Menu
RSS

...20 წელზეა მეტია, ქართული პოლიტიკის მძიმეწონიან მოთამაშედ ითვლება. ყოველ შემთხვევაში, არსებობს ერთგვარი დოგმა, გნებავთ, კონიუნქტურა, რომ მის სიტყვას პოლიტიკურმა ელიტამ ანგარიში უნდა გაუწიოს. ამბობენ იმასაც, რომ მას თამაში არ სჩვევია და მუდამ ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს. დიახ, ის საზოგადოების გარკვეულ ნაწილში რაღაცნაირად ქართველობის სიმბოლოდ ითვლება, თუმცა ალბათ, პოლიტიკური ირონიაა, რომ ამ ადამიანს ერთობ არაქართული სახელი ჰქვია.
 
სხვათა შორის, მისი სახელის ზუსტი ეტიმოლოგია უცნობია. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ირანული წარმოშობისაა და ქართველებს, განსაკუთრებით, დიდგვაროვნებსა თუ სამეფო შტოს წარმომადგენლებს ჯერ კიდევ 15 საუკუნის წინათაც ერქვათ.
ასე, მაგალითად, ქართლის ქრონიკებში ცნობილია ეგრისის მეფე გუბაზ I, რომელიც დაახლოებით, 456 წელს ბიზანტიის წინააღმდეგ აჯანყდა, თუმცა დამარცხდა და იძულებული გახდა, იმპერატორს კონსტანტინოპოლში ხლებოდა...
ბიზანტიელებს გუბაზ II-ც ებრძოდა, რომელიც ეგრისის სამეფოს მე-6 საუკუნეში მართავდა და რომელიც 554 წელს ბიზანტიელმა სარდლებმა მოკლეს...
ალბათ, გმირი მეფეების უკვდავსაყოფად, მადლიერი შთამომავლობა მდინარე სუფსის მარცხენა შენაკადს გუბაზოულს დაარქმევს...
საერთოდ, ამბობენ, ყველა სახელი გარკვეული კოდისა თუ აურის მატარებელიაო. ჰოდა, ეს ფილოსოფიურ-კარმული კანონზომიერება, ალბათ, X-ფაილის დღევანდელ პერსონაჟზეც ვრცელდება _ გუბაზ I-ისა და გუბაზ II-ის მსგავსად, გუბაზ, პირობითად რომ ვთქვათ, III-ც იბრძვის, იბრძვის, ოღონდ არა ბიზანტიელების, არამედ შინაური მმართველების წინააღმდეგ.
მოკლედ, ბრძოლა გუბაზ სანიკიძის ერთგვარი ბედისწერაა, თუმცა ზოგჯერ, ბრძოლისგან დაღლილს, ძილი მოერევა ხოლმე _ მე-8 მოწვევის პარლამენტში ჩასთვლიმა, ჩასთვლიმა და ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც საქვეყნოდ გააქილიკა. ასე რომ, სააკაშვილის პოლიტიკურ ქრონიკა-მემუარებში ის შეიძლება, ,,გუბაზ მძინარის'' მეტსახელით შევიდეს და არც ისაა გამორიცხული, რომ პრეზიდენტყოფილმა ,,გუბაზის ჩაძინება'' 310-ე ქართულ სირცხვილად მონათლოს, თუმცა ,,ვერსიის'' მიზანი მომავლის განჭვრეტა კი არა, წარსულის გახსენებაა, ანუ ხალხურ მითოსზე, მედიამასალებსა თუ სხვადასხვა პოლიტიკურ მოვლენაზე დაყრდნობით, ჩვენ, უბრალოდ, გუბაზ სანიკიძის X-ფაილს ვადგენთ. დასკვნას კი, ცხადია, ისტორია გააკეთებს.
მაშ, ასე: თითქმის ნახევარი საუკუნით უკან გადავინაცვლოთ და დავიწყოთ:
ცნობილი მამის ცნობილი შვილი
...და დგას ქრისტეშობიდან 1967 წელი, 2 თებერვალი...
საქართველოს ისტორიული დედაქალაქი ქუთაისი...
ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტდამთავრებულ ლევან სანიკიძეს ვაჟი შეეძინება და გასაკვირი სულაც არაა, რომ სიმონ ყაუხჩიშვილის ასპირანტი მემკვიდრეს მამის, ბაბუის ან დიდი ბაბუის კი არა, ისტორიული წინაპრების სახელს არქმევს.
ასე რომ, მომავალი პოლიტიკოსი ისტორიით დაბადებისთანავე ,,მოიწამლება'' _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტს რომ დაამთავრებს და 1987-88 წლებში, დამასკოს უნივერსიტეტში სტაჟირებას გაივლის, მუშაობას თსუ-ს აზია-აფრიკის ხალხთა ისტორიისა და ძველი მსოფლიო ისტორიის კათედრებზე დაიწყებს და მოგვიანებით, პოპულარულიც გახდება, თუმცა მანამდე, წლების განმავლობაში, ცნობილი მამის ჩრდილში უნდა იყოს.
მამა ანუ ლევან სანიკიძე კი მართლაც, პოპულარულია: ვაჟის შეძენის წინა წელს სადოქტორო დისერტაციას იცავს და პროფესორის წოდება ენიჭება; 1975-ში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრის გამგედ იწვევენ. ერთი წლის შემდეგ კი, ლევან სანიკიძის პოპულარობა ზენიტში ადის: მხატვრულ-დოკუმენტური თხზულების _ ,,უქარქაშო ხმლების'' გამოქვეყნებას იწყებს. მკითხველში, ასევე, დიდ ინტერესს იწვევს მწერლის სხვა წიგნებიც _ ,,ანტიკური ქვეყნების ისტორია'', ,,ამბავი კოლხი ასულისა'', ,,რომის იმპერია'', ,,მარიუსი და სულა'', ,,კვერთხი ეშმაკთა'', ,,კეისარიადა'', ,,სამას-სამასი'', ,,ალექსანდრე მაკედონელი'', ,,გიორგი სააკაძე'', ,,დედა ისტორია'', ,,დავით აღმაშენებელი'', ,,თამარიანი'', ,,სავედრებელი გიორგი ათონელისა'', ,,მესამე დასის საქართველო'', ,,წიგნი მოწამეთა'', ,,პონტოელნი'', ,,მკვლელობა ხობის წყლის პირას'', ,,პუნიკური ომები''...
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 2001 წელს, მწერალი კიდევ ერთ წიგნს _ ,,309 ქართული სირცხვილი; 777 ქართული სიქველე'' გამოაქვეყნებს, რომელსაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვება.
ამ დროს, მისი ვაჟი, ესე იგი, გუბაზ სანიკიძეც უკვე ცნობილი პოლიტიკოსია _ 1990 წელს, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის წევრი გახდა, ხუთი წლის შემდეგ კი, ანუ 1995 წელს, პარტიის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი დაიკავა.
1990 წლის პირველ დემოკრატიულ და მრავალპარტიულ არჩევნებში გუბაზ სანიკიძეს ამბროლაურელებმა უდიდესი ნდობა გამოუცხადეს _ უზენაესი საბჭოს დეპუტატობა ანდეს. ამის შემდეგ, X-ფაილის დღევანდელი პერსონაჟი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრი კიდევ ორჯერ გახდება: 1999 წლის მოწვევის პარლამენტში ,,აღორძინების'' სიით შევა (მაშინ ტრადიციონალისტები ასლან აბაშიძის ბლოკში იყვნენ), 2012 წელს კი გუბაზ სანიკიძე დეპუტატობას ,,ოცნების'' სიით ,,მიიღებს''. ამ დროს მისი ტრადიციონალისტობა უკვე წარსულია _ 2006 წელს, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, ტრადიციონალისტთა კავშირს, ესე იგი, აკაკი ასათიანს გაემიჯნება და პოლიტიკურ გაერთიანება ეროვნულ ფორუმს დააფუძნებს, პარალელურად, სათავეში ფორუმის თბილისის ორგანიზაციასაც ჩაუდგება.
ისე, ფორუმელობაც უკვე წარსულია _ რამდენიმე დღის წინ, გუბაზ სანიკიძემ ეს პარტიაც დატოვა, თუმცა ,,დაგვამშვიდა'', პოლიტიკაში ვრჩებიო.
,,მკვახე'' პოლიტიკოსი
ისინი, ვინც ახლოს იცნობენ ან გარკვეული საქმიანი ურთიერთობა ჰქონიათ, ამბობენ, რომ გუბაზ სანიკიძე ,,მოზგია''. ძნელი სათქმელია, ეს ,,მოზგობა'' რაში გამოიხატება, მაგრამ ხალხური მითოსით, სანიკიძის ყველა ნაბიჯი კარგად გათვლილი და აწონილ-დაწონილია. ამასთან, ის მოსაზრებაც არსებობს, რომ სანიკიძე მაშინ აქტიურდება, როცა გარკვეული პოლიტიკური კატაკლიზმებია მოსალოდნელი და თუკი მართლაც ასეა, მაშინ გამოდის, რომ დღეს თუ არა, ხვალ-ზეგ მაინც რაღაც ისეთი მოხდება, რაც ქართულ პოლიტიკას ყირაზე დააყენებს.
სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ სანიკიძეს პოლიტიკის ,,აყირავება'' თუ არა, მასების ემოციური მუხტის შეტანა ხელეწიფება. ყოველ შემთხვევაში, მისთვის ისეთი რადიკალური და მკვახე განცხადებები, რაც ადამიანს სულსა და გულში ხვდება, უცხო არაა. ასე, მაგალითად, იმ დროს, როცა ქვეყანაში, როგორც მაშინდელი ოპოზიციონერები ამბობდნენ, სააკაშვილის ტირანია მძვინვარებდა, სანიკიძეს შეეძლო, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ქუჩის აქციებზე არ დადიოდა, თათქარიძისთვის შეედარებინა ან ,,ნახირი'' ეწოდებინა.
ყველაფერ ამას საძიებო სისტემა Google-ც მოწმობს, რომელიც თანამედროვეობის ერთგვარი მემატიანეა. მოკლედ, თუკი Google-ში ჩაწერთ _ ,,გუბაზ სანიკიძე'', აუცილებლად, ,,ამოვარდება'' ის ფრაზები, რომლებიც X-ფაილის დღევანდელმა პერსონაჟმა 2007-2011 წლებში, სხვადასხვა ქუჩის აქციასა თუ მიტინგზე ,,წამოისროლა''. ,,ვერსია'' რამდენიმე ასეთ ფრაზას გაგახსენებთ:
,,ხალხი ამათი (ალბათ, ნაცმოძრაობის წევრები იგულისხმება, _ ვ.პ.) დამწვარი გვამებით ირბენს ქუჩებში!''
,,ვინც მიტინგზე არაა, თათქარიძეები არიან!''
,,ყველას სიები გვაქვს და მიშა რომ წავა, თქვენზე ნადირობა წავა!''
,,ამ ,,ახვრებმა'' ქვეყანა სამხეცედ აქციეს!'' _ ეს ფრაზა კი ბატონმა სანიკიძემ ჩემთან ინტერვიუში 2011 წელს თქვა. სხვათა შორის, ეს ის პერიოდია, როცა ქართულ პოლიტიკაში მთავარ ,,ნიუსად'' ე.წ. პოლიტიკური რვიანის გარშემო მიმდინარე მოვლენები ითვლებოდა. ამასთან, ამ დროს 26 მაისის ტრაგედიაც უკვე მომხდარ იყო. მოკლედ, ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე და, როგორც იტყვიან, განსჯისთვის ამ ინტერვიუდან რამდენიმე მძაფრ ამონარიდს გთავაზობთ:
,,გუბაზ სანიკიძე: _ ...დღეს პოლიტიკოსთა ლანძღვა-გინებაა მოდური, კი ბატონო, ხალხს აქვს უფლება, გვლანძღოს. გაიძახიან, აი, ოპოზიცია ერთმანეთს ჭამსო, მაგრამ გეკითხებით, საზოგადოების რომელი სეგმენტია შეკრული? მწერლები, კომპოზიტორები თუ სპორტსმენები ერთმანეთს ებრძვიან. დღეს ქართულ საზოგადოებას საერთო ზეამოცანა არ აქვს.
_ ოდესმე ჰქონდა?
_ როგორ არ ჰქონდა _ ეროვნული მოძრაობა, მაგრამ მერე ავურიეთ. დამოუკიდებლობა გვაქვს და ახლა უნდა დავადასტუროთ, გვაქვს თუ არა თავისუფლება, ანუ გვაქვს თუ არა უნარი, რომ წარმატებას თუნდაც ნაბიჯ-ნაბიჯ, დამოუკიდებლად მივაღწიოთ, თუ როგორც აქამდე ვიყავით, ისევ რუსეთის ან აშშ-ს იმედზე უნდა ვიყოთ?!
_ ბატონო გუბაზ, იქნებ, ერი დაბერდა და ყველაფერი ამის ბრალია?
_ არ არსებობს!
_ ეგებ, სააკაშვილი მართალია, როცა ამბობს, მენტალობის გამოცვლაა საჭიროო?
_ სააკაშვილს უნდა, მენტალობა უარესობისკენ გამოცვალოს და ამის სურვილი არ მაქვს. ჩვენთან სამოქალაქო საზოგადოება მაღალ დონეზე არაა, სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო. შეიძლება, პოლიტიკოსები არ ვარგოდნენ, მაგრამ გადავხედოთ, ესპანეთსა თუ საბერძნეთში რა ხდება, ყველაფერს ხალხი აკეთებს... ჩვენთან კი ზეამოცანა არ არსებობს.
_ ეს ზეამოცანა ხალხს ვინ უნდა მისცეს?
_ ხალხმა თვითონ უნდა დაისახოს, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება და რაღაც გამოსაცვლელია. როგორ უნდა გამოიცვალოს? _ რევოლუციით ან არჩევნებით და არჩევანი ამ ორს შორის უნდა გაკეთდეს...
_ ბატონო გუბაზ, ახლა, ქუჩაში რომ გავიდეთ და ხუთი ადამიანი გავაჩეროთ, ხუთივე თუ არა, ოთხი აუცილებლად იტყვის, რომ ასეთი ცხოვრება არ მოსწონს, ანუ ხალხს ზეამოცანა აქვს...
_ ეს შეფასებაა. ახლა, ადამიანმა ქმედებაზე უნდა იფიქროს, თუ როგორ უნდა გამოცვალოს...
_ შეიძლება ფიქრობს კიდეც, მაგრამ საზოგადოება დაშინებულია, ჩემო ბატონო...
_ კანონს ვერ მიიღებ, რომ მშიშარა ადამიანები მამაცად აქციო!
_ პრობლემა იქნებ ისაა, ცალკეული პოლიტელემენტები ხალხს თახვსა და სოროებში შემძვრალს რომ ეძახის? გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში ხალხის მისამართით გარკვეული საყვედური თქვენც წამოგცდათ, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა...
_ ვანო, ეს ხალხზე არ მითქვამს და თუ არ მივეჩვიეთ ტექსტის სწორად აღქმას და გაგებას, არაფერი გამოგვივა. მე მათზე ვთქვი, ვინც თავის ხმას 20 ლარად ჰყიდის. ის ხალხიც კი არ მიგულისხმია, ვინც ნაცმოძრაობას მხარს სულით და გულით უჭერს...
_ მედალს მეორე მხარეც აქვს _ იქნებ, ის 20 ლარი ამ ადამიანებისთვის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა?
_ გაჭირვება გამართლება არაა. გამიჭირდა და ამიტომ ყველაფერს გავყიდიო, ეგრე არაა, ჩემო კარგო...
იმ ათ ,,ზვერს'', 26 მაისს 12 წლის ბავშვს რომ ურტყამდა, სჯერა, რომ საქართველოს იცავდა? რას მეუბნებით? ის ,,ახვრები'' საქართველოს იცავდნენ? მხეცები არიან და სამხეცედ აქციეს ეს ქვეყანა! რა ჰგონიათ, რომ ის ბავშვი რუსეთი იყო და ეს ,,პატრიოტები'' ქვეყანას იცავდნენ, ის ,,ახვრები'', ისინი?!
...საქართველო ვანოს და მიშას ხელფასზე გაყიდული ქვეყანაა! კაცო, ქვეყნები იღუპებიან, ზოგი _ ომში, ზოგი _ ცეცხლში, ჩვენ კი ვანოსა და მიშას ხელფასით ვიღუპებით! ადამიანი გეუბნება, კი, მართალი ხარ, მაგრამ მე რომ ხელფასი მაქვს, რა ვქნაო? ამიტომ, ეს ქვეყანა უნდა გაქრეს? ქუჩაში ნებისმიერ გამვლელ-გამომვლელს იმდენივე ვალდებულება აქვს, რამდენიც _ მე და ეს მოძრაობა იარსებებს თუ არა, თითოეული ჩვენგანის გადასაწყვეტია!.. სულ ,,ვაი-უბედურებაში'' რომ ვართ, არ გვინდა, აქედან გამოვიდეთ? რევოლუცია საკუთარ აზროვნებაში უნდა მოხდეს. რაღაცაში პრინციპულები ხომ უნდა ვიყოთ, კაცო?! არის რამე საკითხი, რაშიც პრინციპულები ვართ?.. სამოქალაქო პროტესტი დილიდან საღამომდე, დილიდან მეორე დილამდეა. სადარბაზოებში ნაცმოძრაობის აგიტატორებს მოკაკვულები ხვდებიან, მოკაკვული არ უნდა შეხვდნენ, ქართველები მხრებში ცოტა გავიშალოთ, თორემ გაჭირვებამ დაჩიავება და გადაგვარება იცის!
საქართველო პარადოქსული ქვეყანაა _ რაც უფრო მძიმე მდგომარეობაში ვარდება, მით მეტი პერსპექტივა უჩნდება. ასეთი პერსპექტიული ქვეყანა დედამიწაზე მეორე არ მეგულება, რა! ჩვენ ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ, მაგრამ ვერ ვიყენებთ და თუ ატყობთ, ეროვნულ კანიბალიზმზე ვართ გადასულნი!
_ ,,ეროვნული კანიბალიზმიც'' ხელისუფლების ,,დამსახურებაა''?
_ ხელისუფლება შედეგია. ხომ არ დაგვავიწყდა, 2003-04 წლებში რა ტაშ-ფანდური იყო? ხომ გვქონდა ცრუ მოლოდინი? გიჟისგან ჭკვიანურს ველოდით, მაგრამ ეს ჩვენი პრობლემაა, რადგან გიჟი ჭკვიანურს არასოდეს გააკეთებს... 2004-05 წლებში სააკაშვილს დავით აღმაშენებელს არ ვადარებდით? ისე, საქართველოში პოლიტიკასა თუ თანამდებობიდან წასვლის მექანიზმი არ არსებობს. ეს ჩვენ თუ ვერ შევიმუშავეთ, არც მიშას აქვს შემუშავებული..''
,,არ ვარ საშუალო ბოთლი, რომელსაც ღვინის ქარხანა უშვებს!'' _ ეს კიდევ ერთი ამონარიდია გუბაზ სანიკიძის ინტერვიუდან, რომელიც 2010 წლის მარტში, ერთ-ერთ ქართულ ბულვარულ ჟურნალში გამოქვეყნდა. ამ ინტერვიუში სანიკიძე მაშინდელ ოპოზიციას, როგორც იტყვიან, კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებს. არადა, გავა წლები და, სანიკიძე, ,,ოცნების'' ფორმატში, სწორედ ამ ადამიანების გვერდით დადგება.
ისე, ბატონ გუბაზს შეიძლება, ამ დეტალის გახსენება არ ესიამოვნოს, მაგრამ როცა სანიკიძის X-ფაილის შესწავლა დაიწყო, ,,ვერსიამ'' ერთი მნიშვნელოვანი გარემოება აღმოაჩინა, ანუ იყო დრო, როცა ექსფორუმელი ბიძინა ივანიშვილს არცთუ დადებით კონტექსტში მოიხსენიებდა. ივანიშვილის მიმართ განსაკუთრებით აგრესიულ განცხადებებს სანიკიძე 2007 წლის სისხლიანი 7 ნოემბრის შემდეგ აკეთებდა და მას ხალხის დამრბევი სპეცრაზმისა თუ პოლიციის დაფინანსებაში ამხელდა.
სხვათა შორის, გუბაზ სანიკიძის ეს განცხადება იმ ბროშურაშიცაა შეტანილი, რომელიც თავის დროზე ივანიშვილის პრესსამსახურმა გამოსცა. მოკლედ, ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც 2008 წლის ივლისით თარიღდება, სანიკიძე აცხადებს: „ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის არის გამოცანა. ამ კაცზე დადის კარგი ხმები, რომ ის ქველმოქმედია, ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარება და ა.შ. მაგრამ, ივანიშვილზე ძალიან ცუდი ხმებიც დადის... დადის ხმები, რომ ის აფინანსებს სააკაშვილს და მის მიერ მიცემული ფულით 7 ნოემბერს დაირბა მიტინგი. ვინც ამ ხელისუფლებას ხელს უწყობს, ის კარგ საქმეში არ მონაწილეობს... ბიძინა ივანიშვილის მისამართით არსებობს უამრავი კითხვის ნიშანი და მე ამ კითხვებზე პასუხები არ მიმიღია“.
ამ განცხადებიდან გავა ზუსტად სამი წელი და... გუბაზ სანიკიძე ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლი გახდება, თუმცა მომავალი პრემიერის კრიტიკაზე, როგორც მაშინდელი ოფიციოზი, ანუ ნაცმოძრაობა იუწყებოდა, უარს მაინც არ იტყვის. ყოველ შემთხვევაში, 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე ქართულ ინტერნეტსივრცეს ფარული ჩანაწერები წალეკავს.
ცნობისთვის: ჩანაწერების ნაწილი ინტერნეტში ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესო სურმავას სახელით ,,აიტვრთება''. გუბაზ სანიკიძე ამ ჩანაწერების ორ-სამ ეპიზოდში ფიგურირებს.
ერთი ეპიზოდის თანახმად, ცნობილი მწერლის ვაჟი, ლამის ისტორიულ ფრაზას ამბობს, რომელიც მისი პოლიტიკური ბიოგრაფიის, ალბათ, ,,სავიზიტო ბარათად'' იქცევა: ,,ჩვენ ფული უნდა ვიშოვნოთ, რა. პოლიტიკა იქნება თუ არ იქნება, ,,მაყუთი'' უნდა ვიშოვოთ. რაც ყაზახეთში გავა რამე, ჩვენგან უნდა გავიდეს, ხილი იქნება, სასმელი თუ რაც იქნება. არაფერი არ მინდა, არც პრეზიდენტობა და არც _ არაფერი, მაგის დ.. მოვ...ან! ფული უნდა ვიშოვო, რა, მილიონერი უნდა გავხდე!''
იშოვა თუ არა ,,მაყუთი'', ანუ გახდა თუ არა მილიონერი, უცნობია, მაგრამ ფაქტია: მას მერე, რაც ზემოხსენებული ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, გუბაზ სანიკიძე სოციალური ქსელების ერთგვარ ვარსკვლავად იქცა. ასე, მაგალითად, Facebook-ში გვერდი _ ,,მე ფული უნდა ვიშოვო, მილიონერი უნდა გავხდე'' შეიქმნა, რომელმაც მილიონი დოლარის კუპიურა გაავრცელა, რომელზეც გუბაზ სანიკიძის პორტრეტი იყო გამოსახული. ამ გაშარჟებულ დოლარს ერთ საათში ასამდე გაზიარება და გაცილებით მეტი Like, ანუ მოწონება ჰქონდა (,,ვერსია'', როგორც იტყვიან, თვალსაჩინოებისთვის, ამ მილიონდოლარიანი კუპიურის ფოტოასლს აქვეყნებს).
ამასთან, ინტერნეტმომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა გვერდი _ ,,ღმერთო, გუბაზი გვესროლე ,,რაზგონით''.
არშემდგარი მილიონერის ქონება
რამეთუ სიტყვა ფულზე ჩამოვარდა, ბარემ, აქვე გავარკვიოთ, რა ქონებას ფლობს ექსფორუმელი.
საინფორმაციო პორტალ ,,ამბები.გეს'' მონაცემებით, გუბაზ სანიკიძე ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭყვიშში მიწის 60 000 კვადრატულმეტრი ნაკვეთის მესაკუთრეა, სოფელ ბიგეულში კი, _ 4200 კვადრატულმეტრის.
ამავე მონაცემებით, გუბაზ სანიკიძე თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე ცხოვრობს, თუმცა სახლი, რომლის ფართიც 150 კვადრატული მეტრია, როგორც ,,ამბები.გე'' იუწყება, მისი მეუღლის სახელზეა გაფორმებული.
სხვათა შორის, თბილისის მერის არჩევნების დროს გაირკვა, რომ გუბაზ სანიკიძის მისამართზე ადრე სოზარ სუბარი იყო დარეგისტრირებული, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობა იმიტომ ვერ შეძლო, რომ სანიკიძემ ბინიდან ამოწერა.
,,ჩემი ბინა, რომელიც იყო ცინცაძის №43-ში და დღესაც ქუჩის მხრიდან მიკრული აქვს ეს ნომერი, ნასყიდობის დოკუმენტშიც №43 წერია, ახალი გადანომვრით №49 გამხდარა. ამჟამინდელ №43-ში კი გუბაზ სანიკიძე ცხოვრობს. 15 ივნისის არჩევნებზე კი გამიკვირდა, როდესაც გუბაზ სანიკიძემ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი ბარათები მასთან მიიტანეს, მაგრამ ვიფიქრე, რომ შეეშალათ, რადგან ჩვენი ბინის ნომრები ერთმანეთს დაემთხვა და აღარ მიმიქცევია ყურადღება. მაშინ ჩვეულებრივად მივეცი ხმა. ამასობაში, გუბაზის ოჯახმა რომ ნახა, რომ მე მათ ბინაში ვარ ჩაწერილი შეცდომით, მიმართეს შესაბამის უწყებას, გაასწორეთო. იქიდან კი ამომწერეს, მაგრამ არც მე შემატყობინეს, არც _ გუბაზს და დროულად ვერ მოხერხდა, რომ ჩემს ბინაზე რეგისტრაცია გამევლო'', _ განაცხადა მაშინ სოზარ სუბარმა.
2014 წლის ქონებრივი დეკლარაციით, ,,თი ბი სი ბანკის'' მიმდინარე ანგარიშზე სანიკიძეს 300 ლარი ჰქონდა. იმხანად ბატონი გუბაზი მხოლოდ პარლამენტის წევრი კი არა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეც გახლდათ. შესაბამისად, ჯამაგირის სახით, 66 465 ლარი ჰქონია აღებული.
2014 წლის მონაცემებითვე, გუბაზ სანიკიძეს არ აქვს ავტომობილი და არც ძვირადღირებული საჩუქრები მიუღია. მისი სიმდიდრე ბიბლიოთეკაა, რომელიც იშვიათ გამოცემებს მოიცავს და რომლის ღირებულებაც, თურმე, 10 000 ლარს აღემატება.
სხვათა შორის, ყველა ჟურნალისტმა, ვინც პოლიტიკაზე მუშაობს, იცის, რომ სანიკიძე მობილურ ტელეფონს არ იყენებს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი არაოფიციალური ინფორმაცია არსებობს...
ისევ ჩანაწერები
რაც შეეხება ფარული აუდიოჩანაწერების მეორე და მესამე ეპიზოდებს, რომელთა ავთენტურობაც, სხვათა შორის, არ დადასტურებულა, ანუ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ,,ოცნებამ'' ამ საკითხის გამოძიება ყასიდადაც არ სცადა. მეტიც, ამ აუდიოფირებზე საუბარი კოალიციის ყველა წევრს, მათ შორის, გუბაზ სანიკიძესაც ნერვებს უშლიდა. ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ნაცმოძრაობა პოლიტიკურ მოუსავლეთში წავა, ,,იმედის'' ერთ-ერთ პოლიტიკურ თოქ-შოუში გუბაზ სანიკიძე იტყვის: ,,როგორც ჩანს, ჩემი მორჯულება რთული გახდა და ველოდები კიდევ ახალ
ჩანაწერებს. ხელისუფლება არ დებს ამას _ მე ასე მგონია. ეს საკითხი მარტო ჩემი პრობლემა არაა, ეს შენიცაა და მთელი საზოგადოების. მოსმენები შენზეც ექნებათ. ადამიანი ფხვიერი არსებაა, ყველას ჩვენ ჩვენი სისუსტეები გვაქვს, არავინ ანგელოზი არ ვართ, მაგრამ ძალიან მკაცრად უნდა განვსაზღვროთ, მე როცა ტელევიზორში გამოვდივარ, ვსაუბრობ ჩემს საჯარო საქმიანობაზე, ჩემს კერძო საქმიანობაზე არ ვისაუბრებ, ჩემს ოჯახში რაზე ვსაუბრობ, არავის საქმე არაა, ეს არის სხვისი წერილის კითხვა''.
მოკლედ, ზემოხსენებული აუდიოჩანაწერების ერთ-ერთ ეპიზოდში გუბაზ სანიკიძე ბერა ივანიშვილს ახსენებს, თუმცა ვინაიდან საკითხი დელიკატურია, ,,ვერსია'' ამ თემას არ განავრცობს.
კიდევ ერთ ეპიზოდში კი, რომელიც სავარაუდოდ, სანიკიძესა და უშიშროების ყოფილ მინისტრ ვალერი ხაბურძანიას შორის იმართება, ექსფორუმელი ამ უკანასკნელს სთხოვს, ციხიდან ერთ-ერთი ,,კანონიერი ქურდის'' გამოშვებაში დაეხმაროს.
2012 წლის 26 სექტემბერს, შსს-ში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება და ძალოვანი უწყების წარმომადგენელი ჟურნალისტებს განუცხადებს: ,,გვსურს, მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. 2012 წლის 23 სექტემბერს, ქალაქ თბილისში, დაკავებულ იქნა ქართველი ,,კანონიერი ქურდი'' დათო ხიზანიშვილი. ხიზანიშვილი მოქმედებდა ქართველი კანონიერი ქურდის, ლაშა შუშანაშვილის დავალებით. მის მიზანს წარმოადგენდა, მის მიერ შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფის მეშვეობით, დაშინებით და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარის გზით ზეწოლა მოეხდინა ამომრჩეველზე ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის სასარგებლოდ''.
შსს-ს წარმომადგენელი მედიას იმ ჩანაწერსაც გააცნობს, რომლითაც თითქოს შედგა გარიგება ,,ქართული ოცნების'' ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატ გუბაზ სანიკიძესა და ედუარდ შევარდნაძის მთავრობის უშიშროების მინისტრს, ამჟამად მოსკოვში მცხოვრებ ვალერი ხაბურძანიას შორის''.
,,მასალების მიხედვით, გუბაზ სანიკიძე ვალერი ხაბურძანიას თხოვს ციხიდან ერთ-ერთი ,,კანონიერი ქურდის'' გამოშვებას და სანაცვლოდ სთავაზობს ფულად ანაზღაურებას. რომელ კანონიერ ქურდზეა საუბარი, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს'', _ ნათქვამია ,,გეონიუსის'' მიერ მაშინ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იმავე დღეს, ანუ 2012 წლის 26 სექტემბერს, ქართული ინტერნეტმედია გუბაზ სანიკიძის კომენტარსაც გაავრცელებს: ,,ქურდებთან ცხოვრებაში არ მქონია ურთიერთობა, აბსოლუტურად სხვა გარემოში გავიზარდე. ეს სააკაშვილის ხელისუფლების ფაბრიკაციაა. თანამედროვე ტექნოლოგია იძლევა იმის საშუალებას, რომ ნებისმიერი ადამიანის ხმა ჩაწერო. რა ,,კანონიერი ქურდის'' ციხიდან გამოყვანა? ესაა სისულელე, სიბრიყვე და სააკაშვილის ხელისუფლების აგონია. ეს მასალები გაიკეთონ ერთ ადგილზე...
ვალერი ხაბურძანია ჩემი ბავშვობის მეგობარია და განსხვავებით ნაციონალური მოძრაობის წევრებისგან, ჯერ ბავშვებს რომ უნათლავენ ერთმანეთს და შემდეგ იჭერენ, მე ჩემს მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ. რამდენადაც მახსოვს, ხაბურძანია ,,ვარდების რევოლუციის'' გმირი იყო, ახლა, როდის აქეთ გახდა დამნაშავე? ვადასტურებ, რომ ის ჩემი მეგობარია, თუმცა ბოლო 4 თვეა არ მილაპარაკია''.
აღსანიშნავია, რომ გუბაზ სანიკიძესთან მეგობრობას არც თავად ვალერი ხაბურძანია უარყოფს. ასევე, ცნობილია, რომ სანიკიძე პრეზიდენტის მოვალეობის ორჯერ შემსრულებელთან, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთანაც მეგობრობს.
სხვათა შორის, 26 მაისის მიტინგის დარბევის შემდეგ, როგორც მაშინ ითქვა, ქვემო ქართლის ტყეებში დამალულ ბადრი ბიწაძეს სწორედ სანიკიძემ მიაკითხა. თავის დროზე, როცა ამის შესახებ ვკითხე, მახსოვს, ბატონმა გუბაზმა მომიგო:
,,გულწრფელად რომ გითხრათ, ამ ამბის გახმაურება არ მინდოდა, მაგრამ რადგან პრესაში ინფორმაციამ გაჟონა და ჟურნალისტებმა შეკითხვები დამისვეს, ვეღარ დავმალავდი... ისეთი უბედურებები მოხდა, რომ ამის თქმა საჭირო არ იყო. ჯერ ერთი, ის გავაკეთე, რაც საჭიროდ ჩავთვალე და დღესაც ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი. მეორეც, პოლიტიკა გასაგებია, მაგრამ ჩემთვის არის ჩემი ბიოგრაფია, ჩემი ცხოვრება, სადაც ჩემს თავს გარკვეულ უფლებას ვაძლევ და როცა ვნახე კადრები, რომ საავადმყოფოში ნინო ბურჯანაძე სრულიად მარტო იყო, მოვალე ვიყავი, მასთან მივსულიყავი და ნაკლებად მაინტერესებს, ვინ რას ლაპარაკობს. არავის საქმე არაა ჩემი და ნინოს ურთიერთობა''.
პოსტსკრიპტუმის ნაცვლად
ერთი სიტყვით, ასეთია ექსტრადიცონალისტისა და ექსფორუმელის არასრული X-ფაილი, რომელიც გუბაზ სანიკიძის შემდგომი პოლიტიკური მოღვაწეობის მიხედვით შეივსება.
მართალია, დღეს პოლიტიკაში ,,მარტოხელა მოთამაშეა'', მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდება და, ადრე თუ გვიან, რომელიმე ძველი ან, სულაც, ახალი პოლიტიკური გაერთიანების სახე გახდება ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სანიკიძე, როგორც პოლიტიკოსი, რომელზეც თავის დროზე იმასაც ამბობდნენ, რომ ვანო მერაბიშვილთან თითქოს რაღაც ფარული შეხება ჰქონდა, არ დაიკარგება, მაშასადამე, ვიდრე ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში პოლიტიკა იარსებებს, გუბაზ სანიკიძეც ამ ორბიტაზე დარჩება. ეგაა ოღონდ: ზოგჯერ კაშკაშა ვარსკვლავის ფუნქცია ექნება, ზოგჯერ კი _ ჩამავალი მზისა თუ მთვარის, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია: ჩვენებური პოლიტიკური ბაზარი გუბაზ სანიკიძის გარეშე, უბრალოდ, წარმოუდგენელია!..
ვანო პავლიაშვილი

დაბრუნება დასაწყისში