სისხლიანი აგვისტო - საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული ეპიზოდი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 თანამედროვე რუსული ოკუპაციის ქრონოლოგია - ყველაფერი ის, რაც 13 წლის წინ ხდებოდა 

 ეს საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და სისხლიანი ეპიზოდია. დიახ, ეს არის ეპიზოდი, რომელმაც „ერთმორწმუნე მეზობლისა“ და „უფროსი ძმის“ მითი საბოლოოდ დაამსხვრია, თუმცა ამის მიუხედავად, ისეთი ქართველები მაინც მოიძებნებიან, რომლებიც ირწმუნებიან, გინდა თუ არა, რუსეთს „ბაბაია“ უნდა დავუძახოთ და ოკუპანტობის მიუხედავად, მასთან ვასალური მოლაპარაკებებიც გავმართოთო. ამის დაშვება, რასაკვირველია, არ შეიძლება, ამიტომაც აგვისტოს ომის ქონოლოგიას თვალი გადავავლოთ და კიდევ ეთხელ გავიხსნოთ, კრემლმა რა დღეები გამოგვატარა!

 13 წლის წინ, რუსულ აგრესიას 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო, 14 პოლიციელი და 3 ჟურნალისტი ემსხვერპლა, დაიჭრა 1 747 ადამიანი, დავკარგეთ კოდორის ხეობა და შიდა ქართლის ათეულობით სოფელი. 150 000 ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლ-კარი დაეტოვებინა. აქედან, 30 000 დღესაც დევნილობაშია...

აგვისტოს ომი რუსული აგრესიის კულმინაცია იყო, თორემ ყველაფერმა სათავე გაცილებით ადრე, კერძოდ, 2008 წლის დასაწყისში აიღო ანუ 2008 წლის იანვრიდან მოყოლებული, ცხინვალისა და აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმები, რაღა თქმა უნდა, მოსკოვის დავალებითა და ხელშეწყობით, ვითარების ესკალაციას პერიოდულად ცდილობდნენ. ასე, მაგალითად, აპრილის დასაწყისში, ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე, მართალია, მაპ-ი არ მოგვცეს, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ითქვა, საქართველო ალიანსის წევრი აუცილებლად გახდებაო.

ამან კრემლს წონასწორობა დააკარგვინა და ჯერ სერგეი ლავროვი დაიმუქრა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო ნატო-ს წევრი არ გახდესო. შემდეგ კი, თავად ვლადიმერ პუტინი გამოჩნდა არენაზე და სიტყვა-სიტყვით განაცხადა:

„რუსეთს, ნატო-ს პოზიციის საპასუხოდ, საშინაო მონახაზები აქვს!“

ეს მონახაზები კი, როგორც მოგვიანებით გამოჩნდა, ის იყო, რომ 31 მაისს, კრემლმა ოკუპირებულ აფხაზეთში, რკინიგზის ხაზის აღდგენის მოტივით, სარკინიგზო ჯარები შეიყვანა.

პარალელურად, გამწვავდა ვითარება ცხინვალის რეგიონში - ქართული სოფლები თითქმის ყოველდღიურად იბომბებოდა.

2008 წლის 30 ივლისი - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის, შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების საფრთხე რეალურია.

ამასთან, ომის დაწყებამდე, დაახლოებით, 20 დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოსურმა მოსახლობამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია დატოვა.

მედია იმასაც იუწყებოდა, რომ ცხინვალის რეგიონის ოსური მოსახლეობა საკუთარ საცხოვრებელ სახლებს რუსეთიდან გამოგზავნილი ავტობუსებით ტოვებდა.

ეს კი იმის პირდაპირი მინიშნება და ნიშანი იყო, რომ კრემლი ფართომასშტაბიანი საომარი ოპერაციისთვის ემზადებოდა.

2008 წლის 3-4 აგვისტო - ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ქართული სოფლები ინტენსიურად იბომბება. ასევე, იბომბება ფრონეს, დიდი  და პატარა ლიახვის ხეობები.

ამას გარდა, რამდენიმე ტერაქტიც ხდება, კერძოდ, დიმიტრი სანაკოევისა და პოლიციის ავტომანქანებს აფეთქებენ.

ამ ერთთვიანმა დაძაბულობამ კულმინაციას 2008 წლის 7 აგვისტოს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ ოსი სეპარატისტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაწყებული საარტილერიო სროლის შედეგად, ორი ქართველი მშვიდობისდამცველი იჭრება.

დაჭრილი სამხედროები საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა, მოგვინებით კი, თბილისში დაბრუნებულმა საგანგებო განცხადება გააკეთა:

„მინდა, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა და ვაღიარო, რომ რამდენიმე საათის წინ, გავეცი ძალიან მტკივნეული ბრძანება, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, რომ არც ერთმა ქართულმა შენაერთმა არ გახსნას საპასუხო ცეცხლი ძალიან ინტენსიური დაბომბვის შემთხვევაშიც“.

ისე, გამოხდება ხანი და სააკაშვილი აღიარებს, რომ ამ პირობის დაცვა-შესრულება  ვერ შეძლო ანუ კონფლიქტის ზონაში შექმნილმა ვითარებამ და სადაზვერვო ინფორმაციამ ცხადჰყო, რომ როკის გვირაბიდან, რუსეთის რეგულარულმა ნაწილებმა შემოსვლა დაიწყეს. 7 აგვისტოს, ღამე, საქართველოს ტერიტორიაზე, როკის გვირაბის გავლით და ფსოუს საზღვრიდან, 20 ათასზე მეტი რუსი სამხედრო შემოვიდა.

იმისთვის, რომ დაცული ყოფილიყო საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე, საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოება, პრეზიდენტმა თავდაცვითი ოპერაციის დაწყების შესახებ ბრძანება გასცა.

არმიას საპასუხო ცეცხლით უნდა ჩაეხშო მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილები, რის შემდეგაც, ცხინვალში ქვეითი ნაწილები შევიდოდნენ.

8 აგვისტოს, დილის 10.00 საათზე, თბილისის მერი გიგი უგულავა, მთავრობის სახელით, გორში საგანგებო განცხადებას აკეთებს:

„იცით, რომ ამ დროისთვის ცხინვალის, დაახლოებით, 70 პროცენტი - ვგულისხმობ თვითონ ქალაქს და მის შემოგარენ სოფლებს - დაკავებულია ჩვენი ჯარების მიერ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“.

უგულავას ამ განცხადებიდან, ზუსტად ორი საათის შემდეგ, ვითარება დრამატულად იცვალება ანუ სპეციალური პუნქტისა და კორიდორის შექმნის წინადადებას რუსეთმა ფართომასშტაბიანი სამხედრო ოკუპაციით უპასუხა და პირველ ეტაპზე, საქმეში სამხედრო ავიაცია ჩართო, რომელმაც ცხინვალის მისადგომებთან, ქართველი ჯარისკაცების პოზიციებზე მასობრივი იერიში მიიტანა.

ქართულმა არმიამ დიდი დანაკარგი განიცადა, მაგრამ ამის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი მოგვიანებით იტყვის, რომ 8 აგვისტოს, 22.00 საათზე, ქართულმა მხარემ ცხინვალის დაკავება შეძლო.

2008 წლის 9 აგვისტო, დილა - რუსეთს საავიაციო იერიში გორზე მიაქვს. იბომბება ქალაქში არსებული სატანკო ნაწილი და მის ახლოს მდებარე საცხოვრებელი სახლები. დაბომბვა ხდება ორჯერ - 15 წუთიანი ინტერვალით.

დასახლებული პუნქტი ბრძოლის წინა ხაზს ემსგავსება - იქაურობა სავსეა  დახოცილებითა და დაჭრილებით.

პარალელურად, ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს ცხინვალის მისადგომებთან - საქართველოს არმიის მეორე ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ჯგუფი რუსეთის 58-ე არმიასთან სასტიკ ბრძოლაში ერთვება. ქართული არტილერიისა და ტანკისტების თავდაუზოგავმა ბრძოლამ რუსეთის 58-ე არმია, სამწუხაროდ, ვერ შეაჩერა.

ცხინვალის პარალელურად, რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის საარმიო დაჯგუფების ნაწილებმა შეტევა აფხაზეთის მიმართულებითაც დაიწყეს - მთლიანად იკავებენ ფოთი-ზუგდიდი-სენაკის მიმართულებას და კოდორის ხეობის დაჯგუფებას, რომელმაც მანამდე სტრატეგიული ხეობიდან მანევრით უკან დახევა მოახერხა, ზურგში მოექცნენ.

2008 წლის 10 აგვისტო - რუსული ავიაცია სოფლების მასობრივ დაბომბვას იწყებს და, როგორც მოგვიანებით გახდება ცნობილი, სხვა აკრძალულ იარაღთან ერთად,  ე.წ. ვაკუუმურ, მოცულობით ბომბებსაც იყენებს. ასევე, რუსული ავიაცია ქართულ სოფლებს 500 კგ.-იან ჭურვებსაც ესვრის.

ცხინვალის რეგიონის სოფლების გარდა, რუსულ ავიაციას საჰაერო იერიში  საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განთავსებულ სამხედრო ბაზებსა და აეროდრომებზეც მიაქვს.

კერძოდ, იბომბება ვაზიანის ბაზა, თბილისის საავიაციო ქარხანა, ქვიშიანის მთაზე მდგარი რადარი, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზები.

საბოლოო ჯამში, რუსეთის 58-ე არმია, ცხინვალისა და სოხუმის სეპარატისტული რეჟიმების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებთან ერთად, ახალგორის რაიონს, კოდორის ხეობას, ზუგდიდს, გორის რაიონის რამდენიმე სოფელს და საჩხერის რაიონის სოფელ პერევსაც იკავებს.

რუსეთი ცეცხლს მხოლოდ საფრანგეთის იმდორინდელი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ჩარევის შემდეგ წყვეტს ანუ 12 აგვისტოს, სარკოზი 6-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას ჯერ ოფიციალურ მოსკოვთან, შემდეგ კი ოფიციალურ თბილისთან ათანხმებს.

ისე, მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრი მედვედევი, რომელიც რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პრეზიდენტია (სინამდვილეში, ის პუტინის მითითებების უსიტყვო შემსრულებელი გახლდათ) და ცეცხლის შეწყვეტის ბრძანებას გამოსცემს, რუსეთის საავიაციო ძალების მიერ საქართველოს დასახლებული პუნქტების დაბომბვა არ წყდება.

26 აგვისტოს, მედვედევმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანება გამოსცა.

სხვათა შორის, აგვისტოს ომის ვნებები მეტ-ნაკლებად რომ ჩაცხრება, პოლიტიკურ კულუარებში ხმა გავარდება, რომ რუსი ოკუპანტების ერთ-ერთი სამიზნე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ იყო.

აგვისტოს ხუთდღიანი ომიდან 13 წელი გავიდა. „ომის თაობა“ გაიზარდა და...

რა გვასწავლა ამ 13-მა წელმა? - ამ კითხვაზე პასუხი არაერთგვაროვანია, თუმცა მთავარი ისაა, რომ 2008-ის მერე, კიდევ უფრო ნათლად და მკაფიოდ გამოჩნდა, რომ რუსეთი ერთმორწმუნე ძმა კი არა, ერთმორწმუნე ოკუპანტია, ოკუპანტი, რომლის ოკუპაცია დღესაც გრძელდება, თუმცა ამჯერად ტანკებით კი არა, არამედ, ჰიბრიდული ომით ცდილობს ჩვენს დაჩოქებას! ამიტომ, სიფხიზლე ისეა საჭირო, როგორც არასოდეს!

 

ავტორი - ნინო დოლიძე