Menu
RSS

რისთვის ჩამოვიდა თბილისში ეფესბე-ს მაღალჩინოსანი, რომელმა ჟურნალისტმა უწოდა 2003 წლის ნოემბრის მოვლენებს „ვარდების რევოლუცია“ და ვის შეხვდა მიხეილ სააკაშვილი მოსკოვში ლევან ვასაძესა და თემურ ალასანიასთან ერთად _ „ვარდების“ X-ფაილის საიდუმლო რუსული ნარატივი

...იმ დღეს თბილისელმა მეყვავილეებმა არნახული შემოსავალი ნახეს, თუმცა გავა დრო, ბევრი მათგანი „ნულოვანი ტოლერანტობის“ მსხვერპლი გახდება და ეს „არნახული შემოსავალიც“ ცხვირში ძმრად ამოედინება... დიახ, ხალხი, რომელიც ერთ დროს მის მზეს იფიცებდა, იტყვის, რომ ის ჩვეულებრივი სატანა და თანამედროვე ჯალალედინია. არავინ იცის, პოლიტიკურ დემონებს სული მართლა მიჰყიდა თუ არა, მაგრამ ფაქტია: საქართველოს მესამე პრეზიდენტი ისტორიაში არაერთი თიკუნით, ანუ მეტსახელით შევა. მეისტორიე, ალბათ, იმასაც დაწერს, რომ რეჟიმისაგან ილაჯგაწყვეტილი მოსახლეობა „გიჟს“ ეძახდა, თუმცა „გიჟი“ პირველად მასამ კი არა, მთავრობის კანცელარიის საშუალო რანგის ჩინოვნიკმა უწოდა: როცა მომავალმა პრეზიდენტმა, რომელსაც იმხანად იუსტიციის მინისტრის პოსტი ეკავა, მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე თბილისის პოლიციის უფროსის, სოსო ალავიძისა და სხვა „სკამოსანთა“ სასახლეების ფოტოები ააფრიალა, თემურ მირიანაშვილმა _ არც აცია, არც აცხელა და სააკაშვილს მიაძახა: „თქვენ ცნობილი გიჟი ხართ!“ 2003 წლის ნოემბრის მოვლენების მერე, როცა ქვეყანაში ყოფილთა მასობრივი დაჭერები დაიწყება, ბევრს გაუჩნდება განცდა, რომ პირველი, ვინც გისოსებსმიღმა მოხვდება, სწორედ მირიანაშვილი იქნება, მაგრამ ხომ იცით, ყოველთვის ისე არ წვიმს როგორც ქუხს. მირიანაშვილის მსგავსად დაჭერას სხვებიც გადაურჩებიან. მაგალითად, ავთანდილ ჯორბენაძე, რომელსაც „ვარდების რევოლუციის“ დროს სახელმწიფო მინისტრის პოსტი ეკავა. მართალია, მოგვიანებით, კერძოდ, 2007 წლის სისხლიან 7 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, „ნაცდუბინკის“ გემოს ჯორბენაძეც გაიგებს, მაგრამ იმ დროს, როცა მიხეილი პარლამენტის შენობაში ედუარდის მწვანე ჩაის „შეექცეოდა“, კულუარებში ხმა დავარდება, ჯორბენაძე რევოლუციონერების ფარული მეკავშირეაო. მოკლედ, ასე: „ვარდების რევოლუციის“ ირგვლივ უამრავი ჭორ-მართალი ტრიალებს, ზოგი რას ამბობს და ზოგიც _ რას, ეს გასაკვირიც არაა, რადგან ადამის ნაშიერთ „შეთქმულების თეორიები“ ანდამატივით გვიზიდავს.
და მაინც, რა მოხდა რეალურად ანუ დრამა, რომელსაც „რუსთავი 2“-ის მაშინდელმა „სახემ“, ნათია ზამბახიძემ ღია ეთერში, ერთი შეხედვით, სპონტანურად „ვარდების რევოლუცია“ უწოდა, მართლაც ხელისუფლების ყვავილოვანი შეცვლა იყო, კლასიკური სახელმწიფო გადატრიალება თუ კარგად დაგეგმილი პოლიტიკური ავანტიურა, რომელიც წლების განმავლობაში მზადდებოდა და რომელმაც კულმინაციას 2003 წლის 22-23 ნოემბერს მიაღწია? _ ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხის გაცემა მხოლოდ იმ რამდენიმე ადამიანს ხელეწიფება, ვინც ეს „ორგანიზებული ქაოსი“ დაგეგმა და რეალობად აქცია, თუმცა მსგავსი შეთქმულებების დეტალები, როგორც წესი, არასოდეს საჯაროვდება. შესაბამისად, „ნაციონალური ნოემბერიც'' სამარადჟამოდ ბურუსით იქნება მოცული. მიუხედავად ამისა, „ვერსია“ შეეცდება, იმ მოვლენის X-ფაილი გაშიფროს, რომელმა მოვლენამაც ჩვენებური პოლიტიკა ყირაზე დააყენა და საქართველო, როგორც სახელმწიფო, განვითარების სხვა, ზოგისთვის კარგ, ზოგისთვის კი ცუდ რელსებზე გადაიყვანა.
ასე რომ, მოემზადეთ, X-ფაილის „დროის მანქანა“ დაქოქილია: ჩვენ უკან, წარსულში ვმოგზაურობთ!
სისხლიანი სცენარი
ე.წ. შეთქმულების თეორიების ერთგვარი ხერხემალი სისხლია. ჰოდა, თუ გავყვებით ვერსიას, რომ „ვარდების რევოლუცია“ წმინდა „შეთქმულების თეორია“ იყო და მეტი არაფერი, მაშინ ამ მოვლენაში სისხლის კვალიც უნდა ვეძებოთ, თუმცა დიდი შერლოკ ჰოლმსობა არცაა საჭირო, რადგან ყველაფერი ხელის გულზე დევს და დღესავით ნათელია. ზოგი სკეპტიკოსი, ცხადია, იკითხავს, ნათელი, მაინც, რა არისო? რა და, _ 2003 წლის ნოემბრის მოვლენებამდე ერთი წლით ადრე, უშიშროების საბჭოს მდივანს საკუთარ კაბინეტში გარდაცვლილს პოულობენ და მაშინვე ჩნდება ვერსია, რომ ნუგზარ საჯაიამ თავი მოიკლა!
დიახ, აი, ასე, მოკლედ და ლაკონურად, არც გამოძიება და და არც _ ექსპერტიზა. ვერდიქტი გამოტანილია: ადამიანმა, რომელმაც მთელი ცხოვრება უშიშროების სისტემებში გაატარა და რომელსაც უამრავი რამ ჰქონდა ნანახი, მედიაში მის წინააღმდეგ აგორებულ „შავ პიარს“ ვერ გაუძლო, ადგა და შუბლში ორი ტყვია დაიხალა.
ჰო, რა თქმა უნდა, არავინ იცის, ადამიანის ქვეცნობიერი როდის რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ ნუთუ, არ უნდა დასმულიყო კითხვა: უშიშროების საბჭოს მდივანი ეგებ, მოკლეს?
ისე, ნუგზარ საჯაიას მკვლელობიდან, თვითმკვლელობასა თუ თვითმკვლელობამდე მიყვანიდან გავა სამი წელი და კიდევ ერთი მაღალი თანამდებობის პირის გარდაცვალების მოწმენი გავხდებით: 2005 წლის 3 თებერვალს, პრემიერი ზურაბ ჟვანია აღესრულება და... ისევ ყოველგვარი გამოძიებისა და ექსპერტიზის გარეშე, მაშინდელი გენპროკურორი ზურაბ ადეიშვილი და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი „დამაჯერებლად“ გამოგვიცხადებენ, რომ ჟვანია უბედური შემთხვევის ანაწერა გახდა (!).
დიახ, საჯაია-ჟვანიას გარდაცვალების პირველ წუთებსა თუ საათებში გაკეთებული განცხადებები თითქმის იდენტურია! მოგეხსენებათ, ეშმაკები დეტალებში სხედან. მაშასადამე, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ საჯაიაც, ჟვანიასი არ იყოს, მოიცილეს, მაგრამ ვის და რატომ უნდოდა უშიშროების საბჭოს მდივნის საიქიოში გასტუმრება? _ ამ კითხვაზე პასუხი ბანალურია: ცხონებული შევარდნაძე საჯაიას, როგორც ამბობენ, თვალდახუჭული ენდობოდა. მერე? მერე ის, რომ შეთქმულების კვანძი ავტომატურად იკვრება და აი, რატომ:
ნუგზარ საჯაია, როგორც აღვნიშნეთ, უშიშროების საბჭოს მდივანი იყო. შესაბამისად, ყველა ძალოვან უწყებას აკონტროლებდა. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების პულსზე ედო, რაც ვიღაცებს, ალბათ, არ აწყობდათ. ჰოდა, რატომ არ უნდა გაჩნდეს გონივრული ეჭვი, რომ მედიაში წარმოებული „შავი პიარის“ მიზანიც სწორედ ის შედეგი იყო, რომელიც დადგა? უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, „შავი პიარი“, უბრალოდ, შირმა იყო, რომელიც თვითმკვლელობის მიზეზად დასახელდებოდა. ამ ვერსიიდან გამომდინარე, საჯაიას გარდაცვალების საბაბი, გნებავთ, საიდუმლო კი, შეიძლება, სწორედ 2003 წლის ნოემბრის მოვლენებში უნდა ვეძებოთ.
ყოველ შემთხვევაში, ფაქტია: საჯაიას გარდაცვალების შემდეგ ყველას, ვინც პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად ერკვევა, გაუჩნდა განცდა, რომ ქვეყანა ასაფეთქებლად გამზადებულ ნაღმს დაემსგავსა.
სხვათა შორის, საჯაიას გარდაცვალების პერიოდშივე, კიდევ ერთი მოვლენის თვითმხილველნი გავხდით, რომელსაც ზოგი ანალიტიკოსი „მინი რევოლუციასაც“ უწოდებს. მხედველობაში 2001 წლის ნოემბრის მოვლენები მაქვს, როცა ე.წ. რეფორმატორები ედუარდ შევარდნაძეს ღიად გაემიჯნენ. ეს გამიჯვნა კი თავისუფალი სიტყვის დაცვის საბაბით დაიწყო:
2001 წლის ნოემბერში, „რუსთავი 2“-ში უშიშროების საგამოძიებო სამსახური შედის, რასაც ხალხის მღელვარება მოჰყვება: ათასობით და, შეიძლება, ათიათასობით მოქალაქე ტელევიზიის დაცვას გადაწყვეტს და... რუსთაველის გამზირი მომიტინგეებით გაივსება. დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დაცვა თანდათან პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზრდება _ პროტესტანტები მაშინდელი შს მინისტრის, რკინის კაცად სახელდებული კახა თარგამაძის გადაყენებას სკანდირებენ. ანტითარგამაძისეული კამპანიის ავანგარდში სააკაშვილ-ჟვანია და სხვა „რეფორმატორები“ დგანან. ჟვანია, რომელიც პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარეა, მიტინგზე სიტყვით გამოდის და ულტიმატუმს აყენებს: თუკი შევარდნაძე თარგამაძეს მოხსნის, მზადაა, სპიკერობიდან თვითონაც გადადგეს. პრეზიდენტს ულტიმატუმის შესასრულებლად ძალიან ცოტა დრო ეძლევა.
სიტუაცია მყიფეა _ ყველა „ბაბუს“ გადაწყვეტილების მოლოდინშია.
წამი წამს მისდევს, წუთი წუთს და... შევარდნაძე, როგორც იტყვიან, პირველ საბედისწერო შეცდომას უშვებს _ კახა თარგამაძეს შს მინისტრობიდან ხსნის. ჟვანია, როგორც პოლიტიკურ ჯენტლმენებს სჩვევიათ, სიტყვას ასრულებს და სპიკერობას ტოვებს.
„რეფორმატორები“, რომელთა სინონიმიც მოგვიანებით „ვარდოსნები“ გახდება, „ბოროტებაზე“ პირველ გამარჯვებას ზეიმობენ...
კახა თარგამაძის შემცვლელად „ოცნების“ დღევანდელი სახე, კობა ნარჩემაშვილი ინიშნება. ქვეყანას გენპროკურორიც ახალი ჰყავს _ გია მეფარიშვილი. მართალია, ჟვანია პარლამენტის თავმჯდომარე აღარაა, მაგრამ პოლიტიკურ პროცესებს მაინც მართავს. ყოველ შემთხვევაში, ყოფილი „მწვანე“ და მისი პოლიტიკური და-ძმები კარგ გათვლას აკეთებენ და მიზანშიც არტყამენ _ სპიკერის პოსტზე ნინო ბურჯანაძის კანდიდატურას ასახელებენ, რომელიც იმხანად პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავქალი და არცთუ ცნობადი პოლიტიკოსია... პარლამენტის თავმჯდომარეობისკენ ცხონებული ჯემალ გოგიტიძეც მიილტვის და ექსსახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძეც...
„რეფორმატორი ვარდოსნები“ საკანონმდებლო ორგანოში საპროცედურო ომს იწყებენ და მრავალსაათიან ბრძოლას იგებენ _ ბურჯანაძე, რომელსაც თანაგუნდელები მოფერებით „ფქვილის პრინცესას“ ეძახიან (მამამისი, ანზორ ბურჯანაძე 90-იან წლებში ფქვილის ბიზნესით იყო დაკავებული), პარლამენტის თავმჯდომარე ხდება...
ნულოვანი ფაზა
„ვარდების რევოლუციის“ პირველი ფაზა მთავრდება. რაც შეეხება ე.წ. ნულოვან ფრაზას, ის ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო. ამასთან დაკავშირებით ჩემს პირად ჟურნალისტურ არქივში ერთი პოლიტიკური ფიგურის ფარული მონათხრობი ინახება, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ პრეისტორიას კარგად ხსნის. ამ ფარული საუბრიდან რამდენიმე მნიშვნელოვან ამონარიდს გთავაზობთ:
ვარდების რევოლუციამ“ სტარტი მე-20 საუკუნის 90- იანი წლების პირველ ნახევარში აიღო და ეტაპობრივად ვითარდებოდა. არსებობდა ალბათობა, რომ შევარდნაძის რეჟიმის კაპიტულაცია 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მომხდარიყო და საამისოდ რამდენიმე ტრიუკი განხორციელდა, მაგრამ მოულოდნელად „ოპერაცია“ შეწყდა, რადგან „შეთქმულები“ ვიღაცამ გასცა... ისე, 1992 წლის 7 მარტს საქართველოში ჩამოსული საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ალბათ, ყასიდადაც ვერ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ზვიად გამსახურდიას ბედს გაიზიარებდა. ამაში გასაკვირიც არაფერია, რამეთუ იმხანად ზურაბ ჟვანია არცთუ ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ფიგურა იყო, მიხეილ სააკაშვილი და ნინო ბურჯანაძე კი „შორს ბუზისტოლადაც არ ჩანდნენ“. მიუხედავად ამისა, მოვლენები დრამატულად განვითარდა და, დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჟვანიას აღზევებით შევარდნაძემ საბედისწერო შეცდომა დაუშვა.
მართალია, მწვანეთა მოძრაობა საზოგადოებრივ ორბიტაზე მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა, მაგრამ იმდროინდელი პოლიტიკური ვერტიკალი ზურაბ ჟვანიას, ცოტა არ იყოს, ირონიულად უყურებდა... 1988 წელს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი უნდა აგვერჩია. სულ ორი კანდიდატურა იყო _ პარმენ მარგველაშვილი და გიგა ლორთქიფანიძე. ჟვანია და, საერთოდ, მწვანეები მხარს ბატონ პარმენს უჭერდნენ. ერთ-ერთ შეხვედრაზე მწვანეები დროშების ფრიალით მოვიდნენ და რაღაცებს იძახდნენ. ვერ მივხვდით, ვინ იყვნენ და რა უნდოდათ. ეს ბუნებრივიცაა, რამეთუ იმხანად საქართველოში ეროვნული მოძრაობის „ბუმი“ იყო და ეკოლოგიურ პრობლემებზე სასაუბროდ არავის ეცალა. ქართველ მწვანეებს მაინცდამაინც არც 1991-92 წლების მოვლენების დროს უაქტიურიათ. ყოველ შემთხვევაში, გვეგონა, რომ საქართველოში დაბრუნებული შევარდნაძე „სტავკას“ ედპ-ზე, ავთო მარგიანზე, ჯაბა იოსელიანსა თუ ქართლოს ღარიბაშვილზე გააკეთებდა. პროგნოზი ნაწილობრივ ახდა. ყოველ შემთხვევაში, ბლოკი „მშვიდობა“ უსიტყვოდ ასრულებდა მითითებებს. პარალელურად, შევარდნაძის პოზიციებს ედპ-ც ამყარებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სახელმწიფო საბჭოში „ჩეპე“ მოხდა და, ყველასთვის მოულოდნელად, ასპარეზზე ზურაბ ჟვანია გამოჩნდა. მწვანეთა ლიდერის შესახებ საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცოდა, მაგრამ ამ ფაქტისთვის შევარდნაძეს ყურადღება არ მიუქცევია და ამ „სხვანაირად მოაზროვნე“ ადამიანით სერიოზულად დაინტერესდა. მაშინ აშშ-ზე თითქმის არავინ ლაპარაკობდა.
ჟვანია კი მთლიანად დასავლეთზე იყო ორიენტირებული, თან მწვანეთა ევროსტრუქტურის თავმჯდომარეც გახლდათ. შევარდნაძე გრძნობდა, რომ ევროპის მხარდაჭერის გარეშე „შორს ვერ გაფრინდებოდა“. ისიც კარგად გათვალა, რომ ჟვანიას ანალიტიკური უნარი კრიტიკულ სიტუაციებშიც გამოადგებოდა და ამიტომაც ეს უკანასკნელი, პირდაპირ თუ ირიბად, თავის „მარჯვენა ხელად“ გამოაცხადა. ჟვანიას „დაწინაურება“ შესაძლოა, ბევრს არ ესიამოვნა, მაგრამ შევარდნაძის არჩევანი არავის გაუპროტესტებია. სხვათა შორის, არც ირინა სარიშვილს და არც _ ვახტანგ რჩეულიშვილს. ამასობაში მოქკავშირიც შეიქმნა და 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებიც დადგა. იმაზე კამათი არ ღირს, რომ მოქკავშირი კომპარტიის ღირსეული მემკვიდრე იყო. სხვა თუ არაფერი, 1995 წელს ე.წ. შევარდნაძის პარტია პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოდის (161 დეპუტატი), თუმცა 1995 წლის არჩევნების წინ შევარდნაძის გარემოცვაში გარკვეული ბზარი უკვე არსებობდა. ყოველ შემთხვევაში, ცალკეული სუბიექტები ცდილობდნენ, რომ ჟვანიას მოქკავშირზე კონტროლი დაეკარგა და, შესაბამისად, ურთიერთობა, შევარდნაძესთანაც გაფუჭებოდა. ამ მოსალოდნელი უსიამოვნებების შესახებ ჟვანია კარგად იყო ინფორმირებული და კონტრშეტევისთვისაც ემზადებოდა.
1995 წლის ზაფხულში, ჟვანიას შევხვდი. ამ დროს ტელეფონმა დარეკა. მიხეილ სააკაშვილის არსებობის შესახებ პირველად მაშინ გავიგე... ჟვანიამ უთხრა, სასწრაფოდ თბილისში უნდა ჩამოხვიდე, მაგრამ მანდ ჩვენებს უნდა უთხრა, რომ ამათზე ზეწოლა მოახდინონ და სიაში კვოტა გაგვიზარდონო. ამის შემდეგ ჟვანიამ საუბარი ინგლისურად გააგრძელა. არ ვიცი, რას ამბობდა, მაგრამ რამდენჯერმე „კონგრესი“ ახსენა ანუ იმის თქმა მინდა, რომ ჟვანია შევარდნაძეზე „ამერიკულ ზეგავლენას“ ჯერ კიდევ 1995 წელს ახდენდა, მაგრამ შევარდნაძე მალე მიხვდა, რომ ჩიხში შედიოდა. პარალელურად, პრეზიდენტის კანცელარიული გარემოცვაც გააქტიურდა, რომელიც შევარდნაძეს არწმუნებდა, რომ თუ გადამწყვეტ ზომებს არ მიიღებდა, სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა და, აშშ-ს დახმარებით, ჟვანიას, შესაძლოა, საპრეზიდენტო ამბიციებიც გასჩენოდა. ამიტომ კანცელარიამ ბრძანება გასცა, რომ მთავრობისაგან კონტროლირებად მედიას ანტიამერიკული კამპანია დაეწყო. ამ ბრძანების მეორე პუნქტი კი ჟვანიას პერსონის დისკრედიტაციას ითვალისწინებდა. ამ დროს შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ჟვანიას ზურგი თითქოს თეთრმა სახლმაც აქცია. ეს მოსაზრება 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ უფრო ძლიერდება. ყოველ შემთხვევაში, კანცელარია დარწმუნებულია, რომ ჟვანიასაგან ანტიეროვნული გმირი უკვე შექმნა, თუმცა „თავს იზღვევს“ და ერთობ არაეთიკურ ავანტიურაზე მიდის: მოსახლეობაში ფარულად გადაღებული ვიდეოკასეტები ვრცელდება და მოსახლეობას ჟვანია-სააკაშვილის ხსენებაზე გული ერევა. ვეჭვობ, ამ „ეროტიკული კასეტებით“ გუბერნატორებმა და სხვა ჩინოვნიკებმა ფულიც „გაათეთრეს“.
1999 წლის საპარლამენტო არჩევნების მერე ჟვანიას სპიკერობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა: კანცელარიამ სპეციალური სცენარიც დაამუშავა, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის პირველ სხდომაზე, სავარაუდოდ, დავით გამყრელიძე ჟვანიას ალტერნატივას „გააჩენდა“ და სპიკერის პოსტზე ნიკო ლეკიშვილის კანდიდატურას წარადგენდა. ნიკო ყოველთვის შევარდნაძისთვის „გაჭირვების ტალკვესი“ იყო... ჟვანია-შევარდნაძის ურთიერთობამ კულმინაციას 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მიაღწია. მართალია, შევარდნაძის საარჩევნო კამპანიას ჟვანია ხელმძღვანელობდა, მაგრამ იგი სიტუაციას რეალურად აფასებდა და პრეზიდენტს ეუბნებოდა, რომ მისი რეიტინგი არცთუ სახარბიელო იყო. ამიტომაც უმჯობესი იქნებოდა, შევარდნაძეს 59%-ით გაემარჯვა. შევარდნაძის კანცელარიული გარემოცვა გრძნობდა, რომ თუ ჟვანია პრეზიდენტს საბოლოოდ გაემიჯნებოდა, მათი დრო დადგებოდა. ამიტომაც პრეზიდენტს არწმუნებდნენ, რომ მისი პოპულარობა თანდათან იზრდებოდა. მეტიც, მათ შევარდნაძესთან თითქოს მოსახლეობის წერილებიც მიჰქონდათ. ამ წერილების პათოსი, დაახლოებით, ასეთი იყო _ ბატონო ედუარდ, ჩვენი ღმერთი ხარ! აქედან გამომდინარე, გადაწყდა, რომ არჩევნები შევარდნაძის სრული ტრიუმფით დამთავრდებოდა და გამოცხადდებოდა, რომ მას მხარი მოსახლეობის 91%-მა დაუჭირა, მაგრამ მერე გაახსენდათ, რომ ედუარდ შევარდნაძე ზვიად გამსახურდია არ იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას მთელი ერი ნდობას არ გამოუცხადებდა და ამიტომაც პროცენტები 79-მდე დაწიეს. 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მერე კანცელარიამ ჟვანიასა და მისი გარემოცვის კონფრონტაცია უკვე ღიად დაიწყო, რაც ნიშნავდა, რომ რეფორმატორებმა აღმასრულებელი ხელისუფლების დატოვება დაიწყეს“.
ზემოხსენებული ფარული ჩანაწერიდან, რომელიც ლამის 12 წლის წინაა გაკეთებული, ნათელი ხდება, რომ „ვარდების რევოლუციის“ ,,მოტორი'', შესაბამისად, პოსტშევარდნაძისეული საქართველოს მმართველი სწორედ ცხონებული ჟვანია უნდა ყოფილიყო, მაგრამ 2003 წლის 23 ნოემბრის მერე, ქართული პოლიტიკის ჩარხი უკუღმა დატრიალდა და... რევოლუციურმა ტრიუმვირატმა (ჟვანია-სააკაშვილი-ბურჯანაძე) საზოგადოებას ამცნო, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნებაო. ამ პრესკონფერენციის ამსახველ კადრებს თუ გავიხსენებთ, ცხადია, თვალწინ სააკაშვილის ცქმუტვაც დაგვიდგება...
ეროსის მემუარები
ხალხური მითოსით, „ვარდების რევოლუციის“ შემქმნელები მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე და აწ განსვენებული ზურაბ ჟვანია იყვნენ, თუმცა რომ არა ეროსი კიწმარიშვილი და, შესაბამისად, „რუსთავი 2“, ცხონებული შევარდნაძე, ალბათ, სახლში არ წავიდოდა. დიახ, ეროსი, რომელმაც, ნუგზარ საჯაიასი არ იყოს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა, „ვარდების რევოლუციის“ ,,რუხი კარდინალი'' გახლდათ და ამას არც თავად უარყოფდა. სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც კიწმარიშვილი გარდაიცვალა, ქართულმა ანალიტიკურმა პორტალმა _ „ფორ. გე“ „რუსთავი 2“-ის ყოფილი დამფუძნებლის მემუარების ნაწილი გამოაქვეყნა. „ვერსია“ კიწმარიშვილის მოგონებებიდან რამდენიმე მნიშვნელოვან ამონარიდს გთავაზობთ:
„ნინო ბურჯანაძის როლი 2003 წლის ნოემბრის მოვლენებში, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, უმნიშვნელოვანესი იყო. ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ის პარლამენტის თავმჯდომარედ და სახელმწიფოში მე-2 უმაღლესი თანამდებობის პირად რჩებოდა, ხოლო შევარდნაძის გადადგომის შემთხვევაში, ახალი პრეზიდენტის არჩევამდე, ნინო ბურჯანაძე შეასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას. ეს კი ოპოზიციას საშუალებას მისცემდა გარდამავალ პერიოდში აღმასრულებელი ხელისუფლება კონტროლის ქვეშ ჰყოლოდა და არჩევნები ხელსაყრელ გარემოში ჩაეტარებინა. რაც გამარჯვების შანსს ძალიან გაზრდიდა. 22 ნოემბერს, ახალი პარლამენტის დამტკიცების შემთხვევაში, სპიკერი, უდიდესი ალბათობით, შევარდნაძის სიის პირველი ნომერი და ბადრი პატარკაციშვილის უახლოესი მოკავშირე, ვაჟა ლორთქიფანიძე გახდებოდა და თუნდაც იმავე დღეს, ხალხის ზეწოლის შედეგად, შევარდნაძის გადადგომაც კი სააკაშვილს დიდად ვერ წაადგებოდა _ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ყველა პოლიტიკური ძალა მის წინააღმდეგ გაერთიანდებოდა. ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილება, პარლამენტის სხდომა არ გამართულიყო, ერთი მხრივ, მისი პრაგმატულობის დემონსტრირება იყო _ ის იბრძოდა პროცესებში საკუთარი მნიშვნელობის მაქსიმალური გამოყენებისათვის, მაგრამ მეორე მხრივ, მიუთითებდა შევარდნაძე-პატარკაციშვილის ალიანსის სისუსტეზე. მათ ვერ მოახერხეს ბურჯანაძისთვის ისეთი გარანტიების შეთავაზება, რომ სააკაშვილ-ბურჯანაძის პოლიტიკური წყვილი არ ჩამოყალიბებულიყო, წყვილი, რომელმაც საბოლოოდ წერტილი დაუსვა მათ რამდენიმეწლიან მცდელობას, გარიგებების გზით მომხდარიყო შევარდნაძის მემკვიდრის მოძებნა და მისი გაპრეზიდენტება... საინტერესო იყო, როგორ მოახერხა სააკაშვილმა ნინოსთან ჟვანიას ზურგსუკან სეპარატული ალიანსის შეკვრა, როცა ამ გაერთიანებით, პრეზიდენტი 100% ალბათობით, სააკაშვილი ხდებოდა, რაც რა თქმა უნდა, ნინო ბურჯანაძის გეგმებში თავდაპირველად არ იყო და ის და მიშა, 22 ნოემბრამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე, უმწვავეს პოლიტიკურ დაპირისპირების რეჟიმში აწარმოებდნენ საარჩევნო კამპანიას? იყო მინიმუმ ორი სუბიექტური მომენტი: 1. წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას კარგად ჩანდა ბურჯანაძე-დემოკრატების ალიანსის ხელოვნურობა, ჟვანიას გუნდის მხრიდან ბურჯანაძის მიმართ არსებული ზოგადი უნდობლობა და მიუღებლობა, რასაც არ შეიძლებოდა ნინოს მხრიდან, გრძელვადიან პერსპექტივაში, საპასუხო გაღიზიანება არ გამოეწვია. 2. მიხეილ სააკაშვილთან ბურჯანაძის მეუღლის, ბადრი ბიწაძის ნათესაური კავშირი. წლების შემდეგ, ბადრი ბიწაძე მიყვებოდა, ჭიათურის რაიონში, მათ სოფელში, ბავშვობაში, მიშა მდინარეში იხრჩობოდა და გადავარჩინეო. ნათესაურ კავშირზე დამყარებული ნდობა, დიდი ალბათობით, გახდა მათი პოლიტიკური გარიგების საფუძველი და რომელიც, როგორც ბევრი სხვა შეთანხმება, სხვა პარტნიორებთან მიმართებაში, სააკაშვილმა 2008 წელს დაარღვია და ყველაზე თანმიმდევრული და ერთგული უკანასკნელი პარტნიორი „გადააგდო“.
...2003 წლის 22 ნოემბრის 17 საათზე, სააკაშვილი და ბურჯანაძე, მომხრეებთან ერთად, პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან. აი, როგორ იგონებს ამას, 2008 წელს, რუს ჟურნალისტ პაველ შერემეტთან საუბრისას ნინო ბურჯანაძე:
„პარლამენტისკენ წასვლის და სხდომათა დარბაზში შესვლის გადაწყვეტილება ბოლო წუთს, მას შემდეგ მივიღეთ, როცა ტელევიზიით დავინახეთ, რომ შევარდნაძეს კვორუმი უჩნდება და ის პარლამენტის სხდომას ხსნის. ჩვენ გადავწყვიტეთ, პარლამენტში ჯგროდ არ შევვარდნილიყავით, სწრაფად გამოვყავით ხალხი, რომლებმაც ოფიციალური მონაცემებით მიიღეს პარლამენტის მანდატები და ისინი წინ გავუშვით“.
სააკაშვილის ვერსია იგივე პავლე შერემეტთან 2008 წელს მიცემულ ინტერვიუში ზუსტად ემთხვევა ჩემს ზემოთ ნათქვამს, რევოლუციის სამზადისთან დაკავშირებით:
_ ვინ გადაგაწყვეტინათ სხდომათა დარბაზში წასვლა?
_ მე თვითონ გადავწყვიტე
_ ეს როგორ? იჯექით, იჯექით, გადაწყვიტეთ და წახვედით?
_ ...ჩვენ ვცდილობდით მოლაპარაკებას. შევარდნაძის გადაყენების საკითხი ბოლო წამს დადგა, როცა მას არ სურდა ელემენტარულის შემჩნევა, რომ ჩვენ, უბრალოდ, გვქონდა უფლება იმაზე, რაც ამომრჩევლებმა მოგვცეს. მეტს ჩვენ არ ვითხოვდით _ მხოლოდ იმას, რაც დავიმსახურეთ. მოეცათ ჩვენთვის პირველი ადგილი და ის კიდევ წელიწადნახევარი იქნებოდა ხელისუფლებაში, ალბათ, საკუთარ მემკვიდრესაც გაიყვანდა პრეზიდენტად“.
დღეს უაპელაციო საზოგადოებრივი აზრია, რომ „ვარდების რევოლუცია“ ამერიკის შეერთებული შტატების უშუალო მხარდაჭერით და მონაწილეობით დაიგეგმა და ეს რევოლუცია კავკასიის რეგიონში რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ განახორციელეს ზოგადად ამერიკელებმა, ასევე, ჯორჯ სოროსმა და საქართველოში მათგან მხარდაჭერილმა პოლიტიკურმა ძალებმა. ამერიკის შეერთებული შტატების როლი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების და პროდასავლური განწყობის ფორმირებაში, რა თქმა უნდა, უდიდესი იყო. 1993 წლიდან მოყოლებული, აშშ-ს საელჩოს, ასევე, UშAID თუ სხვა ინსტიტუტების ამ მიმართულებით გაწეული ხარჯები და აქტივობები ნამდვილად შთამბეჭდავი იყო და შედეგიც მოჰქონდა, ასევე დიდი მხარდაჭერა განახორციელა ჯორჯ სოროსმა, თავისი ფონდის _ „ღია საზოგადოება საქართველო“ საშუალებით, რომელსაც ხალხში „სოროსის ფონდს“ ეძახდნენ. ამ ფონდის დაფინანსებამ, 1991-94 წლების სამოქალაქო ომის შემდგომ, ულუკმაპუროდ დარჩენილი უამრავი გამოჩენილი მეცნიერი, ჟურნალისტი თუ კულტურის მოღვაწე ელემენტარული, მცირე, მაგრამ აუცილებელი შემოსავლით უზრუნველყო, დააფინანსა ბევრი მნიშვნელოვანი სამეცნიერო, კულტურული თუ მედიაპროექტი, რამაც ჯამში, საზოგადოების განწყობის ფორმირებაში დიდი წვლილი შეიტანა, მაგრამ აი, რევოლუციის „მთავარი გმირი“ სააკაშვილი 2003 წლის 24 ნოემბერს, რევოლუციიდან მეორე დღეს, „რუსთავი2“- ის ეთერში გამოსვლისას აცხადებს, რომ მადლობელია იგორ ივანოვის (იმ დროს რუსეთის საგარეო მინისტრი) და ზოგადად, რუსეთის, ოპოზიციასა და შევარდნაძეს შორის დაპირისპირების მშვიდობიანი დარეგულირებისათვის. ის აღნიშნავს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საპროტესტო მიტინგზე მისვლით პრაქტიკულად მხარი დაუჭირა შევარდნაძის მოწინააღმდეგეებს, იყო ოპოზიციის უსაფრთხოების გარანტი, მხარეების მოლაპარაკების დროს. სააკაშვილმა განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ საქართველოში მომხდარ რევოლუციაში რუსეთმა უფრო მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ვიდრე აშშ-მ და ეს ნამდვილად ასე იყო, აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი და მთელი ამერიკული დიპლომატია, 2003 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით კი ნოემბრის მოვლენებში, ყველანაირად ცდილობდნენ კრიზისის განმუხტვას და ღიად უჭერდნენ მხარს ედუარდ შევარდნაძეს. ბეიკერის შევარდნაძესთან შეხვედრაც და ამ პერიოდის სხვა ამერიკული აქტივობები, მიზნად არ ისახავდა ე.წ. რეჟიმის შეცვლას, არამედ, მიმართული იყო მშვიდობიანი, ევოლუციური, საარჩევნო გზით პოლიტიკური პროცესის შემდგომი განვითარებისკენ. ამიტომ ეს რევოლუცია მათთვის სრულიად მოულოდნელი და დაუგეგმავი რისკი აღმოჩნდა, თუმცა შემდგომი ნაბიჯებით, მათ უსწრაფესად მოახერხეს სიტუაციის თავის სასარგებლოდ შემობრუნება, ახალ ხელისუფლებაზე სასურველი ზემოქმედება და გავლენის მოპოვება და საბოლოოდ, რუსეთს წარმატების შემდგომი განვითარების საშუალება აღარ მისცეს“.
,,ვარდების რევოლუცია'' _ მოსკოვური ნარატივი?
არავინ ელოდა, რომ 2003 წლის ნოემბრის „ცხელ“ დღეებში, თბილისს რუსეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, იგორ ივანოვი ესტუმრებოდა, რომელიც _ არც მეტი, არც ნაკლები _სააკაშვილ-ჟვანიას თანხლებით, პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეებს შეხვდა. ამ შეხვედრის ამსახველი კადრებიდან ნათლად ჩანს, რომ ივანოვის ვიზიტით „ვარდოსნები“ დაბნეულები არ არიან. ყოველ შემთხვევაში, ფოტოსურათზე, რომელიც სწორედ ამ მოვლენას ასახავს, მიხეილ სააკაშვილს ერთობ გაბადრული სახე აქვს.
საერთოდ, აზრი, რომ სააკაშვილი და, შესაბამისად, ,,ვარდების რევოლუციაც'' კრემლის პროექტი იყო, პოლიტიკურ კულუარებში დიდი ხანია, მუსირებს. საქართველოს სამხედრო კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი კი, რომელიც, დაახლოებით, სამი წლის წინ გავიცანი, ამტკიცებს, რომ სააკაშვილი ჩვეულებრივი ორმაგი მოთამაშეა ანუ ის რუსებმა თავის დროზე ამერიკელებს „შეუგდეს“. ამ მოსაზრების გასამყარებლად საქართველოს უშიშროების ორგანოების ყოფილ მაღალჩინოსანს ერთი კონკრეტული ფაქტი მოჰყავს, რომლის შესახებაც ფართო საზოგადოებამ არაფერი იცის. კერძოდ, 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების და, შესაბამისად, ინაუგურაციის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი, როგორც პრეზიდენტი, პირველი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში მიდის. ეს ვიზიტი ჩვენი თუ რუსული მედიით, ცხადია, ფართოდ გაშუქდა, მაგრამ როგორც სამხედრო კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, სააკაშვილის ამ „მოსკოვური ტურნეს“ დროს ორი _ საჯარო და საიდუმლო პროტოკოლი არსებობდა. „შემიძლია, ფაქტებით დავამტკიცო, რომ „ვარდების რევოლუცია“ ამერიკული კი არა, რუსული პროექტი იყო, რომელიც შესაძლოა, ლევან ვასაძისა და მისი რუსი მფარველის, კორპორაცია „სისტემის“ დამფუძნებლის, ევგენი ევტუშენკოვის ფულით ფინანსდებოდა“, _ მითხრა თავის დროზე ქართველმა სპეცსამსახურელმა და ისიც დასძინა, რომ სააკაშვილის პრეზიდენტად პირველი ვადით არჩევის შემდეგ, ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე, თბილისში ეფესბე-ს გავლენიანი მაღალჩინოსანი ჩამოვიდა. მოკლედ, პირადი ჟურნალისტური არქივიდან გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს უშიშროების ყოფილ თანამშრომელთან, რომელიც 2004 წლის 10-12 თებერვალს, პრეზიდენტყოფილ სააკაშვილის მოსკოვური ვიზიტის საიდუმლო დეტალებს ყვება და აქვე, განმარტავს, რომ ამ ვოიაჟს დროს, მიშას ბიძა, დედის ძმა თემურ ალასანიაც ახლდა, რომელიც სასტუმრო „გრანდოტელში“ ცხოვრობდა და რომელიც რუსეთის მთავრობის მაშინდელ წევრებს 30-30 წუთის განმავლობაში ტეტ-ა-ტეტ ესაუბრებოდა:
_ ეს ვიზიტი საქართველოს საგარეო საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა, გელა ბეჟუაშვილმა და რუსეთში საქართველოს იმდროინდელმა ელჩმა კოტე კემულარიამ მოამზადეს. ისე, სიტყვამ მოიტანა და, „ვარდების რევოლუციის“ დღეებში, თუ გახსოვთ, კოტე კემულარია მოსკოვს გაემგზავრა, თუმცა ვერ გეტყვით, იქ ვის შეხვდა... სააკაშვილის, როგორც პრეზიდენტის პირველი მოსკოვური ვიზიტის პროტოკოლი კი ძალიან საინტერესოა. მაშინ სააკაშვილი ისეთ ადამიანებს შეხვდა და შეხვედრები ისეთ ორგანიზაციებში გამართა, რომლებსაც ბოლო 9-10 წლის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკასა თუ ეკონომიკაზე დიდი გავლენა ჰქონდათ.
_ ეს შეხვედრები საიდუმლო იყო?
_ ყოველ შემთხვევაში, პროტოკოლის დეტალები, თუ ვის ხვდებოდა სააკაშვილი, არ გავრცელებულა და ოფიციალურად მხოლოდ ის ითქვა, რომ პუტინს შეხვდა. ეს შეხვედრა, დაახლოებით, სამსაათნახევარი გაგრძელდა. აქედან, ზუსტად ერთი საათის განმავლობაში, სააკაშვილი და პუტინი ერთი-ერთზე საუბრობდნენ.
მოდით, პროტოკოლს გავყვეთ:
2004 წლის 10 თებერვალს, სააკაშვილი მოსკოვში, დემოდოდოვოს აეროპორტში ჩაფრინდა და პირველი შეხვედრა „გიმო“-ში ანუ საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში გამართა, რომელიც რუსული სპეცსამსახურის, კერძოდ, დაზვერვის თანამშრომლების მომზადების ძირითადი ბაზაა.
_ სააკაშვილი „გიმო“-ში კონკრეტულად ვის შეხვდა?
_ იქ ორსაათიანი ლექცია წაიკითხა, რის შემდეგაც, ე.წ. ჩინურ ქალაქში, ილინკას ქუჩაზე გაემგზავრა და პრიმაკოვს შეხვდა. სხვათა შორის, იმხანად პრიმაკოვი ედუარდ შევარდნაძესთან დაპირისპირებული იყო და „ეს-ვე-ერს'' ანუ რუსეთის საგარეო დაზვერვას ხელმძღვანელობდა. სააკაშვილისა და პრიმაკოვის საუბარი საათნახევარი გაგრძელდა. „რაო-ეესის“ ცენტრალურ ოფისში კი, სააკაშვილი ჩუბაისს შეხვდა, რომელსაც, ასევე, საათნახევარს ესაუბრა. „ეხო მოსკვის“ პირდაპირ ეთერში საათიანი გამოსვლის შემდეგ, სააკაშვილი ვლადიმერ ევტუშენკოვთან გაემგზავრა.
_ ევტუშენკოვი ვინაა?
_ ევტუშენკოვი აქციონერთა ფინანსური კორპორაცია „სისტემის“ დამფუძნებელია, „სისტემის“ პირველი ვიცე-პრეზიდენტი კი, ლევან ვასაძე იყო. ევტუშენკოვისა და სააკაშვილის შეხვედრას ვასაძეც ესწრებოდა.
_ ექსპრეზიდენტის მოსკოვური ვიზიტის შეხვედრები ამით ამოიწურა?
_ არა. სააკაშვილი ზურაბ წერეთელსაც ესტუმრა და ამ, ასე ვთქვათ, წვეულებაზე სლავა ზაიცევი, ბელა ახმადულინა, ვინმე შახნაზაროვი, ნატალია დუროვა, ჟორეს ალფიონოვი, ცნობილი, ოდიოზური დიმიტრი როგოზინი, ასევე, მოსკოვში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები და რუსეთის ე.წ. კრიმინალური სამყაროს ქართველი წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
_ ამ „ავტორიტეტების“ ვინაობა თქვენთვის ცნობილია?
_ სახელები და გვარები არ ვიცი, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, „დედ ჰასანის“ ჯგუფის ტიპები იყვნენ.
_ ეს არაოფიციალური შეხვედრები იყო?
_ დიახ. მაგალითად, პრიმაკოვსა და ჩუბაისთან შეხვედრებზე პროტოკოლში არაფერია ნათქვამი. პროტოკოლით გათვალისწინებული იყო ლექციის წაკითხვა „გიმო“-ში და „ეხო მოსკვის“ ერთსაათიანი პირდაპირი ეთერი. სხვათა შორის, პროტოკოლში არც ზურაბ წერეთელთან სტუმრობაა მითითებული. სუფრაზე, რომელიც წერეთლის ოფისში გაიშალა, სააკაშვილი და როგოზინი ერთმანეთის გვერდიგვერდ ისხდნენ. სიტყვა-სიტყვით გეუბნებით, რაც როგოზინმა მიშას უთხრა: „ჩვენს შორის უთანხმოება დასრულდა და ამის შემდეგ ძალიან კარგი, თბილი ურთიერთობა გვექნება!“ როგოზინის ამ განცხადებაზე სააკაშვილს ცუდი რეაქცია არ ჰქონია. ცოტა ხანში, ის მოულოდნელად წამოხტა, სუფრა მიატოვა და „იტარ-ტასის“ პრესკლუბში გაიქცა. სააკაშვილის მოულოდნელი წამოხტომის გამო, სტუმრებმა უკმაყოფილება გამოხატეს.
ეს სამდღიანი ვიზიტი იყო _ მოსკოვში 10 თებერვალს ჩაფრინდა და 12-ში უკან გამოფრინდა. 11 თებერვალს, „გრანდ მარიოტში“ რუს ბიზნესმენებს, კერძოდ, „პრომიშლენაია როსიას“ ხელმძღვანელებს შეხვდა. ამ საათნახევრიან შეხვედრას გენერალოვიც ესწრებოდა. ეს ის გენერალოვია, რომელმაც მოგვიანებით, საქართველოში „კვარციტი“ და სხვა ეკონომიკური თუ ენერგოობიექტები შეიძინა ანუ საქართველოში რუსული ფულის შემოსვლას საფუძველი სწორედ ამ შეხვედრებზე ჩაეყარა. სხვათა შორის, ყველა ამ შეხვედრას თემურ ალასანიაც ესწრებოდა და ეს გასაკვირიც არაა, რადგან მაგალითად, გენერალოვი სწორედ სააკაშვილის ბიძის ძველი ნაცნობია. სააკაშვილი საქართველოში _ ჭიათურასა და ზესტაფონში ინვესტიციების განხორციელებაზე რუსეთის პრეზიდენტის ეკონომიკურ მრჩეველს, ტიტოვსაც ელაპარაკა. რუსული ფული სოფლის მეურნეობაში, მშენებლობაში, ნავთობისა და გაზის სექტორშიც უნდა ჩადებულიყო. სააკაშვილი რუსებს დაჰპირდა, რომ ისეთ საკანონმდებლო ბაზას შექმნიდა, რომელიც რუსულ ინვესტიციებს, საგადასახადო კუთხით, პრობლემებს არ შეუქმნიდა და თავისუფალი ოპერირების უფლება ექნებოდა. სხვათა შორის, გენერალოვი სააკაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციასაც დაესწრო...
ამ ვიზიტის დროსვე, სააკაშვილი მოსკოვის წმინდა გიორგის ეკლესიაში, სადაც წარმოშობით ქართველი მამა მაქსიმე მოღვაწეობს, აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ, დევნილებმა ყოფილ პრეზიდენტს „მუტანტი“ შეარქვეს. თავის დროზე ეს ტერმინი სალომე ზურაბიშვილმაც გამოიყენა.
_ დევნილებმა სააკაშვილს „მუტანტი“ რატომ შეარქვეს?
_ ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. როგორც ჩანს, მიშამ რაღაც ისეთი ჩაიდინა... ამ შეხვედრაზე სააკაშვილი ლტოლვილებს აფხაზეთში დაბრუნებას დაჰპირდა, თუმცა როგორც დააბრუნა, ვნახეთ. ყველაფერ ამის შემდეგ, სააკაშვილი კრემლში მივიდა, პუტინს შეხვდა და „ვარდების რევოლუციაში“ დახმარებისთვის დიდი მადლობა გადაუხადა. ასევე, მადლობა გადაუხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ პროცესებში ჩაერია და სისხლი არ დაიღვარა.
მაქვს ინფორმაცია, რომ 2004 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი-სამი დღით ადრე, თბილისში ეფესბე-ს მაღალჩინოსანი, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, პატრუშევის ერთ-ერთი მოადგილე იმყოფებოდა და სააკაშვილთან ორ-სამ საათიანი შეხვედრა გამართა.
_ სად?
_ ჩემი ინფორმაციით, ცეკა-ს ყოფილ შენობაში... რუსეთში ვიზიტისას, მიხეილ სააკაშვილი მთავრობის ხელმძღვანელს, კასიანოვსაც შეხვდა.
_ ეს ინფორმაციები ვინ მოგაწოდათ?
_ საელჩოს ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა.
_ ჩვენთვის რომ ვთქვათ, ზემოხსენებულ ცნობებში საგანგაშო რა არის?
_ ყველაფერ ამით დასტურდება, რომ ის, რასაც ეროსი კიწმარიშვილი თავის მემუარებში წერს, აბსოლუტური სიმართლეა, ანუ „ვარდების რევოლუცია“, როგორც გვეგონა, ამერიკული კი არა, წმინდა რუსული სახელმწიფო გადატრიალება იყო. პუტინმა საქართველოს ხელისუფლებაში ის ძალა მოიყვანა, რომელიც ისეთ ნაბიჯებს დგამდა, რაც წყ¬ალს რუსეთის წისქვილზე ასხამდა. ყველაფერ ამას კი, ჩვენი სტრატეგიული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემა და, რაც მთავარია, აგვისტოს ომი მოჰყვა.
_ თუკი „ვარდების რევოლუცია“ რუსული პროექტი იყო, სააკაშვილი რუს ჯაშუშებს რატომღა ებრძოდა ან ვლადიმერ ვლადიმერის-ძეს „ლილიპუტინს“ რატომ ეძახდა?
_ ეს სპეციალურად კეთდებოდა, რომ ყველაფერი სამხედრო კონფრონტაციამდე მისულიყო, რაც რუსეთს აწყობდა. 2008 წლის აგვისტოს ომმა, პრაქტიკულად, გეოპოლიტიკა, სახელმწიფოებრივი წესრიგი შეცვალა და მსოფლიოს ახალი გადანაწილება დაიწყო ანუ რუსეთმა თავისი აგრესიული პოლიტიკა გამოაჩინა და საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობის აღდგენას ცდილობს. სხვათა შორის, მოსკოვი სააკაშვილს მხარს 2007 წლის 7 ნოემბრის მერე, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებშიც უჭერდა.
_ ეს მხარდაჭერა რაში გამოიხატებოდა?
_ ამ პერიოდში ნაცმოძრაობის წევრები ძალიან ხშირად ვაშინგტონში კი არა, მოსკოვში დადიოდნენ.
_ მაინც, რომელი წევრები?
_ მაგალითად, მიხეილ მაჭავარიანი. ისიც გავიხსენოთ, „ვარდების რევოლუციის“ წინ რუსეთში ვინ დადიოდა. ამოიღონ 2003 წლის პირველი ოქტომბრიდან 1 დეკემბრამდე ინფორმაცია, თუ ვინ დაფრინავდა მოსკოვში.
_ ვინ დაფრინავდა?
_ როგორც ვიცი, გიგი უგულავა და გივი თარგამაძე. ასევე, მაქვს ინფორმაცია, რომ ამ პერიოდში მოსკოვს ხშირად რამდენიმე ძალოვანი მაღალჩინოსანიც სტუმრობდა. მათი ვინაობა ვიცი, მაგრამ ჯერ არ დავასახელებ, თუმცა იმას კი ვიტყვი, რომ დღესაც ძალოვან სტრუქტურებში მუშაობენ.
_ ხელისუფლებაში „ოცნების“ მოსვლის შემდეგ გაირკვა, რომ ბაჩო ახალაიას სიმამრის სახლში, თურმე, რუსი დიპლომატი ცხოვრობდა. ეს ყველაფერი ზემოთქმულთან კავშირშია?
_ რა თქმა უნდა. როცა შენს ოპონენტებს რუსეთის აგენტებს ეძახი და ამ დროს, შენი თავდაცვის მინისტრის სიმამრის კერძო საკუთრებაში ოფიციალური რუსეთის წარმომადგენელი ცხოვრობს, ეს რას ნიშნავს? აღსანიშნავია, რომ საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს და ეს ადამიანი ოფიციალური კრემლის ერთადერთი წარმომადგენელია, რომელსაც რუსეთის სადაზვერვო უწყებასთან, პირდაპირი თუ ირიბი, შეხება ექნება.
მოკლედ, ნაცმოძრაობას ყველაზე მეტად იმის ეშინია, რომ „ვარდების რევოლუციაში“ რუსული კვალი არ გამოჩნდეს, მაგრამ თუ ამ თემის გამოძიება დაიწყო, რუსული კვალი აუცილებლად გამოჩნდება და ნაცმოძრაობაც მაშინვე დამთავრდება.
სხვათა შორის 2004 წელს, მოსკოვში ვიზიტისას, მიხეილ სააკაშვილს საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი გელა ბეჟუაშვილი ახლდა. მის არაოფიციალურ შეხვედრებს კი, თემურ ალასანიასთან ერთად, ბეჟუაშვილი და რუსეთში საქართველოს მაშინდელი ელჩი კოტე კემულარიაც ესწრებოდნენ.
ვანო პავლიაშვილი

დაბრუნება დასაწყისში