„მოსკოვს უნდა მივცეთ ტერიტორია, თორემ ზურგს შეაქცევს აფხაზეთს - ასეა?" - ოკუპირებულ აფხაზეთში დეფაქტო ხელისუფლებას მოსახლეობა აუჯანყდა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„აფხაზეთი რუსეთის მხარდაჭერის გარეშე, ვერ უზრუნველყოფს თავის კეთილდღეობასა და მშვიდობას“, – აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს.

ოფიციალურად, ეს ვიზიტები ეძღვნება რაიონის დეფაქტო მეთაურების ანგარიშებს წლის პირველ ნახევარში გაწეული სამუშაოს შესახებ. მაგრამ რეალურად, დეფაქტო პრეზიდენტი აშკარად ცდილობს, გადმოსცეს თავისი არგუმენტები აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ცნობილ ზღვისპირა კურორტ ბიჭვინთასთან მდებარე სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ.

ასლან ბჟანია უკვე ეწვია ტყვარჩელსა და ოჩამჩირეს, 22 ივლისს კი გუდაუთაში ჩავიდა. ყველა შეხვედრაზე ის ერთმნიშვნელოვნად განმარტავს იმ მოტივებს, რამაც აიძულა სოხუმი, მოეწერა ხელი ამ უკიდურესად საკამათო შეთანხმებაზე ერთი შინაარსით: სახელმწიფო აგარაკის მიცემა აუცილებელია, თორემ რუსეთი აფხაზეთს ზურგს შეაქცევს.

„შეგვიძლია თუ არა უზრუნველვყოთ კეთილდღეობა, მშვიდობა და სიმშვიდე რუსეთის მხარდაჭერის გარეშე? რა ალტერნატივა გვაქვს? გვყავს თუ არა მეზობლები, რომლებიც ერთნაირად დაგვეხმარებიან? სხვა მეზობელთან ომში ვართ – როგორ დავივიწყოთ ეს?

ზოგიერთ საზოგადო მოღვაწეს ან არ ესმის, ან ვითომ არ ესმის, რომ დასავლეთი დაინტერესებულია თითქოსდა დაგვეხმაროს. ეს არ არის სიმართლე. ვინმეს რომ უნდოდეს დახმარება, გვეტყოდნენ.

იქნებოდა თუ არა აღიარებული ჩვენი ქვეყანა, დიდ რუსეთს რომ არ გადაედგა პირველი ნაბიჯი? რუსეთიც იცხოვრებს ამ აგარაკის გარეშე, მაგრამ ვიცხოვრებთ თუ არა რუსეთის მხარდაჭერის გარეშე ჩვენ, ეს დიდი კითხვის ნიშანია“, – განაცხადა პრეზიდენტმა 20 ივლისს, ტყვარჩელის რაიონის აქტივისტებთან შეხვედრაზე.
ოჩამჩირეში მოსახლეობასთან შეხვედრაზე ამ არგუმენტმა არ გაჭრა. და ამ დროს ბჟანიამ ამოიღო ბოლო კოზირი, რომლის საჯაროდ გამოყენებას სხვა სიტუაციაში ძნელად თუ გაბედავდა:

„პუტინმა პირადად მთხოვა სახელმწიფო აგარაკის მის საკუთრებაში გადაცემა.“

აფხაზები უმეტესწილად პატივს სცემენ ვლადიმირ პუტინს. ზოგი თავის პრეზიდენტზე მეტადაც კი სცემს პატივს. რუსეთი აფხაზეთის მთავარ მოკავშირედ და პარტნიორად ითვლება. მაგრამ აფხაზეთში უკიდურესად მტკივნეული მიდგომაა ყველაფერთან დაკავშირებით, რაც აფხაზეთის სუვერენიტეტს ეხება, ხოლო ქონება და მიწა აფხაზურ აღქმაში სუვერენიტეტის განუყოფელი ნაწილია.
შეთანხმება რატიფიცირებული უნდა იყოს პარლამენტის მიერ. დეპუტატები კი ელოდებიან: თუ პრეზიდენტი საზოგადოებაში საპროტესტო ტალღის ჩაცხრობას ვერ შეძლებს, ნაკლებ სავარაუდოა, რომ სახალხო კრება გარისკავს დოკუმენტის დამტკიცებას.

ასლან ბჟანიას ეს კარგად ესმის და ამიტომაც გავიდა რეგიონებში, ხალხთან. მაგრამ ჯერჯერობით, რუსეთის პრეზიდენტის სახელის გამოყენებითაც კი, მან ვერ შეძლო უკმაყოფილების ტალღის ჩაცხრომა.
დატოვე ისე, როგორც იყო – რუსეთის მუდმივ გამოყენებაში?
შეთანხმების მოწინააღმდეგეები გვთავაზობენ დარჩეს ყველაფერი ისე, როგორც ადრე იყო – ეს სახელმწიფო აგარაკი რუსეთს სამუდამო სარგებლობაში გადაეცა 1995 წელს დადებული ხელშეკრულებით.

ახალ დოკუმენტში კი რამდენიმე პრობლემაა.

აფხაზეთის კანონმდებლობის 30-ზე მეტი დარღვევა

ჯერ ერთი, ხელშეკრულება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას – იურისტებმა მასში 30-ზე მეტი დარღვევა აღმოაჩინეს. ქვემოთ მოცემულ ვიდეოში ყოფილი დეპუტატი ჰარი კოკაია ამბობს, რომ ეს დოკუმენტი პარლამენტს წარედგინა, თუმცა დეპუტატებმა ბევრი შეცდომისა და დარღვევის გამო მის განხილვაზე უარი თქვეს.

„არ შეგვიძლია ამის გაკეთება კანონის ფარგლებში, თუ გვინდა ვაჩვენოთ ჩვენი ძმური ურთიერთობა? რატომ აქეზებს საზოგადოებას და რატომ აწყობს ასეთ სკანდალს? რატომ შეიქმნა [სიტუაცია], თითქოს [აფხაზეთში] ანტირუსული განწყობებია? ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი პარტნიორების, ვიცით რამდენს გვიხდის, რამდენს აკეთებს ჩვენთვის. ყველა აფხაზმა იცის ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელობა და ფასი“, – ამბობს კოკაია.
ამის შემდეგ რუსეთი შეიძლება დაინტერესდეს აფხაზეთის სხვა მიწებითაც, რაც აფხაზეთისთვის პირდაპირ პანდორას ყუთის გახსნის ტოლფასია.

ბევრი შიშობს, რომ პრეცედენტი გადაიქცევა „ლოკომოტივად“, რომელიც აუცილებლად წაართმევს აფხაზეთს სხვა აქტივებსაც.

სუვერენიტეტი არ უნდა იყოს ალიანსის ფასი

სინამდვილეში, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის მომავლის საკითხი სცილდება მის ტერიტორიას.

უპირველეს ყოვლისა, ეს არის გამოცდა აფხაზეთის ხელისუფლების სიცოცხლისუნარიანობისთვის. მის უნარს, ისეთი ურთიერთობები დაამყაროს თავის მთავარ მოკავშირესა და უსაფრთხოების გარანტორთან, რომ არ გადაიხადოს მოსკოვთან მეგობრობის ფასი ქვეყნის სუვერენიტეტით.

მენეჯმენტის მეთოდებში აშკარა უნებისყოფობის გამო, სწორედ ეს სუვერენიტეტი, გულწრფელად რომ ვთქვათ, ძალიან დაზარალდა ბოლო 15 წლის განმავლობაში.

მთელი მართვის სისტემის რეფორმირებაზე დაძაბული მუშაობის ნაცვლად, ხელისუფლებამ აირჩია თავისთვის ყველაზე მოსახერხებელი ვარიანტი – შეერთება რუსეთის ბიუჯეტთან.

 

წყარო - „ჯემნიუსი“