აბაზანაში ნაპოვნი 26 წლის გოგონას გვამი და მკვლელის აღიარება

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 როგორ გავიდა გამოძიება დამნაშავეზე პილპილით  

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 საბჭოთა კავშირის დროს, პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრები ხელშეუხებელნი იყვნენ. საქმის აღძვრა კი არა, უბრალოდ, მათი დაკითხვაზე დაბარებაც კი არ შეიძლებოდა. ცენტრალური კომიტეტის რიგითი თანამშრომლებიც უდიდესი პრივილეგიებით სარგებლობდნენ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ცეკა-ს წევრებს სპეციალურ ტალონებსაც აძლევდნენ, რომლებითაც მხოლოდ მათთვის გამოყოფილ მაღაზიაში, უცხოურ საქონელსა და პროდუქტს იღებდნენ. შესაბამისად, მაშინ, როცა ბევრისთვის ჩეხური თუ გერმანული ლუდი უცხო იყო, მათ ბოთლებით ეწყოთ მაცივრებში. მათთვის ურიგოდ იყო ბინები და რაც მთავარია, ყველაზე პრესტიჟულ ადგილებზე.

 ჰოდა, სწორედ ასეთი ბინიდან შევიდა მილიციაში ზარი 1983 წლის ზაფხულში. ქალი რეკავდა და ამბობდა, რომ მეზობელს შესასვლელი კარი ღია ჰქონდა, იმის მიუხედავად, რომ რამდენჯერმე დაუძახა, სახლიდან არავინ გამოიხედა, ქალს კი ოთახში შესვლის ეშინოდა. სამართალდამცავები ადგილზე მალე მივიდნენ და სააბაზანოში ახალგაზრდა ქალის სხეული ნახეს. წინასწარი დასკვნით, ქალს ფეხი აუცურდა, წყლით სავსე აბაზანაში ჩავარდა და გაიგუდა. მოგვიანებით, ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ მართალია, ქალს ძალადობის ნიშნები არ ეტყობოდა, მაგრამ არც დაცემის კვალი ჩანდა ანუ ფეხის ასრიალება და ჩავარდნა გამოირიცხა.

„როგორც გაირკვა, გარდაცვლილი 26 წლის გოგონა იყო, რომელიც ცენტრალური კომიტეტის აპარატში მუშაობდა და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ბინაც ცოტა ხნის წინ მიიღო, მანამდე საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. ცეკა-დან მალევე დარეკეს, აქაოდა, ისეთი რამე თუ აღმოაჩინეთ, რაც პარტიას ჩირქს მოსცხებს, არ გაახმაუროთ და გრიფით საიდუმლო დაადეთო“, - იხსენებს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ვისაც კომუნიზმის დროს საერთო საცხოვრებელში არ უცხოვრია, კომენდანტის როლსა და მნიშვნელობას ვერ მიხვდება. კომენდანტმა ყველაზე ყველაფერი იცოდა, ვინ ვისთან და რატომ მიდიოდა, კომენდანტისთვის უნდა „გაგემაზა“ თანხა, 9 საათის შემდეგ, საერთო საცხოვრებელში რომ შეეშვი მეგობარი გოგონას სანახავად. ამიტომ, გამომძიებლები სწორედ იმ საერთო საცხოვრებლის კომენდანტის სანახავად წავიდნენ, სადაც გოგო ცხოვრობდა. ასევე, როგორც წესი, კომენდანტად პენსიონერი, მაგრამ კარგად დაგეშილი ქალი მუშაობდა. სამართალდამცავების დანახვამ არც შეაკრთო, არც გააკვირვა, მშვიდად მოუსმინა და მერე ჩაილაპარაკა - „დაიგრალას დევუშკა!“

„კომენდანტის მონაყოლმა პირი დამაღებინა. მან ათი კაცი ჩამოთვალა, რომლებთანაც, მისი თქმით, გოგონას სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა. ისინი სხვადასხვა დროს, მასთან მიდიოდნენ და ღამით რჩებოდნენ. იმის გამო, რომ ყველა მათგანი ცენტრალური აპარატის თანამშრომელი იყო, კომენდანტი შეშვებაზე უარს ვერ ეუბნებოდა, აქაოდა, პარტიულ საქმეს ასე სჭირდებაო. როცა გვარები სამსახურში წარვადგინე, ჩემმა უშუალო უფროსმა მინისტრის მოადგილეს დაურეკა, იმან - მინისტრს და მალე მთელი სამინისტრო ფეხზე დადგა. საქმეს გრიფით საიდუმლო დაედო და რაც მთავარია, ჩამოთვლილი ათი კაციდან ათივეს დაკითხვა აგვიკრძალეს, სანამ მყარი არგუმენტი არ გვექნებოდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

არადა, რა არგუმენტი უნდა ჰქონოდა გამოძიებას, როცა კვალი ძაღლმაც კი ვერ აიღო. აბაზანაში შავი პილპილი იყო მოყრილი, რის გამოც ძაღლი უძლური აღმოჩნდა. ეს ხელწერა პოლიტმუშაკისას არ ჰგავდა, შესაძლო დამნაშავე უფრო გამოცდილ კრიმინალებში უნდა ეძებნათ, მაგრამ გოგონა იქ არ ტრიალებდა, ამიტომ საგამოძიებო ჯგუფი მინისტრთან მოხსენებით შევიდა და გეგმა გაანდო. ამ გეგმის მიხედვით, სამინისტროში უნდა გამართულიყო სემინარი, რომელზეც პარტიული მუშაკები და მათ შორის, სწორედ ის ათი კაციც იქნებოდა მიწვეული, რომლებიც კომენდანტმა ჩამოთვალა. მინისტრი დათანხმდა, რადგან კარგად იცოდა, საქმის გამოუძიებლობის გამო, ტყავს გააძრობდნენ, რომელიმე ჩინოვნიკზე შეცდომით ეჭვი რომ მიეტანა, შესაძლოა, საერთოდ მოეხსნათ.

სემინარი ჩაინიშნა და მასზე დასასწრებად უკლებლივ ყველა მოვიდა. იმავე გეგმის მიხედვით, ოთახში საკმარისზე მეტად ცხელოდა, ამიტომს პარტიულმა ელიტამ პიჯაკები შემოსასვლელში, სპეციალურად დადგმულ საკიდზე დაკიდა. იქვე იდგა სამი ქალბატონი, რომლებიც მათთვის საინტერესო პირების პიჯაკებს იმახსოვრებდნენ. როგორც კი სემინარი დაიწყო, გარეთ, საკიდთან ოპერმუშაკები გაჩდნენ და ჯიბეების ჩხრეკას შეუდგნენ. ყველაფერი ეს იღბალზე იყო გათვლილი, ან გაუმართლებდათ, ან - არა. ერთ-ერთი პარტიული ჩინოვნიკის ჯიბეში შავი პილპილის ნაწილაკები ნახეს. პრინციპში, რაღა ნაწილაკები, იმდენი პილპილი ეყარა, ათ ხინკალს ეყოფოდა და ასე გამოიკვეთა მთავარი ეჭვმიტანილი, თუმცა მის გარდა, იყო კიდევ ერთი, 60 წელს მიტანებული კაცი, რომელიც ახალგაზრდა ქალთან კურკურს სამსახურშიც არ ერიდებოდა. ჰოდა, სანამ მთავარ ეჭვმიტანილზე გადავიდოდნენ, სწორედ ამ ასაკოვანი კაცის დაკითხვა გადაწყვიტეს, ოღონდ  ყოველგვარი ორდერისა და გაფრთხილების გარეშე.

„როცა კარზე დავუკაკუნე, გააღო, მოწმობას დახედა და ძალიაან მშვიდად მითხრა, შემოდიო. კითხვა არ დამისვამს, თავად დაიწყო მოყოლა. ურთიერთობა მქონდა, მერე მთხრა, ცოლად უნდა მომიყვანოო. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი და ასე, ორი თვის წინ, შინ დამადგა, სკანდალი მომიწყო, ჩემს ცოლს სულ ბებერი ეძახა, აქაოდა, ეცოდები, თორემ შენზე გული ერევაო. არადა, ცოლი მართლა მიყვარდა. იმ დღეს არაფერი, უბრალოდ, ცოლმა მითხრა, საძინებელში არ შემოხვიდეო. დილით შევედი და წერილი დამხვდა, მინდა, ბედნიერი იყო და მე ხელს არ შეგიშლიო. იქვე საძილე აბების ცარიელი ფლაკონები და ჩემი ცოლის გაციებული სხეული ეგდო. ამის შემდეგ ის გოგო მთელი არსებით შემძულდა და მის სიკვდილს ვნატრობდი. არ მომიკლავს, მაგრამ თუ დამაბრალებთ, არ გავაპროტესტებო. გულდამძიმებული წამოვედი, ან რა უნდა მეთქვა მორალურად განადგურებული კაცისთვის“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

გამოძიებას ერთადერთი ეჭვმიტანილი შერჩა. მისი დაკითხვა გამორიცხული იყო, რადგან ცოტა თავხედი გახლდათ და, რაც მთავარია, რესპუბლიკაში მესამე თუ არა, მეოთხე პარტიული ჩინოვნიკის სასიძოდ ითვლებოდა. საჭირო იყო მისი ბინის ჩხრეკა, მაგრამ როგორ? ოფიციალურად სამართალდამცავებს ამის ნებას არ მისცემდნენ. მისი გარემოცვა შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ გვერდით კორპუსში დედა ცხოვრობდა. სწორედ დედასთან მივიდნენ ორშაბათს დილით, ცეკა-ს თანამშრომლებად გაეცნენ და უთხრეს, შვილი თათბირზეა, პორტფელი კი შინ დარჩა, ამიტომ თანამშრომლებს დაავალა, დედისთვის გასაღები გამოერთმიათ და პორტფელი მიეტანათ. დედამ გასაღები უპრობლემოდ მისცა და ეს იყო უდდიდესი რისკი - სამართალდამცავები რამეს ან ნახავდნენ, ან ვერა და ყველაფერი ჩაეფუშებოდათ.

„ბინაში ოთხნი შევედით და სიმართლე გითხრა, ერთმაც არ ვიცოდით, რას ვეძებდით. სამზარეულოში შავი პილპილის ჩასაყრელი შუშის ქილა ვნახეთ, ფრთხილად შევახვიეთ და წამოვედით. ასევე, წამოვიღეთ ჭიქა, რომლიდანაც სახლის პატრონი, სავარაუდოდ, წყალს სვამდა. შევადარეთ ანაბეჭდები და ჩინოვნიკის გარდა, პილპილის ქილაზე გარდაცვლილი გოგონას ანაბეჭდებიც აღმოჩნდა. ცხადი იყო, ეს ქილა მისი სახლიდან წამოიღო და ამას ვერანაირად ახსნიდა. პროკურორმა დაკავების სანქცია გასცა, ოღონდ მკაცრად გაგვაფრთხილეს, რომ მისთვის ბორკილები ცეკა-ს შენობაში არ უნდა დაგვედო. ასეც მივიქეცით“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

დაკავებული მალევე გატყდა, სასიმამროს იმედი ჰქონდა, მაგრამ როგორც კი სასიმამრომ მისი ბრალის შესახებ შეიტყო, ხელები დაიბანა, მისი ბედი არ მაინტერესებსო, თუმცა დაკავებულმა წერილი მაინც დაწერა, პარტიას მიმართა, შემეშალა, პარტბილეთს არ ვიმსახურებ და გამრიცხეთ, სანაცვლოდ, მომავალში პარტიის სახელს არ შევბღალავო. ეს მინიშნება იყო, რომ მის განაჩენზე ზემოქმედება უნდა მოეხდინათ.

„მაგ გოგოს სარფიანად სურდა გათხოვება და საბოლოოდ, ისე გამოვიდა, ვისაც არ დაეზარა, ყველამ ლოგინში ჩაიგორა, ცოლად კი არავინ მოიყვანა. მე ქორწილისთვის ვემზადებოდი, ცოტა გავერთე, ის კი ამიხტა, შენს საცოლეს ვნახავ და ყველაფერს მოვუყვებიო. მკვლელობის გადაწყვეტილება სპონტანურად მივიღე, პილპილის მოყრა წიგნში მქონდა წაკითხული, მაგრამ იმ წიგნში დამნაშავე იმიტომ დაიჭირეს, რომ პილპილის ქილა დატოვა. მე კი სახლში წავიღე, გადაგდება დამავიწყდა, მერე კი ვიფიქრე, იდოს, ვინ რას მიხვდება-მეთქი“, - განაცხადა დაკითხვაზე დაკავებულმა.

სასამართლომ ყველაფერი გაითვალისწინა და განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს მხოლოდ შვიდი წელი მისცა. მართალია, მისი პოლიტიკური კარიერა დასრულდა, მაგრამ ცხოვრება - არა, რადგან 27 წლის კაცი ციხიდან სამ წელიწადში გამოვიდა.