Menu
RSS

ვინ გადაიბირა, რა ფარული კავშირი აქვს აშშ-ს სამხედრო დაზვერვასთან და რატომ ებრძვის სასულიერო პირებს _ უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის X-ფაილის ყველაზე კონსპირაციული დეტალები

...ზუსტად იმ წელს, როცა საბჭოთა საქართველოს სათავეში ედუარდ შევარდნაძე მოვა, თსუ-ს დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტ გოგონას ვაჟი შეეძინება. ცნობები იმის შესახებ, რომ მელოგინე სამშობიაროში პარტიულმა ელიტამ მოინახულა, ხალხურ მითოსში არ მოიპოვება, თუმცა შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ზემოდან „ღია ბარათი“ გაუგზავნეს და დედობა ასე მიულოცეს. საერთოდ, 1972 წელი ქალის ბიოგრაფიაში „ოქროს ასოებითაა“ შესატანი: მსოფლიო პირველობის პრიზიორი და პრეტენდენტი სწორედ ამ წელს გახდა. პირველ წარმატებას კი გაცილებით ადრე მიაღწია _ 1966-დან 1969 წლამდე საბჭოთა კავშირისა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული სამ-სამჯერ დაიმსახურა. 1979 წელს, ოლიმპიური რეზერვის სკოლის დირექტორად ნიშნავენ, რაც არავის უკვირს, რამეთუ ნანა ალექსანდრია აქტიური, პოზიციური სტილის მოჭადრაკეა. წარუმატებელი არც მის მეუღლეს ეთქმის _ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებული ლევან ბოკერია, რომელიც 1965 წლიდან „თბილქალაქპროექტში“ მუშაობს, 1970 წელს, ბაიკალ-ამურის რკინიგზის მაგისტრალის დაბა ნიას დაგეგმარება-განაშენიანების პროექტში ერთვება; მოგვიანებით, თბილისის გამოთვლითი ცენტრისა და ბანკის შენობათა კომპლექსს დააგეგმარებს. 1983 წელს, ლევან ბოკერია არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელი ხდება, 1989-ში კი _ საქართველოს არქიტექტორთა კავშირის რესპუბლიკური გაერთიანება „საქარქპროექტის“ მთავარი არქიტექტორი. მოკლედ, ამ ბიოგრაფიული შტრიხებით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ ნანა ალექსანდრიასა და ლევან ბოკერიას ოჯახი „წითელი ელიტის“ ტიპური ნაწილია და ალბათ, საბჭოთა პრივილეგიებითაც სარგებლობს _ მინიმუმ, ხიზილალასა თუ სხვა ეგზოტიკურ საკვებ პროდუქტებს ცეკა-ს მაღაზიებში ყიდულობს. ჰოდა, ყველაფერ აქედან გამომდინარე, ლოგიკური იქნებოდა, თუკი ნანა ალექსანდრიასა და ლევან ბოკერიას მხოლოდშობილ ვაჟს პარტიული კარიერისკენ მისწრაფება ბავშვობიდანვე გაუჩნდებოდა, მაგრამ ერთი ქართული ანდაზისა არ იყოს, ყოველთვის ისე არ ქუხს, როგორც წვიმს...
,,გიგა ძალიან კარგი ბავშვი გახლდათ, მაგრამ მე არ ვიყავი მაინცდამაინც კარგი დედა, _ გაიხსენებს 2004 წლის მაისში, გაზეთ ,,ასავალ-დასავალისთვის'' მიცემულ ინტერვიუში ნანა ალექსანდრია, _ მისი ბავშვობა ჩემს აქტიურ მოღვაწეობას დაემთხვა. ხშირად მიწევდა საქართველოს ფარგლებსგარეთ შეჯიბრებებზე წასვლა და მასთან დაშორება. ამის გამო გიგას ალერგიული დამოკიდებულებაც კი ჩამოუყალიბდა ჭადრაკის მიმართ. ერთხელ, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის წინ ნანა იოსელიანთან პრეტენდენტთა ფინალური მატჩის პირველი პარტია წავაგე (თუმცა, გამარჯვებული მე დავრჩი) და რადიოში გამოაცხადეს, გიგას ტაში დაუკრავს, იფიქრა, წაგების შემთხვევაში მასთან დავბრუნდებოდი. საოცრად მგრძნობიარე იყო. საერთოდ, გიგა ყოველთვის დამოუკიდებელი გახლდათ და ცხოვრებაში ყველა პრინციპული გადაწყვეტილება თავად მიიღო. ყველას გვეგონა, რომ იგი ოჯახურ ტრადიციას გააგრძელებდა და მათემატიკის განხრით ჩააბარებდა უმაღლეს სასწავლებელში, მაგრამ გამოცდამდე რამდენიმე თვით ადრე გადაიფიქრა და საბუთები ისტორიის ფაკულტეტზე შეიტანა... მე და გიგა ორი დამოუკიდებელი პიროვნება ვართ, მაგრამ საერთო ფასეულობები გვაქვს. შესაძლოა, ამიტომაც ემთხვევა ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს. პრინციპულად ვიზიარებ გიგას პოზიციებს, თუმცა, ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა ოჯახში რაღაც დეტალებთან დაკავშირებით ცხარედაც გვიკამათია. სხვათა შორის, კამათში გიგა ოჯახის წევრებთანაც კი დაუნდობელი და უკომპრომისოა, მაგრამ ისიც უნდა ვაღიარო, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ვაანალიზებ პრობლემას, ვრწმუნდები, რომ გიგას მიერ გაკეთებული ანალიზი უფრო სწორი იყო.
ზოგჯერ, როცა დებატებში გამოსვლისას რაღაც არ მომხვდება ყურში ან კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით მისი პოზიცია არასწორად მიმაჩნია, ვეუბნები. იყო შემთხვევა, როცა მისი მანერები არ მომწონდა. მაგალითად, სულ თავიდან, როცა გიგა ტელეეკრანზე გამოჩნდა, მახსოვს, „ჟევაჩკას“ ღეჭავდა და ლამის შევღონდი, თუმცა საერთო ჯამში, იგი საინტერესო პიროვნებაა და ბევრი კარგი თვისება აქვს _ გულწრფელი და სუფთა პიროვნებაა. ხშირად ვხუმრობ ხოლმე, თუ ადრე გიგას ჩემი თავი ჭადრაკმა წაართვა, დღეს ჩემი შვილი პოლიტიკამ წამართვა-მეთქი, მაგრამ არ დავეძებ, მთავარია, საქმე გააკეთოს''.
...ერთადერთი, რაც გიგა ბოკერიას კომუნისტური ეპოქიდან „მემკვიდრეობით გადმოეცემა“, რელიგიისადმი დამოკიდებულებაა _ ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და 2003 წლიდან ქართული პოლიტიკის „რუხ კარდინალად“ სახელდებული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, ქართულენოვანი „ვიკიპედიის“ თანახმად, აგნოსტიკოსია.
ცნობისთვის: აგნოსტიციზმი ფილოსოფიური მოძღვრება და განსაზღვრული შეხედულებაა, რომელიც სამყაროს შემეცნების შესაძლებლობას მთლიანად ან ნაწილობრივ უარყოფს. ამასთან, აგნოსტიციზმი ეჭვქვეშ აყენებს მსჯელობის ჭეშმარიტების მტკიცებას ანუ აგნოსტიციზმის მიხედვით, ყველა მსჯელობა, რომელიც უმაღლესი ჭეშმარიტების ან აბსოლუტის, ღმერთის არსებობა-არარსებობას ეხება, უსაფუძვლოდ უნდა ჩაითვალოს, რადგან შემმეცნებელი ვერ გადავა მისთვის დაწესებულ ზღვარს და ჭეშმარიტ გნოსისს, ესე იგი, ცოდნას ვერ მოიპოვებს.
ყოველივე აქედან გამომდინარე, თუკი ვინმე გიგა ბოკერიას კითხავს, ღმერთი არსებობს თუ არაო, სხვა აგნოსტიკოსების მსგავსად, ალბათ, არც დადებითად უპასუხებს და არც უარყოფითად. ამ კითხვაზე მისი პასუხი, სავარაუდოდ, ასეთი იქნება: „არ ვიცი და არც შემიძლია, ვიცოდე“. სხვათა შორის, ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნის ბერძენი სოფისტი პროტაგორა თავის აგნოსტიკურ შეხედულებას ასე განმარტავდა: „ღმერთების არაფერი მსმენია, არც მათ არსებობაზე და არც რა _ მათ არარსებობაზე“.
ზოგი გიგა ბოკერიას ათეისტს ეძახის, მაგრამ ეს მცდარი შეხედულებაა, რამეთუ ათეიზმი, შესაბამისად, ათეისტი ღვთის ფაქტობრივ რწმენას უარყოფს, ესე იგი, ათეიზმი ღმერთის არქონას ნიშნავს. აგნოსტიციზმი კი, როგორც აღვნიშნეთ, ფილოსოფიური თვალსაზრისია ანუ აგნოსტიციზმი და შესაბამისად, აგნოსტიკოსი შეიძლება, ღმერთის არსებობას უშვებდეს, მაგრამ მისი შემეცნების შესაძლებლობას გამორიცხავდეს.
ასე და ამგვარად, ვინ არის გოგა ბოკერია _ ლუციფერთან წილნაყარი ღვთის მგმობელი, „რუხი კარდინალი“, ამერიკული სპეცსამსახურების ოპერატიულ კავშირზე მყოფი პოლიტიკური ფიგურა თუ, უბრალოდ, ჩვეულებრივი ლიბერალი, რომელიც სქესის, რასის, პოლიტიკური შეხედულებებისა და რელიგიური-სექსუალური იდენტობის მიუხედავად, ადამიანებს შორის „ძმობას, ერთობას“, თავისუფლებასა და თანასწორობას ქადაგებს?
საერთოდ, ბოკერიას X-ფაილი მრავლისმომცველია. შესაბამისად, ერთ საგაზეთო პუბლიკაციაში ყველა დეტალზე ყურადღების გამახვილება გაჭირდება, თუმცა „ვერსია“ შეეცდება, ქართული ლიბერალიზმის ფუძემდებლის ბეგრაუნდიდან ყველაზე საინტერესო და უცნობი ფაქტები გაასაჯაროოს. ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ. უბრალოდ, ვცდილობთ, ხალხურ მითოსს, ინტერეტმასალებს, პირად არქივსა თუ პოლიტიკურ კულუარებში გავრცელებულ არაოფიციალურ მასალებს თავი მოვუყაროთ და იმ ადამიანის პორტრეტი შევქმნათ, რომელმაც, ვინმეს უნდა თუ არა, თანამედროვე ქართული პოლიტიკური კლასის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. ასე რომ, წინამდებარე პუბლიკაცია ყურადღებით წაიკითხეთ და მერე თავად გადაწყვიტეთ, გიგა ბოკერია მასონია, პოლიტიკური დემონი თუ ანგელოზი?! მაშ ასე, მსჯელობას, როგორც იტყვიან, მშრალი ფაქტებით ანუ ოფიციალური ბიოგრაფიით ვიწყებთ...
მხოლოდ ფაქტები
სახელი _ გიორგი (გიგა)
გვარი _ ბოკერია
დაბადების თარიღი _ 1972 წლის 20 აპრილი
განათლება _ 1995 წელს, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, კვალიფიკაცია ისტორიკოსი, ისტორიის მასწავლებელი; ასევე, დამთავრებული აქვს დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ლისტერის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;
სამუშაო გამოცდილება _ 1996 წლის 15 აგვისტოდან 2004 წლის 5 მარტამდე იყო „თავისუფლების ინსტიტუტის“ ადამიანის უფლებათა პროგრამების კოორდინატორი, უფროსი იურიდიული მრჩეველი;
2004 წლის 22 მარტს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი და, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების კვოტით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. ამავე პერიოდში იყო ევროსაბჭოსა და ნატო-ს მუდმივმოქმედ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების წევრი;
2007 წელს გახდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;
2008 წლის გაზაფხულზე დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ, საიდანაც 2010 წლის დეკემბერში უშიშროების საბჭოს მდივანად და ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწედ გადაიყვანეს;
ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს;
ოჯახური მდგომარეობა _ დაოჯახებული.
ანათემა
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გიგა ბოკერია აგნოსტიკოსია. აქედან გამდინარე, ალბათ, ძალიან არც უდარდია, მიმდინარე წლის მარტში, მამა ბასილმა (მკალავიშვილი) ანათემას რომ გადასცა.
„ვაფრთხილებ ყველას, ნუ მიეცემით თვითდამშვიდებას, თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაშინ, როცა უფსკრულის პირას ვდგავართ. თუ არ გამოვფხიზლდით, დიდ სასჯელს მივიღებთ. მეტის მოთმენა მართლაც, არ შეიძლება, ხელისუფლების წარმომადგენელთა უპასუხისმგებლობა იძულებულს ხდის ჭეშმარიტ მორწმუნეს, გადადგას ის ნაბიჯი, რასაც იმსახურებენ ერის მოღალატენი, რამეთუ თითოეული ჩუენთაგანი რომ წარვდგებით საშინელ სამსჯავროზე, უფალი პასუხს მოგვთხოვს, როცა ქვეყანა იღუპებოდა, დუმდით, რატომ? რამეთუ დუმილით ღმერთს ვღალატობთ. წმ. მამები ბრძანებენ: „გიყვარდეს მტერი შენი, ებრძოდე მტერს მამულისას, გძაგდეს მტერი უფლისა“. იქედან გამომდინარე, რომ ზემოდჩამოთვლილმა პიროვნებებმა საშინელი ღალატი ჩაიდინეს ერისა თუ სარწმუნოების წინაშე, გვიგინებენ ჩვენს უფალს და მის მცნებებს, მე, როგორც სასულიერო პირი, ვერ გავჩუმდები.
...ეფესოს III მსოფლიო კრების მე-7 კანონი გვამცნობს: „ის, ვინც წინ აღუდგება ნიკეის I მსოფლიო კრების დადგენილებას და ებრძვის მართლმადიდებლობას, ერისკაცნი შეჩვენებულ იქმნეს“. ვისარგებლებ მსოფლიო კრებების დადგენილი დიდი სჯულის კანონით და ანათემას გადავცემ სარწმუნოების მოღალატეებს: წყეულ და შეჩვენებულ იქმნეს ბოკერია მეუღლით, გიგი თევზაძე, ირაკლი დეისაძე, ნინია კაკაბაძე, თეა თუთბერიძე, ზაზა ბურჭულაძე, ლაშა ბუღაძე, ზურაბ ქარუმიძე და ყველა ის პიროვნება, ვინც ებრძვის მართლმადიდებლობას. ანათემა ძალაშია 2016 წლის 14 იანვრიდან, სანამ პირადად არ მოვლენ ეს პიროვნებები ჩემთან და არ მოინანიებენ თავიანთ ცოდვებს (რათა მომავალ თაობაზე არ გადავიდეს).
მათ ქმედებას დიდი ხანია ვაკვირდები, იმდენად უსაზღვრო და უკიდეგანოა მათი ზიზღი ქართველი მართლმადიდებლებისადმი, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გათავისუფლდეს ჩვენი ბედკრული ქვეყანა ამ სულიწმიდის მგმობელებისაგან“, _ განაცხადა მაშინ გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ბასილმა, რომელიც ნაციონალების დროს სასჯელს იხდიდა.
 
სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბასილ მკალავიშვილი განკვეთილი მღვდელია _ ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 1996 წელს განკვეთა.
საერთოდ, მკალავიშვილი-ბოკერიას დუელს დიდი ხნის ისტორია აქვს. ინტერნეტმასალების მიხედვით, „ვარდების რევოლუციამდე“ ორი წლით ადრე ანუ 2001 წელს, ბასილ მკალავიშვილი და მისი მომხრეები თავისუფლების ინსტიტუტის რამდენიმე იმჟამინდელ ლიდერს, მათ შორის, გიგა ბოკერიას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის საბაბი ის გახდა, რომ ბოკერია და მისი თანამოაზრეები იეჰოვას მიმდევართა უფლებებს იცავდნენ. მკალავიშვილი კი, 90-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული, იეჰოვას მიმდევრებისა და სხვა არაკანონიკური რელიგიური მიმდინარეობების წინააღმდეგ „ცეცხლითა და მახვილით“ იბრძვის.
2001 წელს მომხდარ ინციდენტზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება 13 წლის შემდეგ გამოიტანა _ 2014 წლის ქართული ბეჭდური მედიის მონაცემებით, სტრასბურგმა იეჰოველების სასარგებლოდ, მათი დევნა-შევიწროებისთვის, საქართველოს ხელისუფლებას 50 000 ევროს გადახდა დააკისრა. ამ საკითხის კომენტირებისას, ბასილ მკალავიშვილმა სიტყვა ისევ ბოკერიაზე ჩამოაგდო და „საქართველოში მასონების აგენტურის მამამთავრად“ გამოაცხადა.
,,ბოკერია საზღვარგარეთიდან აურაცხელ გრანტს იღებს და მერე უნაწილებს იეჰოველებსა და სხვა სექტებს. კატეგორიულად მოვითხოვ ფაქტობრივი ხელისუფლებისგან, განსაკუთრებით სამართალდამცავი ორგანოებისგან, დროზე ჩამოაცილეთ ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას მართლმადიდებლობის მტერი ბოკერია. როგორ შეიძლება, 8 კაცის მკვლელი ტელევიზიით გამოდიოდეს და იქედან აქეთ გვიკითხავდეს მორალს?!“ _ ესაა ამონარიდი ბასილ მკალავიშვილის ინტერვიუდან, რომელიც ქართულ ბეჭდვურ მედიაში 2014 წელს გამოქვეყნდა.
მიმდინარე წლის ზაფხულში ანუ მას შემდეგ, რაც ყოფილი კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა, ბასილ მკალავიშვილმა ბოკერიას წინააღმდეგ მორიგი სკანდალური განცხადება გააკეთა და ის მხოლოდ მოლაშვილის კი არა, კიდევ 8 ადამიანის მკვლელობაში დაადანაშაულა.
2016 წლის 29 ივნისს, ქართულმა საინფორმაციო სააგენტო „ფრონტნიუსმა“ ბასილ მკალავიშვილის სკანდალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია:
„ორი კვირით ადრე ვიცოდი, რომ ციხის ბუნტი (ლაპარაკია 2006 წლის ე.წ. ციხის ბუნტზე, _ ვ. პ.) უნდა მომხდარიყო, მაგრამ რა ვიცოდი, რომ გიგა ბოკერიას, მიხეილ სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას დაგეგმილი ჰქონდათ სულხან მოლაშვილის მოკვლა. როდესაც სააკაშვილის მთავრობა გადავარდა, ერთი სპეცრაზმელი ტირილით მოვიდა ჩემთან და მომიტანა რკინის კეტი, მითხრა, რომ მას ეს კეტი ბოკერიას გაგზავნილმა კაცმა მისცა, რომ სულხან მოლაშვილისთვის და ჩემთვის კისერში დაერტყა და მოვეკალით.
ვაფრთხილებ დღევანდელ ხელისუფლებას, დროზე მიხედოს სააკაშვილს ნაძირალა სექტებს, როგორც გურამ შარაძე გაისტუმრეს იმ ქვეყნად, გაისტუმრეს სულხან მოლაშვილი, კიდევ ბევრს გაისტუმრებენ, დროზე მოაცილონ გიგა ბოკერია, რომელმაც 8 კაცი მოკლა ციხეში და დღეს თავისუფლად დადის. მოვუწოდებ პროკურატურას, სასწრაფოდ აღძრას საქმე გიგა ბოკერიას წინააღმდეგ, რადგან მე ვარ იმის უშუალო მონაწილე, როგორ ვარჩევდი მკვდარ პატიმრებს, დაჭრილი ავადმყოფებისგან, როგორ შევიტანე მორგში 8 მიცვალებული, ეს ხომ გიგა ბოკერიამ გააკეთა!“
საერთოდ, ბოკერიას და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ურთიერთობაზე ათას რამეს ამბობენ. ასე, მაგალითად, მას შემდეგ, რაც ნაცმოძრაობა სახელისუფლებო ვერტიკალს ჩამოსცილდა, ერთ-ერთ ქართულ გაზეთში გამოქვეყნდა კულუარული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბოკერია თავის დროზე ილია II-ს დახვრეტით ემუქრებოდა; მეტიც, ამავე გამოცემამ, ასევე კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით, ბოკერიას ფრაზასაც გაასაჯაროვა, რომელიც მან, თურმე, საკუთარ თანაგუნდელებს უთხრა: ,,მე იმას მაინც ვაცხადებ, რომ ათეისტი ვარ და ეკლესიაცა და პატრიარქიც ფეხზე მკიდია, თქვენ კი, დილით მიშასთან ერთად ლოცულობთ და საღამოს, მაგ თქვენ პატრიარქთან!.. ჩემი ნება რომ იყოს, ამ ხალხის გამომათაყვანებელ პატრიარქსა და მღვდლებს საკუთარი ხელით დავხვრეტდი!''
ეშმაკმა იცის, ამ სიტყვების ავტორი მართლა ბოკერიაა თუ არა. ასევე, დღემდე იმის დადგენაც ვერ მოხერხდა, აწ გარდაცვლილი სულხან მოლაშვილი რეალურად ბოკერიამ აწამა თუ ესეც ჩვეულებრივი მითოსია. სხვათა შორის, სულხან მოლაშვილის გარდაცვალების შემდეგ, ჩემს მეგობარს, დამოუკიდებელ ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც კონტროლის პალატის ნაწამებ ექსთავმჯდომარეს საპყრობილეში შეხვდა, ამ შეხვედრის დეტალების გახსენება ვთხოვე და ისიც ვკითხე, სულხანმა დაგიდასტურა, რომ ბოკერიამ აწამა-მეთქი.
მაია ნიკოლეიშვილი: _ ,,...სულხანმა მითხრა, რომელიღაც სართულზე ამიყვანესო.
_ რა თქვა, მე-7 საპყრობილეში მაწამესო?
_ არა, სამმართველოშიო... თვალახვეული ვიყავი და არ ვიცი, ლიფტით რომელ სართულზე ამიყვანესო. ვკითხე, რას გრძნობდი, ბეტონის თუ ხის იატაკს-მეთქი. კარი რომ იღებ-იხურებოდა, ხმა მესმოდა და მგონი, კაბინეტი იყოო. ისიც მითხრა, ვისი ხმაც ეცნო, „თბილისური მეტყველება“ იყოო, თუმცა მთხოვა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამას ნუ დაწერო.
_ ვინ დაასახელა, ვისი ხმა ეცნო?
_ გიგა ბოკერიასი...
_ სულხან მოლაშვილს თვალები ახვეული ჰქონდა და ერთ-ერთი მწამებლის ხმა, უბრალოდ, გიგა ბოკერიას ხმას მიამსგავსა, მაგრამ ხომ შეიძლება, შემცდარიყო?
_ რა თქმა უნდა. ყველაფერი ეს ძალიან სუბიექტურია...''
საიდუმლო ,,ლავ სთორი'' ამერიკელებთან
ვიდრე პოლიტიკოსი გახდებოდა, გიგა ბოკერია სამოქალაქო აქტივისტი იყო და ერთხანობა ჟურნალისტობდა კიდეც _ გადაცემები ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის'' ,,მეორე არხსა'' და ერთხანობა, ,,რუსთავი 2''-ზე მიჰყავდა. მერე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ,,თავისუფლების ინსტიტუტის'' მთავარ სახედ მოგვევლინა. სხვათა შორის, ამ ,,ენჯეოს,, ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ლევან ბერძენიშვილი გახლდათ. საერთოდ, ბოკერიასა და ქართველი თუ ამერიკელი რესპუბლიკელების, უტრირებულად რომ ვთქვათ, ,,ლავ სთორი'' მათთვის, ვინც ქართული პოლიტიკის ლაბირინთებში კარგად ერკვევა, უცხო არაა და სწორედ ეს ადამიანები ამტკიცებენ, რომ გიგა ბოკერია იმთავითვე ამერიკული რესპუბლიკური პარტიის ე.წ. ნეოლიბერალური ფრთის პროექტი და ამერიკული სამხედრო დაზვერვის რეზიდენტია, რომელიც სააკაშვილთან, რომლის რუსულ გავლენებზე ინფორმაცია არაერთხელ გავრცელებულა, მიზანმიმართულად შეაგზავნეს. შესაძლოა, ეს ბოკერიას X-ფაილის ყველაზე კონსპირაციული ვერსიაა, მაგრამ ამ კუთხით მსჯელობა ბოლოს დროს ანუ 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უფრო გააქტიურდა, როცა ნაცმოძრაობის ბოკერიას დაჯგუფებამ სააკაშვილის ინიციატივას ყურადღება არ მიაქცია და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.
ამავე კონტექსტში იმასაც ამბობენ, რომ ბოკერიამ სააკაშვილს ნაცმოძრაობა, უბრალოდ, ,,დააწერა''. შესაძლოა, არც უამისობაა, მით უმეტეს, ჯერ კიდევ მიშას ზეობისას პერიოდულად ვრცელდებოდა კულუარული ხმა იმის თაობაზე, რომ ნაცმოძრაობა ,,სასტავებად'' იყო დაყოფილი და აქედან ყველაზე მძლავრი ,,სასტავის'' ,,ბოსად'' სწორედ ბოკერია სახელდებოდა. დაახლოებით, ერთი წლის წინ კი, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი თითქოს ახალ პარტიას ქმნიდა, თუმცა ეს ცნობა არ გამართლდა...
ასეა თუ ისე, ყველაზე იდუმალებითმოცული ბოკერიას ამერიკული კავშირებია. რასაკვირველია, ხელაღებით ვერ ვიტყვით, რომ ის, მართლაც, თეთრის სახლის საიდუმლო სამსახურებთან თანამშრომლობს, მაგრამ მახსოვს, 2014-ში, ერთმა ქართველმა სპეცსამსახურელმა კონკრეტული ამერიკელი დამისახელა _ ბრიუს ჯექსონი და ლამის ასპროცენტიანი სიზუსტით მითხრა, ბოკერიას მფარველი სწორედ ჯექსონიაო. ჩავეძიე და გავარკვიე, რომ ჯექსონი აშშ-ს სამხედრო დაზვერვის ოფიცერია, მამამისი კი ,,სი-აი-ესის'' თანადამფუძნებელი იყო. ამასთან, ქართველმა სპეცსამსახურელმა ისიც მითხრა, სწორედ ჯექსონის ფაქტორით აიხსნება, რომ ,,ოცნებამ'' ბოკერია არ დაიჭირაო. სხვათა შორის, ალბათ, გახსოვთ, თავის დროზე ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოდან სერიოზული თანხა არამიზნობრივად ანუ ლობისტების მომსახურეობაში იხარჯებოდა და ეს მაშინ, როცა საბჭოს ბოკერია ხელმძღვანელობდა... თუკი ყოფილი პრემიერის ნათქვამი სიმართლეა, მაშინ საქმე უნდა აღძრულიყო, მაგრამ ამ თემამ, როგორც იტყვიან, ჩაილურის წყალი დალია. რატომ? _ ამ კითხვაზე გარკვეულ პასუხს ჩემი და საქართველოს უშიშროების ორგანოების ყოფილი მაღალჩინოსნის დიალოგი სცემს, რომელიც ჩვენს შორის ზუსტად ორი წლის წინ შედგა:
_ მთელ ამ რევოლუციურ პერიოდში ანუ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაში, ცენტრალური ფიგურა სწორედ გიგა ბოკერია იყო. ისე, რევოლუცია, ვარდებისას დაარქმევ, ტიტებისას თუ ნარინჯისფერს, სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი ფორმაა. საერთოდ, სახელმწიფო გადატრიალების სამი ფორმა არსებობს _ სამხედრო, რევოლუციური და ე.წ. მცოცავი... უცხო ქვეყნების ჩარევის გარეშე რევოლუციის მომწიფება, უბრალოდ, შეუძლებელია, რადგან რევოლუციას მხოლოდ დიდი ფული კი არა, შესაბამისი ადამიანური რესურსი და მომზადებაც სჭირდება... კარგად მახსოვს, 2005 წელს, სლოვაკეთში, კერძოდ, ბრატისლავაში ბუშის ვიზიტი.
_ უკაცრავად, ეს გიგა ბოკერიასთან რა კავშირშია?
_ ამ ვიზიტზე დასასწრებად საქართველოდან ორი ფიგურა _ გიგა ბოკერია და თინა ხიდაშელი იყო მიწვეული. შეხვედრა ღია ცის ქვეშ გაიმართა, ბუში სიტყვით გამოვიდა და ქართული რევოლუციის ახალგაზრდა ლიდერები წინა პლანზე ისხდნენ. ბუნებრივია, გაჩნდა კითხვა, თუ რა დამსახურებისთვის მიიწვიეს ბუშის ამ ვიზიტზე ის ფიგურები, რომლებიც ქართული საზოგადოებისთვის მაინცდამაინც ავტორიტეტებად არ ითვლებიან. ამ თემის შესწავლა უსაფრთხოების საკითხების ექსპერტებმა დაიწყეს და მეც, როგორც ჩემი საქმის პროფესიონალი, დავინტერესდი. სხვათა შორის, რევოლუციური პროცესი თავდაპირველად სერბეთში, მილოშევიჩის წინააღმდეგ განვითარდა, რასაც სისხლისღვრა და მილოშევიჩის გასამართლება მოჰყვა. სერბეთიდან რევოლუციურმა ტალღამ სლოვაკეთში, საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში გადაინაცვლა...
_ ,,ვარდების რევოლუციის'' დროს საქართველოში იგორ ივანოვი ჩამოვიდა. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, მაშასადამე, გიგა ბოკერია კრემლზეა ,,მიბმული''?
_ არა.
_ აბა, ,,რუსულ აჯაფსანდალში'' როგორ მოხვდა?
_ ეს ,,რუსული აჯაფსანდალი'' მას შემდეგ გაჩნდა, როცა შევარდნაძის წინააღმდეგ პროცესი დაიწყო _ რუსეთს შევარდნაძე არ აწყობდა და ამას მის წინააღმდეგ მოწყობილი რამდენიმე ტერორისტული აქტიც ადასტურებს. იცით, ყურადღებას შევარდნაძეზე რატომ ვამახვილებ? რატომ და, _ შევარდნაძე არც რუსებს აწყობდათ და აღარც _ ამერიკელებს. მათ საქართველოში თავიანთი გეოსტრატეგიული ინტერესი ჰქონდათ და ახალი სისხლი სჭირდებოდათ.
_ ესე იგი, შევარდნაძესთან დაკავშირებით რუსებისა და ამერიკელების ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა?
_ დიახ, დაემთხვა და ორივე მხარემ საქართველოში ოპერატიული თამაში დაიწყო ანუ ,,ვარდების რევოლუციაში'' მხოლოდ რუსული კი არა, აშშ-ს და დასავლეთის სპეცსამსახურებიც იყვნენ ჩართულნი.
_ ანუ, მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას დამეგობრება რუსეთისა და აშშ-ს სპეცსამსახურების დირექტივა იყო?
_ ასე პირდაპირ არ ხდება. არსებობს ინტერესები, რომლებიც დროთა განმავლობაში, ერთმანეთს ემთხვევა... დანამდვილებით ვიცი, რომ ბოკერიას რუსულ სპეცსამსახურებთან შეხება არ აქვს. ამასთან, შემიძლია, იმ ადამიანის ვინაობაც გითხრათ, ვის დავალებებსაც ბოკერია ასრულებს.
_ მაინც, ვის დავალებებს ასრულებს?
_ ბრიუს ჯექსონის.
_ ბრიუს ჯექსონი ვინაა?
_ ბრიუს ჯექსონი აშშ-ს სამხედრო დაზვერვის ოფიცერი და მხოლოდ აშშ-ში კი არა, სხვა ქვეყნებშიც ძალიან გავლენიანი ფიგურაა. მამამისი ,,სი-აი-ესის'' თანადამფუძნებელი გახლდათ და, როგორც ,,ფე-ბე-ერის'' დამაარსებელ გუვერს სცემენ პატივს, ასევე, პატივს სცემენ ჯექსონის მამასაც... მოკლედ, ყველა ამ რევოლუციის ავტორი სწორედ ბრიუს ჯექსონია. დოქტრინა კი, რომელსაც რევოლუციონერები ახორციელებდნენ, პროფესორ შორტს ეკუთვნის, რომელიც ,,საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის'' სათავო ოფისში გავლენიანი ფიგურაა და რომელმაც დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმძღვანელოს _ ,,დიქტატურიდან დემოკრატიამდე'' შექმნას ორმოცი წელი მოანდომა...
სხვათა შორის, 2005 წელს, როცა ჯორჯ ბუში საქართველოში ჩამოვიდა, ბრიუს ჯექსონი დელეგაციის ოფიციალურ სიაში არ იყო შეყვანილი, თუმცა საქართველოში იმყოფებოდა და ტელეკამერების წინ მიხეილ სააკაშვილთან ერთადაც გამოჩნდა _ სააკაშვილი ინტერვიუს, თუ არ ვცდები, მერიის ყოფილი შენობიდან აძლევდა და ბუშის ვიზიტზე საუბრობდა. ამ დროს, ბრიუსმა მხარზე ხელი მოხვია ანუ მიშას, როგორც სჩვევია, ზედმეტი მოუვიდა და ამ ჟესტით ჯექსონმა აგრძნობინა, რომ გაჩუმებულიყო...
 
_ ბრიუს ჯექსონმა იცოდა, რომ სააკაშვილი კრემლს ემორჩილებოდა?
_ შესაძლებელია, იცოდა და ეს ხელისგადახვევაც კონტროლის მექანიზმი იყო... როგორია, როცა არაოფიციალური პირი, რომელიც პროტოკოლით, დელეგაციის ოფიციალურ სიაში არაა, ასეთ ჟესტს აკეთებს...
_ თქვენი ინფორმაციით, ბრიუს ჯექსონმა გიგა ბოკერიას გადაბირება როდის და როგორ შეძლო?
_ ეს არ ვიცი... ალბათ, სოროსის დახმარებით... საერთოდ, მე-20 საუკუნის 50-60-იან წლებამდე ასეთი რევოლუციების მოწყობა ,,სი-აი-ესს'' ებარა. შემდეგ კი, კორუფციული მომენტები გაჩნდა, რადგან ამ საქმეში დიდი ფული ტრიალებდა. დიდმა ფულმა კი ყოველთვის ბიუროკრატების ჩათრევა იცის. ამიტომ, რევოლუციების მოწყობამ ეროვნულ-დემოკრატიულ და რესპუბლიკურ ინსტიტუტებში გადაინაცვლა. ამ უკანასკნელს კი ანუ რესპუბლიკურ ინსტიტუტს მაკკეინი აკონტროლებს.
_ რაღა დაგიმალოთ და დავიბენი: მაკკეინი სააკაშვილის მეგობარია, თუკი სააკაშვილი რუსების სპეცსამსახურების ქვეშევრდომია, მაშასადამე, მაკკეინიც პრორუსული განწყობისაა?
_ ამას არ ვამბობ, თან მაკკეინი სააკაშვილის კი არა, გიგა ბოკერიას მეგობარია. ამერიკელებს მეგობრების ,,გადაგდება'' არ სჩვევიათ, მაკკეინმა კი, ბოლო განცხადებით სააკაშვილი, პრაქტიკულად, აგვისტოს ომის დაწყებაში დაადანაშაულა.
_ თუ არ ვცდები, ექსპრეზიდენტმა ერთხელ ისიც თქვა, მაკკეინი ბიძაჩემიაო...
_ სააკაშვილი ბევრ რამეს ამბობს, მაგრამ ერთი, მაკკეინსაც ჰკითხეთ, არის მისი მეგობარი? ის ფიგურა, ვისაც ამერიკელები დღემდე ეყრდნობოდნენ და მომავალშიც დაეყრდნობიან, გიგა ბოკერიაა!
_ ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილი ამტკიცებს, რომ აგვისტოს 5-დღიანი ომის ერთ-ერთი შემოქმედი გიგა ბოკერიაა. თუკი 2008 წლის მოვლენები ამერიკელების ინტერესში არ შედიოდა, აბა, გიგა ბოკერია ,,ომის პარტიის'' ლიდერად რატომ მიიჩნევა?
_ ისე არ გამიგოთ, რომ გიგა ბოკერიას ვიცავ, მაგრამ ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ. ყოველ შემთხვევაში, მე სხვა ინფორმაცია მაქვს.
_ ყველაფერი, რასაც ამბობთ, არ გეწყინოთ და, ლირიკაა. გაქვთ კონკრეტული ფაქტი, რომლითაც დადასტურდება, რომ გიგა ბოკერია ამერიკულ სამხედრო დაზვერვასთან თანამშრომლობს?
_ ფაქტები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ამ ფაქტებზე საუბარი ჯერ არ მინდა.
_ რატომ? მაინც, რა ფაქტებია?
_ საუბარია შეხვედრებზე...
_ ანუ?
_ აშშ-ში გიგა ბოკერიას ვიზიტი ყოველთვის ბრიუს ჯექსონთან შეხვედრით მთავრდება... ასევე, მაქვს ინფორმაციაც, რომ ,,ვარდების რევოლუციის'' შემდეგ, გიგამ ბრიუს ჯექსონს ,,კმარას'' შავი მაისური აჩუქა, რომელზეც მუშტი იყო გამოსახული... ბოკერიასა და სააკაშვილს შორის ფარული დაპირისპირება ყოველთვის არსებობდა, თუმცა ბოკერია-უგულავასა და სააკაშვილ-მერაბიშვილის ფრთებს შორის კარგი ურთიერთობაც იყო ხოლმე, მაგრამ საბოლოოდ, მიშამ არჩევანი მერაბიშვილზე გააკეთა.
_ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს უშიშროების საბჭოს ბოკერია მართავდა...
_ უშიშროების საბჭოს მდივნობა, პრაქტიკულად, უჯარო გენერლობაა. უშიშროების საბჭოს წონა ედუარდ შევარდნაძის დროს ჰქონდა _ მაშინ ყველა ძირითადი გადაწყვეტილება სწორედ ამ უწყებასთან შეთანხმებით მიიღებოდა. სააკაშვილის დროს კი, გიგა ბოკერიას, როგორც უშიშროების საბჭოს მდივანს, შეზღუდული უფლებები ჰქონდა, თუმცა ინფორმაციას ფლობდა, თან პატარა ფიგურა არც ნაცმოძრაობაში იყო.
_ ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ სააკაშვილმა, თუკი, მართლა რუსებზე მუშაობს, ბოკერია ანუ ამერიკელების კაცი რატომ არ მოიცილა?
_ ვერ მოიცილებდა, რადგან ბოკერიას მოცილება სააკაშვილის მხრიდან იმის აღიარება იქნებოდა, რომ თავიდან ბოლომდე რუსული პროექტია! საერთოდ, საქართველო ორი დიდი იმპერიის სპეცსამსახურების საჯილდაო ქვად იყო გადაქცეული და ეს ბრძოლა ენჯეოებისა თუ პოლიტიკური სპექტრის დონეზე ჩანდა. სამწუხაროა, რომ ყველაფერ ამას ქართული სპეცსამსახური ყურადღებას არ უთმობდა. არადა, ქვეყნის სპეცსამსახური მხოლოდ რუსეთის კი არა, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა თუ ისრაელის დაზვერვის წინააღმდეგაც უნდა მუშაობდეს... მოკლედ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანულ თუ სომხურ სპეცსამსახურებზე რომ აღარაფერი ვთქვა, ორი დიდი მონსტრი მოქმედებს, რომლებიც თავისი გეოსტრატეგიული ინტერესების გატარებას ცდილობენ. იცით, ამას სპეცსამსახურების ენაზე რა ჰქვია? _ დაზვერვის სხვისი დროშის ქვეშ წარმოება. ეს რიგითი ადამიანისთვის შეიძლება, ცოტა გაუგებარი იყოს, მაგრამ რაც ვთქვი, გამგები გაიგებს...
ვანო პავლიაშვილი

დაბრუნება დასაწყისში