Menu

მაღალი სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობის ბრალდებით პროკურატურამ პატრიარქთან დაახლოებული პირი, წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, გიორგი მამალაძე საზღვართან დააკავა, რომელსაც მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩნდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სწორედ უწმინდესის მოწამვლა იგეგმებოდა. საინტერესოა, რამდენად სარწმუნოა, რომ 21-ე საუკუნეში, ამ ნივთიერებას მკვლელობის იარაღად იყენებენ და რამდენად რეალურია, დეკანოზ მამალაძეს საზღვარზე ასეთი მძიმე შხამი გადაეტანა? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად, ,,ვერსია'' რამდენიმე ექსპერტს დაუკავშირდა. მათი მოსაზრებით, მკვლელის მოქმედების ქრონოლოგია რომ გავაანალიზოთ, ნაკლებად დამაჯერებელია, მკვლელს საზღვარზე ამ ნივთიერების გადატანა გაერისკა. ეს ნივთიერება ოქროს წარმოებაში, ფოტოების სველი წესით გამჟღავნებასა და ქიმიურ ლაბორატორიებში გამოიყენება. თუ ის აღმოუჩინეს ადამიანს, რომელსაც ამ სფეროებთან შეხება არ აქვს, იგი სავარაუდოდ მკვლელია. ძნელად წარმოსადგენია, ეს არ სცოდნოდა საავადმყოფოს დირექტორს. ამ ფონზე, ექსპერტებს უჩნდებათ კითხვა, ციანიდი მამა გიორგი მამალაძეს ხომ არ ჩაუდეს? თუმცა ექსპერტებთან დაკავშირებისას, ,,ვერსიის'' მთავარი მიზანი იმის გარკვევა იყო, ზოგადად, რა კლინიკური ნიშნები აქვს ციანიდით მოწამვლას და რამდენად რთულია ექსპერტიზის შედეგად მისი აღმოჩენა. ამ კონკრეტული კითხვებით, კრიმინალურ ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს მივმართეთ.
_ ქალბატონო მაია, 21-ე საუკუნეში რეალურად მიგაჩნიათ, ადამიანის ციანიდით მოწამვლა?
_ რეალური როგორ არ არის? სასიკვდილო შხამია, გავრცელებულია მრეწველობაში, სხვადასხვა სფეროში იყენებენ და ძალიან მაღალი ტოქსიკურობა ახასიათებს.
_ ეს მეთოდი, რბილად რომ ვთქვათ, მოძველებული არაა? დღეს არაერთი მედიკამენტი არსებობს, რომლის დიდი დოზით მიღება შესაძლოა ლეტალურად დასრულდეს და მათი საზღვარზე გადატანისასაც, კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს. ფიქრობთ, საავადმყოფოს დირექტორს ეს ინფორმაცია არ ექნებოდა?
_ დიახ, ასეთი მედიკამენტები არსებობს, თუმცა განხილვისგან _ ექნებოდა თუ არა ეს ინფორმაცია დაკავებულ პირს, გამოიყენებდა თუ არა მსგავს მეთოდს და ზოგადად, არის თუ არა ეს ვერსია სარწმუნო _ თავს შევიკავებ.
_ მოწამლულ გვამზე ექსპერტიზა ციანიდის შემცველობას ადგენს?
_ ციანიდით მოწამვლა სამედიცინო ლიტერატურაში სინილის მჟავისა და მისი წარმონაქმნებით მოწამვლას ნიშნავს. მისი ერთ-ერთი წარმონაქმნი არის კალიუმის ციანიდი, რაც შეიძლე ბა კრისტალური ან აირის ფორმით იყოს. ძალიან ტოქსიკური შხამია. აქვს მყისიერი და მწვავე მოქმედება. თითქმის ასეთივე მოქმედება აქვს ნატრიუმის ციანიდს. არსებობს ქრონიკული მოწამვლებიც _ სინილის მჟავას ჭერმის, ატმის, ქლიავის, ალუბლის კურკებიც შეიცავს და მათი დიდი რაოდენობით მიღება შესაძლოა მომწამლავი იყოს.
_ რა სიმპტომები აქვს ციანიდით მოწამვლას?
_ ციანიდის დიდი დოზით მოწამვლის შემდეგ ვითარდება ასფიქსია ქსოვილოვან დონეზე, ანუ ქსოვილებს ჟანგბადი არ მიეწოდება და კლინიკა ძალიან ჰგავს გულის მწვავე უკმარისობას, ამიტომ კლინიკურად რთული გამოსაცნობია გულის შეტევაა, ქსოვილოვანი უკმარისობა, კორონალური უკმარისობა, დამბლა თუ ციანიდით მოწამვლა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სწრაფ სიკვდილს იწვევს, ამოსაცნობად კი, რაიმე განსაკუთრებული ნიშანი არ აქვს. ქიმიურ კვლევამდე რომ მიხვიდე, ქიმიკოსს მიმართულება უნდა მისცე, თორემ ძალიან ბევრი ნივთიერება არსებობს და როგორც ვიცი, შემოწმება ყველაზე არ ხდება.
_ ანუ, ფაქტობრივად, გამორიცხულია აღმოჩენა, რომ ციანიდით მოხდა მოწამვლა?
_ ეს უფრო ქიმიკოსის კომპეტენციაა, მაგრამ პათანატომიურად მთავარია ძალიან სწრაფი გაკვეთა, რომლის დროსაც მსუბუქი მწარე ნუშის სუნი იგრძნობა. მოწამვლა შესაძლებელია შესუნთქვით ან კვებით, გააჩნია, რა სტრუქტურის ციანიდი იყო. ძალიან ძნელი გამოსაცნობია და თუ დიდი გამოცდილება არ აქვს ექსპერტს, სისხლის ფერმა არ დააეჭვა (ამ დროს სისხლი ოდნავ ფერს იცვლის), შესაძლებელია, ციანიდზე ეჭვი არც მიიტანოს.
_ ბოლო დროს თუ გსმენიათ ციანიდით მოწამვლის ფაქტი?
_ ნამდვილად არ მსმენია.
,,ვერსია'' ქიმიკოსებსაც დაუკავშირდა. მათი მტკიცებით, ციანიდი, მიუხედავად იმისა, ნატრიუმისაა თუ კალიუმის, სწრაფ სიკვდილს იწვევს და მისი აღმოჩენა ორგანიზმში შესაძლებელია, თუ ექსპერტს ამ ნივთიერების კვლევის მითითება ექნება
თათია გოჩაძე

back to top