Menu
RSS

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სავარაუდოდ, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მოწამვლა იგეგმებოდა, მაშინ გავრცელდა, როცა უწმინდესი ოპერაციის გასაკეთებლად გერმანიაში გაემგზავრა. საბედნიეროდ, ილია მეორემ წარმატებით გადაიტანა ქირურგიული ოპერაცია ბერლინის HELIOS BERELIN-BUCH-ის კლინიკაში. 84 წლის პატრიარქს ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია ჩაუტარდა. მას ნაღვლის ბუშტი ამოკვეთეს. გერმანელმა პროფესორმა მარტინ შტრიკმა აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის რამდენიმედღიანი პერიოდის შემდეგ პაციენტი სამშობლოში დაბრუნდება.
84 წლის ილია მეორე, საეკლესიო ისტორიოგრაფიის მიხედვით, სრულიად საქართველოს რიგით, 141-ე კათალიკოს-პატრიარქია. 2016 წლის დეკემბრის ბოლოს, მისი აღსაყდრებიდან 39 წელი შესრულდა, თუმცა პატრიარქი საზეიმო ღონისძიებებს ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ დაესწრო. სწორედ ამ პერიოდიდან აქტიურდება სკანდალები საპატრიარქოში, რასაც ბევრი პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლას უკავშირებს. ამ ფონზე, გავრცელებული ინფორმაცია მისი მოწამვლის მცდელობის შესახებ და იმის შესახებ, თითქოს ,,შემსრულებელი'' სასულიერო პირი დააკავეს, საზოგადოებისთვის წარმოუდგენელი სულაც არ აღმოჩნდა; მით უმეტეს, 13 თებერვალს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ერთ-ერთი დეკანოზის დაპატიმრების ფაქტი დაადასტურა.
პროკურატურის ოფიციალური ვერსია
პროკურატურის განცხადებაში, უწმინდესი ნახსენები არაა. ეჭვმიტანილი მამა გიორგი მამალაძე კი, მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის ოფიციალური ვერსია ასეთია: ,,2017 წლის 10 თებერვალს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით. ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების, ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება _ ციანიდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც გარდაუვალი იქნებოდა სასიკვდილო შედეგი და სისრულეში იქნებოდა მოყვანილი ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა. 2017 წლის 10 თებერვალს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გიორგი მამალაძე, ხოლო მისი ბარგის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება _ ნატრიუმის ციანიდი. იმავდროულად, გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა. გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მთავარი პროკურატურა მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე და ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე''.
ვინ არის მამა გიორგი მამალაძე
31 წლის დეკანოზი საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე და „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორია.
დეკანოზი წარმოშობით ქობულეთიდანაა. დაამთავრა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ბათუმის ეპარქიის სემინარია. წლების მანძილზე მსახურობდა ბათუმის წმიდა ბარბარეს სახელობის ტაძარში და პარალელურად, მოღვაწეობდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში.
რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, 2008 წლის აპრილში, მამალაძე დონეცკელი ქართველების თხოვნით, ილია მეორის მიერ მივლენილ იქნა რუსეთის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დონეცკის ეპარქიაში. ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძარი დონეცკში ქართველი და უკრაინელი მორწმუნეების შემოწირულობებით აშენდა ყოფილი ნარკოლოგიურის ადგილას.
„ვერსიამ“ კულუარულ წყაროებზე დაყრდნობით, რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია მოიპოვა, რომლის გადამოწმებაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება, თუმცა ამბობენ, რომ გიორგი მამალაძის ძმა დღემდე ნაციონალური მოძრაობის წევრია. ამბობენ იმასაც, რომ უკრაინაში, დონეცკის ეპარქიაში მსახურობის პერიოდში, 2008 წელს მას ნაციონალებმა მაკომპრომეტირებელი ფოტოები დაუდეს, რასაც სკანდალი მოჰყვა. სკანდალი კი გასამრჯელოს ფასად ჩაფარცხა.
2010 წლის აგვისტოში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა გიორგი მამალაძე პირადად აიყვანა დეკანოზის ხარისხში; 2015 წელს, იგი იერარქიულ კიბეზე უფრო დაწინაურდა და საპატრიარქოში ორი მაღალი თანამდებობა მიიღო _ ქონების მართვის ხელმძღვანელი და სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი გახდა. თუმცა, 2015 წლის დეკემბერში, მის ნაცვლად ქონების მართვა მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას ჩააბარეს, მამალაძე კი მოადგილედ გადაიყვანეს.
2016 წლის აგვისტოში, პატრიარქმა დეკანოზი მამალაძე მეორე ჯვრის ტარების უფლებითაც დააჯილდოვა.
საპატრიარქოს კულუარებში ამბობენ, რომ გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის დეიდაშვილია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დეკანოზის მფარველი და მასწავლებელი კათალიკოს-პატრიარქის ძმისშვილი, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, 55 წლის დიმიტრი შიოლაშვილია. დიმიტრის კათალიკოს-პატრიარქი მემკვიდრედ განიხილავს და იგი ამჟამად გერმანიაში ილია მეორესთან ერთად იმყოფება.
სამეწარმეო რეესტრის ოფიციალური ამონაწერის მიხედვით (ინფორმაცია მისი პირადი ნომრის მეშვეობით მოვიპოვეთ) გიორგი მამალაძე ასევე გახლავთ შპს ,,ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლის'' დირექტორი და შპს ,,დიმოილის'' 50%-იანი წილის მფლობელი. ამ კომპანიას, რომლის დარჩენილ წილს ლევან თურმანიძე ფლობს, დირექტორი კი, გელა გორაძეა, სერიოზული ფინანსური დავალიანება უფიქსირდება.
მოპოვებული ამ და სხვა ინფორმაციის პირველწყაროსთან გადამოწმება და გაჩენილ კითხვებზე პასუხების მიღება ჯერჯერობით რთულია, რადგან დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს, „გაუთქმელობის ხელწერილზე“ კი, ხელი მოწერილი, მის ადვოკატ გიორგი ფანცულაიასაც აქვს.

back to top