„ანიგოზის“ წარმატების საიდუმლო

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქართული კაკლის გადამამუშავებელი საწარმო საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელია

შპს „ანიგოზი“ კაკალს საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩაიბარებს. ფერმერებმა, როგორც მინიმუმ, 100 კილოგრამი თხელნაჭუჭიანი „ჩანდელის“ ჯიშის კაკალი უნდა ჩააბარონ. კომპანია „ანიგოზი“ კაკლის გადამამუშავებელი, სრულად ქართული საწარმოა, რომელიც 2021 წელს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში გაიხსნა. კომპანიას ახალგაზრდა, ნიჭიერი და ენერგიული მეწარმე, ანა ქევხიშვილი ხელმძღვანელობს. ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა - მთლიანობაში, საუბარია 2 500 000 ლარის ინვესტიციაზე. „ანიგოზის“ საწარმო ხაზი ფრანგულია, რომლის მაქსიმალური წარმადობა 500 ტონა კაკლის გადამუშავებაა.  საკუთარი ბაღების გარდა, „ანიგოზი“ მცირე ფერმერებისგან შეძენილ პროდუქტსაც იბარებს. მნიშვნელოვანია, რომ მზა მასალა - ლებნები, ბაზარზე ვაკუუმ-შეფუთვით, „გუდვილისა“ და „აგროჰაბის“ ქსელში  იყიდება.

„ანიგოზი“ კაკლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადამამუშავებელი საწარმოა, რომელიც ფერმერებს საშუალებას აძლევს, საკუთარი ნედლეული ევროპული სტანდარტებით გადამუშაონ. თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური საწარმო სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სერტიფიკატს - FSSC 22 000-ს ფლობს. „ვერსიას“ შპს „ანიგოზის“ დამფუძნებელი, ანა ქევხიშვილი ესაუბრება.

 

- ანა, როგორ გაჩნდა შპს „ანიგოზის“ შექმნის იდეა?

- დაახლოებით, შვიდი წლის წინ შევეზიარეთ ამ სფეროს. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ბევრი ფერმერი დაინტერესდა კაკლის ბაღების გაშენებით. კაკალი აქტუალური პროდუქტია და ბევრი მიზეზიდან გამომდინარე, აქცენტი სწორედ ამ პროდუქტზე გავაკეთეთ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში კაკალი ძალიან მოთხოვნადია, მაგრამ ძირითადი მიზეზი ისაა, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით ხორციელდება ნედლეულის იმპორტი და გვინდოდა, ადგილობრივი წარმოებაც განგვევითარებინა. გარდა ამისა, კაკალი ყოველთვის დეფიციტურ პროდუქტად ითვლება, განსაკუთრებით, სეზონის განმავლობაში - საახალწლო პერიოდში.

კახეთში გვქონდა ვენახები, მაგრამ გვინდოდა ახალი კულტურა გაგვეშენებინა. ბევრი დაბრკოლება გავიარეთ, ბაზარი კარგად შევისწავლეთ და თავისუფალი ნიშა დავინახეთ - აღმოვაჩინეთ, რომ კაკლის ბევრი ბაღია, რომლებიც სწორად ვითარდებიან, თუმცა ქვეყანაში არ არსებობდა გადამამუშავებელი ჯაჭვი, რგოლი, რომელიც ფერმერებისგან, მათ მიერვე მოყვანილ პროდუქციას შეიძენდა და უახლესი ტექნოლოგიური საშუალებებით გადაამუშავებდა. ამ მიმართულებით, ცოდნა გავიღრმავეთ და მივხვდით, რომ თუ გვინდა, კაკალი საექსპორტოდ იყოს მისაღები, მით უფრო, ევროკავშირის ბაზრისთვის, აუცილებლად უნდა დაგვეკმაყოფილებინა ტექნოლოგიური სტანდარტი - საერთაშორისო მოთხოვნა, რომლის მიხედვით, ნედლეული უნდა გადამუშავდეს პირველ 48 საათში.

უფრო ზუსტად, მოსავლის აღებიდან 48 საათის შემდეგ, ფერმერი ჩვენთან უნდა მოვიდეს, რათა ნედლეულის ხარისხი შევამოწმოთ. შედეგის მიხედვით განვსაზღვრავთ, ჩავიბარებთ პროდუქციას, თუ არა, ან გადავამუშავებთ და უკან გავატანთ. ჩვენი საწარმოს მთავარი გადამამუშავებელი ხაზი ითვალისწინებს კაკლის რეცხვას, შრობასა და კალიბრაციას. ამის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, იწყება სწორად გამომშრალი კაკლის ტეხვა.

ზოგადად, ხარისხის მხრივ, გასული 2021 წელი ძალიან რთული იყო, რადგან როგორც კი მოსავლის აღების დრო მოვიდა, უხვნალექიანი დღეები დადგა - გადაუღებელი წვიმების გამო, ფერმერები ვეღარ შედიოდნენ ბაღებში. შედეგად, კაკლის თითქმის ყველა ბაღი დაგვიანებით დაიკრიფა, გარდა ამისა, სეტყვაც მოვიდა და არაერთი ბაღი დაზიანდა. წელს, ყველას გვაქვს მოლოდინი, როგორც მოსავლის მზარდი რაოდენობის, ასევე ხარისხის მხრივ. გვგგონია, რომ 2022 წელს, საექსპორტო ბაზარი კიდევ უფრო კარგად გაიცნობს ქართულ კაკალს. რეალურად, ჩვენი მიზანიც ესაა - როგორც ქართული თხილია ცნობილი, გვინდა, ამგვარი ცნობადობა კაკლის კულტურაზეც გავზარდით.

- საექსპორტო პოტენციალზე აუცილებლად გკითხავთ, თუმცა მანამდე, სულ ახლახანს მიღებულ ჯილდოზე ვისაუბროთ, რომელიც სურსათის უვნებლობის გამო მიიღეთ, ხომ?

- დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სერტიფიკატი გახლავთ სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით. ესაა ძალიან მაღალი დონის, გლობალური სტანდარტი, რაც მთავარი წინაპირობაა, ევროკავშირის ბაზარზე, თუმცა სხვა ბაზრებიც ითხოვენ ამ სტანდარტს და ამ დონის სერტიფიცირებას საწარმოში. სხვათა შორის, ჩვენთან იყო ჩამოსული საერთაშორისო აუდიტი, რომელმაც კომპანიის სრული მონიტორინგი განახორციელა, საწარმომ სამდღიანი შემოწმება გაიარა და საბოლოოდ, მივიღეთ სერტიფიკატი - FSSC 22 000. დაახლოებით, ექვსი თვის განმავლობაში ვმუშაობდით სერტიფიცირებასა და გლობალური სტანდარტის დანერვაზე საწარმოში.

- უკვე თქვით, რომ ადგილობრივი ბაზარი იმპორტირებული კაკლითაა გაჯერებული, „საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც „ვერსიაში“ უკვე გამოქვეყნდა, კაკლისა და ზოგადად, კაკლოვანი კულტურების ძირითადი იმპორტიორი უკრაინაა. მცირე რაოდენობით შემოდის რუსეთიდან და ჩინეთიდანაც. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, წელს, ამ ქვეყნებიდან პროდუქტების იმპორტს ნაკლებად უნდა ველოდოთ. ამ რეალობის გათვალისწინებით, წარმოებას გაზრდას და ადგილობრივი ბაზრის სრულად ათვისებას ხომ არ გეგმავთ?

- დიახ, ვგეგმავთ. ზოგადად, უკრაინული ნიგოზი ქართული კაკლის მთავარი კონკურენტი იყო. იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში ომია, ცხადია, წელს, იმპორტის ნაწილში დეფიციტი შეიქმნება. თუმცა გამოსავალი არსებობს - კაკლის დეფიციტს ქართული ნედლეული აგვარიდებს. მეტიც, შარშანდელთან შედარებით, ფერმერები წელს გასამმაგებულ მოსავალს ელოდებიან. მაგალითად, თუ შარშან 110 ტონა ნედლეული გადავამუშავეთ, წელს ეს მაჩვენებელი გასამმაგდება. შარშან, ჩვენმა კომპანიამ ნედლეული კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონების ფერმერებისგან მიიღო. 2021 წელს, ადგილობრივი ენდემური ჯიშების კაკლის გადამუშავება ვერ მოვახერხეთ, რადგან ნაჭუჭის სისქიდან გამომდინარე, ჩვენი დანადგარები უძლურია ასეთ პროდუქტთან მიმართებაში. სხვათა შორის, გადამუშავების სხვა ტექნოლოგიაც არსებობს, მაგალითად, ხელით მტვრევა, რასაც აუცილებლად დავნერგავთ, თუმცა ამას დრო და გამოცდილება სჭირდება.

- ანა, მართალია, წელს ადგილობრივი ბაზრის ათვისებას აპირებთ, მაგრამ მაინც გკითხავთ, ექსპორტსაც ხომ არ გეგმავთ და თუ გაქვთ უკვე მონიშნული ქვეყნები, სადაც ქართულ კაკალს შეიტანთ?

- რა თქმა უნდა, საექსპორტი ბაზარი ჩვენი სამიზნეა. იქიდან გამომდინარე, რომ შარშანდელთან შედარებით, წელს გასამმაგებული ოდენობის პროდუქციას ჩავიბარებთ, ვფიქრობ, ექსპორტისთვისაც მზად ვიქნებით. თუმცა, მცირე საექსპორტო მოცულობებს გავუშვებთ, რადგან არ გვინდა, ადგილობრივ ბაზარზე დეფიციტი შევქმნათ. ახლა იმ ეტაპზე ვართ, რომ ვაგზავნით ნიმუშებს სხვადასხვა ქვეყნებში, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, როგორც ეროკავშირის, ასევე „გალფის“ ქვეყნებთან (ბაჰრეინი, კატარი, ქუვეითი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ომანი, საუდის არაბეთი). გარდა ამისა, ვიყავით საერთაშორისო გამოფენაზე კატარში, რაც „ანიგოზისთვის“ პირველი გამოფენა გახლდათ და ძალიან დიდი დაინტერესებაც გამოხატეს ჩვენს მიმართ. ახლა რამადანის პერიოდია და ერთი თვის მანძილზე, კონტაქტი შეზღუდულია, თუმცა მაისში, კატარის რამდენიმე ქსელის წარმომადგენელი აპირებს ჩამოსვლას, წარმოების დათვალიერება სურთ, რათა ხარისხსა და დანერგილ სტანდარტებში დარწმუნდნენ.

ქართული კაკლის ექსპორტის თვალსაზრისით, „გალფის ქვეყნები“ არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იქნება. რა თქმა უნდა, ევროკავშირის ბაზარზეც საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა, მაგრამ ქართული პროდუქციის ცნობადობის პრობლემაა. უფრო ზუსტად, მათ იციან, რომ კაკალს რამდენიმე დიდი ქვეყანა - კალიფორნია, ჩილე, უკრაინა აწარმოებს და არ იციან  საქართველოზე, როგორც კაკლის მწარმოებელ ქვეყანაზე. ამიტომ ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია დაგვიჭერს მხარს და ბევრ გამოფენაზე წარვადგენთ ჩვენს პროდუქციას, რათა გაიცნონ ქართული კაკალი და ნიგოზი. ზუსტად ასე მოიპოვა ქართულმა თხილმაც პოპულარობა და წარმატებული ბიზნესურთიერთობები განავითარა.