როგორ გაჩნდა ტერმინი „წითელი ინტელიგენცია“ და რატომ სარგებლობდნენ სამთავრობო პრივილეგიებით ე.წ. შემოქმედებითი ფეისები

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინტელიგენციის ფაქტორი

 ავტორი: ნათია დოლიძე

 კულტურის სამინისტროში სკანდალია - დორეულის კრებულში, შემთხვევით, ანა კალანდაძის ლექსები მოხვდა. როგორც უწყებამ განმარტა, შეცდომა ლიტერატურის მუზეუმის მენეჯმენტის „კისერზეა“. თავის მხრივ, განცხადება ლაშა ბუღაძემაც გააკეთა. ერთი შეხედვით, ბეჭდურ პროდუქციაში შეცდომა გამორიცხული არაა, მაგრამ, როცა ერთი მწერლის შემოქმედებას მეორეს მიაწერ, ეს უკვე სხვა რამეა, თუმცა ახლა ამ შეცდომის დეტალებს არ განვიხილავთ, რადგან საქმე უფრო შორს წავიდა - მწერლები, პოეტები და ხელოვნების სხვა სფეროს წარმომადგენელთა ნაწილი ანუ ინტელიგენცია კულტურის მინისტრის გადადგომას ითხოვენ და საამისოდ პეტიციაც შეადგინეს. ეს კი აჩენს ეჭვს, რომ ჩვეულებრივი, შემოქმედებითი „ჩეპეს“ გამოყენებას ვიღაცები პოლიტიკური მიზნებით ცდილობენ. ყველაფერი ეს კი რაღაცნაირად წარსულს გვახსენებს, იმ წარსულს, როცა ამა თუ იმ თემის პედალირებას ინტელიგენცია იწყებდა. როგორც ჩანს, ოპოზიცია დღეს, სწორედ ამ „მავნე პრაქტიკის“ გამოყენებას ცდილობს.

 ისე, ადრეც და ახლაც ინტელიგენციის ნაწილი თავის მდგომარეობას პირადი კეთილდღეობისთვის იყენებდა და, როგორც ჩანს, ახლაც ასეა, თუმცა ყველაფერი ეს ცარიელ სიტყვებად რომ არ დარჩეს, მოდით, ცოტა ხნით წარსულში დავბრუნდეთ და ქართულ ინტელიგენციას თვალი, ქართულ ბეჭდურ თუ ინტერნეტმედიაში, სხვადახვა დროს გამოქვეყნებული მასალებით გადავავლოთ.

„წითელი და ვარდისფერი ინტელიგენცია“ - ასე ჰქვია წერილს, რომელიც „რადიო თავისუფლების“ ვებ-გვერდზე 2011 წლის 17 ივნისს გამოქვეყნდა. ავტორი, გიორგი მაისურაძე სტატიას მერაბ მამარდაშვილის ინტერვიუს ფრაგმენტით იწყებს (ინტერვიუ 1989 წელსაა ჩაწერილი): ეშმაკი გვათამაშებს, როდესაც არაზუსტად ვაზროვნებთ. აზროვნების სიზუსტე არის იმ ადამიანის ზნეობრივი ვალდებულება, ვინც აზროვნებასთანაა ნაზიარები. და ახლა, ამ კუთხიდან შევხედოთ მე-20 საუკუნეს, როდესაც მასობრივი იდეოლოგიური წარმოება აყვანილ იქნა სახელმწიფო მშენებლობის დონეზე და დაემთხვა კიდეც მას... ჩვენ ვხედავთ ინტელიგენციის ღალატის ფანტასტიურ სურათს.

მამარდაშვილი იქვე დასძენს, რომ ინტელიგენციამ საკუთარ პროფესიულ ვალდებულებებს უღალატა. „ღალატი“ კი სწორედ იდეოკრატიული სახელმწიფოების სამსახურში ჩადგომა იყო, რამაც ინტელიგენცია მე-20 საუკუნის ტოტალიტარული სახელმწიფოების ფაქტობრივ თანაავტორად აქცია. ეს თანაბრად ეხება, როგორც საბჭოთა, ასევე, იმ ევროპელ ინტელექტუალებსაც, რომლებიც არანაკლები ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ დასავლეთის იდეოკრატული რეჟიმების მშენებლობაში.

... ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ინტელიგენციის ერთი ნაწილი ბოლშევიკების აქტიური მხარდამჭერი გახდა, ნაწილმა კი ან ემიგრაციით უშველა თავს, ან ახალი წყობილების კრიტიკა სცადა, რის გამოც ლენინის ცნობილი სიტყვები - „Интеллигенция не мозг народа, а говно народа“ („ინტელიგენცია ხალხის ტვინი კი არა, ხალხის ნეხვია“) - დაიმსახურა. ამასთან, საბჭოთა ხელისუფლება შეუდგა საკუთარი „წითელი“ ინტელიგენციის შექმნას, რომელიც ხელისუფლების ერთგული და მისი იდეოლოგიის გამტარებელი იქნებოდა. ეს პროექტი, საბოლოოდ, სტალინის მმართველობის დროს განხორციელდა, როდესაც სახელმწიფოს იდეოლოგიურ აპარატში ინტელიგენციის ინტეგრაცია მოხერხდა, რის შედეგადაც ახალი საზოგადოებრივი კლასი - საბჭოთა ინტელიგენცია გაჩნდა. რამდენადაც მეცნიერება და ხელოვნება საბჭოთა სახელმწიფოსათვის სტრატეგიული სფერო იყო მტრულ, კაპიტალისტურ სამყაროსთან კონკურენციისა თუ საკუთარი მოსახლეობის ინდოქტრინაციისათვის, შესაბამისად, მეცნიერებისა და კულტურის მუშაკებმა საზოგადოებრივ იერარქიაში პრივილეგირებული ფენის სტატუსი მოიპოვეს, თუმცა ინტელიგენციის პრივილეგირებულობა უფრო ცარიელი სტატუსი იყო, ვიდრე რეალობა: ბინები, აგარაკები, პრემიები და ა.შ. მხოლოდ ყველაზე გამორჩეული და ხელისუფლებასთან განსაკუთრებით დაახლოებული ადამიანების პრივილეგია იყო, საშუალო საბჭოთა ინტელიგენტი კი ეკონომიკურად უთანაბრდებოდა მუშათა კლასს, ხოლო რიგითი საბჭოთა საქმოსანი ან კორუმპირებული ფუნქციონერი, თავისი შემოსავლით, ბევრად აღემატებოდა საბჭოთა მეცნიერის ან ხელოვანის ეკონომიკურ მდგომარეობას. პრესტიჟულობის განმსაზღვრელი კი არაფიზიკური შრომა და კულტივირებულობის სტატუსი იყო, რომელსაც ხშირად, მძიმე გაჭირვების პირობებშიც, ფსიქოლოგიური კომპენსაციის ფუნქცია ჰქონდა.

გვიანსაბჭოთა ხანაში, ინტელიგენციის ერთგვარი ინფლაციაც კი დაიწყო: ასეთი სტატუსის მქონე ადამიანთა რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ მათთვის ეკონომიკურად სუსტ და ტოტალურად კორუმპირებულ საბჭოთა სახელმწიფოს იმის რესურსები აღარ ჰქონდა, მომრავლებული ინტელიგენტები ბინებითა თუ სანატორიუმების საგზურებით უზრუნველეყო. შესაბამისად, ყოფითი კეთილდღეობისთვის, ინტელიგენტებიც იძულებულნი იყვნენ ისევე ჩაბმულიყვნენ კონიუნქტურისა და კორუფციის ფერხულში, როგორც საბჭოთა საზოგადოების ყველა სხვა ფენის წარმომადგენელი.

შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა ინტელიგენცია ორი, სრულიად განსხვავებული მენტალობისა და სტატუსის ჯგუფად იყოფოდა: ერთი მხრივ, კორუმპირებული და პრივილეგიებისათვის მებრძოლი ნომენკლატურა, რომლის „ელიტარულობის“ განმსაზღვრელიც არა იმდენად შემოქმედებითი მიღწევები, რამდენადაც მათი ძალაუფლების სტრუქტურებში ყოფნა და იდეოლოგიურ კონიუნქტურასთან მორგება იყო და, მეორე მხრივ, იმ მეცნიერების, მწერლების, მუსიკოსების, მხატვრების თუნდაც მცირერიცხოვანი ნაწილი, რომლებიც ზოგჯერ უკიდურეს ეკონომიკურ გაჭირვებაში ყოფნის ფასად, საკუთარი საქმით იყვნენ დაკავებულნი და პოლიტიკურ კონიუნქტურას ემიჯნებოდნენ. სწორედ ინტელიგენციის ეს კატეგორია - არა „კაცური კაცები“, მხოლოდ თავაზიანობითა და „სინაზით“ რომ გამოირჩეოდნენ კაი პურის მჭამელი და დედის მაგინებელი „ნამდვილი ქართველებისგან“ - იყო საბჭოთა ხანაში კორუმპირებული საზოგადოების დაცინვისა და აბუჩად აგდების ობიექტი.

„ინტელიგენციამ“ ახალი მნიშვნელობა საბჭოთა კავშირის ნგრევის დასკვნით სტადიაში - 80-იან წლებში შეიძინა, როდესაც „პერესტროიკით“ გააქტიურებულ საბჭოთა საქართველოში, გავლენის სფეროებისა და ძალაუფლებისათვის ბრძოლის ახალი ეტაპი დაიწყო. სწორედ ნომენკლატურულმა ინტელიგენციამ სცადა ყურადღების ცენტრში მოქცევა და, ახალი კონიუნქტურის შესაბამისად, სრულიად ბნელი ნაციონალიზმის ქადაგებას შეუდგა, რამაც მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი საქართველოში ეთნოკონფლიქტებისა და საყოველთაო სიძულვილის განწყობის მომზადებას. ინტელექტუალთა მხოლოდ მცირერიცხოვანმა ნაწილმა გაბედა დაპირისპირებოდა იმ საფრთხეს, რომელიც უკვე თავად „ეროვნული მოძრაობიდან“ და მზარდი ნაციონალიზმისგან მომდინარეობდა. ეს კი საფუძველი გახდა ინტელიგენციის ახალი მითოსის შესაქმნელად, რომელიც საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას უკავშირდება.

გამსახურდია „კრიმინალური“, „წითელი ინტელიგენციის“ ხატის შექმნას შეუდგა, რომელიც კლასობრივ ბრძოლას უცხადებდა პირველ პრეზიდენტს, საკუთარი პრივილეგიების შესანარჩუნებლად, თუმცა ამის პარალელურად, 1991 წელს, გამსახურდიასვე ინიციატივით, დაფუძნდა „ინტელიგენციის დარბაზი“, რომელშიც მისი მომხრე ისეთივე საბჭოთა ნომენკლატურული ინტელიგენციის წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებული, როგორებიც მის ოპოზიციაში, მაგრამ ხელისუფლებისადმი ლოიალურობის გამო, მათი საბჭოთა წარსული აღარავის ახსოვდა.

„წითელი ინტელიგენციის“ მითი ყველაზე მეტად მაინც ედუარდ შევარდნაძემ გააფორმა, როდესაც 1992 წლის 7 მარტს, მოსკოვიდან დაბრუნებულმა, თბილისის აეროპორტში მადლობა გადაუხადა ინტელიგენციას, რომელიც „იარაღით ხელში“ აუჯანყდა გამსახურდიას. ამით მან, ერთი მხრივ, შეიარაღებული გადატრიალება აჯანყებად გადახატა, თანაც ამ ქათინაურით, საკუთარი იდეოლოგიური საყრდენი შექმნა და ინტელიგენციისა და ხელისუფლების ალიანსიც ახალი „ხელშეკრულებით“ განამტკიცა.

90-იან წლებში, შევარდნაძის მიერ „ქართველი საზოგადოების ნაღებად“ შერაცხული ინტელიგენცია, სწორედ მეორე პრეზიდენტის ძალაუფლების ფასადი იყო, რომლის უკანაც რეალური ძალაუფლების ბერკეტები - კორუმპირებული ბიუროკრატია და ბიზნესმენებად შერაცხული მაფიოზური კლანები იმალებოდნენ.

ინტელიგენციისა და ხელისუფლების ეს ალიანსი არც სააკაშვილის „ლიბერტარიანული“ მმართველობის ქვეშ შეცვლილა: როგორც გამსახურდიას დროს, ინტელიგენციის ერთი ნაწილი სახელისუფლებო არეალის გარეთ აღმოჩნდა და არ ითაკილა, სააკაშვილის ჯინაზე, სრულიად პრიმიტიული შოვინიზმის ქადაგება დაეწყო. სააკაშვილმა კი საკუთარი, ახალი „ინტელიგენცია შექმნა, რომელსაც პირობითად, „ვარდისფერ ინტელიგენციას“ დავარქმევდი.

„ვარდისფერი ინტელიგენცია“ სააკაშვილის „ლიბერტარიანული“ იდეოლოგიისა და ნაციონალისტური კიჩის უშუალო ავტორია. იდეოლოგიურ სფეროში მისი ძირითადი ფუნქცია პრეზიდენტის ნათქვამისა თუ ნამოქმედარისთვის ხოტბის შესხმა და მისი შიდა თუ გარე კრიტიკისგან დაცვაა. მაგალითად, თუ პრეზიდენტი იტყვის „ზანგები ხომ არა ვართ?“, ვარდისფერი ინტელიგენტი განგვიმარტავს, რომ ამაში რასისტული სტერეოტიპი კი არა, „ვეფხისტყაოსანზე ალუზია უნდა დავინახოთ („აქა, მათ, ზანგთა მონათა, მზე მოიყვანეს ნავითა“). ამასთან, ისაა სახელმწიფოსა თუ „ლიბერტარიანელ ბიზნესმენთაგან“ დაფინანსებული იმ მდარე ხარისხის იდეოლოგიური ესთეტიკის შემსრულებელ-ხორცშემსხმელი, რომელსაც ერთ დროს, წითელი ინტელიგენციის შექმნილი სოცრეალიზმის მსგავსად, ნაცრეალიზმი შეიძლება ეწოდოს.

მოკლედ, წითელი ფერის გავარდისფრებით პრინციპი არ იცვლება: ინტელიგენციის მთავარი პრობლემა კვლავაც ხელისუფლებისგან ვერგანთავისუფლებაა, რომელიც მას მომავალშიც კონიუნქტურის შესაბამის ფერებად გადაღებავს“...

- მეტი მუშაობაა საჭირო ინტელიგენციასთან... საქართველოში არ არსებობს პარტიული მუშაობა ინტელიგენციასთან მუშაობის გარეშე, - ამ სიტყვებს საქართველოს მეორე პრეზიდენტი, საქართველოს ცეკა-ს ყოფილი პირველი მდივანი, სსრკ-ს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, აწ გარდაცვლილი ედუარდ შევარდნაძე     1989 წლის სისხლიანი 9 აპრილის შემდეგ, კერძოდ, 12 აპრილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე იტყვის.

მერე, წლები რომ გავა, ინტერნეტგამოცემა „ექსპერტ.გე“ ედუარდ ამბროსის ძის ზემოხსენებულ სიტყვებს გაიხსენებს და დაწერს:

„შევარდნაძე გულწრფელი იყო - ჯერ კიდევ 1972 წლიდან, როგორც კი საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გახდა, შევარდნაძემ დაიწყო ინტელიგენციასთან მუშაობა, რაც შემდგომ საქართველოში პარტიული ხელმძღვანელობის დამახასიათებელი სტილი გახდა. ქართველ ინტელიგენციას (ცნობილ მწერლებს, მეცნიერებს, მხატვრებს, კინორეჟისორებს, კომპოზიტორებს), რომელთა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი თავისი საქმის მართლაც შესანიშნავი მცოდნე იყო, ხშირად იწვევდნენ სხვადასხვა თათბირებზე და შეკრებებზე ცენტრალურ კომიტეტში. ეს უკანასკნელი იმ დროს ხელისუფლებასთან ასოცირდებოდა. ამდენად, ცნობილ პოეტს ან არანაკლებ ცნობილ მსახიობს გულს ეფონებოდა, როდესაც ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი დაურეკავდა და თათბირზე დაპატიჟებდა; შემდეგ მანქანას გაუგზავნიდნენ მოსაყვანად და ა.შ.

სხვათა შორის, ამ პერიოდშიც არანაკლები სიხშირით იმართებოდა ბანკეტები და წვეულებები (ოღონდ, რასაკვირველია საბჭოთა დღესასწაულებთან დაკავშირებით). ამ წვეულებებზე ყოველთვის პატიჟებდნენ ცნობილ ინტელიგენციას (რაიკომის მდივნებთან ერთად) - შევარდნაძემ ქართველი კაცის ფსიქოლოგია კარგად შეისწავლა, მან ზუსტად გათვალა, რომ სუფრის სულისკვეთება ადამიანთა და სოციალურ ჯგუფთა ურთიერთობაში ძალიან დიდ როლს ასრულებს.

ამავე დროს, საქართველოს პარტიული ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებდა, რათა შეძლებისდაგვარად შეეწყო ხელი იმ ინტელიგენტებისათვის, რომლებიც პარტიულ დირექტივებს სწორად და ზუსტად ასრულებდნენ და ცენტრალურ კომიტეტს პრობლემებს არ უქმნიდნენ - დამჯერ მწერლებს საშუალება ჰქონდათ გამოეცათ თავიანთი ნაწარმოებები, ხოლო კინორეჟისორებს - გადაეღოთ ფილმები და ა.შ.

თანდათანობით, ამგვარი პოლიტიკის შედეგად, საქართველოში ჩამოყალიბდა განსაკუთრებული სოციალური ფენა, რომელიც პარტიულ (სახელისუფლო) ელიტასთან იყო შეზრდილი და, ფაქტობრივად, იმდროინდელი საზოგადოების ზედა ფენას წარმოადგენდა. ამავე დროს, ეს ინტელიგენცია (სახელწოდება, რასაკვირველია, პირობითია, მაგრამ რაკი სწორედ ეს სახელწოდება დამკვიდრდა, ჩვენც იძულებულები ვართ, იგი გამოვიყენოთ) ე.წ. საბჭოთა ნომენკლატურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა და ისევე, როგორც ჩვეულებრივი პარტიული, კომკავშირული ან სამეურნეო-სამრეწველო ნომენკლატურა, მონაწილეობდა იერარქიულ კიბეზე ვერტიკალურ თუ ჰორიზონტალურ გადაადგილებებში.

კომუნისტების მიერ გამოძერწილ წითელ ინტელიგენციას ერთი უცნაურობა  ახასიათებდა: მიუხედავად შემოქმედებითი დისიდენტობისა, იგი ხელისუფლებისადმი ლოიალობას ყოველთვის ინარჩუნებდა. მაგალითად, რომელიმე მწერალს შეეძლო დაეწერა დისიდენტური რომანი (რა თქმა უნდა, გადაჭარბების საშუალებას არ მისცემდნენ), რომელშიც მკაცრად გააკრიტიკებდა (ქარაგმულად) საბჭოთა წყობას, კომუნისტურ იდეოლოგიას; მაგრამ ამავე დროს, ცენტრალურ კომიტეტში, თავის მეგობარ-ამხანაგებთან შესანიშნავ ურთიერთობას შეინარჩუნებდა ისევე, როგორც თვით -ს პირველ მდივანთან.

რასაკვირველია, იმავე ა“-ს ინსტრუქტორები (იდეოლოგიის დარგში) შესანიშნავად ამჩნევდნენ იმ ქარაგმებს, რომლებიც რომანში (ფილმსა თუ სპექტაკლში) იყო ჩადებული, მაგრამ არაფერს აკეთებდნენ მათ ასაკრძალად - ესეც შევარდნაძის ძალზე ეშმაკური და შორსმჭვრეტელური პოლიტიკა იყო. როდესაც ეს რომანი (ფილმი, სპექტაკლი) რუსეთში ხდებოდა ცნობილი, იქაური ინსტრუქტორები განცვიფრებას ვერ მალავდნენ და სულ ცოფებს ყრიდნენ, მაგრამ საქართველოში (შევარდნაძის ლოცვა-კურთხევით) კვლავ იდგმებოდა დისიდენტური სპექტაკლები, იღებდნენ დისიდენტურ ფილმებს, კომედიებს და ა.შ.

ამ უცნაურობის ახსნა ადვილად შეიძლება: შევარდნაძეს ინტელიგენციის იდეური მრწამსი არ აინტერესებდა - მისთვის მთავარი ის იყო, რომ ინტელიგენცია ხელისუფლებისადმი ლოიალური ყოფილიყო. ვიმეორებ, ყოფილიყო ლოიალური ხელისუფლების და არა იდეოლოგიისადმი.

სწორედ ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, შევარდნაძე გასაქანს არ აძლევდა იმას, ვინც მართლმორწმუნე კომუნისტი იყო, მაგრამ ხელისუფლებისადმი განსაკუთრებულ ლოიალობასა და მლიქვნელობას არ იჩენდა. ამ მომენტიდან აშკარად გამომდინარეობს დასკვნა: შევარდნაძე არასდროს (ყოველ შემთხვევაში, ა“-ს პირველი მდივნობის პერიოდში) გულწრფელი კომუნისტი არ ყოფილა - მას ხელისუფლება უფრო აინტერესებდა, ვიდრე იდეოლოგია. კომუნისტური იდეოლოგია და ცხოვრების წესი მისთვის მეორეხარისხოვანი იყო. გათვლა ძალიან ზუსტი აღმოჩნდა. შევარდნაძის მმართველობის შედეგად, საქართველოში ჩამოყალიბდა სოციალური ფენა (ზედაფენა), რომელიც (რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს) ლოიალური იყო ხელისუფლების მიმართ და არ იყო ლოიალური ამ ხელისუფლების იდეოლოგიისადმი.

1988 წლიდან, საბჭოთა სახელმწიფომ რღვევა იწყო. ე.წ. გარდაქმნის პროცესი არყევდა ადრე ჩამოყალიბებულ სოციალურ სისტემას. კომუნისტური იდეოლოგია განადგურდა, მაგრამ ის საზოგადოებრივი იერარქია, რომელიც კომუნისტების დროს არსებობდა, არ დანგრეულა.

შეიქმნა ვითარება, როდესაც არსებობდა საზოგადოებრივი შენობა იდეოლოგიის გარეშე. სწორედ მაშინ გამოჩნდა, რამდენად ზუსტი იყო შევარდნაძის გათვლა, რამდენად სწორად მოიქცა იგი (საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე), როდესაც შექმნა, გამოძერწა ლოიალური ელიტა - მისთვის იდეოლოგიური დოგმების თავსმოხვევის გარეშე.

1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს ისტორიაში პირველი დემოკრატიული არჩევნების შედეგად, ხელისუფლება მოიპოვა ბლოკმა მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო“ - ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით.

ყოფილი დისიდენტი, ზვიად გამსახურდია ჯერ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო შემდეგ პრეზიდენტი გახდა, მაგრამ რეალურად, ძალაუფლება მას არასდროს არ ეპყრა ხელთ 1990 წლის 28 ოქტომბრიდან - 1992 წლის 7 იანვრამდე. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ტრაგედია (როგორც თავად აღნიშნა) იმაში მდგომარეობდა, რომ მას დახვდა ძველი ხელისუფლების აპარატი.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ზვიად გამსახურდია მოვიდა იმ შენობის სათავეში, რომელიც მთლიანად ედუარდ შევარდნაძის აშენებული იყო. შევარდნაძის მიერ რუდუნებით და მოთმინებით გამოძერწილმა ზედაფენამ (მიუხედავად იდეოლოგიური მსგავსებისა) ვერ იგუა სხვა (უცხო) ლიდერი, რაც კრიმინალური ბანდების მიერ, პრეზიდენტის დამხობის უმთავრესი მიზეზი გახდა. ელიტამ მას მხარი არ დაუჭირა, რადგან ეს მისი ელიტა არ იყო - ეს იყო შევარდნაძის ელიტა, შევარდნაძის ხელისუფლებაზე მორგებული ზედაფენა, რომელიც სხვა ლიდერს ვერ იგუებდა და ვერც იგუა.

ამას დაემატა ის გარემოება, რომ ზვიად გამსახურდიას, პოლიტიკოსისთვის აუცილებლად დამახასიათებელი და საჭირო ორი უმთავრესი თვისება არ აღმოაჩნდა, - მოთმინება და ადამიანებთან ურთიერთობის უნარი.

გამსახურდიამ, რასაკვირველია, იცოდა, რომ ის ე.წ. ინტელიგენცია კვლავინდებურად შევარდნაძის ერთგული იყო, ამიტომ ზვიად გამსახურდიას იგი ჭირის დღესავით სძულდა და ამ სიძულვილის ხშირი გამოვლინებით, მას სათანადო საბაბსაც აძლევდა საპროტესტო-დემოკრატიული მოძრაობის ასაგორებლად.

არავითარი განსაკუთრებული ძალისხმევა თვით ედუარდ შევარდნაძეს ამ მოძრაობის საქართველოში პროვოცირებისთვის არ სჭირდებოდა, ვინაიდან მის მიერ შექმნილ-გამოძერწილი სოციალური ჯგუფი თავად იმოქმედებდა მასში ჩადებული მუხტისა და მიმართულების შესაბამისად.

საბოლოოდ, საქართველოში აღდგა ის სოციალური იერარქია, ის რეალობა, რომელიც 1985 წლამდე არსებობდა - ედუარდ შევარდნაძე დაბრუნდა იმ შენობის სათავეში, რომელიც თავად ააგო. იგი სიხარულით მიიღო მის მიერ გამოძერწილმა ელიტამ და დღემდე ერთგულად ემსახურება.

სხვათა შორის, 1985 წლიდან, საქართველოს ა“-ს ახალმა მდივანმა,  ჯუმბერ პატიაშვილმა სცადა შევარდნაძის ელიტის მიმხრობა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ინტელიგენციამ ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი შევარდნაძეს - მისი განსაკუთრებული გამძვინვარება გამოიწვია სოლიკო ხაბეიშვილის დაპატიმრებამ, რადგან ელიტა მიხვდა, რომ დარტყმა შემოქმედის წინააღმდეგ იყო მიმართული.

რასაკვირველია, პირდაპირ ელიტა ვერ გამოხატავდა თავის აღშფოთებას (ხაბეიშვილს ხომ კორუფციაში ედებოდა ბრალი), მაგრამ მან შემოვლითი გზა აირჩია და ტრანსკავკასიის რკინიგზასთან დაკავშირებით ატეხა ხმაური - რაც პატიაშვილის ხელისუფლებაზე პირველი სერიოზული დარტყმა იყო.

დღეს წითელი ინტელიგენცია, იგივე, შევარდნაძის ელიტა, კვლავინდებურად ინარჩუნებს ლოიალობას შემოქმედის მიმართ. ზოგიერთი ფიქრობს, თითქოს ხსენებული სოციალური ფენა რუსეთზეა ორიენტირებული, მაგრამ ამგვარი ინტერპრეტაცია არ არის სწორი:

საქართველოს წითელი ინტელიგენციისათვის საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის ან იდეოლოგიის საკითხებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არასდროს ჰქონია. მისთვის მთავარია შეინარჩუნოს ცენზი, ამისთვის კი აუცილებელია იმ ბალანსის შენარჩუნება, რომელიც სოციალურ კიბეზე არსებობს. კონსტრუქციის მთავარი საყრდენი კვლავინდებურად ედუარდ შევარდნაძეა.

საქართველოს დღევანდელმა პრეზიდენტმა შეძლო შეექმნა ვითარება, როდესაც შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენელი (მხატვარი, მწერალი, პოეტი და ა.შ.) გარკვეულწილად, გაორებულია - იგი ორმაგ ცხოვრებას ეწევა: ერთი ცხოვრება მისი რომანები, ფილმები და სპექტაკლებია, ხოლო მეორე - ის, რასაც ჩვენში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას უწოდებენ.

„მეორე ცხოვრება (ხშირად პირველისგან განსხვავებით) არაკომპეტენტურობისა და პრიმიტივიზმის ნიშანს ატარებს. სწორედ ამიტომ ხდება, რომ ვთქვათ, შესანიშნავი მწერალი ან კინორეჟისორი - პოლიტიკაში ელემენტარული რეგვენია და ისეთ სისულელეებს როშავს, შეიძლება თმები დაგიდგეს ყალყზე; ამიტომაც ჩნდება ხალხში მოარული აზრი - ესა და ეს რომანი ამ მწერლის დაწერილი არ უნდა იყოს, თორემ, აბა, ეს იდიოტი ასეთ შესანიშნავ წიგნს როგორ დაწერდაო.

„წითელი ინტელიგენციის მისია ჯერ არ ამოწურულა. იგი ვერც გაექცევა (რომც მოინდომოს) ამ მისიას, რადგან შემოქმედი მის ყოველ ნაბიჯს მკაცრად აკონტროლებს და იმავე სოციალური სტიმულირებით უნარჩუნებს ადრე შთანერგილ მიდრეკილებებს, თუმცა თვით ამ სტიმულირების ფორმა დღეს უკვე სხვაა: აღარც ცენტრალური კომიტეტი არსებობს და აღარც კულტურისა და იდეოლოგიის განყოფილება, - ნათქვამია წერილში, რომელიც 1996 წლით თარიღდება.