ჩვენი დროის გმირი - ექიმი, მესაზღვრე და პოეტი - როგორ ცხოვრობს მიხეილ ჭინჭარაული ხევსურეთში

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ია გრიგალაშვილი

 

სიტყვის „გმირი“ მნიშვნელობა, შეიძლება, სხვადასხვა ასოციაციას იწვევს, თუმცა მის გაგონებაზე, ალბათ, პირველ რიგში, სამშობლოსთვის ბრძოლაში დაღუპული ადამიანები გვახსენდებიან.  სინამდვილეში, გმირები ის პროფესიონალებიც არიან, რომლებიც მთელი გულით ემსახურებიან სამშობლოს და მოქალაქეების კეთილდღეობას. სამწუხაროდ, ხშირად გვავიწყდება, რომ ისინი ჩვენი ყოველდღიურობის თანამონაწილენი არიან. საქართველოს ისტორიას ბევრი გმირი, თავდადებული და გამოჩენილი პიროვნება ახსოვს. რატომღაც, ცოცხალ გმირებს, ადამიანებს, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან, სათანდოდ ვერ ვაფასებთ, ზოგი მათგანის შესახებ კი ძალიან ცოტას თუ სმენია. სწორედ ასეთი პიროვნება გახლავთ მიხეილ ჭინჭარაული, ჩვენი დროის გმირი, ექიმი, მესაზღვრე, პოეტი და ხევსურეთის მკვიდრი, რომლის შესახებაც სოციალური ქსელის მეშვეობით შევიტყვე. „ვერსია“ მიხეილ ჭინჭარაულის ცხოვრებითა და მოღვაწეობით დაინტერესდა.

 

- ბატონო მიხეილ, სად გაიზარდეთ, როგორი მოსწავლე იყავით და როდის გადაწყვიტეთ, რომ ექიმი გამხდარიყავით?

- 1949 წლის 4 ივნისს, შატილში დავიბადე. სკოლაში ცოტა გვიან მიმიყვანეს, აქ 4 კლასი დავამთავრე, შემდეგ ბარისახოს სკოლა-ინტერნატში გადამიყვანეს, რომელიც 1970 წელს დავამთავრე. კარგი მოსწავლე ვიყავი, ხუთოსანი, ძალიან მიყვარდა სწავლა. ძირითადად, დედა და ბებია გვზრდიდა, 8 წლის ვიყავი, ყანის მოხვნა და მოთიბვა რომ მასწავლეს. უამრავი სამუშაო იყო სოფელში, რასაც დაუღალავად ვასრულებდი, მაგრამ რაც უმაღლესში ჩავაბარე, მას შემდეგ, მეურნეობას თავი დავანებე. ყველაზე მეტად, ნადირობა და ხეტიალი მიყვარდა, დანარჩენი, რისი გაკეთებაც შემეძლო ფიზიკურად თუ გონებრივად, ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი და სანამ შემეძლება, ასე იქნება.

ბავშვობაში მინდოდა, მფრინავი გამოვსულიყავი, ერთხელ, მეათე კლასში ვიყავი, მასწავლებელმა სათითაოდ ყველა ფეხზე წამოგვაყენა, შეგვათვალიერა და გვითხრა, გეტყვით, ვის რა პროფესია მოგიხდებოდათო. როდესაც წამოვდექი, მითხრა: „მიშა, შენ ექიმობა მოგიხდებოდა, სამედიცინოზე ჩაბარება კი რთულია, მაგრამ ჩემი თხოვნა გაითვალისწინე და ხელი ამ საქმეს მოჰკიდე. იმ წუთის შემდეგ ვფიქრობდი მის ნათქვამზე და საბოლოოდ, მართლაც, გადავწყვიტე, ექიმი გავმხდარიყავი. 1971 წელს ჩავირიცხე სასწავლებელში. ძალიან მაინტერესებდა ქირურგია, რადგან მამაჩემი თავის ქალის ტრეპანაციებს აკეთებდა. ზოგადი ქირურგიის მიმართულებით ვისწავლე და  1977 წელს დავამთავრე სასწავლებელი. შემდეგ, ბარისახოში წამოვედი საუბნო საავადმყოფოს მთავარ ექიმად. 1981-83 წლებში, გავიარე კლინიკური ორდინატურა, 2-3 წელი, რკინიგზის სავაადმყოფოში  ვმუშაობდი, შემდეგ რუსთავის მეტალურგიური ქარხნის სასწრაფო გადაუდებელი ქირურგიის მორიგე ქირურგად დავინიშნე. 1999 წლიდან, როდესაც რუსებმა ჩეჩნებს შეუტიეს, ჩემმა ძმამ, რომელიც რაიონში გამგებელი იყო, მთხოვა, დასახმარებლად წავსულიყავი შატილში, რომ დაჭრილებისთვის მემკურნალა. იქ ამბულატორიის დირექტორად დამნიშნეს და რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, ყველაფერს ვუკეთებდი ბრძოლაში დაჭრილ ჩეჩნებს. ძალიან ბევრი სიცოცხლეს გადავრჩინე. ასევე, გამაფორმეს საგუშაგოზეც და იქაც ვმუშაობდი. პლუს, გავიარე კლინიკური ორდინატურა და საოჯახო მედიცინის კურსები. მაქვს ოჯახის ექიმის სერტიფიკატი. წოდებები ჩემთვის მნიშვნელოვანი არ იყო, თუმცა ინტერესი რომ გამომეჩინა, პროფესორიც გავხდებოდი. 4000-მდე ოპერაცია მაქვს გაკეთებული და აქედან ერთი პაციენტიც არ გარდაცვლილა.

- როგორც აღნიშნეთ, გინდოდათ მფრინავი გამოსულიყავით, რატომ არ შეისწავლეთ ეს პროფესია?

- დიახ, რატომღაც სულ მფრინავი მინდოდა ვყოფილიყავი, შატილში რომ ვხედავდი ვერტმფრენებს, სულ გაგიჟებული შევყურებდი. სამწუხაროდ, ამ პროფესიას რუსეთში ასწავლიდნენ, მე კი რუსული არ ვიცოდი და ამანაც შემიშალა ხელი. რადგან მამაჩემი მედიცინაში იყო, გადავწყვიტე, მეც მისკენ ამეღო გეზი. მასწავლებლის რჩევაც გავითვალისწინე და 45 წელია, ექიმი ვარ.

- პარალელურად, მესაზღვრეც ხართ, რამდენად რთულია ეს პროფესია და როგორ პირობებში გიწევთ მუშაობა?

- მესაზღვრის პროფესია ყველაზე რთული ზამთარშია, იკეტება გზები და ყველაფერი. აქაური კაცი რადგან ვარ, ამიტომ ვუძლებ ამ პირობებს. იყო შემთხვევები, როდესაც სხვა კუთხის ადამიანები ჩამოვიდნენ მესაზღვრედ სამუშაოდ, თუმცა ვერ გაუძლეს და მალე წავიდნენ. ძალიან ბევრი სირთულეა, ერთხელ, ფეხმოტეხილი ტურისტი გადაგვყავდა, გამოვიძახეთ მანქანა, შემდეგ კი ავარიაში მოვყევით, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, მე კი ორი ოპერაცია დამჭირდა და ძლივს გადავრჩი.

- როგორც ვიცი, პოეტიც ბრძანდებით, როდის დაიწყეთ ლექსების წერა და ძირითადად, რის შესახებ წერდით?

- ბავშვობიდან მიყვარდა პოეზია, სულ ზეპირად ვიცოდი ქართველი პოეტების ლექსები. ძალიან მიყვარდა და მიყვარს ნადირობა, როდესაც მთებში ავდიოდი სანადიროდ, იქ მეხსნებოდა მუზა, გადავხედავდი მთებს და იქვე, ქვებზეც კი დამიწერია ლექსი. მაშინ რომ მეტარებინა ფურცელი და კალამი, უამრავ კარგ ლექსს დავწერდი, მაგრამ რატომღაც არ მივუდექი სათანადოდ ამ საქმეს. ყველაფერზე ვწერდი, რისი სურვილიც იმ წუთას მქონდა - ნადირობაზე, ექიმის პროფესიაზე, სიყვარულზე და ა.შ. ჩემს განცდებს გადმოვცემდი ამით. ორი წიგნია  გამოცემული, სადაც ჩემი ლექსებია წარმოდგენილი, ერთი ჩემმა მეგობარმა, ზურა ჯაფარიძემ გამოაცემინა, სახელით - „დოხტურიანი“. ზურას ვუთხარი, რომ ამ ლექსებს გამოსაცემად არ ვწერდი, თუმცა არ მომეშვა და წაიღო ჩემი ხელნაწერები. მეორე წიგნი 2012 წელს, „მთებში დოხტურის ფიქრები“, ჩემმა ახლობელმა, კობა ჭინჭარაულმა გამოაცემინა.

- როგორც ახსენეთ, ლექსების მეშვეობით, თქვენს განცდებს გადმოსცემდით, თუ იყო თქვენს ცხოვრებაში ისეთი პერიოდი, რისი გადალახვაც ძალიან გაგიჭირდათ?

- დიახ, პირველი მეუღლე მუცოს ხეობაში დამეღუპა, მდინარეში გადავარდა, მისგან დამრჩა ორი ბიჭი და ერთი გოგო, 53 წლის ვიყავი, როდესაც მეორე მეუღლე შევირთე, მისგან ორი ბიჭი შემეძინა. ოთხი ძმა და ერთი და დამეღუპა, სხვადასხვა მიზეზებით, ერთი ავტოავარიით, ზოგი ჯანმრთელობის პრობლემებით და ა.შ. ასევე, შვილებიც დამეღუპა. 2000 წელი განსაკუთრებით საშინელი იყო, ჯერ დედა დავკარგე, შემდეგ - ძმა და ნოემბერში - მეუღლე... რვა თვეში, სამი ადამიანი გარდამეცვალა. ბევრი ტანჯვა გამოვიარე, თუმცა ყველაფერ ამის მიუხედავად, მაინც ვცდილობ, ფეხზე ვიდგე და ცხოვრება გავაგრძელო. აქაური ყოფა რთულია, მაგრამ ამავდროულად სასიამოვნო, ეს გარემო მაძლევს საშუალებას, რომ ვიცოცხლო.

- ბატონო მიხეილ, წლებია, ხევსურეთში ცხოვრობთ, რა პრობლემებია სოფელში, რა აწუხებს მთის მოსახლეობას ყველაზე მეტად?

- ყველაზე შემაწუხებელი გზის ჩაკეტვაა, ჯანმრთელობის პრობლემა თუ ვინმეს აქვს, ყველას ვეხმარები. კარგი იქნებოდა, ორ კვირაში ერთხელ, მაინც იყოს ფრენა. მესაზღვრეებთან რა რეისებიც არის, მაგას ვიყენებთ მხოლოდ. ამასწინათ, ერთი მაცხოვრებელი გვყავდა კორონავირუსით ინფიცირებული, მომიწია ვერტმფრენის გამოძახება, წაიყვანეს ეს ქალბატონი და საბედნიეროდ, გადარჩა, ახლა კარგადაა. შატილში 12 ოჯახია, მუცოში - ერთი, სულ 40 კომლამდე იქნება გარშემო სოფლებში. არის ერთი სკოლა-ინტერნატი, ხეობებიდან ჩამოჰყავთ ბავშვები, სულ რვა მოსწავლეა. იქნებ, მეტი ყურადღება მიაქციონ. რაც შემიძლია და ვისაც რა გაუჭირდება, ყველას ვეხმარები, ღამეებსაც ვუთენებ, თუ საჭიროა და თავზე ვადგავარ. ახლა, თვალს ვადევნებ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, არ შეიძლება, პოზიცია და ოპოზიცია ასე რომ დაობს, შერიგდნენ და ხალხს გვერდში დაუდგნენ, სიკეთე აკეთონ და გაჭირვებულებს ხელი მოუმართონ. არ შეიძლება, ქართველები ასე ჩხუბობდნენ ერთმანეთში.

- საკმაოდ საინტერესო ცხოვრება გაქვთ და უამრავი გამოცდილება მიიღეთ, რა რჩევას მისცემთ მომავალ თაობას?

- ახალგაზრდებს ვურჩევ ისწავლონ, განათლება მიიღონ და პირველ რიგში, აირჩიონ ის პროფესია, რომელიც აინტერესებთ და ეყვარებათ, შემდეგ კი ერთმანეთს ხელი მოუმართონ და სიკეთე აკეთონ.

 

 "ვერსიის" ახალი ნომერი იხილეთ აქ.