„მსოფლიოს დიდ თამაშებში ჩვენ ვიყავით „ხურდის ნაწილი“ - პაატა დავითაიას სკანდალური ინტერვიუ აგვისტოს ომზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„მშვიდობით არავინ არაფერს დაგვიბრუნებს“

 ავტორი: თათია გოჩაძე

 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა. აგვისტოს ომის 5 დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი, სისხლითა და ტრაგედიებით სავსე მოგონებაა, რომელიც თითოეული პატრიოტი ქართველისთვის კიდევ ერთ მოუშუშებელ იარად იქცა. არ შეიძლება, დაგავიწყდეს დღეები, როცა საქართველოს კიდევ ერთი ნაწილი - სამაჩაბლო დროებით დავკარგეთ და როცა საქართველოს სრული ანექსიის საშიშროება იდგა. ახლა, როცა უკრაინის მიმართ მსოფლიოს უპრეცედენტო დახმარებას ვხედავთ, კიდევ უფრო  სამწუხარო ხდება განცდა, რომ 2008 წელს, საქართველოზე რუსეთის თავდასხმა მსოფლიომ, რბილად რომ ვთქვათ, შესაბამისი რეაგირების გარეშე დატოვა, თუმცა აღსანიშნავია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისა და საერთაშორისო სასამართლოების მიერ აღიარებული ფაქტები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის დანაშაულს უსვამს ხაზს.

შეგახსენებთ: 2008 წელს, რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ია, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. დღეს, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას.

„ვერსია“ ევროპელი დემოკრატების ლიდერ პაატა დავითაიას ესაუბრა.

 - რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წელს კი არა, მაშინ დაიწყო, როცა საქართველომ განაცხადა, რომ სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო უნდა გამხდარიყო ანუ 1918 წლიდან, როცა სუვერენიტეტი აღვადგინეთ.

ამას პირველი ოკუპაცია 1921 წელს მოჰყვა, რაც 70 წელზე მეტხანს გაგრძელდა. შემდეგაც, როგორც კი აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ისევ ომი განახლდა. ეს არის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მონაკვეთები.

2008 წლის საომარი შეტაკებები იყო გაგრძელება, რადგან ომი სულ მიმდინარეობს. დღესაც ჰიბრიდული ომია, რუსები რომ შემოდიან და ეკონომიკურად გვიპყრობენ, ესეც ომია.

2006 წელს, რუსეთის უშიშროების საბჭო განიხილავდა საკითხებს, საქართველოში ფულით შემოსულიყო თუ ტანკით და 2008 წელს აირჩია ტანკით შემოსვლა. ყველაფერი ეს გრძელდება, მით უმეტეს, 24 თებერვლის რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, მსოფლიოში ყველაფერი შეიცვალა. უკრაინაზე თავდასხმა მოხდა იმიტომ, რომ დასავლეთმა არ გააკეთა დასკვნები იმაზე, რაც საქართველოს სჭირდა ამ წლების განმავლობაში.

- ბატონო პაატა, რას მიაღწია საქართველომ მსოფლიო სამართლის სივრცეში - სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოში 2008 წლის ომის შესახებ რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული?

- სასამართლოებში რაც ხდება, ესეც დაგვიანებული პროცესია...

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სანქცია დააკისრა რუსეთს, თუმცა რუსეთი ამას არ ემორჩილება.

რაც შეეხება ჰააგის სასამართლოს, იცით, რომ სანქციები გაიცა და ძებნა გამოცხადდა 2008 წლის ომის მონაწილეებზე, მაგრამ სამართლებრივად, რაღაც მომენტებში, იქაც არასწორი გზით წავედით.

ჩემთვის რომ დაეჯერებინათ, უფრო სწრაფად მივიღებდით შედეგს, თუმცა მაინც მთავარია, რომ პროცესი გრძელდება. მთავარი ისაა, რომ 14 წლის შემდეგ საქართველოს მიმართ საფრთხეები უფრო გაიზარდა.

- რას გულისხმობთ?

- რუსები ისე დადიან საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც უნდათ. ფაქტობრივად, მიდის მზადება გარკვეული ქმედებებისთვის, რაც შეიძლება, გახდეს ოკუპაციის საბოლოო საბაბი. იმას ვგულისხმობ, რომ შემოსული რუსეთის მოქალაქეები ბინადრობის უფლებას იღებენ და გავიხსენოთ, რატომ მოხდა აფხაზეთში, ცხინვალში, უკრაინაში შესვლა - იმ მოტივით, რომ რუსეთის მოქალაქეები უნდა „დაეცვათ“.

ამიტომ, საფრთხეები იზრდება და სამწუხაროდ, ამდენი წლის განმავლობაში, დასკვნები ვერ გავაკეთეთ. არ დავიწყეთ მზადება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ესენია ეკონომიკური, ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები; ეს არის სტრატეგიის შემუშავება ახალგაზრდა თაობაში და იმ ისტორიული მომენტების ჩვენება, რაც ხდებოდა.

ჩვენთან კი პრიმიტიული საუბრები მიდის - ომი ვინ დაიწყოო... ომი არც 5 აგვისტოს დაწყებულა და არც - 7 აგვისტოს. ეს ომი 1918 წელს ანუ მაშინ დაიწყო, როცა დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ! ამიტომ, სანამ გლობალური დასკვნები არ გაკეთდება, იქამდე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა პრობლემური თემა იქნება.

აზერბაიჯანის მაგალითი განვიხილოთ - ვნახეთ, როგორ ეტაპობრივად, ინსტიტიუციურად მიუდგნენ საკითხს. აზერბაიჯანში პირველ პრობლემად ყარაბაღის საკითხს მიიჩნევენ. ჩვენთან კი კვლევა რომ ჩაატარო, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას მე-7 ადგილზე დაასახელებენ.

ყველაფერი ეს იდეოლოგიაზეა დამოკიდებული და ასე მიაღწია შედეგს აზერბაიჯანმა. ჩვენ ხვალ კი არ გვინდა გამარჯვების მიღწევა, არამედ, ვფიქრობთ, რომ გუშინ უნდა გაგვემარჯვა. ასე არ ხდება, სამწუხაროდ.

- წეღან, საერთაშორისო სასამართლოების მიერ, რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებზე საუბრობდით. ეს იმას ნიშნავს, რომ სრულიად ცივილიზებული საერთაშორისო საზოგადოება, 2008 წლის ომის კონტექსტში, რუსეთს დამნაშავედ სცნობს და ყველა კითხვა მოხსნილია, თუნდაც ომის დაწყებასთან დაკავშირებით?

- 24 თებერვლის შემდეგ, ეს კითხვა მოხსნილია. ვისაც არ უნდა, ეს გაიგოს...

ისე, სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, ომი საქართველომ დაიწყოო და დღეს სხვა განცხადებებს აკეთებს. ვის როგორ აწყობს, ისე იქცევა...

- ადამ კინზინგერმა განაცხადა, 2008 წლის ომის დროს, მსოფლიოს ეძინაო. თქვენც მიიჩნევთ, რომ მსოფლიომ რუსეთთან მიმართებაში მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა, როცა 2008 წელს, საკმარისი დახმარება არ გაუწია საქართველოს და სწორედ ამის შედეგად დადგა 2022 წლის 24 თებერვალი?

- იმ ძლიერ ქვეყნებს, როგორებიც არიან საერთაშორისო სამართლის სუბიექტები, ეგონათ, რომ რუსეთთან საკითხი მოგვარებული იყო.

- რატომ, რა უქმნიდათ ამ განცდას?

- ეკონომიკური ურთიერთობები ჰქონდათ - ბიზნესი, ფულის კეთება და ჩვენ ვიყავით „ხურდის ნაწილი“ ამ დიდ თამაშებში. მოლაპარაკებებში შეეძლოთ, „გაეხურდავებინათ“ ჩვენი საქართველო ამ დიდ სუბიექტებს. ვერ ხედავდნენ რეალობას და ვერც წარმოედგინათ, რომ შეიძლებოდა, რუსეთს ასეთი იმპერიალისტური ზრახვები ჰქონოდა. ეს იყო დიდი შეცდომა.

არც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და არც 2014 წელს, უკრაინაში ყირიმის დაკარგვის დროს, გააკეთეს შესაბამისი დასკვნები მოსფლიოში. არც 2022 წლის 24 თებერვალს გააკეთეს დასკვნა და 3-4 თვე დასჭირდათ, შეიარაღება მიეცათ უკრაინისთვის. ამიტომ, რეალურად, ეს არის დასავლეთის ბიუროკრატიული მანქანის შეცდომა და ჩვენ ვიმკით ამ შეცდომებს. სამწუხაროდ, ჩვენს გარდა, უკვე ჩვენი მოძმე უკრაინელების ოჯახები, ბავშვები იმკიან ამას და ყველაზე მტკივნეული ესაა. სიმართლე გითხრათ, ახლაც კი უკმაყოფილო ვარ დასავლეთის ქმედებებით, უფრო მეტი და მნიშვნელოვანი შეიარაღება უნდა მისცეს უკრაინას.

მოდით, ვისაუბროთ გაეროზეც - მოკვდა უკვე ეს ორგანიზაცია. კიევში რომ ჩავიდა, გაეროს გენერალურ მდივანს რაკეტა ესროლეს, ერთი კილომეტრით ააცილეს და ამაზე მეტი ნიშანი რა შეიძლება იყოს, რომ გაერო მკვდარია?!

- ე.ი. მოვლენები იქით მიდის, რომ მსოფლიოს ახალი წესრიგია დასამყარებელი, არა?
- კი. მაგალითად, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურა იმიტომ შეიქმნა, რომ ასეთი დამნაშავეების წინააღმდეგ ებრძოლა, მაგრამ ეფექტიანობა აღარ აქვს. 24 თებერვლის შემდეგ, ჩემთვის, როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტისთვის, საერთაშორისო სამართალი მოკვდა.

- და გამოსავალს სად ხედავთ?

- ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, სადაც სამწუხაროდ, ვუბრუნდებით ველურ მიდგომებს. საერთაშორისო სამართალში არის ასეთი ცნება - „საერთაშორისო სამართლის ძლიერი სუბიექტი“ და დღეს იმ რეჟიმში ვცხოვრობთ, რომ ძლიერი სუბიექტია რუსეთი, აშშ და ის სახელმწიფოები, რომლებიც მოქმედებენ საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

რეგიონში ჩვენზე ძლიერია აზერბაიჯანი... მოკლედ, დღეს უფრო კონსერვატიზმი სჭარბობს მიდგომებში, მსოფლიო ნელ-ნელა იკეტება საკუთარ ნაციონალისტურ კონტექსტში. ლიბერალური მიდგომები უფრო უკანა ხაზზე გადადის და ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენმა სახელმწიფომ უნდა იფიქროს ამაზე და გააკეთოს დასკვნა.

არ არის აუცილებელი, რომ ვიღაცას თავს დავესხათ, არამედ, უნდა ვიყოთ მზად თავდაცვისთვის. ამის წინაპირობას არ ვხედავ, არადა, ძალიან შეიცვალა მსოფლიო. ერთ ავტომატსაც კი თუ ვინმე გაისროდა, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა იმართებოდა და განგაშის ზარს შემოკრავდა, ახლა კი რაკეტებს „ურახუნებენ“ ერთმანეთს და ვითომ არაფერი!

- ბატონო პაატა, რუსეთიდან უპრეცედენტო რაოდენობის ხალხის შემოსვლაში რა კონკრეტულ საფრთხეებს ხედავთ? სხვათა შორის, ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან ერთ წელიწადში, უვიზო რეჟიმი დააწესა წინა სახელისუფლებო ძალამ რუსეთთან...   

- უვიზო რეჟიმის შემოღება მაშინ სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ეს არ ნიშნავდა, რომ საქართველოს რუსები მოაწყდნენ, რადგან ჩვენს სახელმწიფოს ისეთი იდეოლოგია ჰქონდა, რომ რუსს ეშინოდა და ან არ მოდიოდა, ან თავდახრილი მოდიოდა.

რა შუაშია აქ ვიზა? - დღეს სავიზო რეჟიმიც რომ იყოს და მკაცრი  მიდგომები მოსახლეობის მხრიდან, ასე რომ არ  „ეფინებოდნენ“ რუსებს, აღარ წამოვლენ საქართველოში. გახსოვთ, პირველ დღეებში როგორ შემოდიოდნენ? - გატეხილი ინგლისურით და უკრაინის დროშებიც კი ეკიდათ. ახლა კი, როგორც კი თავისუფლება იგრძნეს, თავები ასწიეს და ენები ამოიდგეს.

სახელმწიფოებრივი მიდგომა აღარ არის, თორემ რა შუაშია აქ, ვიზა?.. ბინადრობის უფლებას რომ არ აძლევდნენ და მკაცრი მიდგომა იყოს ამ საკითხზე, გგონიათ, მაინც ამდენი ჩამოვა? სასათბურე პირობები შეუქმნეს და იმიტომ ჩამოდიან.

1921 წლის მოვლენებს გაგახსენებთ - როცა 1918 წელს, რევოლუცია მოხდა და შემდეგ ბოლშევიკები მოვიდნენ, ძალიან ბევრი რუსული ინტელიგენცია წამოვიდა საქართველოში ზუსტად ისე, როგორც ახლა ხდება, დაახლოებით, ნახევარ მილიონამდე. მათგან ნახევარი გავიდა საქართველოდან, მაგრამ იმ ნახევარმა, რომელიც საქართველოში დარჩა, უზრუნველჰყო ორჯონიკიძის ჯარების შემოყვანა. ეს გავიარეთ ჩვენ და ხომ უნდა გამოვიტანოთ დასკვნები?

ერთსა და იმავე ნაღმზე ხომ არ უნდა ავფეთქედეთ? რუსეთის იმპერიას არაფერი შეუცვლია, იგივე მიდგომები აქვს, რაც საუკუნის დასაწყისში ჰქონდა.

- ბატონო პაატა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შორეულ ამბად მიგაჩნიათ?

- არაპოპულარულ რამეს ვიტყვი, მშვიდობით არავინ არაფერს დაგვიბრუნებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ომია აუცილებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვემზადოთ სამართლებრივი სანქციებისთვის სეპარატისტთა წინააღმდეგ. უნდა ვიმუშავოთ ადგილობრივ მოსახლეობასთან.

იგივე, ბიჭვინთის საკითხზე, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ეთქვა, ჩვენ აღვადგენთ ბიჭვინთას უპირობოდო. მართალია, არავინ აღგვადგენინებდა, მაგრამ მოსახლეობა ნახავდა, რომ რუსეთი მიწას ართმევს, ქართველები კი უპირობოდ უკეთებენ...

ამას სჭირდება სტრატეგიული გეგმის შემუშავება, სისტემური მიდგომა, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგეს დღე ტერიტორიების დაბრუნებისა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.