Menu

ეშმაკი პირჯვარს იწერს _ რატომ ფიგურირებს კათალიკოსის მკვლელობის საქმეში კბილაშვილი

დენ ბრაუნი ქართველი რომ იყოს, აუცილებლად დაწერდა ბესტსელერს, რომელსაც ასე დაარქმევდა: „წმინდანთა კოზა ნოსტრა“. ისე, გახმაურებული „და ვინჩის კოდის“ ამერიკელი ავტორის მსგავსი კალმოსანი, შესაძლოა, ჩვენშიც გამოჩნდეს, რომელიც ქართული ეკლესიის ისტორიას „ჩაუჯდება“ და მხატვრულ-დოკუმენტურ ტრილერს _ „ეშმაკი პირჯვარს იწერს“ _ „გამოაცხობს“. არადა, დასაწერი მართლაც ბევრია. ბოლოდროინდელ მოვლენებს თავი რომ დავანებოთ, ისინი, ვინც ამ საქმეში ჩახედულნი არიან, ამბობენ, რომ ქართული მართლმდიდებლური ეკლესიის ქრონიკებს, ბოლშევიკებიდან მოყოლებული, სისხლის სუნი ასდის. ყველაფერი კი მარტყოფის მონასტრის ტრაგედიით დაიწყო, რასაც მღვდელმთავართა სერიული მკვლელობები მოჰყა.
ეს კითხვა ლამის ასი წელია, პასუხგაუცემელია. არადა, 1918 წლის 26 ივნისის მარტყოფის საიდუმლო X-ფაილი რომ გაშიფრულიყო, შესაძლოა, „ციანიდის საქმის“ თვითმხილველნიც აღარ გავმხდარიყავით. ისე, ციანიდი ყურშიმოსახვედრად ჟღერს, თორემ ადრე პატრიარქებსა თუ მაღალი რანგის სხვა სასულიერო პირებს, თურმე, თაგვის საწამლავით იცილებდნენ. ამ თემაზე სიტყვა თავის დროზე რელიგიათმცოდნე დავით გეგეშიძესაც ჩამოვუგდე, რომელსაც იმხანად ფილოსოფიის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა. მართალია, მას შემდეგ 20 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ მახსოვს, თანამოსაუბრეს ჩემს ნათქვამზე სახე შეეცვალა და მივხვდი, „თაგვის საწამლავი“ ბინძურ მკვლელობათა ერთგვარი კოდური სახელწოდება იყო. „ნურაფერს მკითხავთ, შვილო, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რამეთუ ათას ნაწილად დახლეჩილ ეკლესიას ძველის გახსენებას უარესად დაანაწევრებს და საეკლესიო პირებს ერთმანეთს წაჰკიდებს. სიმართლის დრო აუცილებლად დადგება და მტყუან-მართლასაც შთამომავლობა გაარჩევს!“ _ ამ სიტყვების ავტორიც ჩემი მაშინდელი თანამოსაუბრეა.
ბელზებელის ალგორითმი
ამ თემაზე ინტენსიურად მე-20 საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს ვმუშაობდი და ახლა, როცა ჩემს პირად ჟურნალისტურ არქივს გადავხედე, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ სახეზეა დიდი სპეცსამსახურული შეთქმულება ქართული სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ! მეტიც, ეს შეთქმულება დღეს, გუშინ ან გუშინწინ კი არა, გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს, „ოხრანკის“ მიერ დაიწყო და დღევანდელი „ციანიდის საქმეც“ შესაძლოა, მაშინდელი ამბების ერთგვარი იდეოლოგიური გაგრძელებაა.
მოკლედ, თემა ერთობ სენსიტიურია, მაგრამ მიუხედავად ამისა, „ვერსია“ შეეცდება, „ციანიდის საქმის“ კონტექსტში, პატრიარქ კირიონ მეორისა თუ სხვა მღვდელმთავართა სერიული მკვლელობების სკანდალური X-ფაილის ალგორითმი გაშიფროს, თუმცა იმ მოვლენებს, რაც ქართულ ეკლესიაში 1970-იან წლებში მოხდა, ამჯერად თავს ავარიდებ. შესაბამისად, არც მიტროპოლიტ გაიზის (კერატიშვილი) განკვეთა-დაპატიმრებას გავიხსენებ, არც _ 1978 წელს საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში გაჩენილ ხანძარს და არც კიდევ სოხუმის საკათედრო ტაძრის განკვეთილი წინამძღვრის მეუფე ნიკოლოზთან 21 წლის წინანდელ შეხვედრას, რამეთუ მოგეხსენებათ, დეტალები ეშმაკებში სხედან და თუკი საქმე დეტალებზე მიდგება, მაშინ იმის აღნიშვნაც მომიწევს, რომ 1996 წლის 18 ივლისს, წვერის სამების ეკლესიას მეხი დაეცა და ამ აპოკალიფსურ ღვთის რისხვას ორი ყმაწვილის სიცოცხლე შეეწირა. სხვათა შორის, 1977 წლის საეკლესიო კრებაზე, როგორც თავის დროზე პატივაყრილმა მეუფე ნიკოლოზმა მითხრა, კათალიკოსად ილია შიოლაშვილის კანდიდატურა სწორედ მან წამოაყენა... ,,ეკლესია სავსეა ქუჩიდან შემთხვევით, ფულის საშოვნელად მოსულებით,'' _ მეუფე ნიკოლოზის ეს ნათქვამიც დამამახსოვრდა...
და კიდევ ერთი, გარეშე თუ შინაური მტერი საქართველოს აოხრებას, როგორც ისტორია ცხადყოფს, ვაზის აჩეხვითა და ეკლესიაში შუღლის ჩამოდგებით იწყებდა. შესაძლოა, დღესაც სწორედ ამის მომსწრენი ვართ ანუ ვაზი დიდი ხანია, იჩეხება; „ციანიდის საქმემ“ კი ნათელყო, რომ ეკლესიის მსახურნი ერთმანეთს მტრობენ. ბელზებელი კი იქ, სადღაც, კუთხეში მშვიდად ზის და ხითხითებს... ბელზებელი 1918 წლის 26 ივნისსაც იცინოდა, თუმცა წეღანდელი თქმისა არ იყოს, დანამდვილებით არავინ იცის, მარტყოფის მონასტერში რა მოხდა და ამას ცნობილი საზოგადო მოღვაწის, რ. ივანიცკის (ინგილო) ნათქვამიც მოწმობს: ,,მარტყოფის მონასტრის საიდუმლო უცნობია! რა მოხდა წმინდა ანტონის მონასტერში, დანამდვილებით არავინ იცის... საუკუნეებში წარხდომილმა უნეტარესმა კათალიკოზმა საფლავში ჩაიტანა მარტყოფის ტრაგედიის ახსნა, მისი სასიკვდილო იარაღზე მიკრული ხელი კი ჰფარავს უღრმეს მწუხარებასთან ერთად მივარდნილი მონასტრის საიდუმლოებასაც!''
სხვათა შორის, კირიონ მეორის მკვლელობაზე გამოძიება არ ჩატარებულა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მარტყოფის ტრაგედია ჩრდილოეთში დაიგეგმა. ეს ეჭვი უსაფუძვლო ნამდვილად არ არის, რადგან კირიონის ეროვნული სულისკვეთება რუსებს ნერვებს უშლიდა და ჯერ კიდევ ცარიზმის დროს საერო ხელისუფლებამ მასზე საიდუმლო მეთვალყურეობა დააწესა. მას ე.წ. სასულიერო მთავრობაც ,,პოლიტიკურად არასაიმედო და მეფის ხელისუფლებისთვის მიუღებელ პიროვნებად'' მიიჩნევდა და ავიწროებდა. მეტიც, კირიონი გორის ეპისკოპოსობიდან გაათავისუფლეს, სამშობლოში მოღვაწეობა აუკრძალეს და რუსეთში, კამენეც-პოდოლსკის ეპარქიაში გააგზავნეს, რაც პრაქტიკულად, გადასახლება იყო. ქართული ეკლესიის თავდადებული ქომაგის ნიკოლოზ დურნოვის გადმოცემით, კირიონ საძაგლიშვილის საქართველოდან განდევნის საბაბი სვეტიცხოვლის ტაძარში საბერძნეთის დედოფლის მიმართ მის მიერ წარმოთქმული მისალმება გახდა, რომელშიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და საქართველოს ეკლესიის აღმავლობა-წინსვლა ალეგორიულად მოიხსენია.
1905 წელს, კირიონ საძაგლიშვილს საქართველოში აბრუნებენ და სოხუმის ეპარქიის მმართველად ნიშნავენ. სწორედ ამ დროს მეფის რუსეთი სოხუმში ასიმილისტურ ანუ აფხაზეთის საქართველოდან ჩამოცილების პოლიტიკის გატარება იწყებს, რასაც კირიონი დაუპირისპირდება... 1907 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ, კირიონის წინააღმდეგ ბრძოლა განახლდება და, აფხაზთა გაქართველების ბრალდებით, სოხუმის ეპარქიის მმართველობიდან გაათავისუფლებენ. ადგილობრივი მოსახლეობა კირიონის დაცვას შეეცდება და ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს. საპროტესტო წერილს ხელს 909 ადამიანი მოაწერა, მათ შორის, _ ადგილობრივი რუსები და აფხაზებიც. ,,კირიონის დროს რუსები სლავურ ენაზე, ბერძნები _ ბერძნულზე, ქართველები ქართულ ენაზე ისმენდნენ წირვა-ლოცვას და აფხაზებიც მალე მოისმენდნენ აფხაზურ ენაზე'', _ ნათქვამი იყო საპროტესტო წერილში...
ერთი სიტყვით, საარქივო მასალები მოწმობს, რომ კირიონ მეორე შეთქმულების მსხვერპლი გახდა...
მარტყოფის მონასტრის საიდუმლო
...წმინდა ანტონის მონასტრის მყუდროება ცხენის ჭიხვინმა დაარღვია... ეტლიდან კათალიკოზი მძიმედ გადმოვიდა და ახლადგაღვიძებულ მზეს თვალი თვალში გაუყარა... არქიმანდრიტმა ტარასიმ და ვასილ კბილაშვილმაც მას მიჰბაძეს...
თავიდან გადაწყვეტილი იყო, რომ პატრიარქს მარტყოფში ქრისტეფორე კაპანაძეც უნდა ხლებოდა, მაგრამ ეტლში ჩასხდნენ თუ არა, კათალიკოზს მოაგონდა, რომ საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში წიგნები დარჩა. გადაწყდა: წიგნებს ხვალ ქრისტეფორე ჩამოიტანს...
უწმინდესი პატრიარქი მარადისობისაკენ მიმავალ გზას მშვიდად გაუყვა...
1918 წლის 26 ივნისია...
მარტყოფის სანახებში სიკვდილი დანავარდობს...
...პატრიარქმა წელზე არამიწიერი სიცივე იგრძნო. ჯერ გაუკვირდა. მერე, ცალყბად გაიღიმა.
შეეშინდა?..
ალბათ _ არა...
ანდა, რისი უნდა შეშინებოდა?! ეს ხომ ,,ბრაუნინგია'', მისი გადასახლებისა და ჭირ-ვარამის თანამოსაყდრე...
ისე, კირიონს სიკვდილი სულ ფეხდაფეხ დაჰყვება. მართალია, რუს ექსარხოსებს თავი როგორღაც დააღწია, მაგრამ კინაღამ სამშობლოში მოკლეს. ეს ამბავი შარშან, 1917 წლის 1 ოქტომბერს, სვეტიცხოველში სწორედ იმ დღეს მოხდა, კირიონი კათალიკოზ-პატრიარქად რომ აღსაყდრდა:
უწმინდესმა წირვა დაასრულა და, მღვდელმთავრების თანხლებით, გასასვლელისკენ დაიძრა. მოულოდნელად უცნობი მიუახლოვდა და ქაღალდის ნაგლეჯი მიაჩეჩა. ანონიმურ წერილში გარკვევით ეწერა, ხალხში მკვლელია დამალული და ტაძრიდან გახვალ თუ არა, გესვრისო.
პატრიარქი წამითაც არ შეყოვნებულა...
გასასვლელამდე რამდენიმე ნაბიჯიღაა დარჩენილი...
მრევლი დაზაფრულია...
ყარამან კიკნაველიძემ ხალხის ტალღა გაარღვია და კირიონს გვერდით ამოუდგა. ყარამანი ავტრორიტეტული კაცია. ადრე, თურმე, ყაჩაღად ყოფილა გავარდნილი...
_ მომეცით ხელი, თქვენო უწმინდესობავ! აბა, ვინმემ გაბედოს თქვენთვის სროლა! _ შესძახა კიკნაველიძემ და პატრიარქი სამშვიდობოს გამოიყვანა...
ამ ამბიდან გავა სამი-ოთხი თვე და კირიონის მოკვლას კიდევ სცდიან. ,,მკვლელობის სცენარი'' კი საეკლესიო საბჭოს იმ სხდომაზე ,,დაიწერება'', რომელზეც კათალიკოზის პირადი მდივანი და საკათალიკოსო საქმეთა მმართველი უნდა აერჩიათ. ამ თანამდებობაზე კორნელი კეკელიძემ და კალისტრატე ცინცაძემ დავით დავიდოვის კანდიდატურა წამოაყენეს. დავიდოვის გაგონებაზე კირიონს ფერი ეცვალა, თუმცა არ შეიმჩნია...
ზემოხსენებულ თანამდებობაზე კეკელიძე და ცინცაძე პროტექციას კიდევ ერთ პიროვნებას _ ალექსანდრე ნიკიტინს უწევენ, თუმცა კირიონი ვეღარ მოითმენს და წამოიძახებს:
_ თქვენ თუ საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს საქმეთა მმართველად დავიდოვს აირჩევთ, მე კათალიკოზის ხარისხს ავიყრი!
დარბაზში სამარისებური სიჩუმე გამეფდება...
სიტყვას საბჭოს წევრი, ობერ-პროკურორი ჩიტო კაპანაძე ითხოვს:
_ გასაოცარია ზოგიერთის განწყობილება, როგორ შეიძლება საქართველოს საკათალიკოზო საბჭოს საქმეთა მმართველად იმ კაცის არჩევა, რომელიც მუდამ რუსის ექსარხოსების ჯაშუში იყო!
დავით დავიდოვის მომხრეებს ნირი საბოლოოდ წაუხდათ...
საქართველოს საკათალიკოზო საბჭოს საქმეთა მმართველად ალექსანდრე ნიკიტინს ირჩევენ...
_ ბატონო ჩიტო, დავით დავიდოვი შეშფოთებული გეძებთ, დღეს უკვე სამჯერ გიკითხათ, _ მოახსენა მეორე დღეს სამსახურში მისულ კაპანაძეს მსახურმა, თუმცა ობერ-პროკურორს ამ ფაქტისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია...
...საკათალიკოზო საბჭო დღესაც შეიკრიბება. ანაზდეულად დარბაზში დავით დავიდოვი შემოვა, დამსწრე საზოგადოებას ცივად მიესალმება და ჩიტო კაპანაძეს მკვახედ ჰკითხავს:
_ თქვენ რა სთქვით ჩემზე?
_ ის, რაც ვიცოდი და საჭიროდ მივიჩნიე. უკან დაიწიეთ და თქვენი ადგილი დაიჭირეთ!
_ გაიმეორეთ, რა სთქვით? _ დავიდოვს თვალები დემონივით უელავს.
_ მე ის ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ვინც რუსი ექსარხოსების ჯაშუში იყო, თავისუფალი საქართველოს საკათალიკოზო საბჭოს საქმეთა მმართველი ვერ იქნება! _ აუღელვებლად წარმოსთქვა კაპანაძემ. სწორედ ამ დროს დავიდოვმა მუშტი მოუქნია. მერე, რევოლვერიც ,,იშიშვლა'', თუმცა დავით ჩიქოვანმა იმარჯვა და დავიდოვს ხელები დაუჭირა. ამასობაში მილიციაც მოვიდა...
მერე, დრო რომ გავა, რევოლვერმომარჯვებული დავიდოვი კირიონის კაბინეტშიც შევარდება, თუმცა ამჯერად მორჩილი გერმოგენე იმარჯვებს და კათალიკოზს ,,დემონის ბრჭყალებისგან'' იხსნის...
...ლოცვა რომ დაასრულა, კირიონმა ხელი სამუშაოს მიჰყო. ამასობაში ნაშუაღამევიც დადგა.
პატრიარქი დასაძინებლად მოემზადა...
ზუსტად ღამის პირველი საათია...
უწმინდესი, როგორც წესი, დილის 5 საათზე იღვიძებს. ამ ტრადიციას, ალბათ, არც დღეს დაარღვევს, მაგრამ... უკვე 6 სრულდება, კირიონი კი არ ჩანს.
რატომ?
რა ხდება?
ნეტავ, ავად ხომ არაა?
_ ცოტა ხანს კიდევ ვაცალოთ და თუ კარი არ გააღო, ჩვენ შევიდეთ, _ გადაულაპარაკა ვასილ კბილაშვილმა არქიმანდრიტ ტარასის.
ცოტა ხანიც გავიდა...
კირიონი ისევ არ ჩანს...
არქიმანდრიტი ტარასი და დავით კბილაშვილი კათალიკოსის საძინებელში შედიან...
კირიონი საწოლზეა მისვენებული, სახე წითლად აქვს შეღებილი...
,,ბრაუნინგიც'' აქვეა...
უწმინდესმა პატრიარქმა თავი მოიკლა?
არა, ეს შეუძლებელია!
დაუჯერებელია!..
იქნებ, ვინმე ფანჯრიდან შემოიპარა და მოკლა?
ეს უფრო ლოგიკურია, მაგრამ კათალიკოზის ოთახს მხოლოდ ერთი ფანჯარა აქვს, რომელიც მიწიდან 4 მეტრითაა დაცილებული. მაშასადამე, მკვლელს ოთახში უხმაუროდ შეღწევა გაუჭირდებოდა.
აბა, რა მოხდა?!
,,ბოროტი სული'', იქნებ, კარიდან შემოვიდა?
დავუშვათ, ასეა, მაგრამ სანამ კირიონამდე მიაღწევდა, ჯერ ის ოთახი უნდა გაევლო, სადაც არქიმანდრიტ ტარასისა და ვასილ კბილაშვილს ეძინათ, მაგრამ მათ ხმაური კი არა, ფაჩუნიც არ გაუგიათ...
ერთი სიტყვით, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ უწმინდესმა პატრიარქმა თავი მოიკლა? ისე, თუ თავის მოკვლას აპირებდა, ქრისტეფორე კაპანაძე წიგნების წამოსაღებად თბილისში რატომღა დატოვა?
იმ ღამეს მარტყოფის ტაძარში, იქნებ, დემონი შეიპარა?
იქნებ, თავად ლუციფერმა გამოჰკრა თითი ბრაუნინგს?
იქნებ... იქნებ...
...და კიდევ უამრავი ,,იქნებ''...
გავა წლები და ეს ,,იქნებ'' უარესად ,,გაფართოვდება'', ,,ჩაიხლართება'', ტყუილ-მართალი ერთმანეთში აიზილება და საქმე იქამდეც კი მივა, რომ ისტორიკოსი მოსე ჯანაშვილი იტყვის, კირიონს ,,ბრაუნინგისთვის'' კი არ უნდა მიემართა, არამედ ქართველი ერისთვისო. ისე, ისტორიკოს ჯანაშვილს კირიონი არც სიცოცხლეში ჰყვარებია, თურმე...
...მარტყოფის საიდუმლოდან გავა ზუსტად 75 წელი და ,,ბრაუნინგის ისტორია'' დეტალურად განმეორდება _ სამეგრელოს მიყრუებულ სოფელში, ხიბულაში პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია სიცოცხლეს დაასრულებს. კირიონის მსგავსად, გამსახურდიას სიკვდილიც ნაშუაღამევს ,,დადგება'', თუმცა გასროლას, მარტყოფისა არ იყოს, ვერც ხიბულაში გაიგონებენ. ,,ფანჯრიდან შეპარული დემონის'' ვერსია ,,გამსახურდიას საქმეშიც'' აბსურდულია: უცხო პირი წინა ოთახს ვერც ამჯერად გამოიყენებდა, რადგან იქ პრეზიდენტის დაცვასა და პრემიერ-მინისტრს ეძინათ.
იქნებ, ხიბულაშიც თავად ლუციფერმა გამოჰკრა თითი სასხლეტს?
იქნებ... და ისევ ეს მრავლისმთქმელი იქნებ...
...ლამის ასი წელია, მარტყოფის მონასტერი საიდუმლოს ინახავს. ამ ხნის განმავლობაში უწმინდესი პატრიარქის სიკვდილი, პრაქტიკულად, მხოლოდ ერთმა ადამიანმა, ისტორიკოსმა სერგო ვარდოსანიძემ შეისწავლა. ისე, გასაკვირი არაა, რომ ,,წითლები'' ამ ტრაგედიით არ დაინტერესდნენ, მაგრამ კირიონი ხომ ნოე ჟორდანიას ხელისუფლების დროს მოკლეს.
რატომ დადუმდა ეროვნული მთავრობა? ვინ შეუკვეთა კირიონის განადგურება? ვინ მოიყვანა ,,განაჩენი სისრულეში''? რა ვერსიები გაჩნდა იმდროინდელ ქართულ პრესაში და მიდის თუ არა კვალი ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან? _ ამ კითხვებზე პასუხები არ არსებობს. ერთი კია: კირიონის დაკრძალვის ხარჯები სახელმწიფომ გაიღო. საფლავის ქვა, საკათალიკოზო საბჭოს დავალებით, დეკანოზმა ნიკიტა თალაკვაძემ და ქრისტეფორე კაპანაძემ ნეოფიტე აგლაძეს დაამზადებინეს და 1919 წლის 10 ივნისს დადგეს...
კირიონის გარდაცვალებას საქართველოში სერიული მკვლელობები მოჰყვება: 1918 წლის სექტემბერში მიტროპოლიტ ანტონ გიორგაძეს კლავენ, მერე _ მღვდელ ტიმოთე ბაკურაძეს და ბერებს _ მირიანსა და გერმოგენს...
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ლეონიდე ხდება...
დავით დავიდოვიც უკვე ,,დიდი კაცი'' და ლეონიდეს ნდობით აღჭურვილი პირია...
...კირიონის დაკრძალვის დღეს, 1918 წლის 7 ივლისს, სიონის საპატრიარქოს ტაძარში დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე იტყვის:
,,არ ვიცი, შენი ასეთი მოულოდნელი და უცნაური სიკვდილი ჩვენი გაუგებრობის თუ უმადურობის ნაყოფია. ვერ გამიგია, რას ვთხოულობდით კიდევ შენგან?! სხვა ქვეყანაში ასეთ ნაამაგარ, დამშვრალ მხცოვან მოღვაწეს დაასვენებენ ხოლმე, სიბერის ჟამს დაუტკბობენ, განვლილ ტანჯვა-წამებას დაუამებენ და თუ კიდევ სამოღვაწეოდ მოიწვევენ, მაშინ თავს ევლებიან მას, ტვირთს უმსუბუქებენ, რათა მისი სიბრძნე-გამოცდილებით ასარგებლონ ქვეყანა. ჩვენ ასე ვერ მოვიქეცით... ქედმაღლობა, გამძვინვარებული შური, საარაკო თავხედობა გამოვიჩინეთ...''
მღვდელმთავართა სერიული მკვლელობები
...კირიონ მეორის სიკვდილი მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავს.
ერი გარინდებულია...
ლუციფერის მოციქულნი დავლურს უვლიან!.. მათი გეგმა მარტივია _ გაზეთი ,,ახალი სიტყვა'' მრევლს დაარწმუნებს, რომ კირიონმა სიცოცხლე საკუთარი ,,ბრაუნინგით'' დაასრულა და ,,თვითმკვლელი'' კათალიკოზის ნეშტს მარტყოფის მონასტრის ეზოში კონსპირაციულად დაკრძალავენ...
მაშ ასე, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. საცაა, გამოძიებაც დასრულდება და საბოლოოდ დადგინდება, რომ კირიონმა თავი მოიკლა, მაგრამ...
შემთხვევის ადგილზე მისული გამომძიებელი პისტოლეტს დიდხანს აკვირდება. ,,ბრაუნინგი'' ჩაკეტილია. მაშასადამე, რა გამოდის? რა, პისტოლეტი მომაკვდავმა პატრიარქმა თვითონ ჩაკეტა?
გამომძიებელმა ბატალური სცენა წარმოიდგინა _ კირიონი ბალიშის ქვეშიდან ,,ბრაუნინგს'' იღებს, ცოტა ხანს ხელში ატრიალებს, მერე, შუბლთან მიაქვს და სასხლეტს თითს ჰკრავს...
ქვეშაგები წითლად იღებება, კათალიკოზი გონებას კარგავს და უცებ ,,ბრაუნინგს'' კეტავს.
_ კირიონს იქნებ, მეორე იარაღიც ჰქონდა? _ გაუელვა გამომძიებელს.
ჰო, საინტერესო ვერსიაა _ სასთუმალთან ,,ბრაუნინგი'' განგებ დადო, თორემ სინამდვილეში სხვა იარაღიდან ისროლა, რომელიც ფანჯრიდან გადააგდო!..
_ არა, ასეთი მსჯელობა სასაცილოა! _ დაასკვნა გამომძიებელმა, თუმცა ფაქტია, მკვლელობა ,,ბრაუნინგით'' არ მომხდარა. ამას შემთხვევის ადგილას ნაპოვნი ,,სხვა იარაღის'' ტყვიებიც ადასტურებს...
ასე და ამგვარად, თვითმკვლელობის ვერსიას წყალი შეუდგა. ლუციფერის მოციქულნი კონსპირაციული თეორიის მეორე და არანაკლებ საშიშ ეტაპზე გადადიან _ ერმა უნდა დაიჯეროს, რომ კირიონის მკვლელობაში გარკვეული წვლილი მიტროპოლიტ ლეონიდს (ოქროპირიძე) მიუძღვის.
...კირიონი და ლეონიდე ძველი მეგობრები არიან, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად ერთად იბრძოდნენ, 1906 წლის იანვარში, პეტერბურგში, სინოდის სხდომაზეც ერთად მოიგერიეს ქართული ეკლესიის მოძულეთა შემოტევა... მერე, 1917 წლის 12 მარტს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღდგენილად რომ გამოცხადდება, ეპისკოპოსი ლეონიდე ეკლესიის მართვა-გამგეობის დროებითი კომიტეტის მეთაური გახდება და დიდი საეკლესიო კრების მომზადებაც, რომელზეც სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი უნდა აირჩიონ, სწორედ მას დაევალება.
ამ დროს კირიონი რუსეთშია...
...მართალია, მღვდელმსახურთა ნაწილი პატრიარქად უკვე ლეონიდეს მიიჩნევს, მაგრამ მორწმუნეთა ჯგუფი, ქრისტეფორე კაპანაძის მეთაურობით, ჩრდილოეთს მიემგზავრება და კირიონს სამშობლოში დაბრუნებას სთხოვს.
_ ყურადღებისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, მაგრამ ლეონიდე და მისი მომხრეები საქართველოში წყალს არ დამიწმენდენ, _ აცხადებს მომავალი კათალიკოზი. მიუხედავად ამისა, შუამავალნი კირიონს სამშობლოში დაბრუნებაზე ითანხმებენ.
...1917 წლის 17 სექტემბერი... პირველი საეკლესიო კრების ბოლო დღე... მღვდელმსახურთ კათალიკოზ-პატრიარქი უნდა აირჩიონ... სულ ორი კანდიდატია _ ეპისკოპოსი კირიონი და მიტროპოლიტი ლეონიდე. 448 დელეგატიდან 237 მხარს კირიონს უჭერს. მოწინააღმდეგე მხარე შოკშია...
...ლუციფერის მოციქულნი სწორედ ამ დაპირისპირებით ისარგებლებენ და ტკარცალს დაიწყებენ, კირიონ მეორის მკვლელობაში ბრალი მიტროპოლიტ ლეონიდსაც მიუძღვისო...
...მარტყოფის ტრაგედიას მღვდელმთავართა და ღვთისმსახურთა სერიული მკვლელობები მოჰყვება: პროვინციებში კირიონ მეორის საარჩევნო აგიტაციის მეთაურს, მღვდელ ტიმოთე ბაკურაძეს უცნობები საკუთარ სახლთან მოკლავენ... არქიმანდრიტ მირიანს მცხეთაში, ჯვრის მონასტერში მოკლულს იპოვიან... 1918 წლის სექტემბერში ქუთათელ მიტროპოლიტ ანტონს (გიორგაძე) საკუთარი სიძე მოწამლავს...
30-იან წლებში მომავალ პატრიარქს, დავით დევდარიანს სამი შვილიდან ერთ-ერთი შიმშილითა და სიცივით მოუკვდება. დავითი დასახმარებლად მდიდარ ნათესავს მიაკითხავს, რახან მღვდელი ვარ, შეშა არავინ მომყიდა, ვიცი, სამი ნავთქურა გაქვს და ერთი მათხოვე, სიკვდილისგან სხვა შვილები მაინც ვიხსნაო. მდიდარი ნათესავი დავითის თხოვნას ყურად არ იღებს... მერე, დრო რომ გავა, დავით დევდარიანი დიაბეტით დაავადდება. პატრიარქს საავადმყოფოში იძულებით დააწვენენ... მერე, ხმა გავარდება, დავითს სასიკვდილო არაფერი სჭირდა, მაგრამ ნემსის გაკეთება დაუგვიანეს, კომაში ჩავარდა და ამიტომაც მოკვდაო...
დავით მეხუთის სიკვდილამდე წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი, გვარად მაჭავარიანი უკვალოდ გაქრება... 50-იან წლებში ეპისკოპოს ნაუმ შავიანიძის ვაჟს დახვრეტენ... პროტოდიაკონ ამბროსი ახობაძეს გადასახლებაში მარჯვენა ხელს დაუშანთავენ, პირჯვარი რომ ვერ გადაიწეროო...
...ლუციფერის მოციქულნი ისევ დავლურს უვლიან!..
...კირიონის მოკვლას მისი შინაკაცი, არქიმანდრიტი ტარასი დაიბრალებს. ხალხში ხმა გავარდება, ტარასი დავით დავიდოვმა მოისყიდა, 500 თუმანი მისცაო. იმასაც იტყვიან, ამ ხუთასი თუმნით ტარასიმ ვლადიკავკაზში ძროხები იყიდა და თბილისში ფერმა ,,აიშენაო''... მოკლული კათალიკოზის მიერ შეკრებილ ხალხურ ლექსებსაც ტარასი მიითვისებს, რომელსაც მერე ლიტერატურულ მუზეუმს შესწირავს და თავმომწონედ იტყვის, ჩემი შეკრებილიაო...
...ლამის ასი წელია, მარტყოფის სანახები ,,ლუციფერის საიდუმლოს'' მალავს. ლამის ასი წელია, ვერავინ გაარკვია, რა მოხდა იმ ღამეს საპატრიარქო რეზიდენციაში...
...მკვლელი იქნებ, ნაცნობი იყო, კათალიკოზმა მოყვრად ჩათვალა და ღამეულ სტუმარს კელიის კარი საკუთარი ხელით გაუღო?
...მკვლელმა იქნებ, არც იცოდა, ვის ჰკლავდა?
...ნეტავ, რა აზრმა გაუელვა სიკვდილ-სიცოცხლის ზღურბლთან მდგარ პატრიარქს?
...ნეტავ, რას ფიქრობდა იმ ღამეს დავით დავიდოვი? ან მაშინ რა იგრძნო, როცა კათალიკოზის გაყინულ სხეულს დახედა?
ალბათ, არაფერი... მას ხომ კირიონი არასოდეს ჰყვარებია...
რას ერჩოდა დავიდოვი კირიონს? ამბობენ, რომ მათ საგვარეულო მტრობა ჰქონდათ. იმასაც ამბობენ, დავიდოვი რუსი ეგზარქოსების ნაჯაშუშარი და ნააგენტარი იყოო... დავიდოვს ერთხანობა, თურმე, ,,წითლებიც'' სწყალობდნენ და სიძველეთა საქმის კომიტეტიც ჩაუბარებიათ, მაგრამ მასზე გული მალევე აუყრიათ და გადაუსახლებიათ. იქ, თურმე, რაღაც უკურნებელი სენი შეჰყრია და მკლავი მოუჭრიათ. ხალხს მკლავმოჭრილი დავიდოვი პირველად რომ უნახავს, უთქვამს, ეგ სულ ცოდვით მოუვიდაო...
ხალხს არც მღვდელი შუბლაძე ჰყვარებია. კირიონთან ამ შუბლაძესაც ცუდი ურთიერთობა ჰქონია. თურმე, შუბლაძეზეც ამბობდნენ, ნააგენტარიაო... ვოსტოროგოვის ეგზარქოსობის დროს შუბლაძეს მისთვის უთხოვია, სამრევლო სკოლების მეთვალყურეთ თუ დამაყენებთ, ჯამაგირს მაზრაში სიარულს მოვახმარ და ხალხს ხმას გავაკმენდინებო. 1903 წელს, შუბლაძეს სანუკვარი თანამდებობა მართლა მიუღია, ქართველებისა და ბერძნებისთვის მშობლიურ ენაზე სწავლა აუკრძალავს, თან მტკიცება დაუწყვია, ეს ქართველები როცა წერენ, რუსულად აზროვნებენო...
...კირიონ მეორეს კიდევ ერთი მოძულე ჰყოლია, ვინმე რატიევი (რატიშვილი). ჰოდა, ერთხელ, წირვის დროს, ეს რატიევი ანჩისხატის ტაძარში შესულა და კირიონისა და მისი მრევლისთვის სულ ,,კინტოები'' უძახნია...
...1918 წლის 28 ნოემბერს საქართველოს საკათალიკოზო საბჭოს სხდომა ჩატარდება, რომელსაც, სხვა მღვდელმთავრებთან ერთად, თბილელი მიტროპოლიტი და კათალიკოზ-პატრიაქრის მოსაყდრე, ლეონიდეც დაესწრება. საბჭო კირიონს მემკვიდრედ სწორედ მას დაასახელებს. ზოგიერთი მღვდელმსახური ამ გადაწყვეტილებას გააპროტესტებს და საქმე იქამდეც მივა, რომ ზუგდიდელი მღვდელი ტროფიმე ჯოხთაბერიძე შინაგან საქმეთა მინისტრს საგანგებო დეპეშას გაუგზავნის, ეს კათალიკოზის არჩევის არაკანონიერი და არადემოკრატიული გზა არისო. პარალელურად, საგანგებო დეპეშა მთავრობის თავმჯდომარესაც მიუვა და ანონიმური ავტორი ნოე ჟორდანიას რიტორიკულად ჰკითხავს: ,,ვინ მისცა საკათალიკოზო საბჭოს განუსაზღვრელი უფლება, რომ ხალხის დაუკითხავად სწყვეტს საქართველოს ეკლესიის ბედს? ჩვენ გვყავდა ღირსეული კაცი, მაგრამ მას შურით მაცქერალმა კაცმა არ აცალა სიცოცხლე და თავისი ბინძური ხელი შეურია მის წმინდა სისხლში!''
...1919 წლის თებერვალი. კვირა... სვეტიცხოველში მიტროპოლიტი ლეონიდე სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქად ეკურთხება... საგანგებოდ ამ დღისთვის მთავრობა მცხეთაში მატარებელს დანიშნავს. ლეონიდეს აღსაყდრებას ექვთიმე თაყაიშვილიც დაესწრება...
მერე, დრო რომ გავა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია კირიონ მეორეს (საძაგლიშვილი) წმინდანად შერაცხავს.
...,,ბრაუნინგის საიდუმლო'' მარტყოფის მონასტრის კედლებში ჩაიკირება და საქართველოს ისტორიაში 1918 წლის 26 ივნისი ,,დემონურ სირცხვილად'' დარჩება _ ამ დღეს ხომ უწმინდესი კირიონი მოკლეს!..
და პატრიარქის მკვლელობიდან ლამის ასი წლის შემდეგ მოვლენები თითქმის ანალოგიური სცენარით დაიგეგმება _ უბრალოდ, ,,ბრაუნინგს'' ციანიდი შეცვლის, თორემ საკათალიკოსო ტახტისთვის ბრძოლა ისევ ისეთივე აქტუალური იქნება, როგორც მაშინ, ასი წლის წინ იყო... მოკლედ, ტყუილად კი არ ამბობენ, ისტორია მეორდებაო...
ვანო პავლიაშვილი

back to top