„ამ ქვეყანაში, ყველაფერი არანორმალური ხდება!“ - ექსკლუზიური ინტერვიუ სუს-ის მაღალაჩინოსან სოსო გოგაშვილთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი პოლიტიკაში მიდის. როგორც თავად ამბობს, გადაწყვიტა, „სახალხო პარტიაში“ დაბრუნდეს, სადაც პირველი პოლიტიკური გამოცდილება მიიღო. ამის შესახებ გოგაშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა სოსო გოგაშვილმა წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმა და ვიხილავთ თუ არა ყოფილ მაღალჩინოსანს თბილისის მერობის კანდიდატად.

როგორც „ვერსიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში სოსო გოგაშვილი აცხადებს, პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება გაზაფხულზე მიიღო, თუმცა იქვე დასძენს, რომ დღეს არსებული პოლიტიკური გარემო მისთვის სრულიად მიუღებელია.

 

- ბატონო სოსო, როდის და რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა?

­- ეს ყველაზე აქტიური  და გამოწვევებით სავსე ფაზაა პოლიტიკური პარტიისთვის და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ახლა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაბმა. გაზაფხულიდან, დაახლოებით, სამი თვეა მიდის აქტიური კონსულტაციები „სახალხო პარტიასთან“. გადაწყვეტილება უკვე დიდი ხნის მიღებული მაქვს, უბრალოდ, ვალაგებდით გარკვეულ ტექნიკურ საკითხებს. ახლა უკვე იმ პროცესში გადავედით, როდესაც რეგიონებში სიები უნდა შედგეს და კანდიდატები წარვადგინოთ. 

- უკვე განაცხადეთ, რომ ბრუნდებით  პარტიაში, სადაც პირველი პოლიტიკური გამოცდილება მიიღეთ...

- 90-იანების დასაწყისში, „ეროვნული მოძრაობა“ იყო მთავარი მამოძრავებელი ძალა ყველა ადამიანისთვის, რომლებიც დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად იბრძოდნენ. სტუდენტობისას აქტიურად ვიყავი ჩაბმული ამ პროცესში, როგორც ერთ-ერთი რიგითი აქტივისტი. ამ პერიოდში გავიცანი მარიკა ბაღდავაძე, აწ გარდაცვლილი დისიდენტი, „ეროვნული მოძრაობის“ ერთ-ერთი სუფთა ადამიანი და გამორჩეული წევრი, რომელიც ჩემი უფროსი მეგობარი იყო. სწორედ მან მირჩია და რეკომენდაცია გამიწია „სახალხო პარტიაში“.  იმ დროს, ჩაბმული ვიყავი სხვადასხვა აქტივობაში, მათ შორის, საარჩევნო კომისიაშიც კი, სადაც კომისიის დავმჯდომარის მოადგილე გახლდით და სააგიტაციო პროცესებშიც ვმონაწილეობდი - აქედან ჩავერთე ამ პარტიაში. შემდეგ, როგორ განვითარდა მოვლენები, ალბათ, გახსოვთ - ერთმა პარტიამ აიღო მონოპოლია და დანარჩენები, ზოგი სატელიტად გადააქცია, ზოგიც „სახალხო პარტიის“ მსგავსად, პასიურ მდგომარეობაში გადავიდა. ახლა კი, ყოფილი „ქართული ოცნებისა“ და ძველი „სახალხო პარტიიდან“ გვინდა, ერთი ძლიერი გუნდი შევქმნათ, რათა აქტიურად ჩავებათ პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის, თვითმმართველობის არჩევნებში, რაც ძალიან ძნელად შესასრულებელი მისიაა ერთ თვეში.

- ვიხილავთ თუ არა სოსო გოგაშვილს თბილისის მერობის კანდიდატად?

- მართალია, ჯერ ასეთი გადაწყვეტილება არ მიგვიღია, რადგან გუნდში სხვადასხვა ვარიანტებს ვიხილავთ, მაგრამ ახლავე ვაცხადებ, რომ თბილისის მერობის კანდიდატად ვერ მიხილავთ, ეს აზრი გონებაში არც კი გამივლია! რეგიონებს რაც შეეხება, ჯერ არ ვართ ჩამოყალიბებულები. 2 სექტემბრამდე გვაქვს დრო, იქამდე ჩავატარებთ სოციალურ გამოკითხვას, სხვადასხვა კვლევას და რეიტინგების მიხედვით გადავწყვეტთ, სად, ვის კანდიდატურას დავაყენებთ.

- მეუფე იაკობისთვის ხომ არ იქნება თქვენი პარტია საყრდენი?

- მეუფე იაკობმა ეგ განცხადება გააკეთა იქიდან გამომდინარე, რომ მისთვის მიუღებელია პოლარიზებული საზოგადოება და ორპოლუსიანობა. მან, უბრალოდ, საზოგადოებას ბიძგი მისცა, რომ პოლიტიკურად გააქტიურებულიყვნენ.

- თქვენ იყავით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ხშირ შემთხვევაში, ამ თანამდებობის მქონე პირები თავს იკავებენ ხოლმე პოლიტიკაში მოსვლისგან, რადგან ფლობენ დიდ ინფორმაციას. თქვენს ოპონენტებთან ბრძოლაში, ეს ფაქტორი არათანაბარ პირობებს ხომ არ შექმნის?

- არ გეთანხმებით! პირიქით, მაგალითად, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ტერეზა მეი ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრი გახლდათ, რომლის დაქვემდებარებაშიც იყო დაზვერვის სამსახური და ამის შემდეგ გახდა ის პრემიერ-მინისტრი. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის დირექტორი იყო მაიკლ პომპეო, რომელიც შემდეგ გახდა საგარეო საქმეთა მინისტრი... მე და ჩემი ოპონენტები არათანაბარ პირობებში რატომ ვიქნებით?!

- თქვენ, როგორც პროფესიონალს, რა პოზიცია გაქვთ ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე და ზოგადად, პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა მისაღებია თუ არა რაიმე კადრების ან ფარული ჩანაწერების გავრცელებით?

- ამ კითხვაზე, კითხვითვე გიპასუხებთ - საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი ნორმალურად მიგაჩნიათ? ამ ქვეყანაში, ყველაფერი არანორმალური ხდება! მათ შორისაა ისიც, რაც იკითხეთ... სახელმწოფო უსაფრთხოების სამსახური უპირველესი და უმთავრესი უწყებაა ქვეყანაში, ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და ღირსება იყო იქ მუშაობა. სუს-ში მომუშავე ადამიანების უმრავლესობა, თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია. მიუხედავად ამისა, იყვნენ თანამშრომლები, რომლებიც ჩამოვაშორეთ საკუთარ უფლებამოსილებას, ეს ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ძალიან ბინძური საქმეების განხორციელებაში იყვნენ მხილებულნი, მაგრამ ისევ მოვიდნენ სხვადასხვა პოზიციებზე. აი, ეს არის ჩემთვის მიუღებელი, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა იცავდეს ქვეყანას გარე საფრთხეებისგან და კონსტიტუციური წესრიგის დაცვაზე ზრუნავდეს. ადამიანს, რომელსაც პოლიტიკაში მოსვლა უნდა, იმის არ უნდა ეშინოდეს, რომ ვინმე, რამე ჩანაწერს გამოუქვეყნებს. 21-ე საუკუნეა და საკუთარი პირადი ცხოვრების განსაჯაროვების უკვე აღარავის ეშინია, ამგვარი ქმედება, უბრალოდ, ამორალურია!

- რაც შეეხება „ქართული ოცნებიდან“ წასვლას, როდესაც გიორგი გახარიამ დატოვა პარტია,  ყოფილმა პარტიელებმა მოღალატედ გამოაცხადეს. ბატონო სოსო, როგორ ფიქრობთ, თქვენ ვინ იქნებით ოცნებისთვის - გახარაისავით მოღალატე, თუ პირიქით, მათი პარტნიორი?

- არ ვიცი... მოდით, დაველოდოთ, ჯერ მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა გააკეთონ განცხადებები და ამის შემდეგ შევაფასოთ. არ მინდა, წინასწარ, მკითხაობის ფორმატში გადავიდე. უკვე მოვისმინეთ შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურისა და სუს-ის ხელმძღვანელის განცხადებები, რომლებიც სრულიად დემოკრატიული გახლდათ.