ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი დღეს იხსენება

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზში დღეს იხსნება და ერთი კვირის განმავლობაში გასტანს. ადგილობრივი და უცხოელი სტუმრები, მსახიობები, მუსიკოსები, ანიმატორები თავის ნამუშევრებსაც წარმოადგენენ და მასტერ-კლასებსაც გამართავენ. 1-დან 6 სექტებმრის ჩათვლით, ცხინვალის მომიჯნავე სოფელი მუსიკის ხმებით გაჯერდება და ყველას შეახსენებს, რომ ხელოვნებას ჯადოსნური ძალა აქვს და რომ შთაგონებით სავსე ადამიანებს ომი ვერ ამარცხებს.
ნიქოზში, ანიმაციური ფილმების ფესტივალის ჩატარების იდეა 2008 წლის ომის შემდეგ დაიბადა, სწორედ იმ დროს, როდესაც ყველაფერი გადამწვარი და ომისგან განადგურებული იყო. რუსულ ბომბდამშენებს არ დაუნდიათ არც ეკლესია და არც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ადგილობრივები, ვინც გაქცევას დარჩენა ამჯობინეს, თავს ერთად იყრიდნენ და სარდაფებში იმალებოდნენ. საკუთარი ხელით უწევდათ დაჭრილების მკურნალობა, გარდაცვლილების გაპატიოსნება და შემოსულ რუსებთან გამკლავება. საღამოს ერთმანეთს მოიკითხავდნენ და ერთად უსმენდნენ ახალ ამბებს ძველი რადიოდან, რომელსაც დღემდე რელიქვიად ინახავს ამ მოვლენების ერთ-ერთი გმირი, ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტი ისაია. მას საკუთარი ხელით აშენებული კელიები, სატრაპეზო და მეათე საუკუნის საეპოსკოპოსო სასახლეც 2008 წლის აგვისტოში დაუბომბეს. პარტიზანებად დარჩენილების მთავარი საყრდენი ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტი ისაია იყო. არც მას მიუტოვებია გადამწვარი რეზიდენცია და არც მასთან ერთად მყოფ ეკლესიის მსახურებს. ერი და ბერი ერთად ლოცულობდა, ერთ საკვებსა და ერთ ჭირ-ვარამს ინაწილებდა. ომიდან თოთხმეტი წლის შემდეგ, ფრონტელი მეგობრები კინოსა და თეატრის პერსონაჟებად იქცნენ. 2022 წლის ნიქოზის ანიმაციური ფილმების ფესტივალისთვის ფრონტელი მეზობლები საზოგადოების წინაშე წარსდგებიან, როგორც თოჯინების თეატრის პერსონაჟები. 2008 წლის აგვისტოში, როდესაც პერსონაჟების ცოცხალ პროტოტიპებს მიტროპოლიტის კამერა აღბეჭდავდა, არავის შეეძლო წარმოედგინა არც ის, რომ ნიქოზში ფესტივალი დაარსდებოდა და არც ის, რომ ეს ადამიანები, მეზობლები, კინოსა და თეატრში დაიდებდნენ ბინას გმირებად. ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია, პირველი პროფესიით ანიმატორია. ომის მძიმე დღეებში ჯერ ტელეფონით, შემდეგ ვიდეო-კამერით უნიკალური კადრები გადაიღო. მისმა ობიექტივმა ასახა ცეცხლმოკიდებული ეკლესიის ეზო და საეპოსკოპოსო სასახლე, დაბომბილი ნიქოზი და რაც მთავარია, ადამიანები. კადრები იმდენად საინტერესო და მეტყველი აღმოჩნდა, რომ ომიდან ათი წლის შემდეგ, მიტროპოლიტმა დოკუმენტურ ფილმად აქცია, რომელიც ნიქოზის ფესტივალზე წარმოადგინეს 2018 წელს. ფილმმა საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. მან შეძლო იმ შიშველი ემოციის მაყურებლამდე მიტანა, რაც 2008 წლის აგვისტოში ტრიალებდა ნიქოზში. ფილმი გაჯერებულია იუმორით, რაც კიდევ უფრო მძაფრად წარმოაჩენს ომის მანქანის პირისპირ დარჩენილი ადამიანის უმწეობას. ემოციურ მუხტს აძლიერებს იმის გააზრება, რომ ეს ყველაფერი მოგონილი კი არა, სინამდვილეა. ფილმი დოკუმენტურია და მასში ასახული მოვლენები, ნამდვილად მოხდა. უკვე 2022 წელს ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა, თავისი ფრონტელი მეზობლები, ლიტერატურულ და კინო გმირებად ქცეული ჩვეულებრივი ადამიანები, თეატრის სცენაზეც გაიყვანა. ნიქოზს ახლა უკვე თავისი ცოცხალი გმირები ჰყავს. ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანები. ფრონტელი მეზობლებიდან ერთ-ერთ ზამირა, 82 წლის ქალბატონია, რომელიც მარტო ცხოვრობს და მეურნეობას უვლის. მისი სახლის აივნიდან ნიქოზის ეკლესიაზე საუკეთესო ხედი იშლება. „აბა, მე ამ ადგილს დავთმობდი, როგორ გგონიათ? შეხედეთ!“ - ამბობს ზამირა, რომელმაც 2008 წლის ომის დროს სოფელი არ მიატოვა. „ის სოფელი რა სოფელია, სადაც ერთი ადამიანიც კი არ ცხოვრობს. ერთადერთიც რომ დავრჩე და სხვა ყველა წავიდეს, მე მაინც არ დავტოვებ“.
იასონ მეტრეველიც ნიქოზში გადაღებული დოკუმენტური ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟია. ნიქოზის თოჯინებურ პერსონაჟებში მისი ფიგურაც მზადაა. ომის დროს არც მას მიუტოვებია სოფელი. „როგორ წავსულიყავი, 12 ოჯახის ქონება და შინაური ცხოველები მებარა“.
კიდევ ერთი პერსონაჟი, რომელსაც ნიქოზის დასში აქვს ადგილი, ვალიკოა. ვალიკო თავისი პრინციპებისადმი ერთგულების გამო იქცა გამორჩეულ ფიგურად. ვალიკო დისეველი კაცია, რომელმაც დისევში მარტომ ააშენა თეატრი. სოფელში, რომელიც 2008 წლის შემდეგ მოექცა ოკუპაციის ქვეშ. მიტროპოლიტ ისაიასთვის ვალიკოს შემართება და მიზანსწრაფულობა შთაგონების წყაროდ იქცა. „როდესაც გავიგე, რომ აქვე, დისევში ცხოვრობდა ადამიანი, რომელმაც მარტომ ააშენა თეატრი, გავოცდი. წავედით მის სანახავად და დავრწმუნდით, რომ რეალურ ამბავთან გვქონდა საქმე. მას შემდეგ, რთულ პერიოდებში, როცა ვფიქრობდი, რომ აი, უკვე თავს ვეღარ ვართმევდი საქმეს, ვიხსენებდი ვალიკოს და ვეუბნებოდი ჩემ თავს - ვალიკომ ხომ შეძლო მარტომ თეატრის აშენება, ესე იგი, შესაძლებელია და ეს ძალას მაძლევდა“,- ამბობს მიტროპოლიტი ისაია. ვალიკომ სხვებისგან დამოუკიდებლად, ყოველგვარი დახმარების გარეშე ააშენა შენობა, რომელსაც 120 მაყურებლის დატევა შეეძლო. თეატრმა 2008 წლის ომამდე სამ სპექტაკლს უმასპინძლა. ვალიკოს თეატრი დამწვარსა და დაბომბილ დისევში დარჩა, თუმცა იდეა იმის თაობაზე, რომ შიშველი ხელებითა და დიდი მონდომებით მშენებლობა მაინც შესაძლებელია, არ დაკარგულა. ომიდან ორი წლის შემდეგ, ნიქოზში, გადამწვარ და დაბომბილ სოფელში, ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი დაარსდა. „ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო და სასარგებლო საქმეს ვაკეთებთ, ჩვენი სოფელი არის სამყაროს ცენტრი, ესეთი ცენტრი კი ბევრი უნდა იყოს საქართველოში“, - ამბობს ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტი ისაია. 2022 წლის პროგრამაში ნიქოზელი ფრონტელი სამეზობლოს ამბავს უკვე მარიონეტი თოჯინები გააცოცხლებენ.
წყარო: „ამერიკის ხმა“