Menu
RSS

ზურაბ ჟვანიას საიდუმლო გეგმა, ჰიტლერული რეინკარნაცია და გაყალბებული ისტორია _ ნაცმოძრაობის სკანდალური X-ფაილი

...თითქოს ყველაფერი ხელის გულზე დევს... თითქოს ყველამ ყველაფერი ვიცით, მაგრამ ამ ამბის მთავარი საიდუმლო სწორედ, ერთი შეხედვით, უწყინარ სიტყვა ,,თითქო''-შია. დიახ, ეს თანამედროვე საქართველოს ყველაზე რთული პოლიტიკური ალგორითმია. ალგორითმი, რომლის გაშიფვრასაც პოლიტმკვლევარები, ალბათ, წლებს მოანდომებენ. პოლიტარქეოლოგობაზე პრეტენზია, ცხადია, არ მაქვს და არც მკვლევარი ვარ, მაგრამ მიუხედავად ამისა, შევეცდები, ხალხურ მითოსსა და ინტერნეტ თუ ბეჭდვურ მედიაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ-გავრცელებულ მასალებ-ნიუსებზე დაყრდნობით, ყოფილი მმართველი პარტიის X-ფაილი ,,გავაშიშვლო''. კი ბატონო, მისია რთულია, მაგრამ საინტერესო... მოკლედ, ვნახოთ, რა გამოვა...
ვერწართმეული ,,მშობლის'' უფლება
ნაცმოძრაობის X-ფაილი ერთუცნობიანი განტოლება არაა. ეს, წეღანდელი თქმისა არ იყოს, რთული პოლიტიკური ალგორითმია, რაც ბოლო დროს განვითარებული მოვლენებითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა. ისე, 15-16 წლის წინ, პარტიას რომ აფუძნებდა, ქართული პოლიტიკის მაშინდელი ამომავალი ვარსკვლავი, ანუ მიხეილ სააკაშვილი, ალბათ, ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ დაუშვებდა, რომ ოდესმე დადგებოდა დრო, როცა ვიღაცები მისთვის ,,მშობლის'' უფლების ჩამორთმევას შეეცდებოდნენ. დღევანდელი მონაცემებით, ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა _ პოლიტსაბჭოს 25-მა წევრმა მხარი გაფართოებულ ყრილობას დაუჭირა. ყრილობა, რომელსაც 7 ათასამდე დელეგატი დაესწრება, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს გაიმართება და ერთ-ერთი განსახილველი საკითხი, ალბათ, პარტიის თავმჯდომარის არჩევა იქნება, თუმცა იმ ოპერატიული მასალების მიხედვით, რომელიც ,,ვერსიამ'' ყოფილი მმართველი გუნდის X-ფაილზე მუშაობისას მოიპოვა, ე.წ. ბოეკრიას გუნდი მიხეილ სააკაშვილის განკვეთას ვერ შეძლებს, ანუ უფრო მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, დელეგატთა უმრავლესობა არ დაუშვებს, ყოფილ პრეზიდენტს ნაცმოძრაობის ლიდერის სტატუსი ჩამოერთვას და, მიუხედავად იმისა, რომ კანონით პარტიის ხელმძღვანელობის უფლება არ აქვს (მოგეხსენებათ, უცხო ქვეყნის მოქალაქეა), სააკაშვილს, ალბათ, ნაცმოძრაობის საპატიო თავმჯდომარედ ,,აკურთხებენ''. არც ისაა გამორიცხული, გაფართოებული უფლებები მიანიჭონ ანუ ნება დართონ, ფორმალური საპატიო თავმჯდომარე კი არ იყოს, არამედ, ე.წ. ხმის უფლება ჰქონდეს და პარტიის გადაწყვეტილებებზე გარკვეული გავლენაც მოახდინოს, თუმცა ყველაფერი ეს მომავალში მოხდება. ჩვენ კი, წარსულს ვაანალიზებთ და ილიას თქმისა არ იყოს, თუკი წარსულს არ გავიხსენებთ, არც აწმყო იარსებებს და მით უმეტეს, არც _ მომავალი.
სიტყვამ მოიტანა და, ილია ჭავჭავაძე მიხეილ სააკაშვილისთვის პოლიტიკური მუზა გახლდათ. ყოველ შემთხვევაში, გარედან ასე ჩანდა _ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გახდა, სამუშაო კაბინეტში, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას, სწორედ ერის უგვირგვინო მეფის პორტრეტი ეკიდა, თუმცა ამბობენ, რომ ილიას სიყვარული შირმა იყო. სინამდვილეში კი მიშა _ არც მეტი, არც ნაკლები _ ჰიტლერზე აფანატებდა და აფანატებს...
ჰიტლერული რეინკარნაცია
მნიშვნელობა არ აქვს, სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის გჯერათ თუ არა, ფაქტია: კაცობრიობა არაერთი ამოუხსნელი ფაქტისა თუ მოვლენის მოწმეა. ერთ-ერთი ასეთი ამოუხსნელი მოვლენა რეინკარნაციაა. აბა, თუ არა რეინკარნაცია, სხვა რით უნდა აიხსნას, რომ ლამის საუკუნოვანი ინტერვალის შემდეგ, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში გერმანული ამბავი თითქმის ასპროცენტიანი სიზუსტით განმეორდა?!
დიახ, ყველაფერი 21-ე საუკუნეში კი არა, გაცილებით ადრე, ბებერ ევროპაში დაიწყო:
ზუსტად იმ წელს, საქართველოში რუსული ბოლშევიზმი რომ შემოიჭრა, ავსტრია-უნგრეთის ქალაქ ინის ბრაუნაუში დაბადებული ახალგაზრდა კაცი გერმანული ნაცისტური პარტიის ლიდერი გახდება. ცხადია, ადოლფ ჰიტლერს აზრადაც არ მოსდის, რომ ზუსტად 80 წლის შემდეგ, ქვეყანაში, რომელიც ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს და რომელსაც მზიან საქართველოს ეძახიან, გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მისი ნაცისტური პარტიის რეინკარნირებას მოახდენს.
ვერ ვიტყვით, სააკაშვილის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ჰიტლერის ნაცისტური პარტიის ალიკვალიაო, მაგრამ მიშასა და ადოლფს შორის საკმარისზე მეტი მსგავსება არსებობს _ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, როცა ნაცისტების ლიდერი გახდა, ჰიტლერი 32 წლის იყო, სააკაშვილმა კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 34 წლის ასაკში დააფუძნა.
,,ჩვენ გვჭირდება ზომიერად აგრესიული ახალგაზრდები!'' _ ცდებით, თუ გგონიათ, რომ ამ სიტყვების ავტორი ადოლფია. ეს ფრაზა იმხანად, როცა ნაცმოძრაობას ქმნიდა, მიხეილმა წამოისროლა და, მართლაც, ნაცმოძრაობა არაერთი ,,ზომიერად აგრესიული'' ახალგაზრდის ნავსაყუდელი გახდა, თუმცა დროთა განმავლობაში ამ ,,ზომიერებამ'' აღვირი (ესეც პრეზიდენტყოფილის სიტყვაა _ ამას წინათ, ბრძანა, აღვირი არ მაქვსო) დაკარგა და პირტიტველა გოგო-ბიჭები, რომლებიც თავის დროზე გულანთებული პატრიოტები გვეგონა და ვთვლიდით, რომ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის უმწიკვლოდ იბრძოდნენ, ლამის მონსტრებად იქცნენ.
ამ შეფასებამ ვინმეს შესაძლოა, ნერვები მოუშალოს, მაგრამ ფაქტებს ვერსად გავექცევით! აი, ერთ-ერთი ფაქტიც:
ჰიტლერის ნაცისტურმა პარტიამ ჰოლოკოსტი შვა, სააკაშვილის ნაცმოძრაობამ კი საფუძველი პირდაპირ ეთერში ,,ტრუსიკ-მაიკით დაჭერებსა'' და ,,ნულოვან ტოლერანტობას'' დაუდო.
საერთოდ, მიხეილ სააკაშვილს შეიძლება ბევრი რამ დავაბრალოთ. აკი, თვითონაც უთქვამს, ვიღაცები გიჟსაც მეძახიანო, მაგრამ რაც უნდა იყოს, ვერ ვიტყვით, რომ გაუნათლებელია. დიახ, პრეზიდენტყოფილი უდავოდ განათლებულია. ჰოდა, დაუჯერებელია, ვერ მიმხვდარიყო, იმის გამო, რომ საკუთარ პარტიას ნაციონალური მოძრაობა დაარქვა, ვიღაცები ჰიტლერს შეადარებდნენ, თუმცა თუკი ნლპ-ს (ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება _ ფსიქოლოგიის ერთ-ერთი თანამედროვე მიმდინარეობა, რომელსაც, როგორც ამბობენ, მსოფლიოს ზესახელმწიფოების უშიშროების სამსახურები ხალხის სამართავად იყვნენ) ლოგიკას გავყვებით, შეიძლება, მივიდეთ დასკვნამდე, რომ მიხეილმა პარტიას ჰიტლერული სახელი მიზანმიმართულად დაარქვა.
ნლპ-ს ლოგიკითვე, შემთხვევითი არც ,,ზომიერად აგრესიული ახალგაზრდების'' ძებნა უნდა ყოფილიყო...
გაყალბებული ისტორია
ერთ-ერთი პირველი ,,ზომიერად აგრესიული'' ახალგაზრდა, ვინც სააკაშვილის გვერდით დადგა, ვანო მერაბიშვილი გახლდათ _ 2001 წელს, ,,ვაშინგტონ პოსტმა'' იმ დროისთვის, პრაქტიკულად, უცნობ მოქკავშირელ დეპუტატთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც შევარდნაძის პარტიაში გამეფებულ მანკიერებებზე ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობდა. პოლიტმკვლევარების შეფასებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაფუძნებას საძირკველი სწორედ მერაბიშვილის ამ განცხადებით ჩაეყარა.
სხვათა შორის, ძველ დოკუმენტებში მიხეილ სააკაშვილი, როგორც პარტიის ხელმძღვანელი არ ფიგურირებს. ყოველ შემთხვევაში, იმ მასალის თანახმად, რომელიც Gოოგლ-ის საძიებო სისტემაში მოიპოვება, პოლიტიკურმა გაერთიანებამ რეგისტრაცია 2001 წლის 29 სექტემბერს გაიარა (რეგ. №138) და მისი ხელმძღვანელი ზურაბ მელიქიშვილი იყო. ეს ის ზურაბ მელიქიშვილია, რომელიც ნაცმოძრაობის ზეობისას მუდმივად ქართული პოლიტიკის ავანგარდში ტრიალებდა _ ხან გავლენიანი პარტიული თანამდებობა ეკავა, ხან კი აღმასრულებელ ხელისუფლებაში საქმიანობდა, ერთხანობა ქვემო ქართლის გუბერნატორიც იყო. როგორც ჩანს, მიშა წარსულს უფასებდა...
ამავე დოკუმენტით ირკვევა, რომ თავდაპირველად სააკაშვილის პარტიას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი არა, ,,ნაციონალური მოძრაობა საქართველოს გადასარჩენად'' ერქვა.
რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ამ სახელწოდების პარტია საქართველოში პირველად 1999 წელს გამოჩნდა და მას უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი მირიან მირიანაშვილი ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ, რაც ნაცმოძრაობა ოპოზიციაში გადავიდა და საქართველოს მართვის სადავეები ,,ოცნებამ'' აიღო, ბატონმა მირიანაშვილმა პარტიის სახელის დასაბრუნებლად სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო, თუმცა ამის შესახებ დეტალურად ქვემოთ ვისაუბროთ.
პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ისტორია სულ რამდენიმე აბზაციითა მოყოლილი:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის ლიდერობითა და ინიციატივით, 2002 წელს დაფუძნდა და 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო.
2004-დან 2012 წლამდე, ჩვენმა პარტიამ, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, არშემდგარი სახელმწიფო ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად ქვეყნად აქცია. საქართველო მსოფლიო ბანკმა ნომერპირველ რეფორმატორ ქვეყნად აღიარა.
2012 წლიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაშია.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დასავლური ტიპის, ღია პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც კოლექტიური მართვის ორგანოებისა და დემოკრატიული შიდადისკუსიის საფუძველზე იმართება. შესაბამისად, მთელი ინფორმაცია ჩვენ შესახებ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია“.
ამ ოფიციალური ანოტაციით თუ ვიმსჯელებთ, ნაცბელადები პარტიის ისტორიას თუ არ აყალბებენ, მინიმუმ, დეტალების დამალვას ცდილობენ. თუ ასე არაა, მაშინ საინტერესოა, ენმ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე იმის შესახებ რატომ არაფერია ნათქვამი, რომ ნაცმოძრაობის ავანგარდში თავის დროზე ზვიად ძიძიგურის კონსერვატიული პარტიაც იდგა და რესპუბლიკური პარტიაც? ყოველ შემთხვევაში, 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ნაცმოძრაობამ ბლოკი სწორედ ამ ორ პოლიტიკურ სუბიექტთან შექმნა. მეტიც, თვითმხილველებს ისიც კარგად ახსოვთ, რომ ამ გაერთიანების თანათავმჯდომარის ფუნქციას ლევან ბერძენიშვილი ასრულებდა, თუმცა როგორც ჩანს, ისტორიის „გადაწერა“ პოლიტიკოსთა მავნე სტილია.
ვებგვერდზე განთავსებულ პარტიის ისტორიის ოფიციალურ ანოტაციაში, ცხადია, არც იმის შესახებაა ნათქვამი, რომ 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ნაციონალებმა წარმატებას სწორედ ზემოხსენებული ბლოკის ფორმატში მიაღწიეს და თბილისის საკრებულოში გამარჯვება ლეიბორისტებთან ერთად გაიყვეს. არადა, ეს ნაცმოძრაობის X-ფაილში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეპიზოდია _ ხალხური მითოსით, მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტბელადის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი სწორედ შალვა ნათელაშვილმა შეასრულა. ანუ ქვეყნის მთავარ ლეიბორისტს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობა რომ არ დაეთმო, მიშა ვერც „ვარდების რევოლუციის“ ტრიუმვირატის სრულუფლებიანი წევრი გახდებოდა და, შესაბამისად, ვერც _ პრეზიდენტი.
რა გარიგება შედგა სააკაშვილ-ნათელაშვილს შორის? _ ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა მხოლოდ ამ ორ პერსონას შეუძლია, თუმცა წლებია, მაშინდელ მოვლენებზე საუბარი ორივეს აღიზიანებს. ამბობენ, სიბერეში ადამიანები გულწრფელები ხდებიანო. მართალია, ბებერი ჯერ არც სააკაშვილს ეთქმის და არც ნათელაშვილს, მაგრამ ნელ-ნელა მემუარების ასაკს უახლოვდებიან და ამ X-ფაილს იმ საბაბით მაინც გაშიფრავენ, რომ მათი მოგონებები ბესტსელერად იქცეს და სარფიანად გაიყიდოს!..
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პოპულარობის ევერესტის დაპყრობა 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მერე დაიწყო. სხვათა შორის, ამ არჩევნებში ნაცები ისევ რესპებსა და კონსერვატორებთან ერთად, ანუ ბლოკურად მონაწილეობდნენ. შესაბამისად, რევოლუციების ღმერთებსა თუ დემონებს სამივე ძალამ სული, ალბათ, ერთად მიჰყიდა, თუმცა 2004 წელს, როცა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ, რესპებმა, ძიძიგურისა არ იყოს, ნაცებს ქოქოლის მიყრა დაუწყეს. ეს გაბლოკებაც, როგორც ჩანს, ზემოხსენებული პოლიტიკური ალგორითმის ნაწილი გახლდათ.
საერთოდ, ნაცმოძრაობიდან გაქცევა ერთგვარი ტრადიციაა და, როგორც წესი, პირწავარდნილი და მგზნებარე მიშისტები გარბიან ხოლმე. ამ მხრივ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ,,გამქცევად'' შესაძლოა, ირაკლი ოქრუაშვილი ჩავთვალოთ _ თავდაცვის ექსმინისტრმა მიშას პარტია 2007 წელს დატოვა. მაშინ ამბობდნენ, რომ ამით ენმ-ს სერიოზული ზიანი მიადგებოდა, თუმცა ასე არ მოხდა _ მიუხედავად იმისა, რომ „ოქროს“ გაქცევა სისხლიან 7 ნოემბრად და ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებად დაუჯდა, ნაცმოძრაობამ ორივე არჩევნებში მაინც დამაჯერებელ წარმატებას მიაღწია, თუმცა „დამაჯერებლობა“, ალბათ, გადაჭარბებული ეპითეტია, რამეთუ დღემდე არსებობს ვარაუდი, რომ 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო და მაისის საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.
ნაცმოძრაობიდან გაქცევამ მასშტაბური სახე 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მერე მიიღო, რაც ერთგვარ ტრადიციადაც იქცა: მას შემდეგ, რაც 9-წლიანი მმართველობა დაკარგა, ენმ ჯერ გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა და კიდევ რამდენიმე ძირძველმა ნაცმა დატოვა. მალევე მათ გზას გიორგი ვაშაძეც დაადგა.
ყოფილ მმართველ გუნდში დალხინებული ცხოვრება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არც ახლაა. ყოველ შემთხვევაში, ნაცებს შორის დაწყებული დაპირისპირება კულუარებს კარგა ხანია გასცდა და ერთ დროს „ერთმუშტად“ შეკრული გუნდის წევრები ერთმანეთს „დინგი-დუნგიის“ დასანახად ასამარებენ და ამიწებენ.
ვის წაართვა მიშამ პარტიის სახელი
Google-ის საძიებო სისტემაში მოპოვებული მასალების მიხედვით, ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, როგორც პარტია, ჯერ კიდევ 1999 წელს გამოჩნდა. ამ დროს მიხეილ სააკაშვილი მოქკავშირულ ზენიტში იმყოფებოდა _ ჯერ შევარდნაძის პარტიის საპარლამენტო ფრაქციას ხელმძღვანელობდა, მერე იუსტიციის მინისტრი გახდა ანუ მიშა გაოპოზიციონერებას არ აპირებდა, თუმცა 2001 წელს, პოლიტიკური ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდა. ძნელი დასაჯერებელია, სააკაშვილს, რომელსაც იუსტიციის მინისტრის პოსტი ეკავა, არ სცოდნოდა, რომ ქვეყანაში უკვე არსებობდა პოლიტიკური პარტია, რომელსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ერქვა. მიუხედავად ამისა, 2001 წლის სექტემბერში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თითქმის ანალოგიური სახელწოდების პოლიტიკური გაერთიანება დააფუძნა, რომელსაც 2002 წელს მირიან მირიანაშვილის მიერ 1999 წელს ჩამოყალიბებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შეუერთდა. სააკაშვილ-მირიანაშვილის ერთობამ სულ ორი წელი იარსება _ რეესტრის მონაცემებით, რომელიც 2004 წლის 10 დეკემბრით თარიღდება, სააკაშვილის პარტიაში ე.წ. სარეგისტრაციო ცვლილებები შევიდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მირიანაშვილის პარტია, რეესტრიდან ამოირიცხა და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ხელახალი რეგისტრაცია (№181) გაიარა. ყოველივე აქედან გამომდინარე, ყოფილი უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი მირიან მირიანაშვილი დღემდე ირწმუნება, რომ ნაციონალებმა პარტია, უბრალოდ, წაართვეს.
ყოფილი მმართველი გუნდის X-ფაილზე მუშაობისას, ,,ვერსია'' მირიან მირიანაშვილის რამდენიმე საჯარო განცხადებას გაეცნო. ამჯერად, გთავაზობთ ამონარიდებს მისი ინტერვიუდან, რომელიც 2015 წელს, ერთ-ერთ ყოველკვირეულ ქართულ გაზეთში გამოქვეყნდა:
,,1999 წლის შემოდგომაზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ჩამოვაყალიბე და 2002 წლამდე პარტიის თავმჯდომარეც ვიყავი, თუმცა საიტზე წერია, რომ პარტია 2002 წელს ჩამოყალიბდა. საბედნიეროდ, ამავე საიტზე, აღიარებული ვარ, როგორც პარტიის პირველი თავმჯდომარე. შემდეგ, დარეგისტრირდა პარტია ნაციონალური მოძრაობა საქართველოს გადასარჩენად, რომელიც ორკაციანი პარტია იყო და რომელიც იმისთვის შეიქმნა, რომ ჩემი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან მოშორების პლაცდარმი შეექმნათ. საბოლოოდ, ნაციონალური მოძრაობა საქართველოს გადასარჩენად ფიქტიურად შემოუერთდა ძირითად პარტიას. მათი შტაბი მერაბიშვილის ერთოთახიან ბინაში იყო. ზემოხსენებული ორი პარტიის შეერთების იმიტაცია ყრილობაზე შედგა, რომელსაც არ ვესწრებოდი. ამავე ყრილობაზე თავმჯდომარეობიდან გადამირჩიეს და ამ თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილი დანიშნეს. ვაკუუმში ერთი ნორმალური პოლიტიკური ორგანიზაციაც არ ყალიბდება. აუცილებელია პოლიტიკური ამოცანები და მათი გადაჭრის გზების ძიება. ჩემი პარტია _ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იმისთვის ჩამოყალიბდა, რომ მაშინდელი ხელისუფლება რევოლუციის გზით ჩამოგვეშორებინა _ ხელისუფლების დასამარცხებლად ქუჩაში ვიღაც უნდა გამოსულიყო. მაშინ ერთადერთი აქტიური სოციალური ფენა ნაციონალურ-ზვიადისტური იყო. საზოგადოების ამ ნაწილს შიმშილობის, მიტინგების და სხვადასხვა რადიკალური ქმედების დიდი გამოცდილება ჰქონდა. სწორედ ამ მასის მაორგანიზებელი უნდა ყოფილიყო ნაციონალური მოძრაობა.
პარტიის ჩამოყალიბების არსებითი დეტალი ის გამოცდილებაა, რომელიც 10-წლიანი პერიოდის განმავლობაში დამიგროვდა...
_ დღევანდელი ნაციონალებიდან თქვენი თავმჯდომარეობისას პარტიაში რომელიმე იყო?
_ არა. პარტიის იმდროინდელი წევრები არაცნობილი სახეები იყვნენ, ჩემი გარემოცვიდან. მაშინ ხშირი იყო ფაქტები, როცა სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაცია პოლიტიკოსებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის პირობით იბირებდა. სწორედ ასეთი ფაქტის თავიდან ასაცილებლად, პარტია პოლიტიკაში ჩაუხედავი ადამიანებისგან დავაკომპლექტე.
_ ბატონო მირიან, მოდით, დეტალურად აღწერეთ, თუ როგორ გადაგირჩიეს თავმჯდომარეობიდან...
_ შემომითვალეს, პარტია სააკაშვილისთვის გადამებარებინა, რაზეც არ ვთანხმდებოდი. შემდეგ, მთაში დამიგულეს, ფიქტიური მე-2 ყრილობა ჩაატარეს და გადამირჩიეს. ყველა ამ ფაქტის ამსახველი დოკუმენტი ხარვეზებითაა სავსე. როცა თბილისში დავბრუნდი, იუსტიციის სამინისტროში მივედი, თუმცა არც მან და შემდგომში, არც სასამართლომ ჩემი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. იმ ადმინისტრაციულ აქტს ვასაჩივრებდი, რომლის საფუძველზეც, 2002 წელს ნაციონალური მოძრაობა ახლიდან დარეგისტრირდა. სასამართლოში სარჩელი მქონდა შეტანილი, პარტიის საქმიანობა კი, მაინც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ესეც, თავის მხრივ, კანონდარღვევაა. მოსამართლეს კანონის მიხედვით რომ ემოქმედა, სააკაშვილი არჩევნებამდე ახალი პარტიის დარეგისტრირებას ვეღარ მოასწრებდა. ამის თავიდან ასაცილებლად, მიშა ჯორბენაძესთან გაიქცა, არიქა, მიშველეო...
სხვათა შორის, ჯორბენაძეს მიშაზე კომპრომატები ჰქონდა და კარგა გვარიანად ამიტომაც სცემეს.
_ პარტიის ყრილობის ჩატარება თქვენს გარეშე რამდენად კანონიერი იყო?
_ ეს ყრილობა, რა თქმა უნდა, კანონგარეშე იყო, რასაც ჩემი მხრიდან მყისიერი რეაქცია მოჰყვა _ სასამართლოში ვიჩივლე, თუმცა ჯერ ამ პროცესების პრელუდიურ ნაწილზე შევჩერდები:
პარტიის შექმნიდან, გარკვეული დროის შემდეგ, ზურაბ ჟვანიამ ჩემთან თანამშრომლობა მოინდომა. მიშა სააკაშვილი ჩემთან სწორედ ზურაბ ჟვანიამ მოიყვანა...
_ სააკაშვილს მანამდე არ იცნობდით?
_ ვიცნობდი _ ჩვენი გზები რამდენჯერმე გადაიკვეთა, თუმცა 1991 წლიდან ცუდი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. უზენაეს საბჭოში ვიყავი, როცა მიშას ბიძამისი ,,შპიონად'' გვიგზავნიდა _ კურიერი იყო და ოპოზიციურ ფრაქციებში გაურკვეველი სახის დოკუმენტებს არიგებდა.
ერთ დღესაც, ჩემი კაბინეტიდან გამოვედი და სააკაშვილი შემეფეთა; ყალბი საშვი აღმოაჩნდა. ვცადე, დაცვასთან წამეყვანა... საშვი დავუხიეთ, პანღური ვუთავაზეთ და გავაგდეთ. სხვათა შორის, ეს შემდეგი შეხვედრებისას გაიხსენა.
_ ზურაბ ჟვანიას თქვენთან თანამშრომლობა რატომ სურდა?
_ უნდოდა, ნაციონალური მოძრაობის მაგვარ ძალებს რევოლუციური მუხტი აეგორებინათ. მეც მსურდა, რევოლუციაში მონაწილეობა მიმეღო. მთავარი ისაა, რომ ჟვანია არ მენდობოდა, ამიტომ ჰყავდა ორი კანდიდატურა, რომელთაგან ერთ-ერთი ნაციონალურ მოძრაობას შემოუერთდებოდა და ჩემი მოკავშირე გახდებოდა. მიშა უნდა გამხდარიყო ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, მე კი, _ მოადგილე (რა თქმა უნდა, ამ წინადადებას არ ვთანხმდებოდი.)
ეს პარტია ,,ტარანად'' უნდა გამოეყენებინათ _ რევოლუციას უნდა შეწირვოდნენ ნაციონალისტ-ზვიადისტები და საბოლოოდ, ხელისუფლება ჟვანიას შერჩენოდა.
პირველად, როცა ზურამ მიშასთან შეხვედრა მთხოვა, ვუთხარი, ბიძამისი რუსეთის სადაზვერვო სამსახურის პოლკოვნიკია, მიშა კი, მისი „ნასედკაა“ და რატომ „მტენი“-მეთქი. ისე, რომ იცოდეთ, სააკაშვილი, როცა საბჭოთა სასაზღვრო ჯარში იყო, ბორისპოლში აგენტად მუშაობდა... ზურამ გამომიცხადა, რომ მიშაზე რაღაც კომპრომატები ჰქონდა. საბოლოოდ, სააკაშვილი სასაუბროდ დავიბარეთ და როცა ზურამ უთხრა, ხვალიდან ,,ნაციონალისტი'' უნდა გახდეო, მიშა სკამიდან გადავარდა. კითხვა შემოგვიბრუნა, რამე ხომ არ დავაშავეო? ალბათ, არც კი იცოდა, რა ქერის ორმოში ვარდებოდა.
_ ჟვანიას სცენარში სააკაშვილს რა როლი უნდა ეთამაშა?
_ ზურას ქუჩაში სირბილი არ უნდოდა და მიშა ამისთვის უნდა გამოეყენებინა. ეს უკანასკნელიც, კომპრომატების შიშით, ყველაფერს გააკეთებდა. მე კი, მიშასთან ერთად, ქუჩის აქციების ორგანიზატორი უნდა ვყოფილიყავი. ზურას სააკაშვილი შტერად მიაჩნდა და შემდგომ პერიოდში, მიშა პარტიის პირველ პირად ამიტომაც აირჩიეს...
_ ჟვანიას მიშაზე რა სახის კომპრომატები ჰქონდა?
_ ეს იმდროინდელი კომპრომატები იყო, როცა მიშა იუსტიციის მინისტრი გახლდათ.
_ ბატონო მირიან, მაინც, რა კომპრომატებს გულისხმობთ...
_ მიშას იუსტიციის მინისტრობისდროინდელს...
_ ისე, თქვენი საუბრიდან შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ ჟვანიას სიკვდილი სააკაშვილს სწორედ ამ კომპრომატების გამო აწყობდა...
_ ვერაფერს ვივარაუდებ... ისიც შეიძლება ითქვას, მიშას ადგილას ზურა რომ ყოფილიყო, საქმე კარგად მაინც ვერ იქნებოდა. ჩემი აზრით, ჟვანია პოზიტიური პიროვნება სულაც არ იყო და უფრო უარყოფითი ძალებისგან იყო მართული.
_ ვის გულისხმობთ?
_ ზურა ბადრი პატარკაციშვილის კაცი იყო. მოქალაქეთა კავშირიც სწორედ ამ უკანასკნელმა ჩამოაყალიბა. ბადრის და ბერეზოვსკის სურდათ, საქართველო მათი „ჯიბის რესპუბლიკა“ ყოფილიყო, ფულის გასათეთრებელი საშუალება. პატარკაციშვილს ჟვანია ჟურნალისტმა განაპოლსკიმ გააცნო...
_ ხელისუფლებაში ნაციონალების მოსვლის შემდეგ იდევნებოდით?
_ კი, ორი წელი ემიგრაციაში ყოფნა მომიწია. აქ ჩამოსვლის საშუალება 2007 წლის მოვლენების შემდეგ მომეცა, როცა მიშას ჩემთვის აღარ ეცალა.
_ „ოცნების“ მოსვლის შემდეგ, სასამართლოში სარჩელი ისევ შეიტანეთ?
_ როცა საქართველოში არ ვიყავი, ნაციონალებმა კიდევ ბევრი დოკუმენტის გაყალბება მოახერხეს _ სასამართლოდან სარჩელი გამოიტანეს და დოკუმენტებზე ხელს, ჩემს მაგივრად, მიშა სააკაშვილი აწერდა. ამის დამტკიცებას, სასამართლოს გზით, 2013 წელს ვაპირებდი, მსურდა, ექსპერტიზის ჩატარება, მაგრამ სასამართლომ ეს მოთხოვნა არ გაიზიარა. მაშინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კუბლაშვილი იყო... ისე, ,,ნაციონალები'' დღესაც მემუქრებიან.
_ მუქარას ვისი პირით გითვლიან?
_ ამას მხოლოდ გამოძიებას გავანდობ. ნაციონალურ მოძრაობაში დღესაც მყავს ჩემი ხალხი, ეს ეხება საშუალო და ქვედა რგოლებს და სწორედ მათთან მაქვს კომუნიკაცია.
ეს საქმე უცხოეთში საკმაოდ გავლენიან იურისტებს გავაცანი და მათი დახმარების იმედიც მაქვს. ამიტომ დიდი შანსია, სარჩელი დაკმაყოფილდეს. როგორც მათ შემირჩიეს მომენტი პარტიის წასართმევად, მეც ასე მოვიქცევი, რათა არჩევნებში მონაწილეობა ვეღარ მიიღონ!
_ ნაცმოძრაობის ანგარიშისა და ქონების დაყადაღებასაც ითხოვთ...
_ ეს ქონება ჩემს ინტელექტუალურ საკუთრებაზე დააგროვეს. ამიტომ სამართლებრივად, ამ ქონების დაყადაღება შესაძლებელია.
_ თუ სასამართლო თქვენს სარჩელს დააკმაყოფილებს და, როგორც ამბობთ, თვითმარქვია ნაციონალებს ქონებასა და სახელს ჩამოართმევს, რა პოლიტიკურ ნაბიჯს გადადგამთ?
_ პარტიას გავაუქმებ და სახელს შევუცვლი. დაახლოებით, ასამდე თანამზრახველი მყავს, საჭირო დროს ყრილობასაც ჩავატარებთ და პარტიასაც შევქმნით''.
უცნობია, მირიან მირიანაშვილი ნაცმოძრაობისთვის ბრძოლას აგრძელებს თუ არა, მაგრამ ფაქტია: თუკი უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი წართმეული პარტიის დასაბრუნებლად სამართლებრივ გზას მიმართავს, ხმაურიანი სასამართლო პროცესის მოწმენი გავხდებით. ასე რომ, სჯობს, მოვლენების განვითარებას მივყვეთ და ნაცმოძრაობის საიდუმლო ალგორითმიც, ალბათ, თავისთავად გაიშიფრება...
ვანო პავლიაშვილი

back to top