Menu
RSS

ექსსპიკერის X-ფაილის საიდუმლო დეტალები

ზოგისთვის სიდნი პოლაკის ცნობილი კინოფილმის _ „ტუტსი“ პერსონაჟის პროტოტიპია, ზოგისთვის _ „ფქვილის პრინცესა“, ზოგისთვის კი _ თანამედროვე თამარ მეფე. ეს უკანასკნელი შედარება, ცხადია, გაზვიადებულია, მაგრამ ის დროც გვახსოვს, როცა არცთუ შორეულ წარსულში მიხეილ სააკაშვილი „ყველა ფოლადზე გამძლე ფოლადის ქალს“ ეძახდა. ისე, ამბობენ, საკუთარ თავს ქართველ მარგარეტ ტეტჩერად მიიჩნევსო და ჩუმ-ჩუმად, თურმე, „რკინის ლედისაც“ ბაძავს. არადა, ისინი, ვისაც მეტ-ნაკლები შეხება ჰქონია, ირწმუნებიან, ფორმაცია რომ არ შეცვლილიყო, თავბრუდამხვევი საბჭოური კარიერა ექნებოდა და ხელი, შესაძლოა, პოლიტბიუროს წევრობისთვისაც გამოეკრაო. ამ არახდენილ პროგნოზში სიმართლის მარცვალი აშკარად არის _ ის ხომ ბოლშევიკი ფუნქციონერის მხოლოდშობილი ქალიშვილია... მოკლედ, ალბათ, მიხვდით, „ვერსია“ ნინო ბურჯანაძის X-ფაილს სწავლობს. ამ ქალბატონზე, ერთი შეხედვით, ყველამ ყველაფერი ვიცით, მაგრამ ნათქვამია, ეშმაკები დეტალებში სხედანო. ჰოდა, ბურჯანაძის პოლიტიკური ალგორითმის ამოსახსნელად სწორედ ეს დეტალები უნდა გავშიფროთ. მაშ, ასე: როგორ გახდა თერჯოლის რაიონის რაიკომის მდივნის შვილი ქართული პოლიტიკის სახე და რატომაა ნონსენსური უტოპია საქართველოს უბლოკო სტატუსი? _ „ვერსია“, ინტერნეტმასალებზე, პირად არქივსა და ხალხურ მითოსზე დაყრდნობით, იმ ადამიანის X-ფაილს გთავაზობთ, რომელიც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ორი ვადით ხელმძღვანელობდა და ასევე, ორჯერ ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას, თუმცა ყველაფერ ამის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკაში მთავარი როლი მაინც არ ერგო. არა, ვერ ვიტყვით, რომ ეპიზოდური, ან მასობრივი სცენების პოლიტაქტიორია, მარამ თუკი კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ქალბატონი ბურჯანაძე მუდამ ვიღაცის ჩრდილშია. ეს „ვიღაც“ ჯერ მამამისი იყო, შემდეგ _ აწ გარდაცვლილი ზურაბ ჟვანია, მოგვიანებით კი _ მიხეილ სააკაშვილი. სხვათა შორის, პოლიტფსიქოლოგები ამბობენ, რომ დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს სწორედ ამ „ჩრდილის“ კომპლექსი აქვს. შესაძლოა, არც უამისობაა, თუმცა მოვლენათა განვითარების ჯაჭვს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ და ყველაფერი ქრონოლოგიურად გავიხსენოთ...
 
გზა ქუთაისიდან მოსკოვამდე
მართალია, ამის შესახებ ქართულ „ვიკიპედიასა“ თუ სხვა საძიებო სისტემაში ინფორმაცია არ „იძებნება“, მაგრამ ქართული ტრადიციის გათვალისწინებით, შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, რომ 1964 წლის 16 ივლისს, თერჯოლის ყველაზე პრესტიჟულ რესტორანში ხალხმრავლობა იქნებოდა. რატომ? რატომ და, სწორედ ამ დღეს რაიკომის მდივან ანზორ ბურჯანაძეს ქალიშვილი შეეძინა...
მომავალი პოლიტიკოსი ქუთაისში დაიბადა და პირველადი განათლებაც საქართველოს მამაქალაქში მიიღო _ 1981 წელს, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის #2 საშუალო სკოლა წარჩინებით დაამთავრა და, როგორც ქართული „ვიკიპედია“ იუწყება, იმავე წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. სწორედ აქედან იწყება ნინო ბურჯანაძის თბილისური ცხოვრება, თუმცა 90-იანი წლების შუახანებამდე მის შესახებ ფართო საზოგადოებამ არაფერი იცოდა. ეს კი არადა, მომავალი პოლიტიკოსი პოპულარული არც პარტიული ოჯახების წრეში ყოფილა, რასაც მამამისზე ვერ ვიტყვით _ ანზორ ბურჯანაძე თავად ედუარდ შევარდნაძეს ემეგობრებოდა. ხალხური მითოსით, 1995 წელს, ქალბატონი ნინო მოქკავშირის საარჩევნო სიაში სწორედ ამ მეგობრობის წყალობით მოხვდა ანუ ლეგენდის თანახმად, ანზორ ბურჯანაძემ ცხონებულ ედუარდს უთხრა, ჩემი გოგო უნივერსიტეტში კი მუშაობს, მაგრამ კარგი იქნება, დეპუტატი გახდესო და მამათელმა პოლიტიკოსმაც, რომელმაც მსოფლიო თავის დროზე ღიმილით მოაჯადოვა, მეგობარს, თურმე, იხტიბარი არ გაუტეხა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი პარტიულ სიაში ჩაწერა, მაგრამ მაშინ ალბათ, აზრადაც არ მოსვლია, რომ მოვიდოდა დრო და აკაკის „გამზრდელის“ სცენა რეალურად გათამაშდებოდა _ მეგობრის შვილი გადაუდგებოდა და ზურგში მახვილს ჩასცემდა.
სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ, აწ განსვენებულ ედუარდ შევარდნაძეს ვკითხე, ნინო დეპუტატი, მართლაც, მამამისის თხოვნით გახადეთ-მეთქი? პრეზიდენტყოფილმა ხალხში მოარული ხმა კატეგორიულად უარყო და მახსოვს, მითხრა, ნინოს არც კი ვიცნობდი, ზურაბმა მოიყვანა, ჟვანიამ და მხოლოდ ამის შემდეგ გავიგე, რომ ანზორ ბურჯანაძის ქალიშვილი იყოო.
საერთოდ, ზურაბ ჟვანია პოლიტიკაში ნინოს „მფარველ ანგელოზად“ ითლებოდა და, როგორც თვითმხილველები ამბობენ, რომ არა გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი პრემიერი, ბურჯანაძეს „პოლიტიკური ევერესტის“ დაპყრობის ამბიციაც არ გაუჩნდებოდა. ყველაფერი კი 2001 წლის ე.წ. მინი რევოლუციით დაიწყო, როცა ჟვანიამ სპიკერობა დატოვა და თავის შემცვლელად პარლამენტის იურიდიული კომიტეტის არაფრით გამორჩეული თავმჯდომარე დაასახელა, თუმცა პოლიტიკური ღმერთებისა თუ პოლიტიკის სამოთხიდან განდევნილი ანგელოზების „წაფითილებით“, ქალბატონმა პოლიტიკოსმა ზურგი ჟვანიასაც აქცია. ყოველ შემთხვევაში, მსმენია, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ნინო და ზურა ერთმანეთს აღარ ელაპარაკებოდნენო. ეს კი არადა, პოლიტიკურ კულუარებში კარგა ხანს მუსირებდა აზრი, ჟვანიას გარდაცვალება ქალბატონმა ბურჯანაძემ, რომელიც იმხანად პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში შეიტყო, სადაც შვებულებას ატარებდა, მაგრამ ჩამოსვლას არ აპირებდა და ბოლოს, მეგობრებმა დააძალეს, შვებულება შეეწყვიტაო. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ, კერძოდ, 2009 წელს, ამ ჭორის თაობაზე თავად ქალბატონ ნინოს ვკითხე (საერთოდ, პარლამენტის ექსთავმჯდომარესთან ინტერვიუ სულ ორჯერ მაქვს „ჩაწერილი“) და ამ დიალოგს, მცირედი შემოკლებით, ქვემოთ შემოგთავაზებთ. მანამდე კი ისევ ქართული „ვიკიპედია“ „მოვიშველიოთ“, რომლის თანახმადაც, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1986 წელს, ანზორ ბურჯანაძის მხოლოდშობილი ქალიშვილი სწვალა-განათლების მისაღებად ჩრდილოეთს, მაშასადამე, საბჭოთა კავშირის დედაქალაქს მიემგზავრება. მართალია, ამ დროს საქართველოში ეროვნული მოძრაობა უკვე დაწყებულია, მაგრამ მოსკოვში 37 მანეთად „ჩაფრენა“ და, მით უმეტეს, იქ სწავლა საზოგადოების გარკვეული ფენისთვის მაინც დიდ პრესტიჟად ითვლება. ჰოდა, ალბათ, სწორედ ამის გათვალისწინებით, მომავალი პოლიტიკოსი მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის ასპირანტურაში აბარებს. 1990 წელს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საზღვაო სამართლის პრობლემებზე დისერტაციას იცავს და სამშობლოში იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის წოდებით ბრუნდება. 1991 წელს, ნინო ბურჯანაძე, როგორც ახალგაზრდა დოცენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრაზე იწყებს მუშაობას, პარალელურად, გარემოს დაცვის სამინისტროშიცაა დასაქმებული, სადაც 1992 წლამდე ექსპერტ-კონსულტანტის მოვალეობას ასრულებს. ამასობაში, სახელმწიფო გადატრიალება ხდება და ქვეყნის სათავეში სახელმწიფო საბჭო მოდის. შემდეგ, ე.წ. იმელის პარლამენტი იკრიბება და ბურჯანაძეს, როგორც ახალგაზრდა სპეციალისტს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ექსპერტ-კონსულტანტად იწვევენ. მართალია, ამის თაობაზე ზუსტი ცნობები არ არსებობს, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ბურჯანაძე-ჟვანიას ნაცნობობ-მეგობრობაც სათავეს სწორედ „იმელის“ პარლამენტიდან იღებს.
სხვათა შორის, სწორედ ამავე პერიოდს უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის პირველი პოლიტიკური ნაბიჯები _ ამ წლებში მომავალი პრეზიდენტი, როგორც ცნობილია, სახელმწიფო კანცელარიაში რიგით ჩინოვნიკად მუშაობდა და მისი ძირითადი უფლება-მოვალეობა კანცელარია-საკანონმდებლო ორგანოს შორის დოკუმენტების მიტან-მოტანა იყო ანუ მიშა ჩვეულებრივი კლერკი გახლდათ.
ისე, თუკი საუბარს ბურჯანაძე-სააკაშვილის შედარებითი დახასიათების კუთხით გავაგრძელებთ, ეს ერთადერთი პერიოდია, როცა ბურჯანაძეს სააკაშვილზე მაღალი თანამდებობა ეკავა. ამის შემდეგ კი ბედის ბორბალი ისე დატრიალდება, რომ ნინო მუდამ მიშას ჩრდილში იქნება. ასე, მაგალითად, 1995 წლის მოწვევის პარლამენტში, სააკაშვილი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს მიიღებს, 1999 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში კი ეს თანამდებობა ნინოს ერგება, რადგან სააკაშვილი უკვე „დიდი კაცია“ _ მოქკავშირის საპარლამენტო ფრაქციას ხელმძღვანელობს. ამის შემდეგ ბურჯანაძე მუდამ სააკაშვილის ჩრდილში იქნება. ავიღოთ თუნდაც 2003 წლის ნოემბრის მოვლენები, როცა ანზორ ბურჯანაძის ქალიშვილი, პრაქტიკულად, რევოლუციის ავანგარდში იდგა და, ალბათ, პრეზიდენტობის ამბიციაც ჰქონდა, თუმცა თურმე, ნუ იტყვით და, სააკაშვილმა ხელწერილი დააწერინა, რომ პრეზიდენტობაზე პრეტენზიას არ გამოთქვამდა. სხვათა შორის, ინტერვიუში, რომელიც წეღან ვახსენე, ლაპარაკი ამაზეცაა...
აქვე, აღსანიშნავია ერთი დეტალი: „ვარდების რევოლუციას“ დასავლური შლეიფი ჰქონდა, თუმცა ამ ამბებიდან რამდენი წლის შემდეგ, ნინო ბურჯანაძემ, რომელიც „ვარდოსნული“ ტრიუმვირატის წევრი გახლდათ, ღია პრორუსული პოზიცია დაიჭირა. სწორედ ამ და სხვა დეტალების გათვალისწინებით გაჩნდა გონივრული ეჭვი, რომ 2003 წლის მოვლენების უკან რაღაც ფორმით შესაძლოა, კრემლიც იდგა, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა.
რაც შეეხება ბურჯანაძის რუსულ კავშირებს, დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი თავს რუსეთუმედ არ მიიჩნევს, თუმცა მის განცხადებებსა თუ ნაბიჯებს აშკარად ჩრდილოეთური დემონები მფარველობენ. ამ კონტექსტში შეგვიძლია, ერთ-ერთი გახმაურებული ამბავი გავიხსენოთ, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოხდა: აგვისტოს ომის შემდეგ, როცა ცნობილი გახდა, რომ ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქში მიემგზავრებოდა, „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, „კურიერის“ წამყვანმა, ზაალ უდუმაშვილმა ბურჯანაძეს რამდენჯერმე ჰკითხა, რუსეთი ოკუპანტია თუ არაო, მაგრამ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო. ამავე პერიოდში, ქალბატონი ბურჯანაძე მოსკოვში, კერძოდ, „პაკლონნაია გორაზე“ ძეგლის _ „ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ ერთად ვიდექით“ გახსნას დაესწრო. მეტიც, ამ „ღირსშესანიშნავ ცერემონიალზე“ ის ვლადიმერ პუტინის გვერდით ისე ამაყად იდგა, გეგონება, ვლადიმერ ვლადიმერის ძე ჩვენი პირსისხლიანი მტერი კი არა, მფარველი ანგელოზია!
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბურჯანაძისა და მისი გუნდის მთავარი სლოგანი ე.წ. უბლოკო სტატუსი იყო ანუ სპიკერყოფილი მოსახლეობას ჰპირდებოდა, თუკი ხელისუფლებას მანდობთ, გპირდებით, საქართველო არც ნატო-ს წევრი გახდება და არც _ რომელიმე სხვა სამხედრო ალიანსისო, თუმცა 8 ოქტომბერმა ნათელყო, რომ „უბლოკო სტატუსით“ ხალხი არ ,,ბოლდება''. ისე, ხალხის გულის მოგება ბურჯანაძემ ვერც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მოახერხა _ ხმების, დაახლოებით, 10% აიღო, მაშასადამე, გამოჩნდა, რომ მისი რეალური ელექტორატი ამომრჩევლის სწორედ ეს რაოდენობაა. ამასთან, არგუმენტებით შეიძლება იმის დასაბუთება, რომ „უბლოკო სტატუსი“ ჩვეულებრივი რუსული ნარატივია და აი, რატომ:
რუსეთი მონსტრია, რომელიც, ცხადია, არ უნდა გავაღიზიანოთ, მაგრამ არც „ერთმორწმუნე უფროსი ძმა“ და „ბაბაია“ ვეძახოთ... ცხოვრების კანონია: ძლიერმა რომ არ დაჩაგროს, სუსტი მფარველად ამ ძლიერზე ზეძლიერს ეძებს. ასეა პოლიტიკაშიც: თუკი საქართველოს გვერდით ისეთი სამხედრო გაერთიანება არ იდგება, როგორიც ნატოა, პუტინს ერთ ლუკმადაც არ ვეყოფით. აკი, კრემლიც არ მალავს, რომ მისი მთავარი მიზანია, საქართველომ ნატო-ში ინტეგრაციაზე თქვას უარი. ყველაფერ აქედან გამომდინარე, ბურჯანაძის „უბლოკო სტატუსის“ იდეა არის თუ არა რუსული ნარატივი?
რასაკვირველია, არის!
პოლიტიკურ გემოვნებაზე დავა, ბუნებრივია, არ შეიძლება, მაგრამ ის, რომ საქართველოს მომავალი დასავლეთია, პოლიტიკური გემოვნება კი არა, ილიასეული და, მეტიც, სულხან-საბა ორბელიანისეული არჩევანია! ისიც ფაქტია, რომ „ერთმორწმუნე ძმას,“ 1800-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენთვის სიკეთე არ მოუტანია _ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სამეფო ტახტი გაგვიუქმა, ჩვენს ეკლესიას კი ავტოკეფალია წაართვა! ეს დეტალები ქალბატონმა ნინომ, ცხადია იცის, მაგრამ მაინც „უბლოკო სტატუსს“ ლობირებს.
რატომ? _ ეს ღიად დარჩენილი კითხვაა, თუმცა თუ გახსოვთ, X-ფაილის დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ სპიკერყოფილს მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. შეიძლება, ვინმემ თქვას, მერე რაო?! მერე არაფერი, უბრალოდ, საინტერესო შტრიხია...
ექსსპიკერის სკანდალები
ანზორ ბურჯანაძის ქალიშვილი სკანდალში არაერთხელ გახვეულა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, 2007 წლის სისხლიანი 7 ნოემბერი პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან გაამართლა და განაცხადა, დიახაც, სახელმწიფო შედგაო, მას შემდეგ კი, რაც სააკაშვილს გაემიჯნა, 7 ნოემბერი არაერთხელ დაგმო. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, როდის იყო გულწრფელი: მაშინ, როცა 7 ნოემბერსა და იგივე 7 ნოემბრის შემდეგ ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს „აპრავებდა“ თუ მერე, როცა ნაციონალთა სისხლიან მმართველობას გმობდა და გმობს?
ისე, 7 ნოემბერთან დაკავშირებით ბურჯანაძის მიმდევრები მუდმივად ხაზს უსვამენ, ქალბატონმა ნინომ, რომელიც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო, კარი გახსნა და ნაცემ-ნაბეგვ მომიტინგეებს საშუალება მისცა, თავი პარლამენტისთვის შეეფარებინათო. კი ბატონო, მაგრამ ისიც ცნობილია, დავით გამყრელიძესა და ახლების სხვა მაშინდელ ლიდერებს, რომლებიც სპიკერის მისაღებში შიმშილობდნენ, ბურჯანაძემ „პლედები“ არ მისცა. ასევე, ცნობილია, რომ დევნილებს, რომლებიც კონკრეტული შენობიდან გამოსახლებას აპროტესტებდნენ, სულ მოღალატეები ეძახა.
ბურჯანაძის „სკანდალების ანგარიშზე“ კიდევ ერთი სკანდალია, სახელდობრ, გოჩა ჯოჯუა წლებია სპიკერყოფილს ბრალს გიორგი ახვლედიანსა და ლევან ვეფხვაძესთან გარიგებასა და შესაბამად, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მითვისებაში სდებს. თუკი Gოოგლ-ის საძიებო სისტემაში ჩაწერთ _ „გოჩა ჯოჯუა+ნინო ბურჯანაძე“, ამ თემაზე უამრავ მასალას ნახავთ. ერთ-ერთ „ნიუსში“ რომელიც 2014 წლის 7 აგვისტოთი თარიღდება, ჯოჯუა აცხადებს: „ლევან ვეფხვაძემ, გიორგი ახვლედიანმა და მათმა ხალხმა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ ნინო ბურჯანაძეს მიჰყიდეს იმისათვის, რომ მას კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სიკეთეებით ესარგებლა“.
როგორც ცნობილია, ჯოჯუა და მისი მომხრეები პარტიისთვის დღემდე სასამართლოში დაობენ, გიორგი ახვლედიანი კი ბურჯანაძის პარტიული სახეა _ ბოლო დროს საჯარო სივრცეში ბურჯანაძეზე ხშირად სწორედ ის ჩნდება...
ბურჯანაძის ერთ-ერთ მთავარ სკანდალად 2011 წლის მაისის მოვლენები ითლება. ჯერ ერთი, ის, რაც 26 მაისს მოხდა, შეიძლება, „გამოცხადებული დარბევის ქრონიკად“ ჩაითვალოს ანუ მაშინ ყველა ხვდებოდა, რომ თუკი ბურჯანაძე ხალხს რუსთაველისკენ დაძრავდა, სააკაშვილი უკან არ დაიხევდა და მიტინგს დაარბევდა. იმხანად კულუარებში ისიც ითქვა, თითქოს ეროვნული ფორუმის მაშინდელმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ, რომელიც ნინო ბურჯანაძის ახლობელია, ექსსპიკერს სთხოვა, რომ აქციები რუსთაველზე არ გაეგრძელებინა და ხალხი არ ამოეწყვიტა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. აქედან გამომდინარე, მორალური კუთხით, სისხლიან 26 მაისზე პასუხისმგებლობა შესაძლოა, ქალბატონ პოლიტიკოსსაც დაეკისროს.
მეორეც, 26 მაისის შემდეგ, ნაციონალებმა გამოაქვეყნეს ფარული ჩანაწერები, რომლის თანახმადაც, ბურჯანაძე და მისი უფროსი ვაჟი აქციების რუსულ, ასე ვთქვათ, კავშირებსა და მოვლენების შემდგომ განვითარებაზე საუბრობენ. შეიძლება, ეს ჩანაწერი შეთითხნილ-დამონტაჟებული იყო, მაგრამ საგულისხმოა, რომ მას შემდეგ, რაც „ოცნების“ ხელისუფლებამ იგივე 26 მაისის მოვლენების გამოძიება დაიწყო და რამდენიმე თვის წინ ახალი მტკიცებულებებიც წარმოადგინა, დედა-შვილის მაშინ გავრცელებული ფარული ჩანაწერები გამოძიებას არ უხსენებია ანუ არ უთქვამს, თავის დროზე საქმე ფაბრიკაციასთან გვქონდა თუ რაც მოვისმინეთ, რაღაცნაირად სიმართლე იყო...
უცნობი ფაქტები
ახლა კი, დაპირებული ამონარიდები ინტერვიუდან, რომელიც ნინო ბურჯანაძესთან 2009 წელს ჩავწერე. ეს ის დროა, როცა ექსსპიკერს პარტია ახალი ჩამოყალიბებული ჰქონდა ანუ ოპოზიციაში ახალი წასული იყო. სხვათა შორის, თავის დროზე იმის არაოფიციალური მიზეზიც დასახელდა, თუ რატომ გაემიჯნა ნაციონალებს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი რამ ითქვა: გარდა იმისა, რომ ნაცებმა სიის პირველი ნომრობა არ შესთავაზეს, სიაში ბურჯანაძის ხალხიც არ შეიყვანეს და სწორედ ეს გახდა განხეთქილების საბაბიო. ცნობისთვის: თავდაპირველად ბურჯანაძე ოპოზიციაში კი არ წავიდა, არამედ, ფონდი შექმნა. აქტიური ოპოზიციონერობა კი აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო.
_ „ვარდების რევოლუციის“ დღეებში, რევოლუციური სამეულის არდაშლის მოტივით, პრეზიდენტობა მიხეილ სააკაშვილს დაუთმეთ. ეს თქვენი საბედისწერო შეცდომა ხომ არ იყო?
_ წინასწარმეტყველის თვისებები რომ მქონოდა, შესაძლოა, სხვაგვარად მოვქცეულიყავი, თუმცა იმ ეტაპზე საზოგადოებას სხვა დაკვეთა ჰქონდა. მაშინ მართლა მაღალი მხარდაჭერა მქონდა და იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტობაზე კენჭს მე და მიხეილ სააკაშვილი ვიყრიდით, მინიმუმ, მეორე ტური გაიმართებოდა, რომელიც შესაძლოა, მე მომეგო, მაგრამ რევოლუციის შემდეგ საზოგადოების დაკვეთა იყო, რევოლუციური ერთობა არ დარღვეულიყო და ამ ერთობას მართლა ფანტასტიკური შანსი ჰქონდა. მახსოვს, ჩემთან, ოთახში, მე, სააკაშვილი და ბატონი ზურაბ ჟვანია ვიყავით, სამივეს ასაკი გავიხსენე და ვთქვი, ამ ასაკში ერთი ჩვენგანი პრეზიდენტი ხდება, მეორე _ პრემიერი, მესამე _ პარლამენტის თავმჯდომარე და თუ ამ ერთობას ვერ შევინარჩუნებთ, ხალხმა ეს არ უნდა გვაპატიოს-მეთქი. რა თქმა უნდა, დამეთანხმნენ. შეგიძლიათ, იმის გამო დამადანაშაულოთ, რომ ადამიანების მჯერა, მაგრამ მეგონა, მიხვდებოდნენ, რომ გავლენისთვის ასეთი ბრძოლის დაწყება კარგ შედეგს არ მოიტანდა.
ისე, გეკითხებით: „ვარდების რევოლუციის“ მერე პრეზიდენტობაზე კენჭი რომ მეყარა და გამემარჯვა, როგორ ფიქრობთ, მიხეილ სააკაშვილი რას იზამდა?
_ რევოლუციას მოგიწყობდათ!
_ ნამდვილად!
_ ქალბატონო ნინო, მოდით, გულახდილად მითხარით, მაშინ მიხეილ სააკაშვილის გჯეროდათ?
_ სააკაშვილთან დაკავშირებით სერიოზული კითხვის ნიშნები ყოველთვის მქონდა და სწორედ ამიტომ იყვნენ ერთად ბურჯანაძე-დემოკრატები და არა _ ბურჯანაძე-ნაციონალები, მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზება ნაციონალური მოძრაობისგანაც მქონდა.
_ რევოლუციამდე?
_ დიახ... არ ვაპირებ, ჩემი პასუხისმგებლობა ვინმეზე გადავანაწილო, მაგრამ როცა მე, პარლამენტის თავმჯდომარე ,,ვარდების რევოლუციის'' შემდეგ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების წინააღმდეგ ვიბრძოდი და ვამბობდი, ეს ცვლილებები პარლამენტს დაასუსტებს და ცუდ შედეგებს მოიტანს-მეთქი, მხარდაჭერა მქონდა? გაიხსენეთ, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, ჟურნალისტების ჩათვლით, აცხადებდა, ბურჯანაძე საკუთარი ძალაუფლებისთვის იბრძვისო. მაშინ არავის უთქვამს, რომ პარლამენტი არის ინსტიტუტი, რომელზეც დემოკრატიული სახელმწიფო დგას და ბურჯანაძე სწორედ ამისთვის იბრძვისო. ვამბობდი: არ შეიძლება, პარლამენტი მხოლოდ იმ ნიშნით დაკომპლექტდეს, ვინ იქნევდა დროშას კარგად და, მოდით, სხვა კრიტერიუმებით დავაკომპლექტოთ-მეთქი, მაგრამ გაიხსენეთ, როგორი კომენტარები კეთდებოდა, ბურჯანაძეს უნდა, პარლამენტი თავისი და თავისი ქმრის მეგობრებით დააკომპლექტოსო. უკაცრავად, ასე არ იყო, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, ამ ხალხს, მინიმუმ, წერა-კითხვა ეცოდინებოდა.
_ ქალბატონო ნინო, 2003 წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილმა მართლა შემოგითვალათ, ხელწერილი დამიწერე, რომ პრეზიდენტობას არ დააპირებო?
_ (იღიმება) დიახ, ასე იყო...
_ მერე, არ დასთანხმდით?
_ არა. რაიმე ტიპის ხელწერილის მოთხოვნა, უბრალოდ, შეურაცხმყოფელია. მე სიტყვის პატრონი ვარ და როცა ვამბობ, თუ ამ სიტყვის შესრულების ოდნავი შესაძლებლობა მაინც არსებობს, ვასრულებ. ხელწერილების ენით საუბარს მიჩვეული არ ვარ და ამის უფლებას არც სააკაშვილს მივცემ და არც _ სხვას.
_ 2008 წლის გაზაფხულზე, როცა ოპოზიციის ნაწილი პარლამენტსგარეთ შიმშილობდა, ახლებმა შიმშილობა თქვენს მისაღებში დაიწყეს...
_ აგვისტოს მოვლენების შემდეგ ამ თემაზე ბატონ დავით გამყრელიძესთან საუბარი მქონდა და ვუთხარი, რომ ჩემი აზრით, ეს მისი ძალიან დიდი შეცდომა იყო. ალბათ, შეცდომაში შეიყვანეს და ეს ვექტორი ჩემსკენ შემოტრიალდა, რამაც ძალიან ბევრი რამ გააფუჭა, თუმცა არ მინდა, ვთქვა, რომ ეს შეგნებულად იყო გაკეთებული. იმხანად იმ გადაწყვეტილებებზე, რასაც ახლები ჩემგან ითხოვდნენ, ზემოქმედება ნამდვილად არ შემეძლო, მაგრამ არ მინდა, ახლა ამ თემაზე ღრმად ვილაპარაკო, თუმცა სწორი ანალიზის დრო მოვა...
_ ისე, თქვენს ფულზე ლეგენდები დადის. ოპონენტები ამბობენ, ნახეთ, ბურჯანაძეს როგორი ოფისი აქვსო...
_ როგორი ოფისი მაქვს? ნამდვილად კარგი, ლამაზი ოთხსართულიანი ოფისია, მაგრამ თქვენი თვალით ხედავთ, რომ თითო სართულზე თითო ოთახია...
_ ბოლოს და ბოლოს, რამდენი მილიონი გაქვთ?
_ რამდენ მილიონსაც იპოვით, ნახევარს ნოტარიულად გაგიფორმებთ და თქვენი იყოს, ოღონდ მეორე ნახევარი ჩემი იქნება, შევთანხმდით?
_ რასაკვირველია, შევთანხმდით... როდის გაგიჩნდათ პირველი სერიოზული კითხვა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ან, სულაც, როცა ზურაბ ჟვანია გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, პრეზიდენტს რა ჰკითხეთ?
_ საკუთარი თავის მიმართ პირველი შეკითხვა, ხომ არ შემეშალა, მხარი ამ გუნდს რომ დავუჭირე-მეთქი, მაშინ გაჩნდა, როცა ,,იმელში'' ორი ხანშიშესული დევნილი დააპატიმრეს. ეს ფორმა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო და ამაზე არაერთხელ მიდავია ირაკლი ოქრუაშვილთან, მიხეილ სააკაშვილთან... ამას მოჰყვა ბევრი სხვა კითხვა...
რაც შეეხება ბატონი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას. ეს შოკი იყო. როცა პრემიერი ასეთ გაუგებარ სიტუაციაში იღუპება, ცხადია, კითხვები ჩნდება, მაგრამ ნამდვილად არ მქონდა ხელმოსაკიდი დოკუმენტი, რომ ვინმეზე ან რამეზე ეჭვი მიმეტანა. სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცი, ამ ხელისუფლებას ძალიან ბევრის და უკადრებლის კადრებაც შეუძლია, დღესაც მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ ამ ტრაგედიაში შეიძლება, ხელისუფლებიდან ვინმეა გარეული. სააკაშვილმა დეტალურად ბევრი რამ მითხრა. მერე, რამდენჯერმე ადეიშვილი ჩემთან სპეციალურად გამოუშვა, რომ რაღაც დეტალები მოეყოლა, რომელიც შეკითხვებს მომიხსნიდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ გამოძიების მასალები უნდა გამოქვეყნდეს, ან რაც დასაზუსტებელია, დაზუსტდეს და საზოგადოებას პასუხი გაეცეს!
_ ქალბატონო ნინო, როცა ჟვანია გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფებოდით, ხმა გავრცელდა, ბურჯანაძეს ჟვანიას გარდაცვალების შესახებ რომ აცნობეს, განაცხადა, ვიზიტს არ შევწყვეტო...
_ ტყუილია!
_ ისიც ცნობილია, რომ გარდაცვალებამდე ზურაბ ჟვანიასთან დაძაბული ურთიერთობა გქონდათ და ამის ერთ-ერთ მიზეზად დავით ტყეშელაშვილი სახელდებოდა, რომლის კონტროლის პალატის თავმჯდომარედ დანიშვნაზე უარი განაცხადეთ...
_ იმხანად საქართველოში ნამდვილად არ ვიყავი და ბოლო ათწლეულის მანძილზე ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა შვილებთან ერთად, მეგობრების მიწვევით, დასასვენებლად წავედი. მახსოვს, დილის ხუთის ათი წუთი იყო, როცა ჩემმა მეუღლემ დამირეკა. საათს რომ დავხედე, მივხვდი, რაღაც საშინელება მოხდა. ჩემს მეუღლეს ადამიანის ხმა არ ჰქონდა და მითხრა, თუ ბავშვების წამოყვანას ვერ შეძლებ, დატოვე და ახლავე გამოფრინდიო. ბუნებრივია, კითხვა, უნდა წამოვსულიყავი თუ არა, არც გამჩენია და ასეთი ხმის გავრცელება იმ ადამიანების ხრიკებია, რომლებმაც თავის დროზე ძალიან დიდი როლი შეასრულეს, რომ ჩემსა და ბატონ ზურაბს შორის ურთიერთობა დაძაბულიყო...
ურთიერთობის გაფუჭებაში ტყეშელაშვილის მომენტი ერთ-ერთი თანმდევი იყო. ჩვენი ურთიერთობა განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როცა ბატონი ზურაბისგან და, საერთოდ, დემოკრატებისგან საპარლამენტო სიის შედგენისას მხარდაჭერა არ მივიღე და ეს, უბრალოდ, სიტყვის გატეხვა იყო.
_ რომელი სიტყვის?
_ არსებობდა შეთანხმება, რომ სააკაშვილი ხდებოდა პრეზიდენტი, ბატონი ზურაბი _ პრემიერ-მინისტრი, მე კი მექნებოდა გადამწყვეტი სიტყვა საპარლამენტო სიის დაკომპლექტების დროს. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ბატონი ზურაბი და სააკაშვილი ერთმანეთის გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ, მე კი _ მარტო.
_ ესე იგი, ადასტურებთ, რომ ჟვანიასთან დაპირისპირება გქონდათ?
_ ეს იყო რთული ურთიერთობა, რაც ძალიან მაწუხებდა. ერთ-ერთი უსიამოვნო საუბარი, რომელიც ქუთაისის დაფინანსებას ეხებოდა, 2004 წლის 29 დეკემბერს შედგა და ამან უფრო დაამძიმა მისი გარდაცვალების ფაქტი. საერთოდ, ამ თემაზე საუბარი არ მინდა, მაგრამ ბატონი ზურაბის შეცდომა ის იყო, რომ მან ჩათვალა, იმდენად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო, რომ მისთვის ბურჯანაძის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი აღარ იყო და სააკაშვილთან თავისი გავლენის გამყარებას შეძლებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს არცთუ მარტივი იყო. ვფიქრობ, ბურჯანაძე-დემოკრატების ერთობა რომ შეგვენარჩუნებინა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.
ერთ ფაქტს გეტყვით: ბატონი ზურაბი უდავოდ დიდი პოლიტიკოსი და ნიჭიერი ადამიანი იყო, მაგრამ გარდაცვალებამდე, სამწუხაროდ, საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერა არ ჰქონდა. ამ გუნდის და პირადად ბატონი ზურაბის წინაშე ვალდებულებად ჩავთვალე, რომ ჩემი რეიტინგის მიუხედავად, ახალი პარტია არ შემექმნა. ბატონმა ზურაბმა კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ დემოკრატების პარტია გაეუქმებინა და ნაციონალებისთვის შეეერთებინა. ესეც განხეთქილების ერთ-ერთი მიზეზი იყო, რადგან ამის შესახებ გაზეთიდან გავიგე...
_ ქალბატონო ნინო, ხომ არ შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ ჟვანიამ გამოგიყენათ?
_ მოდით, ამაზე ნუ ვილაპარაკებთ, წარსულია. თუ ვინმემ გამოგიყენა, ესე იგი, შენ არ მოიქეცი ისე, როგორც საჭირო იყო...''
სხვათა შორის, 2017 წლის 2 თებერვალს, საქართველომ, ევროპარლამენტის 553 დეპუტატის მხარდაჭერით, ვიზალიბერალიზაცია მიიღო, რაც იმის წინაპირობაა, რომ საქართველო ,,უბლოკო სტატუსის'' ,,მსხვერპლი'' არასოდეს გახდება! მოკლედ, ჩრდილოეთში არაფერი გვესაქმება, რადგან იქ, უბრალოდ, ცივა. ასე რომ, წინ, დასავლეთისკენ!
ვანო პავლიაშვილი

back to top