Menu

რა კავშირი აქვს დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქის ძმისშვილთან, რამდენი კლანია საპატრიარქოში და რატომ დუმს ლევან ვასაძე

დეკანოზ გიორგი მამალაძისა და მაღალი სასულიერო პირის მოწამვლის საქმეზე თითქმის ყველაფერი ითქვა და დაიწერა. შესაბამისად, ვიდრე გამოძიება ან დაკავებულის ადვოკატი რამე დამატებით დეტალს არ გაასაჯაროებს, ამ თემაზე ნებისმიერი მსჯელობა, უბრალოდ, წყლის ნაყვა იქნება, მაგრამ არსებობს რამდენიმე ასპექტი, რომელზეც ყურადღების გამახვილება, სულ მცირე, ვერსიების დონეზე შეიძლება. ასეა თუ ისე, ფაქტია: ეკლესიაში ადგილი სისხლიან პოლიტიკურ თამაშებს აქვს, თუმცა ეს თამაშები, როგორც „ვერსიას“ უხსნიან, ახლა არ დაწყებულა და იგივე პატრიარქის შესაძლო მოწამვლაშიც ახალი არაფერია ანუ ერის სულიერი მამის თავიდან მოცილებაც, დაუდასტურებელი ინფორმაციით, აქამდეც ბევრჯერ უცდიათ. ეს ნათქვამი შესაძლოა, ვინმეს ფანტაზიად მოეჩვენოს, მაგრამ ნათქვამის საილუსტრაციოდ „ვერსია“ აკადემიკოს გურამ შარაძის ქალიშვილის, რუსუდან შარაძის სიტყვებს მოიყვანს.
 
„2004 წლის 22 ნოემბერს, სახელმწიფო გადატრიალების წლისთავზე, გურამ შარაძემ უწმინდესის მოწამვლისა და მეუფე დანიელის გაპატრიარქების იდეა პირველად ჩაუშალა სააკაშვილსა და მის ე.წ. მოძღვრებს. ბევრს სიცილად არ ეყო მაშინაც და მერეც... ახლაც იცინით? მამა ვის არ უყვარს, მაგრამ ამიტომ ვაღმერთებ მამაჩემს, რომ სულ ფეხებზე ეკიდა ე.წ. საზოგადოებრივი აზრი. შუბლით მიდიოდა თავისი სიმართლით, თავის კაცობით და სიკვდილიც შესაბამისი არგუნა ღმერთმა. ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი პატრიარქი“, _ დაწერა სოციალურ ქსელში გურამ შარაძის ქალიშვილმა მას შემდეგ, რაც მთავარმა პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავება ოფიციალურად დაადასტურა. ისე, მთავარ საგამოძიებო უწყებას არ უთქვამს, რომ დეკანოზი ციანიდით უწმინდესის მოწამვლას აპირებდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სასულიერო პირი გერმანიაში მიემგზავრებოდა, სადაც პატრიარქს ოპერაცია ჩაუტარდა, გაჩნდა გონივრული ეჭვი, რომ შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი გიორგი მამალაძე, რომელსაც სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, უწმინდესთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, სწორედ მის მოწამვლას აპირებდა.
გამორიცხული, ბუნებრივია, არაფერია, მაგრამ ამასთან, ალბათ, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ იგივე მამალაძე სერიოზული პროვოკაციის მსხვერპლი გახდა. ახლა, ამ საკითხზე მსჯელობა შესაძლოა, დილეტანტურია, მაგრამ როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობენ, საპატრიარქო, როგორც ინსტიტუცია, ერთიანი არაა ანუ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, მინიმუმ, სამი კლანი არსებობს.
„დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ამ კლანებს შორის ბრძოლა _ არც მეტი, არც ნაკლები _ პატრიარქის ტახტისთვის მიდის. ამ სამიდან ერთ-ერთი მეუფე დიმიტრის დაჯგუფებაა, რომელიც თავისი ქმედებებით უფრო ლიბერალური და კონსტრუქციულია. დანარჩენი ორი კლანი კი ულტრანაციონალურ, გნებავთ, ფუნდამენტალისტურ საფუძვლებზეა აღმოცენებული. ამასთან, ისიც საგულისხმოა, რომ საპატრიარქოში ე.წ. „რუსული გავლენებიც“ შეინიშნება და პირადად მე, ვუშვებ ალბათობას, რომ იმ მოვლენების უკან, რაც ბოლო დროს ეკლესიაში ვითარდება, სწორედ რომელიმე უცხო ქვეყნის, მაგალითად, რუსული სპეცსამსახური იდგეს“, _ ეჭვობს „ვერსიასთან“ ოპერატიულ კავშირზე მყოფი პიროვნება, რომელიც აქვე აღნიშნავს, რომ ამ თემაში ჩაღრმავება, ცოტა არ იყოს, საშიშია.
სპეცსამსახურების, მით უმეტეს, მოსკოვური უშიშროების ორგანოების ასპექტი, თავისთავად, საგულისხმო თუნდაც იმიტომაა, რომ დეკანოზის დაკავების შემდეგ ამ თემაზე ერთმორწმუნე რუსეთის საპატრიარქომ რამდენიმე განცხადება გაავრცელა.
„ვშიშობ, ეს ქართველი პოლიტიკოსების თამაშებია. ზოგიერთ მათგანს შეიძლება კავშირი ჰქონდეს პატრიარქის მოშორებასთან. შეიძლება, ეს ისტორია გამოიყენება, რათა ეკლესიაზე გავლენა მოახდინონ, _ განაცხადა რუსეთის საპატრიარქოს სინოდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ვსევოლოდ ჩაპლინმა და დასძინა, _ ,,პატრიარქი ილია მეორე ძალიან პატივცემული ადამიანია. ის თანამედროვე მსოფლიოში მართლმადიდებლური კონსერვატიზმის ერთ-ერთი სიმბოლოა. ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოში ილია მეორეს ავტორიტეტთან ახლოს ვერც ერთი პოლიტიკოსის ავტორიტეტი ვერ მივა. ასე რომ, შეიძლება ადგილი ჰქონდეს ეჭვიანობას. ეს ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაციაა. ვფიქრობ, აქ პოლიტიკურ ქვეტექსტიცაა“.
მოკლედ, ყველა გარემოება მიანიშნებს, რომ პატრიარქის შესაძლო მოწამვლის ფუნდამენტი პოლიტიკური ქვეტექსტებია, თუმცა ცალკეული ადამიანები არც ვიწრო პირადულ კონფლიქტს გამორიცხავენ. ასე, მაგალითად, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა პირდაპირ შორენა თეთრუაშვილზე მიანიშნებს. მოგეხსენებათ, ქალბატონი თეთრუაშვილი პატრიარქის მდივან-რეფერენტია, რომელიც თავის დროზე უწმინდესის გვერდით, მიტროპოლიტ ცაავას თქმით, საეჭვოდ აღმოჩნდა.
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ, რომელმაც ისიც აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში პატრიარქის არათუ დაშანტაჟება, არამედ, მოწამვლაც არაერთგზის უცდიათ.
ზოგადად, შორენა თეთრუაშვილის გავლენებზე დიდი ხანია, საუბრობენ, თუმცა არავინ იცის, ეს მითია თუ რეალობა. ბოლო დროს ისიც ითქვა, რომ თეთრუაშვილის კლანს განსაკუთრებით მეუფე დიმიტრის კლანი დაუპირისპირდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაპატიმრებული დეკანოზი სწორედ მეუფე დიმიტრის გარემოცვის წევრია.
„არ ვიცი, ეს შეხედულება რამდენად სწორია, მაგრამ საკმაოდ გავრცელებული პასაჟია, რომ მეუფე დიმიტრი, რომელიც უწმინდესის ძმისშვილია, გავლენისთვის ანუ პატრიარქობისთვის იბრძვის. ისიც მომისმენია, რომ მეუფე დიმიტრი მფარველობს პატრიარქის დაცვის უფროს სოსო ოხანაშვილს, რაც პირადად მე, სულაც არ მიკვირს _ ოხანაშვილი მეუფის შვილის ქმარია. ყველაფერ აქედან გამომდინარე, თითქოს ლოგიკაში ჯდება, რომ პროკურატურას კითხვები ოხანაშვილთანაც ჰქონდა, რომელიც პატრიარქს გერმანიაში ახლავს, მაგრამ სანამ უწმინდესი ოპერაციას გაიკეთებდა, ოხანაშვილი თბილისში ჩამოფრინდა, გერმანიაში კი სუს-ის უფროსი ჩავიდა და, როგორც ითქვა, კათალიკოსის დაცვა სწორედ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურმა ითავა. ალბათ, ყურადღება მიაქციეთ, რომ ოხანაშვილმა გერმანიიდან სასწრაფოდ ჩამოსვლა დაადასტურა, თუმცა უარყო, რომ კითხვები პროკურატურაში დაუსვეს. თუ დადასტურდება, რომ ოხანაშვილთან გამოძიებას კითხვები მართლაც ჰქონდა, მაშინ ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება“, _ ამბობს „ვერსიის“ კონფიდენტი, რომელიც თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს.
სხვათა შორის, ის თემაც სენსიტიურია, რომლის შესახებაც სავარაუდოდ, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ პატრიარქის სახელზე დაწერილ წერილშია საუბარი ანუ დეკანოზის დაკავების შემდეგ, სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2''-მა წერილი გაავრცელა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არაა, თუმცა ითქვა, რომ წერილი ორი თვის წინ, დიდი ალბათობით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დაწერა და მასში კორუფციულ ფაქტებზეა ლაპარაკი. ამავე წერილში, სხვადასხვა საკითხთან ერთად, წყალი ,,სნოცაა“ ნახსენები, რომლის მესაკუთრე თუ მფარველი, მოარული ინფორმაციით, ლევან ვასაძეა.
 
ზოგადად, ვასაძე ბოლო წლები ქართული ეკლესიის ერთგვარ მფარველად გვევლინება, თუმცა თვალშისაცემია, რომ იგივე პატრიარქის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით მილიონერს კომენტარი არ გაუკეთებია.
ასეა თუ ისე, ქართულ ეკლესიაში კარგი არაფერი ხდება და, როგორც ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ სოციალურ ქსელში აღნიშნა, „დიუმას რომანებში გადავცხოვრდით“.
მისივე თქმით, „კგბ“ ყოველთვის ამზადებდა ქვეყნის შიგნით ნელი მოქმედების ნაღმებს, რომლებსაც ქვეყნის შიგნითვე გვიფეთქებდა ისეთ დროს, როცა ღიად ჩვენზე თავდასხმა არ აწყობდა, ან არ უნდოდა. „ქართველები თვითონ დახოცავენ ერთმანეთს“ _ მისი ეს რწმენა, სამწუხაროდ, არასოდეს გაცრუებულა. მეჩვენება, რომ ერთი ასეთი ბომბი რუდუნებით მზადდება დიდი ხანია, ეკლესიის წიაღში და ცოტაც და, ასაფეთქებლად მზადაა. ჰოდა, ვინ ვისი მრევლიც უნდა იყოს, იმედია, გონიერება ეყოფა, რომ თავზე არ ჩამოვიმხოთ ქვეყანა კიდევ ერთხელ, მით უმეტეს, რომ რაღაც პატარა წინსვლა გვაქვს ვიზალიბერალიზაციის სახით მეტი თავისუფლებისკენ“.
ძნელია, ნათია ფანჯიკიძეს არ დაეთანხმო ანუ იმ დროს, როცა ვიზალიბერალიზაცია ჯერ ძალაში არაა შესული, ქვეყანაში არაერთი ხანძარი ჩნდება _ გაურკვეველი მოვლენები საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ე.წ. მოსამართლეების სკანდალი და ახლა, პატრიარქის შესაძლო მოწამვლა. ამ ყველაფერმა ევროპას, შესაძლოა, იმის თქმის საბაბი მისცეს, რომ საქართელო ცივილურ დასავლეთს კოჭამდეც ვერ სწვდება და ამიტომ ევროპაში უვიზოდ კი არა, ვიზით შესვლის ღირსებიც არ ვართ. „ერთმორწმუნე“ ჩრდილოეთელი „ძმის“, მაშასადამე, რუსეთის სურვილიც ხომ ზუსტად ესაა _ ევროინტეგრაციაზე უარი ვთქვათ და თავი ევრაზიულ კავშირში „ვდურთოთ“. კრემლის ამ გაცხადებული მიზნიდან გამომდინარე, რატომ არ შეიძლება, დავუშვათ და განვიხილოთ ვერსია, რომ პატრიარქის მოწამვლის სცენარიც სწორედ ქვეყნის ფარგლებსგარეთ დაიწერა... ჰო, მართლა: რუსეთი ის მტრულად განწყობილი ქვეყანაა, რომელმაც საქართველოს ეკლესიას თავის დროზე ავტოკეფალია გაუუქმა. ასე რომ, ალბათ, ამ ვერსიის განხილვაც შეიძლება...
ნინო დოლიძე

back to top