რომელი პარტიები შეუერთდებიან დღეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ აქციას

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინშია. ევროკომისია მოსაზრებას ევროკავშირის კითხვარზე საქართველოს მიერ გაგზავნილი პასუხების საფუძველზე ამზადებს. 24- 25 ივნისის სამიტზე კი ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები მიიღებენ გადაწყვეტილებას, მიენიჭება თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

იმის დასადასტურებლად, რომ საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს, სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ 20 ივნისს აქცია გამართავს, თუმცა შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე მსგავსი შინაარსის აქცია 16 ივნისს დააანონსა.  

„სირცხვილია“ სოციალურ ქსელში დაანონსებულ ღონისძიებაზე წერს:

ერთ კვირაზე მეტია, სამოქალაქო საზოგადოება ემზადება 20 ივნისის შეკრებისთვის, რომლის მიზანიცაა გააერთიანოს ქართველი ხალხი, მიუხედავად მათი პოლიტიკური, იდეოლოგიური თუ სხვა განსხვავებებისა. ისტორიული გადაწყვეტილების წინ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ ევროპელ პარტნიორებს უნდა აჩვენოს, რომ ევროინტეგრაცია ერთ-ერთი ისეთი იშვიათი საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში პოლარიზაცია არ არსებობს. წინააღმდეგობრივია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ევროინტეგრაციისთვის კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს, ამავდროულად ალტერნატიულ აქციას ნიშნავს და 20 ივნისის შეკრების ორგანიზატორებს ღონისძიების გაუქმებას სთავაზობს. არა და არასოდეს! ჩვენ ვიღებთ პრეზიდენტის მოწვევას 16 ივნისის აქციაზე და ვთავაზობთ, მანაც მიიღოს სამოქალაქო საზოგადოების თვითორგანიზებულ ჯგუფთა მოწვევა და დაესწროს შეკრებას “შინ ევროპისკენ”, რომელიც 20 ივნისს, 20 საათზე პარლამენტთან დაიწყება და ევროპის მოედანზე დასრულდება. ქვეყანაში, სადაც ახალ წელს ორჯერ ვზეიმობთ, არაფერი დაშავდება, თუ ევროინტეგრაციისადმი ერთგულებასაც ორჯერ აღვნიშნავთ“

თბილისში საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაანონსებული, ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია ევროპის მოედანზე დღეს, 16 მივნისს, 19:00 საათზე გაიმართება.

აქციის თაობაზე მოწოდება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა:

ეს იქნება საზოგადოება, მოსახლეობა ერთად დგომით, სადაც ყველა იქნება რიგითი მოქალაქე. მე, თქვენ და ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წევრები, ან ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ ყველა მოვა როგორც რიგითი მოქალაქე. იქ არც სიტყვები იქნება, არც განცხადებები, არც პლაკატები. თუ ვინმეს სიმღერა უნდა, შეუძლია, იმღეროს... დანარჩენი იქნება მხოლოდ დგომა, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის ევროპა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და მოუწოდა ევროკავშირის ელჩსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, რომ 16 ივნისის ღონისძიებას შეუერთდნენ. მან ასევე 20 ივნისის შეკრების ორგანიზატორებსაც მიმართა და აღნიშნა, რომთუ დაფიქრდებიან, შეიძლება გადაიდოს ეს გამოსვლა".

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აქციას რამდენიმე დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, მათ შორის გერმანიის და საფრანგეთის ელჩები შეუერთდებიან.

„ვერსია“ დაინტერესდა, რომელი პარტიების წარმომადგენლები აპირებენ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ აქციაზე მისვლას. გთავაზობთ პოლიტიკური ძალების საჯაროდ გაცხადებულ პოზიციას ამ საკითხზე:

16 ივნისის აქციაზე მისვლას გეგმავს პარტია „ლელო“, რომლის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ეს გადაწყვეტილება ასე განმარტა: „ამ დღეებში ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის საკითხი წყდება, ჩვენი ვალია, ვანახოთ ევროპას ქართველი ხალხის ურყევი არჩევანი, დავდგეთ ერთად ყოველგვარი პარტიული, ეთნიკური თუ რელიგიური მრწამსის მიუხედავად. “ლელო” იქნება 16-ის აქციაზეც და ყველას მოუწოდებს, რომ მოვიდნენ 20 ივნისის აქციაზე“.

აქციაზე მისვლას აპირებს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილიც. „დავაყენოთ საქართველო და ჩვენი წინაპრების ნაოცნებარი უფრო წინ და უფრო მაღლა! მივიდეთ 16-ში რიგითებად, ყველანი რიყეზე! მერე მივიდეთ 20-შიც, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე!“ - დაწერა ფეისბუკში ელისაშვილმა.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოზიციას, ირაკლი კობახიძემ 15 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ოცნება“ ემიჯნება 16 ივნისის აქციას. მისი თქმით, ევროინტეგრაციას საქართველოში მოსახლეობის 85% უჭერს მხარს და "ამ მოცემულობას მოუმზადებელი აქცია მხოლოდ დააკნინებს".

 „ევროკავშირმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სამართლიანობის პრინციპით საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიღწევების შეფასების საფუძველზე. სამართლიანი შეფასების პირობებში კი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არ აქვს. დაველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, გვაქვს რწმენა, რომ გაიმარჯვებს სიმართლე და სამართლიანობა, რაც ის ღირებულებებია, რომელსაც ევროკავშირი შექმნის დღიდან დაეფუძნა.

როდესაც ასეთი მოუმზადებელი აქცია იგეგმება, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოცემულობა, მოსახლეობის 85%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას და ასეთ დროს, როდესაც შენ ატარებ მოუმზადებელ აქციას, სადაც იქნება სერიოზული ხარვეზები, ასეთ დროს ჩვენ მოუმზადებელ აქციას უნდა გავემიჯნოთ. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული ინიციატივა“

16 ივნისის აქციას არ უერთდება „ნაციონალური მოძრაობაც“. პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია წერს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს და არ აგვარებს იმ „უმძიმეს ამბავს“, რომელიც მისივე შეფასებით ბრიუსელში დახვდა.

„არ იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს დასახელებული პრობლემების მოსაგვარებლად და ნიშნავს აქციას.

რომელ პრეზიდენტის მიერ დასახელებულ ან ბრიუსელში მოსმენილ პრობლემას აგვარებს 16 ივნისს დაგეგმილი აქცია?! 20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას... “ წერს მელია.

16 ივნისის აქციას არ უერთდება „ევროპული საქართველოც“. პარტიის წარმომადგენელი ლელა ქებურია ჟურნალისტებთან აცხადებს:

„სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ 16 ივნისის აქციას „ევროპული საქართველო“ არ უერთდება, რადგან ჩვენი ევროპელი მეგობრების ყველა გზავნილში, რეზოლუციის ჩათვლით, საუბარია იმაზე, რომ მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ივანიშვილი და მისი ხელისუფლება.

მათ მკაფიოდ გვითხრეს, რომ ჩვენი, ქართველი ხალხის, გადასაწყვეტია, რას ვირჩევთ, ევროპულ მომავალს თუ ივანიშვილის ხელისუფლებას. 16 ივნისის აქცია ემსახურება მიზანს, რომ თითქოს ქართველი ხალხის ნება და ბიძინა ივანიშვილის სურვილები არის იდენტური. შესაბამისად, „ევროპული საქართველო“ არ აპირებს ამ გზავნილის განმტკიცებაში ხელისუფლებისთვის ხელის შეწყობას“,

ნეტგაზეთთან“ საუბარში „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ პარტიულად 16 ივნისის აქციას არ შეუერთდებიან, თუმცა მათი წევრების ნაწილი შესაძლოა, იყოს დაინტერესებული ამ შეკრებითაც.

„პარტიულ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, შეიძლება გავიაროთ. ჩვენი წევრების კონკრეტული ნაწილი იქნება, ალბათ, დაინტერესებული ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზე... საერთოდ ასე არ ხდება ხოლმე, როდესაც მოულოდნელად, ტელევიზიებით განუცხადებენ პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას, ახლა აქ მოდითო.

 არც „ქართული ოცნება“ მივა იქ და არც „ნაციონალური მოძრაობა“ ასე ინდივიდუალურად, არაპარტიულად. ვვარაუდობ, იქნება კამერული ღონისძიება“, – ამბობს დავით ბერძენიშვილი.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე „ნეტგაზეთთან“ განმარტავს, რომ პარტიას თავად აქვს კამპანია #ერთადევროპისკენ, რომლის ფარგლებშიც ისინი რეგიონებში დადიან. შესაბამისად, 16 ივნისისთვის პარტია თბილისში არ იქნება – „ჩვენი ტურის ფარგლებში 17-მდე არ ჩამოვდივართ“.

„მე მაინც მოვერიდებოდი ისეთ რამეს, რაც პრეზიდენტმა გააკეთა. რადგან დაანონსებულია ერთი აქცია უკვე, ახლა მეორე აქცია და ხალხის გაყოფა.. მე სწორად არ მიმაჩნია. პარტიულად არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, მაგრამ თუ ვინმეს უნდა ჩვენს მხარდამჭერს იქ მისვლა, ნამდვილად არ დავუშლით.

20 ივნისის აქციას, რა თქმა უნდა, ვუერთდებით. ჩვენთვის ევროპაში ინტეგრაცია იმდენად მნიშვნელოვანია, იქ რაღაც პირობები, მაგალითად, მიკროფონის არგაცემა პოლიტიკოსებზე და ა.შ. მეათეხარისხოვანია. ჩვენთვის მთავარია ერთიანობა და ევროპული არჩევანი ვაჩვენოთ“, – აცხადებს მანჯგალაძე.

გიორგი გახარიას პარტია - „საქართველოს“ არც ერთ აქციას არ უერთდება - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა ტელეკომპანია „პირველს“ განუცხადა.

„არც ერთ აქციას არ ვუერთდებით. ცოტა გაკვირვებული ვარ, ქალბატონმა პრეზიდენტმა რატომ დაასახელა კიდევ ერთი აქცია, როგორც ერთგვარი გამოსავალი. იმის ნაცვლად, რომ ყველანი ორიენტირებული ვიყოთ, თუ როგორ დავარწმუნოთ ჩვენი პარტნიორები და განსაკუთრებით, სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნები, რომ არ დარჩეს და არ აღმოჩნდეს საქართველო იზოლირებული ოკუპანტ რუსეთთან – ამის ნაცვლად მთელი ყურადღება გადმოტანილია აქციებზე“.

პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ  აქციაზე წასვლა/არწასვლის საკითხს პარტიის წევრებისა და მხარდაჭერების გამოკითხვის შემდეგ გადაწყვეტს:

„მეგობრებო, ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც საკითხზე, თუ რომელ აქციას უნდა შევუერთდეთ – 16 ან/და 20 ივნისის, აზრს ვეკითხებით საკუთარ წევრებს და მხარდამჭერებს, რადგან ჩვენ რეალურად გვჯერა პირდაპირი დემოკრატიის და არა როგორც მხოლოდ სალაპარაკო მასალად. ამჟამად სოციალურ ქსელში პირდაპირი თუ სატელეფონო გზით მიმდინარებს გამოკითხვა პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს შორის. სწორედ ხალხის პოზიციის მოსმენის შემდეგ პარტია მიიღებს იმ გადაწყვეტილებას და გააკეთებს იმას, რასაც ხალხი დაუკვეთავს”, – აღნიშნავს ანა დოლიძე.

პრეზიდენტის ინიციატივას „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ასე ეხმაურება:

"ვინც დაიჯერეთ რომ 17-ში წყდება ამბავი, ამიტომ 16-ში შეგვიძლია ვუშველოთ, 20-ს უკვე აზრი აღარ აქვს, გა**ევებენ ხალხო, თან ყველა პუნქტში".

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო რაქვიაშვილი კი აქციის 18 ივნისს გამართვის ინიციტივით გამოდის.

პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მისი საქმე არ არის, ვინ რომელ აქციაზე წავა, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ როდესაც სამოქალაქო საზოგადოება ასეთი მნიშვნელოვანი თარიღისთვის ემზადება, პრეზიდენტის ინიციატივა არა გაერთიანებას, არამედ გახლეჩას ემსახურება. ხოშტარია აქციას 20 ივნისს უერთდება.

„ვერსია“ ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს,გიორგი გუგავას ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ 16 ივნისის აქციას არ უერთდებიან:

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის აქცია მათი პარტიის გადასარჩენად, შესაბამისად, მათ აქციებს არასდროს ვუერთდებით. რაც შეეხება 20 ივნისის აქციას, ეს არაა პარტიული აქცია და ამიტომ ჩვენი მხარდამჭერები შეუერთდებიან“.