„დახვრეტა რომ მომისაჯოთ, არ დავასახელებ ინფორმატორს!“ - ნარკოტიკების გასაღების საიდუმლო სქემა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 

კვირას ვინ ჩივის, ლამის, დღე არ გავა, სამართალდამცავებმა ნარკოტიკების გასაღებაზე ვინმე არ დააკავონ. არცთუ იშვიათად, მასშტაბური სპეცოპერაციებიც ტარდება ნარკოდილერთა გამოსავლენად, თუ დასაკავებლად. სანამ ისტორიის თხრობაზე გადავალ, კიდევ გავიმეორებ, რომ ნარკოტიკების გასაღებისთვის უნდა იყოს პირდაპირ სამუდამო და ყველაზე ცოტა, 25 წელი, შეწყალების თხოვნის უფლების გარეშე. სხვაგვარად, მერამდენედ უნდა ვთქვათ და ვიწუწუნოთ, რომ ნარკოტიკების გამო, თაობები გვეღუპება?!

ნარკოტიკები იყიდებოდა ყოველთვის, ყველა ხელისუფლების პირობებში და სამწუხაროდ, ასე იქნება მომავალშიც. იოლი შემოსავლის იმედით, დანაშაულზე არაერთი ადამიანი მიდის, მაგრამ ეჭვი მაქვს, სოლიდური სასჯელი ყველაფერ ამას საგრძნობლად შეამცირებს და „ბარიგებს“ ნარკოტიკის გაყიდვის სურვილს მოუკლავს.

„სად იყო ჩვენ დროს, ინტერნეტი და ლოკაციების მონიშვნა? ნარკოტიკს, ძირითადად, სახლებიდან ყიდდნენ, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა „ბარიგები“ იმპროვიზაციას მიმართავდნენ და ასეთ დროს, მათი დაკავება რთულდებოდა. თანამედროვე ტექნოლოგიებმა ადამიანები გააზარმაცა, ფიქრის შესაძლებლობა მოუსპო. თუნდაც წერილი ავიღოთ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოვლენა ჩვენი თაობის ცხოვრებაში - იღებდი ფურცელს, ჯდებოდი მაგიდასთან და პრაქტიკულად, თემას წერდი ახლობლისთვის, ნათესავისთვის. შემდეგ ის ღიმილიანი სახით კითხულობდა წერილს და პასუხს გწერდა. ეს ურთიერთობას უფრო ათბობდა. ახლა კიდევ, რა წერილი, ან მესიჯს აკრეფ ტელეფონზე, ან უბრალოდ დაურეკავ და მოიკითხავ. ჰოდა, ამიტომ ვამბობ, ჩვენ დროს, კრიმინალებიც უფრო შემოქმედებითად უდგებოდნენ საქმეს და ჩახლართული გამოძიება მეტად საინტერესო პროცესი იყო, უდიდესი აზარტი და ადრენალინი ახლდა“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

80-იანი წლების გარიჟრაჟზე, თბილისში ახალი ნარკოტიკი გამოჩნდა. უფრო სწორედ, ნარკოტიკის ახალი პარტია, რომელიც ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა არა მარტო დედაქალაქში და სამართალდამცავები ვერაფერს აწყობდნენ. აგენტურული ქსელი, თითქოს, ცუდად არ მუშაობდა, ჩასაფრება მოუწყვეს, უთვალთვალეს და შეამოწმეს ადრე ნასამართლევი ყველა „ბარიგა“, მაგრამ უშედეგოდ. თბილისი ნარკოტიკებმა წაიღო, მილიცია კი კვალს ვერ პოულობდა. რა თქმა უნდა, რამდენიმე ნარკომანი დააკავეს კიდეც, რომლებიც ამბობდნენ, რომ „ბარიგა“ მათ თავად პოულობდა, სახლებში ადგებოდა, ნარკოტიკს ძალიან იაფად სთავაზობდა და თუ ვინმე ხელებს გაასავსავებდა, რა წამალი, პატიოსანი კაცი ვარო, მშვიდად ბრუნდებოდა და მიდიოდა. ყველაფერი ეს, ნარკომანებში მალე გავრცელდა და ამიტომ, დაუპატიჟებელ, მაგრამ სასურველ სტუმარს ყველა მოუთმენლად ელოდა და ყველა ყიდულობდა. ფოტორობოტის შექმნაზე ოცნებაც არ შეიძლებოდა, მამაკაცი ხან წვერით იყო, ხან - სათვალით, ხან - უწვეროდ და მელოტი, ხან - ქოჩრიანი, თუმცა ადვილი მისახვედრი იყო, რომ აგებულებით, საუბარი ერთსა და იმავე პიროვნებაზე მიდიოდა. რაც შეეხება ქალს... ჰო, საქმეში ქალიც ფიგურირებდა, იერს ისიც იცვლიდა, მაგრამ აგებულებას - ვერა. ყველაფერი ეს, იმდენად შემაწუხებელი და უკონტროლო გახდა, რომ მინისტრმა თათბირზე პირდაპირ თქვა - ოღონდ ეგ ბარიგები დაგვაჭერინოს ვინმემ და ვინც უნდა იყოს, ორ ან სამწლიან ხელშეუხებლობას ვპირდები, თუ უნდა, შუა რუსთაველზე გაიკეთოს ნარკოტიკიო. ეს პერსპექტივა ბევრ ნარკომანს მოეწონა და რამდენიმემ განყოფილებაში დარეკა კიდეც, თუმცა თანამშრომლები ადგილზე დროულად ვერ მივიდნენ, ნარკოდილერი უკვალოდ გაქრა. ერთ-ერთმა მისი დაკავებაც სცადა, აქაოდა, მილიციას გაკოჭილს დავახვედრებო (თანაც, „ქურდულად“, „ბარიგის“ დასმენა არ ისჯება), მაგრამ ნარკოტიკების გამყიდველმა ისე გალახა, ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა საავადმყოფომდე ცოცხალი ძლივს მიიყვანეს. სამაგიეროდ, ქალის დაკავების იმედი გაჩნდა და ნარკომანებს მიანიშნეს კიდეც, ქალი მაინც დააკავეთ, ვერ მოგერევათო, თუმცა როგორც კი ეს ერთ-ერთ ნარკომანმა სცადა, ქალმა თმიდან გრძელი ლითონის ჩხირი გამოიძრო და მისი დაკავების მსურველი, ერთი თვალის გარეშე დატოვა.

„გადავწყვიტეთ, მახე დაგვეგო, რამდენიმე ჩვენი თანამშრომელი ნარკომანების წრეში გავრიეთ, ფულებს აფრიალებდნენ და ამბობდნენ, რომ ნარკოტიკის ყიდვა სურდათ, მაგრამ ორკვირიანმა მცდელობამ შედეგი არ გამოიღო - „ბარიგები“ არსად ჩანდნენ. ღამეები არ გვეძინა, პრაქტიკულად, ყველა განყოფილება ამ კონკრეტულ საქმეზე იყო მიმართული, მაგრამ ამაოდ. ისინი ჩნდებოდნენ და უკვალოდ ქრებოდნენ. რაც მთავარია, ვერ დავადგინეთ, საიდან შემოჰქონდათ ნარკოტიკი და ვინ იდგა ყველაფერ ამის უკან“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

რამდენიმე დღეში, ერთ-ერთმა ნარკომანმა დარეკა, დილერი სახლში მყავს გაკოჭილიო და ოპერები ადგილზე მაშინვე გავიდნენ. მართლაც, ოთახში, რადიატორზე, ახალგაზრდა კაცი იყო მიბმული, იატაკზე კი გრაფინის ნამსხვრევები ეყარა. როგორც ჩანს, ნარკომანმა „ბარიგას“ გრაფინი გადაამტვრია, შემდეგ კი რადიატორზე მიაბა. სანამ ოპერები მას რადიატორიდან ხსნიდნენ და ხელბორკილს ადებდნენ, ნარკომანი ბოლო ხმაზე ყვიროდა, წერილობითი გარანტია მომეცით, რომ არ შემეხებითო, თუმცა მისთვის არავის ეცალა.

„მე არ ვიცნობ იმ ქალს, ვინც დადის, ჩვენ ერთმანეთთან შეხება არ გვაქვს. ერთადერთი, ჩემი მოვალეობაა, ისანში, ქიმწმენდაში მივიდე კვირაში ერთხელ, დილით პიჯაკი ჩავაბარო გასაწმენდად და საღამოს გამოვიტანო. ნარკოტიკი პიჯაკის ჯიბეში მხვდება, ფულსაც იგივე გზით ვტოვებ, რა თქმა უნდა, ჩემი მოგების გარდა. მისამართებს და სახელებს, ვის უნდა მივყიდოთ ნარკოტიკი, წერილით ვიღებთ“, - განაცხადა დაკავებულმა.

ქიმწმენდის პერსონალის პირადი საქმეები გამომძიებლებს წინ ედოთ და საეჭვო არავინ ჩანდა, გარდა ერთი ქალისა, რომელმაც იქ მუშაობა არცთუ დიდი ხნის წინ დაიწყო. ამიტომ, თვალთვალი, სწორედ მასზე უნდა დაეწესებინათ, მაგრამ რა თვალთვალი, ის სამსახურიდან გათავისუფლდა და არც საცხოვრებელ ბინაზე გამოჩენილა ანუ უბრალოდ გაქრა. სამართალდამცავები მიხვდნენ, რომ ნარკოტიკების გამსაღებლებს სერიოზული ინფორმატორი ჰყავდათ, სწორედ ინფორმატორი აწვდიდა ნარკომანების სიას და აფრთხილებდა საფრთხის შესახებ. სამაგიეროდ, ქიმწმენდის პერსონალის დაკითხვის შემდეგ, გაირკვა იმ ქალის ვინაობა, ვინც ასევე მამაკაცის პიჯაკს აბარებდა და ყველაფერ ამას, სწორედ იმ საეჭვო ქალის მორიგეობის დროს აკეთებდა. მის მისამართზე ოპერატიული ჯგუფი გავიდა და დროზე მიასწრო - მას უცხო მამაკაცი და ქალი მოკვლას უპირებდა. ძალოვნებმა სამეული დააკავეს და ცხადი იყო, წრე შეიკრა, ყველა დაჭერილი იყო.

„დახვრეტა რომ მომისაჯოთ, მე არ დავასახელებ ინფორმატორს, რადგან არ მაცოცხლებს. რაც შეეხება წამალს, რა მნიშვნელობა აქვს, საიდან შემომქონდა?! სქემა იცით და რომ არა ის იდიოტი, რომელიც ჩავარდა, კარგა ხანს, ვერ დაგვიჭერდით. ეს სქემა მე და ინფორმატორმა ერთად მოვიფიქრეთ, ამართლებდა, მაგრამ... წასვლას ვაპირებდი, თუმცა მეუბნებოდა, ყველაფერი ხელში მიჭირავს, საფრთხე არ გემუქრებაო. არ უნდა დამეჯერებინა, მაგრამ რაღა დროს“, - თავი ჩაღუნა დაკავებულმა.

იმის მიუხედავად, რომ  მინისტრის დონეზე მისცეს უსაფრთხოების გარანტიები, ინფორმატორი ანუ ვირთხა სამართლდამცავ უწყებაში არ დაასახელა. ქალმა კი არც არაფერი იცოდა, ის აკეთებდა იმას, რასაც ეუბნებოდნენ და სოლიდურ თანხასაც უხდიდნენ.

„ასე ხდებოდა ხოლმე, ჩვენს უწყებაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც დამნაშავეებთან თანამშრომლობდნენ ფულის მიღების მიზნით და თუ გამოვავლენდით, უმკაცრესად ვსჯიდით. დღემდე ხინჯად მაქვს, რომ ვერ გავიგეთ, ვერ გამოვავლინეთ კაცი, რომელიც ამ დონეზე აწვდიდა ინფორმაციას ანუ ის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო. იმედი მქონდა, ზონაზე მაინც წამოსცდებოდა ვინმესთან რამე, მაგრამ ზონა კი არა, სასამართლომდეც არ მისულა, საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს“, - სინანულით ამბობს ბატონი თენგიზი.

რაც შეეხება ნარკომანს, რომლისთვისაც ხელშეუხებლობის გარანტია უნდა მეიცათ, მისცეს კიდეც, მაგრამ სულ ტყუილად - სავარაუდოდ, ამ ამბით გახარებულმა ბევრი მოინდომა და ორ თვეში, ზედოზირებით გარდაცვლილი საკუთარ სახლში ნახეს. ჰო, იმასაც ამბობდნენ, გამოცდილი ნარკომანი იყო და ზედმეტ დოზას არ გაიკეთებდაო, მაგრამ... ვინ იცის...