან იმის საუბარი, რომ ვიღაცამ რაღაც შეიძლება არ გააკეთოს. ადამიანი თუ დაშორდა ღმერთს, აბსოლუტურად ყველაფერი შეიძლება გაიფიქროს და განახორციელოს, თუ საშუალება მიეცა. მე ახლა უშუალოდ მამა გიორგიზე არ ვლაპარაკობ. ღმერთმა ყველა დაიფაროს. ციხეშია და არ მინდა მაგ კაცზე საუბარი მაგის გამო.
_ ის სასულიერო პირებთან შეხვედრასაც ითხოვს...
_ არ ვიცი, რა, იმას გონებაში რა აქვს, ძალიან მძიმე ბრალდებით არის დაკავებული.
_ თქვენ გაესაუბრებოდით?
_ რა თქმა უნდა, არ გავესაუბრები მაგას.
_ რატომ?
_ არ გავესაუბრები მამალაძეს. ვისთანაც ახლოს არის, ისინი გაესაუბრონ.
_ ვისთან არის ახლოს?
_ თვითონ იცის და ყველამ იცის.
_ შორენა თეთრუაშვილი ვინ არის საპატრიარქოში?
_ მდივან-რეფერენტი.
_ როგორ დაახასიათებთ მას თქვენ?
_ ჩვეულებრივ, როგორ დავახასიათო რა, თავის საქმეს აკეთებს. ჩემ საქმეში, პატრიარქის გარდა, დავალებას ვერავინ ვერ მაძლევს.
_ ანუ მას თქვენთვის დავალება არასდრორ მოუცია?
_ ახლა, სამარცხვინოა ამაზე საუბარი.
_ როგორც მამა პეტრე ამბობს, „ოქროს თევზებს“ უწოდებდა შორენა თეთრუაშვილი მათ, ვინც მის დავალებებს ბრმად ასრულებდა. თქვენთვის უწოდებია „ოქროს თევზი“?
_ გუშინ გავიგე მეუფე პეტრესაგან. სამი სურვილის ასრულების შესაძლებლობა რომ მქონდეს, ღმერთს რას ვთხოვდი, მაგი გაინტერესებთ თუ რა? არასერიოზულია უბრალოდ, რა.
_ საერთოდ, ეს „ოქროს თევზი“ გაგიგიათ?
_ მეუფეს უნდა შერცხვეს. რომ შემხვდება ხო, როგორ უნდა შემხვდეს, არ ვიცი. დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. ჩემგან თანადგომის მეტი არაფერი უნახავს და მასე სამარცხვინო რაღაცას ჩემზე რომ ამბობს, თვითონ მაინც იცის, რომ იტყუება ჩემი მისამართით. პატრიარქის გარდა, სინოდში არ არსებობს არც ერთი მიტროპოლიტი, მთავარეპისკოპოსი თუ ეპისკოპოსი, მე ბრძანებას მაძლევდეს. უწმინდესი კი, კიდევაც მიბრძანებს, კიდევაც დამავალებს...
_ თქვენ გსმენიათ, ვინმეს შორენა თეთრუაშვილის დავალებით შეესრულებინა კონკრეტული საქმე?
_ თუ უწმინდესი დაავალებს ქალბატონ შორენას რამეს და თუ ის გადასცემს იმას, მაშინ ყველა...
_ უმალავდნენ პატრიარქს, ანუ მან არ იცოდა ის ინფორმაცია?
_ გუშინ რაც იყო, არასერიოზული თემებია. მაგ თემებზე მე მქონდა ნამუშევარი და მამალაძემ ჩემი ნამუშევარი თემები აიღო.
_ თქვენი აზრით, რას უკავშირდება მეუფე პეტრეს ეს საუბარი, მაშინ რატომ დაიწყო ღია დისკუსია ამ თემებთან დაკავშირებით?
_ ეგ უნდა ჰკითხოთ მეუფე პეტრეს, ჩემთვის გაუგებარია...
_ თქვენი სახელი ფიგურირებს ყოველთვის ძალიან აქტიურად და აქედან გამომდინარე გეკითხებით...
_ იმიტომ, რომ ჩემი შიში აქვთ.
_ რატომ ეშინიათ თქვენი?
_ იმიტომ, რომ რაღაცების, მაპატიეთ, მაიმუნობის კეთების საშუალებას არ ვაძლევ არავის.

 

back to top