Menu
RSS

რისკენ მოუწოდებს ჭყონდიდის მიტროპოლიტი ხელისუფლებასა და მამა გიორგი მამალაძეს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე (ერისკაცობაში პაატა ცაავა) ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას სამართალდამცავებს მოუწოდებს, უზრუნველყოს გიორგი მამალაძის უსაფრთხოება მანამ, სანამ ის დუმილს დაარღვევს. ,,ვერსია'' ამ ინტერვიუს სრულად გთავაზობთ:
_ მეუფევ, ენდობით პროკურატურის ვერსიას?
_ უპირველეს ყოვლისა, მინდა, სრულიად საქართველოს, ქართველ მრევლს მივულოცო, რომ პატრიარქის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ღვთის მადლით, ვიმედოვნებთ, უწმინდესი ძალიან მალე ჯანმრთელი დაგვიბრუნდება.
რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას, მინდა, გამოვხატო პირადი მოსაზრება და ვთხოვო საგამოძიებო ორგანოებს, ძალიან დიდი გულისყურით მოეკიდონ ამ ფაქტს, საქმეში ჩართონ მაღალპროფესიონალი ადამიანები, რამეთუ გაჟღერებულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში გააჩინა ბევრი კითხვის ნიშანი. დეკანოზი გიორგი მამალაძე უკვე 2 წელია ხელმძღვანელობს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურსა და კლინიკას, რომელთა მიმართაც ბევრი კითხვა ჩნდება კორუფციულ გარიგებასა თუ სხვადასხვა ფაქტთან დაკავშირებით. ქონების მართვის სამსახურში, სწორედ მამა გიორგის მიერ აღმოჩენილია არასახარბიელო კორუფციული მდგომარეობის მამხილებელი უამრავი ფაქტი, რაც საპატრიარქოს ე.წ რუხ კარდინალსა და ჩრდილოვან მმართველობას უკავშირდება.
_ ანუ, ის რაც დღეს ხდება, გაგრძელებაა იმ დაპირისპირებისა, რომლის შესახებაც ადრე საუბრობდით?
_ რა თქმა უნდა, ამაში არ არსებობს ორი აზრი, ეს არის გაგრძელება და ეს არის ის პრობლემა, რომელიც ასეთი ქაოსური და ჩრდილოვანი მმართველობის სახით არსებობს საპატრიარქოში. ნებისმიერი საკითხის წამოწევა ხდება რაღაც პირველხარისხოვანი პრობლემის გადასაფარად. ეს ჩემი პირადი აზრია და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ...
_ თქვენ აცხადებდით, რომ შორენა თეთრუაშვილი მართავდა საპატრიარქოს. თქვენი დღევანდელი განცხადებით გამოდის, რომ ის მთავარ პროკურატურასაც მართავს?
_ ეს ქალბატონი მართავდა ასევე ეკონომიკურ სამსახურსა და ქონების მართვის სამსახურს, სანამ დაინიშნებოდა მამა გიორგი. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი დისკომფორტი ამ ქალბატონსა და მის ბინძურ საქმეებს შეექმნა, რაც წარმოჩინდა მამა გიორგის ამ სამსახურში ჩართვის შემდეგ. აქედან გამომდინარე, ვთხოვ სასჯელაღსრულების უწყებებს და იმედია, უკვე ეს ნაფიქრი ექნება ჩვენს ხელისუფლებასაც _ გააძლიერონ და ასევე პირად კონტროლზე აიყვანონ დაპატიმრებული დეკანოზის მდგომარეობა და მისი უსაფრთხოება დაიცვან, სანამ იგი დაარღვევს დუმილს და დაიწყებს სიმართლის მტკიცებას.
_ ჩვენ უნდა ველოდეთ, რომ იგი დაარღვევს დუმილს?
_ მინდა, მას შევახსენო ბიბლიური ჭეშმარიტება სოლომონ ბრძენისა: სჯობს, სიმართლისათვის დავისაჯოთ, ვიდრე ტყუილით გავმართლდეთ, ამიტომ მან აუცილებლად უნდა დაარღვიოს დუმილი და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს გამოძიება. წერტილი ვერ დაისმება მამა გიორგისთან მიმართებაში...
_ ეს მხოლოდ აისბერგის წვერია?
_ დიახ. შემიძლია, დაგიდასტუროთ ეს ლოგიკა.
_ ბრალდება, რომელიც წაუყენეს გიორგი მამალაძეს, საკმაოდ მძიმეა, ფიგურირებს ციანიდი. იგეგმებოდა ადამიანის, შესაძლოა, პატრიარქის მოწამვლა. როგორ შეეძლო გარედან, სხვა ადამიანს ასეთი საქმის, უხეშად რომ ვთქვათ, „შეკერვა“?
_ წლების მანძილზე, ხშირად ვრცელდება მსგავსი დეზინფორმაცია. პირადად პატრიარქის დაშანტაჟებაც არაერთგზის უცდიათ იმ ფაქტით, რომ ჰქონდათ მცდელობა მისი მოწამვლისა. ანუ ეს თემა ქალბატონმა, რომელიც ინტრიგებით მართავს დღემდე საპატრიარქოს და პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობაა, არგად იცის. კარგი იქნება, თუ პროკურატურა ძირფესვიანად დაინტერესდება, როგორ და რა მკვლელობის ბრალდებით აღმოჩნდა იგი 1981 წელს საპატრიარქოში. როგორ მოიპოვა ძალაუფლება მაშინ, როდესაც დღემდე გამოუძიებელია საქართველოს პირველი პრეზიდენტის გაუგებარ მდგომარეობაში მკვლელობა და რომლის დამხობაშიც ლომის წილი მიუძღვით იმ ძალებს, რომელთა წარმომადგენელიც არის საპატრიარქოს „რუხი კარდინალი“.
_ ძალიან მძიმე ბრალდებებია, სავარაუდოდ, იქნება პასუხიც. თქვენ იყავით ერთადერთი, ვინც პირდაპირ ეთერზე დაგვთანხმდით... რა იცით ციანიდისა და მოწამვლის შესახებ?
_ ერთი ვიცი, რომ დიდი ხანია გრძელდება პატრიარქის შანტაჟი და ამ თემით სპეკულირება. აი, ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება _ ვის სჭირდება ეს. ვის სჭირდებოდა, საზოგადოების, პატრიარქისა და ეკლესიის ყური შესჩვეოდა ამ თემას?
_ თუმცა, ეს ხელისუფლების პოზიცია იყო, რაც დღეს მოვისმინეთ და არა იმ ქალბატონისა, რომელსაც თქვენ ახსენებთ...
_ ხელისუფლებას მართებს, უფრო პროფესიონალურად გამოიძიოს, სიღრმისეულად ჩაყვეს ამ პრობლემას, რამეთუ ეს პრობლემა არც იწყება ამ ფაქტით და ვერც დამთავრდება მანამ, სანამ არ იქნება აღმაშენებლისეული, თამარისეული მიდგომა _ ვამხილოთ ყველა, მიუხედავად წოდებისა, რანგისა და მდგომარეობისა. მხედველობაში მაქვს საეკლესიო რეფორმა აღმაშენებლის ეპოქაში, რომელზეც გავიდა ჩვენი ქვეყნის გამთლიანების გზა და რომელიც ასევე გაიმეორა წმინდა მეფე თამარმა... მხილება დავიწყოთ პირველით, როგორც გააკეთა თამარ მეფემ და რომელმაც მოიტანა ოქროს ხანა.
_ მეუფევ, პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მხოლოდ და მხოლოდ შიდაინტრიგებს ხედავთ თუ, მაგალითად, შეიძლება, ვივარაუდოთ გარკვეულწილად გარეძალების ჩართულობაც?
_ არ არის გამორიცხული. რა თქმა უნდა, შიდაინტრიგები აშკარაა, ეს არის გაგრძელება დაანონსებული ბრძოლისა. მე სინოდის სხდომაზეც ძალიან მინდოდა, პატრიარქის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლის შესახებ კომენტარი გაეკეთებინათ მის ავტორებს, სამწუხაროდ, არ მოხდა. რა თქმა უნდა, ეს არის გაგრძელება პასუხგაუცემელი შეკითხვებისა.
_ გარეძალებში ვინ შეიძლება ვივარაუდოთ?
_ გარეძალებში, რა თქმა უნდა, ის ძალები, რომლებმაც დღევანდელი განუსაზღვრელი ძალაუფლების მქონე ქალბატონი მოიყვანეს საქართველოს საპატრიარქოში და დღემდე ისინი ყველაზე დიდ დასაყრდენს ხედავენ მასში. რამდენიმე წლის წინ, ერთმა ცნობილმა პიროვნებამ განაცხადა, რომ უკვე თითქოს 20 წელია, მოჯადოებული წრიდან ვერ გავიდა ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფოებრიობა. ახლა უკვე 25 წელია, ისევ ამ მოჯადოებულ წრეში დავრჩით და სანამ მხილება არ დაიწყება, სანამ ანალიზი 90-იანი წლებიდან არ გაკეთდება არსებულ მოვლენებზე, მანამ ასე იქნება...
_ თქვენი ვერსია ასეთია _ ეს არის ქალბატონი შორენას პროვოკაცია, რომელსაც წამოეგო მთავარი პროკურატურა?
_ არ გამოვრიცხავ, მას წამოეგო თვით მამა გიორგიც. ეს არიან მტრული ძალები საქართველოს, მართლმადიდებლობისა და ჩვენი სახელმწიფოებრიობისა. სად და როგორ, ეს ცალკე მსჯელობის საგანია და არ გამოვრიცხავ, მამა გიორგი თავისი ახალგაზრდობითა და გამოუცდელობით, რაღაც ამ სცენარის მონაწილე გახდა. ვფიქრობ, ის დაარღვევს დუმილს და არ იქნება დამალული, რომელიც არა გაცხადდეს. თუმცა, საქართველოს ისტორიას აქვს ძალიან საინტერესო ფაქტი კათალიკოს-პატრიარქ კირიონის გაუგებარ ვითარებაში მკვლელობისა, როცა ეს მკვლელობა დაბრალდა მის უერთგულეს პიროვნებას ეპისკოპოს ტარასი კანდელაკს. ის ამბობდა მთელი ცხოვრება, მე სულის საცხონებლად მარტო ის მეყოფა, რომ ამ ცილისწამების მსხვერპლი გავხდიო. ჩვენ ვერც ამას გამოვრიცხავთ, წერტილს ვერ დავსვამთ და კარგად უნდა იქნეს შესწავლილი, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი და რა მოხდა.

back to top