„თუ რუსი ტურისტები ლტოლვილის სტატუსს მიიღებენ, მათ ბინიდან გამოსახლებას მარტივად ვერ შეძლებთ“ - ინტერვიუ მიხეილ რამიშვილთან

ექსკლუზივი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ია გრიგალაშვილი

 რუსეთსა და ბელარუსში დაწესებული სანქციების შემდეგ მათი მოქალაქეების ნაწილი საქართველოში წამოვიდა. ისინი ამბობენ, რომ მათ ქვეყანაში ცხოვრება გაუსაძლისია და რამდენიმე თვით აქ დარჩენას გეგმავენ. შესაბამისად, მათი მხრიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა უძრავ ქონებაზე. ბოლო რამდენიმე დღეა, ყველა ამ თემაზე საუბრობს, სოციალურ ქსელში გავრცელდა კამპანია, სადაც მოსახლეობა ყოველივე ამას აპროტესტებს და ბინის გამქირავებლებს მოუწოდებენ, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებს თავიანთი ქონება არ მიაქირაონ, რადგან იმის გარდა, რომ ისინი საქართველოში თავშესაფრის მიღებას არ იმსახურებენ, ეს შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის ზიანის მომტანიც აღმოჩნდეს.

„ვერსია“ დაინტერესდა, თუ რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს რუსეთიდან და ბელარუსიდან შემოსულ პირებზე ბინის მიქირავება და რამდენად მარტივად შეუძლიათ მათ ლტოლვილის სტატუსის მიღება, რასთან დაკავშირებითაც ადვოკატი მიხეილი რამიშვილი აცხადებს, რომ თუ ეს ადამიანები ლტოლვილის სტატუსს მიიღებენ, მათი ბინიდან გამოსახლება მესაკუთრეს გაუჭირდება. აღნიშნულ საკითხზე მეტი დეტალის გასარკვევად, მიხეილ რამიშვილს ვესაუბრეთ.

_ბატონო მიხეილ, რამდენად მარტივად შეუძლიათ რუსეთიდან და ბელარუსიდან ჩამოსულ მოქალაქეებს, ლტოლვილის სტატუსი მიღება?

_გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1951 წლის კონვენციის თანახმად, ლტოლვილის სტატუსის შესახებ, არის შესაბამისი ფორმულირება. ეს სტატუსი შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც აქვს საფუძვლიანი შიში, რომ შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი, რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, პოლიტიკური შეხედულებების გამო და ა.შ. თუ მას ამ ყველაფრისგან გამოწვეული შიშით არ შეუძლია თავის ქვეყანაში ცხოვრება ან მფარველობით სარგებლობა. ამ ყველაფერს არეგულირებს კანონი, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რა ქმედებებიც უნდა განხორციელდეს. როდესაც ადამიანი ჩამოდის და იძახის მე მინდა თავშესაფარი და გამოვიქეცი ჩემი ქვეყნიდან, მან ეს უნდა დაასაბუთოს და მტკიცებულებები წარადგინოს. მხოლოდ ზეპირსიტყვიერად თქმა არ კმარა. მათ თავშესაფრის მიღება შეუძლიათ ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ლტოლვილის სტატუსის მიღებისას, ისე ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსით. დღეს ჩვენ ვერ გავარკვიეთ რუსეთიდან და ბელარუსიდან ჩამოსულ უამრავ ადამიანს რა სტატუსი აქვს, ტურისტები არიან თუ რა. ისინი იძახიან, რომ თავიანთ ქვეყანაში არის გაუსაძლისი მდგოამრეობა და იქ არ დაედგომებათ.  თუ ასეა, მათ უნდა დაადასტურონ, რომ არიან დევნილნი და არ სურთ მომავალში თავისმა ქვეყანამ გაუწიოს მფარველობა. როდესაც, ამდენ ადამიანს მტკიცეცებულების გარეშე მიანიჭებ სტატუსს, ისინი შეიძლება დივერსანტებიც იყვნენ და აგენტებიც. სავარაუდოდ, ახლა ასეთებიც იქნებიან შემოსულები. ესენი ამბობენ, რომ  ექვსი თვე ან 1 წელი აქ უნდა იყვნენ, ბინა იქირაონ, ბიზნესი ააწყონ და ა.შ მათ უნდა  ჰქონდეთ ამის საფუძველი და დაამტკიცონ, რომ ამ სტატუსის ტარების ღირსი არიან. თუ ეს კანონიერად არ დადასტურდა, ნებისმიერ დროს მათ სახელმწიფოს შეუძლია, დაიცვას ისინი სხვა სახელმწიფოში და ეს უკვე წარმოშობს დიდ საშიშროებას. ფაქტია, ოპოზიციური მედია „დოჟდის“ წარმომადგენელი არ შემოუშვეს საქართველოში და დანარჩენი ადამიანები ჩვეულებრივ გადაუმოწმებლად შემოდიან. ჩვენ სტუმარ-მასპინძლობა მშვენივრად ვიცით, მაგრამ როცა მსოფლიო ასეთ დაძაბულ და საომარ მდგოამრეობაშია, შემოუშვა რუსები ისე, რომ არ დაინტერესდე, რა მიზანი აქვთ, ეს ძალიან ცუდად დაგვიბრუნდება.

_როგორც ვნახეთ, გაიზარდა მოთხოვნა ბინის დაქირავებაზე, რა პრობლემები შეიძლება, შეექმნას მესაკუთრეს თუ რუსეთიდან ან ბელარუსიდან ჩამოსულ პირებს მიაქირავებს ბინას?

_ბინის გაქირავებასთან დაკავშირებით არის ის საშიშროება, რომ ამ ადამიანებს გარკვეული პერიოდის შემდეგ აქვთ შესაძლებლობა, თავშესაფრის მაძიებლის მოწმობა მიიღონ, რაც მათ საშუალებას აძლევს, თავისუფლად გადაადგილდნენ და საცხოვრებელიც მოიპოვონ.  სახელმწიფომ თუ მას მიანიჭა ეს სტატუსი ისე, რომ არ დაინტერესდა და არ წარმოადგენინა მტკიცებულებები, რომ მართლა დევნილია, არ უნდა თავისი ქვეყნის მფარველობის ქვეშ ყოფნა და თქვენ ასეთ ადამიანზე გაქვთ მიქირავებული ბინა, იმას სახლიდან მარტივად ვერ გამოასახლებთ. მას ყოველთვის ექნება სათქმელი, რომ არის ლტოლვილი და გააჩნია ეს სტატუსი, მაგრამ რამდენად არის დასაბუთებული მისი ლტოლვილობა, ეს რჩება ყველაზე მეტად კითხვის ნიშნის ქვეშ. შეიძლება, რომელიმე მათგანმა ბინის მესაკუთრეში იმხელა აგრესია გამოიწვიოს, რომ ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდეს და თუ ასეთი რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, დაპირისპერაბას წარმოშობს ქვეყნებს შორის.

_კანონით, კერძო საკუთრება არის ხელშეუხებელი, რატომ ვერ გავასახლებთ მარტივად ბინიდან ადამიანს, რომელიც არ იხდის ქირის საფასურს?

_პოლიციას არ აქვს გამოსახლების უფლება და შესაბამისად, ეს ართულებს დამქირავებლის ბინიდან გამოყვანას. ეს მხოლოდ სასამართლოს ძალით ხდება და სასამართლოში მსგავსი საქმეები წლების განმავლობაში მიმდინარეობს. პირადად მქონია ამის მაგალითები. ბათუმში რომ გააქირავეს ბინა ვითომ დევნილზე წლების წინ და დღემდე დავა მიდის. მოგეხსენებათ, სასამართლომ შეიძლება სხვა საქმეს მიანიჭოს  პრიორიტეტი და დროში იწელება მსგავი შემთხვევევები. ამიტომაა საუბარი სტატუსის მინიჭებაზე. თუ დევნილის სტატუსს მიანიჭებენ, სახელმწიფო ვალდებულია, მათ შეუქმნას სპეციალური პირობები, როგორც საზღვარგარეთ არის  ბანაკები, სადაც ხდება მათი განთავსება და თავიდან ბოლომდე შესწავლა. ჩვენთან ასე არ ხდება, ეს კი ქმნის დიდ საშიშროება. კონსტიტუციურად საკუთრება არის ხელშეუხებელი, შესაბამისად, მე თუ იმის საშუალება არ მეძლევა, რომ ჩემი ქონება, რომელიც იმ წუთას რაღაც საქმეში მჭირდება და მოკლე ვადებში ვერ ვიყენებ, ვერ ვყიდი ან ა.შ. იმ ქმედებებს ვერ ვახორციელებ, რაც კანონის თანახმად შემიძლია, ეს არის ძალიან ცუდი. პოლიციას უნდა ჰქონდეს გამოსახლების უფლება და ეს ყველაფერი კანონის თანახმად უნდა რეგულირდებოდეს. არსებობს ქირავნობის ხელშეკრულება, მაგრამ ამას ბევრი არ აფორმებს, რადგან მესაკუთრეებს უწევთ საშემოსავლოს გადახდა და ეს ხარჯი იმხელაა, ხალხს არაფერი რჩება, ამიტომაა, რომ გარიგებას ზეპირსიტყვიერად ახორციელებენ.

_ბატონო მიხეილ, მსგავსი საქმეების განხილვისას, ლტოლვილს უფრო დიდი პრივილეგია ენიჭება?

_რა თქმა უნდა, როდესაც სახელმწიფო ლტოლვილის სტატუსს განიჭებს, ის ვალდებულია, დაგიცვას. მასიურად შემოსვლა და არგადამოწმება ძალიან ცუდ სიტუაციას უქმნის ქვეყანას. შეიძლება, რამდენიმე ათას კაციანი კვარტალი ან სოფელი წარმოიშვას, სადაც დასახლებიან და იტყვიან, რომ დევნილები არიან. თუ სტატუსი ოფიციალურად არ ექნებათ და მერე ვინმე მათ რაიმე პრეტენზიას გამოუთქვამს, ისინი ისევ თავიანთ სახელმწიფოს მიმართავენ დასახმარებლად, რაც დიდ კონფლიქტს წარმოშობს. ტურისტობა არ ნიშნავს წლობით და თვეობით დარჩენას. სავალდებულოა, დეტალურად იყვენენ ეს პირები შესწავლილი. შეიძლება, შენ გასამმაგებული ფასით, სამი თვე გააქირაო, მაგრამ მერე ვეღარ იხეირებ, რადგან ვერ გამოიყვან ბინიდან. ძალიან ჭიანურდება მსგავსი საქმეები. მე პირადად მაქვს მაგალითი, რომ რუსეთის მოქალაქემ მიმართა ყველა სტრუქტურას, გამიშვით ჩემს ქვეყანაში ძებნაა ჩემზე გამოცხადებულიო, მტკიცებულებებიც წარდგენილია, რომ მის წინააღმდეგ რუსეთში საქმეა აღძრული, მაგრამ რამდენი ხანია, პასუხი არ მიგვიღია. ამაზე რომ პასუხი არ გექნება, თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა ამდენი ადამიანის გადამოწმება რა ფორმით უნდა მოხდეს. ჩვენი თანამემამულეები ვინც არიან რუსეთში, ისინი არ დაბრუნებულან და თვითონ რუსები მოდიან, ეს არ არის უცნაური? იქ რა, ჩვენებს არ უჭირთ? თუ მარტო ამათ გაუჭირდათ? უკრაინამაც კი ნახა, რამდენი ჯგუფი იყო მათთან დივერსანტების სახით ჩასული, ვითომ პოლიტიკური შეხედულებების გამო.

_როგორ ფიქრობთ, უნდა დაწესდეს თუ არა, სავიზო რეჟიმი?

_რა თქმა უნდა, სავიზო რეჟიმი უნდა იყოს ახლაც და ყოველთვის, რადგან ყველაფერი ფასდება იმ ფაქტებით, რაც აქამდე მომხდარა. ჩვენ ვერ ჩავდივართ რუსეთში ვიზის გარეშე და ისინი ჩვეულებრივ მოდიან. როგორც გვექცევიან, ისე უნდა მოვექცეთ და ჩვენც უნდა დავაწესოთ სავიზო რეჟიმი. დამეთანხმებით, ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შეხვალ მარტივად. კარგია სტუმარი, მაგრამ სტუმარმა უნდა იცოდეს სტუმრობა და მისი სტანდარტები. ჩვენ არავის ვაგდებთ, თუმცა ისე არ აღმოჩნდეს, რომ საკუთარი ქვეყნიდან გაგვაგდონ. ამაზე ხელისუფლებამ ძირფესვიანად უნდა იფიქროს, რადგან  შეიძლება დიდი აგრესია წარმოიშვას.