Menu

რატომ დადიოდა თავზე „ჩულქჩამოფარებული“, ვის ესროდა ტირის თოფს, რა აკავშირებს ნინო ბურჯანაძესთან და მართლა უქმნის თუ არა პარტიას ლევან ვასაძე _ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის „პლასტილინური“ X-ფაილი

ვისაც რა უნდა, ის თქვას, ვისაც როგორ უნდა, ისე იქირქილოს, ფაქტი ერთია: მას პოლიტიკური წმინდანებიც სწყალობენ და პოლიტიკური სამოთხიდან გაყრილი ანგელოზებიც!.. ასტროლოგი არ ვარ და ვერ გეტყვით, 1969 წლის 4 სექტემბერს პლანეტარული განლაგება როგორი იყო, მაგრამ აშკარად იღბლიან ვარსკვლავზეა დაბადებული და რაკიღა ვარსკვლავები ვახსენე, აქვე მცირეოდენ ლირიკულ გადახვევასაც შემოგთავაზებთ: თუ მის X-ფაილს სკურპულოზურად გავეცნობით, ვერ ვიტყვით, პოლიტიკურად უბიწოაო, მაგრამ ვარსკვლავთმჩხიბავების ლოგიკით, ის მარადიულ ქალწულად დარჩება და... როგორც ყველა ქალწულს, წესით, კარგი ფინანსური ალღო უნდა ჰქონდეს, თუმცა როგორც ჩანს, ზოგჯერ პლანეტებიც ცდებიან და აი, რატომ: ჰოროსკოპის თანახმად, ქალწულები, როგორც წესი, შინაბერები და ბერბიჭები არიან, თუმცა X-ფაილის დღევანდელი პერსონაჟი არამცთუ ბერბიჭაა, არამედ, ყოველთვის “მდიდარი სექსუალური ცხოვრება” ჰქონდა. დიახ, მისთვის სექსი სამარცხვინო არაა და უხერხულობას არც მაშინ გრძნობს, როცა ამ ერთობ დელიკატურ თემაზე საჯაროდ ლაპარაკობს.

,,სექსი და სექსუალური ცხოვრება არ არის სამარცხვინო. მე პირადად, მაქვს სექსუალური ცხოვრება, მქონია ძალიან მდიდარი სექსუალური ცხოვრება და მექნება კიდევ მომავალში'', _ ბრძანა რამდენიმე თვის წინ ანუ მაშინ, როცა ვიღაცები ვიღაცებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით დაემუქრნენ...
მართალია, სექსი და პოლიტიკა განუყოფელია, რასაც, სხვა თუ არაფერი, აშშ-ს ექსპრეზიდენტის, ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის გახმაურებული ურთიერთობაც მოწმობს, მაგრამ იქ, ოკეანის გაღმა ,,ყველაფერი მოსულა''. ჩვენთან კი, დაბეჩავებულ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში საზოგადოება მაინც ზედმეტად პურიტანულია და ,,ფეისის'' მიერ ნათქვამი ნებისმიერი უწყინარი ფრაზა, შესაძლოა, სერიოზული პოლიტიკური დებატების, განსჯა-განხილვისა თუ გაწევ-გამოწევის საბაბი გახდეს.
ისე, სექსი, უბრალოდ, სიტყვამ მოიტანა, თორემ არ იფიქროთ, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ,,მდიდარი სექსუალური ცხოვრების'' დეტალებს ვიძიებთ. როგორ გეკადრებათ! ,,ვერსია”'' გიორგი მარგველაშვილის X-ფაილს ადგენს და იმ საიდუმლოს ამოხსნას ცდილობს, რასაც პლასტილინის კერკეტ კაკლად ტრანსფორმაცია ჰქვია.
მოკლედ, ქალბატონებო და ბატონებო, თქვენს წინაშეა საქართველოს პრეზიდენტისა და ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის, გიორგი მარგველაშვილის X-ფაილი, რომლის წაკითხვაც არათუ ჰიმნის აკომპანიმენტით, არამედ, ფეხზე ადგომითა და გულზე ხელის დადებითაც შეგიძლიათ!
პრეზიდენტის ,,სამმაგი სახე''
წეღანდელი თქმისა არ იყოს, მარგველაშვილი, აშკარად, იღბლიან ვარსკვლავზეა დაბადებული და იცით, რატომ? რატომ და, არცთუ შორეულ წარსულში, ერთი ჩვეულებრივი, პრაქტიკულად, არაფრით გამორჩეული ფილოსოფოსი იყო და ოცნებობდა, ,,უსუფაშვილის ჭკუა, ალასანიას ვიზუალი, ლევან გაჩეჩილაძის ჯიგარი, სააკაშვილის სიმაღლე და ბენდუქიძის ფული'' ჰქონოდა. ნლპ-ს (ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება) სპეციალისტები ამბობენ, თუკი ადამიანი არსთგამრიგეს ზუსტ ინფორმაციას მიაწვდის, რა უნდა, სურვილი აუცილებლად აუსრულდებაო. ჰოდა, მარგველაშვილსაც, როგორც ჩანს, ისე ძალიან, ძალიან უნდოდა, რომ უსუფაშვილს, ალასანიას, გაჩეჩილაძეს, სააკაშვილსა და ბენდუქიძეს დამსგავსებოდა, რომ ოცნება არამცთუ აუხდა, არამედ პოლიტიკურმა ღმერთებმა თუ პოლიტიკური სამოთხიდან განდევნილმა ანგელოზებმა პოლიტიკის ოლიმპოზე აიყვანეს და ,,მაღალ ტახტრევანზე'' ,,ციმ-ციმ დააბრძანეს''.
მერე, დრო რომ გავა, მედია გაპრეზიდენტებულ ფილოსოფოსს ,,იდეალური პოლიტიკოსის'' მისეულ ფორმულას გაახსენებს, თუმცა ,,მარგველას'' ,,წარსულში ქექვა'' მაინცდამაინც არ ესიამოვნება, ზემოხსენებულ ფრაზას ,,იუმორისტულ პასაჟად'' მონათლავს და იტყვის, იდეალებისადმი მიდრეკილი არ ვარ და არც იდეალი პოლიტიკოსები მყავსო: ,,ამ იუმორისტულ პასაჟში ხაზის გასმას ვცდილობდი, რომ ვიყავი სერიოზულ კონფრონტაციაში რეჟიმთან და ვცდილობდი, ხაზი გამესვა, რომ ოპოზიციურ პოლიტიკოსებს აქვთ ძალიან კარგი ადამიანური თვისებები, ხოლო მაშინ ვინც მთავრობაში იყო _ რეალურად, მათი თვისებები იყო არაფრისმთქმელი იმიტომ, რომ არც სიმაღლეა არაფრისმთქმელი ადამიანზე, ფული ხომ საერთოდ არაფრისმთქმელია. ეს კონტრასტი მინდოდა მეჩვენებინა მაშინ... ,,იდეალური პოლიტიკოსის'' დასახასიათებლად ამგვარი ფორმულა სპონტანურად დავსახე _ მახვილი სიტყვებით, საზოგადოებაში უარყოფითი მუხტის გაღვივების მიზნით''.
როდის იყო გულწრფელი გიორგი მარგველაშვილი _ მაშინ, როცა ,,იდეალური პოლიტიკოსის'' ფორმულას ადგენდა თუ მაშინ, როცა ამ ფორმულას ,,იუმორისტული პასაჟი'' უწოდა? _ ამ კითხვას დრო უპასუხებს, თუმცა დაკვირვება ნათელყოფს, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ერთობ მერყევია. ყოველ შემთხვევაში, X-ფაილის შესწავლისას, ,,ვერსია'' არაერთ გამონათქვამსა თუ ფაქტს წააწყდა, რომლითაც შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლის ამჟამინდელი ბინადარი ერთს ფიქრობს, მეორეს ამბობს და მესამეს აკეთებს.
ფაქტები გნებავთ? კი ბატონო _ რაკიღა ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენცია ვახსენეთ, მოდით, ეს თემა განვავრცოთ:
თუკი საძიებო სისტემა Google-ში ჩაწერთ სიტყვების კომბინაციას _ ,,მარგველაშვილი+ავლაბარი+საპრეზიდენტო რეზიდენცია'', უამრავი ნიუსი ,,ამოხტება'' იმის შესახებ, რომ გაპრეზიდენტებული ფილოსოფოსი სააკაშვილის მიერ აშენებულ ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციას თავდაპირველად ისე უყურებდა, როგორც აფთრების ბუდეს. ასე, მაგალითად, ინტერნეტპორტალ ცივილ.გე-ზე 2013 წლის 4 ნოემბერს, 13 საათსა და 22 წუთზე გამოქვეყნებულია ნიუსი, რომელშიც ნათქვამია: ,,არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის განთავსება იგეგმება. ახალი პრეზიდენტი არ აპირებს, ავლაბრის რეზიდენციაში განათავსოს მისი ადმინისტრაცია, რომელიც საწყის ეტაპზე, ვიდრე თბილისში ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის ახალი რეზიდენციის კეთილმოწყობა დასრულდება, დროებით სახელმწიფო კანცელარიის შენობაში დაიდებს ბინას. ,,კოალიცია ,,ქართული ოცნების'' პოლიტსაბჭოზე მე წამოვაყენე წინადადება, რომ ეს იყოს უნივერსიტეტი; შემდეგ ვესაუბრე განათლების მინისტრს, ქალბატონ თამარს და ჩვენ ჩამოვყალიბდით შეხედულებაზე, რომ ეს უნდა იყოს ის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, რომელიც მომავალი წლიდან გაიხსნება. ეს არის უაღრესად საინტერესო პროექტი, რომელიც საქართველოს მოუტანს მართლა მაღალი ხარისხის განათლებას და მე მიხარია, რომ ის ფული რომელიც ბიუჯეტიდან დაიხარჯა ასეთ ფეშენებელურ შენობაზე _ პრეზიდენტის რეზიდენციაზე, მოხმარდება ქართველ სტუდენტობას და ქართულ განათლებას'', _ განუცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებს.
ამ განცხადებიდან გავა არცთუ დიდი დრო და მარგველაშვილი ,,ქოშს უკუღმა ყრის'' ანუ სააკაშვილის მიერ აშენებული საპრეზიდენტო რეზიდენცია მოეწონება და ავლაბარში ,,გამაგრდება''.
საერთოდ, დღეს უკვე აღარავინ, მათ შორის, არც ,,ოცნების'' სულისჩამდგმელი ბიძინა ივანიშვილი მალავს, რომ ერთ-ერთი საბაბი, რის გამოც მასა და ,,მარგველას'' შორის ,,შავმა კატამ'' გაირბინა, სწორედ ავლაბრის ,,ქაჯეთის ციხეა''. მეტიც, ექსპრემიერი იმასაც აღიარებს, რომ მარგველაშვილში შეცდა. ამ ფონზე, საკითხავია, თავის დროზე, როგორ ან ვისი ,,წაფითილებით'' დაასახელა კოალიციამ პრეზიდენტობის კანდიდატად და, საერთოდ, როგორ აღმოჩნდა წვეროსანი ფილოსოფოსი ,,ოცნების'' ავანგარდში? _ ამ კითხვას, მეტ-ნაკლებად, ამომწურავი პასუხი რომ გავცეთ, მოდით, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ბიოგრაფიას გადავხედოთ.
,,პლასტილინას'' კავშირები ბურჯანაძე-ვასაძესთან
მიიჩნევა, რომ გიორგი მარგველაშვილი ,,თხემით ტერფამდე'' პროდასავლური ყაიდის პოლიტიკოსია. მეტიც, რამდენიმე წლის წინ, ერთმა პიროვნებამ, რომელიც უშიშროების ორგანოებში თავის დროზე დიდი გავლენით სარგებლობდა, ტეტ-ა-ტეტ საუბრისას მითხრა, რომ მარგველაშვილი ,,ოცნების'' ,,პასაჟირი'' პირდაპირ ამერიკელების ხელშეწყობით გახდა. მახსოვს, ამ გავლენიანმა სპეცსამსახურელმა ვინმე დენი კუნინიც დამისახელა, რომელიც ვაშინგტონიდან, თურმე ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის გარკვეულ ფრთას ,,მწყემსავდა'' და შესაძლოა, ახლაც ,,მწყემსავს'' ანუ ჩემი წყარო მარწმუნებდა, მარგველაშვილის ლობისტი სწორედ დენი კუნინია, რომელსაც ურთიერთობა, თურმე, მიხეილ და ვანო მაჭავარიანებთან, ასევე, ლევან ვასაძესთანაც აქვს.
საერთოდ, ლევან ვასაძის ფიგურა მარგველაშვილის X-ფაილში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და საგულისხმო ასპექტია. მოგეხსენებათ, ვასაძე ის ქართველი ,,ფულოსანია'', რომელიც დასავლეთს ხმალამოღებული იმ საბაბით ებრძვის, რომ ევროპა, განსაკუთრებით კი, აშშ ქართველობას გვართმევს. ამბობენ, რომ ვასაძე რუსეთში, კერძოდ, კორპორაცია ,,სისტემაში'' სწორედ აშშ-ს გავლით მოხვდა, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა. ამჯერად, ,,ვერსიის'' კვლევის საგანი ვასაძე-მარგველაშვილის ურთიერთობაა.
მოკლედ, ამ ორ ბატონს ერთმანეთთან მხოლოდ უბრალო მეგობრობა კი არა, არამედ, ნათელმირონობაც აკავშირებთ _ პრეზიდენტი ვასაძის ერთ-ერთი შვილის ნათლიაა და ამის შესახებ ვასაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში თავად განაცხადა.
ეს კი არადა, 2013 წლის მეორე დეკადაში, როცა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერის პოსტი დატოვა, იმხანად გიორგი მარგველაშვილი უკვე ,,ოცნების'' საპრეზიდენტო კანდიდატად იყო დასახელებული და ითქვა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ,,მარგველა'' პრემიერობაზე ლობირებას სწორედ ვასაძეს გაუწევდა, თუმცა მარგველაშვილმა, რომელიც განათლების მინისტრი გახლდათ, ეს მოარული ინფორმაცია უარყო: ,,ჩემი და ლევან ვასაძის ბავშვობიდან მოყოლებული მეგობრობა არანაირად არ არის დაკავშირებული ლევანის პრემიერად დასახელებასთან. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან ნამდვილად არ ყოფილა პრემიერ-მინისტრად ლევან ვასაძის კანდიდატურაზე საუბარი. მე და ლევანი წავედით ჩვენი ბავშვობის მეგობართან, მეუფე შიოსთან სენაკში, სადაც სკოლის გახსნაში მე და ლევანი ვეხმარებით, ლევანი ფინანსურად, მე კი _ ჩემი გამოცდილებით. ახლა, რადგან მეუფე შიოსთან წავედით, მცდელობა იმისა, ამ ფაქტიდან რამენაირად გამოადნონ, ეს იმას ნიშნავს, პრემიერობა განიხილებაო, ცოტა რთული კომბინაციაა''.
მოგვიანებით, კერძოდ, 2014 წელს, ადგილობრივ არჩევნებამდე, ქართული მედია მარგველაშვილ-ვასაძის ფარულ პოლიტიკურ კავშირზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდება. ეს უკვე ის დროა, როცა მარგველაშვილისა და ,,ოცნების'' გზები საბოლოოდ გაყოფილია და ანალიტიკოსები პრეზიდენტის შესაძლო პოლიტიკურ დასაყრდენზე აქტიურად მსჯელობენ.
სწორედ ამ კონტექსტში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვასაძემ ბავშვობის მეგობარ პრეზიდენტს, შესაძლოა, პარტია შეუქმნას.
,,ვასაძეს დიდი გავლენები აქვს, ფართო კავშირები და საკმარისი ფული, რომ ბიზნესმენის და რაინდის შემდეგ, პოლიტიკოსიც გახდეს. დიდი ხანია, პოლიტიკაში მის შემოსვლაზე საუბრობენ. ერთ-ერთი ინფორმაციით, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, ლევან ვასაძე თადარიგს დაიჭერს და მისი პოლიტიკური პროექტი, როგორც ჩანს, გიორგი მარგველაშვილის დასაყრდენი გახდება. ლევანი ნამდვილად დაჩრდილავს ნინო ბურჯანაძეს _ პრორუსულ ორბიტაზე ის ახალი ფიგურა იქნება'', _ ესაა ამონარიდი ერთ-ერთ ქართულ გამოცემაში 2014 წელს გამოქვეყნებული სტატიიდან, სადაც ნინო ბურჯანაძეცაა ნახსენები, რაც ალბათ, შემთხვევითი სულაც არ არის.
საერთოდ, ყველას, ვინც ბოლო წლების ქართულ პოლიტიკას თვალს აქტიურად ადევნებს, კარგად ახსოვს, რომ მარგველაშვილის პოლიტიკური დებიუტი სწორედ ბურჯანაძის ,,რეჟისორობით'' შედგა _ ვიდრე პარტიას შექმნიდა, სააკაშვილის ექსდაქალმა და პარლამენტის ექსთავმჯდომარემ, ნაციონალებს რომ გაემიჯნა, პოლიტიკურ პარტიამდე ფონდი დააფუძნა, რომელსაც ,,დემოკრატიული განვითარების ფონდი'' ერქვა და რომელსაც გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობდა. სხვათა შორის, 2013 წლის საპრეზიდენტო კამპანია რომ ,,გახურდა'', ითქვა, რომ მარგველაშვილი, რომელიც 2011 წლიდან მოყოლებული, ,,ოცნების'' სახე იყო, 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კი, კოალიციის მთავრობაში განათლების მინისტრის პოსტი მიიღო, ფორმალურად ისევ ე.წ. ბურჯანაძის ფონდის თავმჯდომარედ ითვლებოდა.
,,ვერსია'' არაფერს ამტკიცებს. მარგველაშვილის ბურჯანაძე-ვასაძისეული ბეგრაუნდის გახსენებით არც რამე აქცენტს სვამს. უბრალოდ, ყველაფერი ეს ერთი ქართული ანდაზის კონტექსტშია საინტერესო _ მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინა ხარ შენო, თუმცა ისიც ცნობილია, რომ პოლიტიკაში მუდმივი მეგობრები არ არსებობენ.
ისე, რაკიღა სიტყვა მეგობრებზე ჩამოვარდა, უპრიანი იქნება, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის კიდევ ერთი მეგობარი, ირაკლი კაკაბაძე გავიხსენოთ, რომელიც აშშს მოქალაქეა და რომელმაც ,,მარგველას'' ყრმობა-ახალგაზრდობაზე ბევრი საინტერესო დეტალი იცის.
,,გიო ძალიან მიყვარს. ბავშვობაში, 1982-1985 წლებში, ღამღამობით, თავზე ქალის ,,ჩულქებს'' ვიცვამდით, გარეთ გავდიოდით და კედლებზე ვაწერდით: ,,გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!'' ასეთი ტერორისტული ჯგუფი გვქონდა _ ,,შავჩულქიანებს'' გვეძახდნენ. სანამ პაციფისტები გავხდებოდით, ერთი ასეთი საყვარელი თამაში გვქონდა: გიორგის სახლი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სასადილოს წინ იყო. მეგობარს ტირის თოფი ვთხოვეთ, ვუსაფრდებოდით და სასადილოდან გამოსულ დიდსაჯდომიან ,,კაგებეშნიკებს'' ვესროდით. ერთი-ორჯერ დაგვიჭირეს, მაგრამ გადავრჩით'', _ იხსენებს 2014 წლის ადგილობრივი თვითმართველობის შემდეგ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ირაკლი კაკაბაძე და იქვე დასძენს, იმის ასახსნელად, თუ რატომ გადაწყვიტა მარგველაშვილმა სააკაშვილის მიერ აშენებულ სასახლეში ,,გამაგრება'', არისტოტელეს მეტაფიზიკის წაკითხვა მომიწევსო.
ჩვენში დარჩეს და, ამბობენ, ფილოსოფოსები უცნაური ადამიანები არიან. ეს შესაძლოა, ერთგვარი სტერეოტიპია, მაგრამ გიორგი მარგველაშვილი მართლაც, უცნაური პოლიტიკური მოღვაწეა. აბა, უცნაური რომ არ იყოს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა განათლების უწყებას ხელმძღვანელობდა, ხომ არ იტყოდა, პლასტილინივით ადამიანი ვარო?
ეს ამბავი კი ასე მოხდა: ერთ-ერთი პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანმა ,,მარგველას'', რომელიც იმხანად განათლებისა და მეცნიერების მინისტრობასთან ერთად, ვიცე-პრემიერის პოსტსაც იკავებდა, სიტყვა წინამორბედებზე ჩამოუგდო და ჰკითხა, იმ კაბინეტში, სადაც ადრე ნაციონალები ისხდნენ, რატომ არაფერი შეცვალეთო. მარგველამ ფილოსოფიურად გაიღიმა და განაცხადა: ,,პლასტილინივით ადამიანი ვარ _ სადაც მიაგდებენ, იმ ფორმას რომ იღებს. კაბინეტშიც მხოლოდ საქართველოს დროშა დავდე, რომელიც მე-200 სკოლის ბავშვებმა მაჩუქეს და კიდევ _ დედა ენა''.
ასე იქცა ,,პლასტილინა'' გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკურ ,,კლიჩკად'', თუმცა რუსი ჟურნალისტების მიერ მომზადებულ სტატიაში, რომელიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთანავე გამოქვეყნდა, ამის შესახებ არაფერია ნათქვამი.
სამაგიეროდ, რუსული საიტი Polittech.org იხსენებს, რომ თავის დროზე საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ტურისტულ გიდად მუშაობდა. სტატიაში _ ,,ფილოსოფოს გიორგი მარგველაშვილის წარმატების ისტორია _ ტურისტული გიდიდან ქვეყნის პრეზიდენტამდე'' ნათქვამია: ,,გიორგი მარგველაშვილი 1969 წლის 4 სექტემბერს, თბილისში დაიბადა. მამამისი თეიმურაზ მარგველაშვილი ინჟინერი იყო, დედა მზეანა გომელაური კი _ ფსიქოლოგი. გიორგი მარგველაშვილმა თბილისის საშუალო სკოლა დაამთავრა, რომელშიც ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიაც სწავლობდა. იგი, ასევე, სწავლობდა რუსულ სკოლაში სირიაში, სადაც მისი მშობლები სამსახურეობრივ მივლინებაში იმყოფებოდნენ. როგორც მარგველაშვილმა თავად აღიარა, სკოლაში სამოსანი იყო, თუმცა უმაღლეს სასწავლებელში წარჩინებით სწავლობდა. 1992 წელს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი დაამთავრა, ფილოსოფიის სპეციალობით. აქვს პედაგოგის სერტიფიკატი. 1992-1994 წლებში გიორგი მარგველაშვილი ტურისტული კომპანია ,,კაუკასუს ტრეველში'' გიდად მუშაობდა. 1993 წელს, იყო საქართველოს კულტურის ლაბორატორიისა და მარგინალური მდგომარეობის კვლევის ფსიქოლოგიის ლაბორატორიის უმცროსი სპეციალისტი. 1993-1996 წლებში სწავლა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (პრაღა, ჩეხეთი) და მოსკოვში, ფილოსოფიის ინსტიტუტში გააგრძელა. 1994-1995 წლებში იყო მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი კომპანია ,,ბიზნეს დღიურებში''. 1996-დან 2000-წლამდე კითხულობდა ლექციებს თბილისის ,,თავისუფალ უნივერსიტეტში'' თემაზე _ ,,კულტურის აზრი და კომუნიკაციის ისტორია''. 1998 წელს, თბილისში გამოიცა წიგნი _ ,,წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების სახელმძღვანელო'', რომლის თანაავტორიც, ამერიკელ ჯოზეფ ტაბარტთან ერთად, გიორგი მარგველაშვილია. წიგნი მკითხველს ასწავლის ელექტორატის თავისებურებებს ტრადიციულ დემოკრატიულ სახელმწიფოში, ასევე განიხილავს დასავლური სტილის წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების ტექნოლოგიების გამოყენებას ქართულ რეალობაში. ,,იმედი გვაქვს, ეს სახელმძღვანელო დაგეხმარებათ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში'', _ წერია წიგნის წინასიტყვაობაში. მარგველაშვილი მაშინ 29 წლის იყო, თუმცა არაა გამორიცხული, თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად სწორედ თავისივე წიგნს იყენებდა.
1995-2000 წლებში, გიორგი მუშაობდა სპეციალისტად აშშ-ს ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში (NDI). 2003 წლის, ნოემბერში მხარს უჭერდა ,,ვარდების რევოლუციას'', რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი მოვიდა, ავტორიტარიზმის გამო სააკაშვილის კრიტიკა მალევე დაიწყო. მათი გზები 2007 წლის აქციის დარბევის და 2008 წლის ომის შემდეგ საბოლოოდ გაიყარა. 2000-2012 წლებში, მარგველაშვილი პარალელურად მუშაობდა ზურაბ ჟვანიას სახელობის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). 2000-2006 და 2010-2012 წლებში იყო ინსტიტუტის რექტორიც. 2006-2010 წლებში კი _ ამ ინსტიტუტის კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი''.
2013 წელს, რუსი ჟურნალისტების მიერ მომზადებულ ამ სტატიაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ დსთ-ს მასშტაბით, გიორგი მარგველაშვილი ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია ანუ იმ დროს, როცა პრეზიდენტი გახდა, ,,მარგველა'' 44 წლის იყო.
,,მარგველაშვილი იზიარებს სააკაშვილის აშშ-სა და დასავლეთ ევროპასთან დაახლოვების პოლიტიკას. ასევე, მხარს უჭერს საქართველოს კულტურულ დამოუკიდებლობას და ქართული ენის განვითარებას. საქართველოს სახელმწიფოს ერთიანობის მხარდაჭერისა და აფხაზეთის და ,,სამხრეთ ოსეთის'' დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გამოსვლის პარალელურად, იგი მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას'', _ წერდა თავის დროზე რუსული მედია, რომელიც იმასაც მიუთითებდა, რომ პრეზიდენტის ქალიშვილი, რომელიც მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს, განათლებას ერთ-ერთ რუსულ უმაღლეს სასწავლებელში იღებდა.
კიდევ რამდენიმე დეტალი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის აპოლიტიკური დოსიედან: პრეზიდენტს უყვარს ქსოვა, ცხოველები და უარს არც ნადირობაზე ამბობს. ასევე, ცნობილია, რომ ,,მარგველა'' ფეხბურთის ,,ბალეშჩიკია'' და იყო დრო, როცა ტელევიზიით ფეხბურთის მატჩებს კახა კალაძესთან ერთად უყურებდა. მაშინ მარგველაშვილი და კალაძე ერთმანეთს მეგობრებს ეძახდნენ, თუმცა პოლიტიკაში, როგორც აღვნიშნეთ, მეგობრობა ერთობ პირობითი და მყიფე ცნებაა...
პრეზიდენტობამდე მარგველაშვილი არ მალავდა, რომ მეგობარი ქალი ჰყავდა. დღეს ეს ,,მეგობარი ქალი'' _ მაკა ჩიჩუა ქვეყნის პირველი ლედია, რომელმაც გიორგი მარგველაშვილს ვაჟი _ თემო აჩუქა...
გახმაურებული სკანდალები
მართალია, თავს პლასტილინს ადარებს, მაგრამ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი არცთუ მიამიტია. ყოველ შემთხვევაში, სკანდალებისა და ხმაურისკენ მიდრეკილება, როგორც X-ფაილის შესწავლისას ირკვევა, იმთავითვე აქვს. ასე, მაგალითად, ჯერ კიდევ შორეულ 2000-იან წლებში, ,,მარგველას'' ერთი სამეცნიერო სტატია გამოუქვეყნებია, რომელიც, პრეზიდენტი რომ არ გამხდარიყო, ალბათ, არავის გაახსენდებოდა, მაგრამ რაკიღა ქვეყნის მთავარსარდალი გახდა, თან ,,მშობლიურ'' ,,ოცნებას'' (ნიშანდობლივია, რომ მარგველაშვილი პარტია ,,ქართული ოცნების'' წევრი არასოდეს ყოფილა) ზურგი აქცია, ,,შავმა პიარმაც'' არ დააყოვნა და სწორედ ზემოხსენებული სტატია აუფრიალეს, თუმცა ჟურნალ ,,დრო მშვიდობისაში'' გამოქვეყნებული წერილი ,,ოცნებასთან'' ასოცირებულმა მედიამ კი არა, არამედ, ინტერნეტპორტალმა ,,ზონა ნიუსმა'' ,,ამოქექა''. შეგახსენებთ: ,,ზონა ნიუსი'' ,,თავისუფალი ზონის'' საინფორმაციო რუპორად იყო მიჩნეული.
,,ივანიშვილის მიერ დასმულმა მარიონეტმა, წლების წინ, ქართველ ერს ,,მსუბუქი დებილობის დიაგნოზი დაუსვა''. ის ქართველ ერს ჩლუნგადაც მოიხსენიებს'', _ წერდა თავის დროზე ,,ზონა ნიუსი'', რომელმაც საზოგადოებას მარგველაშვილის ათეული წლის წინ გამოქვეყნებული ვრცელი წერილიდან
ამონარიდებიც შესთავაზა: ,,ერი, რომელიც ყველას უყვარს და ყველას ეცოდება... მაგრამ, რომელსაც ვერ შველიან საკუთარი სისულელის, სიჯიუტისა და სიჩლუნგის გამო... დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია: გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით ანუ ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ მდგომარეობამდე.
ზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი, ადრეული ასაკისთვის შესაფერისი აზროვნება _ აი, საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა...
ქართველი ერი ვერ აღწევს ზრდასრული ინტელექტის საფეხურს, გონებრივი განვითარების ეტაპს და ბავშვის ასაკის დონეზე დარჩენილი, მისი ცნობიერება არ არის იმ სიმაღლეზე, რომელზეც ხდება პიროვნების სრული გამთლიანება, ამიტომაც აშენებს ისეთ სახელმწიფოს, როგორსაც ბავშვები აგებენ თამაშის დროს. მოკლედ ის ,,პამპულობას'' თამაშობს. ქართველი გამოიყურება ემოციურად, იმპულსურად, მაგრამ სინამდვილეში არის ინფანტილური, რადგანაც მას რაციონალური აზროვნების სუსტი საფუძველი აქვს...
რა არის ქართული სახელმწიფო, თუ არა სახელმწიფობანას თამაში, რომელიც ბავშვების თამაშის ძირითად წესს ეფუძნება: ,,არა უშავს'', ,,მაპატიე, რა'', ,,არ მინდოდა'' და ა. შ. თუმცა ამ სახელმწიფოში ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც არ უნდა ხდებოდეს: ერთნი მდიდრდებიან, მეორენი ღატაკდებიან... ეს დისბალანსია, რომლის გამოსწორებას უნდა ცდილობდეს ერი... მაგრამ, ამას არ იქმს, დისბალანსი არ იცვლება, რადგან ერთი ,,ჟილკობით'' იგებს, მეორე კი არ ცდილობს, ეს ,,ჟილკობა'' დაგმოს, არამედ ცდილობს, თვითონაც იხეიროს სხვათა ხარჯზე...”
კიდევ ერთი სკანდალი, რომელიც გიორგი მარგველაშვილთანაა ასოცირებული, მისი განათლების მინისტრად მოღვაწეობას უკავშირდება: მომავალმა პრეზიდენტმა ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, აწგანსვენებული კახა ბენდუქიძე კანონის დარღვევაში ამხილა, რასაც იმდროისთვის ბენდუქიძის ფონდის მფლობელობაში არსებული ,,თავისუფალი უნივერისტეტისთვის'' ავტორიზაციის შეჩერება მოჰყვა, რამაც მოსახლეობის ნაწილის სერიოზული აღშფოთება გამოიწვია.
პარალელურად, ოპოზიციამ, სახელდობრ, ნაცმოძრაობამ გიორგი მარგველაშვილს ბრალი პოპულიზმში დასდო. საქმე 650 ათასი მოსწავლისთვის წიგნების უფასოდ დარიგებას ეხებოდა. ამ გადაწყვეტილებამ გამომცემლობების უკმაყოფილებაც გამოიწვია, რომლებმაც განაცხადეს, რომ განათლების სამინისტროს ინიციატივა მათ სერიოზულ ზიანს მიაყენებდა.
ყველაფერ ამის მიუხედავად, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა: ნაციონალმა დავით ბაქრაძემ ხმების მხოლოდ 21, 72% მიიღო, ,,მარგველას'' ექსმეკავშირე ბურჯანაძემ _ 10,18%. თავად ,,პლასტილინას'' კი მხარი ამომრჩევლის 62,11 პროცენტმა დაუჭირა.
ისე, არჩევნებამდე არსებობდა მოლოდინი, რომ პრეზიდენტის გამოსავლენად შესაძლოა, მეორე ტური გამხდარიყო საჭირო, სადაც ერთმანეთის პირისპირ მარგველაშვილი და ბაქრაძე აღმოჩნდებოდნენ, თუმცა მეორე ტურის შესაძლებლობა ბიძინა ივანიშვილმა თავიდანვე გამორიცხა და განაცხადა, თუკი მარგველაშვილი პირველივე ტურში 50%-ს არ მიიღებს, მეორე ტურში მის მონაწილეობას აზრი არ ექნება, რადგან პრეზიდენტი ხალხმა პირველივე ტურში უმრავლესობით უნდა აირჩიოსო.
გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ორი წელი დარჩა, რაც ნიშნავს, რომ ალბათ, კიდევ არაერთ სკანდალში გაეხვევა. ამასთან, არც ისაა გამორიცხული, რომ თუკი ,,ოცნება'' კონსტიტუციაში ცვლილებას ვერ თუ არ შეიტანს და პრეზიდენტის არჩევა პარლამენტის კი არა, კვლავ მოსახლეობის უფლება იქნება, ,,მარგველამ'' ბედი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ სცადოს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ 2013 წლის სცენარი განმეორდება და გაიმარჯვებს.
დღევანდელი გადასახედიდან, იმის განჭვრეტაც ძნელია, რა საქმიანობით დაკავდება პრეზიდენტობის შემდეგ _ შეიძლება, ,,მშობლიურ'' პროფესიას დაუბრუნდეს და ხელი ფილოსოფოსობას მიჰყოს ან, სულაც, რომელიმე ადგილობრივ თუ უცხოურ სასწავლებელში მუშაობა ლექტორად დაიწყოს და ლექციები პოლიტოლოგიაში წაიკითხოს, თუმცა ყველაფერი ეს მომავალში მოხდება.
მანამდე კი ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსული ,,ოცნებისა'' და პრეზიდენტის ურთიერთობა ყველანაირ ,,წითელ ხაზს'' ლახავს, რასაც ბოლო დღეების მოვლენებიც ადასტურებს _ მმართველ პარტიასა და ქვეყნის მთავარსარდალს შორის დაპირისპირების მორიგი რაუნდი საკონსტიტუციო კომისიის საბაბით დაიწყო. ე.წ. საკონსტიტუციო დავის დეტალებს თავი რომ გავანებოთ, შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რომ ყველაფერი ეს პოლიტიკური გავლენებისთვის ბრძოლაა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ამბობენ, მარგველაშვილს გარკვეული ფარული ურთიერთობა თითქოს ნაცმოძრაობის ,,ბოკერიას ფრთასთან'' აქვსო ანუ მოარული ხმით, ბოკერიამ, პრეზიდენტის ლობირებით, შესაძლოა, ახალი პარტია შექმნას...
საერთოდ, პოლიტიკურ კულუარებში ათასი ჭორი ვრცელდება. ის კი, თუ რა ხდება სინამდვილეში, მხოლოდ პოლიტიკურმა ღმერთებმა და პოლიტიკური სამოთხიდან განდევნილმა ანგელოზებმა, ესე იგი, პოლიტიკურმა დემონებმა იციან.
ასე რომ, პოლიტმარჩიელობას აზრი არ აქვს და ამას სჯობია, თავი ქსოვით შევიქციოთ. ბოლოს და ბოლოს, თანამედროვე საქართველოში ქსოვა ხომ ერთობ მეინსტრიმული ხელსაქმეა: ქსოვა, არც მეტი _ არც ნაკლები, პრეზიდენტის ჰობია!..
ვანო პავლიაშვილი

back to top